განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100118002666059
საქმე №1ბ/190-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გა----------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, პირადი N-----------, განქორწინებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, უმუშევრის, რეგისტრირებულის და მცხოვრების მისამართზე: თეთრიწყარო, ს--–---–-----------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გა----------–-----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გა----------–-----ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 სექტემბერს, დღის დროს, ქ. თეთრიწყაროში, ს--–---–------------ში მდებარე არ--–-------ის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის მიმდებარედ, ყოფილი მეუღლის - ოს---------–-----ის ცემაში ხელშეშლის გამო განაწყენებულმა გა----------–-----მა მუშტის თავისა და სახის არეში დარტყმით და თმაზე მოქაჩვით, იცოდა რა მისი ასაკი, ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნი----–----------–-----ის მიმართ, ხოლო მუშტის თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმით და თმაზე მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა თავისი შვილის - მა----------–-----ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. მა----------–-----ის მიმართ ძალადობას შეესწრო მისი ოჯახის წევრი ნი----–----------–-----ი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადასტურდა 2018 წლის 9 სექტემბერს, დღის დროს, ქ. თეთრიწყაროში, ს--–---–------------ში მდებარე არ--–-------ის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის მიმდებარედ, გა----------–-----ის მიერ ოჯახის წევრებზე - შვილებზე: მ----- და არასრულწლოვან ნი----–----------–-----ებზე ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გა----------–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მოსამართლემ არ გაიზიარა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც უდავო იყო და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა გა----------–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. კერძოდ, გამომძიებლებმა მი----------------მა, ლევ-------------–-–---–მა და შო---------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისობა და სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა დაადგინეს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ასევე, გამოკვლეული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის 561აპ-15 გადაწყვეტილების თანახმად აქვს დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა სასამართლოში არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები. ამასთან, მა----------–-----ის ვიზუალური დათვალიერების ოქმით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. ხოლო, ნი----–----------–-----ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი უჩიოდა ტკივილს ცხვირის არეში. აღნიშნული პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
გამართლებულ გა----------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ელ-----–------იძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით არ დაეთანხმა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გა----------–-----ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გა----------–-----მა შვილების: მა----------–-----ის და არასრულწლოვან ნი----–----------–-----ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ:
ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულების: ნი----–----------–-----ის და მა----------–-----ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ოს---------–-----ის, ვლ------------------ის, მი----–-----------ის გამოკითხვის ოქმები, მა----------–-----თან და ნი----–----------–-----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ გახადა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს და შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
დაზარალებულებმა: მ----- და ნი----–----------–-----ებმა და მოწმე ოს---------–-----მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, გა----------–-----მა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება ბრალდების მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების: მი----------------ის, ლევ-------------–-–---–ის და შო---------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
მოწმე ვლ------------------მა (მეზობელი) გამოკითხვისას აღნიშნა, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს არ--–-------ის ეზოდან მომდინარე ხმაურის (ყვირილი და გინება) გამო გამოვიდა ქუჩაში, რა დროსაც დაინახა თუ როგორ ძიძგილაობდნენ ბრალდებული და ოს---------–-----ი, მას დარტყმა არ დაუნახავს, არც სხვა ვინმე ყოფილა იქ (გარდა შვილებისა);
მოწმე მი----–-----------ის (ტაქსის მძღოლი) გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი 9 სექტემბერს არ--–-------ის სახლთან მივიდა, ვინაიდან ო----მ დაურეკა, რა დროსაც დაინახა, რომ ბრალდებული და ო---- კამათობდნენ, გ-----ი იჯდა ცალკე და შვილები აწყნარებდნენ მამას, თავად არ შესწრებია რაიმე ძალადობის ფაქტს.
სასამართლოს შეფასებით, არცერთი ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ ადასტურებს გა----------–-----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
აპელანტი ასევე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე, რომლის მიხედვით, პირადი გასინჯვით (10.09.18 წ.) მა----------–-----ს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, მსგავსი დასკვნით (N---------), ნი----–----------–-----ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება ვერ გახდება გა----------–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, რომლებსაც, აპელანტის აზრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის 561აპ-15 გადაწყვეტილების თანახმად აქვს დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ძალა, მაშინაც კი თუ დაზარალებული სასამართლოში არ მისცემს ჩვენებას ბრალდებულის წინააღმდეგ, პალატა განმარტავს, რომ ნ-----–---ა და მა----------–-----ებთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები სრულად ეფუძნება მოწმეთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მსგავს ვითარებაში კი მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის გამოქვეყნება არ ხდება, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, შესაბამისად თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და ჩვენებას არ აძლევს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, პალატის აზრით, ეს წესი არ მოქმედებს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ალი ალიევის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გა----------–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გა----------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გა----------–-----ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე