განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015732493 (3ბ/533-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ვ-----------”
წარმომადგენელი - რ------------------–ი
მოპასუხე (მოპასუხე) - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
წარმომადგენლები - ა-----–----------, თ------------------
დავის საგანი - ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ-----------ს” სარჩელი მოპასუხე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს მიღებული იქნა განკარგულება №--- ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა -გაჯანსაღების შესახებ“. მითითებული განკარგულებით განმარტებულია, რომ საქართველოს ტყეებში სოკოვანი დაავადების - ენდოტიას (წაბლის ქერქის კიბო) მასიურად გავრცელების შედეგად საგრძნობლად დაზიანდა წაბლნარი კორომები. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განუხორციელებლობამ საგანგაშო სიტუაცია შექმნა - რიგ რეგიონებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ხმობადი და ხმელი ხეების რაოდენობამ არსებული წაბლის ხეების საერთო რაოდენობის 40 პროცენტზე მეტი შეადგინა. აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ წაბლი 1982 წლიდან შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს, აგრეთვე იმითაც, რომ მსოფლიოში დღემდე არ არის შემუშავებული დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი. ზემოაღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით, ცნობად იქნა მიღებული საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 21 და 22 პუნქტების შესაბამისად, სსიპ ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის, სსიპ ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და სსიპ თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი კომისიის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის წარდგენილი დასკვნა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში წაბლნარების სანიტარული მდგომარეობის შესწავლის და მათი გაჯანსაღების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“. ზემოაღნიშნული განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, მიეცა უფლება შპს,,ვ----------ს”, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარ კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარიული ჭრების ჩატარების გზით ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ჭრას ექვემდებარება ენდოტიით დაზიანებული ზეხმელი და ხმობადი ხეები. სანიტარიული ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსი წარმოადგენს შპს „ვ-----------ს“ საკუთრებას და არ ექვემდებარება დაკოტვრას. იმავე განკარგულების მე-3 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა შპს „ვ-----------ს“ ვალდებულებანი: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2010 წლის 1 ივნისამდე გადაეხადა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ხოლო 2011 წლის 1 ივნისამდე - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი; ბ) მოჭრილ მერქნულ რესურსზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაეხადა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სატყეო დეპარტამენტს დაევალა, 15 წლის ვადით გაეფორმებინა ხელშეკრულება შპს „ვ----------თან“, რომელშიც ტყის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების ინტერესებისა და განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო ინსტიტუტების დასკვნაში ასახული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოეყალიბებინა შპს „ვ-----------ს“ ვალდებულებები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით სანიტარიული ჭრების ჩატარების, ტყეების სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის გაუმჯობესების და ტყის აღდგენითი კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ამ მიზნით სანერგეების მოწყობის თაობაზე.
2.2. 2009 წლის 20 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ერთი მხრივ, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და მეორე მხრივ, ტყითმოსარგებლე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ვ----------ს“ შორის. ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის განკარგულება №---. ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყიბულის სატყეო უბნის - ტყით დაფარული 3---- ჰა ტერიტორიიდან წაბლის მასივების გავრცელების 8--- ჰა. ფართობი, გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორია დაზუსტდება ტყის ფონდის ინვენტარიზაციით. მითითებული ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოკოვანი დაავადება - „ენდოტიას“ (წაბლის ქერქის კიბო) მასიურად გავრცელების შედეგად დაზიანებული (დაზიანების ხარისხი 40%) წაბლნარი კორომების გაჯანსალება (,,ენდოტიით“ დაზიანებული წაბლის ზეხმელი და ხმობადი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, ჭრის ნარჩენებისაგან ტერიტორიის გაწმენდა, ჯანსაღი წაბლის კორომების აღდგენა). ხელშეკრულების მე-10 მუხლით განისაზღვრა ტყითმოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები, ხოლო ხელშეკრულების მე-13 მუხლით დადგინდა ტყითმოსარგებლის პასუხისმგებლობა, კერძოდ, მითითებული მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტყითმოსარგებლის მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულების ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ შესაბამისად მინიჭებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტყით სარგებლობის ხელშეკრულება ექვემდებარებოდა შეწყვეტას. ხელშეკრულების მე-14 მუხლით ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. იმავე ხელშეკრულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და/ან მისი რომელიმე ცალკეული დებულების შეცვლა და/ან შეწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ ხელშეკრულების მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების შედეგად. 2010 წლის 26 ნოემბერს და 2011 წლის 31 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება №-- 2009 წლის 20 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და შპს ,,ვ----------ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2.3. 2011 წლის 11 მაისს შპს ,,ვ----------სა“ და შპს ,,ფ----------------–-----ს“ შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველი პუნქტით განსაზღვრული იქნა ხელშეკრულების საგანი, კერძოდ, 1.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და შპს ,,ვ----------ს” შორის 2009 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იმერეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს ტყიბულის სატყეო უბანში სახელმწიფო ტყის ფონდის 3---- ჰა ფართობზე, ტყეების ინვენტარიზაციის განხორციელების და ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავების მომსახურება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, აღნიშნული მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2011 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 190944 (ასოთხმოცდაათიათასცხრაასორმოცდაოთხი) ლარით, ანუ ტყის ფონდის ერთ ჰექტარ ფართობზე 6 (ექვსი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
2.4. 2013 წლის 06 დეკემბერს ინდ. მეწარმე ა-----–-–-----ის მიერ მიღებული იქნა ანგარიში ,,სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებული იმერეთის რეგიონის ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის და ზესტაფონის სატყეო უბნების დაავადებული წაბლნარების ჭრაგავლილ ფართობებზე სატყეო პათოლოგიური კვლევის შესახებ“. მითითებული ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბერ - ნოემბერში, იმერეთის რეგიონის (ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზესტაფონის სატყეო უბნების) დაავადებული წაბლნარების ჭრაგავლილ ფართობებზე სანიტარული მდგომარეობის შესახებ გამოკვლევების საფუძველზე გაკეთდა შემდეგი დასკვნა: 1. სანიტარიული ჭრები სრულყოფილად არსად არაა ჩატარებული. სანიმუშო ფართობებსა და სამარშრუტო სვლების დროს აღრიცხულ ხეთა მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ 2009–2011წწ-ში წაბლნარების სანიტარიული მდგომარეობის შესწავლის შედეგებთან შედარებით წაბლის კიბოთი დაზიანებული და ხმობადი მცენარეთა რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ: ტყიბულის სატყეო უბანში 2009 წლის მონაცემებით დაზიანებული ხმობადი და ზეხმელი იყო მცენარეთა 40%, ხოლო საღი 60%. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 1025 მცენარიდან ხმობადი და ზეხმელია 83,1%, ხოლო საღი 16,9%; 2. პათოლოგიური ინსტრუქციის თანახმად, იმერეთის წაბლნარები მიეკუთვნება დარღვეული და მდგრადობა დაკარგული პათოლოგიური მდგომარეობის კატეგორიას. 3. ყველა სატყეო უბანში 2013 წელს (გარდა ზესტაფონისა) მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები. ჭრების დროს ტყიდან ხდება მხოლოდ საქმისი მერქნის (ნაწილობრივად მთლიანი ხის ტყიდან გამოტანა ხდება ჭიათურის სატყეო უბნის გეზრულის სატყეოს მე-11 კვარტალში, რის გამოც ზიანდება როგორც აღმონაცენ - მოზარდი ასევე, საღი მცენარეებიც) გამოტანა. 4. ყველა სატყეო უბანში დარჩენილია დანომრილი და მოუჭრელი ხეები. მოჭრილი ხეებიდან ტყიდან გამოტანილია მხოლოდ საქმისი მერქანი. ტყეში დარჩენილია ნახევრად საქმისი და საშეშე ნაწილი. გამოტანილი ხეების ნაწილი ტყის სატვირთო ბაქნებზეა დატოვებული, ხოლო სატვირთო ბაქნები კი მდებარეობს ტყეკაფებზე. 5. სანიტარიული ჭრების შედეგად ტყის სიხშირე 0,5 -ზე დაბალია. 6. ყველა სატყეოში ჩახერგილობა 30–35%–ია. 7. არცერთ სატყეოში არაა მოჭრილი ზეხმელი ხეები, რომლებსაც არ გააჩნიათ საქმისი მერქანი. 8. კორომებში მოუჭრელად დატოვებული დაავადებული ხეები და ფართობზე დატოვებული ნარჩენები ძლიერ გავლენას ახდენს ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიებზე წაბლის ხმობის ინტენსიობაზე. რადგან, დაავადებული ხეები და ჭრის ნარჩენები წარმოადგენს დაავადების კერას. 9. ტყის განახლება ძლიერ სუსტია. განახლება მიმდინარეობს მხოლოდ ამონაყრით, იშვიათად თესლით. ამონაყართა უმრავლესობა, რომელთა სიმაღლე 2.5 მ-ზე მაღალია, დაავადებულია. ტყის განახლებაში ჭარბობს მუხის, რცხილის და თხმელის რაოდენობა. 10. არცერთ სატყეოში არაა სრულყოფილად შესრულებული 2009-2011წწ–ში განხორციელებული სატყეო პათოლოგიური გამოკვლევებით წაბლნარების გაჯანსაღების მიზნით დადგენილი რეკომენდაციები. კერძოდ: ტყიდან ტყის ნარჩენების შეგროვება და დაწვა, საქმისი და საშეშე მერქნის გამოტანა ტყიდან, ძლიერი ანთროპოგენურზი მოქმედების ზონებში ეკლიანი მავთულით შემოღობვა, პირუტყვის ძოვების აკრძალვა, ფერდობებზე ქვეტყის ზოლებრივად მოჭრა და ტყის კულტურების გაშენება, სანერგე მეურნეობების მოწყობა (გარდა ტყიბულისა), კორდის აჩიჩქვნა, ხმელი ხეების ძირკვების გაქერქვა და სხვა. 11. სანიტარიული ჭრები ყველა რეგიონში არაეფექტურია. 12. ტყეკაფზე დატოვებული ხეების მოუჭრელობამ (45-50%), ჭრაგავლილი ფართობების ჩახერგილობამ, ტყეკაფებზე მოჭრილი და ადგილზე დატოვებული საქმისი მერქნის არსებობამ გამოიწვია დაავადების გააქტიურება, რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა ტყეკაფების მომიჯნავე ტერიტორიებზე, სადაც წინა წლებთან შედარებით დაავადებული ხეების რაოდენობა გაიზარდა. 13. იმერეთის რეგიონის წაბლის გავრცელების ზონაში დანიშნული სანიტარიული ჭრები ჩატარებულია ყოველგვარი ჭრის წესების დაცვის გარეშე, მხოლოდ სარქმისი მერქნის მიღების თვალსაზრისით. ამიტომაც, სანიტარიული ჭრების ეფექტიანობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამოვლინდა, რომ წინა წლებში ჩატარებული კვლევებით დადგენილ მდგომარეობასთან შედარებით წაბლნარი კორომების მდგომარეობა გაუარესებულია. დაავადების ინტენსიურობა მომატებულია, რაც დიდი ალბათობით გამოწვეულია დანიშნული ღონისძიებების არასათანადო განხორციელებით. იმერეთის რეგიონში წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისას გამოყენებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებით მოსალოდნელი იყო დაავადების შემცირება, წაბლნარების გაჯანსაღებისა და დაავადების შემცირების ან/და შეჩერების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენდა სანიტარული ჭრების სრულყოფილად განხორციელება (ამ სახის ჭრისთვის დადგენილი ყველა მოთხოვნის დაცვით), ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენებისაგან - ტერიტორიის გაწმენდა, ნარჩენების გაუვნებელყოფა და ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, განხორციელებულმა სანიტარულმა ჭრებმა ვერ გამოიღო შედეგი დაავადების შემცირების თვალსაზრისით, რადგან ჭრები მიმდინარეობდა ნელი ტემპით და დაავადების კერები რჩებოდა ადგილზე, შესაბამისად სანიტარული მდგომარეობა საკვლევ ტერიტორიებზე გაუარესებულია.
2.5. 2014 წლის 08 ივნისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2014 წლის 29 მაისის №---- ბრძანების საფუძველზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განხორციელებული იქნა შერჩევითი შემოწმება. შემოწმების აქტით დგინდება, რომ შემოწმებული იქნა იმერეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდში შპს „ვ-----------“ -ზე მიღება-ჩაბარების აქტებით დამაგრებული ფართობები, კერძოდ, ტყიბულის სატყეო უბნის ტყიბულის სატყეოს №1----------------, ამავე სატყეო უბნის ს-–----ს სატყეოს №3------------ და ო-------ს სატყეოს №4 კვარტლები. აქტში მითითებულია, რომ შექმნილი გარემოების გამო შეამოწმეს იმერეთის სატყეო სამსახურის მართვას და დაცვას დაქვემდებარებული ო-------ს სატყეოს №3 კვარტალი. შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმებულ ტყეკაფებზე დამღა-ნუმერაცია ძირითადად კარგად იკითხებოდა, რიგ შემთხვევაში კი ძნელად. ტყეკაფებზე დიდი რაოდენობით იყო დარჩენილი მოუჭრელი დანომრილი და დამღიანი ხმელი და ხმობადი ხეები. ჯირკები გაუქერქავი იყო, ტყეკაფებზე დარჩენილი იყო მოჭრილი ხე-ტყის მოცულობის 20-30%, რის გამოც წარმოქმნილი იყო ჩახერგილობები. ტყეკაფები გაუწმენდავი იყო, ჭრის ნარჩენები არ იყო გამოტანილი და გაუვნებელყოფილი, რის გამოც არ შესრულდა ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა. ჭრაგავლილ ფართობებზე განახლება ცუდი იყო, უმრავლეს შემთხვევაში წამოსული იყო მაყვალი, იელი, შქერი, მოცვი, რაც ხელს უშლიდა მოზარდის აღმოცენებას და ზრდას. ტყეკაფებში წაბლის სახეობების ხეები, მათ შორის მოზარდი, რომელთა დიამეტრი 2-4 სანტიმეტრს აღემატებოდა, დაავადებული იყო ენდოტიით (ქერქის კიბო), რაც წაბლის სახეობის ხეების რეალური გადაშენების საშიშროებას წარმოადგენდა (ანალოგიური მდგომარეობაა შემოწმებულ ყველა კვარტალში). შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „ვ-----------ს’’ მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, არ იყო ტყეკაფები გაწმენდილი, არ გამოვლენილა ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობები, სააგენტოში შესათანხმებლად არ წაროუდგენიათ ამ ფართობებზე ტყის აღდგენის და შესაბამისად სარგავი მასალის მისაღებად დროებითი სანერგეების მოწყობის პროექტი (სოფელ მ---------ს მიმდებარე ტერიტიტორიაზე - X--------; Y--------, 1 ჰა-ზე, პროექტის გარეშე 2013 წლის შემოდგომაზე გაშენებულია დროებითი წაბლის სანერგე 50% გახარებით), გაზაფხულზე არ ჩატარებულა წაბლნარების გამოკვლევა ხმობის ინტენსივობის დინამიკის დასადგენად. შპს ,,ვ-----------ს“ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ტყიბულის სატყეო უბანში ჩაბარებული ჰქონდა 49 კვარტალი. დღემდე გამოყოფილი 131 სანიტარული ჭრის ტყეკაფიდან არცერთი არ იყო ათვისებული და შესაბამისად დახურული. ამავე აქტში მითითებულია, რომ შპს ,,ვ-----------ს’’ ქმედებით გარემოს მიადგა ზიანი, შესაბამისად მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს.
2.6. 2014 წლის 20 ივნისს საქართველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის მეტყევის დ--------------ის მიერ შპს „ვ-----------ს“ მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0----- ოქმი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შესახებ. სამართალდარღვევის საქმის მასალების მიხედვით, შპს „ვ----------მა“ დაარღვია 2009 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ მე-4 მუხლის მე-7-მე-10 პუნქტები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ მიერ არ მომხდარა ტყეკაფის გაწმენდა, არ გამოვლენილა ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობები, სააგენტოსთან შესათანხმებლად არ წარუდგენიათ ამ ფართობზე ტყის აღდგენის და შესაბამისად სარგავი მასალის მისაღებად დროებითი ნერგების მოწყობის პროექტი, გაზაფხულზე არ ჩატარებულა წაბლნარების გამოკვლევა ხმობის ინტენსივობის დინამიკის დასადგენად. ტყიბულის მაგისტრი სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის №4--------- დადგენილებით, შპს „ვ----------ს“ (ს/კ 2----------; იურიდიული მისამართი ფ--------–-------------ა; დირექტორი პ------------) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შეეფარდა სახდელი ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით .
2.7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის №0------ წერილით, შპს „ვ-----------ს“ განესაზღვრა ერთი თვის ვადა, 2014 წლის 8 ივნისს შედგენილ აქტში დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორების მიზნით.
2.8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №1------- წერილით შპს ,,ვ-----------ს“ ეცნობა, რომ 2009 წლის 20 ნოემბერს მათ შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება, ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის საფუძველზე შეწყვეტილი იყო და ეთხოვა, სარგებლობაში გადაცემული მიწის ფართობების გადაბარება. აღნიშნული ეცნობა ასევე დამატებით შპს „ვ----------ს“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბერს №0------- და 2014 წლის 30 ოქტომბერს №1------- წერილებით.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხვრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ტყის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტყის ფონდის და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის მიზანია: ა) ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში; ბ) ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის; გ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვათა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება და დაცვა, მათი ჰარმონიული ურთიერთგავლენის რეგულირება; დ) ტყითმოსარგებლეთა უფლებებისა და მოვალეობების დადგენა სატყეო ურთიერთობების სფეროში; ე) ტყის რესურსების მეცნიერულად დასაბუთებული შესაძლებლობების საფუძველზე მათი მიზნობრივი, კომპლექსური და რაციონალური გამოყენებით საქართველოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; ვ) ტყის მეურნეობის წარმართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და სხვათა ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და გავლენას ახდენენ ერთმანეთსა და გარემოზე. იმავე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდი არის საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, სატყეო ურთიერთობების ობიექტებია საქართველოს ტყის ფონდი და მისი რესურსები, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ – ეროვნული სატყეო სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე მუხლი იძლევა ტყითსარგებლობის სახეების ჩამონათვალს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები: ა) ხე-ტყის დამზადება; ბ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება; გ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების (თესლის, ნაყოფის, ძირკვის, ლაფნის, ფიჩხის, ნეკერის და სხვა) დამზადება; დ) ტყის არამერქნული რესურსებით (სოკოებით, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულით, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეებითა და მათი პროდუქტებით) სარგებლობა; ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა; ვ) სპეციალური და მიჩენის მიზნით სარგებლობა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა; თ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა; ი) სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; კ) თევზის მეურნეობის მოწყობა; ლ) ნადირობა; მ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა; ო) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა; პ) „ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრული სხვა საქმიანობა. ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე: ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით; ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით; გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს მიღებული იქნა განკარგულება №--- ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“. მითითებული განკარგულების მიხედვით, საქართველოს ტყეებში სოკოვანი დაავადების - ენდოტიას (წაბლის ქერქის კიბო) მასიურად გავრცელების შედეგად საგრძნობლად დაზიანდა წაბლნარი კორომები. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განუხორციელებლობამ საგანგაშო სიტუაცია შექმნა - რიგ რეგიონებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ხმობადი და ხმელი ხეების რაოდენობამ არსებული წაბლის ხეების საერთო რაოდენობის 40 პროცენტზე მეტი შეადგინა. აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ წაბლი 1982 წლიდან შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს, აგრეთვე იმითაც, რომ მსოფლიოში დღემდე არ არის შემუშავებული დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი. დასახელებული განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, მიეცა უფლება შპს ,,ვ----------ს” ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარ კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარიული ჭრების ჩატარების გზით ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ჭრას ექვემდებარება ენდოტიით დაზიანებული ზეხმელი და ხმობადი ხეები. სანიტარიული ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსი წარმოადგენს შპს „ვ-----------ს“ საკუთრებას და არ ექვემდებარება დაკოტვრას. ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა შპს „ვ-----------ს“ ვალდებულებანი: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2010 წლის 1 ივნისამდე გადაეხადა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ხოლო 2011 წლის 1 ივნისამდე 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი; ბ) მოჭრილ მერქნულ რესურსზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაეხადა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სატყეო დეპარტამენტს დაევალა, 15 წლის ვადით გაეფორმებინა ხელშეკრულება შპს „ვ----------თან“, რომელშიც ტყის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების ინტერესებისა და განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო ინსტიტუტების დასკვნაში ასახული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოეყალიბებინა შპს „ვ-----------ს“ ვალდებულებები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით სანიტარიული ჭრების ჩატარების, ტყეების სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის გაუმჯობესების და ტყის აღდგენითი კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ამ მიზნით სანერგეების მოწყობის თაობაზე.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, ასევე რომ სწორედ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 20 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ერთი მხრივ, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და მეორე მხრივ, ტყითმოსარგებლე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ვ----------ს“ შორის. ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყიბულის სატყეო უბნის - ტყით დაფარული 3---- ჰა ტერიტორიიდან წაბლის მასივების გავრცელების 8---ჰა. ფართობი, გაჯანსაღება–აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორია დაზუსტდება ტყის ფონდის ინვენტარიზაციით. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოკოვანი დაავადება - „ენდოტია“-ს (წაბლის ქერქის კიბო) მასიურად გავრცელების შედეგად დაზიანებული (დაზიანების ხარისხი 40%) წაბლნარი კორომების გაჯანსალება (,,ენდოტიით“ დაზიანებული წაბლის ზეხმელი და ხმობადი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, ჭრის ნარჩენებისაგან ტერიტორიის გაწმენდა, ჯანსაღი წაბლის კორომების აღდგენა).
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება და მისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი, კერძოდ, ტყითმოსარგებლის მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულების ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ შესაბამისად მინიჭებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ექვემდებარება შეწყვეტას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ვ-----------ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაზეც ნათლად მიუთითებს ტყიბულის მაგისტრი სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის №4/62-2014 დადგენილება. ასევე, ინდ. მეწარმე ა-----–-–-----ის მიერ 2013 წლის 6 დეკემბერს მიღებული ანგარიში ,,სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებული იმერეთის რეგიონის ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის და ზესტაფონის სატყეო უბნების დაავადებული წაბლნარების ჭრაგავლილ ფართობებზე სატყეო პათოლოგიური კვლევის შესახებ“, რაც საფუძვლად დაედო სააგენტოს მხრიდან შერჩევითი შემოწმების ჩატარებას. აღნიშნული შემოწმება განხორციელდა 2014 წლის 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით და საწარმოს მხრიდან გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის №0------ წერილით შპს ,,ვ----------ს’’ მიეცა ერთ თვიანი ვადა დარღვევების გამოსწორების მიზნით, თუმცა შპს ,,ვ-----------ს’’ მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი 2014 წლის 08 ივნისის შემოწმების აქტში მითითებული დარღვევები, რაც გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. იმავე კოდექსის 405.1 მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლი უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №1------- წერილით შპს „ვ----------ს“ ეცნობა, რომ 2009 წლის 20 ნოემბერს მათ შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება, ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის საფუძველზე შეწყვეტილია. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე და 405-ე მუხლების მოთხოვნებიც. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.14. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მოსარჩელე შპს ,,ვ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად უკანონოდ შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 209 555 (ორასცხრაათას ხუთასორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. იმავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინებასაქმეზე Nას-307-291-2011). საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მხრიდან კანონიერად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაბამისად, მხარის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 209555 (ორასცხრაათას ხუთასორმოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურების თაობაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილშიც არ არსებობს შპს „ვ-----------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ სანერგე მეურნეობის მოწყობის ვალდებულების შესრულება-არშესრულების თაობაზე. ერთის მხრივ, იგი მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებში, რომ მოსარჩელეს სააგენტოში შესათანხმებლად არ წარუდგენია შესაბამის ფართობებზე ტყის აღდგენის და შესაბამისად სარგავი მასალის მისაღებად დროებითი სანერგეების მოწყობის პროექტი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სოფელ მ---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე - X--------; Y--------, 1 ჰა-ზე, პროექტის გარეშე 2013 წლის შემოდგომაზე გაშენებულია დროებითი წაბლის სანერგე 50% გახარებით. სასამართლომ არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ დაედგინა აღნიშნული ვალდებულების შესრულების საკითხი, მაშინ, როცა სანერგე მეურნეობის მოწყობის ვალდებულება ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი ვალდებულება იყო და მოსარჩელეს პირნათლად ჰქონდა შესრულებული აღნიშნული ვალდებულება.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ სატყეოს სააგენტოს მირ კომპანიას ტყეკაფი შეცდომით გამოეყო ო-------ს სატყეოს №3 კვარტალში ნაცვლად №4 კვარტლისა, რომელიც თურმე არ განეკუთვნებოდა შპს „ვ-----------სათვის“ დამაგრებული კვარტლების ჩამონათვალს და შესაბამისად, მითითებულ კვარტალზე წარმოებული ჭრა მთლიანად უკანონოდ ჩაუთვალეს კომპანიას. კომპანია თავად სატყეომ შეუშვა ტყეში და ნება მისცეს ეწარმოებინა ჭრა, მეტიც, მოუნიშნა ხეები, რაც უნდა მოეჭრა, ხოლო შემდგომ, გააცნობიერა, რომ თურმე შეცდომით შეუშვია კომპანია ამ ფართობზე და ჭრა, რაც სატყეოს ხელდასმითვე განხორციელდა, ჩაუთვალა კომპანიას უკანონო ჭრაში. აღნიშნული გარემოება დაადასტურა თავად სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა უშუალოდ სასამართლო პროცესზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ ემსჯელა აღნიშნულ ფაქტზე მაშინ, როცა ჯამში №3 კვარტლის ყტეკაფში უკანონო ჭრისთვის კომპანიას დააკისრეს მიყენებული ზარალი 45,858 ლარის ოდენობით, ხოლო №4 კვარტლის ტყეკაფში უკანონო ჭრისთვის - 6,580 ლარი.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, გაურკვეველია სასამართლოს არგუმენტაცია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე და კიდევ უფრო ბუნდოვანია, თუ რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით დადგინდა სასამართლომ, რომ სატყეო სააგენტოს გააჩნდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. სასამართლომ ერთის მხრივ მოიშველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილი და აღნიშნა, რომ თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. თუმცა, მეორეს მხრივ, სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება და ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ასეთი უფლება გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით და აქვე სასამართლომ დაასკვნა, რომ ამგვარი ცალმხრივი შეწყვეტის უფლება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის ,,ა“ პუნქტიდან გამომდინარეობდა.
3.4. აპელანტის მითითებით, თუკი სასამართლო დაეყრდნო კანონისმიერ შეწყვეტის უფლებას (სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი), მაშინ გაუგებარია რატომ არ იმსჯელა სასამართლომ შესრულებაში სატყეო სააგენტოს მხრიდან ინტერესის დაკარგვის თაობაზე მაშინ, როცა მოსარჩელის მხრიდან რიგი ვალდებულებების შესრულების ფაქტს არც სატყეო სააგენტო უარყოფდა, ხოლო ტყის ინვენტარიზაციის ჩატარების ვალდებულების შესრულების ფაქტი (რაც ხელშეკრულებით მოსარჩელის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და ძვირადღირებული ვალდებულება იყო) უდავო ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა სასამართლომ. სასამართლოს არ უმსჯელია ხელშეკრულების დარღვევის არსებით ხასიათთან დაკავშირებით და დარღვეული ვალდებულებების შეფარდებასთან ხელშეკრულების შესრულებულ ნაწილთან, რასაც შესაძლოა გამოეწვია სატყეო სააგენტოს მხრიდან ინტერესის დაკარგვა ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილის შესრულებაში. მეტიც, ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო იშველიებს 2014 წლის 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით მოსარჩელისთვის დამაგრებული ტყის ნაწილებზე ჩატარებულ შემოწმებას და ინდ. მეწარმე ა-----–-–-----ის მიერ 2013 წლის 6 დეკემბერს მომზადებულ ანგარიშს ,,სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებული იმერეთის რეგიონის ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის და ზესტაფონის სატყეო უბნების დაავადებული წაბლნარების ჭრაგავლილ ფართობებზე სატყეო პათოლოგიური კვლევის შესახებ“, თუმცა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ ანგარიშში მითითებული დარღვევების ნაწილი თავად სატყეო სააგენტოს მხრიდან დაშვებული შეცდომით იყო გამოწვეული (მოსარჩელეს შეცდომით დაამაგრეს ო-------ს სატყეოს #3 კვარტალში ნაცვლად #4 კვარტალისა, რაც მოპასუხის წარმომადგენელმა თავადვე აღიარა სასამართლო პროცესის მსვლელობისას), ხოლო სანერგე მეურნეობასთან დაკავშირებით მსჯელობისას ანგარიშში მითითებულია, რომ შპს ,,ვ----------ს’’ მოწყობილი აქვს სანერგე მეურნეობა 50%-იანი გახარებით, ანუ შესრულებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულება.
3.5. აპელანტის მითითებით, თუკი სასამართლომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას საფუძვლად დაუდო ხელშეკრულების მე-13 მუხლი, სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ამ შემთხვევაშიც. ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის სამართლებრივ შეფასებისთვის აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების მე-13 და მე-16 მუხლებზე. აპელანტის მითითებით, ხელშეკრულების მე-13 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და მიუთითებს იმ დარღვევებზე, რასაც არ ჰქონია ადგილი მოსარჩელის მხრიდან. ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა მოსარჩელის თანხმობის გარეშე.
3.6. აპელანტის განმარტებით, 2009 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულების მე-13 მუხლის (ა) ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილი იქნებოდა ცალმხრივად, ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება, შპს ,,ვ-----------ს’’ მიერ 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. №--- განკარგულებით კი განისაზღვრა შპს ,,ვ-----------ს’’ მხოლოდ შემდეგი ორი ვალდებულება: (1) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3,000,000 (სამი მილიონი) ლარის გადახდა, რაც გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ სრულად და დროულად და აღნიშნულს არც მოპასუხე მხარე უარყოფს და (2) მოჭრილ მერქნულ რესურსზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა. მოსარჩელის მიერ ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის ნაწილში, წინსწრებით არის გადახდილი 3,979.05 (სამი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარი. არც ამ ვალდებულების შესრულებას უარყოფს მოპასუხე მხარე და არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია მოსარჩელის წინაშე ამ უკანასკნელის მიერ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად ხელშეკრულების მე-13 მუხლზე მითითება არის სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3.7. აპელანტის მითითებით, მე-13 მუხლს გააჩნია აგრეთვე ,,ბ’’ ნაწილი, რომლითაც დგინდება, რომ „ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“. რაც გულისხმობს არა სამოქალაქო წესით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებას, არამედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას სააგენტოს მხრიდან. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლისთვის გაურკვეველია სასამართლოს მიერ მე-13 მუხლზე მითითება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად.
3.8. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სრულიად უგულებელყო ხელშეკრულების მე-16 მუხლი, რომლის თანახმადაც, წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და/ან მისი რომელიმე ცალკეული დებულების შეცვლა და/ან შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულების მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების შედეგად. ამდენად, მხარეებმა თავიდანვე გამოხატეს მბოჭავი ნება, მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეწყვიტათ ხელშეკრულების მოქმედება მისი ვადის ამოწურვამდე, რაც თავისთავად გამორიცხავს სააგენტოს მიერ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შესაძლებლობას, გარდა ხელშეკრულებაშივე გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლისა.
3.9. აპელანტის წარმომადგენლის განამრტებით, რომც ჩაითვალოს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, სასამართლოს ამ შემთხვევაშიც უნდა ემსჯელა ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არსებით დარღვევას - ხელშეკრულების ნებისმიერი, მათ შორის უმნიშვნელო, პირობის დარღვევა ვერ გახდება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ამგვარი მიდგომა სამოქალაქო ბრუნვის არასტაბილურობის საწინდარია.
3.10. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე დაუსაბუთებელია სატყეო სააგენტოს მხრიდან დარღვევის გამოსასწორებლად მოცემული ერთთვიანი ვადის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სატყეო სააგენტოს მიერ მოსარჩელისთვის განსაზღვრული ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა. შპს „ვ----------ს“ არ განესაზღვრა გონივრული ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმ ნაწილის შესასრულებლად, რომელთა დარღვევაზეც აპელირებს სატყეო სააგენტო. წარმოდგენილი კორესპონდენციიდან როგორც ირკვევა, სააგენტო, მიუთითებს რა ოქმით გამოვლენილ დარღვევებზე (ტყეკაფების გაწმენდა, ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობების გამოვლენა, სანერგეების მოწყობა), კომპანიას განუსაზღვრავს მხოლოდ ერთი თვის ვადას აქტში დაფიქსირებული დარღვევების გამოსასწორებლად. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელმა 2014 წლის 20 აგვისტოს შემოწმების ოქმზე კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული შენიშვნით დაადგინა, რომ კომპანიამ აცნობა სააგენტოს, რომ სანერგეს პროექტი მომზადებული ჰქონდა კომპანიას და წარადგენდა სააგენტოში 21 აგვისტოს და რომ ტყეკაფების გაწმენდის პროცესი დაწყებული იყო და ვინაიდან 131 ტყეკაფი იყო გახსნილი, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დროში ფიზიკურად შეუძლებელი იყო გაწმენდითი სამუშაოების დასრულება. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ვადის მიცემის ვალდებულებაზე და არც ის განმარტა თუ რამდენად გონივრული იყო სატყეო სააგენტოს მიერ მოცემული დამატებითი ვადა. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სასამართლო ფორმალურად მიუდგა აღნიშნულ გარემოებას და მხოლოდ ის ფაქტი, რომ სატყეომ შეტყობინებით განსაზღვრა დამატებითი ვადა და შემდგომ შეტყობინებითვე შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება ცალმხრივად, საკმარისად და კანონმდებლობასთან შესაბამისად მიიჩნია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს მიღებული იქნა განკარგულება №--- ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა -გაჯანსაღების შესახებ“. მითითებული განკარგულებით განმარტებულია, რომ საქართველოს ტყეებში სოკოვანი დაავადების - ენდოტიას (წაბლის ქერქის კიბო) მასიურად გავრცელების შედეგად საგრძნობლად დაზიანდა წაბლნარი კორომები. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განუხორციელებლობამ საგანგაშო სიტუაცია შექმნა - რიგ რეგიონებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ხმობადი და ხმელი ხეების რაოდენობამ არსებული წაბლის ხეების საერთო რაოდენობის 40 პროცენტზე მეტი შეადგინა. აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ წაბლი 1982 წლიდან შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს, აგრეთვე იმითაც, რომ მსოფლიოში დღემდე არ არის შემუშავებული დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი. ზემოაღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით, ცნობად იქნა მიღებული საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 21 და 22 პუნქტების შესაბამისად, სსიპ ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის, სსიპ ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და სსიპ თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი კომისიის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის წარდგენილი დასკვნა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში წაბლნარების სანიტარული მდგომარეობის შესწავლის და მათი გაჯანსაღების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“. ზემოაღნიშნული განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, მიეცა უფლება შპს,,ვ----------ს”, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარ კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარიული ჭრების ჩატარების გზით ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ჭრას ექვემდებარება ენდოტიით დაზიანებული ზეხმელი და ხმობადი ხეები. სანიტარიული ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსი წარმოადგენს შპს „ვ-----------ს“ საკუთრებას და არ ექვემდებარება დაკოტვრას. იმავე განკარგულების მე-3 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა შპს „ვ-----------ს“ ვალდებულებანი: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2010 წლის 1 ივნისამდე გადაეხადა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ხოლო 2011 წლის 1 ივნისამდე - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი; ბ) მოჭრილ მერქნულ რესურსზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაეხადა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სატყეო დეპარტამენტს დაევალა, 15 წლის ვადით გაეფორმებინა ხელშეკრულება შპს „ვ----------თან“, რომელშიც ტყის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების ინტერესებისა და განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო ინსტიტუტების დასკვნაში ასახული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოეყალიბებინა შპს „ვ-----------ს“ ვალდებულებები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით სანიტარიული ჭრების ჩატარების, ტყეების სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის გაუმჯობესების და ტყის აღდგენითი კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ამ მიზნით სანერგეების მოწყობის თაობაზე.
4.3. 2009 წლის 20 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ერთი მხრივ, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და მეორე მხრივ, ტყითმოსარგებლე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ვ----------ს“ შორის. ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის განკარგულება №---. ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყიბულის სატყეო უბნის - ტყით დაფარული 3---- ჰა ტერიტორიიდან წაბლის მასივების გავრცელების 8--- ჰა. ფართობი, გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორია დაზუსტდება ტყის ფონდის ინვენტარიზაციით. მითითებული ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოკოვანი დაავადება - „ენდოტიას“ (წაბლის ქერქის კიბო) მასიურად გავრცელების შედეგად დაზიანებული (დაზიანების ხარისხი 40%) წაბლნარი კორომების გაჯანსალება (,,ენდოტიით“ დაზიანებული წაბლის ზეხმელი და ხმობადი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, ჭრის ნარჩენებისაგან ტერიტორიის გაწმენდა, ჯანსაღი წაბლის კორომების აღდგენა). ხელშეკრულების მე-10 მუხლით განისაზღვრა ტყითმოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები, ხოლო ხელშეკრულების მე-13 მუხლით დადგინდა ტყითმოსარგებლის პასუხისმგებლობა, კერძოდ, მითითებული მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტყითმოსარგებლის მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულების ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ შესაბამისად მინიჭებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტყით სარგებლობის ხელშეკრულება ექვემდებარებოდა შეწყვეტას. ხელშეკრულების მე-14 მუხლით ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. იმავე ხელშეკრულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და/ან მისი რომელიმე ცალკეული დებულების შეცვლა და/ან შეწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ ხელშეკრულების მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების შედეგად. 2010 წლის 26 ნოემბერს და 2011 წლის 31 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება №-- 2009 წლის 20 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და შპს ,,ვ----------ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
4.4. 2011 წლის 11 მაისს შპს ,,ვ----------სა“ და შპს ,,ფ----------------–-----ს“ შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველი პუნქტით განსაზღვრული იქნა ხელშეკრულების საგანი, კერძოდ, 1.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და შპს ,,ვ----------ს” შორის 2009 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იმერეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს ტყიბულის სატყეო უბანში სახელმწიფო ტყის ფონდის 3---- ჰა ფართობზე, ტყეების ინვენტარიზაციის განხორციელების და ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავების მომსახურება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, აღნიშნული მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2011 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 190944 (ასოთხმოცდაათიათასცხრაასორმოცდაოთხი) ლარით, ანუ ტყის ფონდის ერთ ჰექტარ ფართობზე 6 (ექვსი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
4.5. 2013 წლის 06 დეკემბერს ინდ. მეწარმე ა-----–-–-----ის მიერ მიღებული იქნა ანგარიში ,,სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებული იმერეთის რეგიონის ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის და ზესტაფონის სატყეო უბნების დაავადებული წაბლნარების ჭრაგავლილ ფართობებზე სატყეო პათოლოგიური კვლევის შესახებ“. მითითებული ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბერ - ნოემბერში, იმერეთის რეგიონის (ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზესტაფონის სატყეო უბნების) დაავადებული წაბლნარების ჭრაგავლილ ფართობებზე სანიტარული მდგომარეობის შესახებ გამოკვლევების საფუძველზე გაკეთდა შემდეგი დასკვნა: 1. სანიტარიული ჭრები სრულყოფილად არსად არაა ჩატარებული. სანიმუშო ფართობებსა და სამარშრუტო სვლების დროს აღრიცხულ ხეთა მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ 2009–2011წწ-ში წაბლნარების სანიტარიული მდგომარეობის შესწავლის შედეგებთან შედარებით წაბლის კიბოთი დაზიანებული და ხმობადი მცენარეთა რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ: ტყიბულის სატყეო უბანში 2009 წლის მონაცემებით დაზიანებული ხმობადი და ზეხმელი იყო მცენარეთა 40%, ხოლო საღი 60%. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 1025 მცენარიდან ხმობადი და ზეხმელია 83,1%, ხოლო საღი 16,9%; 2. პათოლოგიური ინსტრუქციის თანახმად, იმერეთის წაბლნარები მიეკუთვნება დარღვეული და მდგრადობა დაკარგული პათოლოგიური მდგომარეობის კატეგორიას. 3. ყველა სატყეო უბანში 2013 წელს (გარდა ზესტაფონისა) მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები. ჭრების დროს ტყიდან ხდება მხოლოდ საქმისი მერქნის (ნაწილობრივად მთლიანი ხის ტყიდან გამოტანა ხდება ჭიათურის სატყეო უბნის გეზრულის სატყეოს მე-11 კვარტალში, რის გამოც ზიანდება როგორც აღმონაცენ - მოზარდი ასევე, საღი მცენარეებიც) გამოტანა. 4. ყველა სატყეო უბანში დარჩენილია დანომრილი და მოუჭრელი ხეები. მოჭრილი ხეებიდან ტყიდან გამოტანილია მხოლოდ საქმისი მერქანი. ტყეში დარჩენილია ნახევრად საქმისი და საშეშე ნაწილი. გამოტანილი ხეების ნაწილი ტყის სატვირთო ბაქნებზეა დატოვებული, ხოლო სატვირთო ბაქნები კი მდებარეობს ტყეკაფებზე. 5. სანიტარიული ჭრების შედეგად ტყის სიხშირე 0,5 -ზე დაბალია. 6. ყველა სატყეოში ჩახერგილობა 30–35%–ია. 7. არცერთ სატყეოში არაა მოჭრილი ზეხმელი ხეები, რომლებსაც არ გააჩნიათ საქმისი მერქანი. 8. კორომებში მოუჭრელად დატოვებული დაავადებული ხეები და ფართობზე დატოვებული ნარჩენები ძლიერ გავლენას ახდენს ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიებზე წაბლის ხმობის ინტენსიობაზე. რადგან, დაავადებული ხეები და ჭრის ნარჩენები წარმოადგენს დაავადების კერას. 9. ტყის განახლება ძლიერ სუსტია. განახლება მიმდინარეობს მხოლოდ ამონაყრით, იშვიათად თესლით. ამონაყართა უმრავლესობა, რომელთა სიმაღლე 2.5 მ-ზე მაღალია, დაავადებულია. ტყის განახლებაში ჭარბობს მუხის, რცხილის და თხმელის რაოდენობა. 10. არცერთ სატყეოში არაა სრულყოფილად შესრულებული 2009-2011წწ–ში განხორციელებული სატყეო პათოლოგიური გამოკვლევებით წაბლნარების გაჯანსაღების მიზნით დადგენილი რეკომენდაციები. კერძოდ: ტყიდან ტყის ნარჩენების შეგროვება და დაწვა, საქმისი და საშეშე მერქნის გამოტანა ტყიდან, ძლიერი ანთროპოგენურზი მოქმედების ზონებში ეკლიანი მავთულით შემოღობვა, პირუტყვის ძოვების აკრძალვა, ფერდობებზე ქვეტყის ზოლებრივად მოჭრა და ტყის კულტურების გაშენება, სანერგე მეურნეობების მოწყობა (გარდა ტყიბულისა), კორდის აჩიჩქვნა, ხმელი ხეების ძირკვების გაქერქვა და სხვა. 11. სანიტარიული ჭრები ყველა რეგიონში არაეფექტურია. 12. ტყეკაფზე დატოვებული ხეების მოუჭრელობამ (45-50%), ჭრაგავლილი ფართობების ჩახერგილობამ, ტყეკაფებზე მოჭრილი და ადგილზე დატოვებული საქმისი მერქნის არსებობამ გამოიწვია დაავადების გააქტიურება, რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა ტყეკაფების მომიჯნავე ტერიტორიებზე, სადაც წინა წლებთან შედარებით დაავადებული ხეების რაოდენობა გაიზარდა. 13. იმერეთის რეგიონის წაბლის გავრცელების ზონაში დანიშნული სანიტარიული ჭრები ჩატარებულია ყოველგვარი ჭრის წესების დაცვის გარეშე, მხოლოდ სარქმისი მერქნის მიღების თვალსაზრისით. ამიტომაც, სანიტარიული ჭრების ეფექტიანობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამოვლინდა, რომ წინა წლებში ჩატარებული კვლევებით დადგენილ მდგომარეობასთან შედარებით წაბლნარი კორომების მდგომარეობა გაუარესებულია. დაავადების ინტენსიურობა მომატებულია, რაც დიდი ალბათობით გამოწვეულია დანიშნული ღონისძიებების არასათანადო განხორციელებით. იმერეთის რეგიონში წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისას გამოყენებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებით მოსალოდნელი იყო დაავადების შემცირება, წაბლნარების გაჯანსაღებისა და დაავადების შემცირების ან/და შეჩერების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენდა სანიტარული ჭრების სრულყოფილად განხორციელება (ამ სახის ჭრისთვის დადგენილი ყველა მოთხოვნის დაცვით), ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენებისაგან - ტერიტორიის გაწმენდა, ნარჩენების გაუვნებელყოფა და ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, განხორციელებულმა სანიტარულმა ჭრებმა ვერ გამოიღო შედეგი დაავადების შემცირების თვალსაზრისით, რადგან ჭრები მიმდინარეობდა ნელი ტემპით და დაავადების კერები რჩებოდა ადგილზე, შესაბამისად სანიტარული მდგომარეობა საკვლევ ტერიტორიებზე გაუარესებულია.
4.6. 2014 წლის 08 ივნისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2014 წლის 29 მაისის №---- ბრძანების საფუძველზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განხორციელებული იქნა შერჩევითი შემოწმება. შემოწმების აქტით დგინდება, რომ შემოწმებული იქნა იმერეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდში შპს „ვ-----------“ -ზე მიღება-ჩაბარების აქტებით დამაგრებული ფართობები, კერძოდ, ტყიბულის სატყეო უბნის ტყიბულის სატყეოს №1----------------, ამავე სატყეო უბნის ს-–----ს სატყეოს №3------------ და ო-------ს სატყეოს №4 კვარტლები. აქტში მითითებულია, რომ შექმნილი გარემოების გამო შეამოწმეს იმერეთის სატყეო სამსახურის მართვას და დაცვას დაქვემდებარებული ო-------ს სატყეოს №3 კვარტალი. შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმებულ ტყეკაფებზე დამღა-ნუმერაცია ძირითადად კარგად იკითხებოდა, რიგ შემთხვევაში კი ძნელად. ტყეკაფებზე დიდი რაოდენობით იყო დარჩენილი მოუჭრელი დანომრილი და დამღიანი ხმელი და ხმობადი ხეები. ჯირკები გაუქერქავი იყო, ტყეკაფებზე დარჩენილი იყო მოჭრილი ხე-ტყის მოცულობის 20-30%, რის გამოც წარმოქმნილი იყო ჩახერგილობები. ტყეკაფები გაუწმენდავი იყო, ჭრის ნარჩენები არ იყო გამოტანილი და გაუვნებელყოფილი, რის გამოც არ შესრულდა ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა. ჭრაგავლილ ფართობებზე განახლება ცუდი იყო, უმრავლეს შემთხვევაში წამოსული იყო მაყვალი, იელი, შქერი, მოცვი, რაც ხელს უშლიდა მოზარდის აღმოცენებას და ზრდას. ტყეკაფებში წაბლის სახეობების ხეები, მათ შორის მოზარდი, რომელთა დიამეტრი 2-4 სანტიმეტრს აღემატებოდა, დაავადებული იყო ენდოტიით (ქერქის კიბო), რაც წაბლის სახეობის ხეების რეალური გადაშენების საშიშროებას წარმოადგენდა (ანალოგიური მდგომარეობაა შემოწმებულ ყველა კვარტალში). შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „ვ-----------ს’’ მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, არ იყო ტყეკაფები გაწმენდილი, არ გამოვლენილა ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობები, სააგენტოში შესათანხმებლად არ წაროუდგენიათ ამ ფართობებზე ტყის აღდგენის და შესაბამისად სარგავი მასალის მისაღებად დროებითი სანერგეების მოწყობის პროექტი (სოფელ მ---------ს მიმდებარე ტერიტიტორიაზე - X--------; Y--------, 1 ჰა-ზე, პროექტის გარეშე 2013 წლის შემოდგომაზე გაშენებულია დროებითი წაბლის სანერგე 50% გახარებით), გაზაფხულზე არ ჩატარებულა წაბლნარების გამოკვლევა ხმობის ინტენსივობის დინამიკის დასადგენად. შპს ,,ვ-----------ს“ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ტყიბულის სატყეო უბანში ჩაბარებული ჰქონდა 49 კვარტალი. დღემდე გამოყოფილი 131 სანიტარული ჭრის ტყეკაფიდან არცერთი არ იყო ათვისებული და შესაბამისად დახურული. ამავე აქტში მითითებულია, რომ შპს ,,ვ-----------ს’’ ქმედებით გარემოს მიადგა ზიანი, შესაბამისად მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს.
4.7. 2014 წლის 20 ივნისს საქართველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის მეტყევის დ--------------ის მიერ შპს „ვ-----------ს“ მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0----- ოქმი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შესახებ. სამართალდარღვევის საქმის მასალების მიხედვით, შპს „ვ----------მა“ დაარღვია 2009 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ მე-4 მუხლის მე-7-მე-10 პუნქტები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ მიერ არ მომხდარა ტყეკაფის გაწმენდა, არ გამოვლენილა ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობები, სააგენტოსთან შესათანხმებლად არ წარუდგენიათ ამ ფართობზე ტყის აღდგენის და შესაბამისად სარგავი მასალის მისაღებად დროებითი ნერგების მოწყობის პროექტი, გაზაფხულზე არ ჩატარებულა წაბლნარების გამოკვლევა ხმობის ინტენსივობის დინამიკის დასადგენად. ტყიბულის მაგისტრი სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის №4--------- დადგენილებით, შპს „ვ----------ს“ (ს/კ 2----------; იურიდიული მისამართი ფ--------–-------------ა; დირექტორი პ------------) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შეეფარდა სახდელი ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით .
4.8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის №0------ წერილით, შპს „ვ-----------ს“ განესაზღვრა ერთი თვის ვადა, 2014 წლის 8 ივნისს შედგენილ აქტში დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორების მიზნით.
4.9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №1------- წერილით შპს ,,ვ-----------ს“ ეცნობა, რომ 2009 წლის 20 ნოემბერს მათ შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება, ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის საფუძველზე შეწყვეტილი იყო და ეთხოვა, სარგებლობაში გადაცემული მიწის ფართობების გადაბარება. აღნიშნული ეცნობა ასევე დამატებით შპს „ვ----------ს“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბერს №0------- და 2014 წლის 30 ოქტომბერს №1------- წერილებით.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.11. სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტის შპს „ვ-----------ს“ მიერ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე.
4.12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ტყის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტყის ფონდის და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის მიზანია: ა) ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში; ბ) ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის; გ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვათა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება და დაცვა, მათი ჰარმონიული ურთიერთგავლენის რეგულირება; დ) ტყითმოსარგებლეთა უფლებებისა და მოვალეობების დადგენა სატყეო ურთიერთობების სფეროში; ე) ტყის რესურსების მეცნიერულად დასაბუთებული შესაძლებლობების საფუძველზე მათი მიზნობრივი, კომპლექსური და რაციონალური გამოყენებით საქართველოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; ვ) ტყის მეურნეობის წარმართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და სხვათა ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და გავლენას ახდენენ ერთმანეთსა და გარემოზე. იმავე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდი არის საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, სატყეო ურთიერთობების ობიექტებია საქართველოს ტყის ფონდი და მისი რესურსები, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ – ეროვნული სატყეო სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე მუხლი იძლევა ტყითსარგებლობის სახეების ჩამონათვალს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები: ა) ხე-ტყის დამზადება; ბ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება; გ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების (თესლის, ნაყოფის, ძირკვის, ლაფნის, ფიჩხის, ნეკერის და სხვა) დამზადება; დ) ტყის არამერქნული რესურსებით (სოკოებით, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულით, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეებითა და მათი პროდუქტებით) სარგებლობა; ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა; ვ) სპეციალური და მიჩენის მიზნით სარგებლობა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა; თ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა; ი) სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; კ) თევზის მეურნეობის მოწყობა; ლ) ნადირობა; მ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა; ო) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა; პ) „ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრული სხვა საქმიანობა. ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე: ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით; ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით; გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს მიღებული იქნა განკარგულება №--- ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“. მითითებული განკარგულების მიხედვით, საქართველოს ტყეებში სოკოვანი დაავადების - ენდოტიას (წაბლის ქერქის კიბო) მასიურად გავრცელების შედეგად საგრძნობლად დაზიანდა წაბლნარი კორომები. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განუხორციელებლობამ საგანგაშო სიტუაცია შექმნა - რიგ რეგიონებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ხმობადი და ხმელი ხეების რაოდენობამ არსებული წაბლის ხეების საერთო რაოდენობის 40 პროცენტზე მეტი შეადგინა. აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ წაბლი 1982 წლიდან შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს, აგრეთვე იმითაც, რომ მსოფლიოში დღემდე არ არის შემუშავებული დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი. დასახელებული განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, მიეცა უფლება შპს ,,ვ----------ს” ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარ კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარიული ჭრების ჩატარების გზით ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ჭრას ექვემდებარება ენდოტიით დაზიანებული ზეხმელი და ხმობადი ხეები. სანიტარიული ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსი წარმოადგენს შპს „ვ-----------ს“ საკუთრებას და არ ექვემდებარება დაკოტვრას. ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა შპს „ვ-----------ს“ ვალდებულებანი: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2010 წლის 1 ივნისამდე გადაეხადა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ხოლო 2011 წლის 1 ივნისამდე 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი; ბ) მოჭრილ მერქნულ რესურსზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაეხადა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სატყეო დეპარტამენტს დაევალა, 15 წლის ვადით გაეფორმებინა ხელშეკრულება შპს „ვ----------თან“, რომელშიც ტყის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების ინტერესებისა და განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო ინსტიტუტების დასკვნაში ასახული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოეყალიბებინა შპს „ვ-----------ს“ ვალდებულებები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით სანიტარიული ჭრების ჩატარების, ტყეების სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის გაუმჯობესების და ტყის აღდგენითი კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ამ მიზნით სანერგეების მოწყობის თაობაზე.
4.13. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 20 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ერთი მხრივ, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და მეორე მხრივ, ტყითმოსარგებლე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ვ----------ს“ შორის. ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყიბულის სატყეო უბნის - ტყით დაფარული 3---- ჰა ტერიტორიიდან წაბლის მასივების გავრცელების 8---ჰა. ფართობი, გაჯანსაღება–აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორია დაზუსტდება ტყის ფონდის ინვენტარიზაციით. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოკოვანი დაავადება - „ენდოტია“-ს (წაბლის ქერქის კიბო) მასიურად გავრცელების შედეგად დაზიანებული (დაზიანების ხარისხი 40%) წაბლნარი კორომების გაჯანსალება (,,ენდოტიით“ დაზიანებული წაბლის ზეხმელი და ხმობადი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, ჭრის ნარჩენებისაგან ტერიტორიის გაწმენდა, ჯანსაღი წაბლის კორომების აღდგენა).
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება და მისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი, კერძოდ, ტყითმოსარგებლის მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულების ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ შესაბამისად მინიჭებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ექვემდებარება შეწყვეტას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ რომ შპს ,,ვ-----------ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაზეც ნათლად მიუთითებს ტყიბულის მაგისტრი სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის №4/62-2014 დადგენილება. ასევე, ინდ. მეწარმე ა-----–-–-----ის მიერ 2013 წლის 6 დეკემბერს მიღებული ანგარიში ,,სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებული იმერეთის რეგიონის ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის და ზესტაფონის სატყეო უბნების დაავადებული წაბლნარების ჭრაგავლილ ფართობებზე სატყეო პათოლოგიური კვლევის შესახებ“, რაც საფუძვლად დაედო სააგენტოს მხრიდან შერჩევითი შემოწმების ჩატარებას. აღნიშნული შემოწმება განხორციელდა 2014 წლის 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით და საწარმოს მხრიდან გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის №0------ წერილით შპს ,,ვ----------ს’’ მიეცა ერთ თვიანი ვადა დარღვევების გამოსწორების მიზნით, თუმცა შპს ,,ვ-----------ს’’ მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი 2014 წლის 08 ივნისის შემოწმების აქტში მითითებული დარღვევები, რაც გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. იმავე კოდექსის 405.1 მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლი უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №1------- წერილით შპს „ვ----------ს“ ეცნობა, რომ 2009 წლის 20 ნოემბერს მათ შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება, ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის საფუძველზე შეწყვეტილია. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე და 405-ე მუხლების მოთხოვნები. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4.15. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ სანერგე მეურნეობის მოწყობის ვალდებულების შესრულება-არშესრულების თაობაზე. ერთის მხრივ, იგი მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებში, რომ მოსარჩელეს სააგენტოში შესათანხმებლად არ წარუდგენია შესაბამის ფართობებზე ტყის აღდგენის და შესაბამისად სარგავი მასალის მისაღებად დროებითი სანერგეების მოწყობის პროექტი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სოფელ მ---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე - X--------; Y--------, 1 ჰა-ზე, პროექტის გარეშე 2013 წლის შემოდგომაზე გაშენებულია დროებითი წაბლის სანერგე 50% გახარებით. სასამართლომ არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ დაედგინა აღნიშნული ვალდებულების შესრულების საკითხი, მაშინ, როცა სანერგე მეურნეობის მოწყობის ვალდებულება ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი ვალდებულება იყო და მოსარჩელეს პირნათლად ჰქონდა შესრულებული აღნიშნული ვალდებულება. სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია სანერგე მეურნეობის მოწყობის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სანერგე მეურნეობა (ისიც ნაწილობრივ) მოაწყო არა მხარეების მიერ შეთანხმებულ ტერიტორიაზე, არამედ სულ სხვა ტერიტორიაზე. სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელეს სანერგე მეურნეობა მოეწყო კონკრეტულად მისთვის გამოყოფილ სატყეო ტერიტორიაზე და არა სხვაგან, ვინაიდან შესაბამის სატყეო ტერიტორიას ჰქონოდა საკუთარი სანერგე მეურნეობა. სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მსჯელობას იმის შესახებ, რომ შეთანხმებულისგან განსხვავებულ ტერიტორიაზე და ისიც ნაწილობრივ სანერგე მეურნეობის მოწყობა მოსარჩელის მხრიდან ვერ ჩაითვლება ამ ნაწილში მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან შესრულებად. ასეც რომ იყოს და მოსარჩელეს სრულადაც რომ ჰქონდეს შესრულებული ვალდებულება სანერგე მეურნეობის მოწყობის თაობაზე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მაინც ჰქონდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლება, ვინაიდან მას შეუსრულებელი და დარღვეული ჰქონდა მასზე დაკისრებული მთელი რიგი არსებითი ვალდებულებები, მათ შორის ის, რომ შესაბამისი სატყეო უბნებიდან გამოხშირული და გატანილი არ ჰქონდა დაავადებული ხეები, რამაც გამოწვია სხვა ჯანსაღი ხეების დაავადებაც და მნიშვნელოვნად გაზარდა დაავადებული ტყის მასის მოცულობა.
4.16. აპელანტის განმარტებით, 2009 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულების მე-13 მუხლის (ა) პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილი იქნებოდა ცალმხრივად, ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება მხოლოდ შპს ,,ვ-----------ს’’ მიერ 2009 წლის 13 ნოემბრის №--- განკარგულებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. №--- განკარგულებით კი განისაზღვრა შპს ,,ვ-----------ს’’ მხოლოდ შემდეგი ორი ვალდებულება: (1) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3,000,000 (სამი მილიონი) ლარის გადახდა, რაც გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ სრულად და დროულად და აღნიშნულს არც მოპასუხე მხარე უარყოფს და (2) მოჭრილ მერქნულ რესურსზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სააგენტო უფლებამოსილი იქნებოდა ცალმხრივად, ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება მხოლოდ მაშინ, თუ მის მიერ არ იქნებოდა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული თანხები. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ასეთი მსჯელობა არ გამომდინარეობს არც საქართველოს კანონმდებლობის და არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზნებიდან. ასეთი მსჯელობით გამოდის, რომ, თუ აპელანტი გადაიხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს, ხოლო შემდეგ საერთოდ არ შეასრულებდა ან არაჯეროვნად შეასრულებდა ხელშეკრულების არსებით, მნიშვნელოვან პირობებს, სააგენტოს საერთოდ არ ექნებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დამატებით განისაზღვრა ის შემთხვევები, როდესაც სააგენტოს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში კი ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებას მოპასუხეს ანიჭებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზემოაღნიშნული ნორმები, რომელთა სრული დაცვითაც მოპასუხემ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ-----------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები მირანდა ერემაძე
თამარ ონიანი