განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2018
საქმის ნომერი
330100117002198493
ინსტანცია
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002198493

საქმე №1/ბ-108-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული – გ---------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ-------------–----------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას), სსკ–ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), სსკ–ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სასჯელი:

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–----------ამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და უდაოდ მიიჩნია მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, რითაც დაზოგა სახელმწიფო რესურსი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებული ნებართვის გარეშე შევიდა სხვის საცხოვრებელ სახლში, განახორციელა ძალადობრივი ქმედება დაზარალებულის მიმართ რასაც თან სდევდა მუქარაც. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ზამოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულმა გ---------------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ---------------–---–მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 14 სექტემბერს დაახლოებით 03:30 საათზე თბილისში, ნ---------------------------ში, გ---------------–---–ი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფანჯრიდან გადაძვრა ნ---------–----–-–---–ის ბინაში, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა. გ---------------–---–მა, წარსულში არსებული წყენის გამო, ხელი ჰკრა ნ---------–----–-–---–ს, წააქცია იგი, ხელი ააფარა პირზე, რის შედეგადაც ნ---------–----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ---------------–---–მა წაქცეულ ნ---------–----–-–---–ს ყელის არეში მიადო მაკრატელი და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა აღნიშნული მუქარის რეალურად განხორციელების შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ---------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ---------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ნ---------–----–-–---–ის, ჯ-----------–---–ის, მ-----–-------ის და გ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, ბიოლოგიური, ოდოროლოგიური და სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ---------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ–ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ---------------–---–მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ---------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მეუღლე იმყოფება საზღვარგარეთ, ჰყავს მცირეწლობანი შვილები, რომელთა ერთადერთ მარჩენალსა და მომვლელს წარმოადგენს.

გ---------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს “. პალატას მიაჩნია, რომ გ---------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი გ---------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს დანარჩენი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე – შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფლოსტი, მაკრატელი, სუნის კვლების სამი ნიმუში და ხელის კვლები, გ---------------–---–ისგან აღებული სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ნ---------–----–-–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე