განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002200934 - 1ბ/428-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
11 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ-------------ე, ნ------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ-----------–------ე (პ/ნომერი№0----------), დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული; ქ----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–---–------------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
ადვოკატი: მ------------–-–---–ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა და ითხოვა გ-----------–------ის დანმაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
გ-----------–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განაჩენით გ-----------–------ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით გ-----------–------ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 23:12 საათისთვის ქ.თბილისში, აბა–---–---------------- სადარბაზოს შესასვლელში არსებულ კიბეზე, გ-----------–------ემ ა---------–---–ს ხელიდან ჩამოგლიჯა და გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა კოსმეტიკა, პლასტიკური ბარათები და ხურდა ფული. გ-----------–------ის დანაშაულებრივი ქმედებით ა---------–---–ს მიადგა 53 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე გ-----------–------ემ 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 23:12 საათისთვის ქ.თბილისში, აბა–---–---------------- სადარბაზოს შესასვლელში არსებულ კიბეზე დაზარალებულ - ა---------–---–ს ხელიდან ჩამოგლიჯა და გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო კოსმეტიკა, პლასტიკური ბარათები და ხურდა ფული. გ-----------–------ის დანაშაულებრივი ქმედებით ა---------–---–ს მიადგა 53 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის:
დაზარალებულ - ა---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, ღამის საათებში, სამხედრო დასახლებაში არსებული მისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არსებული პირველი სართულის კიბის 4-5 საფეხურზე იგრძნო, რომ უკნიდან, მხრიდან ჩამოგლიძეს ჩანთა. უკან მიხედვისას დაინახა 17-25 წლამდე ასაკის, დაახლოებით 175 სანტიმეტრის სიმაღლის ბიჭი, რომელმაც წაართვა ყავისფერი ჩანთა, რომელშიც ედო კოსმეტიკის ჩანთა, საფულე, ბარათები, პირადობის მოწმობა, თანხა დაახლოებით 3 ლარამდე, სუნამო და გაიქცა. მას ძალიან შეეშინდა და არ გაეკიდა თავდამსხმელს. აღნიშნული შემთხვევის დროს დამნაშავის მიერ მასზე განხორციელებული ქმედების შედეგად ჯამში მიადგა მატერიალური ზიანი, დაახლოებით 53 ლარის ოდენობით. ასევე მიუთითა, რომ მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო პიროვნება, რომელმაც მოცემული შემთხვევის დროს წაართვა ჩანთა და რომელიც არის სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებული - გ-----------–------ე.
მოწმე ა-----------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს შსს ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება ა---------–---–ის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, რაზედაც დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით. ექსპერტებთან ერთად ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები. მიღებული ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოცემული დანაშაული სავარაუდოდ ჩადენილი უნდა ჰქონოდა გ-----------–------ეს, რომელიც შესაბამისი უწყების საფუძველზე დაბარებულ იქნა პოლიციის განყოფილებაში და დაიკითხა მოწმის სახით. ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმეტშიც, რა დროსაც ამოღებული იქნა ბრალდებულის მიერ ა---------–---–ისათვის მოცემული შემთხვევის დროს წართმეული ჩანთა და ჩანთაში მოთავსებული ნივთები.
მოწმე ზ--------------–---–ის და გ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობენ ქ.თბილისის საქსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში. სამორიგეო ნაწილში ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადდნენ ქ.თბილისში, ა--–---–--------------------------ის სადაბრაზოსთან. გამომძიებელთან, ექსპერტ-კინოლოგებთან და დაზარალებულთან ერთად მოახდინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც განხორციელდა შემთხვევის ადგილის დასურათება და გადაღებული ფოტო-სურათები გადაეცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცო და ოქმის სისწორე დადასტურა ხელმოწერით.
მოწმეების გ---------------------ს და ი-----–--------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებიდან 2017 წლის 20 ოქტომბერს კინოლოგიის სამსახურში მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ------–--–------–---–------ის მიმდებარედ არსებულ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გამომძიებელი. დაზარალებულის მიერ მითითებული ადგილებიდან, კერძოდ, დაზარალებულს სადაც გასტაცეს ჩანთა, მათ მიერ აქტივიზირებული ნახშირის მეშვეობით აღებული იქნა 1 ცალი სუნის კვალის ნიმუში, გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მივიდა N10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში დაილუქა სათანადო წესით და გადაეცა გამომძიებელს.
მოწმე შ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ შედგენილ იქნა ინფორმაციული პატაკი, რომლითაც ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი პირი იყო ბრალდებული გ-----------–------ე, ხოლო სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმეების ლ--------------–---–ის და გ-----------------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს საექსპერტო დაწესებულებაში მიღებული შეყტობინების საფუძველზე გ-----------–------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გავიდნენ ქ------–--–------–---–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. საცხოვრებული კორპუსის შესასვლელთან გ-----------–------ემ მიუთითა ადგილები, სადაც მოხდა დანაშაულებრივი ქმედებები, ეზოში აჩვენა ადგილი - პატარა ბუჩქნარი, სადაც იდო მუქი ფერის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ქალის კოსმეტიკური საშუალებები, ხურდა ფული - დაახლოებით 65 თეთრის ოდენობით, პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათი და ქაღალდის ფურცლები. აღნიშნულის შემდეგ, ჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები ამოღებული იქნა და დაილუქა სხვადასხვა პაკეტებში და დაესვა შესაბამისი შტრიხკოდები.
მოწმე ლ-–--------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ როგორც გამომძიებელმა 2017 წლის 26 ოქტომბერს, ქ------–--–------–---–-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში ჩაატარა ჩხრეკა, კერძოდ, მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე, როდესაც გამოცხადდა თანამშრომელთან - თ----------------ესთან ერთად, დახვდა ბრალდებულის დედა - ,,მ------“ და ბრალდებულის ადვოკატი, რომელთა მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება - საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ქურთუკი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეცვა დანაშაულის ჩამდენ პიროვნებას, ხოლო სხვა რაიმე ნივთი ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ ყოფილა.
მოწმე თ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო ქ------–--------–---–-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა „ზარას“ ფირმის შავი ფერის ქურთუკი, რომელიც ბრალდებულს ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს, ხოლო სხვა ნივთი საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.
მოწმე მ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა შ-------------–---–ი, შესაბამისი უწყების საფუძველზე პოლიციის განყოფილებაში დაბარებული იქნა გ-----------–------ე, რომელიც პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადების შემდეგ გამოკითხული იქნა მოწმის სახით, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ასევე, აღებული იქნა სუნის ნიმუში და ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება პირის ამოცნობა, რა დროსაც ა---------–---–მა ამოიცნო გ-----------–------ე, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მის მიერ, ხოლო ბრალდებულის დაკავების შემდეგ აღნიშნულის შესახებ აცნობა გ-----------–------ის ოჯახის წევრს.
გ-----------–------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ სრულად აღიარებს მის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს და ითხოვა დანაშაულის აღიარების და გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტი სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნეს სასამართლოს მიერ.
2015 წლის 2 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის N--------- განაჩენით გ-----------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვის და 15 დღის ვადით.
2015 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის N1/749 -15 განაჩენით გ-----------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ-----------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 4 თვის და 15 დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 4 თვით და 15 დღის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის N11-30/215წ განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა და მსჯავრდებულის გ-----------–------ეს ზემოაღნიშნული განაჩენების გათვალისწინებით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 4 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მისი დაკავების დღიდან - 2015 წლის 12 იანვრიდან.
2017 წლის 20 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა ქ------–--------–---–---------------------------ის სადარბაზოს შესასვლელი, რა დროსაც საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ხის კარების წინ ბეტონის ზედაპირიდან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში 1 ცალ ქილად, რომელიც მოთავსდა 0.5 ლიტრი ტევადობის მინის გამჭვირვალე ქილაში და დაილუქა სათანადო წესით. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის დათვლიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გადაღებულ იქნა ფოტო-სურათები, რომელიც ამოიბეჭდა, ხოლო ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია ჩაიწერა ლაზერულ დისკზე და გადაეცა გამომძიებელს.
2017 წლის 28 თებერვლის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N001/17-0638 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული გ-----------–------ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 წლით, 2 თვით და 26 დღით ადრე.
2017 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს MOC 81700851328 მიმართვით დგინდება, რომ გ-----------–------ეს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 1 მარტს და უსრულდება 2021 წლის 26 მაისს.
2017 წლის 26 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოცხრილით დგინდება, რომ გ-----------–------ე გამოძიებას უჩვენებს იმ ადგილს, საიდანაც მან 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაზარალებულს გასტაცა ხელჩანთა მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს გ-----------–------ე განუმარტავს ხელჩანთის გატაცების შემდეგ შესრულებულ მოქმედებებს და გადაადგილებას. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას გ-----------–------ის მიერ მითითებული ადგილ(ებ)იდან ამოღებული იქნა ყავისფერი ჩანთა, მომცრო ზომის ლურჯი ფერის ჩანთა და მასში არსებული კოსმეტიკური საშუალებები, ლითონის 4 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 5 თეთრიანი მონეტა და 1 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, ა---------–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მეტრომანი, ,,ნიკორას“ ბარათი და 2 ცალი ფურცელი.
2017 წლის 26 ოქტომბრის, სუნის ნიმუშის აღების, ოქმით დგინდება, რომ ქ------–--–----------------------ში მდებარე კონოლოგიის სამსახურში ექსპერტის მიერ გ-----------–------ისგან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 26 ოქტომბრის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა - ა---------–---–მა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი 3 პიროვნებიდან სიმაღლით, აღნაგობით, თმებით, წარბებით, ცხვირით, ხორბლისფერი პირისახით, საერთო გარეგნობით და იერით ამოიცნო გ-----------–------ე, რომელმაც ა---------–---–ის განმარტებით 2017 წლის 19 ოქტომბერს ამ უკანასკნელს გასტაცა ხელჩანთა.
2017 წლის 26 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ-----------–------ე.
2017 წლის 26 ოქტომბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ------–--–------–---–------------------------------ში ჩატარებული იქნა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში მდებარე დივანიდან ამოღებულ იქნა მუქი ფერის ე.წ. ,,კაპიშონიანი“ ქურთუკი, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების N27/13/3 ლუქით.
2017 წლის 27 ოქტომბრის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ ქ.-----–--–-----------–-----–----------–- მდებარე თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ექსპერტის მიერ გ-----------–------ისგან აღებულ იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 7 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22 -373 დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმესთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ გ-----------–------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
მოწმის სახით დაკითხულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტმა მ--------------ემ დაადასტურა მისმიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-373 დასკვნის სისწორე და მართებულობა.
2017 წლის 22 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) N007132917 დასკვნით დადგენილია, გენეტიკური კვლევით და ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით „1 ცალი მუქი ფერის ჩანთა დაზიანებულ მდგომარეობაში და 1 ცალი მცირე ზომის ჩანთა“, მოთავსებულ დიდი და მცირე ზომის ჩანთებზე (ობ. N1,2) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება გ-----------–------ის (ობ. N3, პაკეტი წარწერით „გ-----------–------ის სისხლის ნიმუში“) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) N007132917 დასკვნის სისწორე და ასევე მიუთითა, რომ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგორიული.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-----------–------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ-----------–------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. აღნიშნული ნორმის შინაარსობრივი მხარე, ასევე ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, დანაშაულებრივი ქმედების არაერთგზისად კვალიფიკაციისას ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად მკაფიოდ გულისხმობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს პირი უნდა იყოს ნასამართლევი, ანუ პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის არ იყოს გათავისუფლებული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა ჰქონდეს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, „ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით (მოცემულ მუხლებში 178-ე მუხლიც შედის) და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა“.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აუცილებელია, მოცემული მუხლით პირის მსჯავრდებას წინ უსწრებდეს პირის მიმართ ორი დამოუკიდებელი გამამტყუნებელი განაჩენი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მსჯავრდების ფაქტზე, რა დროსაც მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქმედების ზემოაღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის არსებობას, რომ ორივე განაჩენით მსჯავრდების შემდეგ, ბოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე პირი ითვლებოდეს ნასამართლობის მქონე პირად ორივე წინა განაჩენის საფუძველზე. ამასთან საყურადღებოა ის გარემოება, რომ პირს ორივე წინა განაჩენისთვის, ან თუნდაც ერთი განაჩენით მსჯავრდებულ პირს ნასამართლობა მოხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს, რადგან თუ პირს თუნდაც ერთი წინა განაჩენით საფუძველზე არსებული ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს ბოლო ქმედების ჩადენის დროისთვის, მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული გ-----------–------ე 2015 წლის 2 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის შემდეგაც მის მიმართ 2015 წლის 30 აპრილს დადგა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განაჩენის გამოტანამდე ჩადენილი ქმედებებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველ და მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს (შესაბამისად აღნიშნულ საქმეებზე განაჩენის გამოტანისას) გ-----------–------ე არ იყო ნასამართლობის მქონე პირი და ბოლო განაჩენით გ-----------–------ის ქმედება არ დაკვალიფიცირებულა (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება) არაერთგზის ჩადენილად (რაც სავსებით სწორი და კანონიერია).
ამავე დროს პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასჯელის განსაზღვრის განჩინებით, რითაც დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ გ-----------–------ეს ზემოაღნიშნული განაჩენების გათვალისწინებით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვის და 15 დღის ვადით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, სასამართლო ორი დამოუკიდებელი განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას განჩინების სამოტივაციო ნაწილში, სწორედაც რომ ყურადღებას ამახვილებს წინა ორი განაჩენების დროს მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულის ჩადენის დროებზე და უთითებს, რომ ბოლო განაჩენით მსჯავრდებისას გ-----------–------ის მიერ ჩადენილი ქმედება წინ უსწრებს ბრალდებულის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებისას დადგენილ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, რა დროსაც მსჯავრდებულის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სადაც მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ განაჩენის შემდეგ დადგინდა, რომ ბრალდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულში, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა სასჯელის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს აღნიშნული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, რა დროსაც საგულისხმოა, რომ აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიცია მკაფიოდ განსაზღვრავს დანაშაულთა ერთობლიობისას პირის მსჯავრდების წესებს/პირობებს.
პალატა ბრალდების მხარის პოზიციიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ ორი გამამტყუნებელი განაჩენის არსებობამ თავისთავად არ შეიძლება მოგვცეს ორჯელ ან მეტჯერ ნასამართლობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, თუ მაკავალიფიცირებელ ერთ განაჩენზე სასჯელის დანიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 მე-4 ნაწილით, ანუ როდესაც ფორმალურად არსებობს ორი განაჩენი, თუმცა სასჯელი ინიშნება დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესით და არა ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, ანუ რეალურად განაჩენთა ერთობლიობის დროს. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსში კანონმდებელი ცალსახად მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა განაჩენთა ერთობლიობა. შესაბამისად სახეზე არაა ორჯელ ნასამართლობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის განმარტების მხედველობაში მიღებით და მოცემულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი გარემოებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით ცალსახაა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულების ჩადენის დროს გ-----------–------ე ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაულთა ერთობლიობა) და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-----------–------ემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან.
გ-----------–------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.
სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი კანონის ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში, ხოლო ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმძიმეს.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება კანონით გათვალისწინებულ სასჯელს.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ყავისფერი ჩანთა, მომცრო ზომის ლურჯი ფერის ჩანთა, კოსმეტიკური საშუალებები, ხურდა ფული, ა---------–---–ის პირადობის მოწმობა, მეტრომანი, „ნიკორას“ ბარათი და 2 ცალი წარწერებიანი ფურცელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „ზარას“ ფირმის ქურთუკი, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
შემთვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, გ-----------–------ის სუნის და სისხლის ნიმუშები განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები - 1 ცალი ლაზერული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები - 1 ცალი ლაზერული დისკი, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-----------–------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გ-----------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასჯელის განსაზღვრის განჩინებით გ-----------–------ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, გ-----------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
მსჯავრდებულ გ-----------–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 ოქტომბრიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ-----------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ყავისფერი ჩანთა, მომცრო ზომის ლურჯი ფერის ჩანთა, კოსმეტიკური საშუალებები, ხურდა ფული, ა---------–---–ის პირადობის მოწმობა, მეტრომანი, „ნიკორას“ ბარათი და 2 ცალი წარწერებიანი ფურცელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „ზარას“ ფირმის ქურთუკი, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
შემთვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, გ-----------–------ის სუნის და სისხლის ნიმუშები განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები - 1 ცალი ლაზერული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები - 1 ცალი ლაზერული დისკი, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ვ. ლომიძე