განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
240210018001341335
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018001341335

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 985

01 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ სვანიძე

სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: მ-----– ქ-------

მოწინააღმდეგე მხარე: ა---------– ქ-------

წარმომადგენელი: მ----- მ---–----–---

მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმამიდებელი ეკლესია (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანამესაკუთრედ ცნობა, შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელება საჯარო რეესტრში

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; კერძოდ: გაუქმდეს საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 4-----------) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; მ-----– ქ------- დადგენილი იქნეს საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 4-----------) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად თანამესაკუთრედ; საჯარო რეესტრში უძრავ ქონებიდან (საკადასტრო კოდი 4-----------), სადაც მდებარეობს ს-------–--------------------–----, გადასვენებული იქნეს იმ მიცვალებულთა ნეშთები, რომელთა ჭირისუფალსაც წარმოადგენს ა---------– ქ-------; ასევე ითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომის ელექტრონული ოქმის ხარვეზიანად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, მოსარჩელე მ-----– ქ-------მ მოპასუხეების - ა---------– ქ-------ს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმამიდებელი ეკლესიის მიმართ და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. სახელდობრ მოსარჩელემ ითხოვა - მოპასუხის ა---------– ქ-------ს უკანონო მფლობელობიდან მ-----– ქ-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის, სადაც მის წინაპართა საფლავებია) გამოთხოვა; მოპასუხე ა---------– ქ-------სათვის თავისი მიცვალებულთა (მამის-საფლავის ქვაზე წარწერით-სერგო ქ------- 1927-1993წ და მამიდის-საფლავის ქვაზე წარწერით-ა-–---------- ქ--------ფ---–---–--- 1921-1995წ) ნეშთების გადასვენების დავალება.

მოსარჩელის განმარტებით: ს--------–---------------- სახელობის ტაძრის (ს----–--------–---–--- ეკლესია) ეზოში დასაფლავებულია მისი წინაპრები, სადაც მოპასუხის ა---------– ქ-------ს მიერ უკანონოდ, თვითნებურად დასაფლავებულ იქნა მ----------- ქ------- და მ-----------–---------- ქ-------. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია არის მისი საკუთრება და ითხოვს ა---------– ქ-------ს მიერ თავისი მიცვალებულების გადასვენებას თავისი კუთვნილი ტერიტორიიდან.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე ა---------– ქ-------მ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო ამვდროულად ხანდაზმული.

მოპასუხე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მ-----– ქ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილი იქნა, რომ ქ------–-------–--ს ქუჩაზე მდებარე წ--------------- სახელობის ტაძრის ეზოში (ს----–--------–---–--- ეკლესია) 1993 წლიდან დაკრძალულია მოპასუხე ა---------– ქ-------ს მ----------- ქ-------, ხოლო 1995 წლიდან მამიდა - ა-–---------- ქ------- - ფ---–---–---.

დადგენილი იქნა, რომ იმავე ეზოში ასევე, დაკრძალულია მოსარჩელე მ-----– ქ-------ს წინაპრები, მათ შორის მ-----– ქ-------ს მშობლები.

დადგენილი იქნა, რომ ქ------–-------–--ს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით-4-----------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნისას სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთი მოპასუხის მფლობელობაში იმყოფება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერების დამტკიცების მოვალეობა, რაც მან ვერ განახორციელა. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დადგენა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და შესაბამისად, მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით სადავო უძრავი ქონება აღრიცხულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამ ჩანაწერის სიმცდარე, ამ ეტაპისათვის დადგენილი არ არის და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში აღრიცხული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა.

მოპასუხის მ-----– ქ-------ს მითითება, რომ სადავო უძრავი ქონება არის მისი კუთვნილი, ვერ გახდება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან , რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის დადგენა კი, მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელია, რადგან მხარეს ეს არ მოუთხოვია.

ამ ეტაპზე, ვიდრე კანონით დადგენილი წესით არ დადგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობა, მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა უფლებამოსილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-173-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვოს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ნივთის გამოთხოვა.

მოპასუხე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ვინაიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერებით სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერების აუცილებელი წინაპირობაა, არ დასტურდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ნივთის გამოთხოვის უფლებამოსილება, რის გამოც მხარის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ვერ იქნება.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-148-ე,183-ე, 311-ე მუხლებზე.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ-----– ქ-------მ.

აპელანტის მითითებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში პირველი სასარჩელო მოთხოვნა არასწორადაა ჩამოყალიბებული. იგი ითხოვდა, რომ მასზე დადგენილიყო საფლავზე საკუთრების უფლება. არასწორად ჩამოყალიბებულმა და არასწორად გააზრებულმა მოთხოვნამ გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მისი წინაპრები დაკრძალული არიან ამ ტერიტორიაზე, რომლის მფლობელიც არის ის, რაც დასტურდება საქმეში არსებული ახსნა-განმარტებებით. ასევე დასტურდება, რომ მისი დიდი ბაბუა ბ--–----–-----------, რომელიც გარდაიცვალა 1901 წელს, სწორედ იმ სასაფლაოზეა დაკრძალული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის არის ამ ტერიტორიის მფლობელი, რადგან ამ საფლავზე პირველად მისი წინაპარი დაიკრძალა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა---------– ქ-------მ სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა მის მიერ უკანონოდ და უნებართვოდ მიცვალებულების დაკრძალვა. მან განმარტა, რომ სადავო საფლავის მესაკუთრე არის ეკლესია, რაზეც წარმოადგინა კიდეც საჯარო რეესტრის ამონაწერი. აღნიშნულით ა---------– ქ-------მ აღიარა, რომ საფლავი მისი საკუთრება არ არის.

ამასთანავე სასამართლომ არ გაითვალისწონა საქართველოს ავტოკეფალური მარლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წერილის შინაარსი, რომლის თანახმადაც ა---------– ქ-------ს არ ჰქონდა მათგან ნებართვა დაეკრძალა მისი მიცვალებულები სადავო საფლავზე. ა---------– ქ-------მ ვერ წარმოადგინა მიცვალებულთა დაკრძალვის რაიმე სახით ადგილის მიმანიშნებელი დოკუმენტი, ასევე მისი დედ-მამის დაკრძალვის სანებართვო დოკუმენტები.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საჯარო რეესტრში უძრავი ქონება დარეგისტრირდა სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდგომ.

2018 წლის 27 მაისს მან განცხადებით მიმართა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და ითხოვა სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო მასთან ერთად თანამესაკუთრედ, რაზეც პასუხი არ მიუღია. საფლავი, დარეგისტრირებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე, რის გამოც ვერ ხერხდება საფლავის მის სახელზე დარეგისტრირება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საფლავი ნათესავებში (ოჯახის წევრებში) არ გაიყოფა. ა---------– ქ------- არც მისი ოჯახის წევრია და არც ნათესავი. მან უნებართვოდ და უკანონოდ დაასაფლავა მისი მიცვალებულები ამ საფლავზე, რაც მიუთითებს მისი მთხოვნის საფუძვლიანობაზე.

ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით მ-----– ქ-------მ მოითხოვა თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

აპელანტის მიერ რამდენიმეგზის იქნა დაზუსტებული საპელაციო მოთხოვნები, საბოლოოდ იგი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: გაუქმდეს 25.12.2017-ის სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N2/154 მის მიერ 20.12.2017-ის განცხადება-შუამდგომლობით გასაჩივრებულ სასამართლო სხდომის ელექტრონული ოქმის ჩანაწერის მის მიერ გამოვლენილ ხარვეზების ნაწილში; გაუქმდეს საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 4----------) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე რეგისტრაცია; დადგენილ იქნეს საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 4----------) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასთან ერთად თანამესაკუთრედ; საჯარო რეესტრში უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდით 4-----------, სადაც მდებარეობს ს-------–--------------------–----, გადასვენებული იქნეს იმ მიცვალებულთა ნეშთები, რომელთა ჭირისუფალსაც წარმოადგენს ა---------– ქ------- (პ/ნ 3----------): მამა - სერგო ქ-------, გარდაცვალების თარიღით 1993 წელი; დედა - ა-–---------- ფ---–---–----ქ-------, გარდაცვალების თარიღით 1995 წელი, სამარის ქვაზე წარწერით ქ--------ფ---–---–---; ასევე სასამართლოს მიერ დადგენის შემდგომ ა---------– ქ-------ს სხვა მიცვალებულთა ნეშთები.

სააპელაციო სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია მოპასუხე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, არც მისი წარმომადგენელი გამოცხადებულა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.

შესაგებელი არც ა---------– ქ-------ს წარმოუდგენია. მან და მისმა წარმომადგენელმა მისცეს განმარტებები, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე.

მოწინააღმდეგე მხარის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოთხოვა.

რაც შეეხება მოპასუხე ა---------– ქ-------სთან მიმართებით დაყენებულ სააპელაციო მოთხოვნას ,რომელიც უკანონო ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს იმ მიწის ნაკვეთზე , სადაც აპელანტის წინაპრები განისვენებენ და ამ მიწის ნაკვეთის გამოთხოვას მოპასუხისაგან -- აპელანტმა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ითხოვა და განმარტა, რომ თავისი ბაბუის ბაბუა ბ--–----–----------- და ბ--–----–--- ძმა მათე ქ-------, ასევე ბაბუის ბაბუის მამა - ო------------------ გასული საუკუნის მეორე ნახევარში, საბჭოთა პერიოდამდე იმ ადგილას არიან დაკრძალულნი, რომელ ტერიტორიაზეც მოპასუხე ა---------– ქ-------მ 1993 და 1995 წლებში თავისი მშობლები დაკრძალა. ამის უფლება კი ა---------– ქ-------სათვის არავის მიუცია. მოსარჩელემ დაახლოებით 1998 წელს შეიტყო აღნიშნულის თაობაზე.

ითხოვს ა---------– ქ-------მ გადაასვენოს თავისი მიცვალებულები იმ ადგილიდან, სადაც მოსარჩელის წინაპრებია დაკრძალული.

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მ-----– ქ-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები

პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს:

დადგენილია, რომ ქ------–-------–--ს ქუჩაზე მდებარე წ--------------- სახელობის ტაძრის ეზოში 1993 წლიდან დაკრძალულია მოპასუხე ა---------– ქ-------ს მ----------- ქ-------, ხოლო 1995 წლიდან მამიდა - ა-–---------- ქ------- - ფ---–---–---.

დადგენილია, რომ იმავე ადგილას ასევე, დაკრძალულია მოსარჩელე მ-----– ქ-------ს წინაპრები, მათ შორის - ბაბუის ბაბუა ბ-–----–-----------, მისი ძმა მ-------- ბაბუის ბაბუის მამა ო------------------.

დადგენილია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, ქ------–-------–--ს ქუჩაზე მდებარე სადავო უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით-4-----------) მესაკუთრედ 2017 წლის 23 მაისიდან რეგისტრირებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

დადგენილია, რომ მ-----– ქ------- 1990 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში.

დადგენილია, რომ 1998 წელს ეკლესიის რესტავრაციის დროს სადავო ადგილიდან გადასვენებული იქნა მ-----– ქ-------ს ახლო წინაპართა(მშობლების) ნეშტები, ასევე გადატანილი იქნა მათი საფლავის ქვები, რა დროსაც მ-----– ქ-------სათვის ცნობილი გახდა სადავო ტერიტორიაზე ა---------– ქ-------ს მიცვალებულების დაკრძალვის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი წერილებით დადგენილია, რომ მ-----– ქ-------მ მხოლოდ 2015 წელს მიმართა ა---------– ქ-------ს საფლავიდან მიცვალებულების გადასვენების მოთხოვნით, დარღვეული უფლების აღსადგენად კი სასამართლოს 2016 წელს

დადგენილია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმამიდებელ ეკლესიას სააპელაციო სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა (მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დრო და ადგილი), რის გამოც აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება(გამოუცხადებელ მოპასუხესთან მიმართებით დაყენებული მოთხოვნების ნაწილში)

ეს ის მოთხოვნებია, რომლითაც მ-----– ქ-------ს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, მოთხოვნების ეს ნაწილი არ გამხდარა პირველი ინსტანციის მსჯელობის საგანი, სახელდობრ: სააპელაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნებზე: გაუქმდეს საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 4----------) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე რეგისტრაცია; უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 4----------) თანამესაკუთრედ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასთან ერთად მოსარჩელე მ-----– ქ-------ს ცნობა.

დადგენილია, რომ ა---------– ქ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნია და მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

სამართლებრივი დასაბუთება:

პალატა მიიჩნევს, რომ,მ-----– ქ-------ს შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობისა და მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით პალატა განმარტავს შემდეგს:

საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის №ას-121-117-2016 გადაწყვეტილებაზე, სადაც დიდმა პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში/სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ რაკიღა გასული საუკუნის მეორე ნახევარში იმ ადგილას, რომელიც დღეს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის საკუთრებაა, მოსარჩელის წინაპრები არიან დაკრძალულნი, მოსარჩელე ამ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს აღიარებული - იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის/სასარჩელო მოთხოვნას (რაზეც ქვემოთ იქნება მსჯელობა), რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

უდავოა, რომ მოსარჩელე თავს იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მიიჩნევს, რომელშიც მოპასუხემ თავისი მიცვალებულები დაკრძალა.

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ის წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, გარდა ნოტარიული წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებისა და მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებისა წარმოდგენილი ვერ იქნა. ზოგადად სასარჩელო წარმოების დროს, ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებას, იგი ვერ განიხილება მოწმის ჩვენებად. ამ დროს მეორე მხარე შეზღუდულია შეკითხვები დაუსვას ახსნა-განმარტების მიმცემ პირს და გააქარწყლოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რაც თავის მხრივ არღვევს შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპებს. შესაბამისად, სსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო წარმოების დროს აღნიშნული მტკიცებულება არ არის ვარგისი, მით უმეტეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად. მოწმის ჩვენება სრულიად უვარგისი მტკიცებულებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმამიდებელი ეკლესია და არა მ-----– ქ-------, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ აპელანტი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო წესით არ შედავებია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმამიდებელ ეკლესიას.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ტერიტორიაზე ა---------– ქ-------ს მიცვალებულების დაკრძალვამდე გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაკრძალულნი არიან აპელანტის წინაპრები არ წარმოშობს ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას და შესაბამისად, არ წარმოადგენს მისი სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილების წინაპირობას ,რომლითაც მ-----– ქ------- სადავო ტერიტორიის თანამესაკუთრედ აღიარებას ითხოვს.

თუმცა, ნივთის გამოთხოვისა და მასზე ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება ამ ნივთის მართლზომიერ მფლობელსაც აქვს, იმ პირისაგან ვინც სადაო ნივთს მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობს.

ისმის კითხვა:რამდენად მართლზომიერი ან კეთილსინდისიერი მფლობელები არიან იმ მიწის ნაკვეთისა მოსარჩელე მ-----– ქ-------, ან მოპასუხე ა---------– ქ------- სადაც მათი წინაპრები განისვენებენ.?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავიხსენოთ ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია: 1) დაახლოებით გასული საუკუნის 20-იან წლებში სადავო ტერიტორიაზე მ-----– ქ-------ს წინაპრები იქნენ დაკრძალულნი, (რევოლუციამდე), როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს და 2) 1993-1995 წლებში იმავე მიწის ნაკვეთზე მოპასუხემ თავისი მშობლები დაკრძალა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და რეალობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ როგორც მ-----– ქ-------, ისე ა---------– ქ------- სადაო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი და კეთილსინდისიერი მფლობელები არიან

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160 მუხლის თანახმად,,თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას 3 წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით’’

უდავოდაა დადასტურებული, რომ მიწის ნაკვეთის მართლზომიერმა მფლობელმა მ-----– ქ-------მ 1998 წელს შეიტყო იმის თაობაზე, რომ მის წინაპართა განსვენების ადგილას ა---------– ქ-------მ თავისი მშობლები დაკრძალა, ა---------– ქ-------ს კი აღნიშნულის თაობაზე პრეტენზიით მან დაახლოებით 17-18 წლის შემდეგ 2015 წელს მიმართა, ხოლო სარჩელი აღნისნულის თაობაზე სასამართლოში 2016 წელს შეიტანა.

ზემომოხმობილი რეგულაციის თანახმად, ძველ მფლობელს ახალი მფლობელისათვის ნივთის ( ამ შემთხვევაში წინაპართა განსასვენებელი ადგილის) უკან დაბრუნების მოთხოვნით შეეძლო 3 წლის ვადაში მიემართა, და შეცილებოდა დარღვეულ უფლებას, რაც არ განუხორციელებია.

ისიც უდავოდაა დადასტურებული, რომ ახალ მფლობელს ნივთი ძალადობით ან მოტყუებით არ მოუპოვებია.

გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა მიიჩნევს ,რომ მ-----– ქ-------ს მოთხოვნა არის უსაფუძვლო, მას გაშვებული აქვს შეცილების კანონით დადგენილი ვადაც, რაც სარჩელს ა---------– ქ-------ს მიმართ უსაფუძვლოს ხდის.

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ,რომც მივიჩნიოთ დადასტურებულად მიწის სადაო მონაკვეთზე მოსარჩელის წინაპართა სამარხების არსებობა, პალატა მიიჩნევს, რომ ა---------– ქ-------ც სადაო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელია მეტიც, მას უკეთესი მფლობელობის უფლება აქვს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მან დაახლოებით საუკუნე ნახევრის შემდეგ თავისი მიცვალებულები დაკრძალა.

პალატას მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულადაც მიაჩნია. გამომდინარე იქედან, რომ მან 1998 წელს შეიტყო მოპასუხის მიცვალებულთა იმ მიწის ნაკვეთზე დაკრძალვის თაობაზე, სადაც მოსარჩელის წინაპრები განისვენებდნენ, სარჩელი კი აღნიშნულის თაობაზე 2015 წელს წარადგინა სასამართლოში, მაშინ, როცა ზემოხმობილი ნორმების თანახმად, იგი 3 წლის განმავლობაში უნდა შეცილებოდა მოპასუხეს იმ დროიდან, რაც თავისი უფლების დარღვევის თაობაზე შიტყო.

გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ მ-----– ქ-------ს სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო და ხანდაზმული

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

დადგენილია, რომ აპელანტის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრით წარმოადგენს სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმამიდებელი ეკლესიის საკუთრების უფლების გაუქმება და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა. თუმცა, აღნიშნული მოთხოვნა მას პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მის აღნიშნულ მოთხოვნაზე, რის გამოც, სსკ-ის 186-187-ე მუხლების თანახმად, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიებს სასამართლო სხდომის ოქმის ოქმის ხარვეზიანად აღიარების თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომის ოქმი იწერება ელექტრონულად და შესაბამისად, თანმიმდევრულად და ზუსტად ასახავს სასამართლო სხდომის სრულ მიმდინარეობას. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გასაჩივრებული სასამართლო სხდომის ოქმი აკმაყოფილებს სსკ-ის 288-ე მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი ხარვეზიანად ცნობის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მ-----– ქ-------ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. მ-----– ქ-------ს შუამდგომლობა მოპასუხის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმამიდებელი ეკლესიის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. მ-----– ქ-------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები საჯარო რეესტრის ჩანაწერში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმამიდებელი ეკლესიის საკუთრების გაუქმებასთან დაკავშირებით უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია 4----------- და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის მოთხოვნა - დარჩეს განუხილველი;

3. მ-----– ქ-------ს სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 20 დეკემბრის სენაკის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმის ხარვეზიანად აღიარების/ცნობის მოთხოვნის; ასევე უძრავი ქონებიდან, რომლის საკადასტრო კოდია 4----------- იმ მიცვალებულთა ნეშთების გადასვენების მოთხოვნა, რომელთა ჭირისუფალსაც ა---------– ქ------- წარმოადგენს - არ დაკმაყოფილდეს;

4. დარჩეს უცვლელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;

5. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. სააპელაციო მოთხოვნების განუხილველად დატოვების ნაწილში - განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით; დანარჩენ ნაწილში - საკასაციო წესით (განჩინების მე-7 პუნქტი);

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

9. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

10. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-7-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: /თამარ სვანიძე/

 

/სიმონ ჩხაიძე/

 

/ნანა კალანდაძე/