განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2019
საქმის ნომერი
190100118002693572
ინსტანცია
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190100118002693572

საქმე №1-------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული: ლ-–------------ე, დაბადების თარიღი: 1----–--–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებულ ლ-–------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ-–------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მისი პიროვნება, წარსული ცხოვრება, დაზარალებულ ნ-------------–---–ისადმი დამოკიდებულება, მისი ალკოჰოლური სასმელისა და აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება, რაც მას აგრესიულს ხდის. ბრალდების მხარეს ასევე გასათვალისწინებლად მიაჩნია, ის გარემოებები, რომ ლ-–------------ის მიმართ გაცემული იქნა ორი დამცავი და სამი შემაკავებელი ორდერი, რომელთა მოქმედების პერიოდში დაუფიქსირდა არაერთი დარღვევა, რის გამოც შეეფარდა ადნიმისტარციული პატიმრობა. განქორწინების მიუხედავად, ლ-–------------ე ნ-------------–---–ს არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას და მიაჩნია, რომ ყოფილი მეუღლე მის მიმართ ანაგარიშივალდებულია. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მხვერპლი პირები სახელწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენის და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება, ხოლო საბოლოოდ, სხვადასხვა საფრთხის გამო, ვერ ახარხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას. აპელანტის განმარტებით, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, კერძოდ 2018 წლის 22 დეკემბერს ლ-–------------ე მიუვარდა სახლში ყოფილ მეუღლეს, რის გამოც ამ უკანასკნელის მიმართ გამოცემული იქმა შემაკავებელი ორდერი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ იმ მტიცებულებების საფუძველზე, რომელიც დაცვის მახრეს სადაოდ არ გაუხდია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გამართლებულ ლ-–------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა ლ-–------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაცვის მხარის მოსაზრებით, აპელანტი ყოველმხრივ ცდილობს ლ-–------------ე გამოიყვანოს უკიდურესად უარყოფით პიროვნებად, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. 2018 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული აქტი, მხოლოდ იმის შედეგია, რომ ლ-–------------ეს მისი ყოფილი მეუღლე არ აძლევდა შვილებთან კონტაქტის შესაძლებლობას, რის გამოც ლ-–------------ემ მათ სახლში მიაკითხა.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ-–------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ-----------–--------------------------------------- საცხოვრებელ ბინაში და ამავე კორპუსის სადარბაზოსთან ლ-–------------ემ თავის ყოფილ მეუღლეს ნ-------------–---–ს მოსთხოვა შერიგება და კვლავ ერთად ცხოვრება. მისგან უარის მიღების შემდეგ დაემუქრა, რომ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკლავდა. ნ-------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ლ-–------------ე ნასამართლევია ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე და მუქარის განხორციელების მომენტში ლ-–------------ე იყო ნასვამი და აგრესიული.

 

სასამართლომ დაადგინა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენით, ლ-–------------ე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ლ-–------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა დუმილის უფლებით.

 

დაზარალებულმა ნ-------------–---–მა პირველი ინსტანციის სასმართლო სხდომაზე ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

 

მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ მოწმეების: ზ----------------–---–ის, ბ-----------–--ის, ა-----------------ის, ზ---------------–---–ის, ე-–--------------ის გამოკითხვის ოქმები დაცვის მხარის მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ-–------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ლ-–------------ის ბრალეულობას და ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ-–------------ის მიერ დაზარალებულის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ კი არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია ან პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ლ-–------------ემ განახორციელა მუქარა და მის მიერ განხორციელებული მუქარით, ნამდვილად განიცადა შიში დაზარალებულმა. პალატას მიაჩნია, რომ თუ დაზარალებულს სუბიექტურად არ გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, წარმოუდგენელია სხვა მტკიცებულებით იმის დადასტურება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხის შემცველი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სიტყვების დაუფიქრებელ წამოცდენას, რასაც არაფერი აქვს საერთო დაზარალებულის დათრგუნვასთან და ზოგადად დანაშაულთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ყოფილი მეუღლის - ლ-–------------ის მამხილებელი ჩვენება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ლ-–------------ის მიერ ყოფილი მეუღლის - ნ-------------–---–ის მიმართ მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. 2018 წლის 17 სექტემბერს მომხდარ შესაძლო მუქარის ფაქტს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა სხვა მოწმე ირიბია, რომლებიც არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრენი. პალატა განმარტავს, რომ მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული, რომელმაც როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ლ-–------------ის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე-პოლიციელები, არ არიან ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტის შემსწრენი (თვითმხილველები) და ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

შესაბამისად, ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 17 სექტემბერს ლ-–------------ის მიერ მისი ყოფილი მეუღლის - ნ-------------–---–ის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. და ამდენად, მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია იმსჯელოს, იმ ფაქტის დადგენაზე აღიქვა თუ არა მსხვერპლმა შესაძლო მუქარა რეალურად.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ლ-–------------ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას იმასთან დაკავშრებით, რომ დაზარალებულ ნ-------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე ყოფილი მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ თითქოს მას ეშინია ამ უკანასკნელის, ვინაიდან ხსენებულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და გარემოებები ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამართლებელ ან გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნული სასჯელის დანიშვნის დროს სახელმძღვანელო კრიტერიუმებია. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში ლ-–------------ის ჩვევებზე, შემაკავებელ და დამცავ ორდერებზე აპელირება ვერ გამოდგება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტად. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ ფაქტს, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ, კერძოდ 2018 წლის 22 დეკემბერს ლ-–------------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი - აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ყოფილ მეუღლებს შორის კონფლიქტი არ არის ამოწურული, რაც არ შეიძლება გახდეს ლ-–------------ის მსჯავრდების საფუძველი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-–------------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი ლ-–------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ-–------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ლ-–------------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე