განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210016001485653
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1116-2017 6 თებერვალი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს გ-------------
წარმომადგენელი - მ-----–--------–--ე, ჰ----------–------–---–-----ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ლ------
წარმომადგენელი - დ-------------, ა----------, დ---------–---ი
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საიჯარო ქირის გადახდევინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ლ------ს“ სარჩელი შპს „გ-------------ს“ მიმართ, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ცნობის, უკანონო მფლობელობიდან მათი გამოთხოვის და საიჯარო ქირის გადახდევინების თაობაზე. შპს „ლ------“ ცნობილ იქნა ტრაქტორის (მოდელი - M---------------, სახ. №------, გამოშვების წელი 2010, ტექ.პას.№---------), ჰიდრავლიკური ამწე მოწყობილობის + კოვში და თითებიანი კოვში, ბრუნვადი გუთნის, კარდანიანი დისკის, მომთიბველის, სასუქის მომყრელი სათესი მანქანის, შემწამვლელის და დიზელის ტუმბოს მესაკუთრედ. შპს „ლ------ს“ მიერ შპს „გ-------------ს“ მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს „ლ------ს“ კუთვნილი ნივთები: თითებიანი კოვში, ბრუნვადი გუთანი, კარდანიანი დისკი, სასუქის მომყრელი სათესი მანქანა და შემწამვლელი. დაეკისრა მოპასუხე შპს „გ-------------ს“ მოსარჩელე შპს „ლ------ს“ სასარგებლოდ საიჯარო ქირის 1000 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „გ-------------ს“ დაეკისრა მოსარჩელე შპს „ლ------ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3553,86 ლარის და საადვოკატო მომსახურების საფასურის 500 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2012 წლის 05 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა თანამშრომლობისა და ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს შეადგენდა ტრაქტორი და ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული სხვა ნივთები. ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდამდე, ნივთები რჩებოდა მოპასუხის საკუთრებაში, ხოლო გადახდა უნდა მომხდარიყო განსაზღვრული გრაფიკით ნაწილ- ნაწილ. 2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს „ლ------ს“ დაეკისრა შპს „გ-------------ს“ სასარგებლოდ, 2012 წლის 05 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ტრაქტორის, სპეცტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულების სრულად ანაზღაურება, რაც შეადგენდა 117462,09 ლარს. ამ თანხიდან გამოიქვითა შპს „ლ------ს“ მიერ მოპასუხისთვის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 32156,29 ლარი და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულმა ნასყიდობის თანხამ შეადგინა 85305,80 ლარი. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელი. 2.3. შპს „ლ------მ“ სრულად გადაიხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ნასყიდობის საგნის ღირებულება - 85305,80 ლარის ოდენობით. 2.4. სადავო ნივთები: თითებიანი კოვში, ბრუნვადი გუთანი, კარდანიანი დისკი, სასუქის მომყრელი სათესი მანქანა, შემწამვლელი, განთავსებულია მოპასუხის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, ხოლო სხვა ნივთები, კერძოდ: ტრაქტორი (მოდელი - M---------------, სახ.№LA335, გამოშვების წელი 2010, ტექ.პას.№---------) და ჰიდრავლიკური ამწე მოწყობილობის + კოვში, განთავსებულია მოსარჩელესთან. 2.5. შპს „ლ------ს“ მიერ სრულად არის ანაზღაურებული ნივთების ღირებულება. 2.6. მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელია საიჯარო ქირა 1000 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის თანახმად, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ. საქართველოს სსკ-ის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ სრულად არ იყო გადახდილი ნასყიდობის საფასური და მოსარჩელე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებდა საკუთრების უფლებას ნივთებზე, თუ დამატებით გადაიხდიდა დღგ-ის თანხას. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „გ-------------მ“ მოითხოვა შპს „ლ------სათვის“, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საფასურის გადახდის დაკისრება, რაც შეადგენდა 117462,09 ლარს. შპს „ლ------მ“ შპს „გ-------------ს“ სასარგებლოდ შეასრულა 32156,29 ლარის ღირებულების სამუშაო, აღნიშნული თანხა გაიქვითა შპს „გ-------------ს“ მოთხოვნიდან - 117462,09 ლარიდან და შპს „ლ------ს“ შპს „გ-------------სათვის“ გადასახდელი დარჩა 85305,8 ლარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „ლ------ს“ დაეკისრა ნასყიდობის საფასურის - 85305,80 ლარის გადახდა, რაც შპს „ლ------ს“ მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ’’ ქ/პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: „ბ’’ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნასყიდობის საგანი და ღირებულება, რაც მოსარჩელის მიერ სრულად გადახდილია (3.1.3. უდავო ფაქტობრივი გარემოება). მოპასუხე უთითებს, რომ შპს „ლ------ს“ მიერ დღგ-ის გადახდის ვალდებულებაზე მხარეები შეთანხმდნენ ზეპირი ფორმით. მხარეთა შორის დადებული თანამშრომლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მე-19 პუნქტში განსაზღვრულია, რომ „ცვლილებები და დამატებები ამ ხელშეკრულებაში ქმედითია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დანართის სახით აისახება და ექნება ორივე მხარის ხელმოწერები“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ დღგ-ს თანხის მოსარჩელის მიერ გადახდის ვალდებულების შესახებ მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება, შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ნივთების ღირებულების ანაზღაურებასთან ერთად, დამატებით გადაეხადა დღგ-ის თანხა. მოსარჩელემ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება და სრულად გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური 85305,80 ლარის ოდენობით, შესაბამისად, შპს „ლ------ს“ ნასყიდობის საგანზე, ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ, წარმოეშვა საკუთრების უფლება. ვინაიდან, შპს „ლ------ს“ მიერ გადახდილია ნასყიდობის საგნის საფასური, შპს „გ-------------“ ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე და მიაწოდოს მას საქონელი. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს – სოლიდარულ კრედიტორებს. მხარეთა შორის დადებული თანამშრომლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შესავალ ნაწილში განსაზღვრულია, რომ „დიტო და ლ------ ერთად და თითოეული ცალცალკე იღებენ პასუხისმგებლობას ამ ხელშეკრულების შესრულებაზე, როგორც ერთობლივი მოვალეები“. საქმეში არსებული 2016 წლის 31 ოქტომბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმებით, დ------------- 2012 წლის 05 მაისს შპს „გ-------------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამოდინარე ყველა მოთხოვნას, უთმობს შპს „ლ------ს“. საქმეში არსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიის ამონაწერით დადგენილია, რომ დ------------- არის შპს „ლ------ს“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. აქედან გამომდინარე, შპს „ლ------“, როგორც სოლიდარული კრედიტორი, უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან (მოპასუხისაგან) ვალდებულების შესრულება. 2.9. უდავო ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ თითებიანი კოვში, ბრუნვადი გუთანი, კარდანიანი დისკი, სასუქის მომყრელი სათესი მანქანა, შემწამვლელი, განთავსებულია მოპასუხის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.10. საქართველოს სსკ-ის 592-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო- სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სსკ-ის 481-ე მუხლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე აღიარებს იჯარის თანხის გადასახადს, თუმცა უთითებს, რომ ამ მოთხოვნას მოსარჩელეს უქვითავს შპს „გ-------------სთვის“ მიუღებელი შემოსავლით მიყენებულ ზიანში, აღნიშნულთან დაკავშირებით მოთხოვნას დააყენებს შეგებებული სარჩელით, სხვა მოთხოვნებთან ერთად. თუმცა მოპასუხე მხარეს საქმის განხილვისას აღნიშნული მოთხოვნა არ დაუყენებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად და დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს გ-------------მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, თითქოს შ.პ.ს გ-------------ს სასარგებლოდ შ.პ.ს ლ------ს ტრაქტორის, სპეც ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ნასყიდობის ანაზღაურება დაეკისრა სრულად 2012 წლის 05 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 01 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. შ.პ.ს ლ------ს აღნიშნული გადაწყვეტილებით შ.პ.ს გ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა იყო: 1. შ.პ.ს ლ------ს შ.პ.ს. გ-------------ს სასარგებლოდ - 85 305,80 ლარის დაკისრება თანხის დაკისრება; 2. შ.პ.ს ლ------ს შ.პ.ს. გ-------------ს სასარგებლოდ - მის მიერ გაწეული ხარჯების სახ ბაჟის სახით 2559 ლარისა და საადვოკატო მომსახურეობის - 500 ლარის გადახდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპ.ს გ-------------ს სარჩელი შ.პ.ს ლ------ს მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში რის საფუძველზე შ.პ.ს ლ------ს შ.პ.ს გ-------------ს სასარგებლოდ დაეკისრა - 85 305,80 ლარის, სახ ბაჟის სახით 2559 ლარისა და საადვოკატო მომსახურეობის - 500 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ ეს თანხა იყო 2012 წლის 05 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტრაქტორის, სპეც.ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ნასყიდობის სრული ღირებულების თანხა, ხოლო თავად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება. ამდენად მოსამართლემ არასწორად იმსჯელა და მიუთითა თავის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაში უდავო ფაქტობრივ გარემოებად ნასყიდობის საფასურის სრულად ანაზღაურებაზე, მაშინ როცა სწორედ აღნიშნული საკითხი გახლავთ სადაოდ გამხდარი რის საფუძველზე მიიღო კიდეც გადაწყვეტილება, მაშინ როცა აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოება მხარეებს შორის მიმდინარე არცერთ სასამართლო დავისას და ამავდროულად 2014-2015 წლებში სასამართლო დაგაწყვეტილებებში არ არის დადგენილად მიჩნეული აპელანტი კომპანიის მიმართ 2012 წლის 05 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ნასყიდობის საფასურის სრულად შ.პ.ს ლ------სათვის დაკისრების თაობაზე. 3.2. სასამართლო უთითებს, რომ შ.პ.ს. ლ------მ სრულად გადაიხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ნასყიდობის საგნის ღირებულება 85305,80 ლარის ოდენობით, რაც გახლავთ მცდარი ფაქტობრივი გარემოება ვინაიდან: ა. მოსამართლე ეყრდნობა თავის გადაწყვეტილებაში სადავო ფაქტობრივ გარემოებას და სინამდვილედ ადგენს, მტიცებულების გარეშე, რომ შ.პ.ს ლ------მ (და არა პირადად როგორც ფიზიკურმა პირმა -დ-------------მ) კანონიერ ძალაში შესული2014 წლის 01 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 21 დეკემბერს გადაიხადა რაც მითითებული ფაქტობრივი გარემოება არასწორია. შ.პ.ს ლ------ ამტკიცებს რომ მან (და არა ფიზიკურმა პირმა - დ-------------მ) გადაიხადა დაკისრებული მოთხოვნა ზემოთ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, რასაც შ.პ.ს გ------------- არ იზიარებს, რადგან თუ სინამდვილეში არა შ.პ.ს ლ------ს, არამედ დ-------------ს მიერ იქნა დაკისრებული სასარჩელო მოთხოვნა გადახდილი, ამას გადამწყვეტი გავლენა აქვს წინამდებარე საქმისათვის. (სამოქალაქო კოდექსის 53 , 56 მუხლების შესაბამისად). შ.პ.ს ლ------ს აღნიშნული გარებოება არ დაუსაბუთებია შესაბამისი მტკიცებულებით და არც სასამართლოს მოუთხოვია. მეტიც ყუდაღება არ გაუმახვილებია ამ ფაქტორისათვის, ამიტომაც გასაჩივრებული 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არასამართებრივი, არასწორია. შ.პ.ს გ------------- არის იმ პოზიციაზე, რომ შ.პ.ს ლ------ იმ პერიოდისათვის, როდესაც განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა, თავად აღნიშნული იურიდიული პირი ამ თანხის გადახდის უუნარო იყო. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლი. სასამართლომ არასწორად მიუთითა უდავო ფაქტობრივ გარემოებად თითქოს შ.პ.ს გ-------------ს სასარგებლოდ შ.პ.ს ლ------ს ტრაქტორის, სპეც.ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ნასყიდობის ანაზღაურება დაეკისრა სრულად 2012 წლის 05 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. 2014 წლის 01 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ხოლო სასარჩელო მოთხოვნა იყო ნასყიდობის ღირებულება ანაზღაურება დღგს - გარეშე, რადგანაც 2012 წლის 05 მაისს თანამშრომლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მხარეებს არ უმსჯელიათ დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდაზე, ვინაიდან ორივე მხარეებს შორის იმ პერიოდისათვს დამატებითი ღირებულების გადასახადზე არ უმსჯელიათ, რადგანაც მხარეები არ იყვნენ გარკვეული, დაებეგრათ თუ არა დამატებითი ღირებულების გადასახადით ნასყიდობის საგანი და შესრულებული სამუშაოები, მაგრამ რადგანაც 2014 წლის მარტის თვისათვის მათთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კერძოდ, კერძო სამართლის იურიდიული პირები ექვემდებარებოდა დამატებითი ღირებულებით დაბეგრვას, ამიტომაც შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი შ.პ.ს ლ------ შესრულებულ სამუშაოებს დაამატებდა დღგ-ს, ამ დროს შპ.ს. გ-------------ც თავის მხრიდან ნასყიდობის საგანის ღირებულებას, რაც წერილობით ხელშეკრულებაში გახლდათ მითითებული, დაუმატებდა დამატებითი ღირებულების გადასახახადს. აღნიშნული გარემოება დაადასტურა კიდეც მოწვეულმა მოწმემ ნა-------------–--მ, ამასთანავე იგი დადასტურებული გახლავთ შ.პ.ს ლ------ს მიერ წარმოდგენილი 2012-2013 წლების შ.პ.ს. ლ------ს მიერ შ.პ.ს გ-------------სათვის შესრულებული სამუშაოების აქტით, სადაც შ.პ.ს ლ------ს წარმოდგენილი აქვს დამატებითი ღირებულების თანხაც ნეტო - ძირითადი სამუშაოს საფასურზე დამატებული და სრულად აქვს ბრუტო - შესრულებული სამუშაოს საფასური წარმოდგენილი, რაც უღიარა კიდეც შ.პ.ს გ-------------მ, მაგრამ თავად შ.პ.ს ლ------ არ აღიარებს მის მიერ შ.პ.ს გ-------------სათვის დამატებითი ღირებულების გადასახდადის გადახდას. 3.4. შ.პ.ს გ------------- არ არის ვალდებული თავისი მხრიდან საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე გადასცეს შ.პ.ს ლ------ს მანამ, სანამ არ იქნება ამ უკანასკნელიდან სრულად დაფარული ნასყიდობის საგნის ღირებულება. ამავე საფუძვლით არასწორად გამოიყენა მოსამართლემ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ვინაიდან, გამომდინარე იქედან, რომ ნასყიდობის საფასური სრულად არ არის შ.პ.ს ლ------ს მიერ ანაზღაურებული, თავისთავად არც შ.პ.ს. გ------------- არის ვალდებული საკუთრების უფლება გადასცეს მას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 5 მაისს დ-------------მ და შპს ლ------მ შპს გ-------------საგან შეიძინეს ტრაქტორი (მოდელი - M---------------, სახ. №------, გამოშვების წელი 2010, ტექ.პას.№---------), ჰიდრავლიკური ამწე მოწყობილობა + კოვში და თითებიანი კოვში, ბრუნვადი გუთანი, კარდანიანი დისკი, მომთიბველი, სასუქის მომყრელი სათესი მანქანა, შემწამვლელი და დიზელის ტუმბო. 4.2. დიტო გუგუასა და შპს ლ------ს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადათ ნაწილ-ნაწილ, 2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით. 4.3. ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს ლ------ს ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და, ამიტომ, აპელანტმა მისგან ნასყიდობის სრული საფასურის გადახდა მოითხოვა. 4.4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს გ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ლ------ს აპელანტის სასარგებლოდ 85305,8 ლარის გადახდა დაეკისრა. 4.5. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა კიდეც. ამის მიუხედავად, აპელანტს მოსარჩელისათვის შეძენილი ნივთები არ გადაუცია. 4.6. გარდა ამისა, მხარეთა შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება, თუმცა ქირა, 1000 ლარი აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის არ გადაუხდია. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188-ე, 477-ე, 592-ე, 581-ე მუხლები საფუძველზე, სარჩელი საფუძვლიანი იყო. 4.7. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ლ------სათვის დაკისრებული თანხა ნასყიდობის სრულ საფასურს არ შეადგენდა. 4.7.1. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სადავო ქონების ფასი 47700 ევრო იყო, თუმცა მხარეები არ დავობენ, რომ ზეპირი შეთანხმებით, აპელანტმა იგი შეამცირა და, საბოლოოდ, ქონება 45250 ევროდ გაასხვისა. 4.7.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ შპს გ-------------მ შპს ლ------ს მიერ გადასახდელი თანხა, სწორედ, 45250 ევროდან გამოიანგარიშა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით შპს ლ------ს აპელანტის სასარგებლოდ, სწორედ, ნასყიდობის დარჩენილი ფასის სრულად გადახდა დაეკისრა. 4.7.3. აღნიშნული ცალსახად დგინდება თავად გადაწყვეტილებიდანაც, სადაც მითითებულია, რომ ამ საქმეში აპელანტმა შპს ლ------საგან „ნასყიდობის საფასურის მთლიანად ანაზღაურება“ მოითხოვა (ს.ფ. 24) და ასევე - ამ გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტიდან, სადაც, სარჩელსა და შესაგებელზე დაყრდნობით, უდავო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ შპს ლ------ს 2017 წლის 27 აპრილამდე დარჩენილი ჰქონდა ნასყიდობის საფასურის ღირებულება 45250 ევროს ოდენობით. 4.7.4. ეს გარემოება უფრო ნათლად არის ასახული ამავე საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 ივნისს მიღებული განჩინების 3.1.2. პუნქტში, სადაც აღნიშნულია, რომ: „2012-2013 წლებში შპს „ლ------მ“ შპს „გ-------------ს“ სასარგებლოდ შეასრულა 32156,29 ლარის ღირებულების სამუშაო (იხ: გაანგარიშება - ტ.1, ს.ფ. 30-32; ასევე შპს „ლ------ს“ შესაგებელი - ტ. 1, ს.ფ. 85-95) საერთო ჯამში, შპს „ლ------ს“ გადასახდელი დარჩა შპს „გ-------------სათვის“ 85305,8 ლარი (შპს „გ-------------ს“ მოთხოვნიდან - 117462,09 ლარიდან - გამოიქვითა შპს „ლ------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 32156,29 ლარი“. 4.7.5. რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის ძირითადი საფუძველი გახდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მათ სადავოდ ვეღარ გახდის. 4.7.6. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ნათელია, რომ ეს მტკიცებულებები შპს ლ------ს მოთხოვნას ადასტურებს, აპელანტმა კი სასამართლოსათვის საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ შეძლო. 4.7.7. თავისი პოზიციის დასადასტურებლად აპელანტმა სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ერთი მოწმე, ნა-------------–--. 4.7.8. პალატას, პირველ ყოვლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და მხარეთა მიერ წერილობით დადებულ ხელშეკრულებაში გამოხატული ნების გასაქარწყლებლად მოწმის ჩვენება საკმარის მტკიცებულებად არ მიაჩნია, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, აპელანტის პოზიციას არც ზემოხსენებული მოწმის ჩვენება ამტკიცებს. 4.7.9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მოწმემ, ნა-------------–--მ განმარტა, რომ იგი ესწრებოდა დ-------------სა და აპელანტის წარმომადგენელს შორის შემდგარ მხოლოდ ერთ შეხვედრას. ამ შეხვედრაზე, დ-------------მ წამოჭრა მის მიერ აპელანტის სასარგებლოდ შესრულებულ სამუშაოზე დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის საკითხი. მხარეებმა არ იცოდნენ, იყვნენ თუ არა ამ გადასახადის გადამხდელები და შეთანხმდნენ, რომ თუ, საგადასახადო ორგანოში საკითხის გარკვევის შემდეგ, დ------------- შეთანხმებულ თანხას დღგ-ს დაამატებდა, აპელანტი ნასყიდობის საფასურს დღგ-ს თანხით თავადაც გაზრდიდა. ამის შემდეგ, შეხვედრა „დაიშალა“ და საუბარი აღარ გაგრძელებულა; არც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების, არც გადასახდელი თანხებისა და არც ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების თაობაზე მოწმისათვის ცნობილი არაფერი იყო. 4.7.10. მნიშვნელოვანია, რომ მოწმის თქმით იგი შპს გ-------------ში 2012 წლის დასაწყისიდან ორი თუ სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს შეხვედრა მუშაობის დაწყებიდან ერთ თვეში შედგა, ხოლო შეხვედრის დროს ციოდა და ღუმელი ენთო. 4.7.11. აქედან ჩანს, რომ მოწმის მიერ აღწერილი შეხვედრა, სავარაუდოდ, შედგა 2012 წლის ზამთარში, ე.ი. 2012 წლის 5 მაისამდე, „თანამშრომლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების“ დადებამდე. 4.7.12. ამის შესაბამისად, მოწმე შეთანხმების პროცესის ერთ-ერთ ეპიზოდს აღწერს. ამის მიხედვით, კი გარიგებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების დადგენა შეუძლებელია. 4.7.13. საყურადღებოა, რომ, როცა არ უნდა მომხდარიყო ეს შეხვედრა, ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე, ფასზე ხელშეკრულებისაგან განსხვავებული შეთანხმება მოწმის ჩვენებიდან მაინც არ დგინდება. 4.7.14. ამრიგად, აპელანტის პოზიციას დაუსაბუთებელი იყო და საქალაქო სასამართლომ, არსებითად, სწორად არ გაიზიარა იგი. 4.8. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ მის მიმართ მოთხოვნის უფლება მხოლოდ აპელანტს არ გააჩნია. 4.8.1. უდავოდ არის დადგენილი, რომ ნივთები აპელანტისაგან დ-------------მ და შპს ლ------მ ერთობლივად შეიძინეს. 4.8.2. ამ ხელშეკრულების თანახმად, დ-------------მ და შპს ლ------მ აპელანტის წინაშე პასუხისმგებლობა, როგორც „ერთობლივმა მოვალეებმა“ ისე იკისრეს. 4.8.3. ასეც რომ არ იყოს, ტრაქტორისა და ხელშეკრულებით განკარგული სხვა ნივთების კრედიტორებისათვის ნაწილ-ნაწილ მიწოდება, ამ ნივთების ფუნქციური დანიშნულების მოსპობის გარეშე, შეუძლებელია. 4.8.4. ამრიგად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების საგანი განუყოფელია. 4.8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 456-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით... ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 4.8.6. ამის გამო, დ-------------სა და შპს ლ------ს აპელანტის მიმართ წარმოეშვათ სოლიდარული უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 456-ე მუხლით გათვალისწინებული ორივე ზემოხსენებული საფუძვლით. 4.8.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სოლიდარული უფლებამოსილების შემთხვევაში, მთლიანი შესრულების მოთხოვნა შეუძლია თითოეულ სოლიდარულ კრედიტორს. 4.8.8. რადგან დ------------- და შპს ლ------ სოლიდარული კრედიტორები იყვნენ, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო აპელანტისაგან ვალდებულების მთლიანად შესრულება მოეთხოვა იმის მიუხედავად, აღძრავდა თუ არა ამ მოთხოვნას მეორე სოლიდარული კრედიტორი. 4.8.9. საყურადღებოა ისიც, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს დ-------------მ აპელანტის მიმართ მოთხოვნის უფლება შპს ლ------ს დაუთმო. 4.9. როგორც აღინიშნა, დ------------- და შპს ლ------, არა მარტო, სოლიდარული კრედიტორები, არამედ სოლიდარული მოვალეებიც იყვნენ. 4.9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს, ე.ი. აპელანტს მათ მიმართ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება ჰქონდა და ერთ-ერთი მოვალის მიერ ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ, სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მე-2 წინადადებისა და 427-ე მუხლის მიხედვით, სხვა მოვალეთა ვალდებულება მის მიმართ წყდებოდა. 4.9.2. აპელანტი სადავოდ არ ხდის, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება, ყოველ შემთხვევაში, დ-------------მ მაინც შეასრულა. 4.9.3. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მის მიმართ შპს ლ------ს ვალდებულება შეწყვეტილია და, ამიტომ, ამ თვალსაზრისით აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოა. 4.10. პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულებათა გასაქვითად სარჩელის აღძვრა აუცილებელი არ არის. 4.10.1. თუმცა, აპელანტმა მის მიმართ შპს ლ------ს ვალის არსებობა ვერ დაამტკიცა. არარსებულ ვალდებულებაში არსებული ვალის გაქვითვა კი შეუძლებელია. 4.11. ამის გამო, პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არსებითად, სწორია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს გ-------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა