განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.05.2018
საქმის ნომერი
030310017002062385
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030310017002062385

საქმე №3/ბ-93-2018წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – გ----------–--–--ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ-------–--------ე

წარმომადგენელი – მ--------------ე

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხეზე დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 24 აგვისტოს გ-------–--------ემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქ.ფოთში, გ-----ის ქუჩის N----ში მდებარე ავტოფარეხის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ხარჯების სახით 2155 ლარის გაცემა მის სასარგებლოდ, მის მეირ აღდგენილი ავტოფარეხის აღიარება და განხორციელებული მშენებლობის დადასტურების დავალება არქიტექტურის სამსახურისათვის. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის ავტოფარეხზე დამხმარე ფართის დაშენების პროექტის შეთანხმება წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად და მოპასუხის დავალდებულება აუნაზღაუროს მას საადვოკატო მომსახურების ხარჯი 15-- ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მითითებით ქ.ფოთის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2006 წლის 30 ივნისის N-- ბრძანებით შეთანხმდა ქ.ფოთში, გ-----ის ქუჩის N----ში მდებარე დამკვეთის გ-------–--------ის ავტოფარეხისა და ღია აივნის პროექტი. აღნიშნული პროექტის შეთანხმებასთან ერთად, ქ.ფოთის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2006 წლის 18 ივლისს გაიცა N-- სამშენებლო ნებართვა. სამშენებლო დოკუმენტაციის სრული დაცვით, გ-------–--------ის მიერ წარმოებულ იქნა პროექტით გათვალისწინებული მშენებლობა და 2007 წლის 25 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ N--- ბრძანების საფუძველზე ქ.ფოთში, გ-----ის ქუჩის N----ში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გ-------–--------ის მშენებლობა დამთავრებული ავტოფარეხი და ღია აივანი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებში, ავტოფარეხისა და ღია აივნის მიერ დაკავებული საერთო საკუთრების ფართი 37 კვ.მ. დარეგისტრირდა გ-------–--------ის ინდივიდუალურ საკუთრებად დამოუკიდებელი საკადასტრო კოდით. 2010 წელს უნებართვოდ დადგმულ ავტოფარეხებთან ერთად მერიის სამსახურის მიერ განხორციელდა კანონიერ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ობიექტის დემონტაჟის შესახებ მერიის სამსახურს ადმინისტრაციული აქტი არ მიუღია. შესაბამისად, იგი არ მოექცა იმ სიაში, რომელიც დარეგულირდა 2013 წლის 18 დეკემბრის განკარგულებით და ეხებოდა მოქალაქეთა მფლობელობაში (და არა კანონიერ საკუთრებაში) არსებული ფართების დემონტაჟს და ამ დემონტაჟის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოქალაქეებისათვის.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, 2013 წლის 18 დეკემბრის N------ განკარგულებით, უნებართვო ავტოფარეხების დემონტაჟისათვის საკომპენსაციო თანხად განისაზღვრა ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო თანხის შესაბამისი თანხები. კაპიტალური ავტოფარეხისათვის (ბეტონის ფუნდამენტი, მცირე სამშენებლო ბლოკების კედლები, გადახურვის ფილებით) 2155 ლარის ოდენობით. აღნიშნული განკარგულება შეეხო სარგებლობას, მფლობელობას, ხოლო საკუთრებაზე, რაც დაცვის უფრო მაღალ ფორმას წარმოადგენს, არაფერია ნათქვამი. ასევე დანგრევას დაექვემდებარა უკანონო ავტოფარეხები და არა ექსპლუატაციაში მიღებული რეგისტრირებული ფართები. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მშენებლობადასრულებული და ექსპლუატაციაში მიღებული უძრავი ქონება 37 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 04.02.11.158.01.5--. საკუთრების უფლების უკანონოდ ხელყოფის ფაქტზე პროკურატურაში წლებია შეტანილია განცხადება, მიმდინარეობს, გამოძიება, იგი ცნობილია დაზარალებულად, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გზით ზიანის ანაზღაურება არ განხორციელებულა. მან საკუთარი ხარჯებით მოახდინა რეგისტრირებული ავტოფარეხის აღდგენა, ვინაიდან მისი გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენდა. ასევე, აუცილებლობას წარმოადგენდა ავტოფარეხზე დამხმარე ფართის დაშენება, რომელიც ვერ განხორციელდა ავტოფარეხის დემონტაჟის მიზეზით. კანონიერი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი შესაძლებელია განხორციელებულიყო ექსპროპრიაციის გზით, რომელზეც გამოიცემოდა შესაბამისი აქტი შესაბამისი პირობებით. უძრავი ქონება მის მიერ გამოუყენებელი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩადენილი უკანონობის შედეგად, რაც მდგომარეობს ექსპლუატაციაში მიღებული კანონიერი ნაგებობის დემონტაჟში. განსახილველ შემთხვევაში ფოთის მერიის ხელმძღვანელობით განხორციელდა მისი ქონების უკანონო ხელყოფა ისე, რომ ამის თაობაზე ადმინისტრაციული საქმის მასალებში არ მოიპოვება დემონტაჟისათვის საჭირო მტკიცებულებები. მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა აღიარებულია, კონპენსაციის განსაზღვრით, რაც საკუთრებაზეც აღიარებას ნიშნავს.

 

მოპასუხის წარმომადგენლის აღნიშვნით, მოსარჩელე ითხოვს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ქ.ფოთში, გ-----ის ქუჩის N----ში გ-------–--------ის საკუთრებაში რეგისტრირებული მშენებლობა დასრულებული და ექსპლუატაციაში მიღებული ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას შემდეგი სახით: ავტოფარეხის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ხარჯების სახით 2155 ლარის ანაზღაურებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის, ამასთან, ქალაქ ფოთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ან თანამდებობის პირებს არ მიუღიათ და არ არსებობს რაიმე სამართლებრივი აქტი და არ განუხორციელებიათ რაიმე ქმედება, რომელიც ეხებოდა კანონიერ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟს. ესე იგი მხარეს არ წარუდგენია და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოახდინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის დემონტაჟი. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მისი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა 2010 წელს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას რომც მოეხდინა ავტოფარეხების დემონტაჟი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

გ-------–--------ის საკუთრებაში არსებული 2007 წელს აშენებული ავტოფარეხი დაინგრა და დღეის მდგომარეობით არ არსებობს, გ-------–--------ემ დანგრეული ავტოფარეხის ნაცვლად ააშენა ახალი ავტოფარეხი. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა, არ ითვალისწინებს დანგრეული შენობა-ნაგებობის ახლით აღდგენას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სახეზეა მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გარეშე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შესაბამისად იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ-------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა: 1.საკუთრებაში რეგისტრირებული მშენებლობადასრულებული და ექსპლუატაციაში მიღებული ავტოფარეხის, მდებარე: ქ.ფოთი, გ-----ის ქუჩა N--- (ს/კ 04.02.11.158.01.5--) დემონტაჟის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძოდ: ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ავტოფარეხის, მდებარე: ქ.ფოთი, გ-----ის ქუჩა N--- (ს/კ 04.02.11.158.01.5--) პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ხარჯების სახით 2155 ლარის გაცემა გ-------–--------ის სასარგებლოდ; 2. მოსარჩელის მიერ აღდგენილი ავტოფარეხის, მდებარე: ქ.ფოთი, გ-----ის ქ.N--- (ს/კ 04.02.11.158.01.5--) აღიარება და განხორციელებული მშენებლობის დადასტურების დავალება არქიტექტურის სამსახურისათვის; 3. გ-------–--------ის ავტოფარეხზე, მდებარე: ქ.ფოთი, გ-----ის ქ.N--- (ს/კ 04.02.11.158.01.5--) დამხმარე ფართის დაშენების პროექტის შეთანხმება წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული 86.20 ლარის გადახდა; გ-------–----------ეს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1.1. ქალაქ ფოთის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული 2006 წლის 18 ივლისის N-- მშენებლობის ნებართვის თანახმად, მშენებლობის ობიექტს წარმოადგენდა ავტოფარეხი და ღია აივანი მდებარე ქ.ფოთი, გ-----ის ქუჩა N---. პროექტი შეთანხმებული იყო ქ.ფოთის არქიტექტურის სამსახურთან 2006 წლის 30 ივნისის N-- ბრძანებით;

 

2.1.2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2008 წლის 24 ივნისის N--- ბრძანების თანახმად, გაიცა გ-------–--------ეზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება თვითმმართველ ქალაქ ფოთში, გ-----ის ქუჩის N----ში ავტოფარეხზე დამხმარე ფართის დაშენებასთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად;

 

2.1.3. თვითმმართველ ქალაქ ფოთში გ-----ის ქუჩის N----ში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა კრების 2008 წლის 05 ივნისის N- ოქმის თანახმად, გ-------–--------ეს ნება მიეცა ქ.ფოთში, გ-----ის ქუჩის N----ში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრებში (წითელი ხაზი) მოეწყო ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ავტოფარეხზე დამხმარე ფართი;

 

2.1.4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2007 წლის 25 დეკემბრის N--- ბრძანების თანახმად, მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში თვითმმართველ ქალაქ ფოთში, გ-----ის ქუჩის N----ში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მშენებლობა დამთავრებული ავტოფარეხი და ღია აივანი (მესაკუთრე - გ-------–--------ე);

 

2.1.5. საჯარო რეესტრის 2017 წლის 02 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ქ.ფოთში, გ-----ის ქუჩის N----ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 37 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 04.02.11.158.01.5--) მესაკუთრე არის გ-------–--------ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2007 წლის 25 დეკემბრის N--- ბრძანება;

 

2.1.6. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N------ განკარგულების შესაბამისად, ცნობად იქნა მიღებული თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიაზე მოქლაქეთა მფლობელობაში არსებული ავტოფარეხებისა და კომერციული ფართების დემონტაჟთან დაკავშირებული კომპენსაციის ოდენობის განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნა. დაევალა თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო, საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიას, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესაბამის სამსახურებს N- და N- დანართების შესაბამისად დემონტირებული ქონების მესაკუთრეებისათვის ინდივიდუალურად კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა;

 

2.1.7. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული ავტოფარეხებისა და კომერციული ფართების დემონტაჟთან დაკავშირებული კომპენსაციის ოდენობის განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 09 ოქტომბრის N------ განკარგულების საფუძველზე შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული ავტოფარეხებისა და კომერციული ფართების დემონტაჟთან დაკავშირებული ქონების ღირებულების გასანაღდებელი კომპენსაციის თანხის ოდენობა;

 

2.1.8. დანართი N--ის თანახმად, ქ.ფოთში 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კაპიტალური ავტოფარეხის (ბეტონის ფუნდამენტი, მცირე სამშენებლო ბლოკების კედლები, გადახურვის ფილებით ,,პკჟ“ ხარჯთაღრიცხვა (პირდაპირი დანახარჯები)) ღირებულება განისაზღვრა 2155 ლარით;

 

2.1.9. ფოთის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 29 აგვისტოს N----------5 წერილის შესაბამისად, 2013 წლის 04 ივნისს გ-------–--------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე თვითმმართველი ქ.ფოთის მერიის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით ავტოფარეხების დემონტაჟის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს ფოთის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული იქნენ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელები, რომელთა მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამამტყუნებელი განაჩენები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამათლოს მითითებით, საკუთრების უფლება ფუნდამენტურ უფლებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის სრულფასოვანი განხორციელება, ერთი მხრივ, ინდივიდის ღირსეული არსებობისა და მეორე მხრივ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობის წინაპირობაა. ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომელიც საკუთრების უფლებას ეხება, თავისი შინაარსით შეესაბამება ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს. კერძოდ, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". საკუთრება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლება, ზესახელმწიფოებრივი უფლებაა და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას სახელმწიფოს მხრიდან.

 

სასამართლოს აღნიშვნით, ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N-/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება").

 

საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N-/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დ----------–--–--–---–-----------–-----------------–------–--–-–---–-".).

 

სასამართლოს განმარტებით, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორე მხრივ, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ ფარგლებში" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება N-/1-370,382,390,402,405 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ზ---------–-–---–--------–--------–----------------------- და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ").

 

სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

 

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 09 ოქტომბრის N------ განკარგულების საფუძველზე შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული ავტოფარეხებისა და კომერციული ფართების დემონტაჟთან დაკავშირებული ქონების ღირებულების გასანაღდებელი კომპენსაციის თანხის ოდენობა.

 

სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ საკუთრება მფლობელობასთან მიმართებაში უფრო მაღალი ხარისრის დაცულობის სახეს წარმოადგენდა და თუ განხორციელდებოდა მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების დანგრევისათვის მოთხოვნის აღიარება კომპენსაციის გაცემით, საკუთრების უფლება უფრო აღმატებული იყო, შესაბამისად უფლების და მოთხოვნის აღიარებაც განხორციელდებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ხსენებული აქტის მიღებით იყო შეწყვეტილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გ-------–--------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო; კერძოდ სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები, ხოლო საადვოკატო მომსახურების სახით მოპასუხეს დააკისრა 86.20 ლარის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. გამომდინარე აღიშნულიდან, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მისი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა 2010 წელს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას რომც მოეხდინა ავტოფარეხების დემონტაჟი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია (გასულია მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა) და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა, ვინაიდან არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის დემონტაჟთან დაკავშირებით;

 

3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, გ-------–--------ის საკუთრებაში არსებული 2007 წელს აშენებული ავტოფარეხი დაინგრა და დღეის მდგომარეობით არ არსებობს. მან დანგრეული ავტოფარეხის ნაცვლად ააშენა ახალი ავტოფარეხი (რომელსაც მოსარჩელე უწოდებს "აღდგენას".) აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დანგრეული შენობა-ნაგებობის ახლით აღდგენას. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი - შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე)ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი შენობა-ნაგებობის აშენებით მოახდინა დანგრეული ავტოფარეხის აღდგენა პირვანდელი მდგომარეობით. მოსარჩელის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედება "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას (ახალი შენობა-ნაგებობის უნებართვოდ აშენებას). გამომდინარე აღნიშნულიდან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 21 ივლისის N- დადგენილებით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით მოქალაქე გ-------–--------ე დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და მასვე დაეკისრა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული კაპიტალური ავტოფარეხის დემონტაჟი (აღნიშნულთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში, რომლიც შეჩერებული იყო მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე);

 

3.1.3. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სახეზეა მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის (ავტო-ფარეხის) მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გარეშე. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რის გამოც სარჩელი არასწორად იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს, თუმცა ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა მათ. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება მშენებლობის დადასტურებისა და ავტოფარეხზე დამხმარე ფართის დაშენების პროექტის შეთანხმების მოპასუხეზე დავალების ნაწილში იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.

 

4.1.1. ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში აღიარებულმა უფლებამ ასახვა ჰპოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

იმავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები; კერძოდ, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

ფოთის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 29 აგვისტოს N----------5 წერილით დადგენილია, რომ 2013 წლის 04 ივნისს გ-------–--------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე თვითმმართველი ქ.ფოთის მერიის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით ავტოფარეხების დემონტაჟის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს ფოთის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული იქნენ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელები, რომელთა მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამამტყუნებელი განაჩენები.

 

ამდენად მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის უკანონო დემონტაჟის ფაქტი, რამაც მოსარჩელეს უდავოდ მიაყენა ქონებრივი ზიანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა მოპასუხეზე ზიანის დაკისრების საფუძველი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაკისრებული ზიანის ოდენობას მხარე სადავოდ არ ხდის. პალატა თვლის, რომ ავტოფარეხის უკანონო დემონტაჟით გამოწვეული ზიანის ოდენობა მოსარჩელის მიერ მითითებულია თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N------ განკარგულების შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული ავტოფარეხებისა და კომერციული ფართების დემონტაჟთან დაკავშირებული კომპენსაციის ოდენობა (იხ.ს.ფ.35-38). ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა არ იზაიარებს აპელანტის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დემონტირებული ავტოფარეხი ამჟამადაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლებით, ხოლო მოპასუხემ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N------ განკარგულების გამოცემით თავად იკისრა ანალოგიურ შემთხვევებზე კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, ასევე კონკრეტული პირების მიმართ ამ ფაქტზე გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობის ვადა, რაც სარჩელის აღძვრის მომენტში გასული არ არის.

 

4.1.2. მშენებლობის დადასტურებისა და ავტოფარეხზე დამხმარე ფართის დაშენების პროექტის შეთანხმების მოპასუხეზე დავალების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

ამავე კოდექსის 11.1 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების,აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 5.1 მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსზაღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები. სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი და აუცილებელი კრიტერიუმია, რომ მოსარჩელეს სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის მიმართ გააჩნდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ ,,თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან ქმედებით დარღვეულია. შესაბამისად მნიშვნელოვანია შეფასება მიეცეს სასარჩელო მოთხოვნა მშენებლობის დადასტურებისა და ავტოფარეხზე დამხმარე ფართის დაშენების პროექტის შეთანხმების ნაწილში ექვემდებარეობდა თუ არა სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილება. პალატის მოსაზრებით მშენებლობის დადასტურებისა და ავტოფარეხზე დამხმარე ფართის დაშენების პროექტის შეთანხმების მოპასუხეზე დავალების მოთხოვნა სწორედ მოცემული დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

მითითებული დადგენილების 28.1 მუხლის თანახმად, საქართველოში სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო.

 

დადგენილების 30-ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

 

დადგენილების 37.1 მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

 

ამავე დადგენილების 97.4. მუხლის მიხედვით, შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება სანებართვო პირობების შესრულების ან/და დასაშვები ცვლილებების დადასტურება. აქტი გამოიცემა 3 ეგზემპლარად და მას თან ერთვის აქტის გამომცემი ორგანოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები.

 

ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მშენებლობის დადასტურებისა და ავტოფარეხზე დამხმარე ფართის დაშენების ახალი პროექტის შეთანხმების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის განხილვის კომპეტენცია გააჩნდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. მოსარჩელე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამ მოთხოვნით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია იმ საკითხის გადაწყვეტაზე, რაც მის კომპეტენციას წარმოადგენდა. პალატის მოსაზრებით ამ მოთხოვნებით ადმინისტრაციულ ორგანოზე მიმართვისა და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე პირდაპირ სარჩელის სასამართლოში წარდგენა დაუშვებელია, რაც არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამდენად მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს სარჩელის უარყოფის საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ნაწილობრივ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად ქალაქ ფოთის მუნუიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქალაქ ფოთში, გ-----ის ქუჩის №1---ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 04.02.11.158.01.5--) ნაწარმოები მშენებლობის აღიარებისა და მშენებლობის დადასტურების, ასევე ამავე უძრავ ქონებაზე დამხმარე ფართის დაშენების პროექტის შეთანხმების თაობაზე ქალაქ ფოთის მუნუიციპალიტეტის მერიისათვის დავალების ნაწილში (გადაწყვეტილების 2.2 და 2.3 პუნქტები) და ამ ნაწილში გ-------–--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს; დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, გ-------–--------ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) ნახევრის - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქალაქ ფოთში, გ-----ის ქუჩის №1---ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 04.02.11.158.01.5--) ნაწარმოები მშენებლობის აღიარებისა და მშენებლობის დადასტურების, ასევე ამავე უძრავ ქონებაზე დამხმარე ფართის დაშენების პროექტის შეთანხმების თაობაზე ქალაქ ფოთის მუნუიციპალიტეტის მერიისათვის დავალების ნაწილში (გადაწყვეტილების 2.2 და 2.3 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. გ-------–--------ის სარჩელი ქალაქ ფოთში, გ-----ის ქუჩის №1---ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 04.02.11.158.01.5--) ნაწარმოები მშენებლობის აღიარებისა და მშენებლობის დადასტურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

4. დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

5. გ-------–--------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე – სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150, ანგარიშის №200122900);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე