განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210018002393493
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002393493

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5346-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ააიპ „ქ. თბილისის წ--------------–--------------“

წარმომადგენელი - მ----------------–----

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,ე-–--ი’’

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განჩინება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

შპს „ე-–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა - ააიპ „ქ. თბილისის წ-------- ს----–--- ბ----ბ---ს,“ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ, დაეკისროს გაწეული მომსახურების ღირებულების - 4405,55 ლარის, პირგასამტეხლოს - 360 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების ანგარიშში - 822 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:

 

- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებულ იქნა ხელშეკრულება ს----–------–---------------–-----–------------------------ მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე იკისრა ვალდებულება 1-- ს----–------–---------------–-----–--- დღეში სამჯერადი კვების და კვებითი მომსახურების გაწევის შესახებ.

 

- ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 4405,55 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების დადასტურებისა და მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე.

 

- ამასთან, 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, 822 ლარის ოდენობით. აღნიშნული საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს, წერილით მიმართა მოპასუხე მხარეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 მუხლის თანახმად, შემსყიდველს 9,2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების, 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის, მომსახურების გაწევა დასრულდა 2017 წლის 22 დეკემბერს, რის საფუძველზეც მხარეს წარედგინა მომსახურების შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად იგი ვალდებული იყო მოსარჩელე მხარისთვის აენაზღაურებინა თანხა 10 დღის განმავლობაში. მოპასუხე მხარეს ერიცხება დავალიანება პირგასამტეხლოს სახით, რომელიც შპს "ე-–--ის" მიერ შემცირებულია და მისი ოდენობა 90 (2018 წლის 02 იანვრიდან სარჩელის წარმოდგენის დღემდე) დღეზე შეადგენს 360 ლარს.

 

ვინაიდან, მოპასუხე მხარემ მოსარჩელის შპს "ე-–--ის" მიმართ არ შეასრულა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს, მოპასუხეს ააიპ „ქ. თბილისის წ-------- ს----–--- ბ----ბ---ს,“ დაეკისროს გაწეული მომსახურების ღირებულების 4405,55 ლარის, პირგასამტეხლოს 360 ლარის და მოსარჩელის სასარგებლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების ანგარიშში 822 ლარის გადახდას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ააიპ „ქ. თბილისის წ-------- ს----–--- ბ----ბ---ს“, შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 4405,55 ლარის, პირგასამტეხლოს 360 ლარის და ზიანის 822 ლარის ანაზღაურება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით მოპასუხე ააიპ "ქ. თბილისის წ--------------–--------------ს" საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. შპს „ე-–--ის” სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად. მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების გადაცემის თაობაზე.

 

2.2. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ორთვიან ვადაში მოსარჩელის წარმომადგენელმა უზრუნველყო მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება. გზავნილი ჩაბარდა მოპასუხე ააიპ „ქ. თბილისის წ--------------–--------------ს“ საქმის მწარმოებელს - ი--- ნ--------ეს 2018 წლის 19 აპრილს.

 

2.3. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 30 აპრილს, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასუხი (შესაგებელი) უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.

 

ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 477-ე, 408-ე, 417-418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პოზიცია, რომ შესაგებლის წარდგენის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, სასამართლოს შესაგებელი ვადის დაცვით წარდგენილად უნდა მიეჩნია და გაეგრძელებინა საქმის არსებითი განხილვისთვის მომზადება. სასამართლომ საჩივარში მითითებული გარემოებები შესაგებლის დანიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია და განმარტა, რომ რომ საჩივრის ავტორმა საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი ვერ დაასაბუთა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის წრმომადგენლის განმარტებით 2018 წლის 19 აპრილს ა(ა)იპ ქ. თბილისის წ-------- ს----–--- ბ----ბ---ს“ შპს „ე-–--ის“ მიერ ჩაბარდა „თბილისის საქალაქო სასამართლოს“ გზავნილი, სადაც წარმოდგენილი იყო შპს „ე-–--ის“ სარჩელი თანართულ დოკუმენტაციასთან ერთად და „გზავნილის“ ფურცელი, რომელშიც განმარტებული იყო, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გზავნილის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში. აპელანტის მითითებით გზავნილს თან არ ახლდა არც საქმის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება, არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს „ე-–--ის“ სარჩელი მიღებულ იყო წარმოებაში და რომ, მოპასუხეს გააჩნდა პასუხის წარდგენის ვალდებულება. ამ გარემოების გათვალისწინებით, კი სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოდგენის ვადის დადგენილად მიჩნევა ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას. აპელანტის განმარტებით გზავნილს, რომლითაც აპელანტს „განემარტა“ შესაგებლის წარდგენის ვალდებულება 10 (ათი) დღის ვადაში, ხელს აწერდა სასამართლოს „შესაბამისი“ მოხელე და არა მოსამართლე ან მისი თანაშემწე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს შესაგებლის წარმოდგენის ვადას განუსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საპროცესო მოქმედების ვადის განსაზღვრის უფლება აქვს მხოლოდ მოსამართლეს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ არ დგინდება საერთოდ მოსამართლის მიერ საქმის წარმოებაში მიღების გადაწყვეტილება, ისიც დადგენილია, რომ შესაგებლის წარდგენის ვადა განსაზღვრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტისათვის შპს „ე-–--ის“ მიერ გადაცემული გზავნილის შინაარსიდან გამომდინარე, დარღვეულ იქნა ორი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო მოთხოვა. 1. მხარისათვის ცნობილი არ იყო სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში თუ უარი ერთქვა მოსარჩელეს წარმოების დაწყებაზე და 2. შესაგებლის წარდგენის ვადა დადგინდა არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამ გარემოებების გათვალისწინებით კი ცალსახაა, რომ სადავო გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში სასამართლო არასწორად იყენებს იმ ნორმებს, რომლებიც გულისხმობს მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის დარღვევას, რადგან გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ა(ა)იპ ქ. თბილისის წ-------- ს----–--- ბ----ბ---ს შესაგებლის წარგდენის ვალდებულება არ წარმოშობია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ შესაგებელი საპროცესო ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს.

 

3.2. გარდა ამისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად და მოპასუხემ არ აუნაზღაურა შესაბამისი ღირებულება. ამ ფაქტობრივი მოცემულობისგან განსხვავებით კი, საქმეში წარმოდგენილ იქნა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა სსიპ ს---------- ეროვნული სააგენტოს წერილებთან ერთად, რომლებიც ადასტურებს, რომ მაგალითად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველის მახასიათებლები და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. ასეთ მოცემულობაში კი, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება ცხადყოფს, რომ სასამართლომ არ შეასრულა საკანონმდებლო მოთხოვნა და არ შეისწავლა საქმე იმგვარად, რომ დაედგინა ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნები სამართლებრივ დასაბუთებას.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალტამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.

 

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილის საფუძველზე შესაგებლის წარსადგენად საპროცესო ვადის დაწესების და აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

 

ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 10.04.2018 წელს შპს ,,ე-–--მა’’ ა(ა)იპ ქ. თბილისის წ--------------–--------------ს“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს. დადგენილია, რომ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით გადაეცა მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხე მხარისთვის ჩასაბარებლად. მოპასუხისთვის ჩასაბარებლად მასვე გადაეცა სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილი, სადაც განმარტებულია, მოპასუხის ვალდებულების, კერძოდ, სარჩელის ჩაბარებიდან შესაგებლის 10 (ათი) დღის ვადაში წარდგენის თაობაზე, ასევე შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესაძლო გამოტანის შესახებ.(ტ.1.ს.ფ. 64-65)

 

დადგენილია, რომ 12.04.2018 წელს მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების ვალდებულების თაობაზე. (ტ.1.ს.ფ. 66)

 

დადგენილია ასევე, რომ სარჩელი თანდართულ მტკიცებულებებთან და სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილ გზავნილთან ერთად, სადაც განმარტებულია მოპასუხის მიერ სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულების, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მოპასუხე მხარეს, კერძოდ ააიპ „ქ. თბილისის წ--------------–--------------ს“ საქმის მწარმოებელს - ი--- ნ--------ეს 2018 წლის 19 აპრილს ჩაბარდა. (ტ.1.ს.ფ. 68)

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს შპს ,,ე-–--ის’’ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა და მასვე კანონით დადგენით წესით განესაზღვრა შესაგებლის წარსადგენი ვადაც. საგულისხმოა, რომ სასამართლოს შესაბამისი გზავნილით, რომლითაც მოპასუხე მხარეს შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა განესაზღვრა, მასვე განემარტა შესაგებლის გზავნილში მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს მისი ვალდებულების და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევში სასამართლოს მიერ გარკვეული სანქციის სახით დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესაძლო გამოტანის შესახებ ეცნობა ამ უკანასკნელის მიერ გზავნილში მითითებულ ვადაში შესაგებელი წარდგენილი არ იქნა.

 

4.1.2. საჩივრის ავტორმა ასევე განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო დაუშვებელი, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. საჩივრის ავტორის აღნიშნულ განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მხარის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

 

დაუსწრებელი წარმოების არსი მდგომარეობს სასამართლოს მიერ გამოძახებული, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი მხარის მიმართ გარკვეული სანქციის გამოყენებაში, რომელიც გამოიხატება სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილი განხილვის გარეშე ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც არათუ ესადაგება, არამედ ეწინააღმდეგება გამოუცხადებელი მხარის ინტერესებს. აღსანიშნავია ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში. იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, დადგენილად უნდა ჩაითვალოს სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

 

– 14.09.2017 წელს ერთი მხრივ შპს ,,ე-–--ს’’ და მეორე მხრივ ააიპ „ქ. თბილისის წ-------- ს----–--- ბ----ბ---ს“ შორის 1-- ს----–------–---------------–-----–--- კვების და კვებითი მომსახურების გაწევის მიზნით დაიდო ხელშეკრულება.

– 14.09.2017 წლის ხელშეკრულების 8.1. პუნქტით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით შპს ,,ე-–--ის’’ მიერ წარდგენილი იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3 %-ის 822 ლარის ოდენობით.

– 14.09.2017 წლის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს, კერძოდ, ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის დაკისრების შესახებ.

– 14.09.2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ე-–--მა’’ ააიპ „ქ. თბილისის წ-------- ს----–--- ბ----ბ---ს’’ მიაწოდა 4405,55 ლარის ღირებულების მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა აქტი და საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.

– მომსახურების გაწევის მიუხედავად ააიპ „ქ. თბილისის წ-------- ს----–--- ბ----ბ---მა’’ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე და საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე.

– შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქცია სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვით და 14.09.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

– ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 23.02.2018 წელს ააიპ „ქ. თბილისის წ--------------–--------------ს“ სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა მოითხოვა, რომლის საფუძველზეც გარაანტიით გათვალისწინებული თანხა გაიცა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე,418-ე მუხლებით და მართებულად დააკმაყოფილა შპს ,,ე-–--ის’’ სარჩელი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას..

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მასზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი აპელანტისათვის ანაზღურებას არ ექვემდებარება, რის გამოც აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 224 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ააიპ „ქ. თბილისის წ--------------–--------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განჩინება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ვანო წიკლაური /