განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.03.2018
საქმის ნომერი
010210116001358793
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210116001358793

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1007-2017 30 იანვარი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - შპს ლ--------, ა-----–-------ე

წარმომადგენელი - ა-------–-–--–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ფ---–------ი

წარმომადგენელი - რ---–--------–--–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს ფ---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - შპს ლ---------სა და ა-----–-------ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე შპს ფ---–------ის სასარგებლოდ (ქირავნობის საგნის ღირებულება - 54 000 ლარი; ქირავნობის დავალიანება - 28 136 ლარი და პირგასამტეხლო - 25 750 ლარი) 107 886 ლარის გადახდა. მოპასუხეებს შპს ლ---------სა და ა-----–-------ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე შპს ფ---–------ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 3 387 ლარის გადახდა. მოპასუხეებს შპს ლ---------სა და ა-----–-------ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე შპს ფ---–------ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 4500 ლარის გადახდა. გასაჩივრებული განჩინებით შპს ლ---------ისა და ა-----–-------ის წარმომადგენელი ა-------–-–--–--ე საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 31 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ფ---–------ის წარმომადგენელმა მოპასუხების შპს ლ---------ისა და ა-----–-------ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. 2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა სამოქალაქო საქმეები # 2-1397/2016 და # 2-16231/2016 და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა ერთიანი სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი - # 2-1397/2016. 2.3. მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2017 წლის 19 აპრილს, 16:00 საათზე. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2.4. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 463-ე-465-ე, 408-ე-409-ე, 531-ე-553-ე, 535-ე, 558-ე, 567-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად ეს გარემოება წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შპს ლ---------მ და ა-----–-------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. 2017 წლის 19 აპრილს სასამართლო პროცესზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეულიყო საპატიო მიზეზით და მიუხედავად ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოსარჩელის მოთხოვნა იურდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილია ორი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე გაერთიანდა დაზუსტებისა და სარჩელის საფუძვლების შეცვლის გარეშე. სარჩელების გაერთიანების შედეგად სასარჩელო მოთხოვნა დარჩა ქირავნობის საგნის ღირებულების 54 000 დაკისრება და სამშნებლო მასალების ქირის დავალიანება 26588,13 ლარისა და 5412 ლარის პირგამასტეხლოს, ჯამში 32000 ლარის გადახდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ქირავნობის ხელშეკრულებით მხარეები ესეთ ფორმაზე რომ ქირის საგნის ღირებულების ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან და ქირის საგნის ღირებულების მოთხოვნა, ქირის საგნის დაზიანების განადგურების გარეშე იურიდიულად გაუმართლებელი მოთხოვნაა. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. შეუძებელია სასამართლო გადაწყვეტილება მიჩნეული იქნეს იურიდიულად დასაბუთებულად, როცა სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიეღო ისეთი გადაწყვეტილება რასაც მოსარჩელე არ მოითხოვდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2016 წლის 13 მაისს შპს ფ---–------მა სარჩელი აღძრა შპს ლ---------სა და ა-----–-------ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის გადასახდელად 32000 ლარის დაკისრება. 4.2. 2016 წლის 31 მაისს მოსარჩელემ კვლავ აღძრა სარჩელი იმავე მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მათთვის გადასახდელად 54000 ლარის დაკისრება. 4.3. 2016 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი დააზუსტა და მოპასუხეთათვის 53 886 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. 4.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით ზემოხსენებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. 4.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 107 886 ლარის გადახდა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელს სხომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ ჰქონდა, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავს, რომ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი მაინც არ არსებობდა. 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 4.7.1. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 4.8. ამ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს არა საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების, არამედ მხოლოდ სარჩელის საფუძველზე. 4.8.1. ეს ნიშნავს, რომ, ამ დროს, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს კი არ იკვლევს, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევს სარჩელში ასახულ ყველა ფაქტს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს, თუ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარეობს და მას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველიც გააჩნია. 4.9. შპს ფ---–------ის სარჩელის თანახმად, იგი მოპასუხეთაგან ითხოვს ნივთების ღირებულების, საიჯარო ქირისა და ქირის გადაუხდელობისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. 4.9.1. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, იჯარის საგნის ღირებულება შეადგენს 54 000 ლარს, გადაუხდელი ქირა - 28 136 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 25 750 ლარს. 4.9.2. სამივე სარჩელის თანახმად, 2014 წლის 13 აგვისტოსა და 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელემ შპს ლ---------ს იჯარით გადასცა სამშენებლო მასალები, კერძოდ - 1200 ცალი ლითონის სამშენებლო დგარი. თითოეული დგარის ყოველთვიური ქირა შეადგენდა 2,5 ლარს. ამ ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ა-----–-------ემ. 4.9.3. 2016 წლის 16 მაისს მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულება მოუშალა და, ამ პერიოდისათვის, მოპასუხეთა დავალიანება მის მიმართ შეადგენდა 28 136 ლარს. 4.9.4. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, შპს ლ---------მ ქირა ბოლოს გადაიხადა 2016 წლის 4 იანვარს. ამიტომ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, 25 750 ლარის გადახდის დაკისრება 2016 წლის 4 იანვრიდან იმავე წლის დეკემბრამდე პერიოდისათვის. 4.10. პირველ ყოვლისა, სარჩელში არ არის გაანგარიშება, საიდანაც გამომდინარეობს შპს ლ---------ს დავალიანება მოსარჩელის მიმართ, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, სარჩელი დაუსაბუთებელია. 4.11. თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ სარჩელი საერთოდ არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა გადაუხადონ მოპასუხეებმა მოსარჩელეს იჯარის საგნის ღირებულება სრულად. 4.11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. 4.11.2. ამის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ ქირის და არა ქონების ღირებულების გადახდის ვალდებულება ეკისრება. 4.11.3. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის მიხედვით, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ... მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც, თუმცა სარჩელში აღნიშნული არ არის, რომ იჯარით აღებული ქონება განადგურებულია ან მოსარჩელისათვის მისი დაბრუნება მოიჯარის მიზეზით შეუძლებელია. 4.11.4. ასეც რომ იყოს, სარჩელში არ არის მითითებული, თუ რატომ უნდა აგოს პასუხი ნივთის დაბრუნების შეუძლებლობისათვის ა-----–-------ემ, რომელიც, როგორც სარჩელიდან ჩანს, წარმოადგენდა არა მოიჯარეს, არამედ - თავდებს. 4.12. ამის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელში აღნიშნული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. ამ ვითარებაში კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ლ---------სა და ა-----–-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე