განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2018
საქმის ნომერი
020310117002008576
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310117002008576 (3/ბ-149-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ქ---------------ია (პ/ნ. 1----------), ქ---------------ია (პ/ნ. 1----------)

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 26 ივნისს ქ---------------იამ და თ---------–--ლმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით, კერძოდ, მოპასუხისთვის მოსარჩელეებზე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის დავალების თაობაზე.

 

2017 წლის 06 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელეებმა წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი, რომლის საფუძველზეც დააზუსტეს მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად მიუთითეს ქ---------------ია და ქ---------------ია (არასრულწლოვანი), ამასთან, დააზუსტეს მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ ასევე მიუთითეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. შესაბამისად, მოითხოვეს მოპასუხეებისთვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეთათვის ქ---------------იასა და ქ---------------იას (არასროლწლოვანი) სახელზე არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელეთა პირადობის მოწმობას გაუვიდა მოქმედების ვადა, რის გამოც მიმართეს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ თანახმად, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, რაზეც ა/წლის 0------ს განუმარტეს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ , საქართელოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების 25-ე მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები გასცემენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით პირადობის მოწმობას, რაც შეეხება არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ის გაიცემა ბრძანებაში აღნიშნულ შემთხვევებში. აღნიშნული პასუხი გაასაჩივრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, საიდანაც N0-------- 0-----2017წ და N0--------, 0-----2017წ წერილებით მიიღეს ასევე დაუსაბუთებელი უარი, რასაც არ ეთანხმებიან, რადგან მოქმედი კანონი შესაძლებლობას იძლევა, სურვილის შემთხვევაში გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა.

 

2018 წლის 18 იანვარს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტებას მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხე მხარის დავალდებულება მოსარჩელეთა სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ქ---------------იას (პ/ნ. 1----------), ქ---------------იას (პ/ნ. 1----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 0------ს ქ---------------იამ (დაბადების თარიღი - 2--------- წელი) მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0------ის №2-------- წერილით ქ---------------იას განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელი იყო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ქ---------------იამ 2017 წლის 2------ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაასაჩივრა 2017 წლის 0------ის №2-------- წერილი.

 

სააგენტოს 2017 წლის 02 ივნისის №0-------- წერილით ქ---------------იას უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.

 

2017 წლის 1------ს ქ---------------იას (დაბადების თარიღი - 0--------- წელი) კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ) - თ---------–--ლმა მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა შვილის - ქ---------------იასათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 2------ის №2-------- წერილით ქ---------------იას კანონიერი წარმომადგენლის თ---------–--ლის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელი იყო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ქ---------------იას კანონიერმა წარმომადგენელმა თ---------–--ლმა 2017 წლის 30 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაასაჩივრა 2017 წლის 2------ის №2-------- წერილი.

 

სააგენტოს 2017 წლის 06 ივნისის №0-------- წერილით ქ---------------იას კანონიერ წარმომადგენელს თ---------–--ლს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

რაიონულმა სასამართლო აღნიშნა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრა არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან უეჭველად მის დაკმაყოფილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილების სახით, აუცილებელია სარჩელში მისი მოთხოვნა იყოს დასაბუთებული, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ფატები და მოსაზრებები, ასევე წარმოადგინოს დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მისი მოთხოვნის კანონიერებას. ეს მსჯელობა სრულად შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლითაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-6 მუხლით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რის შესახებაც ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ მე-6 მუხლში არაფორმალური პრინციპებიდან უმნიშვნელოვანესია ,,საშუალებათა თანასწორობის’’ (შეჯიბრებითობის) პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საქმის განხილვისას და არც ერთი მხარე არ უნდა სარგებლობდეს რაიმე არსებითი უპირატესობით თავის ოპონენტთან შედარებით (იხ. CASE OF NEUMEISTER V. AUSTRIA).

 

18.01.2018 წლის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელეთა მოთხოვნაა მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელეთა სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის სასამართლოს წესით დავალდებულება, რამეთუ მათი ასეთი მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეებს განემარტათ, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლოს ძირითადად მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 58-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნორმებში დაფიქსირებულია შესაძლებლობა პირადობის მოწმობა შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელს, რაც მიუთითებს მასზედ, რომ პირს სურვილის შემთხვევაში შეუძლია არ აიღოს პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლით და თავისუფლად მოითხოვოს მისი გაცემა ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

მოსარჩელის მიერ განვითარებულმა აღნიშნულმა მსჯელობამ გამოკვეთა ხსენებულ ნორმათა სასამართლოს მიერ განმარტების აუცილებლობა, რათა განისაზღვროს მოპასუხე მხარის მოსარჩელის მიმართ უმოქმედობის მართლზომიერების საკითხი. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხზე ყურადსაღებია საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლითაც სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

რაიოულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივი კავშირის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემასთან, რასაც არეგულირებს მოსარჩელის მიერ მითთებული სპეციალური ნორმატიული აქტები. სახელდობრ, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რაც მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. იმავე კანონის მე-14 მუხლის პირველი და მესამე პუნქტით, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე; პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა; ნ) მისამართი; ო) რეგისტრაციის თარიღი.

 

მითითებული მუხლიდან მოსარჩელის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მე-4 პუნქტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).

 

აღნიშნულ ნორმათა ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო საბუთი, რომლითაც წარმოჩინდება პირი საჯარო თუ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, დოკუმენტს სტანდარტულად გააჩნია პერსონალური მონაცემების შემცველი აუცილებელი რეკვიზიტები და იგი შეიძლება გაიცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით ან მის გარეშე, რასაც ცხადყოფს მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადება აკონკრეტებს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის (არაელექტრონული) გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ობიექტური გარემოება არ გულისხმობს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას.

 

ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს პირადობის მოწმობის მითითებულ ორ სახეს, მათ შორის, თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის. გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

ამრიგად, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ობიექტური მიზეზები შემთხვევების სახით რეგლამენტირებულია 25-ე მუხლში, რომელთაგან მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვერცერთ შემთხვევაზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის უკანონობის შესახებ, რომ მოპასუხე არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან სასამართლოს მითითებული მსჯელობიდან ნათელია, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის დამაზუსტებელ მე-14 მუხლის მე-10 პუნქტს არ ეწინააღმდეგება №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება. არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ უკავშირდება მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გაიცემა მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, ხოლო მათ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ კონკრეტულ, საგამონაკლისო შემთხვევაში, ობიექტური გარემოების არსებობისას, რასაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არა აქვს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 58-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, სასამართლოს აზრით, არც ეს ნორმაა დასტური იმისა, რომ პირს ნებისმიერ დროს, თავისი სურვილის შემთხვევაში აქვს უფლება აიღოს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.

 

მითითებული ნორმის შინაარსის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს ორი წინაპირობის არსებობისას: 1. თუ სახეზეა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევა და 2. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებს სწორედ აღნიშნული თარიღიდან მიენიჭათ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხის მიმართ მოთხოვნა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილია არა 2011 წლის ივლისამდე, არამედ 2017 წლის მაისის თვეში, რაც გამორიცხავს მათი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

კონკრეტულ ვითარებაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა სარჩელი, დადგინდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მისი უმოქმედობა შესაბამისობაშია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა - ქ---------------იამ (პ/ნ. 1----------) და ქ---------------იამ (პ/ნ. 1----------), რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენები, მაგრამ არასწორად განმარტა ის.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოიშველია "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტის №98 ბრძანების 25-ე მუხლი, თუმცა მოახდინა მისი არასწორი განმარტება. კანონის არასწორი განმარტების შედეგად კი გააკეთა დაუსაბუთებელი და ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, კერძოდ, კანონის მე-11 და მე-12 მუხლებზე და 98-ე ბრძანების 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მაშინ საიდან ჩანს ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა. №98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის 20.2 მუხლის შესასრულებლად და შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის პირობებსაც, რასაც ბრძანების გარდამავალი დებულების დანაწესი ერთმნიშვნევლოვნად აღიარებს. ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს შესაძლებელი "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", თუმცა არც დაინტერესებული პირის და არც მოქმედი კანონის 13.1 მუხლის და 14.2 მუხლის პირველი წინადადების დანაწესის შესაბამისად, პირადობის მოწმობის გაცემა რომ უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით, ამაზე კანონქვემდებარე აქტი, №98 ბრძანება მიზანმიმართულად კატეგორიულად არაფერს ამბობს.

 

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა მას არ გამოურკვევია სააგენტოს, რომლსაც ევალება გასცეს პირადობის მოწმობა ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, სად არის ის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ვალდებულია გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება, არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლო გაუაზრებლად აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა და მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მათი აღების სავალდებულოობა, კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესია თავიდან იქნეს აცილებული მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების შემთხვევები. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ კანონმა კი არა სასამართლომ არ გაითვალისწინა და არავითარი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს აქვს უვადო პირადობის მოწმობა, რომლის გამოცვლის სავალდებულოობა არ დაადგინა კანონმა და არ "იზრუნა" მათთვის ესარგებლათ ტექნოლოგიური მიღწევებით, რათა დაცული ყოფილიყო მათი ინტერესები და უსაფრთხოება.

 

აპელანტების განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ "შეიძლებას" სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: იმუშაოს, ისარგებლოს ჯანდაცვით, მიიღოს განათლება, შეიძინოს და განკარგოს ქონება და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის დირექტივები, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას.

 

აპელანტების განმარტებით, მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთ მოთხოვნა არ გამომდინარეობდა კანონის განმარტებიდან. თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული №98 ბრძანების 25-ე მუხლის პირობებში, რაც უკანონოა, რადგან მითითებული ნორმა ეხება მათ, ვისაც სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება, მაგრამ 25-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი ნების დაფიქსირებას სააგენტოში. ასევე სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, თუ რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა "შეიძლება" ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება გაითვალისწინა სიტყვა „შეიძლებასთან’’ დაკავშირებით, კერძოდ, მათი განმარტებით, "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტილების აუცილებლობის დასაბუთება. რაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ასევე უნდა გაეთვალისწინებია სასამართლოს №98 ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ მითითებული დათქმა "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში". სასამართლოს არ გამოუკვლევია სააგენტომ, რომელიც საქმეში წარმოადგენს მხარეს და ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას 18 წლამდე - 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით, რატომ არ მოხდინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლით გავალისწინებული ქმედების განხორციელება. რაიონულმა სასამართლომ ასევე არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ №98 ბრძანების 28-ე მუხლში მითითებულია პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიმართონ სააგენტოს მოთხოვნით პირადობის მოწმობის და არა პირადობის ელექტრონულ მოწმობის მიღებაზე: ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

 

სააპელაციო საჩივრზე შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლოს სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და მიუთითა კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, "საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე“, ამავე მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა“. აღნიშნული დანაწესით კანონი განსაზღვრავს, რომ სხვა შემთხვევებში ასეთი პირადობის მოწმობის გაცემა შეუძლებელია. ამდენად, კანონმდებელი ადგენს ორგვარი პირადობის მოწმობის არსებობის შესაძლებლობას. ამასთან, ერთის არსებობას აკონკრეტებს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევებისთვის, რითაც ადგენს მეორის, ანუ ელექტრონული პირადობის მოწმობის, არსებობას ყველა სხვა შემთხვევისთვის. შესაბამისად, გაურკვეველია რატომ უთითებს აპელანტი, რომ კანონიდან არ ჩანს ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა.

 

რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში, მოწინააღმდეგე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრას მხოლოდ იმას თუ რა ითვლება პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად და მას არ უკავშირდება რაიმე სხვა სახის განმარტება. შესაბამისად, აპელანტის მითითება ამ ჩანაწერზე, არგუმენტს მოკლებულია.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მფლობელის ასაკის მიხედვით, შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო. 16-დან 25 წლამდე ასაკის პირებზე მოწმობა გაიცემა ათი წლის მოქმედების ვადით, 25-დან 45 წლამდე ასაკის პირებზე – ოცი წლის ვადით, ხოლო 45 წლის და უფროსი ასაკის პირებზე – უვადოდ“.

 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ, როდესაც შემოიღო ელექტრონული პირადობის მოწმობები ძალაში დატოვა ძველი პირადობის მოწმობები მათი ვადის გასვლამდე და ასევე, არ გააუქმა უვადოდ გაცემული პირადობის „არაელექტრონული“ მოწმობები. საქართველოს მსგავსად, თითქმის ყველა ქვეყანამ, რომელმაც ელექტრონული პირადობის მოწმობები შემოიღო, ძალაში დატოვა ძველი პირადობის მოწმობები მათი ვადის გასვლამდე. მითითებული საკითხის ამგვარი გადაწყვეტა უკავშირდებოდა იმას, რომ არ მომხდარიყო გაუგებრობა დოკუმენტის ვადასთან დაკავშირებით და ზედმეტად არ მომხდარიყო მოქალაქის მიერ ფინანსური დანახარჯის გაღება, რაც უკავშირდება პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება. ამაჟამად, თუ დადგება კანონმდებლობით გათვალისწინებული პირადობის მოწმობის შეცვლის ვალდებულება (მაგ. სახელის ან გვარის შეცვლისას; ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას) ან თუ პირი დაკარგავს პირადობის მოწმობას, უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით, როგორც დადგენილია კანონის მე–14 მუხლის პირველი და მე–10 პუნქტებით. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნებთან დაკავშირებითაც, დატოვა რა ძველი სანომრე ნიშნები ძალაში. შესაბამისად, გაუგებარია ამ საკითხზე აპელილება აპელანტის მხრიდან. ამასთან მოცემულ შემთხვევაში ვერ ვიხელმძღვანელებთ ზოგადი მითითებებით კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რადგან საუბარი გვაქვს კანონთან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების თავსებადობაზე და არა ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესით“, რომელიც მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით „წესის“ 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.

 

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამავე კანონის მე-3 თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (12.1 მუხლი). მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

აპელანტები მხარე აპელირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 58-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომ დაინტერესებული მხარის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა სხვა ნორმებისაგან დამოუკიდებლად ვერ იქნება განხილული და გამოყენებილი 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების სხვა ნორმებთან ერთობლიობაში კი ის არ ადასტურებს, რომ პირს ნებისმიერ დროს, თავისი სურვილის შემთხვევაში აქვს უფლება მიიღოს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე. მითითებული ნორმის შინაარსის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს ორი წინაპირობის არსებობისას: 1. თუ სახეზეა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევა და 2. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მათი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი კანონით არის დაცული. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეებზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობები. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150-150 ლარი არ დაუბრუნდებათ სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ---------------იას (პ/ნ. 1----------) და ქ---------------იას (პ/ნ. 1----------) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი