განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
120210015775651
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/3932-15 27 მარტი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – ლ------------------ი

წარმომადგენელი – ე--------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – ნ----–-----------–---ა

წარმომადგენელი – გ---–---------------ე

 

დავის საგანი – მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ------------------ს უარი ეთქვა ნ----–-----------–---ას მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის N2ბ/3958-10 საოქმო განჩინებით, დამტკიცდა მორიგების აქტი ლ------------------სა და აწ გარდაცვლილ გ--------------------ს შორის, რომლის თანახმად, გ--------------------მა იკისრა ვალდებულება, რომ ლ------------------ს გადაუხდიდა 3000 ლარს, 20 თვის განმავლობაში.

 

გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის 2012 წლის 12 იანვარს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

2.2. გ--------------------ი იყო მოსარჩელე ლ------------------ის ყოფილი მეუღლე და არასრულწლოვანი ს------------------ის მამა.

 

2.3. მოპასუხე ნ----–-----------–---ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი გ--------------------თან.

 

2.4. გ--------------------ს, ნ----–-----------–---ას გარდა, დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა- რ-----------------ი და შვილი - ს------------------ი.

 

2.5. მოსარჩელე ლ------------------ის მოვალე - გ--------------------ი გარდაიცვალა 2013 წლის 18 თებერვალს.

 

2.6. გ--------------------ის გარდაცვალების შესახებ ლ------------------ისათვის ცნობილი გახდა იმავე დღეს, 2013 წლის 18 თებერვალს.

 

2.7. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის N14541576-2/238-14წ გადაწყვეტილებით, მოპასუხე ნ----–-----------–---ა ცნობილი იქნა გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.

 

გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

2.8. ლ------------------ს, გ--------------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, მისი მემკიდრეებისათვის, მათ შორის ნ----–-----------–---ასთვის, სარჩელის აღძვრამდე არ მიუმართავს.

 

2.9.ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის N14541576-2/238-14წ გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ----–-----------–---ამ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა გ--------------------ის სამკვიდრო ქონების - საცხოვრებელი სახლის (ს/კ N62.09.57.2--) 1/3 ნაწილი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.10. მოპასუხე ნ----–-----------–---ამ გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღო 2013 წლის 13 აგვისტოს, ნოტარიუსში განცხადების (სამკვიდროს მიღების შესახებ) შეტანის გზით.

 

2.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის N2ბ/3958-10 საოქმო განჩინებით დაკისრებული თანხიდან მოვალე გ--------------------მა მოსარჩელე ლ------------------ს გადაუხადა მხოლოდ 1000 (ერთი ათასი) ლარი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხის მამკვიდრებლის დავალიანებას მის წინაშე ადასტურებდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლოს შეფასებით, მტკიცების ტვირთი იმ გარმოებისა, რო,მ გ----------------------ს დავალიანების ოდენობა არის განსხვავებული, ან საერთოდ აღარ არსებობს შესრულების გამო, გადადის მოპასუხეზე. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, მოპასუხის აპელირება ამ გარემოებაზე (დავალიანების ოდენობაზე) სასამართლომ არ გაიზიარა.

 

2.12. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე ლ------------------ის, როგორც მამკვიდრებლის კრედიტორის, მოთხოვნა მემკვიდრე ნ----–-----------–---ას მიმართ, წარდგენილია 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის შემდეგი პოზიცია: ვინაიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ის გარემოება, რომ ნ----–-----------–---ა არის გ--------------------ის პირველი რიგის მემკვიდრე, ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის დეკემბრიდან და მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ------------------ს გ--------------------ის მემკვიდრეებისათვის უნდა წარედგინა მოთხოვნა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების დღეს. ვინაიდან ლ------------------ისათვის ცნობილი იყო გ----------------------ს გარდაცვალების შესახებ იმავე დღეს, შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------------------ს, მოთხოვნა გ--------------------ის მემკვიდრეებისათვის უნდა წაეყენებინა 2013 წლის 18 თებერვლიდან 6 თვის ვადაში - 2013 წლის 18 აგვისტომდე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ნ----–-----------–---ას მამკვიდრებელ გ--------------------ს, კრედიტორ ლ------------------ის წინაშე ეკისრებოდა 3000 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც ნაწილი - 1000 ლარი გადაუხადა სიცოცხლეში, ხოლო დარჩენილი ნაწილი არ გადაუხდია; ასევე, დადგინდა, რომ გ--------------------ს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ: შვილი - ს------------------ი; დედა - რ-----------------ი და მეუღლე - ნ----–-----------–---ა. მითითებული მემკვიდრეებიდან მოპასუხე ნ----–-----------–---ამ მიიღო მთლიანი სამკვიდრო ქონების მხოლოდ 1/3 წილი; რაც შეეხება დანარჩენ მემკვიდრეებს, სასამართლოსათვის უცნობია, მათ მიიღეს თუ არა გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნ----–-----------–---ა ვალდებულია დააკმაყოფილოს მამკვიდრებელ გ--------------------ის კრედიტორი ლ------------------ი მიღებული აქტივის ფარგლებში კუთვნილი წილის პროპორციულად, ანუ იგი ვალდებულია ლ------------------ს გადაუხადოს 2000 ლარის 1/3 ნაწილი - 666,67 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------------------ის მოთხოვნა მამკვიდრებლის ვალის 2000 ლარის ოდენობით მხოლოდ ნ----–-----------–---ასაგან მოთხოვნის შესახებ უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მოპასუხის ვალდებულება მამკვიდრებლის წინაშე შემოიფარგლებოდა მხოლოდ მთლიანი დავალიანების 1/3 ნაწილით.

 

2.14. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------------------ის მოვალე, გ--------------------ი გარდაიცვალა 2013 წლის 18 თებერვალს. შესაბამისად, მისი სამკვიდროს გახსნის დღეა 2013 წლის 18 თებერვალი. ამასთან, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოებაც, რომ გ--------------------ის გარდაცვალების შესახებ ლ------------------მა შეიტყო იმავე დღეს, 2013 წლის 18 თებერვალს. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოვალის - გ--------------------ის სამკვიდროს გახსნის დროის შესახებ.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ნ----–-----------–---ამ გ--------------------ის გარდაცვალებიდან (სამკვიდროს გახსნიდან) 6 თვის განმავლობაში, 2013 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ. შესაბამისად, მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო კუთვნილი წილი გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,ხანდაზმულობა’’ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. ზოგადად, მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევა, თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანადაზმულობის ვადის დენა. სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის უფლება სასამართლოს გააჩნია სწორედ მოპასუხე მხარის მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე; შესაბამისად, სასამართლოსათვის გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი შეფასებისათვის, განსაკუთრებით საყურადღებო და ზედმიწევნით გამოსაკვლევი და შესაფასებელია სწორედ ხანდაზმულობის საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------------------ის სარჩელი ხანდაზმული იყო შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ლ------------------ს, მოვალე გ--------------------ის მემკვიდრეებისათვის უნდა წარედგინა მოთხოვნა 6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ. ვინაიდან ლ------------------ისათვის ცნობილი იყო გ----------------------ს გარდაცვალების შესახებ იმავე დღეს, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნის შესახებ. ამდენად, ლ------------------ს მოთხოვნა გ--------------------ის მემკვიდრეებისათვის, მათ შორის ნ----–-----------–---ასათვის უნდა წაეყენებინა 2013 წლის 18 თებერვლიდან 6 თვის ვადაში - 2013 წლის 18 აგვისტომდე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ------------------ს გ--------------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მისი მემკიდრეებისათვის, მათ შორის ნ----–-----------–---ასთვის სარჩელის აღძვრამდე არ მიუმართავს, სარჩელი კი აღძრა 2015 წლის 08 აპრილს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------------------მა მოვალის მემკვიდრეს მოთხოვნა მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ წაუყენა ხანდაზმულობის 6 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, რითაც დაკარგა მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაწყებულიყო 2014 წლის 20 ნოემბრიდან, როდესაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ----–-----------–---ა ცნობილ იქნა გ--------------------ის სამკვიდრო ქონების 1/3 წილი მესაკუთრედ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითა, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისადმი მოთხოვნის წარდგენის უფლება აქვს 6 თვის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც შეიტყობს სამკვიდროს გახსნის შესახებ და არა იმ დროიდან, როდესაც მემკვიდრე(ები) საკუთრებაში დაირეგისტრირებს სამკვიდრო ქონებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------------------ის სარჩელი მოპასუხე ნ----–-----------–---ას მიმართ იყო უსაფუძვლო დ ხანდაზმული და უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც, საბოლოოდ, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ, აპელანტის განმარტებით, ნ----–-----------–---ა მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია, ხოლო იმაზე მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარე სამკვიდრო ქონებას დაეუფლა სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენის საფუძველზე, არასწორი და დაუსაბუთებელია; აპელანტი განმარტავს, რომ ნ----–-----------–---ას მეუღლის მემკვიდრედ ცნობის თაობაზე აღიარებითი სარჩელის აღძვრა დასჭირდა, რამდენადაც განცხადება, რომლითაც ნ----–-----------–---ამ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდორს მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

 

აპელანტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნ----–-----------–---აზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გაურკვეველი და ბუნდოვანია სასამართლოს მიერ დადგენილი დავის ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, შეფასების მიღმაა დარჩენილი საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ლ------------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- გ--------------------ი იყო მოსარჩელე ლ------------------ის ყოფილი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილის ს------------------ის მამა.

 

- მოპასუხე ნ----–-----------–---ა რეგისტრირებულ ქორწინებაში გ--------------------თან.

 

- გ--------------------ს, ნ----–-----------–---ას გარდა, დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა- რ-----------------ი და შვილი - ს------------------ი.

 

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის N2ბ/3958-10 საოქმო განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი ლ------------------სა და გ--------------------ს შორის, რომლის თანახმად, გ--------------------მა იკისრა ვალდებულება, რომ ლ------------------ს გადაუხდიდა 3000 ლარს, 20 თვის განმავლობაში.

 

- მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების იძულებითი აღსრულებისათვის, 2012 წლის 12 იანვარს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

- მოსარჩელე ლ------------------ის მოვალე - გ---------------------- გარდაიცვალა 2013 წლის 18 თებერვალს.

 

- გ--------------------ის გარდაცვალების შესახებ ლ------------------ისათვის ცნობილი გახდა იმავე დღეს, 2013 წლის 18 თებერვალს.

 

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის N14541576-2/238-14 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხე ნ----–-----------–---ა ცნობილი იქნა გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N14541576-2/238-14 საფუძველზე, ნ----–-----------–---ამ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა გ--------------------ის სამკვიდრო ქონების - საცხოვრებელი სახლის (ს/კ N62.09.57.2--) 1/3 ნაწილი.

 

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით, რასაც აპელანტი არ ეთანხმება. შესაბამისად, მხარეთა შორის სადავოდ არის გამხდარი მოპასუხე ნ----–-----------–---ას მხრიდან გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების ზუსტი თარიღი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან;

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-143-136-2010). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არ არის. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ასევე, უნდა იცოდნენ იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში უნდა წარუდგინონ. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადის ბოლო დღეს, ან კრედიტორისათვის არაა ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიერ ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. ასეთ შემთხვევაში, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-303-285-2014). ამასთან, 1488-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია განიმარტოს ისიც, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო და ასეთ ვითარებაში, მოთხოვნის წარმოშობის დროს (სამკვიდროს გახსნას, მამკვიდრებლის გარდაცვალებას) მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის ცნობილი და განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნ----–-----------–---ამ გარდაცვლილი მეუღლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2013 წლის 13 აგვისტოს, თუმცა ნოტარიუსის 2013 წლის 14 თებერვლის დადგენილებით მას უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, საბოლოოდ კი მხოლოდ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის N14541576-2/238-14 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა იგი ცნობილი გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.

 

ამავდროულად, დადგენილია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ--------------------ის სამკვიდროდან მიკუთვნებული ხსენებული 1/3 წილის რეალურად გამოყოფისათვის, ნ----–-----------–---ამ კვლავ აღძრა სარჩელი რ-----------------ის და ს------------------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოში, რომლის 2015 წლის 02 დეკემბრის განჩინებით აღნიშნულ დავაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.

 

ამდენად, მოხმობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატა ასკვნის, რომ იმ პირობებში, როდესაც მამკვიდრებლის _ გ--------------------ის მემკვიდრედ ცნობის და სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების თაობაზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა მემკვიდრეთა ვინაობა და განესაზღვრა სარჩელზე პასუხიმგებელ მოპასუხეთა წრე ვარაუდით, იქამდე, ვიდრე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევიდოდა კანონიერ ძალაში.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

ამავე კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის - მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ნ----–-----------–---ა არის მოვალის - გ----------------------ს პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე და იგი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის N14541576-2/238-14 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა ცნობილი გ--------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ. ამავდროულად, ხსენებული 1/3 წილის რეალურად გამოყოფის თაობაზე აღძრული დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით, რომელიც დამტკიცდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 02 დეკემბრის განჩინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ნ----–-----------–---ას მამკვიდრებელ გ--------------------ს კრედიტორ ლ------------------ის წინაშე ეკისრებოდა 3000 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც ნაწილი - 1000 ლარი გადაუხადა სიცოცხლეში, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა არ განუხორციელებია. ამასთან, დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ გ--------------------ს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ: შვილი - ს------------------ი; დედა - რ-----------------ი და მეუღლე - ნ----–-----------–---ა. მითითებული მემკვიდრეებიდან მოპასუხე ნ----–-----------–---ამ მიიღო მთლიანი სამკვიდრო ქონების მხოლოდ 1/3 წილი, რაც შეეხება დანარჩენ მემკვიდრეებს, მათ მიერ სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი სასამართლოსთვის უცნობია და ამასთან, მათ წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა არც არის წაყენებული, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ნ----–-----------–---ა ვალდებულია დააკმაყოფილოს მამკვიდრებელ გ--------------------ის კრედიტორი ლ------------------ი მიღებული აქტივის ფარგლებში კუთვნილი წილის პროპორციულად, ანუ იგი ვალდებულია ლ------------------ს გადაუხადოს აწ გარდაცვლილ გ--------------------ის დარჩენილი დავალიანების - 2000 ლარის 1/3 ნაწილი, რაც შეადგენს 666,67 ლარს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოვალის, გ----------------------ს მემკვიდრეს - ნ----–-----------–---ას, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით სამოქალაქო N2ბ/3958-10 საქმეზე დამტკიცებული მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებიდან გამომდინარე, გ----------------------ს დარჩენილი დავალიანების - 2000 ლარის 1/3 ნაწილის - 666.67 ლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ჯამში 91.5 ლარის (16.5+75) ოდენობით.

 

6.2. ნ----–-----------–---ას წარმომადგენელმა მოითხოვა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება (ტომი 2,ს.ფ. 25-26).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

სსს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა;

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მიხედვით დავის საგანი შეადგენს 2000 ლარს; აღნიშნულის და ასევე ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ----–-----------–---ას სასარგებლოდ ლ------------------ს უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----–-----------–---ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ლ------------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

4. ლ------------------ის სასარგებლოდ ნ----–-----------–---ას დაეკისროს 666.67 ლარის გადახდა.

 

5. ლ------------------ის სასარგებლოდ ნ----–-----------–---ას დაეკისროს მხარის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 91.5 ლარის ოდენობით;

 

6. ნ----–-----------–---ას სასარგებლოდ ლ------------------ს დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/

 

მოსამართლეები /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/