განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001416304
საქმე №2ბ/1609-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შ--–-- რ---–---–ი
წარმომადგენელი - ვ----------------
მოწინააღმდეგე მხარე - თ----- ს--------ე
წარმომადგენლები - ა------–---; ს-----------------–---–-; ა----------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2014 წლიდან 2016 წლის 30 მარტამდე თ----- ს--------ე დასაქმებული იყო შპს ,,ზ-----ში'' მსახიობად. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1500 ლარს.
2. მოპასუხე შ--–-- რ---–---–ი მუშობდა შპს ,,ზ-----ში'' სამხატვრო დირექტორის და უშალოდ მოსარჩელე თ----- ს--------ის ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
3. შპს ,,ზ-----ი'' ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა პროექტს შპს ,,ტ--–------ში'' რომელშიც მონაწილეობდა მოსარჩელე.
4. თ----- ს--------ის მიერ შპს ,,ზ-----ი''-თან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილს შემდეგ ,,ტ--–------მა'' შეწყვიტა თანამშრომლობა შპს ,,ზ-----თან''
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ----- ს--------ემ და მოპასუხე შ--–-- რ---–---–ის მიმართ მოითხოვა მატერიალური ზიანის 5550 ლარის გადახდა და მორალური ზიანის 2000 ლარის გადახდის დაკისრება.
6. მოსარჩელის პოზიცია
მოპასუხემ განახორციელა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატება სექსუალურ შევიწროებაში, რის გამოც, მოსარჩელემ დაკარგა სამსახური, განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა და საჭიროებდა ფსიქოლოგიურ დახმარებას. მოსარჩელე მატერიალური ზიანის სახით ითხოვს გაწეული მკურნალობის და სამომავლოდ, სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის სულ 1050 ლარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 30 მარტიდან, სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე, განაცდურის 3 თვის ხელფასის - 4500 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას.
7. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობის მოტივით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----- ს--------ის სარჩელი შ--–-- რ---–---–ის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოპასუხე შ--–-- რ---–---–ს დაეკისროს მოსარჩელე თ----- ს--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 2000 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 60 ლარის გადახდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
8.1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის -1ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე იგი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და პარალელურად, რომლებიც კრძალავენ დისკრიმინაციას; აგრეთვე შესატყვისი შიდასახელმწიფოებრივი აქტების მატერიალურ სამართლებრივი და საპროცესო სამართლებრივი ნორმების პარალელურად, რომლებიც შესაბამისად კრძალავენ დისკრიმინაციას სამართლის ამა თუ იმ დარგში ან ადგენენ დისკრიმინაციის შემთხვევების განხილვის პროცედურას. კანონის პირველი მუხლი განმარტავს კანონის მიზანს, რაც არის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და თანასწორობის უზრუნველყოფა.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
აღნიშნულ მუხლს სასამართლო განმარტავს გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლთან მიმართებით. გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობისას დაუშვებელია: ა) პირის დევნა ან/და იძულება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას; ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
სექსუალური შევიწროება შევიწროების ერთ-ერთი სპეციფიური გამოვლინების ფორმაა. სექსუალური შევიწროების ორი ფორმა არსებობს: 1. Quid Pro Quo ანუ მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და 2. მტრული სამუშაო გარემო, როდესაც სამუშაო ადგილზე დამაშინებელ, შეურაცხმყოფელ პირობებს ქმნის. სექსუალური შევიწროება შეიძლება გამოვლინდეს როგორც სხვადასხვა, ასევე, ერთი და იგივე სქესის პირებს შორის.
Quid Pro Quo - ძალადობა, არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, აღნიშნული ხდება როდესაც 1)სამსახურებრივი წახალისება, დასაქმება დაწინაურება, ხელფასის გაზრდა, ნაკლები სამუშაოს მიცემა და სხვა სამსახურებრივი გარემოებები, ხდება სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ. მოძალადე ძირითად შემთხვევაში არის სამსახურის უფროსი, მეთვალყურე, დასაქმებულის აგენტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დასაქმებულის საქციელზე იქონიოს გავლენა; ან 2) სექსუალურ კავშირზე უარი გავლენას ახდენს პირის სამსახურებრივ მდგომარეობაზე (მაგ: დაქვეითება). სექსუალური შევიწროება ცალსახად არ ნიშნავს კონკრეტული სექსუალური ხასიათის მომსახურების ან ფიზიკური კონტაქტის ელემენტის არსებობას განხორციელებულ ქმედებაში და ის შეიძლება გამოხატული იყოს ასევე ვერბალური ან/და არავერბალური ფორმით.
,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-6 მუხლი კრძალავს შრომით ურთიერთობაში სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასრუველი სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის საფუძველზე შექმნილი კომიტეტის მე-19 კომენტარი სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევს ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და აღნიშნავს, რომ თანასწორობას რეალური საფრთხე ექმნება, როდესაც ქალი ექვემდებარება გენდერული ნიშნით ძალადობის ისეთ ფორმას, როგორიც არის სექსუალური შევიწროება.
სასამართლო მიუთითებს, რადგან საქართველოს ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ორივე დოკუმენტი (2014-2016 და 2017-2020) გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, ასევე გასათვალისწინებელია ევროკავშირის დირექტივები, რომლებიც ზემოაღნიშნულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს აზუსტებენ და ავითარებენ. ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციული დირექტივები დისკრიმინაციის ერთ-ერთ სახედ განიხილავენ შევიწროებას. კერძოდ, აღნიშნული დირექტივების მიხედვით, შევიწროება ჩაითვლება დისკრიმინაციად თუ სახეზეა შემდეგი გარემოებები: 1) პირის მიმართ ხორციელდება არასასურველი მოპყრობა იმ ნიშნის გამო, რომელიც მას ახასიათებს; 2) ამგვარი მოპყრობა მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას; 3) იქმნება დამაშინებელი, მტრული, ღირსების შემლახველი, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემო. გენდერული თანასწორობის დირექტივა კიდევ უფრო აზუსტებს ამ წინაპირობებს და განმარტავს, რომ არასასურველი მოპყრობა შეიძლება გამოიხატოს ვერბალური, არავერბალური, ან ფიზიკური ფორმით. ამასთან, ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის პირი არახელსაყრელ მდგომარეობაში იყოს სხვა პირებთან შედარებით, არამედ მხოლოდ მის მიმართ შევიწროების ფაქტის არსებობა უკვე საკმარისია დისკრიმინაციის დასადგენად.
ევროპული კონვენციით შევიწროება მიიჩნევა ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვად, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა სექსუალურ შევიწროების იურიდიულ ცნებას არ ასახელებს, მაგრამ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი, ყველა სახის დისკრიმინაციას კრძალავს. ანალოგიური ნიშნებით დისკრიმინაცია იკრძალება შრომით ურთიერთობებში საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
შრომის სამართალი კერძო სამართლის სფეროს ეკუთვნის, რადგან ურთიერთობათა სუბიექტებს შორის თანაბარუფლებიანობა მხოლოდ კერძო სამართლისთვისაა დამახასიათებელი. შრომის სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობა წარმოიშობა პირთა შორის - დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე. შრომის კოდექსი არეგულირებს შრომითი ხელშეკრულების პირობებს, მისი დადების, შეწყვეტის, ფუნქციონირების წესებს. ხელშეკრულების პირობები შრომის კოდექსთან ერთად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის დებულებებით და, ასევე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ხელშეკრულების მხარეები უნდა იყვნენ ჰორიზონტალურ, თანასწორ მდგომარეობაში. ხელშეკრულების დადება ხდება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, თუმცა, ურთიერთობის მონაწილე ერთი მხარე (დასაქმებული) ვალდებულია დაემორჩილოს მეორე მხარეს (დამსაქმებელს). შრომითი ურთიერთობა ემყარება ხელშეკრულების მხარეთა ნდობას და ურთიერთგაგებას. მხარეები შედიან ერთმანეთთან ნდობაში და იღებენ პასუხისმგებლობას, რომლის ფარგლები დამოკიდებულია დასაქმებულის თანამდებობაზე, სამსახურის სახეზე, მუშაობის სპეციფიკაზე, დასაქმებულის მიმართ დელეგირებულ ფუნქციებზე.
შრომითი ურთიერთობისას დასაქმებული ვალდებულია პირადად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამუშაო, დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ შინაგანაწესს, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს კანონით და მხარეთ შეთანხმებით გათვალისწინებული შრომის პირობები, ეს უკანასკნელი,თავის თავში გულისხმობს დამსაქმებლის მოვალეობას - უზრუნველყოს დასაქმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისი, კონკრეტული სამუშაოთი, შექმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები და გასწიოს ზედამხედველობა ამ პირობების დაცვაზე. ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა კი, ასევე გულისხმობს დასაქმებულების დაცვას, სამსახურებრივი ურთიერთობის დროს, ყოველგვარი შევიწროებისაგან, რომელიც მომდინარეობს, თუნდაც იმავე საწარმოში დასაქმებული სხვა მოსამსახურეებისაგან განურჩევლად მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შევიწროება სახეზეა, როდესაც ხდება ცალკეული პირის მიმართ სხვებთან შედარებით არახელსაყრელი გარემოს შექმნა. კონკრეტულ შემთხვევაში, შევიწროება ვლინდება ისეთ ფორმებში, როგორიცაა: არასასიამოვნო მზერა, შეურაცხმყოფელი ხუმრობა ან შენიშვნა, მიუღებელი კომენტარი, პირის იზოლირება, უსამართლო კრიტიკა, არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, უხამსი შეთავაზება. ამიტომ, მიზანშეწონილია, შევიწროების განმარტებისას აქცენტი გაკეთდეს სწორედ ამ მახასიათებლებზე. აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ ყველა მინიშნება, შეთავაზება, კომპლიმენტი, შენიშვნა და ა.შ., ნეგატიური შეიძლება სულაც არ იყოს. მაგრამ, ზოგიერთი კომპლიმენტი უტაქტოა, ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და მასში სირცხვილის განცდას აჩენს. უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია, რომ ხელმძღვანელი პირები ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ნაკლებად უწევენ ანგარიშს გარშემომყოფთა ემოციებს და დასაქმების ადგილებზე იმპულსურად არღვევენ ეთიკურ ნორმებს. სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებისა და ნორმების ანალიზის შედეგად აღნიშნავს, რომ ცალკეული პირის პირდაპირი თუ არაპირდაპირი შევიწროება ლახავს ადამიანის ღირსებას.
სასამართლო, ასევე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელე ჩააყენა არახელსაყრელ პირობებში, რასაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. რაც შეეხება, პასუხისმგებლობის დაკისრებას, მოპასუხის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, სასამართლო აღნიშნავს, რომ, თავად მოსარჩელის უფლებაა აირჩიოს, აღნიშნულთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა მოსთხოვოს უშუალოდ ქმედების ჩამდენ პირს თუ დამსაქმებელს, რომლის ვალდებულებაა შრომითი ურთიერთობის დროს უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა.
8.2. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ შევიწროების დროს მსხვერპლს არ აქვს ფსიქოლოგიური და მორალური ზიანის არსებობის მტკიცების ვალდებულება, რადგან ეს უკანასკნელი შევიწროების არსში თავისთავად მოიაზრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენისას, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ მოსარჩელე ჩააყენა არახელსაყრელ პირობებში, რასაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია და ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ფულადი თანხით კომპენსირება. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. იგი მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ზიანის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. სასამართლომ მიი ჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მორალური ზიანის ოდენობა 2000 ლარი უზრუნველყოფს მორალური ზიანის დაკისრების მიზნებს, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის 2000 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
9. მოსარჩელი მოთხოვნა გაწეული მკურნალობის და სამომავლოდ სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის სულ 1050 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სარჩელის აღძვრამდე 3 თვის ხელფასის 4500 ლარის ანაზღაურების თაობაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამ ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
10. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილება (მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში) გაასაჩივრა მოპასუხე შ--–-- რ---–---–მა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
10.1. აპელანტის განმარტებით, მოწმე ხ--–--–---–- დაიკითხა იმ გარემოების შესახებ, რაც უკავშირდებოდა შპს „ზ-----ში“ დასაქმებული მოსარჩელის და მოპასუხის ურთიერთობას, ასევე მოპასუხის დამოკიდებულებას სხვა თანამშრომლების, ასევე კასტინგში მონაწილე პირების მიმართ. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა „შ--–-- რ---–---–ის მხრიდან რაიმე სახის სექსუალური ან სხვა ფორმით ზეწოლის განხორციელება მოსარჩელის ან სხვა პირთა მიმართ. ხ--–--–---–-ა ისაუბრა რ---–---–ის და ს--------ის კარგ დამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ სამსახურიდან წასვლამდე ს--------ეს რ---–---–თან ჰქონდა კარგი დამოკიდებულება, ასევე განმარტება გააკეთა იმ პრობლემის შესახებ, რასაც მოსარჩელის სამსახურში სისტემატური დაგვიანება იწვევდა. ამასთან აღნიშნა, რომ ს--------ისათვის არასდროს შეუნიშნავს ფსიქოლოგიური ან სხვა მსგავსი პრობლემები. პირიქით აღნიშნავს, რომ ს--------ე ყოველთვის კარგ განწყობაზე იმყოფებოდა. ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არაერთხელ მისცა შენიშვნა თამამი მოქმედებისთვის.
10.2. სასამართლომ არ შეაფასა მოწმე ხ--–--–---–-ს ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, რომელიც უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს უკავშირდება და უდაოდ ცნო ე.წ. ფაქტი, რომლის წერილობითი დასაბუთება თუ რატომ შეწყდა ორ კომპანიას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ასევე თავად დაადასტურა რომ მოსარჩელის განცხადებების გამო შეწყვეტილა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სასამართლომ უდავოდ ცნო ისეთი ფაქტი, რომელსაც შემხებლობა დავის საგანთან არ გააჩნია. გადაწყვეტილებაში არათუ მოწმე ხ--–--–---–-ს არამედ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არცერთი სახეობის უარყოფაზე არ არის საუბარი, რითაც არსებითად დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლომ მტკიცების ტვირთის გადანაწილება მოახდინა მოპასუხის საზიანოდ და მოსარჩელის ახსნა-განმარტებას იყენებს სარჩელში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. აღნიშნული მიდგომით სასამართლომ ხელოვნურად მოახდინა მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთის მთლიანად მოპასუხისადმი დაკისრება. სასამართლომ არ იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 363 3 მუხლის საფუძველზე მტკიცების ტვირთის მოპასუხისადმი დაკისრების შესახებ.
10.3. მოსარჩელის მიერ სარჩელში გადმოცემული მოსაზრება-არგუმენტაცია წარმოადგენს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და თავისი ახსნა-განმარტების განსამტკიცებლად მოსარჩელე წერილობით ქმნის ახსნა-განმარტებას, რომელსაც იყენებს სარჩელში მითითებული „ფაქტობრივი გარემოებების“ დასადასტურებლად. ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით და არა მოსარჩელის განმარტებაზე თავისივე ახსნა-განმარტებით.
10.4. აპელანტის განმარტებით არ არსებობს უკანონოდ მოპოვებული აუდიო ჩანაწერის გაზიარების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე და 104-ე მუხლების თანახმად დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული და ამოირიცხოს საქმის მასალებიდან 6 თებერვლის აუდიოჩანაწერი და მისგან გამომდინარე საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტი, #--------- ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნის მიღება-ჩაბარების აქტი. გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტით სასამართლო მსჯელობს იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის და მიუთითებს შემდეგს: „2016 წლის 05 თებერვალს, მიუხედავად მოპასუხის დაპირებისა მომდევნო კვირაში მოპასუხის მხრიდან კეთდებოდა კომენტარები, რომ შეთავაზებაზე უარის თქმით მოსარჩელემ დაკარგა მისი დადებითი განწყობა. სექსუალური კავშირის განმეორებითი შეთავაზების შემდეგ, რომელიც განხორციელდა 2016 წლის 30 მარტს, მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური“ შესაბამისად სასამართლოს აზრით ქმედება არის განგრძობადი და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. გადაწყვეტილებიდან არ ჩანს რას ეყრდნობა სასამართლო როდესაც „მომდევნო კვირაში“ კომენტარის გაკეთებაზე საუბრობს ან რა მტკიცებულებით არის გამყარებული აღნიშნული განმარტება. მოცემული ფაქტობრივი უსწორობის მიმართ ცალსახაა სასამართლოს მსჯელობა შემდეგზე - თუ არ დადასტურდა 2016 წლის 30 მარტის ე.წ. შეთავაზება ამ შემთხვევაში ქმედება განგრძობადი ხასიათის არ არის და მოთხოვნაც ხანდაზმულია.
10.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 249-ე მუხლები, შესაბამისი დასაბუთების გარეშე დადგენილად მიიჩნია გარემოებები, რომელიც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, არ იმსჯელა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ არც ერთი სახის მტკიცებულებებზე, კერძოდ, ფაქტების კონსტანტაციის მასალებზე, მოწმე ხ--–--–---–-ს და მ--–-–---–-ს ჩვენებებზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გარემოებები, საერთოდ არ იმსჯელა სადაოდ გამხდარ ექსპერტიზის დასკვნაზე და მის კანონშესაბამისობაზე. არ იმსჯელა ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების შეუსაბამობაზე უკანონო ჩანაწერის ხმის იდენტიფიკაციის თაობაზე, გადაწყვეტილება გამოიტანა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის გარეშე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის არსებითი დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის სახით 2000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამასთან გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინება დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და საქმის მასალებიდან ამოირიცხოს 2016 წლის 06 თებერვლის აუდიო ჩანაწერი, მისგან გამომდინარე საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტი და #---------- ექსპერტიზის დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი
11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
12. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (განჩინების 8.1 და 8.2 პუნქტები) მორალური ზიანის სახით 2000 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით და ამის საპირისპიროდ ვერ გაიზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შემდეგ აპელაციას:
13. პალატა განმარტავს რომ მოწმე მოწმე ნ--- ხ--–--–---–-ს ჩვენებით (აპელაცის საფუძვლები, განჩინების 10.1 პუნქტი) პირველმა ინსტანციის სასამართლოდ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება რომ, შპს „ტ--–------სა“ და შპს „ზ-----ს“ შორის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელის განცხადებები მოპასუხის მიერ მისი სექსუალური შევიწროების შესახებ. მოწმისაგან მიღებული ჩვენება შეფასებული იქნა არა როგორც თ----- ს--------ის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით დისკრიმინაციის დამდგენი პირდაპირი მტკიცებულება, არამედ სასამართლომ ამ და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება ერთობლიობაში შეფასების, მათი სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლისა დადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფატქობრივი გარემოება -- შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაცია
14. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ხ--–--–---–-ს ჩვენება რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა მოსარჩელის მხრიდან სექსუალური ან სხვა ფორმით ზეწოლის განხორციელება მოსარჩელის ან სხვა პირთა მიმართ. (აპელაციის საფუძვლები, განჩინების 10.2 პუნქტი) პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2.მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3.მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას,კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, მოწმის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასებისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საქმეში მონაწილე პირებთან. მოცემულ შემთხვევაში ნ--- ხ--–--–---–- მოწმე, არის იმ საწარმოს დირექტორი სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, რომელიც დაობს შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციაზე, ხოლო მოპასუხე ამავე საწარმოში დასაქმებული სამხატრო ხელმძღვანელი, შესაბამისად მოწმე და მოპასუხე იყვნენ და არიან ერთმანეთან შრომით ურთიერთობაში ხოლო მოსარჩელე კონკურენციაშია ამ ურთიერთობასთან, იგი მიუთითებს შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციაზე. ასეთ ვითარებაში პალატას მიაჩნია რომ მხოლოდ მოწმე ხ--–--–---–-ს ჩვენებით, მის მიერ გაკეთებული შეფასებებითა და დასკვნებით ვერ გაქარწყდება ის ფაქტობრივი გარემოებები რომელსაც მოსარჩელე მიუთითებდა და რომელიც სასამართლომაც გაიზიარა.
15. პალატაც მიაჩნია რომ, მოსარჩელის მიერ სარჩელში გადმოცემული მოსაზრება-არგუმენტაცია, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, განხილული იქნა მტკიცებულების სახით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო ნორმები. (აპელაციის საფუძვლები, განჩინების 10.3 პუნქტი)
16. აპელანტის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს საქმის მასალებიდან ამოირიცხოს 2016 წლის 06 თებერვლის აუდიო ჩანაწერი, მისგან გამომდინარე საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტი და #---------- ექსპერტიზის დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიღო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და რომელიც წარმოადგენს უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებას. (აპელაცია, განჩინების 10.4; 10.5. პუნქტები)
პალატა განმარტავს რომ, მოცემული დავის ხასიათიდან გამომდინარე დასაცავ ღირებულებათა შორის კონკურენციის პირობებში არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი რადგან:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ამდენად, თუ აშკარაა, რომ მხარემ მტკიცებულება ფარულად, კანონდარღვევით მოიპოვა და არ არსებობს მისი საქმეში დატოვების მიმართ მეორე მხარის დაცვის ღირსი ინტერესი, ასეთ ვითარებაში, მითითებულ მტკიცებულებას სასამართლო საქმიდან ამოიღებს, სასამართლომ მხარეთა ორმხრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე უნდა გააკეთოს დასკვნა მასზედ, მტკიცებულება უკანონოდაა მოპოვებული, თუ არა, და თუ უკანონოდაა მოპოვებული, ხომ არ არსებობს მისი საქმეზე დართვის ან საქმეში დატოვების საგამონაკლისო შემთხვევა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულება კანონდარღვევითაა მოპოვებული და ამასთან, არც მისი კანონდარღვევით შექმნის გამამართლებელი დაცვის ღირსი ინტერესი არსებობს, ასეთ ვითარებაში სასამართლომ მტკიცებულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, საქმიდან უნდა ამოიღოს ან საქმეში არარსებული მტკიცებულება საქმეს არ უნდა დაურთოს.
პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი მიხედვით, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ, თუმცა ამავდროულად განმარტავს რომ, ფარულ (აუდიო/ვიდეო) ჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ცალკე დათქმას არ შეიცავს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსები ერთმანეთისაგან მიჯნავს დასაშვებ და დაუშვებელ მტკიცებულებებსს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არც მტკიცებულებათა მოპოვების რაიმე წესს ადგენს. შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულად უნდა ჩაითვალოს მტკიცებულება, თუ მისი მოპოვებით ამათუიმ კანონით დადგენილი წესი ირღვევა (ფორმალურ-პროცედურული დარღვევა), ან თუ მისი მოპოვებით მხარეთა ან მესამე პირთა უფლებები ილახება (არსებითი პროცედურულ-შინაარსობრივი დარღვევა). მტკიცებულების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მისი მოპოვების არამართლზომიერება განაპირობებს და არა მტკიცებულების შინაარსი. მოპოვების არამართლზომიერებაში კი, პირველ რიგში, მოწინააღმდეგე მხარის უფლებებში უნებართვო ჩარევა იგულისხმება, რითაც მხარის კონსტიტუციურ სამართლებრივი უფლებები ირღვევა. ერთი პირის სამოქალაქო უფლების დაცვა კი მეორე პირის კონსტიტუციით უზრუნველყოფილ გარანტიათა შელახვის ხარჯზე, დაუშვებელია. თუმცა, პალატა განმარტავს რომ, მითითებული აკრძალვა აბსოლუტურ ხასიათს არ ატარებს. ორმხრივი ინტერესის აწონდაწონვისა და ურთიერთშეჯერებული ანალიზის შედეგად, კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება შეიძლება დასაშვებ მტკიცებულებადაც იქცეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1165 რეზოლუციაში „Right to Privacy“ (1998) განმარტებულია, რომ „ევროპული კონვენციის მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არამარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც“. პალატა განმარტავს რომ, იმის და მიხედვით, თუ პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. თუ სახეზეა ინტიმური სფერო, იგი აბსოლუტური დაცვით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ჩარევა არცერთი საფუძვლით არ არის გამართლებული. თუ საქმე ინტიმს არ ეხება, მაშინ იგი აბსოლუტური პრივილეგიით არ სარგებლობს. მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს, თუ არა, დაცვის ღირსი ისეთი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივი ინტერესების აწონდაწონვის შედეგად, სასამართლომ უკანონო გზით მტკიცებულების მოპოვება შეიძლება იმ პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით გაამართლოს, რამაც მხარეს მტკიცებულების უკანონოდ მოპოვება აიძულა. ეს მხოლოდ ისეთი შემთხვევა შეიძლება იყოს, როდესაც სასამართლო მტკიცებულების მოპოვების გზით სხვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი უფლებების ხელყოფას, მათ შორის, პირად ცხოვრებაში ჩარევას გაამართლებს, მაგალითისათვის, როდესაც ადგილი აქვს პირის უფლებათა ისეთ ხელყოფას, რომლის დადასტურება, კანონით დასაშვები მტკიცებულებების მოპოვების გზით, შეუძლებელია. მაგალითისათვის, როდესაც პირს გარიგებაზე იძულების ისეთი მეთოდების გამოყენების გზით მოაწერინეს ხელი (იარაღით მუქარა, შანტაჟი და ა. შ.), რომელიც ნების გამოხატვის თავისუფლებაზე ზემოქმედებს, თუმცა, განსხვავებით ფიზიკური ზემოქმედებისაგან, ე.წ. „კვალს“ არ ტოვებს. ასეთ ვითარებაში გარიგებაზე ხელმომწერი პირის მიერ ფარული აუდიო (სატელეფონო) ჩანაწერის შექმნა, მტკიცებულების არამართლზომიერად მოპოვებას ამართლებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, იგულისხმება, რომ მხარეს მტკიცებულების „მართლზომიერად მოპოვების“ შესაძლებლობა შეზღუდული აქვს და მტკიცებულების ამ გზით მოპოვება, თვითდახმარების ფარგლებში, გარდაუვალი აუცილებლობით არის განპირობებული. შესაბამისად, ფარული მოსმენის, გადაღებისა და ა. შ. გზით მოპოვებული მტკიცებულება მართლზომიერად მოპოვებულ და დასაშვებ მტკიცებულებად არ მიიჩნევა, თუ მხარეს მტკიცებულების შექმნის სხვა შესაძლებლობა (თავისუფლება) შეზღუდული არ აქვს. ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლების დადასტურების მიზნით, მტკიცებულების შექმნა სხვისი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის ხარჯზე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, დაუშვებელია, მაშინაც, როდესაც მხარეს მტკიცებულების სხვა გზით მოპოვება არ შეუძლია.
სუსგ 2015 წლის 4 მაისის #ას 1155-1101-2014 წლის განჩინებაში სასამართლომ განმარტა შემდეგი: პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება. მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ასევე სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა და მტკიცებულება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მოიპოვონ. მხოლოდ იმიტომ, რომ მხარე სათანადოდ არ უზრუნველყოფს სამართალურთიერთობას მტკიცებულებებით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მას, უფლების სადავოობის პირობებში, მითითებული მტკიცებულების შექნის შესაძლებლობა მეორე მხარის პირად ცხოვრებაში ჩარევის გზით აქვს. ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითისათვის, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულების მოპოვების ხერხი, კერძოდ, ფარული მოსმენა, მიყურადება, ჩაწერა საამისოდ არაუფლებამოსილ პირთა მიერ მხარის კონსტიტუციურ ღირებულებებს ხელყოფს და მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ინფორმაციის მატარებელია ფარული ჩანაწერი, იგი, როგორც კონსტიტუციურ ღირებულებათა საწინააღმდეგოდ მოპოვებული, დაუშვებელი მტკიცებულებაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მტკიცებულების შექმნისას მხარე „აუცილებელი თვითდახმარების მდგომარეობაში“, ან „აუცილებელ თვითდახმარების მდგომარეობასთან მიახლოვებულ მდგომარეობაში“ იყო, ანუ როდესაც მტკიცებულების შექმნა მხარეს თავის დასაცავად სჭირდებოდა და არა სხვა პირთათვის წარსადგენი მოთხოვნის დასასაბუთებლად. როგორც საქმის მასალებით დასტურდება თ----- ს--------ემ თვითდახმარების ფარგლებში თავად განახორციელა ფარული ჩანაწერი, რომელიც იყო ერთადერთი გზა საკუთარი უფლების დასაცავად, ამდენად, წამოდგენილი ფარული ჩანაწერი მიუხედავად იმისა, რომ კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებაა, დასაშვებ მტკიცებულებადაც იქცა, რის გამოც უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნას საქმის მასალებიდან 2016 წლის 06 თებერვლის აუდიო ჩანაწერის, მისგან გამომდინარე საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტის და #---------- ექსპერტიზის დასკვნის ამორიცხვის თაობაზე.
დასაქმებულთა მხრიდან გაკეთებული ფარულ ჩანაწერები დასაშვებად იქნა აღიარებული დიდი ბრიტანეთის შრომითი დავების ტრიბუნალის მიერ პუნჯაბის ნაციონალური ბანკის საქმეზე (Punjab National Bank (International) Limitid -v- Gosain), ქალბატონს, რომელმაც ტრიბუნალში წარადგინა საჩივარი სექსუალურ შევიწროებასთან, სქესის ნიშნით დისკრიმინაციასა და უსამართლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ფარულად ჩაწერილი ჰქონდა დიალოგი. შრომითი დავების ტრიბუნალის მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ჩანაწერი დაშვებული უნდა ყოფილიყო მტკიცებულებად. მოსამართლის დასაბუთება მდგომარეობდა შემდეგში: „მოსარჩელის მითითებებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ ჩანაწერები შეიცავს ინფორმაციას, რაც რელევანტურია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა იქნეს დაცული ეს განცხადებები, თუნდაც ისინი წარმოადგენდეს პირადი საუბარის ნაწილს და რატომ უნდა გაკეთდეს გამონაკლისი მათთვის, იმ ზოგადი წესიდან, რომლის თანახმად, საქმესთან დაკავშირებული ყველა რელევანტური მტკიცებულება არის დასაშვები.“ სააპელაციოს ტრიბუნალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩანაწერი გაკეთებულია ფარულად, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ისინი დაშვებული არ უნდა იქნეს მტკიცებულებად.(იხ: http://refreshinglawltd.co.uk/2014/07/covert-recordings-employees-admissible-evidence-mployment-tribunals/)
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 9 დეკემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დასაქმებულის მხრიდან გაკეთებული ფარული ჩანაწერები შესაძლებელია გამოყენებული იქნას სასამართლოში, როგორც მტკიცებულება. გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის შეფასება უკავშირდებოდა ორი კონსტიტუციურად დაცული ინტერესის კონფლიქტს: (1) ჩაწერილი პირის პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას და (2) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას იმ პირისათვის, რომელიც თავისი უფლებების დასაცავად ახორციელებს ფარულ ჩაწერას. ეს კონფლიქტი ყოველთვის განხილულ უნდა იქნეს ინდივიდუალური საქმის გარემოებების გათვალისწინებით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს რომელ უფლებას მიენიჭოს უპირატესობა. ნორმალურ ვითარებაში, ფარული ჩანაწერი (ე.ი. ჩანაწერი, ჩაწერილი პირის ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე) წარმოადგენს ჩაწერილი პირის პირადი სფეროს დარღვევას და ამდენად, უმეტეს შემთხვევებში არ არის დასაშვები, როგორც სამართლებრივი ასევე მორალური თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადად, იგი წინააღმდეგია ნებისმიერი ფორმის ელექტრონული მონიტორინგის და ფარული ჩაწერისა. თუმცა, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ეს ზოგადი მიდგომა არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც ფარული ჩანაწერის გამკეთებელი პირი, ასეთ ქმედებას მიმართავს თავდაცვის მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვითდამცველი პირი ურთიერთობის მონაწილე უფრო სუსტ მხარეს წარმოადგენს. ეს გამონაკლისი განსაკუთრებით ეხება დასაქმებულთა საჩივრებს. სასამართლოს განმარტებით, ასეთი ჩანაწერი შეიძლება შედარებულ იქნეს უკიდურეს აუცილებლობის ფარგლებში ან დასაშვები თვითდახმარების დროს მოქმედებას, როდესაც იგი წარმოადგენს ერთადერთ გზას, რომლის მეშვეობითაც დასაქმებულმა შეიძლება მოახერხოს მტკიცებულების წარდგენა. ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ცოტა შორსაც წავიდა და განმარტა, რომ მაშინაც კი, თუ ჩანაწერი შეიცავს მესამე პირის პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ ნაწილს, გათავისუფლებული დასაქმებულის უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე უნდა ყოფილიყო უპირატესი, რამდენადაც შრომით ურთიერთობებში დასაქმებული წარმოადგენს სუსტ მხარეს. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ დასაქმებულმა, როგორც ურთიერთობის უფრო სუსტმა მხარემ, შეიძლება შრომით დავებთან დაკავშირებით გამოიყენოს ისეთი მტკიცებულებებიც, რაც ზოგადად არ არის დასაშვები. ეს განსაკურებით ეხება საქმეებს, სადაც არ არსებობს დასაქმებულისათვის სხვა გზა, რათა დადასტურებულ იქნეს საქმის გარემოებები. (ხელმისაწვდომია, იხ: https://www.schoenherr.eu/publications/publication-detail/czech-republic-constitutional-court-finds-that-hidden-recordings-of-employees-may-be-used-as-legal/ )
17. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 05 თებერვლის შემდგომ არსებული ჩანაწერები, რაც დგინდება ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, აბათილებენ მოპასუხის მხრიდან განსხვავებული მოპყრობის არსებობის ფაქტს. (აპელაციის საფუძვლები, განჩინების 10.4; 10.5. პუნქტები)
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას ერთ-ერთ საქმეზე (ას-247-235-2017), სადაც აღნიშნულია, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს თავად შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომლის მე-3-მე-5 ნაწილებით განმარტებულია შრომითი დისკრიმინაციის არსი და მისი აკრძალვა როგორც წინასახელშეკრულებო, ისე _ შრომით ურთიერთობაში, ასევე, რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არ შეიძლება, განხილულ იქნას გაუმართლებლად (შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება), თუმცა, დადგენილი რეგულაცია არასაკმარისია, რადგან ამავე კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების მოწესრიგებას ამ კოდექსით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა, სპეციალური კანონი განსხვავებულ რეგულაციას არ ადგენს. ამ თვალსაზრისით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გაცხადებული არათანაბარი მოპყრობის შეფასების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულ უნდა იქნას ასევე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, ხოლო, კანონის მე-10 მუხლი უფლებით აღჭურავს პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციისმსხვერპლად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს. დისკრიმინაციის საკითხის ანალიზისას პალატა შეჩერდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზეც, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. დასახელებული ნორმის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს ის დათქმა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია კანონის წინაშე, რაც შეეხება ნორმაში ჩამოთვლილ განმასხვავებელ ნიშნებს, ისინი არ არის ამომწურავი და სადავოობისას სწორედ ზემოხსენებული დათქმიდან გამომდინარე, ფართო განმარტებას საჭიროებენ, ანუ ნებისმიერი, მათ შორის ნორმით გაუთვალისწინებელი ნიშნით პირისადმი განსხვავებული მოპყრობა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში შემოწმებას შეიძლება დაექვემდებაროს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. ამ მხრივ, საინტერესოა ევროსასამართლოს პრაქტიკა: საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი #7798/08, 2010წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს. პალატის შეფასებით, სწორედ ამგვარ ფართო განმარტებას ემსახურება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები, სადაც საუბარია ნებისმიერი სახით დისკრიმინაციის აკრძალვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მადისკრიმინირებელი ნიშნები ჩამოთვლილია ამავე კანონის პირველ მუხლში. რაც შეეხება უშუალოდ დისკრიმინაციას, მის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, თუმცა, როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევრო სასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან,უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას,რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria,#20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05). საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რამეთუ ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო _ უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი _ ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაცის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა, დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის საპროცესო ანალიზის მიზნით, პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარის დებულებებით, კერძოდ: 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94, #28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს პრიმა ფაციე მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში მკაცრად არ იყენებს affirmanti incumbit probatio პრინციპს (ის ვინც ბრალს დებს ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit probatio(ამონარიდები), Aktas v. Turkey no.24351/94, § 272, ECHR 2003 V), რიგ შემთხვევებში, როდესაც საქმის საფუძველში არსებული მოვლენები სრულიად ან დიდწილად არასწორია, რის შესახებაც მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებმა იციან, მტკიცების ტვირთი შესაძლოა ხელისუფლებას დაეკისროს რათა წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი განმარტება (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).
18. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორბივი გარემოებები; მოსარჩელის მიერ დატოვებული იქნა სამსახური 2016 წლის 30 მარტს უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. ვინაიდან ბოლო ქმედება განხორციელებული იქნა 2016 წლის 30 მარტს, ხანდაზმულობის ვადაც ათვლილი უნდა იქნეს ამ დროიდან, რომლის შესაბამისად სარჩელი წარდგენილია კანონით დადგენილ 3 თვიან ვადაში.
19. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
20. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ--–-- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა