განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2018
საქმის ნომერი
190210016001640558
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210016001640558

საქმე N2ბ/326-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ს---------–----

წარმომადგენლები - დ------------–--------, თ----------–--–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები - კ-----–---------------, კ---------–----

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო აქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება.

 

2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელეების კ-----–---------------ს და კ---------–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ს---------–---- მოსარჩელე კ---------–----ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1652 ლარის გადახდა. მოპასუხე ს---------–---- მოსარჩელე კ---------–----ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1200 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ს---------–---- მოსარჩელე კ-----–---------------ს სასარგებლოდ ზიანის ანაზრაურების სახით დაეკისრა 12388.76 ლარის გადახდა.

 

2.1.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ს---------–----ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

მოპასუხე ს---------–----ს რძალს ხ-----------–----- (პ/ნ 1----------) სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2016 წლის 20 დეკემბერს. სასამართლოში შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე.

 

შესაბამისად, შესაგებელის შემოტანის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 30 დეკემბერი. შესაგებლის წარმოდგენისათვის სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაუნიშნა 10 დღის ვადა. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მას არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია.

 

სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 413-ე, 414-ე მუხლების მიხედვით იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

ს---------–---- საქართველოში არ გააჩნია სახლი ან სხვა უძრავი ქონება. იგი ცხოვრობს ქ.ბ----–-, თუმცა, სტუმრად ჩამოდის მის ძმასთან. ძმის ცოლისათვის უწყების ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს მხარისათვის ჩაბარებად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. წინამდებარე შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ს---------–----სთვის განკუთვნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაჰბარდა თუ არა უფლებამოსილ პირს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.

 

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

განმცხადებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილი არაუფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს და არც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. განსახილველ შემთხვევაში, გზავნილის მიმღები - ხ-----------–----, სწორად იქნა მიჩნეული კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად, რომელიც გზავნილის მიღებით ადასტურებდა, რომ გააჩნდა ამგვარი უფლებამოსილება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება მოპასუხეს ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, დასაბარებელ პირს ეკისრება, რაც მის მიერ ვერ განხორციელდა. ამასთან, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზე, რომ სარჩელში წარმოდგენილ მოწმის დაკითხვის ოქმზე # 0--------- (ს.ფ. 20) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე (ს.ფ. 45) თვით ს---------–--- თავის ფაქტობრივ მისამართად მითითებული აქვს გ----------------------------–-------------, რომელზეც გაეგზავნა მას სარჩელი თანდართული მასალით, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევით იქნა ჩაბარებული ადრესატისთვის გზავნილი, ვინაიდან, მოსარჩელემ დოკუმენტები გაგზავნა ს---------–---- მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხე ამ მისამართზე არ ცხოვრობდა, მის რძალს ხ-----------–---- აღნიშნულის თაობაზე არ განუცხადებია, მან მოპასუხეზე გადასაცემად ჩაიბარა გზავნილი, რაც ხელმოწერით დაადასტურა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მართლზომიერია და აკმაყოფილებს სსსკ-ის 233-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს. ს---------–---- დროულად და კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები) ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობა კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს---------–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი