განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2544-17
საქმე № 330310017001969783
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი: დ---------------
მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- ზ-------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება
1.1 სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1.2. კერძო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ნ--- ზ-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;
ბათილად იქნა ცნობილი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- ბრძანება მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში;
ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანება მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ნ--- ზ-------–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება 2017 წლის 1 მარტიდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით;
გადაწყვეტილება მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით, იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში განისაზღვრა დამატებით 3 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურში ნაცვლად აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებისა, განისაზღვრა ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილება, სადაც დამტკიცდა დამატებით 3 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით, მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- და 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანებები, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
2.5. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის, პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც, თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო მოიხმო ევროპის სოციალურ ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის, გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით, იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საშტატო ნუსხებით) დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში განისაზღვრა დამატებით 3 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურში ნაცვლად აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებისა, განისაზღვრა ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილება, სადაც დამტკიცდა დამატებით 3 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- ისეთ პირობებში იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული და კადრების განკარგულებაში აყვანილი, როდესაც განყოფილებას (აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილება), სადაც იგი მსახურობდა შეეცვალა მხოლოდ დასახელება (ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილება), ხოლო საშტატო ერთეულების რაოდენობა არ შეცვლილა და დარჩა 3 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლთან.
2.8. რაც შეეხება „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით, მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს დათხოვნის სამართლებრივი წინაპირობა და საფუძველი მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში გადაყვანა გახდა. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისას ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას და შესაბამისად, არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივი საფუძველი, კანონშეუსაბამოდ უნდა იქნეს მიჩნეული მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგი.
2.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ნ--- ზ-------–---–- გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანება მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში.
2.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3258187 ბრძანებით შექმნილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა წარმოადგენს იმ საშტატო ერთეულს, საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 1 მარტიდან მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
2.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენას, შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვდა სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
გამომდინარე იქედან, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეხება ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ უფლებას, როგორიც შრომის უფლებაა და იგი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათ შორის, უკავშირდება ადამიანის პირად ცხოვრებას და სოციალურ ყოფას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული საქართველოს კონსტიტუციის 29-ე, 30-ე მუხლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 23-ე მუხლი ეხება ადამიანის შრომით უფლებებს, მაგრამ არ კრძალავს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას პირის სამსახურიდან გათავისუფლებას. სასამართლოს მიერ მითითებული საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-16, 29-ე, 42-ე მუხლები, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-6 მუხლი და ევროპის სოციალური ქარტიის პირველი, 24-ე მუხლები კი ზოგადი ხასიათის ნორმებია. ნ--- ზ-------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებული ნორმებით არ დარღვეულა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები და ისინი წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმასთან. მოსარჩელე კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე არ გათავისუფლებულა თანამდებობიდან.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი შემხებლობაში არ არის კონკრეტულ დავასთან და სასამართლოს იგი არ უნდა გემოეყენებინა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ჩარეულა მოსარჩელის პირად ცხოვრებაში.
აპელანტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში არასწორად არის გამოყენებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 32-ე, 34-ე, მე-601 და 96-ე მუხლები. მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, არის თუ არა გასაჩივრებული ბრძანებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამასთან, მათი გამოცემისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესები. ისინი გამოცემულია საქმის ყოველგვარი შესწავლის, შესაბამისი გარემოებების მოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. არ არის დაკონკრეტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქმედება ან უმოქმედობა ეწინააღმდეგება კანონს ან რომელი კონკრეტული მტკიცებულებით დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლო ეყრდნობა სასამართლო პრეცედენტებს, თუმცა საქართველოში არ მოქმედებს პრეცედენტული სამართალი. სადავო საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები კი მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას არ დარღვეულა.
აპელანტი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე. მისი განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258187 ბრძანებით განხორციელდა რეორგანიზაცია, კერძოდ, შეტანილ იქნა ცვლილება შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში, განისაზღვრა ახალი სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები, შემცირდა (გაუქმდა) არა ერთი თანამდებობა (შტატი), რაც გახდა შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტში თანამშრომლების, მათ შორის, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი. კერძოდ, შს მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის N2---- ბრძანებით მოხდა მისი კადრების განკარგულებაში აყვანა, ხოლო ოთხი თვის შემდეგ - მისი სამსახურიდან დათხოვნა, შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა სადავო ბრძანებების ბათილად ცნონის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იმპერატიულად არ განსაზღვრავს, რომ სოციალურ უფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. სასამართლომ, გარდა სოციალური უფლებისა, როგორც ეს სადავო გადაწყვეტილებაშია მითითებული, უნდა შეისწავლოს კონკრეტული გარემოებები, რათა დადგინდეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება თუ არა. კანონმდებელი პირდაპირ დათქმას მსგავს გარემოებებზე არ აკეთებს და ასეთ მიზეზს უნდა წარმოადგენდეს მხარეთა უფლებების დაცვის მაქსიმალური ინტერესი და ინტერესთა პროპორციულობა. სასამართლომ უნდა დაადგინოს ზიანის მიყენების ალბათობა, გამოიკვლიოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ ზიანის დადგომას განაპირობებს, ასევე, რაც სამომავლოდ გადაწყვეტილების აღუსრულებადობას განაპირობებს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სამსახურში აღდგენის თაობაზე წარდგენილ სარჩელზე, მართალია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ იძულებითი განაცდურის მოცულობა და მისი ზუსტი ანაზღაურება სრულად ახდენს მოსარჩელის უფლებების დარღვევის ფაქტის კომპენსირებას. მეორე მხრივ, საყურადღებოა მოპასუხის ინტერესი, რომელიც წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემას და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე, სხვა საჯარო ფუნქციებს. სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნქციურად საპასუხისმგებლო დანაყოფს წარმოადგენს ლოჯისტიკის დეპარტამენტი. დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმება კი აუცილებელია, რათა ხელი არ შეეშალოს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სწორ და გამართულ ფუნქციონირებას.
კერძო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მისი სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამართლებრივად უსაფუძვლოა იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დავა გრძელდება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში და დავის საბილოო შედეგის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურში დაუყოვნებლივი აღდგენით, მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება, გარდა თანამდებობროვი სარგოსი, მოახდინოს წოდებრივი დანამატის გადახდაც, მოსარჩელისათვის იმ სოციალური უფლებების რეალიზაცია, რომელიც სამინისტროს მოსამსახურეს კანონმდებლობით გააჩნია. შესაბამისად, თუკი საბოლოოდ დადგინდება სადავო აქტების კანონშესაბამისობა, გაცემული თანხების უკან დაბრუნება დამატებით სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ასევე, პოლიციის სტრუქტურაში მუშაობა მოსამსახურისათვის წოდების მინიჭებას ითვალისწინებს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას კი შედეგად ვერ მოჰყვება პირისათვის მინიჭებული წოდების ჩამორთმევა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. ნ--- ზ-------–---–- 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის N804297 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში განისაზღვრა დამატებით სამი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258187 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურში, ნაცვლად აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებისა, განისაზღვრა ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილება, სადაც დამტკიცდა დამატებით სამი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის N2---- ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის N1------ ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით, ნ--- ზ-------–---–- დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სამართლებრივი დასაბუთება
4.9. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- ბრძანებისა და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.11. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანებები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
4.12. სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე იქნა მიღებული გასაჩივრებული ბრძანება.
4.13. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.
4.14. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მართებულად განმარტა, რომ საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას). აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
4.15. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის ბრძანებით ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში განისაზღვრა დამატებით სამი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით - ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურში, ნაცვლად აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებისა, განისაზღვრა ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილება, სადაც დამტკიცდა დამატებით სამი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის მოტივით, როდესაც განყოფილებას, სადაც იგი მსახურობდა შეეცვალა მხოლოდ დასახელება, ხოლო საშტატო ერთეულების რაოდენობა არ შეცვლილა, მიუთითებს ნ--- ზ-------–---–-ს თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლთან შეუსაბამობაზე.
4.16. მართალია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, მაგრამ ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ნ--- ზ-------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისას ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას და შესაბამისად, არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივი საფუძველი, კანონშეუსაბამოდ უნდა იქნეს მიჩნეული მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგი.
4.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად სცნო ბათილად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ნ--- ზ-------–---–- გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანება მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში.
4.18. გასაჩივრებული ბრძანებების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
პირველი ინსტანციის მართებულად განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3258187 ბრძანებით შექმნილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა წარმოადგენს იმ საშტატო ერთეულს, საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–- და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ--- ზ-------–---–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. ამასთან, მასვე უნდა დაეკისროს ნ--- ზ-------–---–-სათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
4.19. რაც შეეხება კერძო საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, რომ, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს. ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო ურთიერთობის შინაარსიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა შრომით უფლებას ეხება, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, პირის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას, არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძვლები. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ გასაჩივრების რეჟიმში მყოფი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, როდესაც ზემდგომმა სასამართლომ შესაძლებელია სადავო აქტების კანონიერება დაადგინოს, მიზანშეუწონელია. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლას უკავშირებს, თუმცაღა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით დაშვებულია განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკურობით და გამომდინარეობს მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. ასეთ შემთხვევებში, კანონმდებელი, უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ასეთ ვითარებაში, მოპასუხეს წარმოეშვება საკუთარი დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დამაბრკოლებელი გარემოება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება;
4. განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საბოლოოა და არ საჩივრდება;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე