განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
010299913170392
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი, საკუთრების მინდობა, დავალება, სამოქალქო
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010299913170392

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 372

29 ივნისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი _ თეონა ქიმერიძე

აპელანტი (იმავდროულად მოწინააღმდეგე მხარე): ვ-–-------- მ----------ვი

წარმომადგენლები: ვ------- ც------–--ე, გ------- ჟ-------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (იმავდროულად აპელანტი): მ-------- ზ--------ე

წარმომადგენლები: ვ------- ჯავახია, ზურაბ მუხურაძე, ლევან ლომსიანიძე

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1. 2013 წლის პირველ თებერვალს ვ-–-------- მ----------ვმა და შპს ”ელიტ დეველოპმენტის” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეთა მ-------- ზ--------ის, გ------- და ეკატერინე ზ--------ეების, მაყვალა ბასელაიშვილისა და შპს ”ნიუ ჰაუსის” წინააღმდეგ და მოითხოვეს: მ-------- და გ------- ზ--------ეებისათვის 316 150 აშშ დოლარის დაკისრება ვ-–-------- მ----------ვის სასარგებლოდ; მ-------- და გ------- ზ--------ეებისათვის 730 069 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელეთა სასარგებლოდ; მ-------- ზ--------ესა და ეკატერინე ზ--------ეს შორის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირ № 251-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 20.42.04.365) 2011 წლის 6 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შპს ”ნიუ ჰაუსის” 2011 წლის 17 აგვისტოს №1 კრების ოქმის (სანოტარო აქტი №110864608) ბათილად ცნობა; მ-------- ზ--------ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების დადგენა მაყვალა ბასiლაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისში, პაოლო იაშვილის ქ.№13-ში მდებარე (ყოფილი ჯაფარიძის) საკადასტრო კოდით: 01.15.05.069.001.01.505, 1/2 ნაწილიდან.

2. მოსარჩელეთა მითითებით, 2007 წლის პირველ მაისს, ვ-–-------- მ----------ვმა, სადავო მიწის ნაკვეთის შესაძენად კომპანია „ეარლაინ ტრანსპორტ ინკორპორეიშენისაგან“ ისესხა 500 000 ლარი. იმავე წელს ისესხა 6 000 000 აშშ დოლარიც. ვ-–-------- მ----------ვი მოპასუხეებს ურიცხავდა თანხას მიწისა და სამშენებლო მასალების შესაძენად, სახლის მშენებლობისათვის და შესაბამისი ნებართვების მისაღებად, რაც მათ არადანიშნულებისამებრ გამოიყენეს, კერძოდ: ა) მ-------- და გ------- ზ--------ეებმა ვერ წარადგინეს 730 069 აშშ დოლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული არის მ-------- და გ------- ზ--------ეების მიერ მითვისებული ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა მშენებლობის მიზნით მენარდესთან დადებულ ხელშეკრულებას. მითითებული დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენითაც; ბ) მოსარჩელეთა მტკიცებით, არქიტექტორთან 192 000 აშშ დოლარის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება ყალბი იყო და რეალურად მხარეებმა მომსახურების ღირებულებად 70 000 ლარი განსაზღვრეს; გ) სადავო მიწის ნაკვეთის შესაძენად, მ-------- და გ------- ზ--------ეებმა 424 000 აშშ დოლარის ნაცვლად, 300 000 აშშ დოლარი გადაიხადეს. მითვისებული ფულის დაბრუნების თავიდან არიდების მიზნით, მ-------- ზ--------ემ 2011 წლის 6 ივნისს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თავის შვილთან - ეკატერინე ზ--------ესთან, რომელმაც ეს ქონება 2011 წლის 18 აგვისტოს, შპს ”ნიუ ჰაუსის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა. ამდენად, მოსარჩელებმა ითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების დადგენა მ-------- ზ--------ის მეუღლის კუთვნილი უძრავი ქონებიდან.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი მოქმედებდნენ სწორედ მათი მარწმუნებლის დავალების შესრულების მიზნით და მისი ინტერესების შესაბამისად. ამასთან, მ-------- ზ--------ე არასოდეს ყოფილა შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის წარმომადგენელი, შესაბამისად, გ------- ზ--------ესთან ერთად თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს კი, არ გააჩნია პრეიუდიციული ძალა. იგი ვერც თანხის დაკისრების საფუძვლად ვერ გამოდგება და ვერც ამ განაჩენით დადგენილი ფაქტები ვერ მიიჩნევა უდავოდ. მოპასუხეთა მითითებით, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც 06.07.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობას დაადასტურებდა. ამასთან, მოპასუხეთა შედავების მიხედვით, თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ-------- ზ--------ეს 152 200 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა ვ-–-------- მ----------ვის სასარგებლოდ; ვ-–-------- მ----------ვს უარი ეთქვა გ------- ზ--------ისათვის თანხის დაკისრებაზე. არ დაკმაყოფილდა შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის სასარჩელო მოთხოვნა მ-------- და გ------- ზ--------ეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე. არ დაკმაყოფილდა ვ-–-------- მ----------ვის და შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის სასარჩელო განცხადება ეკატერინე ზ--------ის, მაყვალა ბასილაიშვილისა და შპს ”ნიუ ჰაუსის” მიმართ მოთხოვნის ნაწილშიც.

5. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 394-ე, 317-ე, 709-ე, 715-ე, 992-ე, 50-ე, 56-ე, 1158-ე, 1159-ე და 1170-ე მუხლები.

6. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, საქმეში წარმოდგენილი თანხის მიღების დამადასტურებელი ხელწერილებით დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებმა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას გ------- ზ--------ისაგან ბანკის ფილიალში მიიღეს ნასყიდობის თანხის ნაწილი, თითოეულმა 25 000 - 25 000 აშშ დოლარი. მათი წარმომადგენლის განმარტებით კი, ვ-–-------- მ----------ვმა მას უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი 300 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ ერთი თვის ვადაში გადაუხადა. 2007 წლის 4 ივნისს, გამყიდველი მხარის წარმომადგენელმა სანოტარო წესით დაამოწმა განცხადება, სადაც მიუთითებდა, რომ მან სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 424 150 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მ-------- ზ--------ემ სადავო მიწის ნაკვეთში გამყიდველებს გადაუხადა მხოლოდ 300 000 აშშ დოლარი, ხოლო ვ-–-------- მ----------ვმა ამავე მიწის ნაკვეთის შესაძენად გადმორიცხა 424 150 აშშ დოლარი, მას მიადგა 124 150 აშშ დოლარის ზიანი. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 424 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. სასამართლომ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ხელშეკრულებაში მითითებულ ფასად არის შეძენილი და აღნიშნული მოქმედებით მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია.

7. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ არქიტექტურული მომსახურებისათვის ვ-–-------- მ----------ვმა არქიტექტორს სულ გადაუხადა 38 000 აშშ დოლარი და 3000 ლარი, მათ შორის, 38 000 აშშ დოლარი გადასცა ხელზე, ხოლო 3000 ლარი ჩაურიცხა ანგარიშზე. ვინაიდან მარწმუნებელმა რწმუნებულს 192 000 აშშ დოლარი გამოუგზავნა არქიტექტორისათვის გადასაცემად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------- ზ--------ემ სრულყოფილად არ შეასრულა 2007 წლის 16 აგვისტოს მინდობილობის საფუძველზე დაკისრებული ვალდებულება და დასაბრუნებელი თანხა 152 200 აშშ დოლარს შეადგენდა.

8. ვ-–-------- მ----------ვი შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის დაფუძნების შემდეგაც აგრძელებდა სადავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის თანხის ჩარიცხვას როგორც მ-------- ზ--------ისათვის, ისე გ------- ზ--------ისათვის, საბანკო ანგარიშებზე.

9. მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმე ირაკლი გოგოლიშვილის (სამშენებლო კომპანიის დირექტორის) ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის მიერ სასარჩელო განმცხადებით მოთხოვნილი 730 069 აშშ დოლარი, რომლის დახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოპასუხეებმა ვერ წარადგინეს, არის სწორედ ის თანხა, რომელიც ვ-–-------- მ----------ვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, მ-------- და გ------- ზ--------ეებმა მენარდეს შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის ვალის სანაცვლოდ გადაუხადეს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ შპს ”ELITE DEVELOPMENT-ს” სამშენებლო კომპანიის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, დასტურდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ სამშენებლო კომპანიამ სარჩელზე უარი თქვა იმის გამო, რომ 2012 წლის 30 ოქტომბრისათვის უკვე ძალაში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინება მხარეთა მორიგების შესახებ და მოპასუხეებს მისთვის უკვე ანაზღაურებული ჰქონდათ შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის ვალი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ დროისათვის უკვე აღარ არსებობდა დავის საგანი, რის გამოც შეწყდა საქმისწარმოება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ზიანი უკვე ანაზღაურებული იყო, არ არსებობდა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურებისათვის ხელმეორედ თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ვ-–-------- მ----------ვი,მ-------- და გ------- ზ--------ეებისათვის 316 150 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა, მათთან გაფორმებული დავალების ხელშეკრულებების შესაბამისად, მიწის ნაკვეთის შესაძენად და არქიტექტურული პროექტის შესადგენად გადმორიცხული თანხა მიითვისეს. სასამართლოს მითითებით, ვ-–-------- მ----------ვს გ------- ზ--------ისათვის ასეთი დავალებები არ მიუცია და არც ამ უკანასკნელს არ შეუსრულებია ისინი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ-–-------- მ----------ვის მოთხოვნა მ-------- ზ--------ისათვის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.

11. რაც შეეხება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებისა და კრების ოქმის ბათილობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ შეიძლებოდა, დაედოთ მოპასუხეებს მოჩვენებითი გარიგება. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხეებს ნამდვილად სურდათ სადავო გარიგებების დადება და ამით არ ილახებოდა მესამე პირთა, მათ შორის, მოსარჩელეთა ინტერესი.

12. მეხუთე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1158-ე და 1170-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა არ დასტურდებოდა, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების წესის დადგენის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა ვ-–-------- მ----------ვმა და შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის წარმომადგენლებმა, ასევე მოპსაუხე მ-------- ზ--------ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვ-–-------- მ----------ვმა და შპს ”ELITE DEVELOPMENT”-ის წარმომადგენელმა, ასევე მოპასუხე მ-------- ზ--------ემ საკასაციო საჩივარი წარადგინეს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით მ-------- ზ--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „ELITE DEVELOPMENT-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ვ-–-------- მ----------ვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ვ-–-------- მ----------ვს უარი ეთქვა 2007 წლის 28 მაისის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ-------- ზ--------ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთისის სააპელაციო სასამართლოს; ვ-–-------- მ----------ვისა და შპს „ELITE DEVELOPMENT-ის“ სარჩელი მ-------- ზ--------ის, ეკატერინე ზ--------ისა და შპს „NEW HOUSE-ის“ მიმართ 2011 წლის 6 ივნისს მ-------- და ეკატერინე ზ--------ეებს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე შპს „NEW HOUSE-ის“ 2011 წლის 17 აგვისტოს №1 კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე დარჩა განუხილველად; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად;

16. საკასაციო პალატამ გაიზიარა ვ-–-------- მ----------ვის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 124 150 აშშ დოლარის მ-------- მ----------ვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მითითებული თანხის დაკისრებაზე უარი იმით დაასაბუთა, რომ მინდობილმა პირმა დავალების შესასრულებლად გადაცემული თანხა განკარგა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნის შესაბამისად. სასამართლომ აღნიშნული დასკვნა დაამყარა მოწმეთა განმარტებებს, ასევე, საქმეში წარმოდგენილი თანხის მიღების დამადასტურებელ ხელწერილებს. სააპელაციო პალატამ მითითებული დასკვნა ისე გამოიტანა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი საერთოდ არ შეაფასა, კერძოდ, არ გამოიკვლია, თუ რა დაადგინა განაჩენმა უძრავი ქონების შესაძენად მ-------- ზ--------ისათვის გადაცემული თანხის ხარჯვის ნაწილში, ასევე, არ იმსჯელა იმაზე, შეეძლოთ თუ არა გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მტკიცებულებებს განაჩენით დადგენილი ფაქტების გაქარწყლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მითითებულ ნაწილში დაუსაბუთებელია, რის გამოც ის ამ ნაწილში გაუქმდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

17. აღნიშნული დავის პარალელურად მ-------- ზ--------ეს აღძრული ქონდა სარჩელი ვ-–-------- მ----------ვის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

18. კერძოდ: მოსარჩელე მ-------- ზ--------ის განმარტებით: 2007 წლის 21 მაისს, ნოტარიუს მაია კახიძის სანოტარო ბიუროში, მოპასუხე ვ-–-------- მ----------ვმა რეესტრში რეგისტრირებული №1-4029 სანოტარი აქტით, მოსარჩელე მ-------- ზ--------ეს, 10 წლის ვადით მიანიჭა უფლება, რომლის თანახმად მოსარჩელეს უნდა შეეძინა მიწის ნაკვეთი ქ. ქობულეთში. 2007 წლის 16 აგვისტოს სანოტარო ბიუროში მოპასუხე ვ-–-------- მ----------ვმა რეესტრში რეგისტრირებული №1-6941 სანოტარო აქტით მოსარჩელე მ-------- ზ--------ეს 10 წლის ვადით მიანიჭა უფლება, რომლის თანახმად მოსარჩელეს უნდა აეშენებინა და დაეპროექტებინა მრავალბინიანი სახლი მდებარე მის: ქ. ქობულეთი აღმაშენებლის გამზირი №554-ში და ამ მომსახურების განსახორციელებლად დაედო შესაბამისი ხელშეკრულებები კონტრაქტორ მხარეებთან - მშენებლებთან, არქიტექტორთან და ა.შ.

19. 2008 წლის 20 ნოემბერს ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის სანოტარო ბიუროში მოპასუხე ვ-–-------- მ----------ვმა რეესტრში რეგისტრირებული №1565 სანოტარი აქტით მოსარჩელე მ-------- ზ--------ეს მიანიჭა უფლება, რომლის თანახმად მოსარჩელე, როგორც მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილი იყო თავის შეხედულებისამებრ ემართა და გაეყიდა უძრავი ქონება მდებარე აღმაშენებლის გამზირი №554-ში. მოსარჩელე გაცემული მინდობილობების საფუძველზე ახორცილებდა მარწმუნებლის მიერ მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას რწმუნებულის მიერ უფლებამოსილების სრულ გაუქმებამდე. მოსარჩელემ მარწმუნებლის სასარგებლოდ განახორციელა შემდეგი სახის მომსახურებები: ა) მის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შეძენილ იქნა მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქობულეთი დ. აღმაშენებლის ქ. №554 - ში; ბ) მოძიებულ იქნა არქიტექტორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასაპროექტებლად და გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება სამშენებლო პროექტის მოსამზადებლად, ასევე დადებულ იქნა ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან შპს „ანაგთან“; გ) მარწმუნებლის მიერ რწმუნებულობის გაუქმებამდე ხელმძღვანელობდა ქ. ქობულეთში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

26. აღნიშნული მომსახურებების სანაცვლოდ მხარეები ურთიერთობის დაწყებისთანავე შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს გასამრჯელოს სახით უნდა მიეღო ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის ქ. 554-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელიდან 4 ერთეული საცხოვრებელი ფართი, საცხოვრებელი ფართების და სართულების შერჩევის უფლებამოსილება მოპასუხე ვ-–-------- მოისენკოვმა მოსარჩელეს მიანიჭა. გასამრჯელოს სახით მისაცემი უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით ვ-–-------- მ----------ვის საკუთრებაში აღარ არის, რადგან ის უკვე შპს „ELITE DEVELOPMENTI“-ს სახელზე ირიცხება.

20. მ-------- ზ--------ის განმარტებით, ვ-–-------- მ----------ვმა არ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება და არ გადაუხადა მოსარჩელეს მისთვის კუთვნილი გასამრჯელო არც უძრავი ქონების და არც მისი ექვივალენტური ღირებულების სახით.

21. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა თუ არა დავალების ხელშეკრულება; იგი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოთხოვნას, ვინაიდან თავად მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მათ შორის შეთანხმება არსებობდა უძრავი ქონების გადაცემაზე, რაც ისედაც ვერ განხორციელდებოდა. თავად მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხის საკუთრებიდან გავიდა სადავო უძრავი ქონება. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ ემყარება მხარეთა შეთანხმებას, ამასთან იგი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

22. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ-------- ზ--------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ვ-–-------- მ----------ვს დაეკისრა მოსარჩელე მ-------- ზ--------ის სასარგებლოდ 355 372,8 ლარის გადახდა.

23. მითითებული გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მ-------- ზ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ვ-–-------- მ----------ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება მ-------- ზ--------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ-------- ზ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ-–-------- მ----------ვს მ-------- ზ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით 239 596 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

25. მოდავე მხარეთა, მ-------- ზ--------ეა და ვ-–-------- მ----------ვს შორის შედგა სამი მინდობილობა:

1) 2007 წლის 21 მაისს, რომლითაც ვ-–-------- მ----------ვმა მ-------- ზ--------ეს მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით შეეძინა მიწის ნაკვეთი, ქ.ქობულეთში. მინდობილობის ვადა 10 წლით განისაზღვრა (ს.ფ.20).

2) მეორე მინდობილობა ვ-–-------- მ----------ვმა 2007 წლის 16 აგვისტოს გასცა მ-------- ზ--------ეზე, ისევ 10 წლის ვადით. აღნიშნული მინდობილობითმიანიჭა უფლებამოსილება - მ-------- ზ--------ემ ააშენოს და დააპროექტოს მრავალბინიანი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ.ქობულეთი, აღმაშენებლის გამზ. №554-ში. ამ მხრივ მოლაპარაკებები აწარმოოს შესაბამის ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებთან, დადოს ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, დაიცვას მიმნდობის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები წარმოადგინოს იგი ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან (ს.ფ.23).

3) მესამე მინდობილობა გაცემულია 2008 წლის 20 ნოემბერს, რომლითაც ვ-–-------- მ----------ვმა, როგორც საკუთრების მიმნდობმა მ-------- ზ--------ეს, შემდგომში ”მინდობილ მესაკუთრეს გადასცა ყველა უფლებამოსილება, თავისი შეხედულებისამებრ მართოს, მოახდინოს რეალური გაყოფა, გაასხვისოს, გაყიდოს უძრავი ქონება მდებარე ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №554-ში. წინამდებარე მინდობილობის ფარგლებში წარმოადგინოს საკუთრების მიმნდობი იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში. ხელი მოაწეროს ყველა საჭირო საბუთს, ნაწილობრივ ან სრულად გადასცეს წინამდებარე მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილებანი სხვა პირებს. მინდობილობა გაიცა 1 წლის ვადით (ს.ფ. 26).

26. წინამდებარე მინდობილობებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მ-------- ზ--------ის მიერ ვ-–-------- მ----------ვისათვის შეძენილი იქნა 49905 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. №554-ში; მრავალბინიანი სახლის მშენებლობისათვის; იგი თავის შვილ გ------- ზ--------ესთან ერთად ახორციელებდა მ----------ვის მიერ დაფუძნებული შპს ”KB INVESTI-ის” ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მანვე ზემოაღნიშნული მინდობილობების საფუძველზე შპს ”ანაგთან” გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება.

27. 2009 წლის 25 იანვარს შპს ”KB INVESTI-ს” საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა - ნაგებობებით, მდებარე ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №554. მითითებული უძრავი ქონება შპს ”KB INVESTI-ის” სამართალმემკვიდრის შპს ”ELIT DEVELOPMENT-ის” საკუთრებაა.

28. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მ-------- ზ--------ესა და ვ-–-------- მ----------ვს შორის არსებული შეთანხმებით, ვ-–-------- მ----------ვს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გასამრჯელოს სახით მ-------- ზ--------ისათვის უნდა გადაეცა ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №554-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან 4 ბინა. საცხოვრებელი ფართებისა და სართულების შერჩევის უფლებამოსილება მ-------- ზ--------ეს ჰქონდა.

29. უდავოდ იქნა დადგენილი იქნა, რომ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის ვლ. მ----------ვს მ-------- ზ--------ისათვის არ გადაუცია 4 ბინა.

30. დადგენილი იქნა, რომ ქობულეთი, აღმაშენებლის გამზ. №554-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ბინების განშლა მომხდარია და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მესაკუთრეა შპს ”ELIT DEVELOPMENT”. დადგენილი იქნა, რომ 1კვ.მ. ფართის ღირებულება - შეადგენს 652.00 აშშ დოლარს და 686 აშშ დოლარს სართულების მიხედვით ( აღნიშნულია 5,6,7,8, სართულებზე განთავსებული ფართების ღირებულება). დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მ-------- ზ--------ისათვის გასამრჯელოს სახით შეპირებული უძრავი ქონება არ წარმოადგენდა ვ-–-------- მ----------ვის საკუთრებას და იგი შპს ”ელიტ დეველოპმენის” საკუთრებაა, მოვალეს, ანუ დავალების მიმცემს ეკისრება საზღაურის ფულადი სახით ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან (1 კვ.მ. ფართის ღირებულებასთან დაკავშირებით, იმ ოდენობაზე, რაც დავალების შემსრულებელმა აირჩია (თანახმად შეთანხმებისა) გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ვ-–-------- მ----------ვს უნდა დაკისრებოდა 132 კვ.მ. ფართის *4-ზე ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული 1 კვ.მ. ღირებულების ოდენობით, რაც ჯამში შეადგენდა 239 596 ლარს.

31. რაც შეეხება აპელანტ ვ-–-------- მ----------ვის განმარტებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება მოცემულ საკითხზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ--------ის უფლება დაირღვა 2011 წლის მაისში, მინდობილობის გაუქმების დროს, საპასუხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, როდესაც მან შეთანხმებული საზღაური ვერ მიიღო.

32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვ-–-------- მ----------ვმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ვ-–-------- მ----------ვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

34. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: 1. გათვალისწინებული იყო თუ არა ზემოთ მითითებული დავალების ხელშეკრულებებით გასამრჯელო ვალდებულების შესრულებისათვის; 2. წარმოადგენდა თუ არა გასამრჯელო ოთხი ნებისმიერი ბინის საფასურს; 3. რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის თანხების მითვისება დავალების ხელშეკრულების შესრულებისას ნიშნავს თუ არა ვალდებულების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებას; 4. შეიძლება თუ არა რწმუნებულის მიერ ვალდებულების არაკეთისინდისიერად და არაჯეროვნად შესრულების მიუხედავად რწმუნებულმა მოითხოვოს გაწეული საქმიანობისათვის გასამრჯელო.

35. საკასაციო სასამართლომ პირველ და მეორე საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ დავალების ხელშეკრულებებში გასამრჯელოზე მხარეების შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობა მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წერილობითი ფორმით დავალების ხელშეკრულების დადებისას გასამრჯელოს გაუთვალისწინებლობა ნიშნავდა მხარეთა შორის უსასყიდლო ურთიერთობის არსებობას.

36. გასამრჯელოს ოდენობის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო არა ნიხრის ან ჩვეულებრივი გასამრჯელოს პრინციპს, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 აგვისტოს განაჩენით დადგენილ ფაქტს, რომლითაც ვ-–-------- მ----------ვი აღიარებს, რომ დავალების ხელშეკრულების შესრულების შედეგად ის დაპირდა ზ--------ეს მშენებარე საცხოვრებელ სახლში ნებისმიერი 4 ბინის გადაცემას. ამ დადგენილი ფაქტის წინააღმდეგ კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი და მეორე კითხვების პასუხად გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულებები ითვალისწინებდა გასამრჯელოს ოთხი ნებისმიერი ბინის გადაცემით სახით.

37. მესამე საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებას. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 აგვისტოს განაჩენი. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ დავალების ხელშეკრულების შესრულებისას მარწმუნებლის მიერ დავალებული თანხების მითვისება წარმოადგენდა ვალდებულების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებას.

38. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ კასატორი საქმის განხილვისას უთითებდა მოსარჩელის მიერ თანხების მითვისების განაჩენით დადგენილ ფაქტებზე, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებას (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 აგვისტოს განაჩენს) და არ გამოიკვლია განაჩენით დადგენილი ფაქტები, კერძოდ მიუთითებენ თუ არა ეს ფაქტები მოსარჩელის მიერ დავალების ხელშეკრულებების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე. აღნიშნული ფაქტების კვლევის შედეგად წარმოიშობა საქმისათვის მნიშვნელოვანი კითხვა: შეიძლება თუ არა რწმუნებულის მიერ ვალდებულების არაკეთისინდისიერად და არაჯეროვნად შესრულების მიუხედავად რწმუნებულმა მოითხოვოს გაწეული საქმიანობისათვის გასამრჯელო. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით - სააპელაციო სასამართლოს არა აქვს გამოკვლეული აღნიშნული საკითხი. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმ ფაქტების კვლევით, რომლებიც მიუთითებენ გასამრჯელოს თაობაზე შეთანხმების არსებობა-არარსებობასა და გასამრჯელოს მოცულობაზე. სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს და არ მსჯელობს მოპასუხის (კასატორის) მიერ მითითებულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომელთაც მნიშვნელობა გააჩნიათ დავის სწორად გადაწყვეტისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად განსაზღვრა მტკიცების საგანი, მტკიცების საგანში არ შეიყვანა მოპასუხის (კასატორის) მიერ მითითებული ფაქტები და არ შეაფასა ამ ფაქტების დამდგენი მტკიცებულება.

39. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კეთილსინდისერების პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება.

40. საკასაციო სასამართლომ - მოახდინა ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულების დიფერენცირება და გამიჯვნა ურთიერთისგან და განმარტა, რომ ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

41. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არაკეთილსინდისიერ მხარესაც შესაძლებელია გააჩნდეს მოთხოვნები კონტრაჰენტის მიმართ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება ამ მოთხოვნების ფარგლების დადგენას. კერძოდ, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე დავალებული მოქმედებით მარწმუნებელი იღებს სარგებელს, შესაბამისად მას გააჩნია შესრულების მიმართ იურიდიული და ეკონომიკური ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს აღნიშნული ინტერესი. შესაძლებელია მოსარჩელეს (რწმუნებულს) გააჩნდეს მხოლოდ იმ ხარჯის მოთხოვნის უფლება, რომელიც მან გასწია დავალების შესასრულებლად და, რომლის მიმართ მარწმუნებელს გააჩნია იურიდიული და ეკონომიკური ინტერესი იმ თანხების გამოკლებით, რაც მიუთითებს მის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებაზე.

42. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ დავაში - შესრულების ხარისხზე მხარეები არ დავობენ.

43.ზემოაღნიშნული მითითებით საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა:

44. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან ხელახლა განსახლველად დაბრუნებული ეს ორი საქმე (ვ-–-------- მ----------ის სარჩელთან დაკავშირებით ნაწარმოები და მ-------- ზ--------ის სარჩელთან დაკავშირებით ნაწარმოები) გაერთიანდა ერთ წარმოებად.

45. შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის განხილვის საგანია ვ-–-------- მ----------ვის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, მ-------- ზ--------ისათვის 124 150 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, და ვ-–-------- მ----------ვის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, გასამრჯელოს სახით ვ-–-------- მ----------ვისათვის თანხის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრისა და 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში.

46. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებათა გათვალისწინებით, რომლის სამართლებრივი შეფასებანიც სავალდებულოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის (სსსკ-ის 412-ე მუხლი) პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

47. დადგენილია, რომ ვ-–-------- მ----------ვმა მ-------- ზ--------ის სახელზე 2007 წლის 21 მაისს გასცა მინდობილობა (სანოტარო აქტი №1-4089), რომლითაც მ-------- ზ--------ეს უფლება მისცა მისი სახელით შეიძინოს მიწის ნაკვეთები ქობულეთში, იმოქმედოს მისი სახელით, ქონება გაატაროს რეგისტრაციაში ქობულეთის საჯარო რეესტრში, აიღოს შესაბამისი ამონაწერი, გადაიხადოს ყველა საჭირო გადასახადი, მათ შორის სანოტარო ბიუროში, ხელი მოაწეროს მის მაგივრად ყველა საჭირო დოკუმენტს, იყოს მისი წარმომადგენელი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებთან ურთიერთობებში, მათ შორის ბანკთან, საგადასახადო ინსპექციაში და შეასრულოს ყველა ის საჭირო კანონიერი მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება აღნიშნული დავალების შესასრულებლად.

48. დადგენილია, რომ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, მ-------- ზ--------ემ, 2007 წლის 28 მაისს, გააფორმა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება მოგელი გოგიტიძის, ბატინა ბაუჟაძის, ლამარა მაჭუტაძის და ციალა ბერიძის წარმომადგენელთან ნათია ჭყონიასთან, რომლის საფუძველზეც ვ-–-------- მ----------ვის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება, კერძოდ 4990 კვმ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი №554. ხელშეკრულება დამოწმებული იქნა სანოტარო წესით და აღნიშნული ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 424 150 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად (იხ. ხელშეკრულება). ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასს მყიდველი გადაუხდიდა გამყიდველს შემდეგი გრაფიკის დაცვით: 120 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, 261 735 აშშ დოლარს - 2007 წლის 14 ივნისამდე, ხოლო 42 415 აშშ დოლარს გადაიხდიდა 2007 წლის 28 ივნისამდე.

49. დადგენილია, რომ ამ დავალების შესარულებლად მარწმუნებელმა რწმუნებულს გადაუხადა 424150 აშშ დოლარი.

50. მოცემულ შემთხვევაში ვ-–-------- მ----------ვის მოთხოვნა მოპასუხისათვის 124 150 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ვ-–-------- მ----------ვმა მ-------- ზ--------ეს დაავალა რა თავისი სახელით უძრავი ქონების შეძენა - დავალების შესასრულებლად და მიწის ნაკვეთის შესაძენად გადასცა 424 150 აშშ დოლარი. მ-------- ზ--------ემ ბოროტად გამოიყენა მარწმუნებლის ნდობა, მოტყუებით დაეუფლა და მიისაკუთრა მარწმუნებლის ფული, რომელიც განკუთვნილი იყო ზემოხსენებულ დავალების შესასრულებლად, კერძოდ, მოპასუხემ მიწის ნაკვეთის შესაძენად გადაცემული თანხიდან მიითვისა 124 150 აშშ დოლარი.

51. საქმეში განთავსებულია ბათუმის საქალაქო სასმართლოს 2012 წლის 21 აგვისტოს განაჩენი მ-------- ზ--------ის ბრალდების საქმეზე. განაჩენში მითითებულია: სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-------- ზ--------ემ ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მანვე ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება, ამ ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ თავისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. . . ამავე განაჩენით დადასტურებულია, რომ მ-------- ზ--------ემ, 2007 წელს, ქ. ქობულეთში აღმაშენებლის გამზ №554-ში მდებარე 4990 კვ.მ. მიწის ნაკვეთინათია ჭყონიასაგან შეიძისა 300 000 აშშ დოლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი არასწორად მიეთითა ნასყიდობის საფასურად 424 150 აშშ დოლარი.

52. განაჩენით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერგზის მიუთითა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (#4075.სსმ1, #76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი).

53. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოების გასაბათილებელი სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულება მ-------- ზ--------ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნა, რის გამოც სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დავალების შესრულების პროცესში, როდესაც მ-------- ზ--------ემ ვ-–-------- მ----------ვისათვის შეიძინა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.ქობულეთი, აღმაშენებლის გამზ. №554-ში, რწმუნებულმა მიითვისა 124 150 აშშ დოლარი.

54. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; ამავე კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

55. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მოითხოვს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რის დასადასტურებლადაც სარჩელს დაურთო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ამ განაჩენით დასტურდება მ-------- ზ--------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფა), ზიანი (ქონებრივი დანაკლისი, რომელიც მოსარჩელეს მიადგა), მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის (მიღებული ზიანი არის მ-------- ზ--------ის მოქმედების უშუალო შედეგი) და ზიანის მიმყენებლის ბრალი (მ-------- ზ--------ემ განზრახ ხელყო მოსარჩელის საკუთრების უფლება).

56. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საფუძვლიანი და მტკიცებულებებით გამყარებულია ვ-–-------- მ----------ვის მოთხოვნა მ-------- ზ--------ისათვის 124 150 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

57. რაც შეეხება მ-------- ზ--------ის სარჩელს ვ-–-------- მ----------ვის მიმართ გასამრჯელოს სახით თანხის დაკისრების მოთხოვნით, სააპელაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებათა უპირატესი გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მ-------- ზ--------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

58.აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით პალატა დადგენილად შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს მიიჩნევს.

დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა, მ-------- ზ--------ეა და ვ-–-------- მ----------ვს შორის არსებობდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა [კერძოდ შედგა სამი მინდობილობა:1) 2007 წლის 21 მაისს, რომლითაც ვ-–-------- მ----------ვმა მ-------- ზ--------ეს მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით შეეძინა მიწის ნაკვეთი, ქ.ქობულეთში. მინდობილობის ვადა 10 წლით განისაზღვრა (ს.ფ.20). 2) მეორე მინდობილობა ვ-–-------- მ----------ვმა 2007 წლის 16 აგვისტოს გასცა მ-------- ზ--------ეზე, ისევ 10 წლის ვადით. აღნიშნული მინდობილობითმიანიჭა უფლებამოსილება - მ-------- ზ--------ემ ააშენოს და დააპროექტოს მრავალბინიანი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ.ქობულეთი, აღმაშენებლის გამზ. №554-ში. ამ მხრივ მოლაპარაკებები აწარმოოს შესაბამის ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებთან, დადოს ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, დაიცვას მიმნდობის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები წარმოადგინოს იგი ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან (ს.ფ.23). 3) მესამე მინდობილობა გაცემულია 2008 წლის 20 ნოემბერს, რომლითაც ვ-–-------- მ----------ვმა, როგორც საკუთრების მიმნდობმა მ-------- ზ--------ეს, შემდგომში ”მინდობილ მესაკუთრეს გადასცა ყველა უფლებამოსილება, თავისი შეხედულებისამებრ მართოს, მოახდინოს რეალური გაყოფა, გაასხვისოს, გაყიდოს უძრავი ქონება მდებარე ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №554-ში. წინამდებარე მინდობილობის ფარგლებში წარმოადგინოს საკუთრების მიმნდობი იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში. ხელი მოაწეროს ყველა საჭირო საბუთს, ნაწილობრივ ან სრულად გადასცეს წინამდებარე მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილებანი სხვა პირებს. მინდობილობა გაიცა 1 წლის ვადით (ს.ფ. 26)].

59. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული დავალების ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი, რომელიც საზღაურის სახით ითვალისწინებდა საცხოვრებელ სახლში ნებისმიერი 4 ბინის გადაცემას. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი განაჩენი.

60. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ წინამდებარე მინდობილობებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მ-------- ზ--------ის მიერ ვ-–-------- მ----------ვისათვის შეძენილი იქნა 49905 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. №554-ში; მრავალბინიანი სახლის მშენებლობისათვის; იგი თავის შვილ გ------- ზ--------ესთან ერთად ახორციელებდა მ----------ვის მიერ დაფუძნებული შპს ”KB INVESTI-ის” ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მანვე ზემოაღნიშნული მინდობილობების საფუძველზე შპს ”ანაგთან” გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება. მოძიებული იქნა არქიტექტორი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაპროექტებისათვის და გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამშენებლო პროექტის მოსამზადებლად; დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მ-------- ზ--------ე შესაბამის ორგანოებთან ახდენდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის სათანადო განცხადებებით მიმართვას და ურთიერთობის დამყარებას და ვიდრე მინდობილობის გაუქმებამდე, ანუ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებამდე ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. 2008 წლის 21 ნოემბერს, მ----------ვმა დააფუძნა შპს ”KB INVESTI”, რომლის დირექტორად მ-------- ზ--------ის შვილი გ------- ზ--------ე დაინიშნა. 2009 წლის 25 იანვარს შპს ”KB INVESTI-ს” საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა - ნაგებობებით, მდებარე ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №554. ამჟამად უძრავი ქონება შპს ”KB INVESTI-ის” სამართალმემკვიდრის შპს ”ELIT DEVELOPMENT-ის” საკუთრებაა.

61. დადგენილია, რომ 2011 წლის 19 მაისს №110504344 სანოტარო აქტით, ვ-–-------- მ----------ვმა მ-------- ზ--------ეს გაუუქმა მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილებები.

62. საკასაციო სასამართლომ თავის განჩინებაში გამოყო განსახილველი დავის ფარგლებში პასუხგასაცემი კითხვები: 1. გათვალისწინებული იყო თუ არა ზემოთ მითითებული დავალების ხელშეკრულებებით გასამრჯელო ვალდებულების შესრულებისათვის; 2. წარმოადგენდა თუ არა გასამრჯელო ოთხი ნებისმიერი ბინის საფასურს; 3. რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის თანხების მითვისება დავალების ხელშეკრულების შესრულებისას ნიშნავს თუ არა ვალდებულების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებას; 4. შეიძლება თუ არა რწმუნებულის მიერ ვალდებულების არაკეთისინდისიერად და არაჯეროვნად შესრულების მიუხედავად რწმუნებულმა მოითხოვოს გაწეული საქმიანობისათვის გასამრჯელო.

63. განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული დავალების ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი და სასყიდელი, ანუ გასამრჯელო იყო 4 ნებისმიერი ბინის საფასური.

64. რაც შეეხება მომდევნო ორ კითხვას, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 აგვისტოს განაჩენს.

65. აღნიშნული მითითების შესაბამისად პალატა აფასებს რა 2012 წლის 21 აგვისტოს განაჩენს დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ----------ვისაგან განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების შესრულებისას მ-------- ზ--------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობის სხვისი ნივთის (ფულის) დაუფლება მოტყუებით, წინსაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მანვე ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება, ამ ორგანიზაციის ინტერესის საწინაარმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

66. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დავალების ხელშეკრულების შესრულებისას, მარწმუნებლის მიერ დავალებული თანხების მითვისება წარმოადგენს დავალების არაკეთილსინდისიერად შესრულებას - რასაც სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა.

67. უზენაესი სასამართლო თავის განჩინებაში დავის გადაწყვეტისათავის უმნიშვნელოვანეს კითხვას სვამს: შეიძლება თუ არა რწმუნებულის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულების მიუხედავად რწმუნებულმა მოითხოვოს გაწეული საქმიანობისათვის გასამრჯელო?! უზენაესი სასამართლოს მითითებით შესაძლებელია მოსარჩელეს (რწმუნებულს) გააჩნდეს მხოლოდ იმ ხარჯის მოთხოვნის უფლება, რომელიც მან გასწია დავალების შესასრულებლად და რომლის მიმართაც მარწმუნებელს გააჩნია იურიდიული და ეკონომიური ინტერესი, იმ თანხების გამოკლებით, რაც მიუთითებს მის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებაზე.

68. აქვე უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ მოცემულ საქმეში შესრულების ხარისხზე მხარეები არ დავობენ. ხარჯი, რომელიც მ-------- ზ--------ემ გასწია დავალების შესასრულებლად, (თან იმგვარი ხარჯი, რომლის მიმართაც მარწმუნებელს, ვლ. მ----------ვს შესაძლოა ჰქონოდა იურიდიული და ეკონომიური ინტერესი) განსახილველი საქმის მასალებიდან არ დასტურდება.

69. რა შეიძლება იყოს ამგვარი ხარჯი?

70. პალატის მოსაზრებით, ეს შეიძლება იყოს ნებართვების აღებასთან, სანოტარო მომსახურებასთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სამშენებლო კომპანიებთან, მგზავრობასთან და ა.შ. მ-------- ზ--------ის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებზედაც არც მიუთითებს მოსარჩელე და არც არანაირი მტკიცებულება ამ მხრივ მის მიერ წარმოდგენილი არ არის, ასეც რომ არ იყოს, როგორც განაჩენიდან დგინდება, მ-------- ზ--------ეს მითვისებული აქვს დიდი ოდენობით თანხები დავალების შესრულებისას და დაუდასტურებელ ხარჯებს გამოკლებული არაკეთილსინდისიერი შესრულებით მითვისებული თანხები - ცხადია სრულიად არალოგიკურ შედეგამდე მიგვიყვანს, თუმცა პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უმთავრესი მაინც ის არის, რომ არანაირი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება მ-------- ზ--------ეს საქმეში წარმოდგენილი არა აქვს.

71.. მ-------- ზ--------ის მიერ დავალების ხელშეკრულება შესრულებული იქნა, ამის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაც მიუთითებს, მოცემულ საქმეში შესრულების ხარსხზე მხარეები არ დავობენ. ს.ფ.504-ეზ ტ.2.

72. უდავოდაა დადგენილი, რომ მ-------- ზ--------ის მიერ დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იქნა და შესრლებული იქნა ჯეროვნად (უზენაესი სასამართლოც არ ხდის სადავოდ იმას, რომ მოცემულ საქმეში მხარეები შესრულების ხარისხზე არ დავობენ), თუმცა არაკეთილსინდისიერად.

73. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, თუმცა მაინც შესაძლებელია მათი ერთმანეთისაგან დიფერენცირება.

74. კერძოდ საქმეში განთავსებული კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 აგვისოს განაჩენით დადგენილია, რომ ”მ-------- ზ--------ე, გამოძიებით დადგენილ პირებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მათთვის ინვესტორ ვ-–-------- მ----------ვის მიერ, 2007 წლის მაისი შემდგომ პერიოდში ქ. ქობულეთში მიწის ნაკვეთის შესაძენად, აღმაშნებლის ქ. №554-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსართულინი საცხოვრებელი სახლის დასაპროექტებლად და ასაშენებლად გადმორიცხულ ინვესტიციის თანხას 1 046 219 აშშ დოლარის ოდენობით. . . . . . პროკურატურის მიერ დადგენილი იქნა, რომ მ----------ვისაგან მოტყუებით დაუფლებული თანხის რაოდენობა 1046 219 აშშ დოლარს შეადგენდა.”

75. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 361-ე მუხის მეორე ნაწილის თანახმად: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

76. კოდექსის 115-ე, მე-8 მუხლებით: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

77. საკასაციო სასამართლოს მითითებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისეთ ვითარებაში, როცა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვალდებულების შესრულების პარალელურად, მ-------- ზ--------ემ მიითვისა ვ-–-------- მ----------ვის თანხები, დადგენილად უნდა იქნეს მიცნეული, რომ დავალების ხელშეკრულება მ-------- ზ--------ის მხრიდან შესრულებული იქნა არაკეთილსინდისიერად;

78. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საპროცესო ხარჯები:

 

79. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

80. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.

81. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.

82. დაეკისროს მ-------- ზ--------ეს ვ-–-------- მ----------ვის სასარგებლოდ 11 000 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ (სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვ-–-------- მ----------ვის სარჩელთან დაკავშირებით ნაწარმოები დავის ფარგლებში).

83. დაეკისროს მ-------- ზ--------ეს ვ-–-------- მ----------ვის სასარგებლოდ 11 000 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ (სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, მ-------- ზ--------ის სარჩელთან დაკავშირებით ნაწარმოები დავის ფარგლებში).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. ვ-–-------- მ----------ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლსი 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ-------- ზ--------ისათვის ვ-–-------- მ----------ვის სასარგებლოდ 124 150 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ-–-------- მ----------ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. დაეკისროს მ-------- ზ--------ეს ვ-–-------- მ----------ვის სასარგებლოდ 2007 წლის 28 მაისის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 124 150 აშშ დოლარი;

5. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული;

6. დაეკისროს მ-------- ზ--------ეს ვ-–-------- მ----------ვის სასარგებლოდ 11 000 ლარის გადახდა;

7. მ-------- ზ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

8. ვ-–-------- მ----------ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

9. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება მ-------- ზ--------ის სასარგებლოდ ვ-–-------- მ----------ვისათვის 355 372.8 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

10. მ-------- ზ--------ის სარჩელი ვ-–-------- მ----------ვის მიმართ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების დაკისრების მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდეს;

11. დაეკისროს მ-------- ზ--------ეს ვ-–-------- მ----------ვის სასარგებლოდ 11 000 ლარის გადახდა;

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

14. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-12-15 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე