განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
330210116001602434
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001602434

საქმე №2ბ/7357-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - სს „ს--------------------“

წარმომადგენელი - კ-----------------, გ--------------------–-

მოწინააღმდეგე მხარე - მ---------------

წარმომადგენელი - ა-----------------–-, თ---------------–-

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - შპს „მ--------------“

წარმომადგენელი - ა-----------------–-

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლის გამო უძრავი ქონების ნატურით დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო აქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება.

 

2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მ---------------ს წარმომადგენლების შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მ---------------ს სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლის გამო უძრავი ქონების ნატურით დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდა. 2010 წლის 7 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მ---------------ს სს ,,ს--------------------საგან’’ ნატურით დაუბრუნდა საკუთრებაში ნასყიდობის საგნები (მდებარე - ქალაქი თბილისი, ი----------------------- / შენობა №1-დან საერთო ფართი: 4---------. ს/კ 0---------------. / ქალაქი თბილისი, ნ----------–---–------------------- შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 651.6 კვ.მ. აქედან საერთო ფართობი 3-------------------------–-------------------------–------------------------------------. ს/კ 0---------------). მ---------------ს სარჩელი მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სს ,,ს--------------------ს“ წარმომადგენლის კ------------------ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2/34699-16 საქმეზე, დარჩა ძალაში.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადებულა და დადგენილი წესით არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამიტომ, მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოა.

შესაბამისად, სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ ისინი სკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, 352-ე, 405-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-779-746-2014, 30 აპრილი, 2015 წელი). ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის გამო უძრავი ნივთის ნატურით დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით (8.3. პუნქტი) არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ "მოსარჩელემ დაკარგა თანხის მიღების ინტერესი და გავიდა ხელშეკრულებიდან". მოსარჩელე, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი გარემოებების აღწერისას, არსად უთითებს, რომ იგი გავიდა ხელშეკრულებიდან. სარჩელში არც კია თუნდაც ირიბი მინიშნება რაიმე ფაქტზე, რითაც შესაძლოა შინაარსობრივად რამენაირად მაინც იკვეთებოდეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შემადგენლობის არსებობა. შესაბამისად, არაფრით დასტურდება, რომ მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან და ამის თაობაზე შეატყობინა მოპასუხეს. ამ პირობებში, სრულიად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ დადგენილად ის, რომ "მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი და გავიდა ხელშეკრულებიდან".

 

2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანისას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით, თუმცა, მან არ გამოიყენა ამავე კოდექსის 355-ე და 356-ე მუხლები, რომელიც უსათუოდ უნდა გამოეყენებინა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეეფასებინა ამ მუხლების მოთხოვნებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძვლებისა და სათანადო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შესახებ, ისე დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა რესტიტუციის ნაწილში. სარჩელითა და თანდართული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ დაცული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით, ხელშეკრულებიდან გასვლისთვის დადგენილი სავალდებულო პირობა, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

სარჩელი დაუსაბუთებელია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლთან მიმართებაში. მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ ხსენებული ნორმით განსაზღვრული რომელი პირობის არსებობა უნდა დაედოს ხელშეკრულებიდან გასვლას საფუძვლად და რა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურებდა ასეთი პირობის არსებობას. ბუნებრივია, რომ სარჩელი ასევე არ შეიცავს მითითებას ამ „საფუძვლების“ არსებობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. ზემოთ მითითებული გარემოებები ადასტურებენ, რომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი მიეჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპელანტის ზემოთ აღნიშნული პოზიცია სასამართლოს მიერ არ იქნება გაზიარებული, მაინც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული, გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების და საქმის განხილვის განახლების საკმარისი საფუძველი. აღნიშნულის თქმის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სრულიად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, თითქოს "მხარეს (სს "---------------------") მიეცა სრულად შესაძლებლობა, უზრუნველეყო მისი უფლებების დაცვა". კ-----------------მ მოსამართლის თანაშემწეს განუმარტა მისი პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობისა და ამის განმაპირობებელი მიზეზის შესახებ. ამდენად, იმის მითითება, რომ სასამართლო აპარატთან კომუნიკაცია არ არსებობდა და სასამართლოსთან შეტყობინება რაიმე ფორმით არ მომხდარა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, მიუთითებს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

მოცემული ნორმა არ განსაზღვრავს, თუ რა გზით ან საშუალებით გახდება ცნობილი სასამართლოსთვის აღნიშნულის თაობაზე ან ვის მიერ და კომუნიკაციის რა საშუალებით იქნება მიწოდებული ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის. გაუგებარია, არსებულ, სრულიად დაუგეგმავ და გაუთვალისწინებელ ვითარებაში, როგორ უნდა უზრუნველეყო სს "---------------------" წარმომადგენლის გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს კანცელარიაში დოკუმენტის წინასწარი წარდგენა.

 

მოვლენები ვითარდებოდა დროის მოკლე მონაკვეთში. წარმომადგენლის მშობლის ჯანმრთელობა იყო საკმაოდ მძიმე, რაც განპირობებული იყო გულის მწვავე უკმარისობითა და კრიტიკულად მაღალი წნევით, რისთვისაც მას ესაჭიროებოდა გადაუდებელი დახმარება. სს "ს--------------------ს" მიერ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი იყო კ------------------, შ-------------------- და დ-------------------- მეშვეობით, რომელთანაგაც ერთი იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო მეორე იმ დროისათვის აღარ წარმოადგენდა სს "ს--------------------ს" თანამშრომელს. ამდენად, მათ არ შეეძლოთ მოცემულ სხდომაზე წარმოედგინათ მხარე. გარდა ამისა, სს "---------------------", არ ჰქონია რაიმე საფუძველი წინასწარ ევარაუდა, რომ კ----------------- ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და შესაბამისად, ვერც წინასწარ ზომებს მიიღებდა სასამართლო წარმომადგენლობის სხვა პირის მეშვეობით უზრუნველსაყოფად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

5. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

5.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ცხადყოფს, რომ სს „ს--------------------ს“ წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სასამართლოს სხდომის დღისა და დროის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოხდა თუ არა მოპასუხის მიერ სასამართლოს ინფორმირება პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და იყო თუ არა გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიო.

 

უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს ეცნობა ის გარემოება, რომ ვერ ახერხებდა 2017 წლის 28 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებას. აღნიშნული სხდომის მდივნის მიერ მოხსენებულ იქნა საქმის განმხილველი მოსამართლისათვის, თუმცა გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიოდ არ იქნა მიჩნეული, რამაც განაპირობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (ვრცლად, იხ.ქვემოთ).

 

საპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.

 

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს რამდენიმე პირობა, ესენია: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.

 

სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა ... სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა, მოცემულ შემთხვევაში სხვა მოვლენის - დედის ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

 

სასამართლოში მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს ადგენს ამავე კოდექსის 105-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის მასალების ინდივიდუალური და ერთობლივი შეფასების ვალდებულება გააჩნია სასამართლოს. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) პალატა მიიჩნევს, რომ იგი იმდაგვარი საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, რადგანაც დოკუმენტაცია იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს მასზე, რომ კონკრეტულ დღეს - 2017 წლის 28 აპრილს მოპასუხეს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება;

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენლის დედას გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გაუუარესდა 2017 წლის 28 აპრილს. შესაბამისად, საჩივრის ავტორს მოუხდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რის შემდგომაც, შედგენილ იქნა სამედიცინო ბარათი, რომლითაც ირკვევა, სასწრაფო დახმარების გამოძახების დღე, ასევე დრო (იხ. ტ.2; ს.ფ. 22), რაც ემთხვევა საპროცესო დღეს. ხაზგასასმელია, რომ მოპასუხემ შეატყობინა სასამართლოს შესაბამის მოხელეს პროცესზე გამოცხადების შესახებ და ამით გამოხატა ინტერესი დავის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ აპელანტის მითითება, რომ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა პროცესზე გამოცხადება, რაც დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის შეიძლება მიჩნეულ იქნას საპატიო მიზეზად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარის, სს ,,ს--------------------ს“ წარმომადგენლების - დ--------------------, კ------------------ და შ------------------- სახელზე გაცემული მინდობილობები, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას. საქმის მასალებში წარმოდგენილია მხარის ცნობები (ს.ფ. 23-24, თ. 2.), რომლის თანახმადაც დ------------------- სასამართლო სხდომის დღისათვის ანუ 2017 წლის 28 აპრილისათვის გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო შ------------------ იმყოფებოდა შვებულებაში. შესაბამისად, მხოლოდ კ----------------- იყო უფლებამოსილი 2017 წლის 28 აპრილისათვის მონაწილეობა მიეღო სასამართლო სხდომაში და მისი გამოუცხადებლობა პალატამ მიიჩნია საპატიოდ.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებიდან დასტურდება მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „ს--------------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

ხათუნა არევაძე