განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
080210015001113494
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210015001113494

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 719

22 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თ----- სვანიძე

სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე

აპელანტი: მ------- კ--------ე

წარმომადგენელი: თ---------- მ----

მოწინააღმდეგე მხარე: სს ”ი------ რ------–------ი”

წარმომადგენელი: თ----- მ------–---–ი

დავის საგანი _ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------- კ--------ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

მ------- კ--------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ სს ”ი------ რ------–------ი” მიუთითა და ითხოვა: მოპასუხისათვის მ------- კ--------ის სასარგებლოდ 4216.68 ლარის დაკისრება, ასევე მოითხოვა ყოველდღიურად 4216.68 ლარის 0.07% გადახდა, 2015 წლის 1 ივლისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა სს „ი------ რ------–-------“ ქუთაისის ფილიალში, ტერიტორიის კოორდინატორის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მისი სამუშაო დრო შეადგენდა კვირაში არაუმეტეს 40 საათისა, მხარეთა შეთანხმებით, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე და არასამუშაო (შაბათი - კვირა) დღეებში. მას როგორც დასაქმებულს აუნაზღაურდა მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო სულ 256 ლარის ოდენობით, დანარჩენის ანაზღაურებაზე მიიღო უარი, რის გამოც მიმართა სასამართლოს და ითხოვა მის მიერ უქმე და დასვენების დღეებში,( რომელიც შეადგენს 153 დღეს) ნამუშევარი შრომის ანაზღაურების 4216.68 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღნიშნული თანხის 0.07%-ის დაკისრება, რაც შეადგენს ერთ დღეზე 2.95 ლარს.

მოპასუხე სს „ი------ რ------–------ის” წარმომადგენელმა თავის მხრივ შეგებებული სარჩელი წარადგინა მ------- კ--------ის სარჩელთან დაკავშირებით და მოითხოვა მ------- კ--------ისათვის სს „ი------ რ------–-------“ სასარგებლოდ 2737 ლარის დაკისრება;

სარჩელთან დაკავშირებით კი მოპასუხე მხარემ, სს „ი------ რ------–------ის“ წარმომადგენლმა მ------- კ--------ის სარჩელი არ ცნო, არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, თითქოს შაბათი არ წარმოადგენს სამუშაო დღეს და რომ მოსარჩელე ასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს უქმე და არასამუშაო დღეებში. მოპასუხისათვის ასევე გაუგებარია, საიდან აითვალა მ------- კ--------ემ 153 დღე, როცა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დრო იანგარიშება საათებით და არა დღეებით. მოსარჩელის სამუშაო დღე იწყებოდა 9:30 წუთზე, მთავრდებოდა 17:30 წუთზე, იგი სარგებლობდა ყოველდღიური 1 საათიანი შესვენებით, სამუშაო კვირა კი იყო ექვსდღიანი, აქედან შაბათი დღე იყო მოკლე სხვა დღეებთან შედარებით. გარდა აღნიშნულისა, შინაგანაწესის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო შეიძლება განხორცილდეს დირექტორის თანხმობით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ------- კ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა სს „ი------ რ------–------ის“ შეგებებული სარჩელი;

რაც არ გასაჩივრებულა მოპასუხის მიერ, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ზალაში.

სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილი იქნა, რომ 2012 წლის 1 დეკემბერს, უვადო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა სს „ი------ რ------–------“ (დამსაქმებელს) და მ------- კ--------ეს (დასაქმებულს) შორის და მოსარჩელე დაინიშნა ტერიტორიის კოორდინატორის თანამდებობაზე. მ------- კ--------ის სამუშაო დრო განისაზღვრა კვირაში არაუმეტეს 40 საათით, დასვენების და შესვენების დრო უნდა განსაზღვრულიყო შრომის შინაგანაწესით. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დამატებით ანაზღაურდებოდა დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნეოდა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ დამატებითი სამუშაოს შესრულება.

დადგენილი იქნა, რომ მ------- კ--------ე 2013 წლის 1 თებერვლიდან მუშაობდა შპს „ი------ ბ--------ს“ ტერიტორიის კოორდინატორის თანამდებობაზე, სადაც მისი სამუშაო გრაფიკი განისაზღვრებოდა უშუალო უფროსის მიერ.

სასამართლოს მითითებით: სს „ი------ რ------–------ის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შრომის შინაგანაწესი, რომლითაც სასამართლო შეძლებდა განესაზღვრა მ------- კ--------ის სამუშაო დრო.

სასამართლომ მიუთითა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ არც შრომის ხელშეკრულებით და არც შინაგანაწესით, მ------- კ--------ის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრული არ ყოფილა ზუსტად რომელ საათზე იწყებოდა მისი სამუშაო დღე და რომელზე მთავრდებოდა იგი.

სარჩელის განმხილველი სასამართლოს მითითებით მ------- კ--------ემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ იგი კვირაში მუშაობდა შეთანხმებულ 40 საათზე მეტს. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებაზე - შპს „ა----------------–--------“ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, მ------- კ--------ის განცხადებაში მითითებული უქმე და დასვენების დღეების ჯამი შეადგენს 153 დღეს, აუდიტის მიერ დასაქმებულის ხელფასის ოდენობა -700 გაყოფილია 25:4-ზე და ერთი დღის ანაზღაურებად გამოყვანილია 27.56 ლარი. სასამართლოსთვის გაუგებარია საიდანაა მიღებული ციფრი „153“, როცა დასკვნას არ ერთვის მ------- კ--------ის განცხადება (მიუხედავად იმისა, რომ მითითებულია 4 ფურცლის დართვის შესახებ). ასევე გაუგებარია რატომაა გაყოფილი ხელფასის თანხა 25:4-ზე, თუკი მოსარჩელეს კვირაში მხოლოდ 5 დღე, ანუ თვეში 20 დღე უნდა ემუშავა. მოსარჩელე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აუდიტორულ დასკვნაში ნაჩვენები 153 დღე არის მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდში დასვენებისა (შაბათი - კვირა) და უქმე დღეების ჯამი, ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ამ პერიოდში ნამდვილად მუშაობდა, წარადგინა შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მის მიერ სს „ი------ რ------–-------“ სახელით განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, ასევე ელექტრონული ზედნადებების გადაგზავნის თარიღები და ამონაწერები საბანკო გადარიცხვების თაობაზე.

სასამართლომ არ გაიზიარ მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდნენ მ------- კ--------ის მუშაობას ზეგანაკვეთურად 153 დღის განმავლობაში, რადგან პირველ რიგში ისინი არ მოიცავდა ყველა შაბათ და უქმე დღეს, ამასთან, დღის ამა თუ იმ მონაკვეთში გადარიცხვის ოპერაციის განხორციელება არ ნიშნავს მთელი დღის განმავლობაში მუშაობას და იმ პირობებში როცა სამუშაო დღეებში მ------- კ--------ის მიერ თავისი ფუნქციის შესრულება არ იყო მოქცეული ზუსტი დროის ჩარჩოში, შეუძლებელია განისაზღვროს რამდენ საათს მუშაობდა იგი და კვირის განმავლობაში ნამუშევარი დრო აღემატებოდა თუ არა 40 საათს.

სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმისა და შგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლზე, ასევე 33-ე მუხლზე.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------- კ--------ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და თავისი სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება; პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ,,მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი კვირაში მუშაობდა შეთანხმებულ 40 საათზე მეტს, სასამართლოსთვის გაუგებარია საიდან იქნა დაანგარიშებული 153 დღე, რატომ არის შეფასებული ერთი დღის ანაზღაურება 27.56 ლარით, და რატომაა გაყოფილი, ხელფასის თანხა (700 ლარი) 25.4-ზე, თუკი მოსარჩელე მხარეს კვირაში მხოლოდ 5 დღე, ანუ თვეში 20 დღე უნდა ემუშავა. სასამართლოს მსჯელობა არ არის სრულყოფილი, ბუნდოვანია, მას გადაწყვეტილების გამოტანისას გათვალისწინებული არ აქვს მთელი რიგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ აუცილებლად დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ: საქმეში წარდგენილია ს/ს "ი------ რ------–------ა" და მოსარჩელეს შორის 2012 წლის 01 დეკემბერს განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე ასრულებდა "ტერიტორიის კოორდინატორის", ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობრივ უფლებამოსილებას. თუმცა ასევე დადასტურებულია, გაფორმებული შრომითი კონტრაქტი ვადაზე ადრე შეწყდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე 2015 წლის 01 ივლისს. ხელფასის ხელზე ასაღები ოდენობა შეადგენდა თვეში - 700 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელის მოვალეობები დამტკიცებული იქნა დამსაქმებლის მიერ ,,შრომის შენაგანაწესით" შემუშავებული პირობებით და მოთხოვნებით. შრომის შინაგანაწესის მე-6 თავის მიხედვით ლოჯისტიკის თანამშრომელი, მუშაობს ცვლიანობის გრაფიკით, დილის ცვლა და ღამის ცვლა. ორთავე შემთხვევაში მითითებულია, რომ სამუშაო შეადგენს კვირაში 6 დღეს, ხოლო დღეში 12 საათს. ანუ გამოდის, რომ თუ დღეების რაოდენობას გავამრავლებთ დღეში სამუშაო საათის ოდენობაზე 6*12, მივიღებთ კვირაში 72 საათიან სამუშაო გრაფიკს. გამოდის, რომ უქმე დღეებში ნამუშევარი საათების გათვალისწინების გარეშეც მოსარჩელე 40 საათზე მეტ დროს ზეგანაკვეთურად მუშაობდა, კვირაში 32 საათის ცდომლებით. წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ შრომის კონტრაქტის ვადაზე ადრე გაუქმების პერიოდში მოსარჩელეს მოპასუხე მხარემ დამატებით აუნაზღაურა სამი თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად მუშაობისათვის 256 ლარი. აღნიშნული 256 ლარი როგორ იანგარიშეს, მოსარჩელისათვის ცნბილი არ არის. აღნიშნულზე პასუხი, მიუხედავად მოთხოვნისა მოსარჩელე მხარემ მოპასუხისაგან ვერ მიიღო.

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია აუდიტის დასკვნა, რომლის საპირწონე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად გაუგებარია სასამართლოს პოზიცია აუდიტის დასკვნის გაუზიარებლობის ნაწილში.

აუდიტორული ფორმის დასკვნაში აღნიშნული 153 დღე, არის მოსარჩელის მიერ "ი------ რ------–------ში" ნამუშევარი შაბათი და უქმე დღეების ჯამი 2012 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით, რაც ასევე დადასტურებულია სასამართლოსათვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი შემდეგი მტკიცებულებებით: "სს ს----------–-----------, სს თ------------ და სს ვ------------- მიერ გაცემული ცნობებით 2013 წლის 11 თებერვლიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსარჩელის მიერ ს.ს "ი------ რ------–------ის" ანგარიშეზე შეტანილი თანხების შესახებ. განხორციელებულია 531 ტრანზაქცია, ყველა გადარიცხვას მითითებული აქვს დრო - რიცხვი, თვე, წელი, საათი. მოსარჩელის განმარტებით მან სულ შეიტანა 4 254 949. 22 ლარი. გადარიცხვების ნაწილი შესრულებულია შაბათ დღეებშიც. აღნიშნული თანხების მიღებაზე, შენახვაზე და გადარიცხვებზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოსარჩელეს. თანხის რაოდენობიდან გამომდინარე თანხას სამსახურში სეიფში ინახავდა. სეიფის გასაღები ქონდა მხოლოდ მოსარჩელეს.

აპელანტი აღნიშნავს, რომ ფინანსურ დოკუმენტში, რომელიც მან სასამართლოს წარუდგინა, ე.წ. "სალაროს" ელექტრონულ ვერსიაში, მოცემულია ყოველდღიური დეტალური ინფორმაცია ს.ს "ი------ რ------–------ის" ქუთაისის ოფისში პროდუქციის რეალიზაციიდან, მიღებულ შემოსავალზე "ლარებში", გასავალზე და დარჩენილ ნაშთზე ანუ ბანკში შესატან თანხებზე, რომლის შესაბამისადაც ხდებოდა გადარიცხვები. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას 2014 წლის 4 იანვრიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით და აღნიშნული პერიოდის შესაბამისად მასში მოცემულია 153 შაბათი და უქმე დღიდან ბოლო 90 შაბათი და უქმე დღე. დოკუმენტის შექმნაზე ყოველდღიურად მუშაობდა მოსარჩელე, ფინანსურ ანგარიშსწორებას თანამშრომლები მასთან ახდენდნენ, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოსარჩელეს. ყოველი დღის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა თბილისის ოფისს. დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია /როგორც სხვა უამრავ დოკუმენტში, რომლებზეც ის მუშაობდა, წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას, შაბათ და უქმე დღეებში მუშაობდა მოსარჩელე მხარე დამატებით, რა დროსაც იქმნებოდა მითითებული დოკუმენტები.

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებზე.

საქმეში არსებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე, როგორც ლოჯისტიკის მენეჯერი, როგორც სამუშაო საათებში, ისე უქმე დღეებში ახორციელებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ 2012 წლის 01 დეკემბრიდან მოახდინა შემოსული თანხების მიღება, ფინანსური მასალის შედგენა, კომპიუტერის მეშვეობით ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაციის ასახვა, თანხების გადარიცვხა და ა.შ. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე 2015 წლის 24 აპრილს ღამის 01 საათზე და 12 წუთზე, შრომითი მოვალეობის შესრულების დროს და მიზნით, ქ.ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე "ი------ რ------–------ის" ქუთაისის ოფისიდან განახორციელა ზარი ამავე ოფისის თანამშრომელთან ჯ-------------–---------- მობ. ნომერი 598904070.

აპელანტის მითითებით, პირველი ისტანციის სასამართლომ პრაქტიკულად ვერ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება, რა დროსაც მოახდინა შრომის კოდექსით და საქართველოს კონსტიტუციით მოწესრიგებული სამართლებრივი ნორმების უსწორო შეფასება.

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა;

მოწინააღმდეგე მხარემ სს ”ი------ რ------–---------- წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა; მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოიხმობს თავის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნას. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად: ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს. განსახილველ შემთხვევაში შპს „ა----------------–--------“ მიერ გაცემულ დასკვნაში არ არის მითითებული თუ რა პრინციპით მოხდა მ------- კ--------ის მიერ ერთი სამუშაო დღეზე ხელზე ასაღები ანაზღაურების მოცულობის დათვლა, არ ჩანს ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა, უფრო მეტიც, ექსპერტიზის დასკვნას თან არ ერთვის მ------- კ--------ის განცხადება, რის საფუძველზეც ექსპერტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა. ამასთანავე, უქმე და დასვენების დღეების საერთო რაოდენობა (153 დღე, როგორც აპელანტი უთითებს სასარჩელო განცხადებაში) ექსპერტს დასკვნაში გადმოტანილი აქვს მოსარჩელის განცხადებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტის მიერ დაანგარიშებული თანხა - 4216.68 ლარი გაანგარიშებულია მოსარჩელის მიერ მიწოდებულ და არა ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს მიაჩნია, რომ შპს "ა----------------–--------" მიერ გაცემული დასკვნა არ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც სარწმუნო მტკიცებულება. ამასთან, აპელანტი თავადაც აღიარებდა, რომ სს "ი------ რ------–------ის" პარალელურად მუშაობდა შპს "ი------ ბ--------–-" იმავე პოზიციაზე, რომელზეც სს "ი------ რ------–------ში", რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში იგი ორ სხვადასხვა დამსაქმებულთან მუშაობდა და ცხადია, იგი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დამსაქმებლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა. გარდა ამისა, აპელანტის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არ ყოფილა სს "ი------ რ----–--------" ადმინისტრაციის თანხმობა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისათვის არსებით წინაპირობას წარმოადგენს.

აპელანტის სამუშაო გრაფიკი იყო არანორმირებული, შესაბამისად, შაბათს ან დღის 18:00 საათის შემდეგ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება არ ნიშნავს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას. სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოსარჩელე მხარეს უნდა ემტკიცებინა კვირაში 40 საათზე მეტხანს მუშაობის ფაქტი, რისი შესაბამისი მტკიცებულებებიც მოსარჩელე მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მ------- კ--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ------- კ--------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოწინააღმდეგე მხარის სს ”ი------ რ------–------ისათვის” მოსარჩელის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზრაურების მიზნით 3958 ლარის დაკისრების შესახებ, ასევე მითითებული თანხის (3958 ლარის) 0.07 % პროცენტის დაკისრების შესახებ, ყოველდღიურად 2015 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა

პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში (ტ.1, ს.ფ. 16-17-ზე) განთავსებულია შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმაც დადგენილია, რომ მ------- კ--------ე 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა სს ”ი------ რ------–------ის ქუთაისის ფილიალში, ტერიტორიის კოორდინატორის თანანმდებობაზე.

ხელშეკრულების თანახმად: მ------- კ--------ის სამუშაო დრო განისაზღვრა კვირაში არაუმეტეს 40 საათით, დასვენების და შესვენების დრო უნდა განსაზღვრულიყო შრომის შინაგანაწესით.

მითითებული შრომითი ხელშეკრულების 2.6. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დამატებით ანაზღაურდებოდა დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნეოდა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ დამატებითი სამუშაოს შესრულება.

დადგენილია, რომ დასაქმებულის შრომის ანაზრაურება თვეში შეადგენდა ხელზე ასაღებ თანხას - 700 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე მხარემ სარჩელს დაურთო შპს ”ა------------------–--------” დირექტორის ვ. ბ------- დასკვნა, რომელშიც დასკვნის ავტორი მიუთითებს შემდეგს: ”მ------- კ--------ესა და სს ”ი------ რ------–------” შორის 2012 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2.5. პუნქტი, შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენდა ხელზე ასაღებ 700 ლარს, რაც ერთ სამუშაო დღეზე შეადგენს 27,56 ლარს, ნამუშევარ უქმე და დასვენების დღეებში (რაც განცხადებაშია მითითებული), და რაც ჯამში შეადგენს 153 დღეს, შრომითი ანაზრაურება ხელზე ასაღები თანხის ოდენობით შეადგენს (153*27,56= 4216,68ლ) 4216,68 ლარს.”

მითითებული დასკვნის განმარტების და შევსების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვეული იქნა დასკვნის ავტორი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან აუდიტორული დასკვნა მოამზადა მოსარჩელე მხარის მიერ მისთვის წარდგენილი განცხადებისა და განცხადებაში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მის მიერ არ მომხდარა იმ გარემოების გადამოწმებამ------- კ--------ის მიერ ნამდვილად განხორციელდა თუ არა მუშაობა უქმე და სამუშაო დღეებში. თუმცა მის მიერ გადამოწმებული იქნა იმ დღეების ჩამონათვალი, რასაც განმცხადებელი მიუთითებდა და მითითებული დღეები მართლაც იყო უქმე და არასამუშაო დღე (153 დღე).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში განთავსებული აუდიტორული დასკვნა ვერ იქნა მიჩნეული დავის გადაწყვეტისთვის მყარ და უტყუარ მტკიცებულებად, რის გამოც მხარეთა თანხმობით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით; ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხები: ა) რამდენ საათს შეადგენს მ------- კ--------ის მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური დრო საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებების: ცნობები საქართველოს ბანკიდან ს.ფ. 18-25-26; სალაროს შემოსავლის ორდერები; ცნობები სს ”ვ------------------------------ ს.ფ. 36-დან და სს ”ვ----------------” (ს.ფ. 250-256-ის ჩათვლით), საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ელ.დისკი, (რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოსარჩელის მიერ ”ი------ რ------–------ის” სახელით განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, ასევე ელ.ზედნადებების გადაგზავნის თარიღებს) და ა.შ მიხედვით 2012 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით? ბ) იმის გათვალისწინებით, რომ მ.კ--------ის ყოველთვიური ანაზღაურება იყო თვეში ხელზე ასაღები 700 ლარი, რამდენს შეადგენს მ.კ--------ის მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა? გ) რამდენს შეადგენს ზეგანაკვეთური ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის თანხის ოდენობა, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებული ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%. 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით? დ) რამდენს შეადგენს ზეგანაკვეთური ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის თანხის ოდენობა, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებული ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%. 2015 წლის 27 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე?

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16.01. დასკვნით დგინდება, რომ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება 2012 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში მ------- კ--------ის მიერ დასვენებისა და უქმე დღეებში განხორციელებული ოპერაციებით, მის მიერ ზეგანავეთურად მუშაობა, ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტების, ელექტრონული ვერსიის მონაცემების და ექსპერტიზის მიერ სხვა სახელმძღვანელო მასალების საფუძველზე განსაზღვრული იქნა2012 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით სამუშაო და უქმე დღეებში მ------- კ--------ის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე დაყრდნობით, მის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დღეები და შესაბამისად ზეგანაკვეთური შრომისათვის ასანაზღაურებელი თანხები, რის შედეგადაც დასმულ კითხვებზე პასუხი არის შემდეგი: ა) 2012 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით, მ------- კ--------ის მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური დრო დღეებში შეადგენს 203 დღეს, ხოლო საათებში 1624 საათს (203*8= 1624); ბ) იმის გათვალისწინებით, რომ მ.კ--------ეს ყოველთვიური ანაზღაურება იყყო თვეში 700 ლარი, მ.კ--------ის მიერ ზეგანაკვეთური შრომისათვის ხელზე ასაღები ასანაზღაურებელი თანხა იქნება 6965.11 ლარი; გ) 2013 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით მ.კ--------ისათვის ზეგანაკვეთური ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დარიცხული საურავის თანხის ოდენობა შეადგენს ხელზე ასაღები 1982,12 ლარს; დ) 2015 წლის 27 ივნისიდან ექსპერტიზის დასრულების პერიოდში მ.კ--------ისათვის ზეგანაკვეთური ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დარიცხული საურავის თანხის ოდენობა ხელზე ასაღები შეადგენს 4548,58 ლარს, ხოლო თუ რა ოდენობის საურავის თანხა იქნება ასანაზღაურებელი აღსრულების დროისათვის, ამის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია”

უდავოა, რომ მ------- კ--------ე სს ”ი------ რ------–-----–-” მუშაობდა 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე, რა დროსაც სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.

მართალია წარმოდგენილ დასკვნაში ექსპერტი ვერ მიიჩნევს უტყუარად დადასტურებულად მ. კ--------ის მიერ დასვენებისა და უქმე დღეებში სამუშაოს შესრულების ფაქტს, თუმცა იმ შემთხვევისათვის, თუ ასეთი გარემოება დადასტურებულად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, იგი გვთავაზობს მათემატიკურ გაანგარიშებას მ.კ--------ის მიერ მისაღებ თანხებთან დაკავშირებით;

ექსპერტიზის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ექსპერტიზაზე ვერ იქნა წარდგენილი მ. კ--------ის სამუშაოზე გამოცხადებისა და ნამუშევარი დროის აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის ზეგანაკვეთურად მუშაობის დროის აღრიცხვის ტაბელი, წასვლა - მოსვლის ამსახველი ჟურნალები და ა.შ. იგი ვერ მიიჩნევს დადასტურებულად მ. კ--------ის მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის ფაქტს;

პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკითხი არ არის ექსპერტიზის მიერ შესაფასებელი გარემოება, იგი წმინდა სამართლებრივი საკითხია, რომელსაც სასამართლოს მიერ უნდა მიეცეს შეფასება. ანუ, იმისდა მიუხედავად, რომ მ.კ--------ემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მის სამუშაოზე წასვლა - მოსვლის, (ან კი როგორ უნდა წარედგინა?) ამსახველი ტაბელები ან ჟურნალები, სადაც იგი ხელის მოწერით დაადასტურებდა სამუშაოზე გამოცხადების ფაქტს - შესაძლებელია მის მიერ ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა.

პალატის მოსაზრებით, მეტიც, ამ ფაქტობრივ გარემოებას უტყუარად ადასტურებს ის მტკიცებულებები, რაც მ. კ--------ემ ექსპერტებს, ასევე სასამართლოს წარუდგინა, და ეს არის იმ სამუშაოს დამადასტურებელი მტკიცებულებები (ასახული ელ.დისკზე, ბანკებში გადარიცხვებით და ა.შ), რაც მას არასამუშაო და უქმე დღეებში აქვს შესრულებული.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ ყველა ის მტკიცებულება, ტრანზაქცია, რომელიც მ.კ--------ემ მათ წარუდგინა (და რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა) შაბათ - კვირა ან უქმე დღეებში იყო განხორციელებული და შესრულებული, სწორედ ასე დაიანგარიშეს მათ 203 დღე. ანუ მოსარჩელეს თუ რაიმე ტრანზაქცია ქონდა განხორციელებული მათ მიიჩნიეს, რომ ამ დღეს მოსარჩელე მუშაობდა, მაგრამ თუ სახელდობრ რამდენი საათი იმუშავა, რომელ კონკრეტულ უქმე და დასვენების დღეს, ამის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა 203 დღე 8 საათზე გაიანგარიშა და ისე დააჯამა არასამუშაო და უქმე დღეებში ნამუშევრის ოდენობა.

პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ კიდევ ერთ დოკუმენტზე - ეს არის აუდიტის ვ.ბ------- აუდიტორული დასკვნა, (მტკიცებულება სასამართლოს მ. კ--------ემ წარუდგინა).

სასამართლოს სხდომაზე აუდიტორი დაკითხული იქნა, რომელმაც განმარტა, რომ 153 დღე (უქმე დღეების რაოდენობა) მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მის მიერვე მითითებულ გარემოებებს დააფუძნა. მისაღები თახის ოდენობა აუდიტორის გაანგარიშებით შეადგენს 4216.68 ლარს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის შესაბამისად 203 უქმე და დასვენების დღეზე გაანგარიშებით (203*8 საათზე = 1624 საათს) და იმის გათვალისწინებით, რომ მ.კ--------ის ხელფასი იყო 700 ლარი, მისთვის ასანაზღაურებელი თანხა 6965.11 ლარს უდრის.

ვ.ბ------- აუდიტორული დასკვნის თანახმად კი (ს.ფ. 53) 153 უქმე და დასვენების დღეზე გაანგარიშებით დღეში მისაღები 27.56 ლარის გათვალისწინებით (ესეც 8 საათიანი სამუსაოზე გათვლით) მ.კ--------ის მიერ ხელზე ასაღები თანხა 4216.68 ლარის ტოლია.

სწორედ იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, სასამართლოს ვერ უქმნიდა მყარ შინაგან რწმენას, გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომელმაც წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით დაადგინა, რომ 203 უქმე და დასვენების დღეების განმავლობაში მ.კ--------ის მიერ შესრულებულია სხვადასხვა ტრანზაქციები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად: ”სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავის გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა”.

მართალია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად მ. კ--------ის მიერ203 დღის განმავლობაში ნამუშევრის ღირებულება 6965.11 ლარს შეადგენს, მაგრამ მ.კ--------ის სასარჩელო მოთხოვნა (ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში იყო 4216.68 ლარი, ამდენად ზემოთ მოხმობილი ნორმის გათვალისწინებით სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება მხოლოდ 4216.68 ლარის ფარგლებში შეუძლია.

უტყუარად დადასტურებული ფაქტია, რომ მ.კ--------ეს მიღებული აქვს მოპასუხე ორგანიზაციისაგან გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე 3 თვის ზეგანაკვეთური მუშაობისათვის 258 ლარი; შემდეგი რიგითობით2015 წლის 13 მაისს - 814 ლარი (საიდანაც 700 ლარი ხელზე ასაღები ხელფასია; 114 ლარი კი - ზეგანაკვეთური მუშაობის გასამრჯელო); 2015 წლის 17 ივნისს - 810 ლარი,( 700 ხელფასი, 110 ზეგანაკვეთური მუშაობისთვის); 2015 წლის 10 ივლისს 734 ლარი (700 ხელფასი, 34 ლარი - ზეგანაკვეთური მუშაობისთვის);

ეს ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია;

პალატა მიიჩნევს, რომ 4216,68 ლარი მ.კ--------ის მიერ სარჩელით მოთხოვილი თანხა (რომელიც თავის თავში მოიცავს იმ სამ თვესაც, რომლის ზეგანაკვეთური თანხაც მ.კ--------ესმიღებული აქვს) უნდა დააკლდეს 258 ლარი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს (4216,68-258ლ,) = 3958,68 ლარი და ამ თანხის ყოველდღიური 0.07% 2015 წლის ივლისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, ნამდვილად 8 საათს მუშაობდა თუ არა მოსარჩელე იმ დღეებში, რომელიც მას ზეგანაკვეთურად აქვს ნამუშევარი - პალატა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან მ.კ--------ის მიერ წარმოდგენილია ყველა ის მტკიცებულება, რომლის წარმოდგენაც მას ხელეწიფებოდა, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ - წარმოდგენილი არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.

მოსარჩელე მხარემ მუხარნ კ--------ემ თავისი მოთხოვნისა და მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად წარმოადგინა გარკვეული სახის მტკიცებულებები: საბანკო ამონაწერებით, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ელ.დისკით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოსარჩელის მიერ ”ი------ რ------–------ის” სახელით განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, არასამუშო დღეებში, ასევე ელ.ზედნადებები, აღნიშნულ მტკიცებულებებს ემატება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხე მხარემ შრომითი კონტრაქტის შეწყვეტისას დამატებით აუნაზღაურა სამი თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად მუშაობისათვის 268 ლარი (რითიც გარკვეულწილად დაადასტურა, რომ მოსარჩელე მუშაობდა ზეგანაკვეთურად). აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, არასამუშაო პერიოდში მ------- კ--------ე ნამდვილად მუშაობდა და ასრულებდა სამსახურებრივ მოველეობებს.

მოწინააღმდეგე მხარემ ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი, მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც მ------- კ--------ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გააბათილებდა.

შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ საფუძვლიანია მ------- კ--------ის მოთხოვნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის მოპასუხე მხარისათვის 3958 ლარის დაკისრების შესახებ;

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნული თანხის დაყოვნებისათვის, 0.07 პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07 %-ის დაკისრების მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რადგან დადგენილია, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი აქვს შესრულებული სამუშაოსათვის (ზეგანაკვეთურად) ასანაზღაურებელი თანხის დაყოვნებას.

სამართლებრივი დასაბუთება

აფასებს რა სამართლებრივი თვალსაზრისით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული დავა შრომით სამართლებრივი, ნორმებით უნდა მოწესრიგდეს:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

სასამართლოს უპირველესი ფუნქციაა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება _ შრომის უფლება, სადაც აღნიშნულია, რომ შრომა თავისუფალია.

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ, სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

დადგენილია, რომ მ------- კ--------ე მუშაობდა ზეგანაკვეთურად, როგორც შაბათ დღეს ისე, არასამუშაო დღეებში.

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლების თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, რომ სს ”ი------ რ------–------” მ------- კ--------ის სასარგელოდ უნდა დაეკისროს დამატებით დაყოვნებული თანხის, ანუ 3958 ლარის 0.07 % 2015 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით (4%-მდე, და არა 4%).

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.

დადგენილია, რომ მ.კ--------ის მიერ გადახილია სახელმწიფო ბაჟის სახით 168,7 ლარი და 126 ლარი; 300 ლარი ადვოკატის მომსახურებისთვის; იმის გათვალისწინებით, რომ მ.კ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საადვოკატო მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, საპროცესო ხარჯის სახით სს ”ი------ რ------–------” მ------- კ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 394 ლარის გადახდა (126+168+ 100 (ადვოკატის))=394 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1. მ------- კ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრი;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქოს ასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ------- კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. დაეკისროს სს ”ი------ რ------–------” მ------- კ--------ის სასარგებლოდ 3958 ლარის გადახდა ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის და ამ თანხის 0.07 % ყოველდღიურად 2015 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

5. ასევე დაეკისროს მოპასუხე სს ”ი------ რ------–------” მ------- კ--------ის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით ამ უკანანსკნელის მიერ გაწეული ხარჯის სანახვლოდ 394 ლარი;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თ----- სვანიძე