განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1030-17
საქმე № 330310015001189224
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
წარმომადგენელი: ს--–-------------–-, ე------–-----–--
მოწინააღმდეგე მხარე - ნ--------------–---–-
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში რომლითაც დაკმაყოფილდა ნ--------------–---–-ს სარჩელი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ნ--------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნ--------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2014 წლის პირველი ივლისის №M--------------- ცნობის მიხედვით, ნ--------------–---–- 2011 წლის 5 ოქტომბრიდან სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს სასჯელაღსრულების №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 8 თვის ვადით. მსჯავრდებული ნ--------------–---–-, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ყოფილა ჩარიცხული დაწესებულების სამეურნეო მომსახურებაში სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამისად დაწესებულების ტერიტორიაზე არ ყოფილა დასაქმებული და ხელფასიც არ დარიცხვია.
2.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2015 წლის 10 სექტემბრის №M-------------- წერილის შესაბამისად, 2014 წელს ნ--------------–---–ზე გაცემულია - 0,270 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (იანვარში); 330 გრ. სარეცხის ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, დამატებით - ლეიბი, ბალიში, ზეწარი, ბალიშის პირი, კოვზი, ჩანგალი, ღრმა თეფში (თებერვალში); 0,380 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (მარტში); 0,660 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (აპრილში); 0,350 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (მაისში); 0,350 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის ჯაგრისი, 1 ცალი დიდი პირსახოცი, 1 ცალი კბილის პასტა (ივნისში); 0,350 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი საპარსი (ივლისში); 0,450 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა (აგვისტოში); 0,450 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის ჯაგრისი, 1 ცალი საპარსი (სექტემბერში); 0,400 სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი,1 ცალი ტუალეტის ქაღალდი (ოქტომბერში); 0,400 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი ხელის საპონი (ნოემბერში); 0,800 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, ზეწარი, ბალიშის პირი, კოვზი, ჩანგალი, 1 ცალი პირსახოცი, 1 ცალი საპარსი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის ჯაგრისი, 1 ცალი კბილის პასტა (დეკემბერში).
2015 წელს გაცემულია - 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (იანვარში); 1 ცალი ლეიბი (თებერვალში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა (მარტში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა, 1 ცალი კბილის ჯაგრისი (აპრილში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა (მაისში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი ლეიბი, 1 ცალი ზეწარი (ივნისში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა, 1 ცალი კბილის ჯაგრისი, 1 ცალი პატარა პირსახოცი, 1 ცალი საპარსი (ივლისში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი (აგვისტოში).
ამავე წერილით განმარტებულია, რომ 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ნ--------------–---–-ს მიერ მიღებულ ნივთებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან მოცემულ პერიოდში მათი გაცემის ფიქსირება მსჯავრდებულებებზე არ ხორციელდებოდა.
2.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის მიერ 2011 წელს დამტკიცებულია 3 იანვრის, 4 თებერვლის, 9 თებერვლის, 24 თებერვლის, 1 მარტის, 16 მარტის, 12 აპრილის, 19 აპრილის, 24 მაისის, 21 ივნისის, 19 ივლისის, 29 აგვისტოს, 10 ნოემბრისა და 19 დეკემბრის აქტები.
ზემოაღნიშნული აქტების მიხედვით, პატიმრებს დაურიგდათ: იანვრის თვეში ხელის საპონი, თებერვალში სარეცხის საპონი, თმის საღებავი (ამასთან, პატიმართა საპყრობილეზე და საცხოვრებელი კორპუსების კამერებში დარიგდა თმის ჟელე, საპარსი გელი ქალის, შამპუნი, აეროზოლი, ხოლო სამედიცინო ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებსა და სამეურნეო მომსახურებაში მომუშავე მსჯავრდებულებს დაურიგდათ თითოეულს სარეცხის ფხვნილი), მარტში თმის საღებავი (ამასთან, პატიმართა საპყრობილეზე და ბავშვთა ოთახებში დარიგდა თმის ჟელე, საპარსი გელი), აპრილში ერთჯერადი საპარსები, სარეცხის ფხვნილი, საპონი, ფხვნილოვანი ქლორი, მაისში სარეცხი ფხვნილი, საპონი, ივნისში სამეურნეო საპონი, ივლისში სამეურნეო საპონი (სამედიცინო ნაწილში განთავსებულ და ბავშვთა ოთახში მყოფ მსჯავრდებულებს მიეცათ სარეცხი ფხვნილი), აგვისტოში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი, ნოემბერში სარეცხი ფხვნილი, სამურნეო საპონი, დეკემბერში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი.
2.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის მიერ 2012 წელს დამტკიცებულია 26 იანვრის, 27 თებერვლის, 20 აპრილის, 24 მაისის, 8 ივნისის, 9 ივლისის, 9 აგვისტოს, 6 სექტემბრის, 27 სექტემბრის, 23 ოქტომბრის, 26 ნოემბრისა და 31 დეკემბრის აქტები.
ზემოაღნიშნული აქტების მიხედვით, პატიმრებს დაურიგდათ: იანვრის თვეში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი, თებერვალში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი, აპრილში სარეცხის ფხვნილი, მაისში სამეურნეო საპონი, ივნისში სარეცხის ფხვნილი, ივლისში საოჯახო საპონი, აგვისტოში სარეცხი ფხვნილი, სექტემბერში სარეცხი საპონი, სარეცხი ფხვნილი, ოქტომბერში საპონი, ნოემბერში სარეცხი ფხვნილი, საპონი, დეკემბერში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი.
2.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის მიერ 2013 წელს დამტკიცებულია 24 იანვრის, 26 თებერვლის, 29 მარტის, 2 აპრილის, 26 აპრილის, 10 მაისის, 29 მაისის, 7 ივნისის, 25 ივნისის, 5 ივლისის, 22 ივლისის, 26 აგვისტოს, 25 სექტემბრის, 28 ოქტომბრის, 27 ნოემბრისა და 27 დეკემბრის აქტები.
ზემოაღნიშნული აქტების მიხედვით, პატიმრებს დაურიგდათ: იანვრის თვეში სარეცხი ფხვნილი, თებერვალში საპონი, მარტში სარეცხი ფხვნილი, აპრილში სარეცხის ფხვნილი, სამეურნეო საპონი, მაისში სარეცხი საპონი, სარეცხი ფხვნილი, ივნისში სარეცხის ფხვნილი, სარეცხი საპონი, ივლისში საოჯახო საპონი, სარეცხი ფხვნილი, აგვისტოში სარეცხი ფხვნილი, საოჯახო საპონი, სექტემბერში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი, ოქტომბერში საპონი, სარეცხი ფხვნილი, ნოემბერში სარეცხი ფხვნილი, სამეურნეო საპონი, დეკემბერში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი.
2.6. 2014 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების დირექტორის მოადგილის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ შედგენილია ოქმი, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 27 ივნისს „დ“ საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის №-- საკანში ჩატარდა არაგეგმიური შემოწმება-დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩნდა შემდეგი დოკუმენტაცია: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სარჩელის ფორმები, სხვადასხვა ინსტანციაში გაგზავნილი განცხადებები და პასუხები, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისი დანართი, არბიტრაჟის სადამფუძნებლო დოკუმენტები და დანართები, სამოქალაქო სარჩელი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის და სხვა უწყებების პასუხები, წერილები, ბანკიდან ამონაწერი, 2014 წლის 14 აპრილის საგადახდო დავალება, განჩინება, სამედიცინო ბარათის ასლი, ამონაწერები, კანონები. აღნიშნული დოკუმენტები დაილუქა ნ--------------–---–-ს თანდასწრებით.
ამოღებული მასალები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 2014 წლის 1 ივლისის წერილით დაუბრუნდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებას, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
2.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა სპეციალური დაწესებულების №M-------------- წერილის შესაბამისად, ქალი ბრალდებულები/მსჯავრდებულები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილნი არიან პირადი ჰიგიენის საშუალებებით. 2014 წელს და 2015 წლის აგვისტომდე „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ- ჰიგიენური ნორმების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანების №2 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლეოდა ჰიგიენური საშუალებები. კერძოდ: საპონი, კბილის პასტა და პირსახოცი, ხოლო 2015 წლის აგვისტოდან და 2016 წელს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანების დანართი №2 მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით განისაზღვრა ჰიგიენური საშუალებები და ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლევა საპონი, კბილის პასტა, პირსახოცი და ჰიგიენური საფენები.
წერილის შესაბამისად, ჰიგიენური საშუალებების ღირებულება დაწესებულებაში ცენტრალიზებულად შემოტანილი ფასეულობების სასაქონლო ზედდებულის საფუძველზე, წლების მიხედვით შეადგენს: 2014 წელს - ხელის საპონი 1 ცალი - 0,34 ლარი; პირსახოცი დიდი 1 ცალი - 6.00 ლარი; პირსახოცი პატარა 1 ცალი - 2.25 ლარი; კბილის პასტა 1 ცალი - 1.05 ლარი; 2015 წელს - ხელის საპონი 1 ცალი - 0.60 ლარი; პირსახოცი დიდი 1 ცალი - 5.86 ლარი; პირსახოცი პატარა 1 ცალი - 2.26 ლარი; კბილის პასტა 1 ცალი - 1.10 ლარი; 2016 წელს - ხელის საპონი 1 ცალი - 0.45 ლარი; პირსახოცი დიდი 1 ცალი - 5.86 ლარი; პირსახოცი პატარა 1 ცალი - 3.00 ლარი; კბილის პასტა 1 ცალი - 1.40 ლარი.
წერილში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს წლის განმავლობაში კბილის პასტა მიეწოდებოდათ 4- ჯერ, ხელის საპონი - 12-ჯერ, პირსახოცი დიდი - ერთხელ, პირსახოცი პატარა - 2-ჯერ. ასევე, დამატებით, საჭიროებიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლეოდათ ზემოჩამოთვლილი ჰიგიენური საშუალებები. რაც შეეხება კბილის ჯაგრისს, შამპუნსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებს, რომელიც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული და რომლის გაცემის ვალდებულება არ გააჩნდა სამინისტროს, მიუხედავად ამისა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადების საფუძველზე სამინისტრო აკმაყოფილებდა მათ განცხადებას და ურიგებდა კბილის ჯაგრისს, ტუალეტის ქაღალდს, ერთჯერად საპარსს, სარეცხის ფხვნილს. ასევე, №- დაწესებულებაში საჩუქრის სახით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადასაცემად შედიოდა შამპუნი, თმის საღებავი და ჰიგიენური საფენები. 2015 წლიდან დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მიერ, როგორც ყოველთვიურად, ასევე საჭიროებისამებრ, დამატებით ბრალდებულ/მსჯავრდებულ ქალებს მიეწოდებათ ჰიგიენური საფენები.
წერილით განმარტებულია, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე, პატიმრობის კოდექსის თანახმად, ფუნქციონირებს მაღაზიები, რომლებითაც სარგებლობენ ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რაც დაკავშირებულია როგორც კვების პროდუქტების, ასევე, ჰიგიენური საშუალებების შეძენასთან. დაწესებულებებში არსებულ მაღაზიებში ბრალდებულები/მსჯავრდებულები შესყიდვას ახორციელებენ არა იმიტომ, რომ მათ კანონით მათთვის განსაზღვრული საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალება არ გადაეცემათ, არამედ მათთვის სასურველია ესა თუ ის პროდუქტი და ჰიგიენური საშუალება. ამასთან, დაწესებულებების მაღაზიებში თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ შეძენილ პროდუქტებზე და ჰიგიენურ საშუალებებზე გადახდილი თანხის ანაზღაურება სამინისტროს არ ეკისრება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.8. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.".
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.".
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 2 230 ლარის ოდენობით, რაც 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირადი ჰიგიენისათვის საჭირო და აუცილებელი ნივთების შესაძენად გაწეული ხარჯის სახით მიადგა.
სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსზე, რომლის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.
მითითებული კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ამავე კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, როგორც წესი, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, ასევე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. ადმინისტრაციას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
პატიმრობის კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.
2015 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.
ამავე ბრძანების 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
ბრძანების დანართი №2 შეიცავდა ჩამონათვალს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად. მათ შორის, ბრალდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა (№- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
ბრძანების დანართი №2 შეიცავდა ჩამონათვალს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომელებიც ბრალდებულს უფლება აქვს მაღაზიაში/აფთიაქში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად, მათ შორის, თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების 34-ე მუხლის „ა.ა.“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანებაზე, რომლის დანართი №2 აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებს. კერძოდ, დანართის მე-3 მუხლი ადგენს, რომ დაწესებულებაში მყოფ პირთა სათავსების არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს: ა)ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში); ბ)პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას; გ) საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას; დ) სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლის მიწოდებასა და ცვლას დაბინძურების მიხედვით; ე)მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სათავსებში (18-25 ჩ); ვ)ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას; ზ)ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას; თ)სათავსების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, პერიოდული სადენზიფექციო სამუშაოების ორგანიზებას; ი)სათავსის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.); კ)პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს თავისუფლებაშეზღუდული პირის მიერ პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, კანონმდებელი მიუთითებს, რომ აღნიშნული უნდა განხორციელდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ უნდა ხორციელდებოდეს სწორედ იმ სახის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჰიგიენური საშუალებების იმ სახეობებისა და ოდენობის გადაცემას, რაც დაიცავს პირის ჯანმრთელობასა და ღირსებას. საყურადღებოა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა ჰიგიენური საშუალებების ამომწურავ ჩამონათვალს, ხოლო 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანებაში მითითებულია საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა რომ „კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო. კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონით დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განსაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ სფეროში, შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვლობას, სისწორესა თუ მართლზომიერებას.“
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია, განისაზღვროს, თუ რას გულისხმობს კანონმდებელი პირის პირადი ჰიგიენის უზრუნველყოფაში და რამდენად შემოიფარგლება იგი მხოლოდ კბილის ჯაგრისის, პასტის, საპნისა და პირსახოცის გადაცემაში, ასევე, საგულისხმოა, მათი გადაცემის სიხშირე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება. ადამიანის ღირსება აბსოლუტური ძირითადი უფლებაა და ნებისმიერი ჩარევა მასში კონსტიტუციურ-სამართლებრივად გაუმართლებელია.
სასამართლომ განმარტა, რომ პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ იზრუნოს თავისუფლებააღკვეთილ პირზე, შეუქმნას მას სათანადო პირობები, დაიცვას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე („ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“), სადაც განმარტებულია, რომ კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ თითოეული პატიმარი იმყოფებოდეს მისი ადამიანური ღირსების პატივისცემის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულებამ არ გამოიწვიოს განსაცდელი ან ტანჯვა, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს პატიმრობის თანმდევ, გარდაუვალ ტანჯვას. პატიმრის ჯანმრთელობის გარდა, ასევე ადეკვატურად და პატიმრობის გონივრული მოთხოვნილებების გათვალისწინებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მისი კეთილდღეობა. ლოგისტიკური და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფო ვალდებულია, ისე მოაწყოს თავისი პენიტენციური სისტემა, რომ უზრუნველყოს პატიმრების ადამიანური ღირსების პატივისცემა.
2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე „დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ“) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ კონვენციის მე-3 მუხლით დაცული უფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. აღნიშნული კი ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს ყველა პატიმრისათვის ადამიანური ღირსების პატივისცემის შესაფერი პირობების უზრუნველყოფას, რათა შეფარდებული სასჯელის ზომამ არ ჩააგდოს იგი იმაზე მეტ განსაცდელში და არ დათრგუნოს იმ ინტენსივობით, რომელიც აღემატება პატიმრობისათვის დამახასიათებელი შინაგანი ტანჯვის ჩვეულ დონეს და, რომ პრაქტიკაში არსებულ პატიმრობის პირობებისათვის აუცილებელ მოთხოვნათა შესაბამისად, დაპატიმრებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში №1/4/592 აღნიშნულია, რომ ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. „ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “ საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” , II-30). ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპი ყველა ფუნდამენტური უფლების – ადამიანის თავისუფლების საფუძველი, ისევე როგორც უფლებებით სრულყოფილად სარგებლობა და მათი ეფექტური დაცვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უშუალო გარანტიაა. „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება ... მის ძირითად უფლებებში , მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 საქმეზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ”). „ღირსება ... არ შეიძლება იქნეს განხილული , როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი . ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები ... ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „ საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ , II-31). „ადამიანის უფლებათავკონცეფცია ემსახურება უმთავრეს იმპერატივს, ადამიანის ღირსების დაცვას , რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება №3/1/512 საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომ კონვენციის მე-3 მუხლის ქვეშ მოსახვედრად, მოპყრობამ უნდა მიაღწიოს „ტანჯვის მინიმალურ ზღვარს.“ ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე, კერძოდ, მოპყრობის კონტექსტსა და ხასიათზე, ასევე მის ხანგრძლივობაზე, მის მიერ გამოწვეულ ფიზიკურ და მენტალურ შედეგებზე და ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების მიზნით, სასამართლო იღებს ისეთ კრიტერიუმს, რომელიც „ყოველგვარ გონივრულ ფარგლებში არსებულ ეჭვს სცილდება.“ (2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების უფლებები განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებებს. აღნიშნული ძირითადი უფლებები პირს გააჩნია მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენიც კი ვერ წარმოშობს პირისთვის ძირითადი უფლებების ჩამორთმევის საფუძველს. უფრო მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თავად არ შეზღუდოს გაუმართლებლად პირის ძირითადი უფლებები, არამედ დაიცვას ისინი მესამე პირის ჩარევისაგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების დაკავება თუ დაპატიმრება ითვალისწინებს მისთვის გარკვეული ძირითადი უფლებების გამოყენების შეზღუდვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი ვალდებულია, რომ ითმინოს თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები, სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას მას შესაბამისი პირობები, რომელთა ფარგლებშიც სათანადოდ დაცული იქნება პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მისი ღირსება, რისი უზრუნველყოფაც პირისათვის ჰიგიენური საშუალებების გადაცემის გარეშე შეუძლებელია. სასამართლომ განმარტა, რომ პირისთვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების შექმნა უშუალოდ და პირდაპირ უკავშირდება პირის აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების დაცვას. თუკი პირი არ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საშუალებებით, იზრდება მისი დაავადების რისკი, ამასთან, პირის არაჰიგიენურ მდგომარეობაში ყოფნა ცალსახად აისახება მისი ღირსების შეგრძნებაზე, იწვევს სტრესსა და ნეგატიურ შეგრძნებებს.
სასამართლომ დამატებით მიუთითა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის 11 იანვრის რეკომენდაციაზე ევროპულ ციხის წესებთან დაკავშირებით. რეკომენდაციაში ცალკე თავი ეძღვნება ჰიგიენას. კერძოდ, 19.4. პუნქტის თანახმად, ადექვატური სამყოფლის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, რათა ყოველმა პატიმარმა შეძლოს შხაპით ან აბაზანით სარგებლობა კლიმატისადმი შესატყვისი ტემპერატურის პირობებში. თუ ეს შესაძლებელია დღიურად, ან კვირაში ორჯერ მაინც (თუ საჭიროა უფრო ხშირადაც) ზოგადი ჰიგიენის ინტერესებიდან გამომდინარე. 19.6. და 19.7. პუნქტების შესაბამისად, ამისათვის ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი საშუალებებით, ტუალეტის და ჰიგიენური საშუალებებითა და მასალებით. ქალთა სანიტარული საჭიროებებისათვის სპეციალური უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. ტანსაცმელი და ქვეშაგები.
ქალი პატიმრების განთავსების ადგილს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საშუალებები და ნივთები, რაც დააკმაყოფილებს ქალთა განსაკუთრებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს. ბავშვებისა და ქალების პირადი ჰიგიენისთვის (კერძოდ, ორსული და მეძუძური, ასევე მენსტრუალური ციკლის მქონე ქალებისთვის) საჭირო სანიტარული პირსახოცები და წყალი მიწოდებული უნდა იქნას რეგულარულად და უფასოდ. (წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ (ბანგკოკის წესები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ქალები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჰიგიენური საშუალებებით და, მათ შორის, ჰიგიენური საფენებით, რომელიც მათ ძირითად საჭიროებას წარმოადგენს და არა ფუფუნების საგანს. ქალებისთვის ჰიგიენური მოხმარების საგნების არმიწოდება დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება, რამეთუ ჰიგიენის ჯეროვნად დაცვა მეტწილად დაკავშირებულია პირად ღირსებასთან. აღსანიშნავია, ასევე, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა სპეციალური დაწესებულების №M---------------- წერილის შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოდან და 2016 წელს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანების დანართი №2 მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით განისაზღვრა ჰიგიენური საშუალებები და ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლევა საპონი, კბილის პასტა, პირსახოცი და ჰიგიენური საფენები. ამდენად, მართალია, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა პირდაპირ მითითებას ჰიგიენური საფენების გადაცემაზე, მაგრამ აღნიშნულის გადაცემის ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების ანალიზისა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან, რომ უზრუნველყოს პირის ღირსებისა და ჯანმრთელობის დაცვა. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ მხარეს შეეძლო მათი შეძენა მაღაზიებში, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ჰიგიენური საშუალებები არ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, არამედ მოსარჩელე სწორედ აუცილებლობიდან გამომდინარე რაოდენობის ჰიგიენური საშუალებების გადაცემაზე აპელირებს, აღნიშნულ ფარგლებში სწორედ სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო პირისათვის საშუალებების გადაცემას, რაც არ გამორიცხავს იმავდროულად პირის უფლებას, რომ დამატებით შეიძინოს საჭირო და სასურველი ნივთები, ასევე, არ გულისხმობს სახელწმიფოს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის ნებისმიერი სასურველი და არააუცილებელი ნივთების გადაცემა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ საშუალებებზე გაწეული მატერიალური ხარჯი უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას.
სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას. ამასთან, მნიშვნელოვანია მტკიცებითი ტვირთი იმგვარი განაწილება, რომ მხარის უფლებები არ შეიზღუდოს ზედმეტად და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მხოლოდ დეკლარაციულ უფლებად არ იქცეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს მის მიერ გაწეული მატერიალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა თავისუფლებაშეზღუდულ პირს, რომელიც ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ შეეგროვებინა და წარმოედგინა მის მიერ თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. მით უფრო, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება შეიცავდა ჩამონათვალს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და რომელთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის. მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
ბრძანების 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად გადაეცემა ადმინისტრაციას. ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები ინახება დაწესებულების საწყობში, რომლის თაობაზე ბრალდებულს ეძლევა ქვითარი. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართი №1 შეიცავს ჩამონათვალს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
ამდენად, დადგენილია, რომ ნ---------------–---–ს უფლება არ ჰქონდა, შეენახა გადახდის ქვითრები, მის მიერ აღნიშნული ვალდებულების დაურღვევლობა კი დასტურდება მის საკანში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერებითაც. ამასთან, ვინაიდან ხარჯების გაწევა აუცილებლობით იყო გამოწვეული, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი გაწევას და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მათი ანაზღაურება.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
„ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმე №2ბ/5464-13).
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება სამართლებრივი ურთიერთობების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, პირმა სწორედ კანონით დადგენილ ვადაში უნდა განახორციელოს საკუთარი უფლების დაცვა და რეალიზება, წინაღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელება დამოკიდებული ხდება მხოლოდ მეორე მხარის კეთილ ნებაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს უფლების დაცვის საშუალების მოსპობას, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლა არ ართმევს პირს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, მაგრამ წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 2011 წლის 7 ოქტომბრიდან, შესაბამისად, ამ პერიოდიდანვე დაიწყო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დენა, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2015 წლის 16 დეკემბერს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია.
რაც შეეხება 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2015 წლის 10 სექტემბრის №M-------------- წერილს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა სპეციალური დაწესებულების №M-------------- წერილსა და წარმოდგენილ აქტებს, რომელთა საფუძველზეც დგინდება, ერთი მხრივ, მოსარჩელისათვის გადაცემული ჰიგიენური საშუალებების ოდენობა და ფასი, მეორე მხრივ, შესაბამის პერიოდში ჰიგიენური საშუალებების ფასები, ასევე, წელიწადის განმავლობაში პირისათვის ღირსების შეულახავად პირადი ჰიგიენის დაცვისათვის საჭირო საშუალებათა ოდენობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი 105 ლარის ოდენობით.
3.1. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში კონკრეტულად არის განსაზღვრული, რომ მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, ასევე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ.
„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20-25 მაისის N87-83/ნ ერთობლივი ბრძანების N2 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაცია ვალდებული იყო უზრუნველყო ბრალდებულ/მსჯავრდებულისთვის ჰიგიენური საშუალებების (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) მიწოდებით. აღნიშნული ბრძანება მოქმედებდა 2011 წლის 20 მაისიდან 2015 წლის 14 აგვისტომდე.
2015 წლის 13 აგვისტოს მიღებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის N88-N01-34/ნ ერთობლივი ბრძანება, რომლითაც წინა ბრძანებით განსაზღვრულ ჰიგიენურ საშუალებებს დაემატა ქალი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ჰიგიენური საფენების მიწოდება, კერძოდ, 2015 წლის 14 აგვისტოდან დღეის მდგომარეობით ადმინისტრაცია ვალდებულია ბრალდებულ/მსჯავრდებულს მიაწოდონ ჰიგიენური საშუალებები: საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი, ხოლო ქალებისთვის დამატებით ჰიგიენური საფენები.
სადაო გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციის მიერ ნ--------------–---–-სთვის ჰიგიენური საფენების გაუცემლობისთვის 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის აგვისტომდე პერიოდზე დაეკისრა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება, მაშინ როდესაც 2015 წლის აგვისტომდე სამინისტროს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა ქალ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე გაეცათ ჰიგიენური საფენები.
სასამართლოს გადაწყვეტილების (გვ. 17, მე-2 აბზაცი) სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა პირდაპირ მითითებას ჰიგიენური საფენების გადაცემაზე, მაგრამ აღნიშნულის გადაცემის ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების ანალიზისა და სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულებიდან. აღნიშნულ მსჯელობას აპელანტი არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწიინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება“. როგორც თავადვე სასამართლომ აღნიშნა სადავო პერიოდში არ ევალებოდა ჰიგიენური საფენების გადაცემა სამინისტროს.
აპელანტის განმარტებით, ასევე გაურკვეველია თანხის ოდენობა, რომელიც სადაო გადაწყვეტილებით სამინისტროს ნ--------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა. აღნიშნული თანხა შეადგენს 105 ლარს. გადაწყვეტილებიდან არ ჩანს თუ რის საფუძველზე და როგორ მოხდა თანხის დაანგარიშება.
მატერიალური ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელთა წარმოდგენაც მოსარჩელის ვალდებულებაა. ნ--------------–---–ს კი არანაირი მტკიცებულება წარდგენილი არ ქონია. იგი მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე, სადაც საუბარია ვალდებულებით ურთიერთობებში მყოფი მხარის მხრიდან მიყენებულ ქონებრივ ზიანზე.
აპელანტის განმარტებით, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება (ზიანის ანაზღაურება) შესაძლებელია, თუ არსებობს შემდეგი ოთხი ელემენტი: 1) მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. 2) ზიანი 3) მიზეზობრივი კავშირი მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის 4) მოვალის ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-? და 394-? ???????? მოთხოვნებით. გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მითითებული გარემოებები კი წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტურ საფუძვლებს.
ამავე კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დააკმაყოფილოთ სააპელაციო საჩივარი და გააუქმოთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2014 წლის პირველი ივლისის №M--------------- ცნობის მიხედვით, ნ--------------–---–- 2011 წლის 5 ოქტომბრიდან სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს სასჯელაღსრულების №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 8 თვის ვადით. მსჯავრდებული ნ--------------–---–-, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ყოფილა ჩარიცხული დაწესებულების სამეურნეო მომსახურებაში სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამისად დაწესებულების ტერიტორიაზე არ ყოფილა დასაქმებული და ხელფასიც არ დარიცხვია.
4.6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2015 წლის 10 სექტემბრის №M-------------- წერილის შესაბამისად, 2014 წელს ნ--------------–---–ზე გაცემულია - 0,270 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (იანვარში); 330 გრ. სარეცხის ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, დამატებით - ლეიბი, ბალიში, ზეწარი, ბალიშის პირი, კოვზი, ჩანგალი, ღრმა თეფში (თებერვალში); 0,380 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (მარტში); 0,660 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (აპრილში); 0,350 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (მაისში); 0,350 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის ჯაგრისი, 1 ცალი დიდი პირსახოცი, 1 ცალი კბილის პასტა (ივნისში); 0,350 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი საპარსი (ივლისში); 0,450 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა (აგვისტოში); 0,450 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის ჯაგრისი, 1 ცალი საპარსი (სექტემბერში); 0,400 სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი,1 ცალი ტუალეტის ქაღალდი (ოქტომბერში); 0,400 გრ. სარეცხი ფხვნილი და 1 ცალი ხელის საპონი (ნოემბერში); 0,800 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, ზეწარი, ბალიშის პირი, კოვზი, ჩანგალი, 1 ცალი პირსახოცი, 1 ცალი საპარსი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის ჯაგრისი, 1 ცალი კბილის პასტა (დეკემბერში).
2015 წელს გაცემულია - 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი და 1 ცალი სამეურნეო საპონი (იანვარში); 1 ცალი ლეიბი (თებერვალში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა (მარტში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა, 1 ცალი კბილის ჯაგრისი (აპრილში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა (მაისში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი ლეიბი, 1 ცალი ზეწარი (ივნისში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი, 1 ცალი კბილის პასტა, 1 ცალი კბილის ჯაგრისი, 1 ცალი პატარა პირსახოცი, 1 ცალი საპარსი (ივლისში); 0,450 გრ. სარეცხის ფხვნილი, 1 ცალი სამეურნეო საპონი, 1 ცალი ხელის საპონი, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი (აგვისტოში).
ამავე წერილით განმარტებულია, რომ 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ნ--------------–---–-ს მიერ მიღებულ ნივთებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან მოცემულ პერიოდში მათი გაცემის ფიქსირება მსჯავრდებულებებზე არ ხორციელდებოდა.
4.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის მიერ 2011 წელს დამტკიცებულია 3 იანვრის, 4 თებერვლის, 9 თებერვლის, 24 თებერვლის, 1 მარტის, 16 მარტის, 12 აპრილის, 19 აპრილის, 24 მაისის, 21 ივნისის, 19 ივლისის, 29 აგვისტოს, 10 ნოემბრისა და 19 დეკემბრის აქტები.
ზემოაღნიშნული აქტების მიხედვით, პატიმრებს დაურიგდათ: იანვრის თვეში ხელის საპონი, თებერვალში სარეცხის საპონი, თმის საღებავი (ამასთან, პატიმართა საპყრობილეზე და საცხოვრებელი კორპუსების კამერებში დარიგდა თმის ჟელე, საპარსი გელი ქალის, შამპუნი, აეროზოლი, ხოლო სამედიცინო ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებსა და სამეურნეო მომსახურებაში მომუშავე მსჯავრდებულებს დაურიგდათ თითოეულს სარეცხის ფხვნილი), მარტში თმის საღებავი (ამასთან, პატიმართა საპყრობილეზე და ბავშვთა ოთახებში დარიგდა თმის ჟელე, საპარსი გელი), აპრილში ერთჯერადი საპარსები, სარეცხის ფხვნილი, საპონი, ფხვნილოვანი ქლორი, მაისში სარეცხი ფხვნილი, საპონი, ივნისში სამეურნეო საპონი, ივლისში სამეურნეო საპონი (სამედიცინო ნაწილში განთავსებულ და ბავშვთა ოთახში მყოფ მსჯავრდებულებს მიეცათ სარეცხი ფხვნილი), აგვისტოში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი, ნოემბერში სარეცხი ფხვნილი, სამურნეო საპონი, დეკემბერში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი.
4.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის მიერ 2012 წელს დამტკიცებულია 26 იანვრის, 27 თებერვლის, 20 აპრილის, 24 მაისის, 8 ივნისის, 9 ივლისის, 9 აგვისტოს, 6 სექტემბრის, 27 სექტემბრის, 23 ოქტომბრის, 26 ნოემბრისა და 31 დეკემბრის აქტები.
ზემოაღნიშნული აქტების მიხედვით, პატიმრებს დაურიგდათ: იანვრის თვეში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი, თებერვალში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი, აპრილში სარეცხის ფხვნილი, მაისში სამეურნეო საპონი, ივნისში სარეცხის ფხვნილი, ივლისში საოჯახო საპონი, აგვისტოში სარეცხი ფხვნილი, სექტემბერში სარეცხი საპონი, სარეცხი ფხვნილი, ოქტომბერში საპონი, ნოემბერში სარეცხი ფხვნილი, საპონი, დეკემბერში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი.
4.9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის მიერ 2013 წელს დამტკიცებულია 24 იანვრის, 26 თებერვლის, 29 მარტის, 2 აპრილის, 26 აპრილის, 10 მაისის, 29 მაისის, 7 ივნისის, 25 ივნისის, 5 ივლისის, 22 ივლისის, 26 აგვისტოს, 25 სექტემბრის, 28 ოქტომბრის, 27 ნოემბრისა და 27 დეკემბრის აქტები.
ზემოაღნიშნული აქტების მიხედვით, პატიმრებს დაურიგდათ: იანვრის თვეში სარეცხი ფხვნილი, თებერვალში საპონი, მარტში სარეცხი ფხვნილი, აპრილში სარეცხის ფხვნილი, სამეურნეო საპონი, მაისში სარეცხი საპონი, სარეცხი ფხვნილი, ივნისში სარეცხის ფხვნილი, სარეცხი საპონი, ივლისში საოჯახო საპონი, სარეცხი ფხვნილი, აგვისტოში სარეცხი ფხვნილი, საოჯახო საპონი, სექტემბერში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი, ოქტომბერში საპონი, სარეცხი ფხვნილი, ნოემბერში სარეცხი ფხვნილი, სამეურნეო საპონი, დეკემბერში სამეურნეო საპონი, სარეცხი ფხვნილი.
4.10. 2014 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების დირექტორის მოადგილის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ შედგენილია ოქმი, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 27 ივნისს „დ“ საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის №-- საკანში ჩატარდა არაგეგმიური შემოწმება-დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩნდა შემდეგი დოკუმენტაცია: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სარჩელის ფორმები, სხვადასხვა ინსტანციაში გაგზავნილი განცხადებები და პასუხები, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისი დანართი, არბიტრაჟის სადამფუძნებლო დოკუმენტები და დანართები, სამოქალაქო სარჩელი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის და სხვა უწყებების პასუხები, წერილები, ბანკიდან ამონაწერი, 2014 წლის 14 აპრილის საგადახდო დავალება, განჩინება, სამედიცინო ბარათის ასლი, ამონაწერები, კანონები. აღნიშნული დოკუმენტები დაილუქა ნ--------------–---–-ს თანდასწრებით.
ამოღებული მასალები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 2014 წლის 1 ივლისის წერილით დაუბრუნდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებას, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
4.11. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა სპეციალური დაწესებულების №M-------------- წერილის შესაბამისად, ქალი ბრალდებულები/მსჯავრდებულები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილნი არიან პირადი ჰიგიენის საშუალებებით. 2014 წელს და 2015 წლის აგვისტომდე „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ- ჰიგიენური ნორმების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანების №2 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლეოდა ჰიგიენური საშუალებები. კერძოდ: საპონი, კბილის პასტა და პირსახოცი, ხოლო 2015 წლის აგვისტოდან და 2016 წელს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანების დანართი №2 მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით განისაზღვრა ჰიგიენური საშუალებები და ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლევა საპონი, კბილის პასტა, პირსახოცი და ჰიგიენური საფენები.
წერილის შესაბამისად, ჰიგიენური საშუალებების ღირებულება დაწესებულებაში ცენტრალიზებულად შემოტანილი ფასეულობების სასაქონლო ზედდებულის საფუძველზე, წლების მიხედვით შეადგენს: 2014 წელს - ხელის საპონი 1 ცალი - 0,34 ლარი; პირსახოცი დიდი 1 ცალი - 6.00 ლარი; პირსახოცი პატარა 1 ცალი - 2.25 ლარი; კბილის პასტა 1 ცალი - 1.05 ლარი; 2015 წელს - ხელის საპონი 1 ცალი - 0.60 ლარი; პირსახოცი დიდი 1 ცალი - 5.86 ლარი; პირსახოცი პატარა 1 ცალი - 2.26 ლარი; კბილის პასტა 1 ცალი - 1.10 ლარი; 2016 წელს - ხელის საპონი 1 ცალი - 0.45 ლარი; პირსახოცი დიდი 1 ცალი - 5.86 ლარი; პირსახოცი პატარა 1 ცალი - 3.00 ლარი; კბილის პასტა 1 ცალი - 1.40 ლარი.
წერილში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს წლის განმავლობაში კბილის პასტა მიეწოდებოდათ 4- ჯერ, ხელის საპონი - 12-ჯერ, პირსახოცი დიდი - ერთხელ, პირსახოცი პატარა - 2-ჯერ. ასევე, დამატებით, საჭიროებიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლეოდათ ზემოჩამოთვლილი ჰიგიენური საშუალებები. რაც შეეხება კბილის ჯაგრისს, შამპუნსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებს, რომელიც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული და რომლის გაცემის ვალდებულება არ გააჩნდა სამინისტროს, მიუხედავად ამისა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადების საფუძველზე სამინისტრო აკმაყოფილებდა მათ განცხადებას და ურიგებდა კბილის ჯაგრისს, ტუალეტის ქაღალდს, ერთჯერად საპარსს, სარეცხის ფხვნილს. ასევე, №- დაწესებულებაში საჩუქრის სახით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადასაცემად შედიოდა შამპუნი, თმის საღებავი და ჰიგიენური საფენები. 2015 წლიდან დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მიერ, როგორც ყოველთვიურად, ასევე საჭიროებისამებრ, დამატებით ბრალდებულ/მსჯავრდებულ ქალებს მიეწოდებათ ჰიგიენური საფენები.
ამავე წერილით განმარტებულია, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე, პატიმრობის კოდექსის თანახმად, ფუნქციონირებს მაღაზიები, რომლებითაც სარგებლობენ ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რაც დაკავშირებულია როგორც კვების პროდუქტების, ასევე, ჰიგიენური საშუალებების შეძენასთან. დაწესებულებებში არსებულ მაღაზიებში ბრალდებულები/მსჯავრდებულები შესყიდვას ახორციელებენ არა იმიტომ, რომ მათ კანონით მათთვის განსაზღვრული საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალება არ გადაეცემათ, არამედ მათთვის სასურველია ესა თუ ის პროდუქტი და ჰიგიენური საშუალება. ამასთან, დაწესებულებების მაღაზიებში თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ შეძენილ პროდუქტებზე და ჰიგიენურ საშუალებებზე გადახდილი თანხის ანაზღაურება სამინისტროს არ ეკისრება.
სამართლებრივი დასაბუთება
4.12. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.13. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოსარჩელე ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 2 230 ლარის ოდენობით, რაც 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირადი ჰიგიენისათვის საჭირო და აუცილებელი ნივთების შესაძენად გაწეული ხარჯის სახით მიადგა.
4.16. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ პატიმრობის კოდექსზე, რომლის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.
4.17. მითითებული კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ამავე კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, როგორც წესი, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, ასევე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. ადმინისტრაციას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
პატიმრობის კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.
4.18. 2015 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.
ამავე ბრძანების 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
4.19. ბრძანების დანართი №2 შეიცავდა ჩამონათვალს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად. მათ შორის, ბრალდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა (№- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
ბრძანების დანართი №2 შეიცავდა ჩამონათვალს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომელებიც ბრალდებულს უფლება აქვს მაღაზიაში/აფთიაქში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად, მათ შორის, თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).
4.20. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების 34-ე მუხლის „ა.ა.“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.
სადავო პერიოდში მოქმედი „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანებაზე, რომლის დანართი №2 აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებს. კერძოდ, დანართის მე-3 მუხლი ადგენს, რომ დაწესებულებაში მყოფ პირთა სათავსების არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს: ა) ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში); ბ) პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას; გ) საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას; დ) სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლის მიწოდებასა და ცვლას დაბინძურების მიხედვით; ე) მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სათავსებში (18-25 ჩ); ვ) ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას; ზ) ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას; თ) სათავსების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, პერიოდული სადენზიფექციო სამუშაოების ორგანიზებას; ი) სათავსის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.); კ) პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.
4.21. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ კანონმდებლობით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს თავისუფლებაშეზღუდული პირის მიერ პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, კანონმდებელი მიუთითებს, რომ აღნიშნული უნდა განხორციელდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ უნდა ხორციელდებოდეს სწორედ იმ სახის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჰიგიენური საშუალებების იმ სახეობებისა და ოდენობის გადაცემას, რაც დაიცავს პირის ჯანმრთელობასა და ღირსებას. საყურადღებოა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა ჰიგიენური საშუალებების ამომწურავ ჩამონათვალს, ხოლო 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანებაში მითითებულია საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი.
4.22. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ხოლო, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება. ადამიანის ღირსება აბსოლუტური ძირითადი უფლებაა და ნებისმიერი ჩარევა მასში კონსტიტუციურ- სამართლებრივად გაუმართლებელია.
4.23. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ იზრუნოს თავისუფლებააღკვეთილ პირზე, შეუქმნას მას სათანადო პირობები, დაიცვას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების უფლებები განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებებს. აღნიშნული ძირითადი უფლებები პირს გააჩნია მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენიც კი ვერ წარმოშობს პირისთვის ძირითადი უფლებების ჩამორთმევის საფუძველს. უფრო მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თავად არ შეზღუდოს გაუმართლებლად პირის ძირითადი უფლებები, არამედ დაიცვას ისინი მესამე პირის ჩარევისაგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების დაკავება თუ დაპატიმრება ითვალისწინებს მისთვის გარკვეული ძირითადი უფლებების გამოყენების შეზღუდვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი ვალდებულია, რომ ითმინოს თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები, სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას მას შესაბამისი პირობები, რომელთა ფარგლებშიც სათანადოდ დაცული იქნება პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მისი ღირსება, რისი უზრუნველყოფაც პირისათვის ჰიგიენური საშუალებების გადაცემის გარეშე შეუძლებელია. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ პირისთვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების შექმნა უშუალოდ და პირდაპირ უკავშირდება პირის აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების დაცვას. თუკი პირი არ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საშუალებებით, იზრდება მისი დაავადების რისკი, ამასთან, პირის არაჰიგიენურ მდგომარეობაში ყოფნა ცალსახად აისახება მისი ღირსების შეგრძნებაზე, იწვევს სტრესსა და ნეგატიურ შეგრძნებებს.
4.24. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის 11 იანვრის რეკომენდაციაზე ევროპულ ციხის წესებთან დაკავშირებით. რეკომენდაციაში ცალკე თავი ეძღვნება ჰიგიენას. კერძოდ, 19.4. პუნქტის თანახმად, ადექვატური სამყოფლის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, რათა ყოველმა პატიმარმა შეძლოს შხაპით ან აბაზანით სარგებლობა კლიმატისადმი შესატყვისი ტემპერატურის პირობებში. თუ ეს შესაძლებელია დღიურად, ან კვირაში ორჯერ მაინც (თუ საჭიროა უფრო ხშირადაც) ზოგადი ჰიგიენის ინტერესებიდან გამომდინარე. 19.6. და 19.7. პუნქტების შესაბამისად, ამისათვის ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი საშუალებებით, ტუალეტის და ჰიგიენური საშუალებებითა და მასალებით. ქალთა სანიტარული საჭიროებებისათვის სპეციალური უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. ტანსაცმელი და ქვეშაგები.
ქალი პატიმრების განთავსების ადგილს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საშუალებები და ნივთები, რაც დააკმაყოფილებს ქალთა განსაკუთრებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს. ბავშვებისა და ქალების პირადი ჰიგიენისთვის (კერძოდ, ორსული და მეძუძური, ასევე მენსტრუალური ციკლის მქონე ქალებისთვის) საჭირო სანიტარული პირსახოცები და წყალი მიწოდებული უნდა იქნას რეგულარულად და უფასოდ. (წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ (ბანგკოკის წესები).
4.25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მასზედ, რომ ქალები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჰიგიენური საშუალებებით და, მათ შორის, ჰიგიენური საფენებით, რომელიც მათ ძირითად საჭიროებას წარმოადგენს და არა ფუფუნების საგანს. ქალებისთვის ჰიგიენური მოხმარების საგნების არმიწოდება დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება, რამეთუ ჰიგიენის ჯეროვნად დაცვა მეტწილად დაკავშირებულია პირად ღირსებასთან. აღსანიშნავია, ასევე, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა სპეციალური დაწესებულების №M-------------- წერილის შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოდან და 2016 წელს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანების დანართი №2 მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით განისაზღვრა ჰიგიენური საშუალებები და ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლევა საპონი, კბილის პასტა, პირსახოცი და ჰიგიენური საფენები. ამდენად, მართალია, სადავო პერიოდში მოქმედი კანონქვემდებარე აქტი არ შეიცავდა პირდაპირ მითითებას ჰიგიენური საფენების გადაცემაზე, მაგრამ აღნიშნულის გადაცემის ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების ანალიზისა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან, რომ უზრუნველყოს პირის ღირსებისა და ჯანმრთელობის დაცვა. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ მხარეს შეეძლო მათი შეძენა მაღაზიებში, ვინაიდან ჰიგიენური საშუალებები არ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, არამედ მოსარჩელე სწორედ აუცილებლობიდან გამომდინარე რაოდენობის ჰიგიენური საშუალებების გადაცემაზე აპელირებს, აღნიშნულ ფარგლებში სწორედ სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო პირისათვის საშუალებების გადაცემას, რაც არ გამორიცხავს იმავდროულად პირის უფლებას, რომ დამატებით შეიძინოს საჭირო და სასურველი ნივთები, ასევე, არ გულისხმობს სახელწმიფოს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის ნებისმიერი სასურველი და არააუცილებელი ნივთების გადაცემა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ საშუალებებზე გაწეული მატერიალური ხარჯი უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას.
4.26. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისუფლებაშეზღუდული პირის მიერ პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებების იმ სახეობებისა და ოდენობის გადაცემა, რაც დაიცავს პირის ჯანმრთელობასა და ღირსებას. სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა ჰიგიენური საშუალებების ამომწურავ ჩამონათვალს, ხოლო 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანებაში მითითებულია საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი.
ამრიგად, სადავო პერიოდში 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანებით კი იყო განსაზღვრული შესაბამის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის ჰიგიენური საშუალებები (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფა, თუმცა აღნიშნული ბრძანება არ ითვალისწინებდა კონკრეტულად ქალი მსჯავრდებულისთვის რა ჰიგიენური საშუალება უნდა გადაცემულიყო. ამრიგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან ბრძანებით განსაზღვრული არ იყო ქალი მსჯავრდებულისათვის სპეციალური ჰიგიენური საშუალებების აღნიშნული არ გამორიცხავდა დაწესებულებების ვალდებულებას, რომ ქალი პატიმრებისთვის მომხდარიყო ჰიგიენური საშუალებების გადაცემა, რადგან აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებდა პატიმრობის კოდექსი, რომლის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: პირადი ჰიგიენით. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალი მსჯავრდებულისთვის კოდექსით განსაზღვრული პირადი ჰიგიენური საშუალება მოიცავს პიგიენურ საფენებსაც.
4.27. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მე-3 მუხლის თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, აკრძალვა აბსოლუტური ხასიათისაა და დებულების დამრღვევ ქმედებათა გამართლება დაუშვებელია როგორც კონვენციით, ასევე საერთაშორისო სამართლით.
თავისთავად სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულება. სახელმწიფო პოზიტიურადაა ვალდებულები შექმნას ისეთი სამართლებრივი სივრცე, რომლითაც დაცული იქნება კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები და ვალდებულებები. ხოლო სახელმწიფო ნეგატიურადაა ვალდებული, თავად თავისი არამართლზომიერი ქმედებით (უმოქმედობით) არ დაარღვიოს ასეთი. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ვერ უზრუნველყო აღნიშნული. პოზიტიური ვალდებულებები თანაბრად ეხება ხელისუფლების ყველა შტოს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებს.
თავისუფლებაშეზღუდული პირის მიერ პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა, უნდა განხორციელდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად. არასათანადო მოპყრობამ არ უნდა მიაღიოს იმ მინიმალურ ზღვარს, რათა არ მოხვდეს მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში. დამამცირებელი მოპყრობისათვის აუცილებელი არ არის, რომ მან გამოიწვიოს სასტიკი ან ხანგრძლივი შედეგები. დამამცირებელია ქმედება, რომელიც წარმოშობს შიშს, ტკივილისა და დამცირების გრძნობებს და იწვევს მის შეურაწყოფასა და დამცირებას. ასევე მოპყრობამ არ უნდა დაარღვიოს ფიზიკური თუ სულიერი ხელშეუვალობა ან აიძულოს პირი იმოქმედოს თავისი სურვილი ან სინდისის საწინააღმდეგოდ.
4.28. მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს მის მიერ გაწეული მატერიალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მასზედ, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა თავისუფლებაშეზღუდულ პირს, რომელიც ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ შეეგროვებინა და წარმოედგინა მის მიერ თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. მით უფრო, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება შეიცავდა ჩამონათვალს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და რომელთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის. მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
ბრძანების 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად გადაეცემა ადმინისტრაციას. ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები ინახება დაწესებულების საწყობში, რომლის თაობაზე ბრალდებულს ეძლევა ქვითარი. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართი №1 შეიცავს ჩამონათვალს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
4.29. ამდენად, დადგენილია, რომ ნ---------------–---–ს უფლება არ ჰქონდა, შეენახა გადახდის ქვითრები, მის მიერ აღნიშნული ვალდებულების დაურღვევლობა კი დასტურდება მის საკანში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერებითაც. ამასთან, ვინაიდან ხარჯების გაწევა აუცილებლობით იყო გამოწვეული, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი გაწევას და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2015 წლის 10 სექტემბრის №M-------------- წერილი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- ქალთა სპეციალური დაწესებულების №M-------------- წერილი და შესაბამისი აქტები, რომელთა საფუძველზეც დგინდება, ერთი მხრივ, მოსარჩელისათვის გადაცემული ჰიგიენური საშუალებების ოდენობა და ფასი, მეორე მხრივ, შესაბამის პერიოდში ჰიგიენური საშუალებების ფასები, ასევე, წელიწადის განმავლობაში პირისათვის ღირსების შეულახავად პირადი ჰიგიენის დაცვისათვის საჭირო საშუალებათა ოდენობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი 105 ლარის ოდენობით.
ამასთან სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით არის 21 თვე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა თვეში 5 ლარის ანაზღაურება, რაც სრულად შეესაბამება ჰიგიენური საფენების მიუღებლობით გამოწვეულ ზიანის ოდენობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე