განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
160141318002252894
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160141318002252894

საქმე № 1ბ/1590-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ა-------–------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №1----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–-----------------------–------–----------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა-------–------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ-----------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენიში მითითებულია, რომ ა-------–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულია, რომ მსჯავრდებულმა ა-------–------მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, სადავოდ არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოინანია და გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული. გარდა ამისა, მსჯავრდებულს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, არ არის ნასამართლევი. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ა-------–------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ შეუფარდა სანქციით დადგენილი მინიმალურ სასჯელზე 4 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთა. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და გამოტანილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს სასჯელის შემცირება სანქციის მინიმუმამდე.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითოხვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა-------–------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-------–------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 19,45 გრამი, რაც ამოღებულ იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 06 იანვარს ქ. მ--------––ი რ---------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ა-------–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით, ა-------–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა-------–------ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-------–------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-------–------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ბ----------------------------------------------------------------------–----- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 06 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N1----------- დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-------–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-------–------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ა-------–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-------–------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. თუმცა პალატა თვლის, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა (ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი), მისი წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად) და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით (მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა 19-ჯერ აღემატება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადობისთვის დადგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს - 1 გრამს) ა-------–------ს უნდა განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

პალატას მიაჩნია, რომ ა-------–------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ - განადგურდეს.

 

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა-------–------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-------–------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენში ა-------–------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

ა-------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

ა-------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 06 იანვრიდან.

 

ა-------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა-------–------ის 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ა-------–------ს უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი