განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180310015001043616
საქმე №3ბ/823-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნი-------–-–---–ი
წარმომადგენელი - ივ------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - ლ-–-----–--–---–ი
დავის საგანი - სოციალური უფლების ხელყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მატერიალური რესტუტიცია), სოციალური უფლების სარგებლის მიუღებლობით შემოსავლის ანაზღაურება, სასამართლო და სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
1.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნი-------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 13 დეკემბრის N617 ბრძანებით ნი-------–-–---–ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 13 დეკემბრის N617 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 39).
3.2. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №--- ბრძანებით ნი-------–-–---–ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2014 წლის 06 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №--- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 40).
3.3. ნი-------–-–---–მა სასამართლოში გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №--- ბრძანება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №3-------) ნი-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №--- ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №3-------) (ტ.1. ს.ფ. 41-55).
3.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3-------) აღსრულების მიზნით გამოიცა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №--- ბრძანება, რომლითაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სამსახურის ვადის გასვლის გამო, ნი-------–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
3.5. ნი-------–-–---–მა 2014 წლის 28 მაისს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულის დუშეთის მაგისტრატ სასამართლოს და მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივი აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/25-14) (ტ.1. ს.ფ. 57-77).
3.6. მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/25-14) ნი-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №--- ბრძანება და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ნი-------–-–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/25-14) (ტ.1. ს.ფ. 79-91).
3.7. ნი-------–-–---–მა მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/25-14) გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წელის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №--------) ნი-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის N--- ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წელის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №--------) (ტ.1. ს.ფ. 93-113).
3.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ნი-------–-–---–ის წარმომადგენლის ივ------------–---–-ს მიერ გასაჩივრებულ იქნა საკასაციო საჩივრით. საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 01 მაისის განჩინებით (საქმე №ბს-254-251-(კ-2კს-15)) ნი-------–-–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 01 მაისის განჩინება (საქმე№ბს-254-251-(კ-2კს-15) ( ტ.2. ს.ფ. 196-165).
3.9. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წელის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებული განაცდური ხელფასი 3120 (სამი ათას ას ოცი) ლარის ოდენობით ნი-------–-–---–ს აუნაზღაურდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნი-------–-–---–ის განცხადება.
- საგადასახადო მოთხოვნა.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად უთითებს მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს, რაც გამოიხატა ნი-------–-–---–ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №--- და 2014 წლის 01 მაისის №--- უკანონო ბრძანებების გამოცემით, ასევე, ხსენებული ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით.
4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლომ განმარტა, რომ შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. მიუღებელი შემოსავალი, როგორც ზიანის ერთ-ერთი ფორმა, მეორადი მოთხოვნის უფლებაა და პირდაპირ კავშირშია ძირითად ვალდებულებასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად უთითებს მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს, რაც გამოიხატა შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან უკანონოდ შეწყვეტით, მოსარჩელეს გაეზარდა დაუგეგმავი ხარჯები, მოულოდნელი ფაქტის დადგომის - ვადამდე გათავისუფლების გამო მნიშვნელოვნად შეუმცირდა საკუთრების უფლება მის საკუთრებაში არსებულ ფულად ერთეულზე, ვეღარ განახორციელა სხვა პირების -საბანკო დაწესებულების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რასაც ის შეასრულებდა ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში მისი კუთვნილი ხელფასის მიღებით. უკანონო საფუძვლებით ხელფასის მიუღებლობით ის შეძლებდა მისაღები თანხის ბრუნვით სარგებლის მიღებას სახვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით (მაგ: სარგებლის ანაბარზე განთავსების სახით) და არ გაეზრდებოდა ვალები და სხვა დანახარჯები.
4.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
4.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორი გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ქმნიან თუ არა ზიანის ანაზღაურების კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო; იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სასმახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
4.5. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულია სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3-------) აღსრულების მიზნით გამოიცა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №--- ბრძანება, რომლითაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სამსახურის ვადის გასვლის გამო, ნი-------–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წელის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №--------) ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის N--- ბრძანება ნი-------–-–---–ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება; სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ნი-------–-–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №--- და 2014 წლის 01 მაისის N--- ბრძანებები ეფუძნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 94-ე მუხლის პირველ პუნქტს; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ნი-------–-–---–ს შორის წარმოშობილი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა სასამართლოს მიერ შეფასდა უკანონოდ; ასევე, მიეთითა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის 01მაისის N--- ბრძანება გამოსცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობის საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლის მოთხოვნა სასამართლოს აქტების სავალდებულოობის შესახებ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 01 მაისის N--- ბრძანება. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ ნი-------–-–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობის პირობებში შეიქმნა მატერიალურ–სამართლებრივი წანამძღვრები საიმისოდ, რომ მას აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე აუნაზღაურდა სამი თვის თანამდებობრივი სარგო; სასარჩელო მოთხოვნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 01 მაისის განჩინებით (საქმე №ბს-254-251-(კ-2კს-15)) ნი-------–-–---–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, განჩინებაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნი-------–-–---–ის სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, მას აუნაზღაურდა სამი თვის თანამდებობრივი სარგო. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №630 (საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. საკასაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად მოხელეს განაცდური შრომითი გასამრჯელო ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღდგენილი იქნება სამსახურში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ კასატორს ნი-------–-–---–ს განუმარტა, რომ ზემოთმითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება მის საქმეზე, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით ნი-------–-–---–ის სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4.6. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებს, ამართლებს ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ადმინისტრაციული აქტები მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილადაა ცნობილი, შესაბამისად, დადასტურებულია მოსარჩელის გათავისუფლების უკანონობა და გასაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საფუძველი - მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. (მოსარჩელეს უარი ეთქვა იძულებით გაცდენილი პერიოდის სრულ ანაზღაურებაზე და მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი - სამი თვის თანამდებობრივი სარგო.)
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, როდესაც სახეზეა ზიანის მიყენებისათვის კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №--- და 2014 წლის 01 მაისის №--- კანონსაწინააღმდეგო და ბათილად ცნობილი ბრძანებების გამოცემის გამო, ასევე ხსენებული ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეული ფაქტობრივად დამდგარი მატერიალური ზიანისა და მიუღებელი შემოსავლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების კანონით დადგენილი საფუძვლები, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტი ითხოვს: 1. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის შემაჯამებელი გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სარჩელი; 2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის ნაწილში; 3. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებები (საოქმო ჩანაწერები) სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვის შეჩერებისა და სხვა დროისათვის გადადების თაობაზე; 4. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებები (საოქმო ჩანაწერები) საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად მთავარი სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების შესახებ; 5. საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.
1. აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მიიჩნევს დაუსაბუთებლად. იგი მიუთითებს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მარტის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც, აპელანტის მოსაზრებით, დადგენილია, რომ მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ შეასრულა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი გადაწყვეტილება. სასამართლოებმა გადაწყვეტილებებით დაადასტურეს, რომ გამგეობამ მცხეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუთვალისწინებლად გამოსცა 2014 წლის 01 მაისის N--- ბრძანება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგებლის 2014 წლის 01 მაისის N--- ბრძანება გამოსცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობის საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლის მოთხოვნა სასამართლო აქტების სავალდებულოობის შესახებ ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 1 მაისის N--- ბრძანება, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით უ კ ა ნ ო ნ ო ა ქ ტ ი ბათილად უნდა იქნას ცნობილი ზაკის 60.1. მუხლის საფუძველზე“.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლებითაც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების სავალდებულოობა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 8 იანვრის N154 და 2014 წლის 1 მაისის N--- ბრძანებების არარსებობის პირობებში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების მიხედვით, ნი-------–-–---–ი მის მიმართ განხორციელებული უკანონობის გარეშე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე იმუშავებდა სწორედ 2014 წლის 4 ივლისამდე. ამ სამართლებრივი წესრიგის პირობებში ნი-------–-–---–ი შეძლებდა შტატით გათვალისწინებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიურად მიღებას 1300 ლარის ოდენობით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ნი-------–-–---–ს 2014 წლის 8 იანვრიდან (ე.ი. პირველი გათავისუფლებიდან) 2014 წლის 4 ივლისამდე (ე.ი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღემდე) არ მიუღია კუთვნილი თანამდებობრივი სარგო, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ყველა სამართლებრივი აქტი კი ბათილია. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო აქტების გამოცემისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მოსარჩელეს მიადგა ფაქტობრივი ზიანი იმ ოდენობით, რასაც ის მიიღებდა შესაბამის თანამდებობებზე ხელფასის სახით.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 411-ე მუხლზე, 992-ე მუხლზე, 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. უკანონო აქტების გამოცემა, მით უფრო, არაერთგზის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა, რომლის განმახორციელებელია ის პირი და ორგანო, ვინც გამოსცა აქტი და ვისაც უნდა შეესრულებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. აპელანტი, ასევე, მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით გაკეთებულ განმარტებაზე (საქმე N-----------) და მისი მოსაზრებით, ბათილად ცნობილი აქტების გამოცემისას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებული იყო და სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილეზე მეტად შეეძლო სცოდნოდა, რომ მოსარჩელის მიმართ ის კანონსაწინააღმდეგო აქტებს გამოსცემდა, უკანონო ქმედებას ჩადიოდა. გასათვალისწინებელია, რომ ადგილი ჰქონდა ერთხელ უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუთვალისწინებლად, უკანონო აქტის ხელმეორედ გამოცემას. ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება - არ გამოეცა უკანონო აქტები და აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება, გამოხატავს უკანონო აქტების გამოცემისა და გადაწყვეტილების აღუსრულებლობის სურვილს, რაც არღვევს მოსარჩელის უფლებებს და მიზეზშედეგობრივ კავშირს ქმნის დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას შორის.
აპელანტი განმარტავს, რომ მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების გამო გაეზარდა დაუგეგმავი დანახარჯები, მოულოდნელი ფაქტის დადგომის - ვადამდე გათავისუფლების გამო მნიშვნელოვნად შეუმცირდა საკუთრების უფლება მის საკუთრებაში არსებულ ფულად ერთეულებზე, ვეღარ განახორციელა საბანკო დაწესებულების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რასაც შეასრულებდა ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში კუთვნილი ხელფასის მიღებით, ასევე, ის შეძლებდა მისაღები თანხის ბრუნვით სარგებლის მიღებას სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით (მაგ.: სარგებლიან აბანაბარზე განთავსების სახით) და არ გაეზრდებოდა ვალები და სხვა დანახარჯები. აპელანტი მიუთითებს, რომ ფული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის უნიკალური ბრუნვაუნარიანი ობიექტია და მას ნებისმიერ დროს შეუძლია სარგებელი მოუტანოს კანონიერ მესაკუთრეს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 1 მარტს Nას-1576-1479-2012 საქმეზე და 2011 წლის 09 ივნისს Nბს-348-345(კ-11) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს უკანონო მოქმედებებით მოსარჩელისათვის მიტენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით რეალურად დამდგარი მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება იმ მინიმუმით, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მისაღები თანხის - შემოსავლის შეგროვებად დეპოზიტზე განთავსების შედეგად დარიცხული სარგებლის სახით.
2. აპელანტი, ასევე, არ ეთანხმება საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმას. საჩივრის თანახმად, ვინაიდან შრომის უფლება და მისგან გამომდინარე თანმდევი უფლებები სოციალურ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნებიან და მასთანაა დაკავშირებული ღირსეული ადამიანური ყოფითი პირობების შექმნა, მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესის არსებობისა და მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების მიზნით სარჩელით წარდგენილი იქნა საქმის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნა, რაც უარყოფილი იქნა სასამართლოს მიერ. მითითებული განჩინება კი დაუსაბუთებელია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. აპელანტის მითითებით, სასამართლო აქტში მოსამართლის მსჯელობა გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული, ხოლო სადავო საკითხები კი - დამაჯერებლად, რასაც ადგილი არ აქვს გასაჩივრებულ განჩინებაში. ყოველი კონკრეტული მაქსიმალური ვადა გამოყენებული უნდა იქნას გონივრულობის საზომი ტესტით, მისი მაქსიმალური სახით გამოყენება ობიექტური, გონიერი დამკვირვებლის თვალში დასაბუთებულად უნდა გამოყურებოდეს და არ უნდა ტოვებდეს არასაჭიროდ მაქსიმალური ვადის ბოლომდე გამოყენებით პირისათვის ზიანის მიყენების განცდას. სამართლიან სასამართლო განხილვაზე ხელმისაწვდომობა მოიცავს ასევე გარანტიას, რომ მხარის მოთხოვნები ეფექტურად იქნება განხილული დროში, ვინაიდან შრომითი უფლება დროში არსებული სამართლებრივი სიკეთეა. სასამართლომ კი არ გაითვალისწინა, რომ დაჩქარებული წესით საქმის განხილვის აუცილებლობა მდგომარეობდა მასში, რომ მოსარჩელეს მოეპოვებინა საარსებო სარჩო მის კმაყოფაზე მყოფი პირების დახმარებისათვის.
3. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვის შეჩერებისა და სხვა დროისათვის გადადების შესახებ საოქმო განჩინებებს. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მენეჯერული პრობლემები (საქმეთა დიდი რიცხოვნობა, მოსამართლეთა ნაკლები რაოდენობა, სასამართლოს აპარატის არასაკმარისი პროფესიონალიზმი, ეფექტიანობაზე არსებული გამოწვევებისადმი სათანადო პასუხის გაუცემლობა, საქმეთა ნაკადის მართვის უნარის არქონა, მოსამართლის გადატვირთულობა, სხვა საქმის განხილვის დაწყება არასწორად და არაეფექტურად დაგეგმილი მოსამართლის გრაფიკის გამო) არ ქმნის შემდგარი სხდომის გადადების საფუძველს. მოცემულ საქმეში არსებული სხდომის ოქმებიდან ვლინდება, რომ წარმართული სხდომები გადადებული იქნა სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით, დაუსაბუთებლად, მოტივის აუხსნელად, არა იმ მიზეზებით, რასაც საპატიოდ ითვალისწინებს საპროცესო კანონი. სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპის შესრულება, ვინაიდან მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე განსახილველი საქმის მიმართ არანაირი საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა და სასამართლოს საქმესთან მჭიდრო კონტაქტი აღარ ჰქონია, რეალურად შეწყდა სწრაფი, ეფექტური და ქმედითი მართლმსაჯულება სასარჩელო მოთხოვნებზე. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება კი დროში არსებული ფასეული სიკეთეა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განხორციელების აღქმაში.
საჩივრის თანახმად, სხდომის გადადების შესაძლებლობის კანონით გათვალისწინება არ ქმნის ამ კანონზე მითითებით ნებისმიერი სხდომის უმოტივოდ გადადების წინაპირობას. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გასაჩივრებული აქტი დაუსაბუთებელი და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოა. აპელანტის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოშობილია საპროცესო ნორმის სწორი განმარტების აუცილებლობა, რაც ასევე ძალუძს სააპელაციო პალატას, უნდა მოხდეს საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნის გარეშე სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის არსებითად გადაწყვეტა.
4. სააპელაციო პრეტენზია ასევე გამოთქმულია იმ საოქმო განჩინებაზე, რომლითაც საქმეზე მოსმენის დასრულების შემდგომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომა ორჯერ გადაიდო სხვა დროისათვის. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ როგორც წესი, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება საგამონაკლისო ნორმაა და არა მუდმივი წესი. ასეთი უნდა განხორციელდეს, თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია და ისიც გამონაკლის შემთხვევაში. საპროცესო კანონი ამ შემთხვევისათვის ითვალისწინებს დასაბუთებული და მოტივირებული განჩინების გამოტანის აუცილებლობას. აპელანტი სადავო საოქმო განჩინებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ითხოვს მის გაუქმებას.
5. სააპელაციო საჩივარში შუამდგომლობის სახით წარმოდგენილია აპელანტის მოთხოვნები სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი ვერ უთითებს რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სააპელაციო საჩივრის ავტორის შეფასებები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებულ ნორმათა თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას. ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 13 დეკემბრის N617 ბრძანებით ნი-------–-–---–ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №--- ბრძანებით - გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №3-------) ნი-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 08 იანვრის №--- ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3-------) აღსრულების მიზნით გამოცემული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №--- ბრძანებით, სამსახურის ვადის გასვლის გამო, ნი-------–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ნი-------–-–---–მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულის დუშეთის მაგისტრატ სასამართლოს და მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივი აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წელის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №--------) ნი-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის N--- ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ნი-------–-–---–ის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა დადასტურებულია, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნი-------–-–---–ის სამსახურში აღდგენა არ მომხდარა, რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამგეობას დაეკისრა აპელანტისთვის მხოლოდ სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.
პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. გადაწყვეტილების აღსრულება კი გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებასა და შესრულებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ბათილად იქნა ცნობილი ნი-------–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები, მაგრამ არ მომხდარა მისი სამსახურში აღდგენა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 01 მაისის განჩინებაზე (საქმე №ბს-254-251-(კ-2კს-15)), რომლითაც ნი-------–-–---–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, განჩინებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნი-------–-–---–ის სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, მას აუნაზღაურდა სამი თვის თანამდებობრივი სარგო. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №630 (საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. საკასაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად მოხელეს განაცდური შრომითი გასამრჯელო ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღდგენილი იქნება სამსახურში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ კასატორს ნი-------–-–---–ს განუმარტა, რომ ზემოთმითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება მის საქმეზე, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით ნი-------–-–---–ის სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო; იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. ამდენად, სწორედ აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ნი-------–-–---–ის სასარგებლოდ გამგეობას მხოლოდ სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება დაეკისრა. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით განსაზღვრული სპეციალური რეგულირების გათვალისწინებით, რომელიც აწესრიგებს სამუშაოდან უკანონოდ გათვალისწინებული პირისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხს, გამგეობას ნი-------–-–---–ის სასარგებლოდ მხოლოდ სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული ვალდებულება კი მოპასუხის მიერ შესრულებულია. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არარსებობის შესახებ, რადგან, უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიუხედავად, არ იკვეთება სამსახურიდან გათავისუფლებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების სპეციალური წინაპირობების არსებობა - არ მომხდარა მისი სამსახურში აღდგენა, ხოლო იძულებითი განაცდური აპელანტს აუნაზღაურდა სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ოდენობით.
აპელანტი ასევე სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმას. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხარის მოთხოვნით, ამასთანავე, მხარის მოთხოვნა ავტომატურად არ ქმნის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენების ვალდებულებას. მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული, რომ საქმის ობიექტური განხილვისა და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების პრინციპების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქმის დაჩქარებული წესით განხილვა. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე კი, სასამართლო საკუთარი მიხედულებით წყვეტს საკითხს. კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა მხარისათვის საქმის დაჩქარებული სამართალწარმოების წესით განხილვაზე და არ დასტურდება, რომ მითითებულით აპელანტის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ზიანი მიადგა ან მოხდა მათი დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის გადადებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომების გადადების საფუძვლებს - 2015 წლის 26 ოქტომბრის სხდომა გადაიდო მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, 2015 წლის 3 ნოემბერს მხარეს დაევალა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, 2016 წლის 25 თებერვალს გამოტანილ იქნა განჩინება მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სხდომების გადადება გამოწვეული იყო საქმის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, ობიექტური წინაპირობების არსებობის საფუძველზე. შესაბამისად, საოქმო განჩინებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების სხდომის გადადების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს მისი გასაჩივრების წესსა და ვადას. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე ასევე უფლებამოსილია, განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო კანონით დადგენილი ვადის დაცვით, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას აღნიშნული საოქმო განჩინების უკანონობის შესახებ.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
7.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა. აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე უსაფუძვლოა აპელანტის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ამდენად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით კი, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოა ნი-------–-–---–ის მოთხოვნა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნი-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ლევან მურუსიძე