განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210016001500066
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210016001500066

საქმე №2ბ/780-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მისამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტები: შპს ,,ჯ-------“, ნ--- ს------–---–ი, მ----- ნ---ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - ა-----– მ-----–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,რ---–--------ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ---- ლ-------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილები გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,რ---–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს შპს ,,ჯ-------"-ს, ნ--- ს------–---–ს და მ----- ნ---ს მოსარჩელე შპს ,,რ---–----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ჯ-------"-ს მოსარჩელე შპს ,,რ---–--------ის" სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 7 000 აშშ დოლარის 0,05%-ს 3,5 აშშ დოლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გადაწყვეტილების 1.1. და 1.2. პუნქტებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდა შპს ,,რ---–--------ის" მფლობელობაში არსებული დაგირავებული შემდეგი ქონების: 44 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი ყვითელი (HIGH LIGT), 30 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი ლურჯი (HIGH LIGT), 42 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი წითელი (HIGH LIGT), 35 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი შავი (HIGH LIGT), იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს ,,ჯ-------ის", ნ--- ს------–---–ის და მ----- ნ---ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; მოპასუხეებს შპს ,,ჯ-------"-ს, ნ--- ს------–---–ს და მ----- ნ---ს მოსარჩელე შპს ,,რ---–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 517,82 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 150 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 774 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ და 62 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის სანაცვლოდ;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 19 ივლისს, შპს ,,რ---–--------ს” და შპს ,,ჯ---------"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ჯ---------”-მა იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის მიეწოდებინა - პრინტერი DX7 (Witxolor 180x320). შპს ,,რ---–--------მა” შპს ,,ჯ-------”-ს გადაუხადა 9 700 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,რ---–--------ს" და შპს ,,ჯ-------"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ-------"-მა შპს ,,რ---–--------ს" მფლობელობაში გადასცა შემდეგი მოძრავი ქონება: 10 ერთეული შტენდერი, 10 ერთეული გამხსნელი, 16 ერთეული საღებავი სოლვენტი ყვითელი (TOYO JAPAN), 16 ერთეული საღებავი სოლვენტი წითელი (TOYO JAPAN), 12 ერთეული საღებავი სოლვენტი ლურჯი (TOYO JAPAN), 8 ერთეული საღებავი სოლვენტი შავი (TOYO JAPAN), 10 ერთეული საღებავი სოლვენტი ყვითელი (HIGH LIGT), 44 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი ყვითელი (HIGH LIGT), 30 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი ლურჯი (HIGH LIGT), 42 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი წითელი (HIGH LIGT), 35 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი შავი (HIGH LIGT).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 17-19)

- 2016 წლის 19 ივლისის ქვითარი (ტომი 2, ს.ფ. 16)

- საგარანტიო ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 39-40)

 

2.2. 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 23 სექტემბერს, შპს ,,რ---–--------ს”, ნ--- ს------–---–ს და მ----- ნ---ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, თავდები მხარე სოლიდარულ თავდებში უდგება მოვალე შპს ,,ჯ-------"-ს კრედიტორის შპს ,,რ---–--------ის" წინაშე აღნიშნულ კომპანიებს შორის 2016 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულებით დადგენილი შპს ,,ჯ-------"-ის ვალდებულებების მიმართ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ჯ-------" ვერ შეძლებს კრედიტორის წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულებას, თავდები მხარე პასუხისმგებლობას იღებს შეასრულოს მოვალის ნაცვლად ის ვალდებულებები, რომლებიც დადგენილია შპს ,,რ---–--------ის" წინაშე, მათ შორის ზიანის ანაზღაურების, ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულებიდან გასვლის და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, რა დროსაც ზიანი უნდა აუნაზღაურდეს კრედიტორს და დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა.

 

თავდებობა შედგენილია თანხის საერთო მოცულობით 9 700 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდები მხარე კრედიტორის წინაშე კისრულობს აღნიშნული თანხის ოდენობით ვალდებულების შესრულებას მოვალის შპს ,,ჯ---------"-ის ვალდებულების სანაცვლოდ, თუ ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს ან დააყოვნებს თავისი ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - 2016 წლის 23 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 99)

 

2.3. შპს ,,ჯ-------"-ის მიერ დარღვეული იქნა 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა მიწოდებული შეთანხმებული ნივთი.

 

2016 წლის 10 ნოემბერს, შპს ,,რ---–--------ს" და შპს ,,ჯ-------"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ-------"-მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,რ---–--------ის" მიერ გადახდილი თანხა 9 700 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, 2016 წლის 12 ნოემბერს გადახდილი უნდა იქნეს 1 700 აშშ დოლარი საერთო ვალიდან (9 700 აშშ დოლარიდან), ხოლო დარჩენილი თანხა 8 000 აშშ დოლარი უნდა დაბრუნდეს 2017 წლის 30 აპრილამდე ისე, რომ მოვალემ ყოველთვიურად გადაიხადოს სულ ცოტა 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ შეთანხმების მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებით დადგენილი პირობის დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობას მოვალის მხრიდან გადასახდელი (დარჩენილი სრული თანხის) 0,18%-ს ოდენობით ყოველდღიურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას - 2016 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 150-151)

 

2.4. 2016 წლის 12 ნოემბერს, შპს ,,რ---–--------ს" და შპს ,,ჯ-------"-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ-------"-მა შპს ,,რ---–--------ს" საკუთრებაში გადასცა 2016 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ქონების ნაწილი, კერძოდ: 10 ერთეული შტენდერი, 10 ერთეული გამხსნელი, 16 ერთეული საღებავი სოლვენტი ყვითელი (TOYO JAPAN), 16 ერთეული საღებავი სოლვენტი წითელი (TOYO JAPAN), 12 ერთეული საღებავი სოლვენტი ლურჯი (TOYO JAPAN), 8 ერთეული საღებავი სოლვენტი შავი (TOYO JAPAN), 10 ერთეული საღებავი სოლვენტი ყვითელი (HIGH LIGT). გადაცემული ქონების ღირებულება სულ შეადგენდა 1 548 აშშ დოლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 12 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 109)

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი, ტ.2, ს.ფ. 17-18 )

- მოპასუხეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შესაგებელი დაზუსტებულ სარჩელზე, ტომი 3, ს.ფ. 32)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. შპს ,,ჯ-------"-ის დავალიანება შპს ,,რ---–----------ს" მიმართ შეადგენს 7 000 აშშ დოლარს. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 7 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ-------"-მა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა 9 700 აშშ დოლარი დაებრუნებინა შპს ,,რ---–--------ისთვის". შპს ,,ჯ-------"-ის მიერ ნაწილობრივ იქნა შესრულებული ვალდებულება, კერძოდ, შპს ,,ჯ-------"-ის მიერ შპს ,,რ---–--------ის" მიმართ ვალდებულება შესრულებული იქნა 2 700 აშშ დოლარის ნაწილში, საიდანაც ნაწილი დაფრული იქნა ფულადი სახით, ხოლო დავალიანების ნაწილი დაიფარა 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემის გზით. შესაბამისად, დავის განხილვის დროისთვის შპს ,,ჯ-------"- ის დავალიანება შპს ,,რ---–--------ის" მიმართ შეადგენს 7 000 აშშ დოლარს.

 

მოპასუხე მხარე აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ 2 700 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების დაფარვის შემდეგ, შპს ,,ჯ-------"-მა 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,რ---–--------ს" დამატებით საკუთრებაში გადასცა მოძრავი ქონება, რომლის ღირებულება უნდა გამოაკლდეს დავალიანების თანხას, ასევე დავალიანების თანხას უნდა გამოაკლდეს კრედიტორისთვის გირავნობით გადაცემული საღებავის ღირებულება სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, სადაო გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას ემყარება შესაგებელი.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გირავნობის საგნის ნაწილის შპს ,,რ---–--------ის" საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება დადებული იქნა 2016 წლის 12 ნოემბერს. შპს ,,რ---–----------ს" მიერ დაზუსტებული სარჩელი წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 9 იანვარს. ამდენად, ხელშეკრულება დადებული იქნა დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენამდე. შესაბამისად, დაზუსტებულ სარჩელში დავალიანების თანხა დაანგარიშებული იქნა 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების გათვალისწინებით. დაზუსტებულ სარჩელში კი მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 7 000 აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ დაზუსტებულ სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მხარე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ 2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით შპს ,,ჯ-------"-ის დავალიანება შპს ,,რ---–--------ის" მიმართ შეადგენდა 7 000 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შესაძლოა საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის აღიარების გაქარწყლება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ გაუქარწყლებია მის მიერ შესაგებელში განხორციელებული აღიარება მოსარჩელის მიმართ დავალიანების 7 000 აშშ დოლარის ოდენობით არსებობის თაობაზე.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარის განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ დავალიანების თანხას უნდა გამოაკლდეს 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებით შპს ,,რ---–--------ისთვის" გადაცემული საგნების ღირებულება, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებს, რომ შესაძლებელია აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს არ აწერდეს შპს ,,ჯ-------"-ის დირექტორი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს შეეძლო განეცხადებინა საბუთის სიყალბის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულება ხელმოწერილია შპს ,,ჯ-------"-ის დირექტორის მიერ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ-------"-ის დავალიანება შპს ,,რ---–--------ის" მიმართ შეადგენს 7 000 აშშ დოლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივლისს, შპს ,,ჯ-------ს” და შპს ,,რ---–--------ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ჯ-------”-მა იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის მიეწოდებინა - პრინტერი DX7 (Witxolor 180ხ320). შპს ,,რ---–--------მა” შპს ,,ჯ-------”-ს გადაუხადა 9 700 აშშ დოლარი.

 

უდაოა, რომ შპს ,,ჯ-------"-ის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება და შპს ,,რ---–--------ისთვის" არ იქნა მიწოდებული შეთანხმებული საქონელი.

 

2016 წლის 10 ნოემბერს, შპს ,,რ---–--------ს" და შპს ,,ჯ-------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ-------"-მა იკისრა ვალდებულება 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,რ---–--------ის" მიერ გადახდილი თანხა 9 700 აშშ დოლარი დაებრუნებინა ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სასამართლო თვლის, რომ 2016 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების შინაარსის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის დაბრუნების წესზე. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დასაბრუნებელ თანხას შპს ,,ჯ-------ი" დაფარავდა ეტაპობრივად.

 

შპს ,,ჯ-------"-მა ნაწილობრივ შეასრულა შპს ,,რ---–--------ის" მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ როგორც ფულადი თანხის გადახდით, ასევე გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემის გზით სულ დაფარული იქნა 2 700 აშშ დოლარი. შპს ,,ჯ-------"-ის დავალიანება შპს ,,რ---–--------ის" მიმართ შეადგენს 7 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ დაგირავებული საგნების ღირებულება სრულად უნდა გამოაკლდეს დავალიანების თანხას. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მოსაზრებას:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის თანახმად, დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.

 

ამდენად, გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის დროს და ამის შესახებ მითითებას უნდა შეიცავდეს ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მფლობელობითი და არა რეგისტრირებული გირავნობა. შესაბამისად, გირავნობის საგანი შპს ,,რ---–--------ის" საკუთრებაში ვერ გადავა მხოლოდ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის შემდგომი შეთანხმების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით მოგირავნეს საკუთრებაში გადაეცა გირავნობის საგნის მხოლოდ ნაწილი, რომლის ღირებულებაც გამოაკლდა დავალიანების თანხას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (2016 წლის 23 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება) დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნ--- ს------–---–მა და მ----- ნ---მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების, მათ შორის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე ვალდებულების შესრულებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ-------"-ს, ნ--- ს------–---–ს და მ----- ნ---ს მოსარჩელე შპს ,,რ---–----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 7 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

2.7. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად პირგასამტეხლოს 12,6 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 01 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი მოსაზრებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ 2016 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების სრულად დაფარვის ვადის გადაცილებისთვის 0,18%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს ,,ჯ-------ის" მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

რაც შეეება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის თარიღს. 2016 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ-------"-მა იკისრა ვალდებულება 9 700 აშშ დოლარი სრულად დაეფარა 2017 წლის 30 აპრილამდე. ამდენად, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2017 წლის 30 აპრილიდან და არა 2017 წლის 01 იანვრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე - ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული.

 

ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, თავდები პირგასამტეხლოს თანხისთვის პასუხს აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საგანგებოდ არის შეთანხმებული თავდებობის ხელშეკრულებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 23 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებით ნ--- ს------–---–თან და მ----- ნ---თან არ ყოფილა შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე ვალდებულება, რის გამოც თავდებებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს მხოლოდ შპს ,,ჯ-------ს". ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,18% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 5,4%-ს, ხოლო წელიწადში 64,8%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და შპს ,,ჯ-------ს" შპს ,,რ---–--------ის" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 7 000 აშშ დოლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

 

2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმდა საგარანტიო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ჯ-------"-მა 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,რ---–--------ს" მფლობელობაში გადასცა მოძრავი ქონება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების სამართლებრივი შინაარსის განმსაზღვრელია, არა ხელშეკრულების სახელწოდება და ასევე თავად ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები, არამედ ის უფლება-მოვალეობები რომლითაც მხარეები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გირავნობის ხელშეკრულება, კერძოდ, შპს ,,ჯ--------"-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,რ---–--------ს" მფლობელობაში გადაეცა გირავნობის საგნები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული. მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია მფლობელობითი გირავნობით, კერძოდ გირავნობის საგანს წარმოადგენს შემდეგი მოძრავი ქონება: 44 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი ყვითელი (HIGH LIGT), 30 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი ლურჯი (HIGH LIGT), 42 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი წითელი (HIGH LIGT), 35 ერთეული საღებავი ეკო სოლვენტი შავი (HIGH LIGT).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გირავნობის საგნების ღირებულება შეფასებული იქნა 4 266 აშშ დოლარად. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შპს ,,რ---–--------ს" საკუთრებაში გადაეცემოდა გირავნობის საგნები, ხოლო დამატებით შპს ,,ჯ-------ს" შპს ,,რ---–--------ისთვის" უნდა გადაეხადა 5 000 აშშ დოლარი და 1 726 აშშ დოლარი. ამდენად, მხარეთა შეთანხმებით, შპს

,,რ---–--------ის" მოთხოვნა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ გირავნობის საგნების ღირებულებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით პირველ რიგში უნდა განხორციელდეს გირავნობის საგნის რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით არ მოხდება მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება აღსრულება უნდა მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების მეორე ნაწილი სრულად და მესამე ნაწილი ნაწილობრივ. გადაწყვეტილების 1.1 და 1.2. პუნქტებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს შპს ,,რ---–-------ს“ მფლობელობაში არსებული დაგირავებული შემდეგი ქონების: ტენდერი 10 ერთეული, ღირებულებით 250 აშშ დოლარი, გამხსნელი 10 ერთეული, ღირებულებით 130 აშშ დოლარი, საღებავი სოლვენტიყვითელი 16 ერთეული; ღირებულებით 304 აშშ დოლარი; საღებავი სოლვენტი წითელი 16 ერთეული, ღურებულებით 304 აშშ დოლარი; საღებავი სოლვენტი ლურჯი 12 ერთეული, ღირებულებით 152 აშშ დოლარი; საღებავი სოლვენტი ყვითელი 10 ერთეული, ღირებულებით 180 აშშ დოლარი, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს ,,ჯ-------“-ის ნ--- ს------–---–ის და მ----- ნ---ოს საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. მოსარჩელის წარმოამდგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის, მოპასუზეთათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში (774 ლარი) გაქუმდეს გადაწყვეტილების მესამე და უარი ეთქვას მოსარჩელეს, წარმომადგენლის დამხარბისთვის გაწეული ხარჯის დაკისრებაზე.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების ქვეთავში 3.1.3. განმარტავს, რომ 2016 წლის 12 ნოემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის თანახმად, შპს ,,ჯ-------“-მა შპს ,,რ---–--------ს საკუთრებაში გადასცა 2016 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ქონების ნაწილი, რომლის ღირებულება შეადგენს 1548 აშშ დოლარს. მოცემულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლოს აპელანტმა განუმარტა, რომ თუ მხარე თვლის ამ ხელშეკრულების რეალობას, ასეთ შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთების ღირებულება უნდა გამოაკლდეს ძირითად ვალს 7000 აშშ დოლრას და საბოლოოდ ძირითადი ვალი იქნება 7000 – 1548 აშშ დოლარი =5452 აშშ დოლარი. სხვა შემთხვევაში თუ ძირითად ვალს 7000 აშშ დოლარს მოსარჩელე არ ამცირებს 1548 აშშ დოლარით, მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი ნივთებს უნდა გაუკეთდეს რეალიზაცია ძირითადი ვალის დასაფარად. სადავო ხელშეკრულება ნამდვილი რომ იყოს, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარმოედგინა საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაცია საქონლის შემოსავალში აღებისა და შესყიდვასთან დაკავშირებული დღგ-ს გადახდის ქვითრები. ვინაიდან, ზემოხსენებული მტკიცებულებები მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, დასტურდება, რომ ეგრეთწოდებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არსებობს და შესაბამისად, 1548 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი ინახება მოსარჩელესთან. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების ქსერო-ასლი ჩათვალა რეალურად და მოპასუხეებს გადასახდელად დააკისრა იმაზე მეტი თანხის გადახდა, რის გადახდაც მათ არ ევალებოდათ.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა სოლიდარულად მოსარჩელის წარმოამდგენლისათვის გაწეული ხარჯები 774 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მომსახურების ხელშეკრულება ადვოკატსა და საწარმოს შორის. ადვოკატი, რომელიც სასამართლო განხილვაში მონაწილეობდა აროს შპს ,,რ---–--------ის“ თანამშრომელი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით. მოსარჩელეს წარმომადგენელი არ დაუქირავებია. არ არსებობს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში მითითებული საზღაურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

4.3. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 7 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, ხელშეკრულების ნამდვილობასა და დაგირავებული ქონების ოდენობას. აპელანტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთების ღირებულება უნდა გამოაკლდეს ძირითად ვალს 7000 აშშ დოლრას და საბოლოოდ ძირითადი ვალი იქნება 7000 – 1548 აშშ დოლარი = 5452 აშშ დოლარი. სხვა შემთხვევაში თუ ძირითად ვალს 7000 აშშ დოლარს მოსარჩელე არ ამცირებს 1548 აშშ დოლარით, მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი ნივთებს უნდა გაუკეთდეს რეალიზაცია ძირითადი ვალის დასაფარად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ სასამართლომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების ქსერო-ასლი ჩათვალა რეალურად და მოპასუხეებს გადასახდელად დააკისრა იმაზე მეტი თანხის გადახდა, რის გადახდაც მათ არ ევალებოდათ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო სსკ-ის 133-ე მუხლი ადგენს აღიარების გაქარწყლების წესს და პროცედურას. კერძოდ, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. წარმოდგენილი გადაწყვეტილება არ შეიცავს აღიარებული ფაქტის გაქარწყლების თაობაზე კანონით გათვალისწინებული მტკიცების დასაბუთებას. ასეთ გარემოებებზე მოპასუხესა და მათ წარმომადგენელს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებიათ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე მხარის განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ დავალიანების თანხას უნდა გამოაკლდეს 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებით შპს ,,რ---–--------ისთვის" გადაცემული საგნების ღირებულება, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებს, რომ შესაძლებელია აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს არ აწერდეს შპს ,,ჯ-------"-ის დირექტორი. აპელანტს, არ განუცხადებია საბუთის სიყალბის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულება ხელმოწერილია შპს ,,ჯ-------"-ის დირექტორის მიერ.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელმოწერა არ იყო შპს ,,ჯ-------“-ის დირექტორის მიერ შესრულებული, მოპასუხეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მის მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოების დამტკიცება.

 

გირავნობის საგანში შემავალ ნივთებთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში).

 

სსკ-ის 276-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა დისპოზიციურია, რაც მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ურთიერთობის მოწესრიგების შესაძლებლობას მხოლოდ კანონის დანაწესის მიხედვით იძლევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ-------"-ის მიერ ნაწილობრივ იქნა შესრულებული შპს ,,რ---–--------ის" მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ როგორც ფულადი თანხის გადახდით, ასევე გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემის გზით სულ დაფარული იქნა 2 700 აშშ დოლარი. შპს ,,ჯ-------"-ის დავალიანება შპს ,,რ---–--------ის" მიმართ შეადგენს 7 000 აშშ დოლარს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით მოგირავნეს საკუთრებაში გადაეცა გირავნობის საგნის მხოლოდ ნაწილი, რომლის ღირებულებაც გამოაკლდა დავალიანების თანხას.

 

4.4. პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, იურიდიული ხარჯის დაკისრებსთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა სისტემური ანალიზი, რომლებიც პროცესის ხარჯებს შეეხება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. აღნიშნული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების ზოგადი წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ამავე კოდექსის 54-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილების წესს სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას, ხოლო 55-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წესს.

 

დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილება, ასევე, სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება წარმოებს სასამართლოს ინიციატივით, ხოლო, ყველა სხვა შემთხვევაში, პროცესის ხარჯები მხარეთა შორის გადანაწილდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

 

პალატა განმარტავს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შეიძლება დადგეს ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ემუხლები). ასეთ დროს სასამართლო შესაბამისი განჩინებით გადაწყვეტს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს.

 

ცხადია, ვინაიდან პროცესის ხარჯების განაწილება გადაწყვეტილებით (განჩინებით) ხდება, მხარეებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება ამ გადაწყვეტილებასთან (განჩინებასთან) ერთად. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით დასაშვებია ასევე, გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში, თუ დაინტერესებული მხარე მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიუხედავად, სასამართლომ პროცესის ხარჯები არასწორად გაანაწილა.

 

თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის პროცესის ხარჯების განაწილებასაც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი). იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში და საჩივარი საფუძვლიანია, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ ამ ნაწილში შეცვლის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს საჩივარი და უცვლელად დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ასეთ დროს წარმოიშობა იმ ხარჯების განაწილების საკითხი, რომლებიც მხარეებმა გასწიეს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში.

 

პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის გარდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ხსენებული საკითხის გადაწყვეტის კიდევ ერთ მექანიზმს, რომელიც მოცემულია ამავე კოდექსის 261-ემუხლში (დამატებითი გადაწყვეტილება). მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია, ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება, მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე - დაინტერესებული მხარისაგან. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო მექანიზმის არსებობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე, მხარეთა თხოვნით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს პროცესის ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით და მოითხოვოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ისარგებლებს ზემოაღნიშნული შესაძლებლობით, იგი კარგავს პროცესის ხარჯების ანზღაურების მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სარჩელის დავის საგანი. აქედან გამომდინარე, უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ დასაწყისში დასმულ კითხვას, კერძოდ, დაუშვებელია დამოუკიდებელი სარჩელით იმ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც მოგებულმა მხარემ ძირითად სარჩელზე საქმის წარმოებისას გასწია (საკასაციო პალატის ზემოხსენებული დასკვნები შეესაბამება მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ, 27 იანვარი 2014 წელი, საქმე №ას-165-158-2013).

 

მითითებული ნორმები განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე ან სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილი 774 ლარის ოდენობით. შპს „ჯ-------ის“ მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სწორედ ზემოაღნიშნულ ნაწილში იმ საფუძვლით, რომ ადვოკატი, რომელიც სასამართლო განხილვაში მონაწილეობდა, არის შპს ,,რ---–--------ის“ თანამშრომელი და მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულება ადვოკატსა და საწარმოს შორის.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში, როდესაც სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება, დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს სწორედ აღნიშნული ნორმის შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 774 ლარის დაკისრება კანონიერია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 191 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ჯ-------“-ის, ნ--- ს------–---–ის და მ----- ნ---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

 

5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ოთარ სიჭინავა