განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002284969
საქმე №1/ბ-356-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – ა-----–----------–-–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–----ის რაიონი, სოფელი მ-------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავას, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა – 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----–--–--ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში. აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დანაშაულის პრევენცია - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური ან სხვა დანაშაული, რისი მიღწევაც შეუძლებელია მსგავსი მსუბუქი სასჯელის დანიშვნის პირობებში. აპელანტი თვლის, რომ ა-----–----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ა-----–----------–-–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, მ–----ის რაიონის სოფელ მ-------ში, „ბმვ“-ს ფირმის ავტომობილით, სარეგისტრაციო ნომრით B-------- მოძრავმა, მართვის მოწმობის არმქონე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა ა-----–----------–-–---–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა დ--------------ის მართვის ქვეშ მყოფ „აუდი“-ს მარკის ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს „აუდი“-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა დ--------------მა და მისმა მგზავრმა, მცირეწლოვანმა შვილმა ნ--------------მა.
მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ა-----–----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ა-----–----------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ა-----–----------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-----–----------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-----–----------–-–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ დ--------------ის ჩვენებით, მოწმეების: ე---------------------ის, ლ--–-----------ის და გ---------------ის ჩვენებებით, თავად ბრალდებულ ა-----–----------–-–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მასზე თანდართული ფოტოცხრილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტის N1----ა დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 ნოემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 08 ნოემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ნოემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ნოემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ნოემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-----–----------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-----–----------–-–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-----–----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულ დ--------------ს.
ა-----–----------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-----–----------–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით, ასევე ა-----–----------–-–---–ს დაენიშნა დამატებითი სასჯელი. პალატა თვლის, რომ ა-----–----------–-–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენა და თვლის, რომ მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სასჯელი არის ჩადენილი ქმედების ადეკვატური და პროპორციული, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
ა-----–----------–-–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ა-----–----------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
ლ--–------------ის კუთვნილი ტანსაცმელი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ლ--–-----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
ე---------------------ის კუთვნილი ტანსაცმელი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ე---------------------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
დ--------------ის კუთვნილი ტანსაცმელი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს დ--------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული მიკრონაწილაკები - უნდა განადგურდეს.
„ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B-------- - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ა-----–----------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი ა-----–----------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა-----–----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ა-----–----------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ა-----–----------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი ა-----–----------–-–---–ის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა-----–----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ა-----–----------–-–---–ს (პირადი ნომერი №3----------) დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს ბანკში” 2018 წლის 31 იანვარს შეტანილი გირაოს თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ა-----–----------–-–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ა-----–----------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
ლ--–------------ის კუთვნილი ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ლ--–-----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
ე---------------------ის კუთვნილი ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ე---------------------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
დ--------------ის კუთვნილი ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს დ--------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული მიკრონაწილაკები - განადგურდეს.
„ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B-------- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე