განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2018
საქმის ნომერი
330100115001129499
ინსტანცია
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001129499

საქმე №1/ბ-136-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული – მ----------------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომ---- 4----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, თ------------------------------–-------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ფ----–-----------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან).

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა – 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------------მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს და დამნაშავედ ცნო მ----------------------ი ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით. რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, აპელანტი აღნიშნავს, რომ მ----------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა, ასევე ის, რომ აღნიშნული დანაშაული მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ის გარემოებებია, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას. აპელანტს მიაჩნია, რომ მ----------------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. ზამოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ მ----------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------მ წარმოადგინა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ დაადგინა:

მ----------------------მა ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 7 იანვარს, თბილისში, თ----------------------------–----------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას, მ----------------------მა სიძეს - ვ--–----------–----ეს მარცხენა ხელზე ცულის დარტყმით მიაყენა მარცხენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების ნაკვეთი ჭრილობა, მე-3 თითის მომხრელი მყესების დაზიანებით.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანება განვითარებულია მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ----------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ----------------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ----------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ:

დაზარალებულ ვ--–----------–----ის ჩვენებით, დასტურდება, რომ იგი არის ბრალდებულის სიძე. 2014 წლის 07 იანვარს მ----------------------მა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული უთანხმოების გამო ნაჯახი მოუქნია, რა დროსაც ცულის პირი მარცხენა ხელზე მოხვდა, რის შედეგადაც დაუზიანდა მარცხენა ხელის შუა ორი თითი. იგი ცდილობდა მ----------------------ისგან თავის დაღწევას, ცული დაადებინა მაგიდაზე, თუმცა ბრალდებული განაგრძობდა მუქარას. მან საშველად უხმო ქალიშვილს - მ---- ს--–----ე, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. მოწმის განმარტებით, მიღებული დაზიანების გამო იგი გადაყვანილი იქნა ქირურგიის ცენტრში, სადაც ჩაუტარდა ორი ოპერაცია. მან ასევე ჩაიტარა მასაჟის კურსი, თუმცა დღემდე, მძიმე ნივთის აწევისას, მაინც აწუხებს ხელის ტკივილი.

მოწმე მ---- ს--–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 07 იანვარს იმყოფებოდა თბილისში, თ-------------------------------–----------------------------ში მდებარე სახლში, ბებიასთან. 2014 წლის 07 იანვარს, დილით გაიგონა მამის - ვ--–----------–----ის მიერ ნათქვამი სიტყვები: ,,გაუშვი“, ,,მ----“, ,,მეზობლებს დაუძახე“. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მისაღებ ოთახში გავიდა, რა დროსაც დაინახა, რომ მამამისს ხელიდან სისხლი მოსდიოდა და ცდილობდა ხელი, რომელშიც მ----------------------ს ცული ეკავა გაეკავებინა. თავის მხრივ, მ----------------------ი ვ--–----------–----ისთვის ლარნაკის თავში ჩარტყმას ცდილობდა. ხმაურზე ოთახში შემოვიდნენ მეზობლები, ერთმა მეზობელმა ნაჯახი გაიტანა მეორე ოთახში და დადო ლოგინთან, თავად კი მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას.

მოწმე დ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 07 იანვარს, მეწყვილე დ----------------თან ერთად ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც თბილისში, თ-------------------------------–----------------------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ბინაში მისვლისას ნახა ვ--–----------–----ე, რომელსაც ხელიდან სისხლი მოსდიოდა. დაზარალებულის განმარტებით, სიდედრმა - მ----------------------მა ნაჯახი ხელზე დაარტყა, რაც დაადასტურა თავად მ----------------------მაც. ბრალდებული კვლავ აგრესიას გამოხატავდა ვ--–----------–----ის მიმართ. მათ დაიცვეს შემთხვევის ადგილი და გამოიძახეს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე დ----------------მა.

მოწმე მ-----------–------იას ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 07 იანვარს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, მდებარე თბილისი, თ-------------------------------–----------------------------ში, სადაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, აიღო სისხლის ლაქების ანაწმენდები, ხოლო საძინებელი ოთახიდან ამოიღო ხის ტარიანი ნაჯახი, რომელსაც ტარზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------------–---მ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------- ჩანაწერების მიხედვით, ვ--–----------–----ემ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკას მიმართა 2014 წლის 07 იანვარს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის მე-3, მე-4 თითების ნაკვეთი ჭრილობა და მე-3 თითის მომხრელი მყესების დაზიანება. დაზიანება განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ეკუთვნის ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

ბიოლოგიური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, ვ--–----------–----ის სისხლი მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს. ექსპერტიზაზე წარდგენილ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს. ნაჯახზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ანაფხეკი აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს.

ცივი იარაღის ექსპერტიზის №---–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნაჯახი, დამზადებულია კუსტარული წესით და მიეკუთვნება დამრტყმელ-დამჩეხ ცივ იარაღთა კატეგორიას.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი, თ-------------------------------–----------------------------ში, სადაც იატაკის და კარის კედლების ზედაპირზე, მაგიდის ზედაპირზე გადაფარებულ გადასაფარებელზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. საძინებელ ოთახში, ფანჯარასთან, ოთახის უკიდურეს მარცხენა კუთხეში მდგარი სკამის უკან კუთხეში მიყუდებული იყო ხის ტარიანი ცული (ნაჯახი), რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა მ----------------------მა აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული და განმარტა, რომ 2014 წლის 07 იანვარს, არსებული უთანხმოების გამო სიძეს - ვ--–----------–----ეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელის მტევანზე მიაყენა დაზიანებები. ბრალდებულის განმარტებით, უთანხმოების მიზეზი დაზარალებულის ქმედებები გახდა. კერძოდ, ვ--–----------–----ე უხეშად მიმართავდა და ტელევიზორს ასმენინებდა მაღალ ხმაზე. ასევე, მის შვილს დროულად არ მიაქცია ყურადღება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ----------------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის საჭიროა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლში ჩამოთვლილი მძიმე შედეგიდან ერთ-ერთის დადგომა. კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა სახეზეა მაშინ, როცა ადამიანის რომელიმე ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობა ხანგრძლივია. ამასთან, მას წართმეული აქვს შრომისუნარიანობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მ----------------------მა ნაჯახის გამოყენებით ვ--–----------–----ეს მარცხენა ხელის არეში მიაყენა დაზიანებები, რაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

ქმედების ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებად დაკვალიფიცირებისათვის, ასევე აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი), მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დასაზიანებლად. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მ----------------------ი მოქმედებდა ვ--–----------–----ის მიმართ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახვით.

 

პალატა თვლის, რომ ასევე სწორად არის დადგენილი პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, ვინაიდან დადგენილია, რომ ვ--–----------–----ე არის მ----------------------ის სიძე. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება სიძე. შესაბამისად, იგი წარმოადგენს მ----------------------ის ოჯახის წევრს.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ----------------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსული არ აქვს შებღალული, არის 77 წელს გადაცილებული, საქმის წარმოების პერიოდში მნიშვნელოვნად შეერყა ჯანმრთელობა.

მ----------------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს “. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით. პალატა თვლის, რომ მ----------------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად - ხის ტარიანი ნაჯახი (ცული), კედლის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ლაქები (ობ. N1-3 კონვერტში), იატაკიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქები (ობ. 2-1 კონვერტში) და ვ--–----------–----ის სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი მ----------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი მ----------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ----------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, მ----------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მ----------------------ის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, მ----------------------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ხის ტარიანი ნაჯახი (ცული), კედლის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ლაქები (ობ. N1-3 კონვერტში), იატაკიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქები (ობ. 2-1 კონვერტში) და ვ--–----------–----ის სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე