განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100118002453037
საქმე № 1ბ/886-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – ო-----------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-----------–ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–-ა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოხსენებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტი თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ო-----------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალაოდობა მეუღლის მიმართ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ო-----------–---–ი არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი, რის გამოც მეუღლის მიმართ ხდება აგრესიული და სისტემატიურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. მითითებული გარემოება კი უფრო ზრდის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს. აპელანტი თვლის, რომ ო-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი მიზნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარე ითხოვს ო-----------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ო-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 08 აპრილს, საღამოს საათებში, გ------------------------–----------–ში, ო-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო-----------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - თ--------------–---–ის მიმართ, კერძოდ, თმებში ძლიერად მოქაჩა ხელი და ფეხი ჩაარტყა ხელის არეში, რის შედეგადაც თ--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2018 წლის 08 აპრილს, ღამის საათებში, გ------------------------–----------–ში მდებარე თ-------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ო-----------–---–ი, მეუღლეს - თ--------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენით ო-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ო-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელი ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
ო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 აპრილიდან 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ო-----------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ო-----------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ თ--------------–---–ის, ბრალდებულ ო-----------–---–ის, მოწმეების: გ----------–--–---–-ს, ვ-------------------–---–ის, ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თ--------------–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ო-----------–---–ის ალკოტესტზე შემოწმების ოქმით, ო-----------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ო-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ო-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ო-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის დაოჯახებული, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, შეურიგდა დაზარალებულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი.
ო-----------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა სქესზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით. ასევე დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.
ო-----------–---–ის მიმართ მუქარის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ო-----------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ო-----------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელები. პალატა თვლის, რომ ო-----------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ო-----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი. შესაბამისად, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენი ო-----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ო-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ო-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 აპრილიდან 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით.
ო-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი ო-----------–---–ის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ო-----------–---–ის დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს და გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე