განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2018
საქმის ნომერი
330210017001980766
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001980766

საქმე №2ბ/785-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შპს ,,ელ----------------------ა“

წარმომადგენელი - მე--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვა---------------ე

წარმომადგენელი - ნა----–-------------ე

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით ვა---------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე, შპს „ელ----------------------ას“ მოსარჩელე, ვა---------------ის სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით, დაეკისრა 9977.1 ლარისა გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). მოპასუხე, შპს ,,ელ----------------------ას“ მოსარჩელე, ვა---------------ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 9977.1 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 2016 წლის 10 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე 2014 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 03 ივლისამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელად. ხელფასი, 2015 წლის 01 ივლისისი შრომითი ხელშეკრულებით, შეადგენდა 1875 ლარს, ხოლო 2016 წლის 04 იანვრის შრომითი ხელშეკრულებით - 1375 ლარს. მოპასუხეს 2015 წლის ივნისის თვის შემდგომ, ხელფასი არ ჩაურიცხავს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შრომითი ხელშეკრულებები (ტ. І, ს.ფ. 15-20);

- ცნობა სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ (ტ. І, ს.ფ. 21);

- ამონაწერი მოსარჩელის საბანკო ანაგარიშიდან (ტ. І, ს.ფ. 22-38).

 

2.2. 2016 წლის 23 აგვისტოს, მხარებმა წერილობით დაადგინეს სახელფასო დავალიანების ოდენობა, რომელმაც 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით ჯამურად შეადგინა 11977 ლარი და 10 თეთრი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). დავალიანების გადახდის პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. აქედან ვა---------------ეს აუნაზღაურდა მხოლოდ 2000 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შეთანხმება 2015-2016 წლების სახელფასო დავალიანების გადახდის გრაფიკის

შესახებ (ტ. І, ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.3. მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 03 ივლისიდან (01 ივნისიდან 01 ივლისამდე მოსარჩელე იყო უხელფასო შვებულებაში).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების ასლი (ტ. І, ს.ფ.62);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებულ სახელფასო დავალიანებაზე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0.07% ყოველ დაყოვნებულ დღეზე - დარიცხული უნდა ყოფილიყო 2016 წლის 10 ივლისიდან - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (03/07/2016წ.) მე-7 დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის ზიანის მიყენებას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ხელფასის დაკავების საფუძველი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის დეფინიცია, კერძოდ, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ხოლო 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ურთიერთობები მთლიანად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით - წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ. სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ., 28/04/2017წ. N№ას-209-198-2017).

 

სასამართლომ, მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა. ამდენად, ვალის აღიარების ხელშეკრულება თავად წარმოადგენს მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ 2016 წლის 23 აგვისტოს წერილობითი ფორმით მოახდინა მოსარჩელის წინაშე სახელფასო დავალიანების არსებობის აღიარება და მხარეები ამავე დოკუმენტით შეთანხმდნენ გადახდის გრაფიკზე (ტ. І, ს.ფ. 39).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული გარიგება თავისი სამართლებრივი ბუნებით მიჩნეული უნდა ყოფილიყო ვალის აღიარების ხელშეკრულებად.

 

მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ფაქტობრივ გარემოება სარჩელში მითითებული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ, თუმცა 23/08/2016წ. შეთანხმებით განსაზღვრული სახელფასო დავალიანების გადახდის გრაფიკი მოიცავს 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნას იმ პერიოდის გადახდებზე, რომლებსაც მოიცავს შეთანხმების გრაფიკი 2017 წლის 30 ივნისი-2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით (სარჩელი აღძრულია 2017 წლის 23 ივნისს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლით, თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარმოუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამაფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებლის ფარგლებში უზრუნველყოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15/09/2017წ. განჩინება საქმეზე №ას-682-636-2017).

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სარჩელის უარყოფის საფუძვლად მიუთითებს არა იმ გარემოებაზე, რომ ჯერ არ დამდგარა ვალდებულების ძირითადი ნაწილის შესრულების დრო (15 ეტაპი (30/06/2017წ-30/08/2018წ.), ჯამში - 7477 ლარი და 10 თეთრი), რაც სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არარსებობის (მოვალის გადახდისუუნარობა, შეპირებული უზრუნველყოფის შემცირება ან წარმოუდგენლობა) პირობებში გამორიცხავს მოსარჩელის მიერ შესრულების ვადამდე მოთხოვნას, არამედ იგი სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს მოსარჩელის მიერ მისთვის ზიანის მიყენების საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოყვანილი ნორმების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნიია, რომ რამდენადაც მოპასუხის მხრიდან სახეზეა სახელფასო დავალიანებების არსებობის წერილობითი ფორმით აღიარება მოსარჩელის სასარგებლოდ და მოპასუხე სადავოდ არ ხდის 2016 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით გრაფიკით განსაზღვრული თანხების წინამდებარე სარჩელით ვადამდე მოთხოვნის მართებულობას, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მას სახელფასო დავალიანება.

 

2.7. საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ მისთვის გადასახდელი თანხების (მიყენებული ზიანი) არსებობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, რაც არ წარმოადგენს საკმარისს მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისათვის.

 

ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულებებით, დასაქმებულის ასეთი ტიპის ვალდებულება დადგენილი არ ყოფილა და, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას მასთან შრომითი ურთიერთობის პარალელურად ან შემდეგ, სხვა საწარმოში დასაქმების გამო, მისთვის ზიანის მიყენების შესახებ. ასევე, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემისა და აღნიშნულით მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

2.8. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება (იხ. საქ. უზ.სას. 27/10/2016წ. განჩინება საქმეზე №ას-268-255-2016).

 

შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც საქმეზე უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ 23/08/2016წ. შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა წარმოადგენს მოსარჩელის დაყოვნებულ ხელფასს 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, ხოლო შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 03 ივლისს, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაერიცხოს დარჩენილი დავალიანების - 9977 ლარისა და 10 თეთრის 0.07% გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან (03/07/2016წ.) 7 დღის გასვლის შემდეგ - საბოლოო ანგარიშსწორების ბოლო ვადიდან - 2016 წლის 10 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ვალდებული იყო დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. იგი ვალდებული იყო არ დაეშვა ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევდა დამსაქმებლის საწესდებო მიზნების განხორციელების შეფერხებას ან საქმიანი რეპუტაციის შელახვას. კერძოდ, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის პერიოდში, მოპასუხეს სახელშეკრულებო (ნარდობის) ურთიერთობა ჰქონდა შპს ,,ე---------------თან“. აღნიშნულმა პროექტმა მოპასუხე საწარმოს მოგების ნაცვლად დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა. ამასთან, მოსარჩელეს, მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე, ამავე კომპანიაში იკავებდა ჰიდროტქნიკოსის პოზიციას, რაც ეწინააღმდეგებოდა შპს ,,ელ----------------------ას“ კომერციულ ინტერესებს. აღნიშნულით, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რითაც სერიოზული ზიანი მიაყენა მოპასუხე საწარმოს.

 

მოსარჩელე, რომელიც 2014 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით დასაქმებული იყო შპს „ელ----------------------აში“, 2016 წლის 01 სექტემბრიდან შპს „ელ----------------------ასთან“ შეუთანხმებლად, პარალელურად იკავებს კონტრაქტორ კომპანიაში - შპს „ე---------------ში“ ინჟინერ ჰიდროტექნიკოსის პოზიციას, რაც იმ დროისათვის სრულიად ეწინააღმდეგებოდა შპს „ელ----------------------ას“ კომერციულ ინტერესებს.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებულ სახელფასო დავალიანებაზე პირგასამტეხლო - დავალიანების 0.07% ყოველ დაყოვნებულ დღეზე - დარიცხული უნდა იქნეს 2016 წლის 10 ივლისიდან - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (03.07.2016წ.) მე-7 დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ასევე წარმოადგენს ფაქტობრივ უსწორობას.

 

მართალია, შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 03 ივლისს, მაგრამ პირგასამტეხლოს ათვლა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან (03.07.2016წ) 7 დღის გასვლის შემდეგ არასწორია, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, დავალიანებაზე პირგასამტეხლოს ათვლა უნდა მოეხდინა არა 2016 წლის 10 ივლისიდან - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (03.07.2016წ.) მე-7 დღიდან, არამედ მოპასუხის მიერ 2016 წლის 23 აგვისტოს წერილობითი ფორმით მოსარჩელის წინაშე სახელფასო დავალიანების არსებობის აღიარების დღიდან, ვინაიდან აღნიშნული გარიგება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებულ ახალ ხელშეკრულებას.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სარჩელზე თანდართული, 2014 წლის 15 აპრილის შრომითი ხელშეკრულების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ მოსარჩელე შპს „ელ----------------------აში“ დანიშნული იყო საპროექტო ჯგუფის უფროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე, როგორც დასაქმებული, ვალდებული იყო დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ხოლო, ამავე ხელშეკრულების „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი ასევე ვალდებული იყო არ დაეშვა ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევდა დამსაქმებლის საწესდებო მიზნების განხორციელების შეფერხებას ან საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

 

მოსარჩელე ვერ უარყოფს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, შპს „ელ----------------------ას“ სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა შპს „ე---------------თან“, რომელი პროექტის განხორციელებაც იყო კომპანიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, მისი საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე შპს „ელ----------------------აში“ იყო წამყვანი თანამდებობის პირი, რომელსაც ევალებოდა კომპანიის მიმართ არსებული მოვალეობები შეესრულებინა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულმა პროექტმა შპს „ელ----------------------ას“ მოგების ნაცვლად მიაყენა დიდი მატერიალური ზიანი, რასაც მოჰყვა კომპანიაში ხელფასების გაუცემლობა და სხვა ფინანსური შეფერხებები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.8. პუნქტები).

 

4.2. უდავოა, რომ ვა---------------ე 2014 წლის 15 აპრილიდან დასაქმებული იყო შპს „ელ----------------------აში“ საპროექტო ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

4.3. ასევე უდავოა, რომ ვა---------------ის დარიცხული ხელფასი 2015 წლის 01 ივლისის შრომითი ხელშეკრულებით შეადგენდა 1875 ლარს, ხოლო 2016 წლის 04 იანვრის შრომითი ხელშეკრულებით - 1375 ლარს.

 

4.4. უდავოა, რომ 2015 წლის ივნისის თვის შემდგომ, დამსაქმებელს დასაქმებულისთვის ხელფასი არ მიუცია.

 

4.5. 2016 წლის 23 აგვისტოს მხარეები წერილობით შეთანხმდნენ სახელფასო დავალიანების ოდენობაზე და მისი გადახდის წესზე, კერძოდ, 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ვ---------------ის სახელფასო დავალიანება ჯამურად შეადგენდა 11977.1 ლარს (ხელზე ასაღები თანხა), რაც უნდა გადახდილიყო გრაფიკით, ყოველთვიურად 500 ლარის გადახდით. დავალიანების გადახდის პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით (ტ. І, ს.ფ. 39).

 

4.6. 2016 წლის 23 აგვისტოს შეთანხმების შემდგომ, ვა---------------ეს შეთანხმებული გრაფიკის დარღვევით აუნაზღაურდა მხოლოდ 2000 ლარი.

 

4.7. ვა---------------ესა და შპს ,,ელ----------------------ას“ შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 03 ივლისიდან.

 

4.8. შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. შრომის უფლება მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებით, შრომითი ხელშეკრულებებით და 2016 წლის 23 აგვისტოს შეთანხმებით დასტურდება, რომ აპელანტის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 11977.1 ლარს (ხელზე ასაღები თანხა).

 

საბანკო ანგარიშის ამონაწერით დადგენილია, რომ აპელანტმა მოსარჩელეს გადაურიცხა 2016 წლის 03 ოქტომბერს - 500 ლარი, 2016 წლის 15 ნოემბერს - 500 ლარი, 2016 წლის 09 დეკემბერს - 500 ლარი, 2016 წლის 30 დეკემბერს - 500 ლარი (ტ. І, ს.ფ. 40-41).

 

ამდენად, დღეის მდგომარეობით, მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 9977.1 ლარს, რაც მართებულად დაეკისრა აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

 

4.9. საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (სუსგ №ას-268-255-2016), განმარტა, რომ იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც:

ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი;

ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს;

გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მისთვის პირგასამტეხლო უნდა დაეკისრებინა არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მე-7 დღიდან, არამედ დამსაქმებლის მიერ სახელფასო დავალიანების წერილობით აღიარების დღიდან - 2016 წლის 23 აგვისტოდან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანების გადახდის შესახებ მხარეთა შეთანხმება არ ათავისუფლებს მოპასუხეს კანონისმიერი ვალდებულებისაგან გადაუხადოს დასაქმებულს პირგასამტეხლო დაყოვნებული ხელფასისთვის, მითუმეტეს, რომ დამსაქმებლის მხრიდან სახელფასო დავალიანების გადახდის გრაფიკი პირველივე გადახდიდანვე იქნა დარღვეული (2016 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად გადახდა განხორციელდა 2016 წლის 03 ოქტომბერს).

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა აპელანტს დაყოვნებული სახელფასო თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 ივლისიდან - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (03/07/2016წ.) მე-7 დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4.10. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 01 სექტემბრიდან სხვა კომპანიაში დასაქმებით დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სერიოზული მატერიალური ზიანი მიაყენა მოპასუხე საწარმოს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნას, რომ მოსარჩელე მოპასუხე საწარმოში დასაქმებული იყო 2016 წლის 04 ივლისამდე, შესაბამისად, 2016 წლის 01 სექტემბერს, როდესაც ის დასაქმდა სხვა კომპანიაში, აპელანტთან შრომით ურთიერთობებში აღარ იმყოფებოდა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2016 წლის 04 იანვრის შრომით ხელშეკრულებაზე, რომლითაც რაიმე შეზღუდვა მოსარჩელის სხვა კონკურენტ საწარმოში დასაქმებასთან დაკავშირებით დადგენილი არ ყოფილა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისადმი ზიანის მიყენების ფაქტს, აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელთაც ეყრდნობა მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპის თანახმად, თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომელზედაც მან მიუთითა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აპელანტის ვალდებულებას წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ ვა---------------ემ დააღვია დამსაქმებლის უფლებები და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა კომპანიას, რაც მან სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ განახორციელა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (ტ. ІІ, ს.ფ. 10-11).

 

6.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“)

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი სრულად უნდა აანაზღაუროს აპელანტმა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ელ----------------------ა“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

 

3. შპს „ელ----------------------ას“ ვა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა