განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
330100118002276462
ინსტანცია
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002276462

საქმე № 1ბ/814-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – ს------–-----–--ე, დაბადების თარიღი: 1----–-–------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: სა-------------------------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს-------------–-----------.

 

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოხსენებული განაჩენის გაუქმება გამამართლებელ ნაწილში და ს------–-----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო გამამტყუნებელ ნაწილში დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ს------–-----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, აპელანტი თვლის, რომ აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი არის შეუსაბამოდ მსუბუქი და განაჩენი ამ ნაწილშიც უნდა შეიცვალოს. ასევე, სასამართლომ ს------–-----–--ის ქმედებას არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება ოჯახური ძალადობისა და მუქარის ნაწილში. აპელანტის აზრით, ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ დანაშაულთა უმრავლესობა ლატენტური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობისა და სმენის არეალში ხორციელდება, შესაბამისად მსგავსი ლატენტური ხასიათის მქონე დანაშაულის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის ჩვენება ძალადობრივი ქმედების შესახებ, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში სადაც იკვეთებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტი, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ მტკიცებულებას, რადგან აღნიშნული სახის დანაშაულები განსხვავდება სხვა კატეგორიის დანაშაულისგან, მითუმეტეს როდესაც ოჯახში ჩადენილი დანაშაული მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის არეალში ხორციელდება. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კონონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან ს------–-----–--ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო მის სასარგებლო და ტენდენციურ ინტერპრეტაციას მისცემს მტკიცებულებებს, გაამართლებს მას ან სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინებს მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს მიაჩნია რომ ს------–-----–--ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის დაუსაბუთელი, ხოლო მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი კი - შეუსაბამოდ მსუბუქი.

 

აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს------–-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---------------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს------–-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რადგან გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. საპროცესო კოდექსის ნორმების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ სასამართლომ უკანონოდ და დაუსაბუთებლად დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებები, რომელიც ობიექტურ პირს შეუქმნიდა რწმენას ს------–-----–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაზე. გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან დაცვის მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.

 

სასამართლომ დაადგინა:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------–-----–--ეს ბრალი ედება, მასში რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის დეკემბრის თვეში, თბილისში, ს--------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე ს------–-----–--ემ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ს-------–-----–--ემ ხ-------------–---–ს ხელი ერთხელ გაარტყა სახის არეში, რა დროსაც ხ--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდგომ, ს--------–-----–--ე სამზარეულოს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ------------–---–ს, რა დროსაც ხ------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 30 დეკემბერს, თბილისში, ჯ----------------------ში არსებულ ,,პსპ-ს“ აფთიაქში ს------–-----–--ე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ------------–---–ს დაემუქრა მისი დის ნ----------–---–ის სიცოცხლის მოსპობით თუ იგი დაშორდებოდა და თანაცხოვრებას აღარ გააგრძელებდა მასთან.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ს------–-----–--ემ ჩაიდინა იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 დეკემბერს, თბილისში, ჯ--------------------ში არსებულ „პსპ“-ს აფთიაქში ს------–-----–--ე მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ ხ------------–---–ს დაემუქრა მისი დის ნ----------–---–ის სიცოცხლის მოსპობით თუ იგი დაშორდებოდა და თანაცხოვრებას აღარ გააგრძელებდა მასთან.

 

თბილისი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით ს------–-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ამავე განაჩენით ს------–-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 03 იანვრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ს------–-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ს------–-----–--ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ს------–-----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ:

 

დაზარალებულ ხ------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს------–-----–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ თბილისში, ს-------------–------------ში. ერთ დღეს მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ნათესავი მამაკაცი, რომელზეც ს------–-----–--ემ იეჭვიანა. მობილური ტელეფონის ნომერი, რომლითაც იგი სარგებლობდა რეგისტრირებული იყო ს------–-----–--ის სახელზე. ამიტომ მან შეძლო ზარების შესახებ ინფორმაციის ამოღება. ერთ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულს, ს-----მ ეჭვიანობის ნიადაგზე გაარტყა ხელი, რამაც მასში ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და დაიწყო ტირილი. აღნიშნულზე ს------–-----–--ე უფრო გაღიზიანდა, გავიდა სამზარეულოში, აიღო დანა და წავიდა მისი მიმართულებით, თან დაემუქრა: „ყელს გამოგჭრიო“. ამ დროს მათ შორის ჩადგა მისი დედამთილი - ჟ--–-----–-----–--ე, რომელმაც არ მისცა დანის დარტყმის საშუალება. მათ შორის, რომ არ ჩამდგარიყო ჟ--–-----–-----–--ე ს------–-----–--ე მის მიმართ განხორციელებულ მუქარას სისრულეში მოიყვანდა. აღნიშნული ფაქტის გამო, მას და ს-----ს დაეძაბათ ურთიერთობა და 2017 წლის 30 დეკემბერს გადაწყვიტა სახლიდან წასულიყო. ჩაალაგა პირადი ნივთები მოზრდილ ხელჩანთაში, რაც შეამჩნია ს-----მ და ჰკითხა ხომ არ აპირებდა წასვლას, რაზეც მან უპასუხა, რომ მიდიოდა სახლიდან. ბრალდებულმა ის სამსახურში მიიყვანა და დატოვა. თუმცა მან მალევე მიაკითხა, სთხოვა შერიგება და სახლში დაბრუნება, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მოგვიანებით, ს------–-----–--ემ კვლავ მიაკითხა სამსახურში და დაემუქრა, რომ თუკი არ შეურიგდებოდა თავს მოიკლავდა. უარის მიღების შემდეგ, უკვე დის მოკვლით დაემუქრა. ვინაიდან, დაზარალებულისთვის ცნობილი იყო, რომ ბრალდებულს სახლში სანადირო თოფი ჰქონდა, გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

მოწმე ს--------------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს „პ----------–-“ ფარმაცევტის პოზიციაზე. ხ------------–---–ი არის მისი თანამშრომელი. შემთხვევის დღეს ხ------------–---–ს სამსახურში რამდენიმეჯერ მიაკითხა მეუღლემ - ს------–-----–--ემ. მან დაინახა როგორ საუბრობდნენ ისინი, თუმცა საუბრის შინაარსი არ გაუგონია. ს------–-----–--ის წასვლის შემდეგ დაზარალებული იყო აღელვებული, შეშფოთებული და სახეზე ფერი არ ჰქონდა. მისთვის სწორედ ხ------------–---–ისგან გახდა ცნობილი, რომ უნდოდა განქორწინება, თუმცა მეუღლე - ს------–-----–--ე ემუქრებოდა ჯერ თვითმკვლელობით, შემდეგ კი ხ-------ს დის მოკვლით, თუ არ შეურიგდებოდა და სახლში არ დაბრუნდებოდა.

 

მოწმე ნ----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წელს მისმა დამ - ხ------------–---–მა და სიძემ - ს------–-----–--ემ გაიცნეს ერთმანეთი და ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ვინაიდან მას სიძე არ მოსწონდა არ ჰქონდათ ურთიერთობა, ხოლო მის დას ხვდებოდა მხოლოდ სამსახურში. 2017 წლის 30 დეკემბერს ტელეფონით დაუკავშირდა და - ხ------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ წამოსვლა უნდოდა ს------–-----–--ისგან, თუმცა ს-----მ მიაკითხა სამსახურში და დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა მას და შემდეგ მოიკლავდა თავს.

 

მოწმე მ-----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 30 დეკემბერს მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება ხ------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის და მუქარის ფაქტზე. მოწმის სახით გამოკითხა ხ------------–---–ი. ბრალდებულის სახით კი დაკავებული იქნა ს------–-----–--ე. დაკავების შესახებ შეატყობინა ბრალდებულის დას, რის შესახებაც შეადგინა შესაბამისი ოქმი. დაკითხა დაზარალებულის და - ნ----------–---–ი, მოწმეები: მ------------–-----ი და ჟ--–-----–-----–--ე, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ სანადირო თოფზე დანიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა.

 

მოწმე ჟ--–-----–-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ს------–-----–--ე არის მისი შვილი, ხოლო ხ------------–---–ი იყო მისი რძალი. მის შვილს და რძალს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და არასდროს შესწრებია მათ კონფლიქტს, ასევე არ უნახავს ს------–-----–--ეს ხელი რომ დაერტყა ხ------------–---–ისთვის ან დანით დამუქრებოდა მას. როგორც მისთვის არის ცნობილი, ხ------------–---–ის და იყო მათი ქორწინების წინააღმდეგი და არ მოსწონდა ს------–-----–--ე.

 

2017 წლის 31 დეკემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ თბილისში, ს-------------–------------ში დედის ჟ--–-----–-----–--ის თანხმობით ჩატარებული იქნა ს------–-----–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა თოფის ლულის მაგვარი და კონდახის მაგვარი საგანი.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 09 იანვრის №1----- ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი N1-------- იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, „M---------” მოდელის, 12 კალიბრის, ორლულიანი, გლუვლულიანი, სანადირო დანიშნულების თოფი, მიეკუთვნება გლუვლულიან, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან. წარდგენილ იარაღზე რაიმე სახის გადაკეთების კვალი არ აღენიშნება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის წერილით დასტურდება, რომ „M---------” მოდელის N1--------, 12 კალიბრის იარაღი რეგისტრირებულია ს------–-----–--ის სახელზე. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ძებნილ იარაღების მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ დგას.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ს------–-----–--ემ წარდგენილი ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, 08:00 საათზე, მეუღლე უნდა წაეყვანა სამსახურში, თუმცა დაინახა, რომ მას ჩვეულზე დიდი ჩანთა ეჭირა ხელში, რის გამოც ჰკითხა წასვლას ხომ არ აპირებდა. ხ-------მ დაუდასტურა, რომ წასვლა უნდოდა. მან თავად მიიყვანა დაზარალებული სამსახურში, დატოვა და თან უთხრა, რომ დაფიქრებულიყო და არ დაენგრია ოჯახი. დღის განმავლობაში 3-4-ჯერ მიაკითხა ხ-------ს სამსახურში რათა მისი საბოლოო პასუხი გაეგო. ბოლო მისვლაზე, სამსახურის დასრულების შემდეგ, ხ-------მ უთხრა რომ არ დაბრუნდებოდა, რის გამოც დაემშვიდობა და წავიდა. იქიდან წასულს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და განყოფილებაში დაიბარეს. ის გამოცხადდა პოლიციაში სადაც ჯერ მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი დააკავეს, ხოლო მის ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა.

 

პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------–-----–--ემ ჩაიდინა იძულება, ე.ი. ხ------------–---–ისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს.

 

პალატა თვლის, რომ ს------–-----–--ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

პალატამ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ს------–-----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ს------–-----–--ეს ედავება 2017 წლის დეკემბრის თვეში, თბილისში, ს-------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ------------–---–ზე ძალადობას და სამზარეულოს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რა დროსაც ხ------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ხ------------–---–ის ჩვენება. თუმცა თავის მხრივ ეს ჩვენებაც არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, კერძოდ: დაზარალებულმა ხ------------–---–მა აჩვენა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში ეჭვიანობის ნიადაგზე ს------–-----–--ემ სახის არეში გაარტყა ხელი, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მისივე ჩვენებით, ბრალდებული სამზარეულოს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობის მუქარით და რომ არა მისი დედამთილი, მისი მეუღლე მუქარას მოიყვანდა სისრულეში, რის გამოც ძალიან შეეშინდა და მუქარა აღიქვა რეალურად. დაზარალებულის განმარტებითვე, ექიმისთვის ან/და პოლიციისთვის არ მიუმართავს და არც დანა ყოფილა ამოღებული. აღნიშნული გარემოებები არ დაადასტურა დაზარალებულის დედამთილმა - ჟ--–-----–-----–--ემ და განმარტა, რომ მის შვილს - ს------–-----–--ეს და რძალს - ხ------------–---–ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მათ არასდროს უჩხუბიათ. ამასთან მისი შვილი ხ-------ს დანით არ დამუქრებია და ის ფაქტი, რომ მან თითქოს შვილი და რძალი გააშველა - არ შეესაბამება სიმართლეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეები - ს--------------–ი, ნ----------–---–ი და მ-----------------ე არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველები, მ-----------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის და ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობას, მოწმე ნ----------–---–მა საქმის გარემოებების შესახებ შეიტყო მხოლოდ დის გადმოცემით, ხოლო მოწმე ს--------------–ი არ არის აღნიშნული ეპიზოდის შემსწრე.

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ს--------------–ის, ნ----------–---–ის და მ-----------------ის ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ხ------------–---–ის მიმართ ს------–-----–--ემ განახორციელა ძალადობა და მუქარა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ხ------------–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმე ჟ--–-----–-----–--ის ჩვენებასთან.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი , პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

პალატა თლის, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ს------–-----–--ის მიერ ხ------------–---–ზე ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტს, რისი გათვალისწინებითაც ბრალდებული ს------–-----–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს------–-----–--ემ ჩაიდინა იძულება, ესე იგი ხ------- ხ----–---–ის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს.

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ს------–-----–--ის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, ასევე მოთხოვნას დანიშნული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება 2017 წლის დეკემბრის თვეში ქ. თბილისში, ს-------------–------------ში, ს------–-----–--ის მიერ ხ------------–---–ის მიმართ ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორცილების ფაქტი. არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ს------–-----–--ემ ნამდვილად განახორციელა თუ არა ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ს------–-----–--ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების განხორცილების ფაქტის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა დასკვნამდე, რომ ს------–-----–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ამასთან პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს------–-----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორცილებაც მის უფლებას წარმოადგენს. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი სურვილისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფსიქიკურ იძულებაში. ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. შესაძლებელია იგი მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმიც, ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას, ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა აქვს. ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება, ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები) სრულად დადასტურდა, რომ ს------–-----–--ემ განახორციელა იძულება, როდესაც განახორციელა ხ------------–---–ისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძლებით არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენდა.

 

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს ს------–-----–--ის ბრალეულობას იძულების ფაქტთან მიმართებით და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მთლიანად იქნა დადასტურებული ს------–-----–--ის მიერ იძულების ჩადენის ფაქტი.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ს------–-----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი. პალატა თვლის, რომ ს------–-----–--ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება გლუვლულიანი სანადირო დანიშნულების თოფი, ყავისფერ ტყავის სათავსთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ს------–-----–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის და მსჯავრდებულ ს------–-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---------------ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის და მსჯავრდებულ ს------–-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---------------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი ს------–-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ს------–-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

ს------–-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართვლოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 03 იანვრის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, ს------–-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს------–-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

გლუვლულიანი სანადირო დანიშნულების თოფი, ყავისფერ ტყავის სათავსთან ერთად - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე