განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002252231
საქმე №2ბ/6084-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - პ----- ბ------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ''ნ------------–--------–სი''
წარმომადგენელი - გ--------–----–---–ი
დავის საგანი _ თანხის გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წლის 19 აგვისტოს შპს ''ნ------------–--------–სის'' და პ----- ბ------–---ს შორის დაიდო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შესყიდვის ობიექტი იყო T-----------, შასის N-----------------, სახელმწიფო ნომრით D--------. ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა - 19160 ლარი, რომელიც უნდა ყოფილიყო გადახდილი 24 თვის განმავლობაში. აღნიშნული თანხიდან - 4790 ლარი მყიდველმა გადაიხადა წინასწარ იმავე დღეს.
2. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე, ''მხარეები ადასტურებენ მატერიალური ფასეულობის გადაცემას და კუთვნილი თანხის ეტაპობრივად გადახდას''. შპს ''ნ------------–--------–სის'' სატრანსპორტო საშუალება პირდაპირ მფლობელობაში არ გადასცემია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ''ნ------------–--------–სიმ''და მოპასუხე პ----- ბ------–---ის მიმართ მოითხოვა 4790 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
4. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 19 აგვისტოს შპს ''ნ------------–--------–სის'' და პ----- ბ------–---ს შორის დაიდო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ავტომობილი: T-----------, შასის N-----------------, სახელმწიფო ნომრით D--------. ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა - 19160 ლარი, რომელიც უნდა ყოფილიყო გადახდილი 24 თვის განმავლობაში. აღნიშნული თანხიდან - 4790 ლარი მყიდველმა გადაიხადა წინასწარ იმავე დღეს. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად ავტომობილი გადაეცემოდა სამართავად შემსყიდველს, თუმცა გამყიდველმა აღნიშნული ვალდებულება დაარღვია და ავტომობილი დღემდე იმყოფება მის მფლობელობაში. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხე უარს აცხადებს ავტომობილის გადმოცემაზე, შესაბამისად მყიდველმა დაკარგა ინტერესი ნასყიდობის საგნის მიმართ და ითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
მოპასუხის შესაგებელი:
5. მოპასუხე მხარემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა - 4790 ლარი იყო ''ბეს'' სახით გადახდილი თანხა, მოსარჩელემ არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მან წამოიყვანა ავტომანქანა და არ აპირებს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე პ----- ბ------–---ს მოსარჩელე შპს ''ნ------------–--------–სის'' სასარგებლოდ დაეკისრა - 4790 ლარის გადახდა. (იხ.გადაწყვეტილება)
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა პ----- ბ------–---მა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა ფაქტობრივ გარემოებებზე და არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 477-ე, 361-ე, 405-ე მუხლები. უდავოდ დადასტურდა, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, არ გადაუხადა თანხა და „ბეს“ პირობების შესაბამისად წაიყვანა ავტომანქანა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე გადახდილი „ბეს“ თანხის შემდეგ ყოველთვიურად გადაუხდიდა 270 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მან შეასრულა პირობა, არ არსებობს არანაირი გადმორიცხვის ქვითარი ან/და აქტი, რომ მის მიერ მოხდა თანხის წინასწარ გადახდა. მოსარჩელემ დაარღვია პირობა, მის მიერ წინასწარ გადახდილი 2000 აშშ დოლარი იყო „ბე“ და არა წინასწარი გადახდა შემდეგი თვეების.
აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 19 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა აქტი: „კერძო პირისგან მატერიალური ფასეულობების შესყიდვაზე“, რომელიც გულისხმობს შემდეგს: მოსარჩელეს უნდა გამოესყიდა მისგან წაყვანილი ავტომანქანა და თანხის სრული გადახდის შემდეგ მოხდებოდა მასზე ავტომანქანის გადაფორმება, რადგან მოსარჩელემ არ გადაიხადა დათქმულ დროს თანხა ყოველთვიურად იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან აქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:
9.1. „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივშემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივიწინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).
10. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლი /განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში./
აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 19 აგვისტოს, აქტის (კერძო პირისგან მატერიალური ფასეულობების შესყიდვაზე) თანახმად მოპასუხე პ----- ბ------–---მა იკისრა ვალდებულება მოსარჩელე მხარისათვის გადაეცა სატრანსპორტო საშუალება პირდაპირ მფლობელობაში თანხის სრულად დაფარვამდე, (პუნქტი 4) მყიდველი იღებს ვალდებულებას რომ 2 (ორი) წლის განმავლობაში დაიფარება აღნიშნული თანხა, 24 თვის განმავლობაში ყოველთვიურად გადახდილი იქნას 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი.(პუნქტი 3). (ტომი 1, ს.ფ. 17)
10.2. ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 4790 ლარი მყიდველმა, შპს ''ნ------------–--------–სიმ“ გადაიხადა წინასწარ იმავე დღეს, რაზედაც მითითებული იქნა სალაროს გასავლის ორდერში. (ტომი 1, ს.ფ. 18)
10.3. ნასყიდობის საგანი, ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: T-----------, შასის N-----------------, სახელმწიფო ნომრით D--------, შპს ''ნ------------–--------–სის“ არ გადაცემია და დღემდე მოპასუხის მფლობელობაშია. (მხარეთა ახსნა-განმარტებები)
11. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელე გადახდილი „ბეს“ თანხის შემდეგ ყოველთვიურად გადაუხდიდა 270 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, მოსარჩელემ დაარღვია პირობა, მის მიერ წინასწარ გადახდილი 2000 აშშ დოლარი იყო „ბე“ და არა შემდეგი თვეების წინასწარი გადახდა.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შინაარსიდან და ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე ბე არის ძირითადი ხელშეკრულების ნაწილი და იგი იდება მხარეთა შორის ძირითადი ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად. რადგან ბე ძირითადი ხელშეკრულების ნაწილია, იგი იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს, როგორ ფორმასაც კანონი ითვალისწინებს ძირითადი ხელშეკრულებისათვის. (სუსგ საქმეზე ას-610-991-06)
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საქმეზე (ას-463-445-2016, 08/07/2016), სადაც აღნიშნულია, რომ გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში (სკ-ის 505-ე მუხლი). საკანონმდებლო ტექნიკის (ნორმა ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ქვეთავს წარმოადგენს), ასევე, ნივთზე უფლების გადაცემის საკითხის სწორად განსაზღვრის მიზნით სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლი უნდა განიმარტოს სისტემურად ამავე კოდექსის 477-ე და 186-ე (მოძრავი ნივთის შემთხვევაში, ხოლო უძრავი ნივთისას _ 183-ე მუხლი) მუხლებთან ერთობლიობაში. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავდება იმით, რომ განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს მყიდველს ნივთი ფასის გადახდამდე, ხოლო შემდგომ კი მყიდველის მიერ ფასის გადახდა უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ. ამდენად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მყიდველი ნივთის მესაკუთრე ხდება ხელშეკრულების დადებისთანავე, თუმცა მას გადახდილი აქვს ნივთის ფასის მხოლოდ ნაწილი. განვადებით ნასყიდობა, ისევე როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია, იგი დადებულად ითვლება მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევის მომენტიდან და მისი ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული ნასყიდობის საგნის რეალურად გადაცემასთან (იხ. სუსგ №ას-691-1021-07, 12 თებერვალი, 2008 წ), ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ გადახდის განვადების ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება (ხელშეკრულების დადება), თავად ამ ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, გამორიცხავს მისი რეგულირებისათვის სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის (პირობადებული საკუთრება) გამოყენების შესაძლებლობას, რადგანაც, განსხვავებით ამ ნორმისაგან, გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას კანონი პირდაპირ ადგენს საკუთრების უფლების გადაცემის მომენტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, ნასყიდობა გადახდის განვადებით შესაძლებელია დაიდოს, როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებზე (იხ. სუსგ-ები - #ას-691-1021-07, 12.02.2008წ; #ას-9691-2013, 15.04.2013წ.). სსკ-ის 477-ე მუხლით „მხარეები მხოლოდ კისრულობენ გარკვეული მოქმედების შესრულების ვალდებულებას. შესაბამისად, როგორც ერთი მხრივ თანხის, ისე, მეორე მხრივ, ნასყიდობის საგნის გადაცემა, არა ხელშეკრულების დადების წინაპირობა, არამედ მისი შესრულებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის მიხედვით კი, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. შესაბამისად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველს ნივთის გადაცემის ვალდებულება წარმოეშვება მყიდველის მიერ ფასის სრულად გადახდამდე, ნივთის გადაცემით კი მყიდველზე გადადის საკუთრების უფლება და მესამე პირებთან ურთიერთობაში ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ გვევლინება უკვე მყიდველი“ (იხ. სუსგ # ას- 666-627-2012, 12.07.2012წ.). (იხ. სუსგ # ას-1209-1169-2016)
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას და იგი ბეს ხელშეკრულებად ვერ განიხილება, ამასთან აღნიშნული ხელშეკრულების პირობები სრულად მოიცავს განვადებით ნასყიდობის პირობებს, რადგან მხარეთა შორის თანხის გადახდა, როგორც ხელშეკრულების არსებითი პირობა, შეთანხმდა ნაწილ-ნაწილ. საქმის მასალებით დგინდება, რომ გადახდილი იქნა მხოლოდ ნივთის ფასის ნაწილი.
12. პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ნივთის ფასის ნაწილის გადახდისა, ნასყიდობის საგანი დღემდე მოპასუხის მფლობელობაშია.
ვინაიდან მოპასუხეს არ შეუსრულებია ვალდებულება, მაშინ დადგება სსკ-ის 352-ე მუხლის გამოყენების საკითხი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმას, ანუ ურთიერთობიდან გასვლის წინაპირობებს (ამ შემთხვევაში მყიდველის მხრიდან) ეხება და სამართლებრივი შედეგის სახით იწვევს ორმხრივ რესტიტუციას.
სსკ-ის 508-ე მუხლის „ვალდებულების შეუსრულებლობისას თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია“ განმარტების კონტექსტში, რადგან მოხმობილი ნორმა ვალდებულების შეუსრულებლობისას ორმხრივ რესტიტუციას ადგენს, კერძოდ: „აღნიშნული ნორმის მე-2 წინადადება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგს ითვალისწინებს, ხოლო პირველი –ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობას. ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს –დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. პირველადი მოთხოვნის, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებიდან გასვლის მეორადი მოთხოვნის უფლების აღმოცენების სამართლებრივი საფუძველია. ამდენად, დაუშვებელია ერთდროულად მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების შესრულებაცა და ხელშეკრულებიდან გასვლის მეორადი უფლების გამოყენებაც. ამგვარ მოთხოვნათა კუმულაციურად განხორციელება დაარღვევდა ხელშეკრულების მხარეების ინტერესთა ბალანსს, სწორედ რასაც უზრუნველყოფს მეორადი მოთხოვნის, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენება (#ას-12-12-2012, 04.06.2012წ.)“. (სუსგ ას-1209-1169-2016)
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ----- ბ------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი