განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001244218
საქმე №2ბ/7350-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - სს ,,ლ--------------’’
წარმომადგენელი - ნ---- კ-------ა, თ----- ზ-----------ი, გ------- გ-----
მოწინააღმდეგე მხარე - გ--- გ-----------ი, ლ---------------ი, მ------ ო-----ე
წარმომადგენელი - ა-- გ------------- (ლ---------------ი)
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ლ----------------“ სარჩელი გ--- გ-----------ის, მ------ ო-----ისა და ლ---------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 3 ოქტომბერს, სს „ლ-------------სა“ და გ--- გ-----------ს შორის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, გ--- გ-----------ზე გაიცა კრედიტი 6580 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 10 ოქტომბრამდე. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5%.
2.2. 2013 წლის 3 ოქტომბერს, სს „ლ-------------სა“ და მ------ ო-----ეს შორის თავდებობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, მ------ ო-----ემ გ--- გ-----------თან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 20 944,69 ლარი განისაზღვრა.
2.3. 2013 წლის 3 ოქტომბერს, სს „ლ-------------სა“ და ლ---------------ს შორის თავდებობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, ლ---------------მა გ--- გ-----------თან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 20944,69 ლარი განისაზღვრა.
2.4. გ--- გ-----------მა 2013 წლის 3 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია.
2.5. სს „ლ--------------მა“ გ--- გ-----------ს, ლ-- გ-----------სა და მ------ ო-----ეს, 2015 წლის 2 მარტს, გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის ვალდებულება და მოითხოვა ვალდებულების შესრულება. დასახელებული წერილები ადრესატებს არ ჩაბარდათ.
2.6. 2015 წლის 17 მარტს, სს „ლ----------------“ მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადახდილია 100 ლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. მოპასუხემ სადავო გახადა, სს „ლ--------------ს“ მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი კანონით დადგენილი საბანკო კრედიტის შეწყვეტისა და თავდები პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების კანონიერება, შესაბამისად, დასახელებული სადავო საკითხი უნდა შეფასდეს საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ცენტრალური ნორმების ფარგლებში, რომლებიც განსაზღვრავენ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს და მისი გამოყენების პროცედურულ საკითხებს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.
სასამართლომ განმარტა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, მისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი ასპექტები აქცევს ხელშეკრულების ცალკეულ სახედ. მიუხედავად იდენტური შინაარსისა, სამოქალაქო კოდექსი სესხის ხელშეკრულების დეფინიციისგან მიჯნავს და სპეციალური მოწესრიგების სფეროში აქცევს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. კანონმდებლის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კლასიფიკაციით, სადაც გარიგების ერთ-ერთ მხარედ ყოველთვის საკრედიტო დაწესებულება ფიგურირებს. სესხის ხელშეკრულების ერთგვაროვანი რეგულაციების გავრცელება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ვერ იქნება შესატყვისი საბანკო კომერციაში დამკვიდრებულ თავისებურებებთან, რაც უარყოფითად აისახება საკრედიტო დაწესებულებასთან შედარებით პოზიციურად არახელსაყრელ პირობებში მყოფ მხარეზე.
სამოქალაქო კოდექსის ტენდენცია, რომ დამოუკიდებელი მოწესრიგების ფარგლებში მოაქციოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებლის მიერ გაზიარებულია ეკონომიკურ ურთიერთობებში დანერგილი „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის იურიდიული მოდელი, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არათანაბარ პირობებში მყოფი მხარეების, ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და დაიცვას ისინი საბანკო ურთიერთობებში არსებული ჩვეულებრივი რისკებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის ერთიან სტანდარტს, „სუსტი მხარის“ ინტერესების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნული მიზნების სამართლიანი განხორციელება მოითხოვს კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ფორმალურ გადახვევას. პოზიციური ბალანსის დაცვა ფაქტობრივად უზრუნველყოფს სუსტი მხარის დამატებით უფლებებს და შესაბამისად, აკისრებს მის ოპონენტს იმაზე მეტ ვალდებულებებს, ვიდრე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ „სუსტი მხარის“ დეფინიცია არ გულისხმობს პირის სტატუსს, არამედ მის მდგომარეობას სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება იურიდიულ დოქტრინაში განიხილება გარიგების იმგვარ სახედ, სადაც, ხშირ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთის ოპონირებას ახორციელებენ არათანაბარი პოზიციებიდან. ერთის მხრივ, გარიგების ერთ-ერთ მონაწილედ ყოველთვის ფიგურირებს საკრედიტო დაწესებულება, მისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით. ხელშეკრულების ცალკეულ სახედ მისი ფორმირება, წარმოადგენს საკანონმდებლო კონტროლის გამოხატულებას, გაანეიტრალოს არსებული დისბალანსი „სუსტი“ მხარის ინტერესების უპირატესი დაცვის კუთხით, რომლის დროსაც საკრედიტო დაწესებულება შებოჭილია მოქმედების უფრო მაღალი სტანდარტებით. მაგალითისათვის, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შინაარსი, რომელიც არეგულირებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას, ამკვიდრებს გართულებულ პროცედურას და ავალდებულებს კრედიტორს, გამოიჩი---ს მაქსიმალური ძალისხმევა გარიგების შენარჩუნების მიზნით. გარიგების ვადამდე შეწყვეტის უფლების გამოყენება მას შეუძლია მხოლოდ ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში და, ამავდროულად, კრედიტორი ვალდებულია, მისცეს მოვალეს დამატებითი ორკვირიანი საშეღავათო პერიოდი, ვალდებულების ვადა მოსული ნაწილის შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა არალეგიტიმურია და ართმევს საკრედიტო დაწესებულებას მასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერი ქცევის ტესტი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველჰყოს „სუსტი“ მხარის - მსესხებლის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით დადგენილი უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულება გაფრთხილების შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმირებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კრედიტორის მიმართვა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადახდის ბრძანების გამოცემის თაობაზე, უკეთუ, სკ-ის 873-ე მუხლი საბანკო დაწესებულებას ავალდებულებს მსესხებლის ინფორმირებას მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არსებული ნების გაცხადების გზით, რა დროსაც, მოვალეს სავალდებულო წესით განესაზღვრება დამატებით ორკვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა.
რაც შეეხება თავდებ პირებს, სასამართლომ განმარტა, რომ პირის, როგორც მსესხებლისა და როგორც თავდები პირის ვალდებულებებზე სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება. აღნიშნულს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება განაპირობებს, კერძოდ, პირველ შემთხვევაში, საუბარია პირად ვალდებულებაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, უზრუნველყოფის საშუალებაზე. სამოქალაქო კოდექსით თავდებობის ხელშეკრულების ორი ფორმაა გათვალისწინებული სტანდარტული და სოლიდარული, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სავალდებულოა თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება (სკ-ის 892-ე მუხლი). თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სკ-ის 898-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, თავდებ პირს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლების წაყენების უფლება აქვს (სკ-ის 899-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის ნორმა ადგენს თავდებობისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდები ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს კრედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს ძირითადი მოვალის მიერ ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევა. კრედიტორის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების (გათავისუფლების) საფუძველია. აღნიშნული ვრცელდება, როგორც სტანდარტულ, ასევე სოლიდარულ თავდებობაზე. შესაბამისად, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას იმ ფარგლებში, რომლებშიც, თავდებისათვის დარღვევის მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს
„ლ--------------“, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის „ძლიერი სუბიექტი“, არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა მსესხებლისა და თავდები პირების მიმართ. მან დაარღვია მოპასუხეების ინფორმირებულობის ვალდებულება. სს „ლ-------------ს“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაფრთხილების ვალდებულება არ განუხორციელებია და არც ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა განუსაზღვრავს მსესხებლისათვის. ასევე, მოსარჩელეს არ განუხორციელებია თავდები პირების ინფორმირება, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს რა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის სავალდებულო წინაპირობებს, მისი დაუცველობა გამორიცხავს ამ უფლების არსებობას, რის გამოც, სს „ლ--------------ს“ სარჩელი გ--- გ-----------ის, მ------ ო-----ის და ლ---------------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით საქმის განხილვისას, უდავო ფაქტობრივი გარემოებების სახით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და გ--- გ-----------ს შორის, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №---------------, ასევე გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, მსესხებლის მხრიდან დარღვეული იქნა, 2013 წლის 11 ნოემბრიდან, ანუ გრაფიკის პირველივე თვიდან. დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ დარღვევის შემდეგ, სს "ლ-------------მა", მოპასუხეებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები, ბანკის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ იმ მისამართებზე, რაც იყო მათ მიერ მითითებული ხელშეკრულებაში. მართალია, წერილები ადრესატებს არ ჩაბარებიათ, თუმცა ზოგადად ისინი სადაოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მათ მიერ მითითებულ მისამართზე წერილები გაიგზავნა. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად აღიარება, უკვე საკმარისი საფუძველია, იმისა, რომ სასამართლოს უდავოდ მიეჩნია ბანკის მიერ მხარის ინფორმირების წესი დაცულად და სულ მინიმუმ გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაკმაყოფილება მომხდარიყო.
აპელანტის განმარტებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის გაფრთხილების ფაქტს, თუ წარდგენილია გაფრთხილების წერილი, რომელიც გაგზავნილია მოპასუხის მიერ მითითებულ საკორესპონდენციო მისამართზე (მიუხედავად იმისა, ჩაბარდა თუ არა გზავნილი ადრესატს) და თუ ამის შესახებ არის შეთანხმება მხარეებს შორის. ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 6.1 და 6.2 მუხლების მიხედვით კი, სწორედ ასეთი პირობაა შეთანხმებული, კერძოდ: შეტყობინებად ითვლება, როგორც წერილობით ფორმით გაგზავნილი გაფრთხილება, ასევე ფაქსით, ელ ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ითვლება ჩაბარებულად, იმ შემთხვევაშიც, თუ ის გაგზავნილია სათანადო წესით, მაგრამ ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მოხერხდა მისი ადრესატისთვის ჩაბარება.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეების ინფორმირება მოხდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოების ეტაპზეც და მათ ეცნობათ ბანკის მოთხოვნის შესახებ, რაზეც შემოიტანეს კიდეც წერილობითი პოზიცია (მორიგების შეთავაზება). სარჩელის შეტანა კი თავისთავად, შეტყობინებისთვის ფაქტობრივად კანონით დადგენილი ვადის გასვლის მერე მოხდა. ამდენად, სასამართლომ ძალიან ვიწროდ შეხედა კანონის ინფორმირების მუხლს და მხოლოდ გაფრთხილების წერილის სახით მისი ჩაბარება ჩათვალა აუცილებლად, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა კანონით ითვლება დაცულად, თუ ეს ნება მიუვა ადრესატს. ადრესატს კი ნება, გაფრთხილების სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე, გაგზავნასთან ერთად (მისამართზე გაგზავნა. სმს შეტყობინება), მიუვიდა ბიუროდან გაგზავნილი შეტყობინების მისვლითაც, რითაც მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, ხელშეკრულების შეწყვეტისა და ბანკის პრეტენზიის შესახებ. ამით შესრულებულ იქნა კანონის მოთხოვნა, შეწყვეტამდე, მხარისათვის ვალდებულების შესრულებისთვის, კიდევ ერთი შანსის მიცემის შესახებ, რაც მოპასუხეთა მიერ არ იქნა გამოყენებული. გაფრთხილების დანიშნულება კი სხვა არაფერია, თუ არა დამატებითი დროის მიცემა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. იგი არ შეიძლება მოთხოვნაზე უფლებას საერთოდ აუქმებდეს და მხარის უსაფუძვლო გამდიდრების მექანიზმად იყოს გამოყენებული.
აპელანტის მითითებით 2015 წლის 17 მარტს, განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ, გადახდის ბრძანების გამოცემა. საქმის დარეგისტრირების და წარმოებაში მიღების შემდგომ, მოპასუხეებს (იქ რესპონდენტებს), ბიუროდან გაეგზავნათ შეტყობინებები. ამ შეტყობინებებში, სესხის თანხის ოდენობის გარდა, მითითებული იყო ისიც, რომ, თუ ისინი არ ეთანხმებოდნენ ბანკის მოთხოვნას, შეეძლოთ შეეტანათ პროტესტი, ხოლო თუ აღიარებდნენ დავალიანებას, ან პირდაპირ უნდა დათანხმებოდნენ მოთხოვნას, ან შეეთავაზებინათ მორიგება. მოპასუხეებმა აღიარეს მოთხოვნა და იმ ეტაპზე, დაინტერესდნენ კიდეც პრობლემის მოგვარებით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ ბანკს შესთავაზეს მორიგება, დავალიანების თანხის ნაწილის გადანაწილების პირობით, თუმცა რადგან შეთავაზება არ იყო აპელანტისთვის მისაღები, მხარეებს შორის მორიგება ვერ შედგა. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მიდგომას ამ საკითხზე და განმარტავს, რომ თავად მოწინააღმდეგე მხარეები ადასტურებენ, იმას, რომ მოპასუხეები სადაოდ არ ხდიდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს და აღიარებდნენ კიდეც დავალიანების თანხას. არც ის განუცხადებიათ, რომ მათ არ იცოდნენ ან დარღვევის და ან პრეტენზიის წარდგენის შესახებ.
აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შეუტყობინებლობის შემთხვევაში კრედიტორი კარგავს არა ვალდებულების შესრულების, არამედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ნორმის მიზანი ის არის, რომ საჭიროებისას, ვალდებულება თავდებმა შეასრულოს და ამით კრედიტორისათვის ზიანის მიყენება თავიდან აიცილოს. ამას კი თავდები ვერ მოახერხებს, თუ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა არ ეცოდინება. ამრიგად შეუტყობინებლობის შემთხვევაში თავდები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან არ თავისუფლდება. თანაც მოცემულ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ბანკი არანაირი ფორმით, არ აფრთხილებს თავდებს, მსესხებლის მიერ, გადახდის ვადის გადაცილების შესახებ და არა იმაზე, რომ ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეიძლება, გაგზავნილი შეტყობინება არ ჩაბარდეს ადრესატს (აქ თავდებს). შესაბამისად ამ მუხლზე დაყრდნობით, თავდებების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება სრულიად უსაფუძვლოა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სასამართლო თვლის, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს ,,ლ-------------მა’’ მართლზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც საკმარის საფუძველს ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
4.1.1. 2013 წლის 3 ოქტომბერს ერთი მხრივ სს „ლ-------------ს“ და მეორე მხრივ გ--- გ-----------ს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, გ--- გ-----------ზე გაიცა კრედიტი 6 580 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 10 ოქტომბრამდე. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5%.(ტ.1.ს.ფ. 15-20)
4.1.2. 2013 წლის 3 ოქტომბერს სს „ლ-------------ს“ და მ------ ო-----ეს შორის თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც თავდებმა პირმა თავდებობის ზღვრული თანხის 20944,69 ლარის ფარგლებში სს ,,ლ-------------ს’’ და გ--- გ-----------ს შორის 03.10.2013 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკლულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება იკისრა. (ტ.1.ს.ფ. 23-24)
4.1.3. 2013 წლის 3 ოქტომბერს, სს „ლ-------------სა“ და ლ---------------ს შორის თავდებობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც თავდებმა პირმა თავდებობის ზღვრული თანხის 20944,69 ლარის ფარგლებში სს ,,ლ-------------ს’’ და გ--- გ-----------ს შორის 03.10.2013 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკლრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება იკისრა. (ტ.1.ს.ფ .25-26)
4.1.4. 2013 წლის 03 ოქტომბერს შედგენილ იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი კრედიტის სრულ ოდენობაზე - 6580 ლარზე. (ტ.1.ს.ფ. 21-22)
4.1.5. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც სარჩელის შეტანის მომენტისათვის სს ,,ლ--------------ს’’ მიმართ გ--- გ-----------ს ერიცხებოდა დავალიანება, 9160.54 ლარის ოდენობით საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 6580 ლარი, სარგებელი - 2066.54 ლარი, ჯარიმა - 514 ლარის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 6, 36-37)
4.1.6. 2015 წლის 02 მარტს გ--- გ-----------ს, მ------ ო------ეს და ლ---------------ს ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, თუმცა გაფრთხილების ადრესატებისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. (ტ.1.ს.ფ .30-35)
4.1.7 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით სს „ლ--------------მა“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების წესით, გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოების ფარგლებში თავდები პირების მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა განცხადება მორიგების შესახებ, რომლითაც თავდები პირები ნაწილობრივ დაეთანხმნენ კრედიტორის მოთხოვნას, კერძოდ, მოთხოვნის ძირითადი თანხის - 6580 ლარი, სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის და გამარტივებული წარმოების საფასურის 133,60 ლარის ნაწილში. (ტ.1.ს.ფ. 190-191)
4.1.8. დადგენილია, რომ 11.02.2016 წელს სს ,,ლ-------------მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში საკრედიტო და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.
დადგენილია ასევე, რომ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ჩაბადათ მოპაუხეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მხარეთა შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტთან დაკავშირებული ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია, შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.
ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტას კანონმდებელი უკავშირებს შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კრედიტორის სუბიექტურ ნებას. რაც შეეხება კანონისმიერ საფუძვლებს, ასეთად მიიჩნევა მოვალის მიერ კრედიტის ნაწილის სულ ცოტა ორი ვადით გადახდის გადაცილება, მაშინ როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ ვადაში, კრედიტორის მიერ დამატებითი ორკვირიანი ვადის მიცემა მსესხებლისათვის და აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლა. ამდენად, მოცემული წინაპირობები იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტის და მასზე დარიცხული სარგებლის ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად გადახდის შესახებ დაირღვა. უფრო მეტიც, ამონაწერით გ--- გ-----------ის ანგარიშიდან (ტ.1.ს.ფ. 36) ირკვევა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდა მხოლოდ ერთხელ 28.03.2014 წელს განხორციელდა, გადახდილი თანხა კი 250 ლარს შეადგენდა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის პირობებში მსესხებელს და თავდებ პირებს 02.03.2015 წელს გაფრთხილების შესახებ წერილები გაეგზავნათ, თუმცა გაფრთხილების ამ გზით ჩაბარება ვერ მოხერხდა.
წინამდებარე განჩინებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით სს „ლ--------------მა“ განცხადებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული საქმის წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით მიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიუროს 02.10.2015 წლის შეტყობინებით სს ,,ლ-------------ს’’ ეცნობა, რომ მის მიერ დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მამია ო-----ემ (პ/ნ------------) და ლ---------------მა (პ/ნ------------) წარადგინეს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, რომლითაც დაეთანხმენენ ბანკის მოთხოვნას სესხის ძირითადი თანხის - 6580 ლარის, სააპლიკაციო საფასურის და გამარტივებული წარმოების საფასურის, ჯამში 6 813 ლარის ნაწილში.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 918 -ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგი---ს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განაწილვადებას.
სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი მეორე მხარეს მიუვა.
პალატა შენიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულება მეორე მხარისათვის დამატებით განსაზღვრული ვადის ან გაფრთხილების მიცემის თაობაზე, რათა მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლამდე დამატებით მიეცეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, ამასთან, კონტრაჰენტი ინფორმირებული იყოს, დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო ამოწმებს, დაცულია თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესი, მოვალისათვის ვადის დამატებით განსაზღვრასა თუ გაფრთხილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, კრედიტორის მტკიცების ტვირთია იმ ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის დადასტურება, რომელიც გამორიცხავს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების ვალდებულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონტექსტში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრამდე 3-4 თვით ადრე მოპასუხე მხარეებისთვის გამარტივეული წარმოების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი იყო სს ,,ლ--------------ს’’ მოთხოვნის შესახებ, მეტიც, მოთხოვნის ნაწილი სესხის ძირ თანხასთან მიმართებით აღირებულიც იქნა მათ მიერ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე თვით ადრე სოლიდარულად თავდები პირების ინფორმირებულობა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის, ასევე ვადამოსული მოთხოვნის ოდენობის შესახებ, პალატა მიიჩევს, რომ ასეთ მოცემულობაში დაცულია ხელშეკრულებიდან გასვლის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, რაც თავის მხრივ საკმარისია ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევის და შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრუების საფუძველზე არსებული დავალიანების დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სს ,,ლ------- ბ----ს“ მოთხოვნა გ--- გ-----------ის მიმართ უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით. აღნიშნული ხელშეკრულებებით, ლ---------------მა და მ------ ო-----ემ ძირითად მსესხებელ გ--- გ-----------თან ერთად სოლიდარულად იკისრეს კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკს უფლება აქვს, კონტრაჰენტს წაუყენოს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. სოლიდარული მოვალეები კისრულობენ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდას. სოლიდარული ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, ყოველი მოვალე კრედიტორის წინაშე ვალდებულებებზე პასუხს აგებს უშუალოდ, მთელი თავისი ქონებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდი---ს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც. საბოლოოდ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც შეეხება სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული წარმოების ფარგლებში გაწეულ ხარჯს, სარჩელში ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ,,ლ--------------ს’’ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 277,82 ლარს შეადგენს (ტ..ს.ფ. 43) ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 381,53 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, სს ,,ლ--------------ს’’ სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გ--- გ-----------ს, ლ---------------ს და მ------ ო-----ეს 9160.54 ლარის გადახდა დაეკისრათ, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ--- გ-----------ს, ლ---------------ს და მ------ ო-----ეს სს ,,ლ--------------ს’’ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 366,42 (დაკმაყოფილებული ნაწილი პროპორციულად) ლარის, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 274,81 გადახდა უნდა დაეკისროთ. გარდა ამისა, გათვალისწინებით იმისა, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახცელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად იქნა გადახდილი 11,11 ლარი, სს „ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სს ,,ლ--------------ს’’ მიერ 8.12.2017 წ. #----------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 11,11 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ--------------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. სს ,,ლ--------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. გ--- გ-----------ს, მ------ ო-----ეს და ლ---------------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 9160.54 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა
- 6580 ლარი, სარგებელი - 2066.54 ლარი, ჯარიმა - 514 ლარი.
5. აპლიკაციის საფასურის მოთხოვნის ნაწილში სს ,,ლ-------------ს’’ უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გ--- გ-----------ს, მ------ ო-----ეს და ლ---------------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 366,42 ლარის გადახდა.
7. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გ--- გ-----------ს, მ------ ო-----ეს და ლ---------------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 274,81 ლარის გადახდა.
8. სს „ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სს ,,ლ--------------ს’’ მიერ 8.12.2017 წ. #----------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 11,11 ლარის ოდენობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო