განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210118001268084
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-511-2018 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ნი----–---- მა------–---–- ს--–---------–-----–--- შ----- ლო------, გ---------–-------- კ-----------–------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- შ----- და გ---------–--------ების სარჩელი დაკმაყოფილდა.
- ნ-------------------–---–- შ----- და გ---------–--------ების სასარგებლოდ დაეკისრა 8000 აშშ დოლარის გადახდა;
- ნ-------------------–---–- შ----- და გ---------–--------ების სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 593 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ 2012 წლის მაისის თვეში მამა-შვილი გ------- და შ-------–--------ები მოელაპარაკნენ მოპასუხე ნ-------------------–---–- თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის 18000 აშშ დოლარად ყიდვის თაობაზე. 8000 დოლარი მოსარჩელეებმა გადასცეს მოპასუხეს ქ. ქუთაისში გ---–-–---–-- ქუჩაზე, იმავე წლის მაისის თვეში, რის შემდეგაც შევიდნენ საცხოვრებელ სახლში. შეთანხმების მიხედვით დარჩნილი 10000 აშშ დოლარი მყიდველებს უნდა გადაეხადათ ერთი წლის ვადაში, რაც მათ ვერ შეძლეს. მესაკუთრის მოთხოვნით მოსარჩელეებმა საცხოვრებელი ბინა დატოვეს, რის შემდეგაც იგი გაასხვისა ნ-------------------–---–--;
2.2. მოპასუხის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ-------------------–---–- მოსარჩელეებისაგან არანაირი თანხა არ მიუღია, რაც სასამართლომ არ გაიზარა და განმარტა შემდეგი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
2.3. სასამართლოს მითებით, მოსარჩელემ წარადგინა 2015 წლის 22 თებერვალს საქართველოს შსს რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონული სამმართველოს „---–-------–--- პოლიციის განყოფილებაში შედგენილი გასაუბრების ოქმი, რომლის მიხედვითაც ნ-------------------–---–-- დაადასტურა მოსარჩელეებისაგან 8000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი და დეტალურად აღწერა შეთანხმების პირობები, ასევე შემდგომში განვითარებული მოვლენები, ოქმი ხელმოწერილი მის მიერ, რაც სადავოდ არ გამხდარა;
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134–ე მუხლზე, რომლის თანახმადაც წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ;
2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის განყოფილებაში შედგენილი გასაუბრების ოქმი არის წერილობითი მტკიცებულება, რომლის გასაბათილებლად მოპასუხეს არაფერი წარმოუდგენია, მან ვერ მიუთითა დამაჯერებელი არგუმენტი, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მითითებულ დოკუმენტში ასახული განმარტება არ ასახავს რეალურ ფაქტებს და იგი დაწერილია მოპასუხის ნების გარეშე, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მიცემული განმარტება, ნასყიდობის თანხის მიუღებლობის შესახებ, სასამართლომ არ გაიზიარა;
2.6. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრიივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 400, 405-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–400–ე მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 405–ე მუხლით, 1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ;
2.7. ამავე კოდექსის 352–ე მუხლით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება);
2.8. დადგენილია, რომ 2012 წლის მაისის თვეში მამა-შვილი გ------- და შ-------–--------ები მოელაპარაკნენ მოპასუხე ნ-------------------–---–- თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის 18000 აშშ დოლარად მიყიდვის თაობაზე. 8000 დოლარი მოსარჩელეებმა გადასცეს მოპასუხეს ქ. ქუთაისში გ---–-–---–-- ქუჩაზე, იმავე წლის მაისის თვეში, რის შემდეგაც დაიწყეს ცხოვრება ზემოთმითითებულ უძრავ ქონებაში. შეთანხმების მიხედვით დარჩნილი 10000 აშშ დოლარი მოსარჩელეებს უნდა გადაეხადათ ერთი წლის ვადაში, რაც მათ ვერ შეძლეს. მესაკუთრის მოთხოვნით მოსარჩელეებმა საცხოვრებელი ბინა დატოვეს, რის შემდეგაც იგი გაასხვისა ნ-------------------–---–--;
2.9. სასამართლოს მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც გამოიხატებოდა მყიდველების მიერ ნასყიდობის თანხის სრულად გადაუხდელობაში, გამყიდველმა ნ-------------------–---–-- დაიბრუნა ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------–- და შემდგომში გაასხვისა კიდეც, მყიდველებს კი არ დაბრუნებიათ მოპასუხისათვის გადაცემული 8000 აშშ დოლარი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352–ე მუხლით დადგენილ რეგულაციას. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ-------------------–---–--, ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამსიად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ არასწორად იქნა დადგენილი, თითქოს მხარეებს შორის შედგა ნასყიდობა და რომ მოსარჩელე მხარეებმა მოპასუხეს გადასცეს 8000 აშშ დოლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას, მოსარჩლეთა ახსნა-განმარტებას და გასაუბრების ოქმს, რაც განხორციელდა კანონდარღვევით;
3.2. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, სესხი, გაცვლა. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად მხარისათვის (შემძენისათვის) საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს. სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ნორმებით, უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ვალდებულებითი ურთიერთობა უდევს საფუძვლად საკუთრების უფლების გადაცემას, აუცილებელია, მისი წერილობით შედგენა;
3.3. როგორც ყველა გარიგებისთვის, უძრავი ნივთის ნასყიდობისთვისაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. კანონით დადგენილი წესის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად, სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტის მიერ ნებაყოფლობით აუქციონზე განკარგულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის გაფორმების და საკუთრების წარმოშობის რაიმე განსხვავებულ წესს არ ადგენს, შესაბამისად, გარიგების ფორმისადმი შესაბამისობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ქონების გასხვისებისას დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის ანალიზით ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი, რასაკვირველია, საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ უფლების გადაცემას ემსახურება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებით (მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე), ისე სანივთო (გარიგებით საკუთრების უფლების განკარგვა და გადაცემა ხდება) გარიგების ელემენტებს და იგი, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, ერთობლივად უნდა იქნეს განხილული;
3.4. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ვალდებულებითი გარიგების საფუძველზე შემძენისათვის გადასაცემი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ხოლო რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლი. შესაბამისად როდესაც სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში უთითებს და დადასტურებულად ცნობს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის მოხდა მოლაპარაკება საცხოვრებელი სახლის ყიდვის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს გადაუხადა 8000 აშშ დოლარი, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული დანაწესიდან ივარაუდება , რომ ადგილი ჰქონდა განვადებით ნასყიდობას, რომლისთვისაც კანონით გათვალსიწინებულია შესაბამისი მოთხოვნები, ანუ მხაერთა ეს მოქმედება უნდა ასახულიყო სანოტარო წესით დამოწმებულ განვადებით ნასყიდობის ხელშკრულებაში, რაც საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ვინაიდან რეალურად ნ-------------------–---–- არანაირი თანხა მოსარჩელეთა მხრიდან არ მიუღია, წინააღმდეგ შემთხვევაში 8000 დოლარის გადახდის შემთხვევაში შეუძლებელია მხარეს არ შეედგინა რაიმე სახის დოკუმენტი თავად თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
პალატა თვლის, რომ განსახილველ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ არსებობს ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. დადგენილია, რომ შ-------–--------მ და გ---------–--------მ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამათლოს, მოპასუხე მხარედ ნი----–---- მა------–---–- მიუთითეს და მოპასუხისათვის თანხის 8000 აშშ დოლარის დაკისრება ითხოვეს. მოსარჩელეთა განმარტებით აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მოპასუხისათვის გადაცემული უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის ნაწილს, რის შემდგომაც მხარეთა შორის ნასყიდობა აღარ შედგა, შესაბამისად მოსარჩელეები მოპასუხისთვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას ითხოევნ;
4.2. დადგენილია, რომ თავის პოზიციის დასადასტურებად მოსარჩელეებმა სასამართლოს წარუდგინეს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნ--–-------–-- პოლიციის განყოფილების 2015 წლის 22 თებერვლის გასაუბრების ოქმი ნ-------------------–---–----;
4.3. აღნიშნულ ოქმში ნი----–---- მა------–---–- განმარტავს, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------–- საკუთრებაში ჰქონდა მამაპაპისეული სახლი, რომლის გაყიდვაც დააპირა 2012 წელს. ამისათვის იმავე წლის მაისის თვეში მასთან მოვიდა ქ. ქუთაისში მცხოვრები მამა-შვილი, გ------- და შ-------–--------ები, რომლებმაც სთხოვეს, რომ მათთვის მიეყიდა სახლი. სიტყვიერად მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ გ------- და შ-------–--------ები, ნ-------------------–---–- სახლის საფასურად გადაუხდიდნენ 18 000 აშშ დოლარს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მისცემდნენ დარჩენილ 10 000 აშშ დოლარს. აღნიშნული 8000 აშშ დოლარი გ------- და შ-------–--------ებმა გადასცა ნ-------------------–---–- ქ. ქუთაისში 2012 წლის მაისი თვეში, რის შემდეგაც ისინი შევიდნენ სახლში და დაიწყეს ცხოვრება. თანხის გადაცემიდან ერთი წლის შემდეგ ნ-------------------–---–-- დაურეკა შ-------–--------ს დარჩენილი თანხის მოცემის თაობაზე, რომლმაც უპასუხა, რომ თანხა არ ჰქონდა და ითხოვა ცოტა დრო მიეცა თანხის საშოვნად, რასაც ნ. მა------–---–- დათანხმდა და დაახლოებით 6 თვის შემდეგ კიდევ დაურეკა გ---------–--------ს თანხის მიცემის თაობაზე, რაზედაც უპასუხა, რომ არანაირი საშუალება არ აქვს და თანხას ვერ მისცემს და ამიტომ სახლს გაყიდის და თანხას სრულად გადაიხდის, რაზედაც ნ----------–---–-- უპასუხა, რომ სახლის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა რადგან ის იურიდიულად მას არ ეკუთვნოდა და სახლს ვერ გაყიდიდნენ. ამის შემდეგ მოითხოვა სახლის დაცლა, რის შედეგადაც ისინი (შ-------–-------- და გ---------–--------) წავიდნენ სახლიდან, ხოლო აღნიშნული უძრავი ნივთი ნ-------------------–---–-- გაყიდა სხვა პირზე 13000 აშშ დოლარად... (იხ. ს/ფ.: 18);
4.4. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა ფაქტზე, რომლის თანახმად 2012 წლის მაისში მოსარჩელეებმა ნ-------------------–---–- გადასცეს 8000 აშშ დოლარი საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის საფასურის ნაწილის სახით, რის შემდგომაც მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ შედგა, რაც წარმოშობდა გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნ--–-------–-- პოლიციის განყოფილების 2015 წლის 22 თებერვლის გასაუბრების ოქმი ნ-------------------–---–----, რომლითაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება;
4.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სადაო არ გახადა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ...გასაუბრების ოქმი იმ თვალსაზრისით, რომ ის განხორციელდა კანონდარღვევით (რასაც უთითებს სააპელაციო საჩივერში) და სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა (წარადგინა ე.წ. მარტივი შესაგებელი) არ ცნო ის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოპასუხე მხარე კონკრეტულ ფაქტებზე (გასაუბრების ოქმის კანონის დარღვევით შედგენაზე) მითითებით არ შედავებია მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. ს.ფ. 34-43);
4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, მტკიცებულებები დაურთოს პასუხს (შესაგებელს). თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები, ასევე სადავო გახადოს ფაქტობრივი გარემოებები;
4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპატიოდ ჩაითვლება ის მიზეზი, რომელიც მხარეს ობიექტურად, მისგან დამოუკიდებლად არ მისცემს საშაუალებას შეასრულოს განსაზღვრული საპროცესო მოქმედება კანონით განსაზღვრულ საპროცესო ეტაპზე;
4.8. სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით;
4.9. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას.
4.10. თუ სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა.
4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლო უნიშნავს ვადას მოპასუხეს იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს შესაგებელი. დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებელში არ მოახდენს კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით კვალიფიოციურ შედავებას, შემდგომში მისი ეს უფლება ქარწყლდება და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება;
4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავის საგანს და იმ ფაქტებს, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს განსაზღვრავენ მხარეები.
4.13. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი „სასამართლო ეთანხმება კომისიას, მასზედ, რომ როდესაც ეს დაკავშირებულია სასამართლო დავასთან დაპირისპირებული კერძო ინტერესების მქონე პირებს შორის, „შეჯიბრებითობის პრინციპი“ გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს მისი საქმე – მტკიცებულებების ჩათვლით – ისეთ პირობებში, რომელიც არ მოათავსებს მას არსებითად არახელსაყრელ პირობებში თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით“ (1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, აბზაცი 33, 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 33, 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 19);
4.14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სამოქალაქო საქმეზე მტკიცებულებად მიჩნევის საკითხზე (საქმე №ას-788- 748-2013). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები უნდა შეფასდეს, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ამ შემთხვევაშიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ჩვენებები წარმოადგენენ იმ პირთა ახსნა-განმარტებებს, რომლებიც კონკრეტულ სამოქალაქო საქმეში წარმოადგენენ პროცესის მონაწილეებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოცემული მოწმეთა ჩვენებები შეფასდეს როგორც წერილობითი მტკიცებულებები, მაგრამ პროცესუალურ-სამართლებრივ წესებთან ერთად სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მტკიცებულების მატერიალურ-სამართლებრივი მხარე, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მტკიცებულებათა კვლევა-შეფასების ეტაპზე. სასამართლომ უპირველეს ყოვლისა სამართლებრივად უნდა შეაფასოს მოსარჩელეების მიერ მითითებული მოთხოვნის საფუძვლები (კერძოდ, თუ რომელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს მოსარჩელეების მოთხოვნა მათ მიერ მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით). შესაბამისად, სასამართლოს მიერ შესაფასებელი მტკიცებულება უნდა შეიცავდეს იმ მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით არის მოცემული;
4.15. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით (მხარეთა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული გასაუბრების ოქმით) ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება - კვალიფიციურად შედავებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას და სადაოდ გაეხადა აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულება, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის მაისში მხარეთა შორის შედგა ფორმადაუცველი გარიგება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რის გამოც მოსარჩელეებმა ნ-------------------–---–- გადასცა 8000 აშშ დოლარი საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის საფასურის ნაწილის სახით, აღნიშნულის შემდგომ მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ შედგა.
4.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ;
4.17. ამავე კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილი ფორმის დაცვაა საჭირო;
4.18. მითითებული კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
4.19. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება;
4.20. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
4.21. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა ფორმადაუცველი, ბათილი გარიგება უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე. დადგენილია, რომ მითითებული ბათილი გარიგების საფუძველზე ნ-------------------–---–- მოსარჩელეებმა გადასცეს 8000 აშშ დოლარი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად ექვემდებარება დაბრუნებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, ნი----–---- მა------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
6.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნი----–---- მა------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე