განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100118002539438
ინსტანცია
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002539438

საქმე № 1ბ/1522-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული – ა-------------ა, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ------------–------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი (თვითნებობა, ესე იგი ნადვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–-ა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა-------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარემ მოიპოვა და სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შეთანხმებულია ერთმანეთთან და ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ა-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული მტკიცებულები დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და არ მომხდარა მათი სასამართლო პროცესზე უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-------------ამ 2018 წლის 18 მარტს ქალაქ თბილისში, და----------–-----–-----------------ში მდებარე კომპანია „სი----------ს“ სპეციალური საჯარიმო ავტოსადგომიდან თვითნებურად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გაიყვანა მის მფლობელობაში არსებული „ტოიოტა“-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით – „N--------“. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-------------ა ცნო უდანაშაულოდ და გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დაეყრდნო იმ არგუმენტაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში ა-------------ას მიერ განხორციელებულ ქმედებას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ზიანი. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტაცია არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ა-------------ას ქმედებით დაზარალებულ კომპანიას მიადგა, როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი - 100 (ასი) ლარის ოდენობით, ასევე შეილახა კომპანიის იმიჯი და ზიანი მიადგა მის რეპუტაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, შესაბამისად აპელანტი ითხოვს აღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ა-------------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა-------------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-------------ამ 2018 წლის 18 მარტს ქალაქ თბილისში, და----------–-----–-----------------ში მდებარე კომპანია „სი----------ს“ სპეციალური საჯარიმო ავტოსადგომიდან თვითნებურად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გაიყვანა მის მფლობელობაში არსებული „ტოიოტა კამრის“ ფირმის ავტომობილი, ს/ს ნომრით N--------. აღნიშნული ქმედებით კომპანია „სი---------ს“ მიადგა 100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, ა-------------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მოწმე თ------–--------ის ჩვენებით დადგენილი იქნა, რომ იგი არის დაზარალებულის - შპს ,,სი----------ს“ იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი. მას 2018 წლის 18 მარტს დაუკავშირდა საჯარიმო სადგომის მენეჯერი, რომელმაც შეატყობინა, რომ სპეციალურად დაცული სადგომიდან მოხდა ავტომანქანის თვითნებურად გაყვანა. თ------–--------ის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად ავტომანქანის სპეციალურად დაცული სადგომიდან გაყვანა უნდა მოხდეს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემოწმების შემდეგ. კერძოდ, წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, სადგომზე გამოცხადებული პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი და ევაკუაციის ხარჯის - 60 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამის შემდეგ პირმა უნდა მოახდინოს ავტომანქანის დათვალიერება და იმ შემთხვევაში თუ პრეტენზია არ გააჩნია, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტს და იბარებს ავტომანქანას, რის შემდეგაც დაცვა უხსნის კარს და მას უფლება ეძლევა წაიყვანოს ავტომანქანა. მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა სადგომზე გამოცხადებული პირის მიერ არც შესაბამისი დოკუმენტაციის და არც საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ავტომანქანის გაყვანა მოხდა ძალით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, რის შედეგადაც დაზიანებული იქნა საჯარიმო სადგომის ე.წ. ,,შლაგბაუმი“. ზიანის ოდენობამ შეადგინა უშუალოდ ევაკუაციის საფასური - 60 ლარი, ხოლო ე.წ. ,,შლაგბაუმის“ შეკეთება კომპანიას დაუჯდა 40 ლარი. სულ კომპანიას მიადგა 100 ლარის ზიანი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს. კერძოდ, საუბარია ორ ფაქტორზე, ერთის მხრივ გამოწვეული იქნა ფინანსური ზიანი. კერძოდ, კომპანიისთვის 100 ლარიც არის მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გადახდის შედეგად იღებს შემოსავალს დედაქალაქის ხაზინიდან, ამასთან ევაკუაციის საფასური არის კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავალი, რომლითაც ხდება ევაკუაციის ხარჯების დაფარვა. მეორეს მხრივ, აღნიშნული ინციდენტით შეიქმნა გაუთვალისწინებელი გარემოება, კერძოდ თანამშრომლებს შეეცვალათ სამუშაო დღის წესრიგი, გამკაცრებული იქნა უსაფრთხოების ზომები ე.წ. ,,შლაგბაუმის“ აღდგენამდე, რათა სხვა ავტომობილებიც არ გაეყვანათ სადგომიდან ნებართვის გარეშე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულმა ქმედებამ შელახა კომპანიის იმიჯი, ასეთი ქმედების უყურადღებოდ დატოვება წამახალისებელი იქნება სხვა პირებისთვის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ არ ფლობს ინფორმაციას კომპანიის შემოსავალთან დაკავშირებით, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ დღეში შეიძლება საჯარიმოზე გადაყვანილი ყოფილიყო 5 ავტომობილიდან 30 ავტომობილამდე, მაგრამ ეს ციფრი არის ზოგადი და დამოკიდებულია სამართალდარღვევების რაოდენობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-------------ას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: №6----- შეტყობინებით, 2018 წლის 18 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თ---------–--–---–ის, რ---------–-------ას, ი----------------ის, ვ-–--------------ს და მ--------------ის გამოკითხვის ოქმებით, მონაცემთა ბაზაში ავტომანქანის შემოწმების შესახებ 2018 წლის 19 მარტის ოქმით, შპს „სი----------ს“ წერილით მიყენებული ზიანის თაობაზე, 2018 წლის 22 მარტის სამეთვალყურეო ვიდეო-კამერების ჩანაწერის დათვალიერების შესახებ ოქმით, 2018 წლის 25 ივნისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების შესახებ ოქმით, ჯარიმის და მიყენებული ზიანის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა-------------ამ 2018 წლის 18 მარტს ქალაქ თბილისში, და----------–-----–-----------------ში მდებარე კომპანია „სი----------ს“ სპეციალური საჯარიმო ავტოსადგომიდან თვითნებურად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გაიყვანა მის მფლობელობაში არსებული „ტოიოტა კამრის“ ფირმის ავტომობილი, ს/ს ნომრით N--------. თუმცა ხსენებული მტკიცებულებებით უტყუარად არ ჰპოვა დადასტურება იმ ფაქტმა რომ აღნიშნული ქმედებით კომპანია „სი---------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რაც მოცემული ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, ა-------------ას ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა-------------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე. ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ თვითნებობის ჩადენის ფაქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - თვითნებობა ნიშნავს ნადვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, ხოლო თავისად დაგულვებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით.

 

ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. ის შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურ ან მორალურ ზინას. თვითნებობა კანონში მითითებული შედეგის (მნიშვნელოვანი ზიანის) გარეშე დანაშაულს არ წარმოადგენს. მაშასადამე, დანაშაული მატერიალურია და ის დამთავრებულად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. დანაშაულის შემადგენლობაში იგულისხმება კონკრეტული ქმედება, რადგან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენა, შეხედულება, მისწრაფება და ა.შ. თვითნებობაც გულისხმობს კონკრეტულ შედეგს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის სახით, შესაბამისად, მის გარეშე სახეზე არ იქნება დანაშაულის შემადგენლობა.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას გამართლებულ ა-------------ას დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება, რომ ა-------------ას მიერ 2018 წლის 18 მარტს ქალაქ თბილისში, და----------–-----–-----------------ში მდებარე კომპანია „სი----------ს“ სპეციალური საჯარიმო ავტოსადგომიდან თვითნებურად, მის მფლობელობაში არსებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის შესაბამისი ნებართვის გარეშე გაყვანით დაზარალებულ კომპანია შპს „სი---------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით კერძოდ: მოწმე თ------–--------ის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით (რაც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ) დადასტურებულია, რომ ა-------------ამ თვითნებურად გაიყვანა კუთვნილი ავტომანქანა ავტომანქანა დაცული ავტოსადგომიდან, თუმცა ვინაიდან მის მიერ განხორციელებულ ქმედებას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი საქართველოს სსკ–ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება მას არ შეიძლება შეერაცხოს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მნიშვნელოვან ზიანთან დაკავშირებით, კერძოდ: მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა თვითნებობის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია, რომლის დაუდგენლობაც გამორიცხავს პირისთვის საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას. სწორედ მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის ფაქტი განასხვავებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას (თვითნებობა, ესე იგი კანონით დადგენილი წესის დარღვევით ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების თვითნებურად განხორციელება, რასაც მოქალაქეების ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის არსებითი ზიანი არ მოჰყოლია) სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლისგან (თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

 

პალატა განმარტავს, რომ თვითნებობის შედეგად მიყენებული ზიანი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ზიანს, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს პირის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მიყენებული ზიანი არის თუ არა მნიშვნელოვანი, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-------------ას ქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი გამოიხატა კომპანია ,,სი----------სთვის“ 100 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანის მიყენებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით და შპს ,,სი----------ს“ იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერ თ------–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ კომპანიის მიერ დასახელებული მატერიალური ზიანიდან - კერძოდ, 100 ლარიდან ევაკუაციის საფასურია - 60 ლარი, ხოლო ე.წ. ,,შლაგბაუმის“ შეკეთების ხარჯია - 40 ლარი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისას. ხსენებული ნორმის მე-6 ნაწილის თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამასთან, ავტოტრანსპორტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, კი დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ სწორედ დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით დაჯარიმდა ა-------------ა ადმინისტრაციული წესით და ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრა მას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ავტომანქანის ევაკუაციის საფასური - 60 ლარი წარმოადგენს არა ა-------------ას თვითნებური ქმედებით გამოწვეულ ზიანს, არამედ, თვითნებობამდე ჩადენილი ქმედების - არასწორი პარკირების გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკისრებულ თანხას. რის გამოც, ავტომანქანის ევაკუაციის ხარჯი არ შეიძლება ჩაითვალოს აკ--------------ს მიერ ჩადენილი თვითნებური ქმედების შედეგად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ შპს ,,სი----------ს“ სპეციალური ავტოსადგომიდან თვითნებობით მანქანის გაყვანას მოჰყვა 40 ლარის მატერიალური ზიანი, რაც წარმოადგენს დაზიანებული ე.წ. ,,შლაგბაუმის“ აღდგენის თანხას. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე უნდა შეაფასდეს რამდენად წარმოადგენს ე.წ. ,,შლაგბაუმის“ აღდგენის ხარჯი (40 ლარი) მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს შპს ,,სი----------სთვის“.

 

პალატა თვლის, რომ ისეთი მასშტაბის კომპანიისთვის, რომელიც არის ერთადერთი უფლებამოსილი კომპანია, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე ახორციელებს ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დაცვას, 40 ლარის მატერიალური ზიანი არ შეიძლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.

 

რაც შეეხება დაზარალებულის მითითებას, რომ ა-------------ას ქმედებით ხელი შეეშალა კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეილახა კომპანიის პრესტიჟი და ავტორიტეტი, პალატა ამ მიმართულებით არ მსჯელობს, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-------------ას ბრალი ედება კომპანიისთვის მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენებისთვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ დადგინდა ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი მნიშვნელოვანი ზიანის სახით. შესაბამისად, ა-------------ას მიერ ჩადენილი ქმედება არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციას, რის გამოც არ არსებობს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-------------ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 03 (სამი) ცალი დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა-------------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან------------–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან------------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ა-------------ას მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-------------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-------------ას უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

03 (სამი) ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე