განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.04.2018
საქმის ნომერი
330310016001602804
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001602804 (3ბ/2676-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ააიპ ,,მ–-------–------------’’, ზ-----–---–------, შ------------------

წარმომადგენლები - ნ-----------------, ი--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი- ლ--–-------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

წარმომადგენლები- მ-----------–-–---–-, გ---------–------

 

მესამე პირი - შპს ,,ე---------------’’

წარმომადგენლები - ნ------------

 

მესამე პირი - სს ,,სახელმწიფო ელექტროსისტემა’’

წარმომადგენელი - ლ----------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ააიპ ,,მ–-------–------------ს’’, ზ-----–---–------სა და შ------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის №------ წერილით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შპს ,,ე---------------ს’’ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით მასალები წარედგინა.

 

2.2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის №----- ბრძანებით ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად წარდგენილ შპს ,,ე---------------ს’’ ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შეიქმნა საექსპერტო კომისია.

 

2.3. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის №------- წერილის თანახმად, შპს ,,ე---------------ს’’ ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში და GIS Shape ფაილების მიხედვით, ფაილებში მითითებული 7------ კვ.მ. ფართობიდან „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული ეროვნული სახელმწიფო ტყის საზღვრების მიხედვით - 2------ კვ.მ. ფართობი მდებარეობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში. ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქმიანობა საჭიროებს შეთანხმებას ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან.

 

2.4. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2016 წლის 16 მაისის №---- წერილის თანახმად, შპს ,,ე---------------ს’’ ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შესწავლით დადგინდა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციულ გამოყენების ზონას ერთ მონაკვეთში, ხოლო (2 ადგილას) ტრადიციული გამოყენების და ვიზიტორთა ზონას კვეთს მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზის ბუფერი. მხოლოდ ერთ მონაკვეთზე (ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა) საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების თანახმად, სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობის ნებართვა. ხოლო 2 მონაკვეთზე, რომელსაც კვეთს მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზის ბუფერი, რაკი არ ხორციელდება არანაირი სამშენებლო სამუშაოები, არ უნდა განხორციელდეს უარყოფითი სახის ზემოქმედება, მათ შორის ტექნიკის გადაადგილება.

 

2.5. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის №------- წერილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ წარდგენილ შპს ,,ე---------------ს’’ ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საპროექტო ტერიტორიაზე სახელმწიფო ბალანსზე რიცხული სასარგებლო წიაღისეულის საბადო და წიაღით სარგებლობის ლიცენზიები არ ფიქსირდება.

 

2.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილისა და 17 მაისის ბრძანებებით „ქსნის“ ქვესადგურიდან 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდას“ კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემების შეთანხმების ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 20 მაისის, ხოლო ბოლოს 2016 წლის 27 მაისის ჩათვლით.

 

2.7. 2016 წლის 24 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ იქნა ეკოლოგიური ე----------------- დასკვნა შპს ,,ე---------------ს’’ მიერ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაციისათვის.

 

2.8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №----- ბრძანებით დამტკიცდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა №---------------–-- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ წარდგენილი შპს ,,ე---------------ს’’ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა განუსაზღვრელი ვადით, პირობით, რომ შპს ,,ე--------------მა’’ უნდა უზრუნველყოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №--------------წ.) გათვალისწინებული პირობების შესრულება.

 

2.9. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მ–-------–------------ს, ზ-----–---–------სა და შ------------------ს საჩივარი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №----- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის და მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ ქცეული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №----- ბრძანება არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მოცემული დავის ფარგლებში.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთი სახეა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ’’ კოდექსის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა; მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით. იმავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. იმავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებია უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა.

 

2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადამცემი ქსელი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. ზემოაღნიშნული დადგენილების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობები არის I კატეგორიის (მაგისტრალური) ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, I კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, I კატეგორიის რკინიგზა, I კატეგორიის საავტომობილო გზა, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, გვირაბები. იმავე წესის მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა ელექტროგადამცემი ხაზი (კვ) არის I კატეგორია – 330 კვ და მეტი. იმავე დადგენილების მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. ,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებია მაღალი ძაბვის (35 კვტ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა და ქვესადგურის (110 კვტ-ისა და მეტი ძაბვის) განთავსება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს ჩართვას სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-4-5 და მე-7 პუნქტების თანახმად: 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს; 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 სტადიაზე. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მშენებლობის ნებართვის ნაწილია (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა მშენებლობის ნებართვის პირობაა) და მშენებლობის ნებართვის მაძიებლისათვის ან მფლობელისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდში; 7. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები. ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლები ადგენენ გზშ-ს საჯარო განხილვის წესსა და გზშ-ს საჯარო განხილვის გაფორმების წესს. იმავე კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია: ა) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით) - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე; ბ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (ტექნიკური რეზიუმეს სახით). ეს დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით) - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე; დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად) - აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე; ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 15 აპრილის №------ წერილით სამინისტროს გაეგზავნა შპს ,,ე-------------ის’’ 2016 წლის 4 აპრილის №--- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია ქსანი-სტეფანწმინდის შემაერთებელი 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიზნით. წერილს ერთვოდა: 1. შპს ,,ე---------------ს’’ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, 2 ტომი; 2. 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების არატექნიკური რეზიუმე; 3. 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ტექნიკური რეზიუმე; 4. ქსნის ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ამდე 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 23.03.2016 წ. №----- ბრძანება და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; 5. ქსნის ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ამდე 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო დოკუმენტი (ტ. 3, ს.ფ. 335-336).

 

2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის თანახმად, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარდგენილ განაცხადში, წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სახით. 2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს; ბ) საქმიანობით გამოწვეული ზეგავლენის წყაროების, სახეებისა და ობიექტების დადგენას; გ) გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილებების პროგნოზს; დ) საქმიანობის შედეგად შესაძლებელი ავარიული სიტუაციების ალბათობის განსაზღვრასა და მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასებას; ე) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას; ვ) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზებს, საჭიროების შემთხვევაში, საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრას; ზ) ნარჩენი (კუმულატიური) ზეგავლენის, მისი კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდების განსაზღვრას; თ) პროექტების ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასების ჩატარებას; ი) პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის, ასევე დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების განსაზღვრას; კ) სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოს წინანდელ მდგომარეობამდე აღდგენის გზებისა და საშუალებების განსაზღვრას; ლ) საზოგადოების ინფორმირებასა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლას; მ) პროექტის განხორციელების შემდგომ სიტუაციის ანალიზის გეგმას; ნ) მოსალოდნელი ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენას; ო) დაგეგმილი საქმიანობიდან გამოწვეული რისკების ანალიზს (მშენებლობის ან/და ექსპლუატაციის ეტაპზე); პ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის აღწერას (მათ შორის - დანადგარის საპასპორტო მონაცემები); ჟ) გარემოზე დადგენილ ზემოქმედებათა ფაქტორების შედეგად მიღებული გარემოს მოსალოდნელი მდგომარეობის პროგნოზს; რ) საქმიანობის განხორციელებისა და მიმდინარეობის ეტაპისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა. 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან უნდა ერთოდეს: ა) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები იმ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, რომელთა კომპეტენციის სფეროსაც განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის პროექტირების სხვადასხვა სტადიის განხორციელებასთან დაკავშირებულ ცალკეულ ასპექტებზე; ბ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების განხილვის მასალები, ძირითად უთანხმოებათა აღწერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შერბილების ღონისძიებათა გეგმები; დ) ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით; ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე, არატექნიკური რეზიუმე, გრაფიკული და სხვა საილუსტრაციო მასალის თანდართვით საზოგადოების მონაწილეობის პროცესისა და ინფორმირების უზრუნველსაყოფად; ვ) იმ ორგანიზაციების ან საკონსულტაციო ფირმების დასახელება და იურიდიული მისამართები, რომლებიც მონაწილეობდნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებაში და მისი შედეგების მომზადებაში; ზ) მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნებისა და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე; თ) ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმები, ალტერნატიური ვარიანტების გათვალისწინებით; ი) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გარემოს არსებული მდგომარეობის მოკლე აღწერა; კ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატები, სიტუაციური რუკა და გენ-გეგმა, სადაც დატანილი იქნება საწარმოო მოედანი, დროებითი შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და ზემოქმედების წყაროები; ლ) საპროექტო გადაწყვეტათა შემუშავების პროცესში გამოყენებული ლიტერატურა (წყაროს მითითებით), საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი. მ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ნ) დაგეგმილი საქმიანობის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატიული ვარიანტები GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით და აღნიშნული გამონამუშევარის განთავსების შესახებ ინფორმაცია. 31) თუ ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან დაურთოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის“ 272-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნება „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. 4. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში საშუალებას უნდა აძლევდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, მართებულად შეაფასოს მიღებული საპროექტო გადაწყვეტა მისი ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეამოწმოს პროექტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან და შეზღუდვების მიღებულ სისტემასთან, შეადგინოს დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მიღებული ინფორმაციის უტყუარობისა და მის საფუძველზე მიღებული საპროექტო გადაწყვეტების მართებულობის შესახებ.

 

2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია. იმავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად: 1. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება საექსპერტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. 2. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია: ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს; ბ) ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს; გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს (მათ შორის, ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებს). 3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) შეესაბამება თუ არა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) რა სახის ნაკლოვანებებს შეიცავს ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია; გ) რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებები გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის; დ) შესაძლებელია თუ არა ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამოსწორება და თუ შესაძლებელია, რა გზით; ე) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს (საჭიროების შემთხვევაში). 4. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის შემადგენელი ნაწილი, ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა - სანებართვო პირობა, რომლის შესრულება სავალდებულოა გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებით დამტკიცებული ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის’’ №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ხორციელდება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები აისახება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ შეუძლებელი იყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზის დაზუსტებული მარშუტი და სამინისტროში წარდგენილი იყო მხოლოდ მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტები მხოლოდ ქსნის ქვესადგურიდან სოფელ ო-------ამდე. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში დაცული დოკუმენტები, რაც განხილულ იქნა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გასაცემად, შეიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მოცემულია ,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით. ამასთან, ზემოქმედების შეფასების ანგარიში სრულად შეიცავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ინფორმაციას. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომზადებული №--------–--------- დასკვნა სრულად შეიცავს იმ გარემოებებზე მითითებას, თუ რა პირობებზე დათქმით მომზადდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვისას. აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მოცემულია ანძების განთავსების სავარაუდო კორიდორი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების ნაწილში. ამასთან, გზშ-ს ანგარიშში გათვალისწინებულია მიწათსარგებლობაზე ზემოქმედების პირობები და ზემოქმედების აღმოფხვრის საშუალებები, როგორც სათანადო კომპენსაციის მიცემით შესაძლო გასახლების, ისე ელექტრული ველის სისტემატიური კონტროლის აუცილებლობების გათვალისწინებით (ტ. 2, ს.ფ. 110-149); გარდა ამისა, გზშ შეიცავს გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის გეგმას (ტ. 2, ს.ფ. 229-278), რომელიც როგორც სანებართვო პირობების შემადგენელი ნაწილი ასევე შეფასებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფარგლებში.

 

2.16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისთვის. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოსთვის. უარი ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებაზე უნდა დასაბუთდეს. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ყველა სხვა შემთხვევაში ექსპერტის დასკვნას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ადმინისტრაციული ორგანო მას აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისის პირობები არის სანებართვო პირობები. იმავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) განახორციელოს საქმიანობა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესაბამისად; ბ) საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდეგ შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ის ღონისძიებები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს ნებართვის გამცემი ორგანო; გ) მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე საწარმოს (ობიექტის) ექსპლუატაციისას, დაიცვას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობები; დ) საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად იქნება მიჩნეული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ან/და მოწონებული იქნება ექსპერტების მიერ, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ან/და მის პირობებში. იმავე კანონის მე-13 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა არ გაიცემა, თუ დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა არ გაიცემა, თუ განსახორციელებელ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა არსებობს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, გარემოსდაცვითი საქმიანობის სფეროში მოქმედი ნორმატიული ბაზა ადგენს გარკვეული პირობების გათვალისწინებით ეკოლოგიური ექსპერტიზის დამტკიცების შესაძლებლობას, რაც სავალდებულოდ შესასრულებელ ხასიათს იძენს საქმიანობის განმახორციელებელისათვის. ხსენებული საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებენ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის პირობებში მის დამტკიცებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. ამგვარი აუცილებლობა გამოწვეული უნდა იყოს ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი შინაარსით, ან დოკუმენტაციის უსრულობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. მხოლოდ ის გარემოება, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს სამომავლო საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს, თავად ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას კანონშუსაბამოდ არ აქცევს. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ვარაუდი, რომ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები სამომავლოდ არ შესრულდება ან არასათანადოდ შესრულდება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობაზე არ მიუთითებს. მოცემული დავის ფარგლებში ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შეიცავს პროექტის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებიდან საუკეთესო გზის არჩევის დასაბუთებას, ასევე ანგარიშში დეტალურად არის გაწერილი სამომავლოდ ანძების დიზაინის დამტკიცების შემდეგ მიწის სამუშაოების, შესაძლო ეროზიებისა თუ სხვა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მქონე პირობების შემარბილებელი ღონისძიებები. მათგან, უმრავლესი ღონისძიება შემუშავებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ანგარიშის წარდგენის შემდეგ სამინისტროს მიერ გაცემული შენიშვნების გათვალისწინებით (ტ. 2, ს.ფ. 305-311). გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში ასევე გათვალისწინებულია პროექტის სავარაუდო მარშუტის მიერ მოცული მიწის სავარგულებისა თუ კერძო საკუთრებების ოდენობა და სახეობები, დადგენილია აუცილებლობის შემთხვევაში მათი კომპენსირების წესი (ტ. 2, ს.ფ. 141-149).

 

2.17. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ე---------------ს’’ მიერ შედგენილი გარემოზე ზემოქმედების ანგარიში ასევე შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სექტორულ გზამკვლევში ასახულ ძირითად პრინციპებს. მათ შორის, აღნიშნული გზამკვლევი უთითებს გზშ-ს შესაბამისობის აუცილებლობას ეროვნულ სტრატეგიასთან. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-32 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების მიზანია გადამცემი ქსელის საიმედოობა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა. განსახილველ შემთხვევაში სს ,,სახელმწიფო ელექტროსისტემასა’’ და შპს ,,ე---------------ს’’ (პროექტის მართვაზე ვალდებული პირი) მიერ დაგეგმილი 500 კვ ქსანი-სტეფანწმინდა გადამცემი ხაზი: 1. უზრუნველყოფს მშენებარე ჰირდროელექტროსადგურების მიერთებას ნაციონალურ გადამცემ ქსელთან; 2. გააძლიერებს საქართველოს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით ენერგოტრანზიტის დერეფნის როლს; 3. გააუმჯობესებს ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას მცხეთა-მთანეთის რეგიონში, აღნიშნული რეგიონის, როგორც რეკრიაციული და საკურორტო ზონის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (ტ. 1, ს.ფ. 171, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ). აღნიშნული გადამცემი ხაზის პროექტი ასევე შეადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №382 განკარგულებით დამტკიცებული ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილს, კერძოდ, გეგმაში განხილულია საქართველოს ენერგო-ინფრასტრუქტურის ქსელისა და ურთიერთდა-მაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, კერძოდ: ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - „შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის იმპლემენტაციის გაგრძელება, მათ შორის მუშაობის დაწყება 400 კილოვოლტიან გადამცემზე საქართველო (ახალციხე) - თურქეთი (ბორჩხა), აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, და საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაუმჯობესება (მათ შორის, განხორციელებულია სამუშაოები ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეკონსტრუქციის მიზნით: 220 კვ. „ახალციხე – ბათუმი“-ს ორჯაჭვა ეგხ-ს, 500 კვ. ეგხ-ს „ქსანი-სტეფანწმინდა“ („ყაზბეგი 500“), 220 კვ. „აჯამეთი 3“ ეგხ-ს და 220 კვ. ეგხ–ს მშენებლობა). საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №103 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის 1.8. პუნქტში მოცემულია, რომ გადამცემი ქსელის 2017-2027 წლების 15 პროექტის შეფასება მოხდა CBA მეთოდოლოგიით, რომლითაც გაანალიზებული იქნა თითოეული პროექტის მიერ მოსატანი სარგებელი, მისთვის გასაწევი ხარჯები (ინვესტიციები) და გარემოზე ზემოქმედება. CBA მეთოდოლოგიით შეფასების თანახმად, ყველაზე მაღალი რეიტინგის (და საჭიროების) პროექტებია: 1) „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხე“, რომელიც ახდენს 2100 მგვტ-მდე სიმძლავრის მქონე ჰესების ინტეგრაციას, ზრდის ქსელის გამტარუნარიანობას, საიმედოობას და უზრუნველყოფს №-1 კრიტერიუმის შესრულებას; 2) „ქსანი-სტეფანწმინდა-მოზდოკი“, რომელიც აძლიერებს რუსეთთან პარალელური მუშაობის საიმედოობას, ამაღლებს საქართველოს ქსელის მდგრადობას და ახდენს 170 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესების ინტეგრაციას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №343 დადგენილებით დამტკიცებული 2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის თანახმად, გზშ განვითარების პროექტებში გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, განსაკუთრებით სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების საჭიროების პირობებში, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, გზშ-ს პროცესი არასაკმარისად ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების საკითხებს. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში განხილულია სწორედ ის საკითხები, რაც აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით მნიშვნელოვნად არის მიჩნეული სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისათვის (ტ.110-149). კერძოდ, აღნიშნული გზშ შეიცავს ბიომრავალფეროვნების შესახებ დეტალურ კვლევასა და მათზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებს (ტ. 1, ს.ფ. 322-დან ტ. 2, ს.ფ. 1-109).

 

2.18. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა შპს ,,ე---------------ს’’ მიერ „სამრეწველო სიხშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლების დაცვის სანიტარული ნორმებისა და წესების №--------’ გამოყენების დაუშვებლობაზე, ვინაიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 30 იანვრის ბრძანებით დროებით ძალაში დარჩა 1992 წლამდე მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ეს უკანაკნელი შეჩერდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №----- ბრძანების დამტკიცების შემდეგ. ხსენებული დოკუმენტის მოქმედებას არ ითვალისწინებს საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 18 თებერვლის №------- ბრძანებაც. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №259/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ’’ 2.2.4. სანწდან-ს I თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ნორმატიული დოკუმენტის - „სამრეწველო სახშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის სანიტარიული ნორმები და წესები №-------” მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხდების შემდეგ 1992 წლამდე მოქმედი №------- სანიტარული ნორმების და წესების გამოყენება ამტკიცებს მოცემული დავის მიმართ შპს ,,ე---------------ს’’ მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის კანონშეუსაბამობას, საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ ნორმებზე მითითებას შეიცავს დღეს მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მხოლოდ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შედგენილი იყო ძალადაკარგული ნორმის გათვალისწინებით, თუმცა არ მიუთითებია სხვა რაიმე დღეს მოქმედ, თუნდაც საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ განსხვავებულ წესზე, რომელიც შესაძლოა უფრო ზუსტად დაადგენდა ელექტრული ველის ფარგლებში მცხოვრებ მოსახლეობასა თუ გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებებს. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სექტორულ გზამკვლევში აღნიშნულია, რომ ელექტრული და მაგნიტური ველების უპირობო უარყოფითი გავლენა ხანგრძლივი კვლევების მიუხედავად ცალსახად დადგენილი არ არის.

 

2.19. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების თანახმად: 2. დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე. მათ შორისაა შემდეგი საკითხები: ა) შემოთავაზებული საქმიანობა და განაცხადი, რომელზეც იქნება მიღებული გადაწყვეტილება; ბ) შესაძლებელი გადაწყვეტილებების ხასიათი ან გადაწყვეტილების პროექტი; გ) ხელისუფლების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე; დ) გათვალისწინებული პროცედურა იმის ჩათვლით, თუ როდის და როგორ იქნება ეს ინფორმაცია მოწოდებული; I) პროცედურის განხორციელების დაწყება; II) საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობანი; III) ნებისმიერი წინასწარ დაგეგმილი სახალხო მოსმენის დრო და ადგილი; IV) მითითება ხელისუფლების ორგანოდან, საიდანაც სათანადო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და სადაც ეს ინფორმაცია იგზავნება საზოგადოებისათვის განსახილველად; V) შესაბამისი ხელისუფლების ორგანოს ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყების მითითება, რომელსაც შესაძლებელია გაეგზავნოს შენიშვნები, კითხვები და მათი წარდგენის განრიგი; VI) მითითება იმის შესახებ, თუ შემოთავაზებულ საქმიანობასთან დაკავშირებული რომელი გარემოსდაცვითი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი; და ე) ფაქტი, რომ საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეროვნულ თუ ტრანსსაზღვრო პროცედურას. 3. საზოგადოების მონაწილეობის პროცედურები სხვადასხვა ფაზებისათვის ითვალისწინებს გონივრულ ვადებს, რითაც ზემოთ, მეორე პარაგრაფის შესაბამისად იძლევა საკმარის დროს საზოგადოების ინფორმირებისათვის და გარემოს დაცვის საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური მომზადებისა და მონაწილეობისათვის. 4. ყოველი მხარე უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამავე კოდექსის VI თავი ადგენს ადმინისტრაციული წარმოების წესსა და პროცედურებს. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ადგენს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურას, ხოლო მე-7 მუხლში მოცემულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების გაფორმების წესი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ შპს ,,ე---------------ს’’ მიერ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებისას მოეწყო საჯარო განხილვა და საზოგადოებასთან კონსულტაციები, რაც ასახულია სათანადო ოქმში (ტ. 2, ს.ფ. 281-304). გარდა ამისა, უშუალოდ სამინისტროს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას შედგა ორი შეხვედრა დაინტერესებულ პირთა მოწვევის უზრუნველყოფით, როგორც უშუალოდ ჩართული პირების (ტ. 344-374), ისე სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტაციის გამოქვეყნებით (ტ. 4, ს.ფ. 11). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უზრუნველყოფილ იქნა საკითხის განხილვის საჯაროობა და მასში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა.

 

2.20. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული დავის წამოჭრის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით. იმავე კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესი, - სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება ქვემდებარეობის წესით, არ გულისხმობს ვალდებულებას საქართველოს მთავრობის მიერ შემოწმდეს სამინისტროების მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტის კანონიერება ან მიზანშეწონილობა საჩივრის ფარგლებში, არამედ, იმავე კანონის 31-ე მუხლთან ერთად ადგენს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე ან საკუთარი ინიციატივით განახორციელოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგიის, ან კანონშეუსაბამობის მოტივით ქვემდგომი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადდების პროცედურა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საჩივარი წარდგენილი იყო არა საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, როგორც ეს დადგენილია ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, არამედ დაინტერესებული პირების მიერ, რომელთაც უკვე გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დამტკიცების თაობაზე მინისტრის გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა ჰქონდათ. ამდენად, რაკი ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას განიხილოს ეკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები საქმიანობის განახორციელებლის პრეტენზიასთან მიმართებით, ასევე დაინტერესებული პირების მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან მიმართებით დასმული საკითხების განხილვა სასამართლოს პრეროგატივაა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მსგავსი პროცედურის აუცილებლობას არც ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ კონვენციის მე-9 მუხლი არ ითვლისწინებს, არამედ ადგენს შესაძლებლობას ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე განხილვის პროცედურა.

 

2.21. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელით, ახსნა-განმარტებით, მტკიცებულებების გამოკვლევითა და საპაექრო სიტყვით მხარის მიერ ცალსახად დადასტურდა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელის მიერ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არ იყო შედგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რითაც უხეშად იყო დარღვეული „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესი, სასამართლომ მაინც არ იმსჯელა აღნიშნულ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში სასამართლოს მიერ არც ერთი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებების ჩამონათვალში არ მიუთითებია. ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რაც აუცილებლად განაპირობებდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, არც ადმინისტრაციულმა ორგანომ და არც სასამართლომ დადგენილი წესით არ გამოიკვლია და არც შეაფასა.

 

3.2. აპელანტების განმარტებით, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს; ბ) საქმიანობით გამოწვეული ზეგავლენის წყაროების, სახეებისა და ობიექტების დადგენას; გ) გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილებების პროგნოზს; დ) საქმიანობის შედეგად შესაძლებელი ავარიული სიტუაციების ალბათობის განსაზღვრასა და მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასებას; ე) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას; ვ) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზებს, საჭიროების შემთხვევაში, საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრას; ზ) ნარჩენი (კუმულატიური) ზეგავლენის, მისი კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდების განსაზღვრას; თ) პროექტების ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასების ჩატარებას; ი) პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის, ასევე დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების განსაზღვრას; კ) სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოს წინანდელ მდგომარეობამდე აღდგენის გზებისა და საშუალებების განსაზღვრას; ლ) საზოგადოების ინფორმირებასა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლას; მ) პროექტის განხორციელების შემდგომ სიტუაციის ანალიზის გეგმას; ნ) მოსალოდნელი ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენას; ო) დაგეგმილი საქმიანობიდან გამოწვეული რისკების ანალიზს (მშენებლობის ან/და ექსპლუატაციის ეტაპზე); პ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის აღწერას (მათ შორის – დანადგარის საპასპორტო მონაცემები); ჟ) გარემოზე დადგენილ ზემოქმედებათა ფაქტორების შედეგად მიღებული გარემოს მოსალოდნელი მდგომარეობის პროგნოზს; რ) საქმიანობის განხორციელებისა და მიმდინარეობის ეტაპისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა. აპელანტების მითითებით, განსახილველად წარდგენილი დოკუმენტი არ მოიცავდა ზემოთჩამოთვლილ ინფორმაციას, რასაც მოწმობს 2016 წლის 24 მაისის ეკოლოგიური ე----------------- დასკვნის პირობები - საქმიანობის განმახორციელებელს დაევალა თითქმის ყველა საკითხზე ინფორმაციის წარმოდგენა მშენებლობის დაწყებამდე. თავად განსახილველ დოკუმენტში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეუძლებელია იმის გამო, რომ პროექტი არ არის ბოლომდე შემუშავებული. მაგ: ტომი II, გვერდი 31: „ტექნიკური მონაცემები - ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი ელექტროგამცემი ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია; - დღეის მდგომარეობით, ცნობილია ელექტროგამცემი ხაზის ანძების განლაგების 208 სავარაუდო წერტილი (შემდგომში „ანძების რეკომენდებული წერტილები” ან „ანძების წერტილები”); - კუთხის ანძების რაოდენობა - უცნობია; - ნომინალური მანძილი ანძებს შორის - მითითებული არ არის; - ჯაჭვების (შლეიფების) რაოდენობა - ორი; - კაბელები - ალუმინის; - ანძი - ვერტიკალური, ცხაურიანი, ერთწრედიანი, ორშლეიფიანი. აპელანტების მითითებით, ტექნიკური პროექტის ზოგიერთი დეტალი მათთვის ჯერაც უცნობია. მაგალითად: - ახალი მისადგომი გზების რაოდენობა და მათი მდებარეობა; თითოეული - გზის სიგრძე და სიგანე; - მასალების შესანახად განკუთვნილი უბნების რაოდენობა და სიფართე (გროვები, დამხმარე ნაგებობების მოწყობა და სხვ.); - სამშენებლო სამუშაოების დრო კონკრეტულ უბნებზე და სხვ. - მიწის ზედაპირის წმენდის სამუშაოები; - იზოლატორის კონკრეტული ტიპი და სხვ. აპელანტების მითითებით, მეზობელ ანძებს შორის არსებული მანძილისა და მათ შორის მიწის ზოლის ზედაპირის ტოპოგრაფიის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ავტორებს ანძების ყველა საჭირო წერტილი რუკებზე დატანილი არ აქვთ. მიწის ზედაპირის წმენდითი სამუშაოები, ,,ფაზათშორისი” მანძილი, ანძებისა და იზოლატორის ზუსტი ტიპები მოწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებული არ არის. არაფერია ნათქვამი ფრინველების დამცავ ტრავერსაზე იზოლატორების გირლანდებს ზემოთ, რათა თავიდან იქნას აცილებული ფრინველების დაფრენა ტრავერსაზე იზოლატორებს ზემოთ. უცნობია შემოთავაზებული ხრეშის მუდმივი და დროებითი მისასვლელი გზების რაოდენობა, მდებარეობა და სიგრძე“.

 

3.3. აპელანტების განმარტებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან ასევე უნდა ერთოდეს: ბ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების განხილვის მასალები, ძირითად უთანხმოებათა აღწერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); - არ ახლავს; გ) გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შერბილების ღონისძიებათა გეგმები; - ზეგავლენების შერბილების ღონისძიებები ვერ იქნება წარმოდგენილი ზეგავლენის შეფასების გარეშე; დ) ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით; - არ ყოფილა წარდგენილი; ზ) მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნებისა და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე; - არ ყოფილა წარდგენილი; თ) ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმები, ალტერნატიური ვარიანტების გათვალისწინებით; - არ ყოფილა წარდგენილი; ნ) დაგეგმილი საქმიანობის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატიული ვარიანტები GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით და აღნიშნული გამონამუშევარის განთავსების შესახებ ინფორმაცია, რაც არ ყოფილა წარდგენილი. აპელანტების განმარტებით, წინა პუნქტში ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ასევე დაარღვია „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, რომლის თანახმად, „ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია: ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს; ბ) ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს; გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს (მათ შორის, ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებს). აპელანტების მოსაზრებით, რომ ჩამოთვლილთაგან არათუ ყველა (როგორც ამას კანონი ითხოვს), არამედ არცერთი მოთხოვნა არ ყოფილა დაცული. კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტი არ მოიცავდა GIS ანგარიშისათვის სავალდებულო ინფორმაციას; პროექტის ზემოქმედება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ ყოფილა შეფასებული დაზუსტებული პროექტის არ არსებობის გამო; ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ნაცვლად წარდგენილი იყო თეორიული დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გეგმა. აპელანტების მითითებით, არასწორია და არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (გადაწყვეტილების მე-12 გვ. პირველი აბზაცი) წარმოდგენილი დასკვნა მოსარჩელის საფუძვლიანი, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებზე დაფუძნებული მოსაზრების არ გაზიარებასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელი იყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზის დაზუსტებული მარშრუტი და სამინისტროში წარდგენილი იყო მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტები მხოლოდ ქსნის ქვესადგურიდან სოფელ ოქუაანამდე. აპელანტებმა განმარტეს, რომ „გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ნებართვის მაძიებელის მიერ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის ბრძანების მე-6 მუხლით ასევე იმპერატიულად არის განსაზღვრული ის პირობები, რომელსაც უნდა მოიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და რომლის არარსებობაც უცილობლად განაპირობებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. აპელანტების მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც დასახელებული ნორმით ჩამოთვლილთაგან არა თუ ყველა (როგორც ამას კანონი ითხოვს), არამედ არცერთი მოთხოვნა არ ყოფილა დაცული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტი არ მოიცავდა გზშ ანგარიშისათვის სავალდებულო ინფორმაციას, პროექტის ზემოქმედება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ ყოფილა შეფასებული დაზუსტებული პროექტის არ არსებობის გამო, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ნაცვლად წარდგენილი იყო თეორიული დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გეგმა, არასწორია სასამართლოს დასკვნა (გადაწყვეტილების მე-13 გვ. ბოლო აბზაცი) მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი შინარსი ან დოკუმენტაციის უსრულობა, რაც განაპირობებს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. აპელანტების მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და საქმის სასამართლო განხილვით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ სახეზეა სწორედ ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი შინაარსი და დოკუმენტაციის უსრულობა, რის გამოც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებიდ დაცვის სამინისტროს, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანო და არ აქვს უფლება კანონსაწინააღმდეგოდ განახორციელოს მინიჭებული საჯარო უფლებამოსილება, განსახილველი მოცემულობის პირობებში, ნაცვლად ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებისა, უნდა მიეღო გადაწყვეტილება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3.4. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან და ცალმხრივად, ტენდენციურად არის შეფასებული. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე” პრიმა ქვეპუნქტების მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 249-ე მუხლი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია შემოფარგლულია საქართველოს საკანონმდებლო ნორმების აღწერით, ისე, რომ მასში ასახული არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული სამართლებრივი შეფასებები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია გადაწყვეტილებაში მითითებული ნორმების აღწერის მიზანი და დანიშნულება. აპელანტების მითითებით, გადაწყვეტილებაში ნორმების შინაარსის დაწვრილებით აღწერა არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ ნორმების გამოყენებას, მით უფრო სასამართლოს მიერ მის გამოყენებასა და კონკრეტული სადავო შემთხვევის სამართლებრივ შეფასებასა და ანალიზს.

 

3.5. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლომ არ შეამოწმა და არ შეაფასა სარჩელში, ახსნა-განმარტებასა და საპაექრო სიტყვაში წარმოდგენილი საფუძვლიანი პრეტენზიები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე სწორად არ შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლები. მითითებული საპროცესო დარღვევების გამო ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად საქმეზე გამოტანილია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.

 

3.6. აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გუსლიხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. აპელანტების მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ამომწურავად, სრულყოფილად შეფასების შესახებ და არის სრულიად დაუსაბუთებელი, რის გამოც სასამართლომ უხეშად დაარღვია აღნიშნული საერთაშორისო აქტის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

3.7. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს კონსტიტუციის 15.1 მუხლი, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი და 37.3 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. ქვეყნის მოქალაქეების ამ უფლებების დაცვისა და ასევე, კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის თანახმად ექვემდებარება რეგულირებას. აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი დაკავსირებულია მაღალი (500 კვ) ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტთან, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების (№57, 2009 წლის 24 მარტი) თანახმად, მიეკუთვნება V კლასის შენობა-ნაგებობას. საგულისხმოა, რომ V კლასის შენობა-ნაგებობების მთავარი განმსაზღვრელი არის რისკის მომეტებული ფაქტორი. სწორედ მომეტებული რისკის გამო, პროექტის მშენებლობის/განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ადრეულ (მეორე) ეტაპზევე აუცილებელი პირობაა პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს სწორედ დასახელებულ ნორმებთან მიმართებაში უნდა განეხილა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი, რაც არ განუხორციელებია და შედეგად გამოტანილია უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.

 

3.8. აპელანტების მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის მე-5 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამინისტრო მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 სტადიაზე გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. საქმეზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და საშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართვის (2016 წლის 15 აპრილის №------ წერილი) საფუძველზე. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა და შესაბამისად, პირველ ეტაპზე მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დადგენილი იყო „ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ამდე 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის. მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩართო „ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---------მდე 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით - ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრო მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 სტადიაზე გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ კი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განიხილა ქსნიდან სტეფანწმინდამდე 500 კვ. ხაზის მშენებლობის საკითხი. საგულისხმოა ისიც, რომ სადაო აქტის გამოცემის მომენტში დუშეთის რაიონის სოფელ ო-------ადან სტეფანწმინდამდე ხაზის მშენებლობის პროექტი არ არსებობდა და არც მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იყო დადგენილი - ამ მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება სსიპ ტექნიკური და საშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში გასაჩივრებული აქტის გამოცემიდან 5 თვის შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბერს დაიწყო. ამდენად, აპელანტების მოსაზრებით, სახეზეა როგორც ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევა, ისე სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ ორგანოებზე სასამართლო კონტროლის ფუნქციის განხორციელების უხეში იგნორირება, რაც ცალსახად მიუთითებს საქმის განმხილველი სასამართლოს დაბალ კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზე. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს კიდევ უფრო მეტად ამყარებს სასამართლოს მეტად ,,ორიგინალური’’ დასკვნა იმის შესახებ, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს სამომავლო საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს, თავად ეკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას კანონშეუსაბამოდ ვერ აქცევს და გარემოსდაცვითი კანონმდებლობითი საქმიანობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტები თურმე არ ითვალისწინებენ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის პირობებში მის დამტკიცებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. სასამართლოს აღნიშნული დასკვნებით დასტურდება, რომ სასამართლოს საერთოდ არ აქვს შესწავლილი საქმე (სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის სტადიის გამოტოვებით პირდაპირ პაექრობის სტადიაზე გადავიდა, მხოლოდ მოსარჩელის დაჟინებული მოთხოვნით გახდა იძულებული მოესმინა წინა სასამართლო სხდომის ოქმი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა მტკიცებულებების გამოკვლევის სტადიას ისე, რომ მხარეებისათვის ბოდიშიც კი არ მოუხდია მის მიერ მხარის საპროცესო უფლების უხეში დარღვევის მცდელობის გამო, რომელსაც ვერ მიაღწია. აპელანტების მითითებით, მთელი სასამართლო სხდომების მიმდინარეობა სამაგალითო დადასტურებაა იმისა, როგორ არღვევს სასამართლო სხდომის წარმართვის პროცედურებს, როგორ აყენებს სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში მოსარჩელეებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში. სასამართლოს საერთოდ არ აქვს გააზრებული გარემოსდაცვითი საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა განსახილველ შემთხვევასთან მიმართებაში. იმ პირობებში, როდესაც სარჩელი, ახსნა-განმარტება, მტკიცებულებების გამოკვლევა, საპაექრო სიტყვა ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შედგენილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როდესაც სასამართლო ერთმანეთისაგან ვერ ,,არჩევს’’ კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრულ პირობებს, რომელსაც უნდა პასუხობდეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიში იმ სამომავლოდ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებისაგან, მხოლოდ ის გარემოება, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს სამომავლო საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს, აღნიშნული ვერ გადააქცევს მას კანონშეუსაბამოდ. ანუ, სასამართლომ ,,მოხერხებულად’’ დაალაგა ფაქტობრივი გარემოებები იმგვარად, რომ თითქოსდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შედგენილია კანონშესაბამისად და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დადებითი გადაწყვეტილების მიღების ყველა პირობა დაცული იყო, მაშინ, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგოდ მიღების უდავო ფაქტი დადასტურდა და რაც ცალსახად მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს მიერ სასკ-ის 17.2 მუხლის დანაწესის გამოუყენებლობას, რადგანაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმეზე ვერ წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად ვარგისი და წონადი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდ, რომ მან თავი გაართვა მტკიცების ტვირთს.

 

3.9. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის პირველი, მესამე და მეექვსე მუხლების მოთხოვნა. კონვენციის პირველი, მესამე და მეექვსე მუხლების მოთხოვნის დარღვევას ადასტურებს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის თ------–----–--ის 2016 წლის 19 დეკემბრის წერილი №----------ე ფურცელი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნუმერაციით). გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის ეტაპზე (ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე) გზშ-ს ანგარიშის განხილვა ვერ მოეწყობოდა სამინისტროს ორგნიაზებით, ვინაიდან „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, საჯარო განხილვას მართავს საქმიანობის განმახორციელებელი. მართალია, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის განმართებაში რთულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა, თუმცა ის ადასტურებს კონვენციის მოთხოვნების დარღვევას.

 

3.10. აპელანტების მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მ-----------ის 2016 წლის 15 მარტის №---- წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილეს ბატონ ა--------------ს. მინისტრის მოადგილე წერილში აღნიშნავს, რომ „ვინაიდან „ე---------------ს“ ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი-სტეფანწმინდას“ ქსნის ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---------მდე (პკ.0+პკ.327+44-მდე), 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მონაკვეთი წარმოდგენილია განსხვავებული კოორდინატებითა და შესაბამისად განსხვავებული, შემცირებული ტრასით, აღნიშნულმა პროექტმა თავიდან უნდა გაიაროს წინასწარი/საჯარო განხილვის ეტაპი“. პროექტს საჯარო განხილვის ეტაპი თავიდან არ გაუვლია, რაც „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის“ შესახებ კანონის მე-6 მუხლის უხეში დარღვევაა. შესაბამისად, აპელანტების წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის 27 მაისის ბრძანება №----- გამოცემისას დაარღვია როგორც „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის, ასევე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის“ შესახებ კანონის დასახელებული ნორმის მოთხოვნები საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. სწორედ საზოგადოების მონაწილეობის ვალდებულების უგულებელყოფის, ადგილობრივი პირობების გაუთვალისწინებლობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების გაუთვალისწინებლობის შედეგი იყო პროექტის განმახორციელებლსა და ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას შორის წარმოქმნილი კონფლიქტები და არაერთი პროებლემა, რომლის შესახებ ინფორმაცია დამატებით არის წარდგენილი საქმეზე და რომელიც სასამართლომ მტკიცებულების სახით დაურთო საქმეს, მაგრამ არ წაიკითხა და არც შეისწავლა და საერთოდ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღებისას.

 

3.11. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა: - ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, რომლის თანახმად, „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია: ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს; ბ) ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს; გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს (მათ შორის, ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებს)“. -,,გარემოზე ზემქომედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. -,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მაძიებელს მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარედგინა შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია: ა) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით) - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე; - აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა ამ ეტაპზე არსებობდა მხოლოდ „ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ამდე, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოება სწორედ ამ პატარა მონაკვეთს ეხებოდა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე; აპელანტების წარმომადგენლის განმარტებით, საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება კანონის არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. იგივეს ადასტურებს გასაჩივრებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები, რომლის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელს კანონის მოთხოვნების შესრულება მშენებლობის დაწყებამდე გადაუვადდა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებისა და დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე თვალის დახუჭვისა და ამ მოთხოვნების ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ შესრულების დავალებულების უფლებას სამინისტროს კანონი არ აძლევს. დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი; - აპელანტების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები ასევე არ ყოფილა განსაზღვრული - ინფორმაცია უბრალოდ არ ყოფილა წარდგენილი - რაც არ არის გასაკვირი პროექტის არ არსებობის პირობებში. აპელანტების განმარტებით, ვინაიდან საქმიანობის ზუსტი ადგილი და გარემოება არ იყო გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ცნობილი, შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტაციაც ვერ ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს; აღნიშნულის შესახებ თავად წერს საქმიანობის განმახორციელებელი წარდგენილ დოკუმენტებში და ეს დოკუმენტები განხილული იქნა სასამართლოს მიერ. ასევე, წარდგენილი დოკუმენტაციაში არ იყო გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებები, განსაკუთრებით ეს ეხება ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებს. გარდა იმისა, რომ ამ ინფორმაციის არ არსებობის დემონსტრირება მოხდა აპელანტების მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, იგივეზე მიუთითებს გასაჩივრებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები, რომლის თანახმად, ავარიული სიტუაციების მართვის გეგმის წარდგენილ ვალდებულება მშენებლობის დაწყებამდე გადაუვადდა. აპელანტების მითითებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაცემულია 500 კვ ეგხ-ს მმშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. თუმცა, საქმიანობის განმახორციელებლი თავად მიუთითებს დოკუმენტაციაში, რომ არ განიხილავს მშენებლობის საკითხებს, ვინაიდან მშენებლობის ორგანიზებას კონტრაქტორი კომპანია გააკეთებს და უცნობია სამშენებლო ბანაკების, მისასვლელი გზების და მოედნების მშენებლობის საკითხები. ასევე, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში საერთოდ არ არის განხილული უკვე აშენებული ხაზის ექსპლუატაციის გავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე. ამდენად, რა საქმიანობის ზეგავლენა ჩათვალა სამინისტრომ დასაშვებად და გასცა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, არც დოკუმენტებიდან ჩანს და ვერც სამინისტროს წარმომდგენელმა განმარტა დავის მიმდინარეობისას. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემისათვის სამი აუცილებელი პირობიდან, არათუ რომელიმე, არცერთი არ იყო შესრულებული.

 

3.12. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობის უზრუნველყოფისათვის დგინდება გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების სხვადასხვა ნორმები. იმავე კანონის 29-ე მუხლი, რომლის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი დადგენილი ნორმა უნდა იყოს ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელიც არ არის შემუშავებული. 12/07/2007-მდე საქართველოში მოქმედებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №----- ბრძანება „საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმად, საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით წარმოქმნილი ელექტრული ველის გავლენისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით დგინდება სანიტარიული დაცვის ზონები. საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზების სანიტარიული დაცვის ზონას წარმოადგენს მაღალი ძაბვის გადამცემების ტრასის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც ელექტრული ველის დაძაბულობა აღემატება 1ვ/მ-ს. დასაპროექტებელი 500კვტ-750კვტ-მდე ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზების ღერძიდან დასახლებულ პუნქტამდე უახლოესი მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 250 მეტრისა. ბრძანება 2007 წელს იმ მიზეზით გაუქმდა, რომ უნდა მომხადრიყო მისი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონთან ინტეგრირება, მაგრამ კანონის მიღების შემდეგ გაირკვა, რომ საკითხი დაურეგულირებელი დარჩა, თუმცა, დაწესებული ნორმების სანდოობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. აპელანტების მითითებით, დღეს მოქმედი ნორმებიდან საკითხს არეგულირებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №347 დადგენილება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“. თუმცა, წესები ეხება თავად ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოებას და მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის (რომელიც მცირე დროით იმყოფება ზეგავლენის ქვეშ) უსაფრთხოებას და არ ეხება ხაზებთან ხანგრძლივი პერიოდის განვალობაში და/ან მუდმივად სიახლოვეში ყოფნის წესებს. ამდენად, აპელანტების წარმომადგენლისთვის გაუგებარია რით იხელმძღვანელა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, როდესაც დაგეგმილი საქმიანობა შეაფასა, როგორც ადამიანების ჯანმრთლებისათვის უსაფრთხო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვერ განმარტა, რა ნორმით ისარგებლა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისას, ხოლო სს „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იხელმძღვანელეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №259/ნ ბრძანებით „ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“, რომლის 2.2.4 ნაწილის მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, „ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ნორმატიული დოკუმენტის - „სამრეწველო სახშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის სანიტარიული ნორმები და წესები №-------” მოთხოვნათა შესაბამისად“. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 30 იანვრის №44/ო ბრძანების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნული სანორმატივო დოკუმენტაციის შემუშავება-დამტკიცებამდე დროებით ძალაში დარჩა საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, ნორმები და ჰიგიენური ნორმატივები. „საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №----- ბრძანების დამტკიცების შედეგად შეჩერდა ზემოხსენებული ნორმებისა და წესების მოქმედება - №-------. ასევე, ზემოხსენებულ ნორმატიული დოკუმენტის მოქმედებას არ ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №------- „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ძალადაკარგული ნორმით იხელმძღვანელა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ არ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობისათვის უვნებლობის თვალსაზრისით, სამინისტრო სრულად დაეთანხმა საქმიანობის განმახორცილებლის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ელექტრომაგნიტული ველების უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად საკმარისია 30 მეტრიანი ბუფერული ზონა. აღნიშნულით, სამინისტრომ დაარღვია ზაკ-ის 53 მუხლის მე-5 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აპელანტების მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ აღნიშნულია სარჩელში, შესაბამისად წარმოდგენილია ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმეზე, თუმცა სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევებით არასწორად შეაფასა დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და მატერიალური-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.

 

3.13. აპელანტების მოსაზრებით, სასმართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანების მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპებია: ა) დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილებათა ტექნიკური, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექსური განხილვა; ბ) გარემოსდაცვითი ნორმების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად საპროექტო გადაწყვეტილებათა ალტერნატიული ვარიანტების განხილვა; გ) ადგილობრივი ფაქტორების კომპლექსურად გათვალისწინება; დ) საჯაროობა და საზოგადოების მონაწილეობა; ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდიკების მართებულობა, მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე დასკვნების ობიექტურობა და დასაბუთებულობა. აპელანტების მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და საქმის სასამართლო განხილვით ცალსახად დადასტურდა, რომ ჩამოთვლილი პრინციპებიდან ყველა პრინციპია უგულებელყოფილი ადმინისტრაცილი ორგანოს მიერ. დებულების მე-6 მუხლის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს: პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის, ასევე დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების განსაზღვრას - რასაც ადგილი არ ჰქონია. ტექნოლოგიური ალტერნატივების განუხილველობა არ ჩათვალა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვან დარღვევად. უნდა აღინიშნოს, რომ თავად შპს ,,ე--------------ს’’ აქვს მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობის გამოცდილება, რომელიც გაცილებით უსაფრთხოა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ვინაიდან მოხსნილია ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების საფრთხე.

 

3.14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები მიიჩნევენ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დაარღვია ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ კანონით დადგენილი გარემოს დაცვის მთავარი პრინციპები, რომლის თანახმად: 1. საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით. 2. გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებია: ა) „რისკის შემცირების პრინციპი“ - საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად; გ) „პრიორიტეტულობის პრინციპი“ - ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს; კ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპი“ - საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის პროექტირების ან დაგეგმვის დროს ვალდებულია გაითვალისწინოს და შეაფასოს ამ საქმიანობის შესაძლო ზემოქმედება გარემოზე კანონით დადგენილი წესით; ლ) „გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი“ - უზრუნველყოფილია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობა.

 

3.15. აპელანტების მოსაზრებით, არასწორია და არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 7.5 პუქნტში წარმოდგენილი დასკვნები, ასევე სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმები და ამ ნორმების განმარტებები, რომლებიც საერთოდ არ შეიძლება იქნეს გამოყენებული განსახილველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სმართლებრივი აქტის კანონიერების შესამოწმებლად. კერძოდ, სამართლომ დაწვრილებით გადმოწერა სზაკ-ის 2.1 მუხლის "ი" ქვეპუნქტი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ასევე საკ-ის მე-60 პრიმა მუხლი, ამავე კოდექსის 178.2 მუხლი, მე-80 მუხლის მე-4 ნაწილი, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, რომლითაც კანონმდებელი მხოლოდ საქმიანობის განმახორციელებელს ანიჭებს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული დავის წამოჭრის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30.1 მუხლის, 30.4 მუხლის, 31-ე მუხლის დანაწესები და სასამართლომ ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის იგივე მე-7 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის დანაწესზე დაყრდნობით, იმიტომ, რომ ამ ნორმით არის დარეგულირებული ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა, ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტად მიიჩნია დაინტერესებული პირიც და სწორედ ამგვარდ გაამართლა და გახადა კანონიერი საქართველოს მთავრობის მიერ კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნულით სასამართლომ ფაქტიურად უარი თქვა სასამართლო კონტროლის ფუნქციის განხორციელებაზეც, რომელიც სასამართლოს ვალდებულებაა და არა უფლებამოსილება. ამდენად, აპელანტების მოსაზრებით, დადგენილი და დადასტურებულია, რომ სასამართლომ საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევებით მოახდინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა/შეფასება, შესაბამისად, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი შეფარდებით საქმეზე გამოიტანა უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის №------ წერილით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შპს ,,ე---------------ს’’ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით მასალები წარედგინა.

 

4.3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის №----- ბრძანებით ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად წარდგენილ შპს ,,ე---------------ს’’ ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შეიქმნა საექსპერტო კომისია.

 

4.4. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის №------- წერილის თანახმად, შპს ,,ე---------------ს’’ ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში და GIS Shape ფაილების მიხედვით, ფაილებში მითითებული 7------ კვ.მ. ფართობიდან „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული ეროვნული სახელმწიფო ტყის საზღვრების მიხედვით - 2------ კვ.მ. ფართობი მდებარეობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში. ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქმიანობა საჭიროებს შეთანხმებას ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან.

 

4.5. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2016 წლის 16 მაისის №---- წერილის თანახმად, შპს ,,ე---------------ს’’ ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შესწავლით დადგინდა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციულ გამოყენების ზონას ერთ მონაკვეთში, ხოლო (2 ადგილას) ტრადიციული გამოყენების და ვიზიტორთა ზონას კვეთს მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზის ბუფერი. მხოლოდ ერთ მონაკვეთზე (ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა) საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების თანახმად, სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობის ნებართვა. ხოლო 2 მონაკვეთზე, რომელსაც კვეთს მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზის ბუფერი, რაკი არ ხორციელდება არანაირი სამშენებლო სამუშაოები, არ უნდა განხორციელდეს უარყოფითი სახის ზემოქმედება, მათ შორის ტექნიკის გადაადგილება.

 

4.6. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის №------- წერილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ წარდგენილ შპს ,,ე---------------ს’’ ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საპროექტო ტერიტორიაზე სახელმწიფო ბალანსზე რიცხული სასარგებლო წიაღისეულის საბადო და წიაღით სარგებლობის ლიცენზიები არ ფიქსირდება.

 

4.7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილისა და 17 მაისის ბრძანებებით „ქსნის“ ქვესადგურიდან 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდას“ კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემების შეთანხმების ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 20 მაისის, ხოლო ბოლოს 2016 წლის 27 მაისის ჩათვლით.

 

4.8. 2016 წლის 24 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ იქნა ეკოლოგიური ე----------------- დასკვნა შპს ,,ე---------------ს’’ მიერ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაციისათვის.

 

4.9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №----- ბრძანებით დამტკიცდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა №---------------–-- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ წარდგენილი შპს ,,ე---------------ს’’ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა განუსაზღვრელი ვადით, პირობით, რომ შპს ,,ე--------------მა’’ უნდა უზრუნველყოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №--------------წ.) გათვალისწინებული პირობების შესრულება.

 

4.10. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მ–-------–------------ს, ზ-----–---–------სა და შ------------------ს საჩივარი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №----- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის და მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.14. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთი სახეა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ’’ კოდექსის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა; მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით. იმავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. იმავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებია უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა.

 

4.15. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადამცემი ქსელი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. ზემოაღნიშნული დადგენილების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობები არის I კატეგორიის (მაგისტრალური) ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, I კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, I კატეგორიის რკინიგზა, I კატეგორიის საავტომობილო გზა, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, გვირაბები. იმავე წესის მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა ელექტროგადამცემი ხაზი (კვ) არის I კატეგორია – 330 კვ და მეტი. იმავე დადგენილების მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

 

4.16. ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. ,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებია მაღალი ძაბვის (35 კვტ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა და ქვესადგურის (110 კვტ-ისა და მეტი ძაბვის) განთავსება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს ჩართვას სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-4-5 და მე-7 პუნქტების თანახმად: 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს; 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 სტადიაზე. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მშენებლობის ნებართვის ნაწილია (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა მშენებლობის ნებართვის პირობაა) და მშენებლობის ნებართვის მაძიებლისათვის ან მფლობელისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდში; 7. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები. ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლები ადგენენ გზშ-ს საჯარო განხილვის წესსა და გზშ-ს საჯარო განხილვის გაფორმების წესს. იმავე კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია: ა) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით) - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე; ბ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (ტექნიკური რეზიუმეს სახით). ეს დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით) - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე; დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად) - აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე; ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 15 აპრილის №------ წერილით სამინისტროს გაეგზავნა შპს ,,ე-------------ის’’ 2016 წლის 4 აპრილის №--- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია ქსანი-სტეფანწმინდის შემაერთებელი 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიზნით. წერილს ერთვოდა: 1. შპს ,,ე---------------ს’’ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, 2 ტომი; 2. 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების არატექნიკური რეზიუმე; 3. 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ტექნიკური რეზიუმე; 4. ქსნის ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ამდე 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 23.03.2016 წ. №----- ბრძანება და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; 5. ქსნის ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ამდე 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო დოკუმენტი (ტ. 3, ს.ფ. 335-336).

 

4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლის თანახმად, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარდგენილ განაცხადში, წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სახით. 2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს; ბ) საქმიანობით გამოწვეული ზეგავლენის წყაროების, სახეებისა და ობიექტების დადგენას; გ) გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილებების პროგნოზს; დ) საქმიანობის შედეგად შესაძლებელი ავარიული სიტუაციების ალბათობის განსაზღვრასა და მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასებას; ე) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას; ვ) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზებს, საჭიროების შემთხვევაში, საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრას; ზ) ნარჩენი (კუმულატიური) ზეგავლენის, მისი კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდების განსაზღვრას; თ) პროექტების ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასების ჩატარებას; ი) პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის, ასევე დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების განსაზღვრას; კ) სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოს წინანდელ მდგომარეობამდე აღდგენის გზებისა და საშუალებების განსაზღვრას; ლ) საზოგადოების ინფორმირებასა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლას; მ) პროექტის განხორციელების შემდგომ სიტუაციის ანალიზის გეგმას; ნ) მოსალოდნელი ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენას; ო) დაგეგმილი საქმიანობიდან გამოწვეული რისკების ანალიზს (მშენებლობის ან/და ექსპლუატაციის ეტაპზე); პ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის აღწერას (მათ შორის - დანადგარის საპასპორტო მონაცემები); ჟ) გარემოზე დადგენილ ზემოქმედებათა ფაქტორების შედეგად მიღებული გარემოს მოსალოდნელი მდგომარეობის პროგნოზს; რ) საქმიანობის განხორციელებისა და მიმდინარეობის ეტაპისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა. 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან უნდა ერთოდეს: ა) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები იმ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, რომელთა კომპეტენციის სფეროსაც განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის პროექტირების სხვადასხვა სტადიის განხორციელებასთან დაკავშირებულ ცალკეულ ასპექტებზე; ბ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების განხილვის მასალები, ძირითად უთანხმოებათა აღწერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შერბილების ღონისძიებათა გეგმები; დ) ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით; ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე, არატექნიკური რეზიუმე, გრაფიკული და სხვა საილუსტრაციო მასალის თანდართვით საზოგადოების მონაწილეობის პროცესისა და ინფორმირების უზრუნველსაყოფად; ვ) იმ ორგანიზაციების ან საკონსულტაციო ფირმების დასახელება და იურიდიული მისამართები, რომლებიც მონაწილეობდნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებაში და მისი შედეგების მომზადებაში; ზ) მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნებისა და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე; თ) ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმები, ალტერნატიური ვარიანტების გათვალისწინებით; ი) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გარემოს არსებული მდგომარეობის მოკლე აღწერა; კ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატები, სიტუაციური რუკა და გენ-გეგმა, სადაც დატანილი იქნება საწარმოო მოედანი, დროებითი შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და ზემოქმედების წყაროები; ლ) საპროექტო გადაწყვეტათა შემუშავების პროცესში გამოყენებული ლიტერატურა (წყაროს მითითებით), საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი. მ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ნ) დაგეგმილი საქმიანობის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატიული ვარიანტები GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით და აღნიშნული გამონამუშევარის განთავსების შესახებ ინფორმაცია. 31) თუ ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან დაურთოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის“ 272-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნება „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. 4. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში საშუალებას უნდა აძლევდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, მართებულად შეაფასოს მიღებული საპროექტო გადაწყვეტა მისი ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეამოწმოს პროექტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან და შეზღუდვების მიღებულ სისტემასთან, შეადგინოს დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მიღებული ინფორმაციის უტყუარობისა და მის საფუძველზე მიღებული საპროექტო გადაწყვეტების მართებულობის შესახებ.

 

4.18. ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია. იმავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად: 1. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება საექსპერტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. 2. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია: ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს; ბ) ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს; გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს (მათ შორის, ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებს). 3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) შეესაბამება თუ არა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) რა სახის ნაკლოვანებებს შეიცავს ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია; გ) რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებები გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის; დ) შესაძლებელია თუ არა ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამოსწორება და თუ შესაძლებელია, რა გზით; ე) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს (საჭიროების შემთხვევაში). 4. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის შემადგენელი ნაწილი, ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა - სანებართვო პირობა, რომლის შესრულება სავალდებულოა გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებით დამტკიცებული ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის’’ №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ხორციელდება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები აისახება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ შეუძლებელი იყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზის დაზუსტებული მარშუტი და სამინისტროში წარდგენილი იყო მხოლოდ მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტები მხოლოდ ქსნის ქვესადგურიდან სოფელ ო-------ამდე. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული დოკუმენტები, რაც განხილულ იქნა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გასაცემად, შეიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მოცემულია ,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით. ამასთან, ზემოქმედების შეფასების ანგარიში სრულად შეიცავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ’’ დებულების მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ინფორმაციას. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომზადებული №--------–--------- დასკვნა სრულად შეიცავს იმ გარემოებებზე მითითებას, თუ რა პირობებზე დათქმით მომზადდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვისას. აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მოცემულია ანძების განთავსების სავარაუდო კორიდორი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების ნაწილში. ამასთან, გზშ-ს ანგარიშში გათვალისწინებულია მიწათსარგებლობაზე ზემოქმედების პირობები და ზემოქმედების აღმოფხვრის საშუალებები, როგორც სათანადო კომპენსაციის მიცემით შესაძლო გასახლების, ისე ელექტრული ველის სისტემატიური კონტროლის აუცილებლობების გათვალისწინებით (ტ. 2, ს.ფ. 110-149); გარდა ამისა, გზშ შეიცავს გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის გეგმას (ტ. 2, ს.ფ. 229-278), რომელიც როგორც სანებართვო პირობების შემადგენელი ნაწილი ასევე შეფასებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფარგლებში.

 

4.19. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისთვის. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოსთვის. უარი ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებაზე უნდა დასაბუთდეს. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ყველა სხვა შემთხვევაში ექსპერტის დასკვნას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ადმინისტრაციული ორგანო მას აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები. იმავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) განახორციელოს საქმიანობა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესაბამისად; ბ) საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდეგ შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ის ღონისძიებები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს ნებართვის გამცემი ორგანო; გ) მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე საწარმოს (ობიექტის) ექსპლუატაციისას, დაიცვას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობები; დ) საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად იქნება მიჩნეული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ან/და მოწონებული იქნება ექსპერტების მიერ, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ან/და მის პირობებში. იმავე კანონის მე-13 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა არ გაიცემა, თუ დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა არ გაიცემა, თუ განსახორციელებელ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა არსებობს. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი საქმიანობის სფეროში მოქმედი ნორმატიული ბაზა ადგენს გარკვეული პირობების გათვალისწინებით ეკოლოგიური ექსპერტიზის დამტკიცების შესაძლებლობას, რაც სავალდებულოდ შესასრულებელ ხასიათს იძენს საქმიანობის განმახორციელებელისათვის. ხსენებული საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებენ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის პირობებში მის დამტკიცებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. ამგვარი აუცილებლობა გამოწვეული უნდა იყოს ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი შინაარსით, ან დოკუმენტაციის უსრულობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. მხოლოდ ის გარემოება, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს სამომავლო საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს, თავად ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას კანონშუსაბამოდ არ აქცევს. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ვარაუდი, რომ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები სამომავლოდ არ შესრულდება ან არასათანადოდ შესრულდება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობაზე არ მიუთითებს. მოცემული დავის ფარგლებში ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შეიცავს პროექტის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებიდან საუკეთესო გზის არჩევის დასაბუთებას, ასევე ანგარიშში დეტალურად არის გაწერილი სამომავლოდ ანძების დიზაინის დამტკიცების შემდეგ მიწის სამუშაოების, შესაძლო ეროზიებისა თუ სხვა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მქონე პირობების შემარბილებელი ღონისძიებები. მათგან, უმრავლესი ღონისძიება შემუშავებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ანგარიშის წარდგენის შემდეგ სამინისტროს მიერ გაცემული შენიშვნების გათვალისწინებით (ტ. 2, ს.ფ. 305-311). გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში ასევე გათვალისწინებულია პროექტის სავარაუდო მარშუტის მიერ მოცული მიწის სავარგულებისა თუ კერძო საკუთრებების ოდენობა და სახეობები, დადგენილია აუცილებლობის შემთხვევაში მათი კომპენსირების წესი (ტ. 2, ს.ფ. 141-149).

 

4.20. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად აღნიშნა, რომ შპს ,,ე---------------ს’’ მიერ შედგენილი გარემოზე ზემოქმედების ანგარიში ასევე შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სექტორულ გზამკვლევში ასახულ ძირითად პრინციპებს. მათ შორის, აღნიშნული გზამკვლევი უთითებს გზშ-ს შესაბამისობის აუცილებლობას ეროვნულ სტრატეგიასთან. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-32 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების მიზანია გადამცემი ქსელის საიმედოობა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა. განსახილველ შემთხვევაში სს ,,სახელმწიფო ელექტროსისტემასა’’ და შპს ,,ე---------------ს’’ (პროექტის მართვაზე ვალდებული პირი) მიერ დაგეგმილი 500 კვ ქსანი-სტეფანწმინდა გადამცემი ხაზი: 1. უზრუნველყოფს მშენებარე ჰირდროელექტროსადგურების მიერთებას ნაციონალურ გადამცემ ქსელთან; 2. გააძლიერებს საქართველოს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით ენერგოტრანზიტის დერეფნის როლს; 3. გააუმჯობესებს ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას მცხეთა-მთანეთის რეგიონში, აღნიშნული რეგიონის, როგორც რეკრიაციული და საკურორტო ზონის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (ტ. 1, ს.ფ. 171, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ). აღნიშნული გადამცემი ხაზის პროექტი ასევე შეადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №382 განკარგულებით დამტკიცებული ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილს, კერძოდ, გეგმაში განხილულია საქართველოს ენერგო-ინფრასტრუქტურის ქსელისა და ურთიერთდა-მაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, კერძოდ: ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - „შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის იმპლემენტაციის გაგრძელება, მათ შორის მუშაობის დაწყება 400 კილოვოლტიან გადამცემზე საქართველო (ახალციხე) - თურქეთი (ბორჩხა), აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, და საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაუმჯობესება (მათ შორის, განხორციელებულია სამუშაოები ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეკონსტრუქციის მიზნით: 220 კვ. „ახალციხე – ბათუმი“-ს ორჯაჭვა ეგხ-ს, 500 კვ. ეგხ-ს „ქსანი-სტეფანწმინდა“ („ყაზბეგი 500“), 220 კვ. „აჯამეთი 3“ ეგხ-ს და 220 კვ. ეგხ–ს მშენებლობა). საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №103 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის 1.8. პუნქტში მოცემულია, რომ გადამცემი ქსელის 2017-2027 წლების 15 პროექტის შეფასება მოხდა CBA მეთოდოლოგიით, რომლითაც გაანალიზებული იქნა თითოეული პროექტის მიერ მოსატანი სარგებელი, მისთვის გასაწევი ხარჯები (ინვესტიციები) და გარემოზე ზემოქმედება. CBA მეთოდოლოგიით შეფასების თანახმად, ყველაზე მაღალი რეიტინგის (და საჭიროების) პროექტებია: 1) „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხე“, რომელიც ახდენს 2100 მგვტ-მდე სიმძლავრის მქონე ჰესების ინტეგრაციას, ზრდის ქსელის გამტარუნარიანობას, საიმედოობას და უზრუნველყოფს №-1 კრიტერიუმის შესრულებას; 2) „ქსანი-სტეფანწმინდა-მოზდოკი“, რომელიც აძლიერებს რუსეთთან პარალელური მუშაობის საიმედოობას, ამაღლებს საქართველოს ქსელის მდგრადობას და ახდენს 170 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესების ინტეგრაციას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №343 დადგენილებით დამტკიცებული 2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის თანახმად, გზშ განვითარების პროექტებში გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, განსაკუთრებით სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების საჭიროების პირობებში, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, გზშ-ს პროცესი არასაკმარისად ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების საკითხებს. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში განხილულია სწორედ ის საკითხები, რაც აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით მნიშვნელოვნად არის მიჩნეული სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისათვის (ტ.110-149). კერძოდ, აღნიშნული გზშ შეიცავს ბიომრავალფეროვნების შესახებ დეტალურ კვლევასა და მათზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებს (ტ. 1, ს.ფ. 322-დან ტ. 2, ს.ფ. 1-109).

 

4.21. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა შპს ,,ე---------------ს’’ მიერ „სამრეწველო სიხშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლების დაცვის სანიტარული ნორმებისა და წესების №--------’ გამოყენების დაუშვებლობაზე, ვინაიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 30 იანვრის ბრძანებით დროებით ძალაში დარჩა 1992 წლამდე მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ეს უკანაკნელი შეჩერდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №----- ბრძანების დამტკიცების შემდეგ. ხსენებული დოკუმენტის მოქმედებას არ ითვალისწინებს საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 18 თებერვლის №------- ბრძანებაც. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №259/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ’’ 2.2.4. სანწდან-ს I თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ნორმატიული დოკუმენტის - „სამრეწველო სახშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის სანიტარიული ნორმები და წესები №-------” მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხდების შემდეგ 1992 წლამდე მოქმედი №------- სანიტარული ნორმების და წესების გამოყენება ამტკიცებს მოცემული დავის მიმართ შპს ,,ე---------------ს’’ მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის კანონშეუსაბამობას, საქალაქო სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა გაზიარებული. აღნიშნულ ნორმებზე მითითებას შეიცავს დღეს მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მხოლოდ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შედგენილი იყო ძალადაკარგული ნორმის გათვალისწინებით, თუმცა არ მიუთითებია სხვა რაიმე დღეს მოქმედ, თუნდაც საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ განსხვავებულ წესზე, რომელიც შესაძლოა უფრო ზუსტად დაადგენდა ელექტრული ველის ფარგლებში მცხოვრებ მოსახლეობასა თუ გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებებს. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სექტორულ გზამკვლევში აღნიშნულია, რომ ელექტრული და მაგნიტური ველების უპირობო უარყოფითი გავლენა ხანგრძლივი კვლევების მიუხედავად ცალსახად დადგენილი არ არის.

 

4.22. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების თანახმად: 2. დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე. მათ შორისაა შემდეგი საკითხები: ა) შემოთავაზებული საქმიანობა და განაცხადი, რომელზეც იქნება მიღებული გადაწყვეტილება; ბ) შესაძლებელი გადაწყვეტილებების ხასიათი ან გადაწყვეტილების პროექტი; გ) ხელისუფლების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე; დ) გათვალისწინებული პროცედურა იმის ჩათვლით, თუ როდის და როგორ იქნება ეს ინფორმაცია მოწოდებული; I) პროცედურის განხორციელების დაწყება; II) საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობანი; III) ნებისმიერი წინასწარ დაგეგმილი სახალხო მოსმენის დრო და ადგილი; IV) მითითება ხელისუფლების ორგანოდან, საიდანაც სათანადო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და სადაც ეს ინფორმაცია იგზავნება საზოგადოებისათვის განსახილველად; V) შესაბამისი ხელისუფლების ორგანოს ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყების მითითება, რომელსაც შესაძლებელია გაეგზავნოს შენიშვნები, კითხვები და მათი წარდგენის განრიგი; VI) მითითება იმის შესახებ, თუ შემოთავაზებულ საქმიანობასთან დაკავშირებული რომელი გარემოსდაცვითი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი; და ე) ფაქტი, რომ საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეროვნულ თუ ტრანსსაზღვრო პროცედურას. 3. საზოგადოების მონაწილეობის პროცედურები სხვადასხვა ფაზებისათვის ითვალისწინებს გონივრულ ვადებს, რითაც ზემოთ, მეორე პარაგრაფის შესაბამისად იძლევა საკმარის დროს საზოგადოების ინფორმირებისათვის და გარემოს დაცვის საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური მომზადებისა და მონაწილეობისათვის. 4. ყოველი მხარე უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამავე კოდექსის VI თავი ადგენს ადმინისტრაციული წარმოების წესსა და პროცედურებს. ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ადგენს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურას, ხოლო მე-7 მუხლში მოცემულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების გაფორმების წესი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ შპს ,,ე---------------ს’’ მიერ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებისას მოეწყო საჯარო განხილვა და საზოგადოებასთან კონსულტაციები, რაც ასახულია სათანადო ოქმში (ტ. 2, ს.ფ. 281-304). გარდა ამისა, უშუალოდ სამინისტროს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას შედგა ორი შეხვედრა დაინტერესებულ პირთა მოწვევის უზრუნველყოფით, როგორც უშუალოდ ჩართული პირების (ტ. 344-374), ისე სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტაციის გამოქვეყნებით (ტ. 4, ს.ფ. 11). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უზრუნველყოფილ იქნა საკითხის განხილვის საჯაროობა და მასში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა.

 

4.23. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული დავის წამოჭრის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით. იმავე კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესი, - სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება ქვემდებარეობის წესით, არ გულისხმობს ვალდებულებას საქართველოს მთავრობის მიერ შემოწმდეს სამინისტროების მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტის კანონიერება ან მიზანშეწონილობა საჩივრის ფარგლებში, არამედ, იმავე კანონის 31-ე მუხლთან ერთად ადგენს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე ან საკუთარი ინიციატივით განახორციელოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგიის, ან კანონშეუსაბამობის მოტივით ქვემდგომი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადდების პროცედურა. მოცემულ შემთხვევაში საჩივარი წარდგენილი იყო არა საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, როგორც ეს დადგენილია ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, არამედ დაინტერესებული პირების მიერ, რომელთაც უკვე გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დამტკიცების თაობაზე მინისტრის გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა ჰქონდათ. ამდენად, რაკი ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას განიხილოს ეკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები საქმიანობის განახორციელებლის პრეტენზიასთან მიმართებით, ასევე დაინტერესებული პირების მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან მიმართებით დასმული საკითხების განხილვა სასამართლოს პრეროგატივაა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მსგავსი პროცედურის აუცილებლობას არც ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ კონვენციის მე-9 მუხლი არ ითვლისწინებს, არამედ ადგენს შესაძლებლობას ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე განხილვის პროცედურა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ ,,მ–-------–------------ს’’, ზ-----–---–------სა და შ------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე