განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
010210018000313758
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018000313758

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № 2/ბ- 1227-2018წ.

27 დეკემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ლაურა მიქავა

 

აპელანტი: გ-----------------

მოწინააღმდეგე მხარე: დ-------------–---

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ასევე 2013 წლის 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2013 წლის 13 სექტემბერს დ-------------–---მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გ------------------ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლიდან მოპასუხესთან ერთად საქმიანობდა, ამონტაჟებდნენ გათბობის საქვაბეებს, მიღებულ სარგებელს კი, ინაწილებდნენ თანაბრად. საქმიანობის დაწყებიდან 5-6 თვეში ერთობლივი საქმიანობა შეწყდა, რა დროსაც მხარეებს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს, მოსარჩელისათვის 2010 წლის 27 სექტემბრის მონაცემებით გადასახდელი ჰქონდა 2753 ლარი. ვინაიდან, მოპასუხეს თანხა არ გააჩნდა, მხრეები შეთანხმდნენ სამუშაო იარაღის მოსარჩელისათვის 1300 ლარად მიყიდვის თაობაზე, რაც ამდენით შეამცირებდა დავალიანებას. მოპასუხემ შეთანხმება არ შეასრულა. 2011 წლის დეკემბერში, მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეიძინა გათბობის ქვაბი, რაშიც გაუქვითა ვალის თანხა და, საბოლოოდ, მოპასუხეს მისთვის გადასახდელი დარჩა 1403 ლარი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ითხოვა: მოპასუხე გ-----------------ს მოსარჩელე დ-------------–---- სასარგებლოდ, დაეკისროს 1403 ლარის, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის 300 ლარის გადახდა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 1 403 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 28-29); აღნიშნული გზავნილი სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2013 წლის 20 სექტემბერს ჩაბარდა მოპასუხის შვილს (იხ. ს.ფ. 36); მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ანუ 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებია: სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელი დააკმაყოფილების წინაპირობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლების საფუძვლებიდან, შესაბამისად, სარჩელში ჩამოყალიბებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით იქნა გასაჩივრებული გ---------------–---- მიერ. საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლომ საქმის არსებითი გამოკვლევის გარეშე მიიღო. სახელდობრ: გზავნილი ჩაბარდა მის შვილს - ნ--- გ---------, რომელიც არ წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს, რადგან ცალკე ოჯახად ცხოვრობს, მით უფრო, რომ ახლა სწავლობს ქ. თბილისში, შესაბამისად, ცხოვრობს თბილისში. ფოსტის თანამშრომელმა გზავნილი ჩააბარა საჩივრის ავტორის შვილს - ნ--- გ---------, რომელიც მასთან სტუმრად იმყოფებოდა და რომელმაც გზავნილი უჯრაში შეინახა, რათა არ გაბნეულიყო, ხოლო გამგზავრების სამზადისში დაავიწყდა გზავნილის გადაცემა საჩივრის ავტორისათვის. გამომდინარე აღნიშნულიდან, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გზავნილი მას არ ჩაბარებია, სარჩელის არსებობა მისთვის უცნობი იყო, შესაბამისად, მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ამასთან, საგულისხმოა, რომ სარჩელი იურიდიულად გაუმართლებელი იყო. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის, 200 ლარის, ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სასამართლოს მითითებით: იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეს სასამართლო გზავნილი არ ჩაბარებია და რომ მისი შვილი, რომელსაც ჩაბარდა გზავნილი არ იყო მისი ოჯახის წევრი, საჩივრის ავტორს ეკისრებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება. საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის შვილი ნ--- გ-------- გ------------------ ოჯახის წევრი იყო და ნ--- გ--------- სტუდენტობა არ იყო ოჯახის წევრობის გამომრიცხველი გარემოება. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. აპელანტის მტკიცებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილება. მოპასუხის წინაშე 2753 ლარის, გადახდის ვალდებულება არ დასტურდება არც ხელწერილით და არც სხვა რომელიმე მტკიცებულებით. საქმიანობის შეჩერების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის განსაზღვრული წილის მიღება. ვინაიდან, შეძენილი ინსტრუმენტები მისი საქმიანობისათვის აუცილებელი იყო, აიღო ვალდებულება მოსარჩელის წილის გადახდაზე, რაც ხელწერილითაა დადასტურებული და 1300 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ვალდებულება შესრულებული აქვს, რასაც მოპასუხე უტყუარად ადასტურებს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. მოსარჩელე სარჩელში თვითონვე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისგან შეიძინა 1900 ლარად ღირებული გათბობის ქვაბი, რაშიც გადაიხადა 550 ლარი, დანარჩენი კი (1350 ლარი), გამოაკლდა დავალიანებას. შესაბამისად, რაიმე სახის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. პირიქით, მოსარჩელემ უნდა გადაუხადოს 50 ლარი. რაც შეეხება ცხრილში ასახულ თანხას, მისი გადახდა შეუძლებელი იყო, რადგან ეს საკითხი პარტნიორების დაშლის მომენტისათვის შეიცვალა, დღემდე არ არის შემოსული 3910 და 1600 ლარი, შესაბამისად, შემცირდა პარტნიორებისათვის გათვლილი თანხა, გაუცემელი დარჩა სახელფასო დავალიანებაც. აპელანტის მითითებით, სარჩელი ჩაბარდა თავის შვილს, რომელიც მიემგზავრებოდა თბილისში და დაავიწყდა სარჩელის გადაცემა. საქმის ფაქტობრივი გარემოების შესახებ ცნობის არარასებობამ გამოიწვია შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობა. სასამართლოში საქმის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარებისას. დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მეორე მხარისათვის დაკისრების პირობას. სსსკ-ის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ასეთი ხარჯების დაკისრების პირველი პირობაა, რომ მხარე გადახდისუუნარო იყოს, სასამართლომ კი, ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ აღნიშნულ გარემოებაზე საერთოდ არ უმსჯელია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება, საქმე შესაგებლის წარდგენის სტადიიდან განხილვისათვის დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 284-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ სასამართლო დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მან მხარეს ამცნო იმ სამართლებრივი შედეგის შესახებ, რომელიც დადგებოდა მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უნდა მიღებულიყო განჩინების სახით, ანუ სასამართლო ვალდებული იყო, მხოლოდ განჩინებით გაეფრთხილებინა მხარე იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომელიც შესაძლოა, მოჰყვეს სასამართლო აქტის, განჩინების არადროულ და საერთოდ შეუსრულებლობას. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განჩინება, რომლითაც გაუქმდა 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, ასევე - 2013 წლის 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე და 184-ე მუხლების თანახმად, კანცელარიის თანამშრომელს სრული სამართლებრივი უფლება ჰქონდა, ამ მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მხარისთვის გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მისივე ხელმოწერილი გზავნილით. კანონი, განჩინებით სარჩელისა და მასზე თანდართული საბუთების მხარისადმი გაგზავნას, რომლითაც მოპასუხე გაფრთხილდებოდა სასამართლოს მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაძლოდ მისაღები სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აღარ ითვალისწინებდა. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინებით დ-------------–---- საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-200 მუხლთან მიმართებით განმარტა, რომ ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწემ. ამდენად, საქმის მომზადება სასამართლოს შესაბამის მოხელესაც შეუძლია მოსამართლის დავალებით. საქმის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება და ამ უკანასკნელისათვის შესაგებლის წარდგენის ვადის განსაზღვრა შესაბამის შედეგებზე მითითებით. ზემოხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ამ მოქმედებათა შესრულება შეუძლია მოსამართლის თანაშემწეს. თანაშემწისათვის მოსამართლის მიერ მიცემული დავალების ფორმას კანონი არ განსაზღვრავს, შესაბამისად, მოსამართლემ შესაძლოა ზეპირადაც დაავალოს თანაშემწეს გარკვეული მოქმედებების შესრულება საქმის მომზადების მიზნით. პირველი ინსტანციის სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლეები სწორედ ზეპირად აძლევენ დავალებებს თანაშემწეებს. ასევე, ამავე სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სწორედ მოსამართლის თანაშემწეები ან სასამართლოს შესაბამისი მოხელეები უზრუნველყოფენ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლებისა და მათ მიერ ხელმოწერილი წერილობითი გზავნილების (შესაგებლის წარდგენის ვადისა და მისი წარუდგენლობის შედეგების თაობაზე) მოპასუხისათვის ჩაბარებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შესრულებული ასეთი მოქმედებები კანონიერია, ვინაიდან იგი შეესაბამება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას. სამოტივაციო ნაწილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საკასაციო სასამართლოს მითითებათა უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 412-ე მუხლი), დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ფაქტობრივი დასაბუთება დადგენილია, რომ დ-------------–---მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გ----------------- მიმართ და ითხოვა მოპასუხე გ-----------------ს მოსარჩელე დ-------------–---- სასარგებლოდ, დაეკისროს 1403 ლარის, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და იურიდიული მოომსახურების საფასურის 300 ლარის გადახდა. 2013 წლის 19 სექტემბრის აქტით დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (იხ. ს.ფ. 29). საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ ხელმოწერილი გზავნილიც, სადაც განსაზღვრულია შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადა და ამომწურავადაა განმარტებული არასაპატიო მიზეზით მისი წარუდგენლობის შედეგების შესახებ (იხ. ს.ფ. 28). სწორედ ეს დოკუმენტი, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად, ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს - შვილს, რაც სსსკ-ის 74.1 მუხლის მიხედვით, ადრესატისათვის ჩაბარებად მიიჩნევა (იხ. ს.ფ. 36). ამავე ნორმის მიხედვით, სასამართლო გზავნილის მიმღები (ოჯახის ქმედუნარიანი წევრი) ვალდებული იყო, ეს გზავნილი დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ აქარწყლებს გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტს, შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო, შეესრულებინა კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედება (შდრ: იხ. სუსგ, Nას-1199-1144-2013, 04.03.2014). სამართლებრივი დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე, მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობაა სავალდებულო, სახელდობრ: ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაჰბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის, შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადისა და მისი არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგების შესახებ. ეს პირობა, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია სასამართლოს მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 და 230–ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტები, კანონის ძალით, დამტკიცებულად ითვლება. ამის შესაბამისად, დამტკიცებულად ჩაითვალა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2010 წლიდან მოპასუხესთან ერთად საქმიანობდა, ამონტაჟებდნენ გათბობის საქვაბეებს, მიღებულ სარგებელს კი, ინაწილებდნენ თანაბრად. საქმიანობის დაწყებიდან 5-6 თვეში ერთობლივი საქმიანობა შეწყდა, რა დროსაც მხარეებს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს, მოსარჩელისათვის 2010 წლის 27 სექტემბრის მონაცემებით გადასახდელი ჰქონდა 2753 ლარი. ვინაიდან, მოპასუხეს თანხა არ გააჩნდა, მხრეები შეთანხმდნენ სამუშაო იარაღის მოსარჩელისათვის 1300 ლარად მიყიდვის თაობაზე, რაც ამდენით შეამცირებდა დავალიანებას. მოპასუხემ შეთანხმება არ შეასრულა. 2011 წლის დეკემბერში, მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეიძინა გათბობის ქვაბი, რაშიც გაუქვითა ვალის თანხა და, საბოლოოდ, მოპასუხეს მისთვის გადასახდელი დარჩა 1403 ლარი.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/

 

მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/

 

/ ლაურა მიქავა/