განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2018
საქმის ნომერი
080210017001780563
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210017001780563

საქმე№2/ბ-156-2018

განჩინება

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები :ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე,ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოპასუხე)- სს ,,ლ-------- ბანკი“

წარმომადგენლები - ნ---- კ--------, გ------- გ-----

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ----- გ----------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი-ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1.სასარჩელო მოთხოვნა

 

2017 წლის 27 იანვარს ნ----- გ----------ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე სს ,,ლ-------- ბანკის“ მიმართ ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით, რაც შემდგომ დააზუსტა და მოითხოვა: სს ,,ლ-------- ბანკს“ დაეკისროს მის მიერ 24.11.2016 წელს შეტანილი თანხიდან არასწორად ტრანზაქცირებული 2753.03 ლარი 24.11.2016 წლიდან მიიღოს კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვად ძირისა და 2% პირგასამტეხლოს სახით, როგორც მის მიერ მიეთითა მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხვის დანიშნულებაში, გაუქმდეს პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, რაც განხორციელდა 24.11.2016 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა იმ ფორმით, რაც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და შესაბამისად, ვალის დაფარვის საფუძვლით, შეწყვეტილ იქნას მასსა და სს ,,ლ-------- ბანკს“ შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება №4------------------

 

სარჩელის საფუძვლები

 

1.2014 წლის 26 აგვისტოს ნ----- გ----------ესა და სს ,,ლ-------- ბანკის“ იმერეთის რეგიონალურ ფილიალს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა იყო 9100 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 36 თვე.

ნ----- გ----------ე ზემოხსენებულ სესხზე გადახდებს აწარმოებდა სს ,,ლ-------- ბანკის“ პირადი მიმდინარე ანგარიშიდან.

2.2016 წლის იანვარში სს ,,ლ-------- ბანკის“ იმერეთის ფილიალის თანამშრომელმა ნ----- გ----------ეს აცნობა, რომ მისი ანგარიში იყო დაბლოკილი, რადგან ლია მ--------–---–ი (სესხი მასზე სს ,,ლ-------- ბანკის“_იმერეთის რეგიონალურ ფილიალიდან გაცემული იყო 2015 წლის 3 ივნისს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1------, ნ----- გ----------ე 2015 წლის 3 ივნისს №1-------5---------- ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა თავდებად) ვერ აწარმოებდა გადახდას, რადგან ის გარდაიცვალა 2015 წლის 30 დეკემბერს.

3.ვალდებულება რომ ჯეროვნად შეესრულებინა ნ----- გ----------ე პირადი სესხის დაფარვას აწარმოებდა თავდების -მ-------- წ----ის მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით.

2016 წლის 5 მაისს სს ,,ლ-------- ბანკმა" სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, გარდაცვლილი ლია მ--------–---–ის თავდებების, მათ შორის ნ----- გ----------ის წინააღმდეგ, რის შემდეგადაც დავის სასამართლოში გადანაცვლების შემდგომ ბლოკი მოეხსნა მის მიმდინარე ანგარიშს.

4.სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებამდე დავის განმავლობაში ლ-------- ბანკი იძულებით აღსრულებას ვერ აწარმოებდა. რის შესახებაც სესხის ოფიცერმა თ------ი ძ--–----ემ აცნობა ნ----- გ----------ეს და განუმარტა იმის თაობაზე, რომ მას შეეძლო პირადი სესხის დაფარვა ეწარმოებინა საკუთარი მიმდინარე ანგარიშიდან, რადგან მისი ანგარიში აღარ იყო დაბლოკილი.

5.ნ----- გ----------ემ საკუთარი ანგარიშიდან მოახდინა პირადი სესხის დაფარვა 2016 წლის 25 ივნისიდან- 2016 წლის 25 ოქტომბრამდე და განიზრახა ვალდებულების ვადემდე სრულად შესრულება.

6.სს ,,ლ-------- ბანკის“ კრედიტ-ოფიცერ თ------ ძ--–----ის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად შესასრულებელი ვალდებულება ვადაზე ადრე დაფარვის 2% თან ერთად შეადგენდა 3068.05 (სამი ათას სამოცდარვა ლარსა და 05 თეთრი) ლარს.

2016 წლის 24 ნოემბერს ნ----- გ----------ემ წერილობით მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს" პირადი სესხზე ვალდებულების ვადამდე შერულებისა და და კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შერულებით ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნით და სესხის სრულად ვადამდე დასაფარად მიმდინარე ანგარიშზე შეიტანა 3068.05 (სამი ათას სამოცდარვა ლარი და 05 თეთრი) ლარი, საიდანაც როგორც მისი მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხვებიდან ირკვევა, 2016 წლის 25 ნოემბერს 264,22 ლარი მოხმარდა კრედიტის დაფარვა-ძირს, ხოლო 59,45 ლარი მოხმარდა კრედიტის დაფარვა-პროცენტს, დარჩენილი 2753.03 ლარიდან კი 2016 წლის 30 ნოემბერს 1300.00 ლარი, ხოლო 2016 წლის 2 დეკემბერს 1453.03 ლარი, როგორც ამავე წლის 25 დეკემბერს კრედიტ-ოფიცრისაგან მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მოხმარდა გარდაცვლილი კრედიტორის-ლია მ--------–---–ის სესხის ძირის დაფარვას.

7.2016 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით სს ,,ლ-------- ბანკმა“ გასცა ცნობა, რომ ნ----- გ----------ეს სს,,ლ-------- ბანკში“ ერიცხება დავალიანება პირად სესხზე 2660,25 ლარის ოდენობით, (პროცენტი -61,06 ლარი, ჯარიმა -10.75 ლარი), ხოლო პროცენტი და ჯარიმა ყოველდღიურად ერიცხება.

8.ნ----- გ----------ის განმარტებით, სს ,,ლ-------- ბანკი“ მოიქცა არაკეთილსინდისიერად,რადგან ის, როგორც კრედიტორი, შეუთანხმდა მას, როგორც კლიენტს, პირადი სესხის ვადაზე ადრე გადახდის თაობაზე, ასევე გადაახდევინა სესხის ვადაზე ადრე დაფარვის პირგასამტეხლო 2% ოდენობით და შეგნებულად არ მიიღო შესრულება დროულად. მოგვიანებით კი, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა თანხა და მიმართა სხვა სესხის დასაფარად, რომლის თაობაზეც სასამართლოში მიმდინარეობს მხარეებს შორის დავა, რითაც ზიანი მიაყენა მას.

9.მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 364-ე, 387-ე, 427-ე, 390-ე, 391-ე, 392-ე, 408-ე მუხლებზე.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე (კრედიტორი) სს ,,ლ-------- ბანკმა“ სარჩელი არ ცნო შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

1.მოპასუხის მითითებით, მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის წინსწრებით გადახდის შესაძლებლობას და წინსწრებით დაფარვისას გადახდილი თანხის 2% პირგასამტეხლოს სახით დამატებით თანხის შეტანის შემთხვევაში კრედიტზე არსებული დავალიანება უნდა განულდეს, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის სახელზე იმავე ბანკში არ ირიცხება სხვა დავალიანება.

2.განსახილველ შემთხვევაში ს.ს. ,,ლ-------- ბანკის“ წინაშე ნ----- გ----------ე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც პირადი მოვალე 2014 წლის 26 აგვისტოს მასსა და სს,,ლ-------- ბანკს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და როგორც თავდები -2015 წლის 03 ივნისს სს,,ლ-------- ბანკსა“ და მსესხებელ ლია მ--------–---–ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის შესახებ № 1------- ხელშეკრულებისა და ამ სესხის უზრუნველყოფის მიზნით მითითებულ თარიღსვე გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

3.ლია მ--------–---–ის სახელზე გაცემული №1------- სესხი დაირღვა და ვადაგადაცილებაშია 2015 წლის 06 ივლისიდან. ბანკმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად ყველა პასუხისმგებელ პირს მიაწოდა ინფორმაცია არსებული დარღვევის, დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ და რადგან მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა ნებაყოფლობით, ხოლო მსესხებელი ლია მ--------–---–ი გარდაცვლილია, კრედიტორის მოთხოვნა სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანის გზით წარდგენილია თავდები პირების, მათ შორის ნ----- გ----------ის მიმართ.

4.ს.ს. ,,ლ-------- ბანკმა“ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება,რომ ნ----- გ----------ეს ჰქონდა პირადი დავალიანების წინსწრებით დაფარვის სურვილი, მიმართა ბანკს და მოითხოვა ცნობის გაცემა დავალიანების ოდენობის დაზუსტების მიზნით. მოთხოვნის შესაბამისად ბანკის თანამშრომელმა, ბაზაში დაცული ინფორმაციის საფუძველზე, გასცა ცნობა დავალიანების შესახებ. 2016 წლის 24 ნოემებრს მის მიერ პირად ანგარიშზე შეტანილი იქნა თანხა 3068.05 (სამი ათას სამოცდარვა ლარსა და 05 თეთრი) ლარი,საიდანაც 2016 წლის 25 ნოემბერს მხარეებს (სს,,ლ-------- ბანკსა და ნ----- გ----------ეს) შორის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ჩამოიჭრა 323,67 ლარი, რითაც დაიფარა სესხის ძირი და პროცენტი, ხოლო დარჩენილი 2753.03 ლარი მოხმარდა ნ----- გ----------ის მეორე ვალდებულების, სახელდობრ, თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას - ლია მ--------–---–ის სესხის დაფარვას, რომლის ძირი თანხაც შემცირებული იქნა 2753.03 ლარით.

5.შესაგებლის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე,417-ე,418-ე, 625-ე,868-ე,891-ე, 895-ე მუხლებზე.

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ -სამართლებრივი დასაბუთება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ----- გ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: სს ,,ლ-------- ბანკს“ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება ნ----- გ----------ის მიმართ, სახელდობრ განსაზღვრულ იქნა, რომ ნ----- გ----------ის მიერ 24.11.2016 წელს შეტანილი თანხიდან არასწორად ტრანზაქცირებული 2753.03 ლარი 24.11.2016 წლიდან მიიღოს კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვად ძირი და პირგასამტეხლო 2%, როგორც მითითებულია ნ----- გ----------ის მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხვის დანიშნულებაში,ასევე გაუქმდა პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, რაც განხორციელდა 24.11.2016 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (აღდგა პირვანდელი მდგომარეობა იმ ფორმით, რაც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და შეწყდა ნ----- გ----------ესა და სს ,,ლ-------- ბანკს“ შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება №4------------------ ვალის დაფარვის საფუძვლით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.3.1. 2014 წლის 26 აგვისტოს სს ,,ლ-------- ბანკს“ და ნ----- გ----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა ამ უკანასკნელზე სესხი 9100 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 24% დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% ოდენობით. 2.3.2.2015 წლის 03 ივნისის №1------ სს ,,ლ-------- ბანკსა“ და ლია მ--------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა ამ უკანასკნელზე სესხი 9500 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 30% დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% ოდენობით. 2.3.3.სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებით მოსარჩელე ნ----- გ----------ე სოლიდარულ თავდებად დაუდგა ძირითად მოვალეს, ლია მ--------–---–ს. აღნიშნულით მოსარჩელე ნ----- გ----------ემ აიღო ვალდებულება სს ,,ლ-------- ბანკის“ წინაშე 2015 წლის 03 ივნისის №1------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უზრუნველყო ბანკის სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მსესხებელის მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების, და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი. 2.3.4.სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ გაცემული 2016 წლის 30 დეკემბრის №360 ცნობის თანახმად 2016 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ნ----- გ----------ის დავალიანება სს ,,ლ-------- ბანკის“ მიმართ შეადგენს: სესხი ძირი - 2660,25 ლარი; პროცენტი - 61,06 ლარი; ჯარიმა - 10,75 ლარი; სალომბარდე სესხი: მიმდინარე კრედიტი -410 ლარი და 206 ლარი. 2.3.5.სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ გაცემული მ-------- წ----ის ანგარიშების ამონაწერით დადგენილია, რომ მისი ანგარიშიდან ხდებოდა მოსარჩელე ნ----- გ----------ის სესხის დაფარვა; 2016 წლის 25 იანვარი - 324 ლარი; 2016 წლის 25 თებერვალი - 324 ლარი; 2016 წლის 25 მარტი - 324 ლარი; 2016 წლის 25 აპრილი - 325 ლარი; 2016 წლის 25 მაისი - 325 ლარი. 2.3.6. წლის 24 ნოემბერს მოსარჩელე ნ----- გ----------ემ განცხადებით მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“ 3076 ლარის ოდენობით შენატანის განხორციელების გზით წინსწრებით პირადი სესხის დაფარვის თაობაზე. 2.3.7. 2016 წლის 24 ნოემბრის №5--------- შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ----- გ----------ემ თავის ანგარიშზე შეიტანა 3068.05 ლარი. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 387-ე, 390-ე, 391-ე, 393-ე, 867-ე, 361-ე, 427-ე მუხლებზე და განმარტა: 2.3.8.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლებათავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 2.3.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 2.3.10.მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. 2.3.11.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 2.3.12.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 2.3.13. სასამართლომ ფაქტობრივი გაერმოებების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----- გ----------ეს არ დაურღვევია 2014 წლის 26 აგვისტოს სს ,,ლ-------- ბანკსა“ და მას შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება,რადგან მიუხედავად პირადი ანგარიშის დაბლოკვისა, მის მიერ ვალდებულების შესრულება ხდებოდა ჯეროვნად, ის თანხას რიცხავდა თავდების - მ-------- წ----ის მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით,ხოლო 2016 წლის 24 ნოემბერს კი განცხადებით მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“ ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნით და წინსწრებით გადაიხადა 3068 ლარი, რომლითაც სრულად დაიფარა 2014 წლის 26 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შესაბამისად მან შეასრულა ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულება. 2.3.14. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება,რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. 2.3.15. ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე სასამართლომ განმარტა,რომ კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ გააჩნია სხვადასხვა საფუძვლიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, საუბარია ორი სხვადასხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე. მითითებული ნორმა შესრულების არჩევანის პრიორიტეტს ანიჭებს მოვალეს. ასეთი მიდგომა ემყარება იმ გარემოებას, რომ მოვალემ ყველაზე უკეთ იცის რომელი ვალია მისთვის ყველაზე მძიმე და რომელი მათგანის გასტუმრების შემთხვევაში იქნება დაზღვეული დამატებითი ხარჯებისაგან. ამ პრიორიტეტის საიდუმლო იმ დებულებაშია, რომელიც იუწყება, რომ საეჭვო გარემოებებისას უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი ტვირთის მატარებელ მხარეს. ამიტომაცაა, რომ მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს ჯერ რომელი ტვირთი მოიხსნას. შეიძლება ეს არ შედიოდეს კრედიტორის ინტერესებში, მაგრამ მისი მოთხოვნის უფლება შეუძლებელია წინ დავაყენოთ მოვალის არჩევანის უფლებაზე სწორედ აღნიშნულ გარემოებათა გამო. მოვალე არჩევანში არამარტო უფლებამოსილია, არამედ ხშირად კრედიტორის მხრიდან თანხმობასაც არ საჭიროებს.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის სხვადასხვა შემთხვევებს აფიქსირებს. აქ ის შემთხვევა გვაქვს, როდესაც რამდენიმე მსგავსი შესრულებიდან ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს. ხშირად მოვალე უფლებამოსილია ვადამდე შეასრულოს ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლი). აღნიშნულ შემთხვევაში შეიძლება სესხის დაბრუნების ვადა არ იყოს დამდგარი, მაგრამ მოვალემ მოახდინოს შესრულება. თუკი მოვალე არ გამოიყენებს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით მინიჭებულ უფლებას, მაშინ შესრულების რიგითობა განისაზღვრება კანონის ობიექტური ნებით, კერძოდ, დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. 2.3.16. სასამართლომ მხარეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის გზით დაადგინა,რომ განსახილველ შემთხვევაში მოვალე ნ----- გ----------ის მიერ პირდაპირ იქნა განსაზღვრული თუ რომელი ვალდებულების დაფარვა უნდა მომხდარიყო პირველად, სახელდობრ მან 2016 წლის 24 ნოემბრის განცხადებაში მიუთითა, რომ ვადაზე ადრე სურდა პირადი ვალის დაფარვა და გადაიხდა 3068.05 ლარი შესაბამისი პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, რის უფლებასაც მას როგორც სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი , ასევე თვით მხარესთან 2014 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული №0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება აძლევდა. 2.3.17.სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმადაც კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს. 2.3.18. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 391-ე მუხლი, რომლის თანახმად კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო. 2.3.19. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად: ა. იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები; ბ. მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი; გ. მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება.2.3.20. სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები შეაჯერა რა ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებთან, განმარტა რომ მოვალის მიერ პირნათლად შესრულდა ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, რაც კრედიტორის (მოპასუხე) მხრიდან არ იქნა შესრულებული და დაასკვნა, რომ მოსარჩელე ნ----- გ----------ეს უნდა ანაზღაურებოდა ის ზიანი, რაც მას მიადგა სს ,,ლ-------- ბანკის“ ბრალეული გადაცილების გამო, კერძოდ, აღდგენილ უნდა ყოფილიყო პირვანდელი მდგომარეობა და მოსარჩელეს უნდა გაუქმებოდა პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, ვინაიდან მას ბანკის მიმართ დავალიანება აღარ ჰქონდა 2016 წლის 24 ნოემბრიდან და შესაბამისად ბანკს უფლება არ ქონდა მისგან მიეღო პროცენტი. 2.3.21.სასამართლომ მიუთითა საქართველო სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის მიხედვით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით და მიიჩნია,რომ მოსარჩელის მოთხოვნა -შემწყდარიყო მასსა და სს ,,ლ-------- ბანკს“ შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული №4------------------ საკრედიტო ხელშეკრულება -ამ ნაწილშიც საფუძვლიანი იყო და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მას სრულად ქონდა დაფარული 2014 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული №0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე (კრედიტორი) სს ,,ლ-------- ბანკმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 3.1აპელანტის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლისა და ბანკსა და ნ----- გ----------ეს შორის გაფრომებული სოლიდარული თავდებობის შესახებ №1-------5---------- ხელშეკრულების 3.3, 3.4, 3.5 პუნქტების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე და იმ შემთხვევაში, თუ, სახეზეა მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილება, მისი (თავდების) დამატებითი აქცეპტის გარეშე, ჩამოჭრას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი და ბანკის მიერ გაწეული ყველა ხარჯი. შესაბამისად სს ,,ლ-------- ბანკმა“ მართებულად განახორციელა ნ----- გ----------ის პირად ანგარიშზე არსებული თანხის ჩამოჭრა და თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილის ჩაფარვა (2753.03 ლარის ფარგლებში). 3.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდაო ფაქტობრივ გარემოებად ის, რომ მოსარჩელის ნების გამოვლენა მიმართული იყო პირადი სესხის დასაფარად და შესაბამისად მისი სესხი უნდა განულებულიყო, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად სს ,,ლ-------- ბანკსა“ და ნ----- გ----------ეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო როგორც პირადი სესხიდან, ასევე თავდებობიდან გამომდინარე, რის საფუძველზეც, ბანკს ჰქონდა გადასახდელი თანხის მოთხოვნის, ხოლო კლიენტს (მსესხებელს, თავდებს), გატანილი თანხის, შესაბამისი სარგებლით დაბრუნების ვალდებულება. 3.3.აპელანტის მტკიცებით, მართალია, ნ----- გ----------ეს ქონდა განაცხადი წინსწრებით შეტანილი თანხის ჩაფარვის საკითხზე, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი არ მოიცავს დათქმას იმის თაობაზე, რომ კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში, ბანკი იღებს ვალდებულებას, წინსწრებით გაანულოს ნ----- გ----------ის პირადი სესხი. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, იმის თაობაზე, რომ შევსებული განაცხადი და განაცხადში მითითებული თანხის გადახდა, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ბანკს დაეკისროს კონკრეტული სესხის განულების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განხორციელდა თანხის ჩამოჭრა და განაწილება. გადახდილი თანხიდან (3068.05 2016 წლის 25 ნოემბერს, ჩამოიჭრა 323.67 ლარი და დაიფარა ნ----- გ----------ის პირადი სესხი (№0--------------), ისე როგორც იყო გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით, მომდევნო გადახდის ვადა (2016 წლის 26 დეკემბერი) კი ჯერ არ იყო დამდგარი. შესაბამისად, 323.67 ლარის ჩამოჭრის შემდეგ, ანგარიშზე დარჩენილი თანხა 2753.03 ლარი, ბანკის მიერ მართებულად იქნა მიმართული ნ----- გ----------ის მეორე ვალდებულებაზე (სესხი №1------), რომელიც 2015 წლის 25 ივლისისდან იყო ვადაგადაცილებული და შესაბამისად ვადამოსული და დასაფარი. 3.4.აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი,რომლითაც მოვალეს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს ვალდებულების დაფარვის რიგითობა, რადგან მოცემული მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია შეეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როდესაც თანხის შეტანის მომენტში, ყველა მათგანის სამართლებრივი სტატუსი იდენტურია და არც ერთი არაა ვადაგადაცილებაში და თანხის მოთხოვნაზე/მათ შორის უაქცეპტოდ ჩამოჭრაზე ბანკის უფლებამოსილება არაა ამოქმედებული. მოცემულ შემთხვევაში კი მოვალემ აირჩია იმ ვალის დაფარვა, რაც პირადად მისი პრობლემა იყო და ამით ეცადა თავი აერიდებინა იმ სესხის დაფარვისათვის, რაზეც ვადაგადაცილებაში მყოფი სესხის სოლიდარულად ვალდებული პირი იყო. ასეთ დროს კი ცალსახად შემოდის კრედიტორის უფლებამოსილების მომნიჭებელი სპეციფიკური მუხლები, რაც მოვალისა და კრედიტორის უფლებათა/ინტერესთა კოლიზიისას, უპირობოდ კრედიტორის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რადგან სხვაგვარი შეფასებისას ხდება ვალდებულის დარღვევის ხელშეწყობა და კრედიტორს ერთმევა უფლება მისთვის ხელშეკრულებითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები დაიკმაყოფილოს მაშინ, როდესაც ამის პირობა არსებობს. 3.5.აპელანტის თვალსაზრისით, განსახილველი სამართლაურთიერთობის მოწესრიგება უნდა მომხდარიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთერთი (ალტერნატიული ვალდებულება), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუ ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გადაწყვეტილების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთება, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 4.1.სააპელაციო საჩივრის თანახმად სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არაა გამხდარი, სადავოა მხოლოდ უდაოდ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, სახელდობრ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის დარღვევას, რაც აპელანტის მოსაზრებით, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის არასწორ კვალიფიკაციაში გამოიხატა, სახელდობრ აპელანტს მიაჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა სასამართლოს უნდა მოეწესრიგებინა არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე, 427-ე, 390-ე, 391, 393-ე მუხლების, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 625-ე, 568-, 595-ე, მე-400, 374-ე მუხლების საფუძველზე. 4.2.სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი საფუძველი. 4.3. პირველ რიგში, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება,რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს.სააპელაციო პალატა მოცემული ნორმის შინაარსის განმარტებისას მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ შესრულების ერთგვაროვნება გულისხმობს შესრულების საგნის ერთგვაროვნებას.ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესრულების არჩევანის პრიორიტეტს მოვალეს ანიჭებს. ამ პრიორიტეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საეჭვო გარემოებებისას უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი ტვირთის მატარებელ მხარეს. ამიტომაცაა, რომ მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს ჯერ რომელი ტვირთი მოიხსნას, იმისადა მიუხედავად შედის თუ არა ეს კრედიტორის ინტერესებში, რომლის მოთხოვნის უფლების დაყენება მოვალის არჩევანის უფლებაზე წინ, მოხმობილი ნორმის თანახმად, შეუძლებელია. ამასთან უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული ნორმა გავრცელებას ჰპოვებს ნებისმიერ შემთხვევაში, დასაფარი ვალდებულების რიგითობის მიუხედავად, ამდენად არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვადაგადაცილებული ვალდებულების, თუ ვალდებულების ვადამდე შესრულება სურს მოვალეს. ამდენად, როდესაც შესრულება არაა საკმარისი ყველა ვალის დასაფარად, დაიფარება ის ვალდებულება, რომელზედაც მოვალე შეაჩერებს არჩევანს. 4.4.განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და ასეთის დამადასტურებელ მტკიცებულებათა (მათ შორის თვით მოპასუხის განმარტებით) შეფასებით, სავსებით მართებულად უდაოდ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კრედიტორის წინაშე ნ----- გ----------ეს ეკისრებოდა სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულება, შესაბამისად ნ----- გ----------ეს ჰქონდა რა პირადი დავალიანების წინსწრებით დაფარვის სურვილი,მან ამოირჩია ამ ვალდებულების შესრულება, რა მიზნითაც მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“, კრედიტ ოფიცრის მომსახურების საფუძველზე დააზუსტა დავალიანების მოცულობა, მათ შორის ვადაზე ადრე დაფარვის პირგასამტეხლოს გათვალისწინებით და 2016 წლის 24 ნოემბერს პირად ანგარიშზე შეიტანა შესაბამისი თანხა 3068.05 (სამი ათას სამოცდარვა ლარსა და 05 თეთრი) ლარის ოდენობით,საიდანაც 2016 წლის 25 ნოემბერს პირადი სესხის დასაფარად მიექცა მხოლოდ მცირედი ნაწილი (264.22-ძირი, 59.45-პროცენტი), ხოლო შენატანი თანხის მნიშვნელოვანი მოცულობით დარჩენილი ნაწილი -2753.03 (ორი ათას შვიდასორმოცდაცამეტი ლარი და 03 თეთრი) ლარი მის მიერ გამოვლენილი ნების საწინააღმდეგოდ მოხმარდა სხვა ვალდებულების, სახელდობრ თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას-ლია მ--------–---–ის სესხის დაფარვას, რომლის ძირი თანხაც შემცირებული იქნა 2753.03 ლარით. 4.5.სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის(მოპასუხე) სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზედ, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა უნდა მოწერიგდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, რადგან განსახილველი შემთხვევა არ წესრიგდება მითითებული ნორმით. სახელდობრ, ალტერნატიული ვალდებულება, როგორც თავად მისი სახელწოდება და სიტყვასიტყვითი განმარტება გულისხმობს, მაშინაა სახეზე, როდესაც ერთი შესრულების გვერდით არსებობს მისი ალტერნატიული შესრულება, რომლთაგანაც რეალურად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთ-ერთი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რომელი საგნით შესრულდება ვალდებულება ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ხელშეკრულების მხარე რომელ მათგანს აირჩევს. ამდენად, მოცემული ნორმა აწესრიგებს ერთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ალტერნატიულად შესრულებისა და არა სხვადასხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთმანათის მსგავსი ვალდებულებების შესრულების საკითხს. 4.6. სააპელაციო პალატის თვალსაზრისით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამის მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, გამოიყენა ის კანონი, რაც უნდა გამოეყენებინა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 364-ე, 391-ე, 393-ე, 427-ე მუხლები) და სწორად განმარტა, რომ მოვალე ნ----- გ----------ის მიერ პირნათლად შესრულდა ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, რაც კრედიტორის (მოპასუხე) მხრიდან არ იქნა შესრულებული, ასევე მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელე ნ----- გ----------ეს უნდა ანაზღაურებოდა ის ზიანი, რაც მიადგა სს ,,ლ-------- ბანკის“ ბრალეული გადაცილების გამო, კერძოდ, აღდგენილ უნდა ყოფილიყო პირვანდელი მდგომარეობა და მოსარჩელეს უნდა გაუქმებოდა პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, ვინაიდან მას ბანკის მიმართ დავალიანება აღარ ჰქონდა 2016 წლის 24 ნოემბრიდან და შესაბამისად ბანკს უფლება არ ქონდა მისგან მიეღო პროცენტი. ზემოხსენებულიდან გამომდინარე კი, ასევე სწორად მიიჩნია საფუძვლიანად მოსარჩელის მოთხოვნა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების გამო შემწყდარიყო მასსა და სს ,,ლ-------- ბანკს“ შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული №4------------------ საკრედიტო ხელშეკრულება. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სს ,,ლ-------- ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ სვანიძე ირმა პერანიძე