განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
120100118002311568
ინსტანცია
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002311568

საქმე №1ბ/431-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული – ა-----------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: და----------------------------–--------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა – 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რაც ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნების განხორციელებას. განაჩენის დადგენისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მდგომარეობა და მისთვის გენდერული სტერეოტიპის გავლენით მიყენებული დამამცირებელი მოპყრობა. აპელანტის აზრით აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელია. აპელანტს მიაჩნია, რომ ა-----------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

მსჯავრდებულ ა-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გუ-–---------------ემ წარმოადგინა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ ა-----------------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, კმაყოფაზე ჰყავს ორი მციორეწლოვანი შვილი, მეუღლე და მოხუცი დედა, აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა-----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ადიგენის რაიონის დ---------------ში, რ---------–------------------ში მცხოვრები ა-----------------ე 2017 წლის დეკემბრის თვეში მეუღლეს ნ----------------ს მათ საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფას, ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალმა არ უნდა იმუშაოს, არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი და შეხედულება და უნდა იყოს სახლში, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას. 2018 წლის 03 იანვარს, ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა-----------------ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს მეუღლეს ნ----------------ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ერთხელ სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა ნ----------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით, ა-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-----------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: ა-----------------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ნ----------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ა-----------ის, მ---------------ის, დ--------------–---–ის, გ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 03 იანვრის დაკავების ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს.

 

ა-----------------ის მიმართ პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-----------------ეს სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით. პალატა თვლის, რომ ა-----------------ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

 

ა-----------------ის პირადობის მოწმობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა-----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი ა-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ა-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

ა-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 09 იანვრის ჩათვლით.

 

ა-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი ა-----------------ის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

ა-----------------ის პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე