განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002032400, №1ბ/572-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - კ-------------------------------–ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------ის რაიონი, სოფელი ჭ------ა.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასჯელი:
ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანა, იმ საფუძვლით, რომ სასჯელი არასამართლიანი, ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამოა. კ------------------–ი, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პირადი თავდებობა, არ ცხადდებოდა სასამართლოში, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
დაცვის მხარის შესაგებელი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, რადგან განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და ობიექტური. კ------------------–ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროება მკურნალობა საზღვარგარეთ, სხვა შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რაც გახდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი (ვრცლად იხ. შესაგებელი).
სასამართლომ დაადგინა:
კ------------------–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ------------------–ი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 09 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 29 მარტის აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, კ------------------–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 2 თვითა და 12 დღით ადრე.
2017 წლის 21 აპრილს, თბილისში, მეტროსადგურ „დიდუბის“ ვესტიბიულში, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი კ------------------–ი ატარებდა მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, მაფიქსირებელი მოწყობილობით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ------------------–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ------------------–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ კ------------------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ თ-----------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი კ------------------–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული, მოინანია, უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ოჯახური, ჯანმრთელობის და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ კ------------------–ის მიმართ გამოყენებულმა აღკვეთის ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები, არ ცხადდებოდა სასამართლოში, რითაც ხელი შეეშალა მართლმსაჯულების განხორციელებას, პალატის მოსაზრებით ვერ იქნება დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული. მართალია, კ------------------–ს, მისი გამოუცხადებლობის გამო დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ადვოკატმა განმარტა მსჯავრდებულის გამოუცხადებლობის მიზეზი და ითხოვა სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ კ------------------–ს სურდა მონაწილეობის მიღება სხდომაზე. კ------------------–ი გამოცხადდა მომდევნო სასამართლო სხდომაზე და იმავე სხდომაზე გამოტანილი იქნა განაჩენი. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა არ შეესაბამება მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას, პალატა ვერ მიიჩნევს სასჯელის დამძიმების საფუძვლად, ვინაიდან სწორედ მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამო არსებული ნასამართლობისთვის, კ------------------–ის მიერ დანის ტარება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით. ამასთან, კ------------------–ი არ არის ნასამართლობის მქონე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოების - აღიარების, მისი ოჯახური, ეკონომიკური, ჯანმრთელობის მდგომარეობების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა გარემოებების საფუძველზე დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმუმის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტაჟიორ-პროკურორ თ-----------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი კ------------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ თ-----------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე