განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002297126
საქმე №1/ბ-477-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ც-------–---–---ის და ლ-------------–--ის
მსჯავრდებულის: რ---–--------------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის - მ-----–------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №001040118004) რ---–--------------ას მიმართ. რ---–--------------ა დაბადებულია 1986 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), დაოჯახებული, არასრული-უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ზ-------------------- სოფელი ო---–-- თ--------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–-----------------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---–--------------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
რ---–--------------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რ---–--------------ა მეუღლეს - ს--–--------------ას თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე ქ.თბილისში, გ-–---------------------–---------ორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჰიგიენური საშუალებების მაღაზიაში რ---–--------------ამ მეუღლეს - ს--–--------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელ-ფეხი სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ს--–--------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რ---–--------------ას ქმედებით ს--–--------------ას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
ასევე: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი რ---–--------------ა 2018 წლის 4 იანვარს, 18:50 საათზე, ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რაიონში, კორპუსი №7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
რ---–--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
რ---–--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, რ---–--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
რ---–--------------ას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა მ-----–------ამ.
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნს შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში რ---–--------------ასთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან რ---–--------------ა ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნების, წარსული ცხოვრების და ნასამართლობის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსსკ-ის ნორმების მოთხოვნები და მსჯავრდებულს უსაფუძვლოდ შეუფარდა მსუბუქი სასჯელი, რისი გამოყენების შესაძლებლობას საპროცესო ნორმები არ იძლეოდა, შესაბამისად, ბრალდების მხარემ ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ რ---–--------------ას მიმართ სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ---–--------------ას დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ს--–--------------ას, ლ-----------------------------–-----–-ას გამოკითვის ოქმების, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის, ცივი იარაღის ექსპერტიზის N45/ცი დასკვნის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის, თავად მსჯავრდებულ რ---–--------------ას აღიარებითი ჩვენების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ---–--------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები. ზემოხსენებული მტკიცებულებები საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლიში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად, კერძოდ: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ რ---–--------------ას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რა დროსაც მითითებული მუხლებით მოცემული სანქციის ფარგლებში განესაზღვრა 1 წლით (ცალ-ცალკე) თავისიფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით.
პალატა პირველი ინსტანციის მიერ რ---–--------------ას მიმართ დანიშნული სასჯელების სამართლიანობის და კანონიერების შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ რ---–--------------ა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რომელსაც შემდეგ რამდენჯერმე შეეხო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონებით მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის გათვალისწინებული შეღავათები და შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე საბოოლოდ განსაზრვრული სასჯელის მოხდის გამო, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებული N0700123 ცნობის ასლით დგინდება, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 12 თებერვლას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშჯერებითა და გაანალიზებით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე განზრახი დანაშაულების ჩადენის დროს - ქმედებების ჩადენის დროს - რ---–--------------ა ნასამართლევი იყო განზრახ ძმიმე დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, უზენასი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება და უზენასი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემებრის N349აპ-17 გადაწყვეტილება), შესაბამისად, მსჯავრდებულის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულების საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
პალატა აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ აღნიშნავს, რომ რ---–--------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით. დგინდება ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართომ აღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რასაც პალატა სამართლიანად და კანონიერად მიიჩნევს, რადგან მოცემული შემთხვევის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით მოცემული სასჯელის მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრით უზრუვნელყოფილი იქნა კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით მოცემული ზემოაღნიშნული იმპერატიული მოთხოვა.
გარად ამისა, მნიშვლელოვანია ის გარემოებაც, რომ რ---–--------------ას სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა ოჯახის წევრთან, რა დროსაც იგი პერიოდულად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს. ამასთან, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც დამნაშავეზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს, აგრეთვე ქმედების განხორციელების სახეს (ძალადობის შემთხვევას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი), ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებული ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის (სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რაც ამძიმებს რ---–--------------ას პასუხისმგებლობას - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით) და მის ხასიათს, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ რ-----–-------------ს მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1 წლის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
პალატა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მუხლით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დროს, მართალია რ---–--------------ა იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირი, თუმცა აღნიშნული გარემოება საქართველოს სსსკ-ის ნორმებიდან გამომდინარე მხედველობაში არ მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს მისი პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით, რადგან საქართველოს სსსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი“.
მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ნორმის გაანალიზებით ნათელია, რომ მსჯავრდებულის ნასამართლობა წარმოადგენს წარდგენილი ბრალდებით ნორმის დისპოზიციით მოცემულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას, მიუხედავად ამისა, (რომ ამ შემთხვევაში ნასამართლობა რ---–--------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნევა) პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით არ წარმოადგენს პროპორციული და თანაზომიერი სასჯელის ოდენობას, რადგან ამ დროს არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების (მან ჩაიდინა ორი დამიუკიდებელი განზრახი დანაშაული) მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (ის არის კანონთან ხშირად კონფლიქტში მყოფი პირი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა და ყოფაქცევა ქმედების შემდეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაცვით და იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაღვრული სასჯელის მიზნების განხორციელება, პალატას მიაჩნია, რომ რ---–--------------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლის საკითხს, აღნიშნულთან მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ,,თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“.
მოცემული მუხლის გაანალიზება, უპირველეს ყოვლისა, ცალსახად მიუთითებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე (და არა ვალდებულებაზე), გამოიყენოს თუ არა აღნიშნული მუხლით დადგენილ დანაწესი კონკრეტული სასჯელის შეფარდებისას. იმ შემთხვევაში კი, როდესაც სასამართლო გადაწყვეტს ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით სასჯელი განუსაზღვროს კონკრეტულ პირს, მას ეკისრება ვალდებულება დაადგინოს, არსებობს თუ არა კანონმდებლის მიერ აღნიშნული მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალსწინებული გარემოებები/პირობები, კერძოდ, 1) მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული, 2) პირის აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან და 3) მსჯავრდებული/პირი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი კატეგორიულად მოითხოვს მითითებული გარემოებების/პირობების კუმულაციურად არსებობას.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი შეფასებისა და გაანლიზების შემდეგ კი პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე მოცემული მუხლის გამოყენებისათვის საჭირო/აუცილებელი გარემოებების არსებობაზე და აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ საქმეზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულები, მან თავის სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები (სახეზეა ზემოაღნიშნული მუხლის პირველი და მეორე გარემოების/პირობის - აღაირების არსებობა და ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენის ფაქტი). თუმცა, საქმის მასალების შედეგად დადგენილი უტყუარი ფაქტობრივი გარემოებებით ნათლად დგინდება ისიც, რომ ბრალდებული არის ნასამართლობის მქონე პირი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რა წარმოადგენს განზრახ მძიმე დანაშაულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდული იყო (ვინაიდან, მსჯავდებული წარსულში ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის), რ---–--------------ას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული დანაწესი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მოთხოვნა პირობითი მსჯავრის არგამოყენების შესახებ დასაბუთებულია, რადგან მოცემული შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის სახით რ---–--------------ას მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავარად ჩათვლის შესაძლებლობა ზემოაღნიშნული მუხლით იმპერატიულად განსაზღვრული დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოს არ გააჩნდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის პირობით მსჯავრად განსაზღვრას არ მოახდენს.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ორი დამოუკიდებელი დანაშაულის ჩადენის ფაქტი), რომელთაგან რ---–--------------ა არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავდებული, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლით თანახმად წარმოადგენს დანაშაულთა ერთობლიობას. აღნიშნულიდან გამომდინარე და მხედველობაში მიღებით იმისა, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, პალატას მიაჩნია, რომ რ---–--------------ას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის (დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება) გამოყენებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ რ---–--------------ას მიმართ. სასჯელის დამძიმების ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის მ-----–------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
რ---–--------------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
რ---–--------------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ რ---–--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
რ---–--------------ას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით, ხოლო სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 30 ივლისიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ---–--------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში.
ნივთმტკიცება:
დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ.ლომიძე