განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2019
საქმის ნომერი
330100118002392350
ინსტანცია
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-1520-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ზ--------------–იას,ადვოკატ - კ-------–--–--ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ შ--–---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ-------–--–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

შ--–---------------------------ის მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-------------------–---–------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

 

შ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და შ--–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ--–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

შ--–---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

 

შ--–---------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის;

 

მანვე ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;

 

მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით შ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქ-------–--–-----–-------------------------------------------ის მიმდებარედ არსებულ გ---------------–---–ის კუთვნილ ხილბოსტანის მაღაზიაში, ქურდობის ჩადენისთვის ნასამართლევი შ--–---------ე თავს დაესხა გ------- და თ-------------–--ლებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა ერთი გასროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ---------------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 10 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით გ---------------–---–ს მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი, ხოლო თ-------------–--ლს მიადგა მორალური ზიანი.

 

2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ქ-------–--–-----–--------------–---–-------------–------------–--------------–-------–------ის“ ავტოსადგომზე, შ--–---------ე თავს დაესხა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებს გ--------–------------------–-----------ას, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა.

 

შ--–---------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც იგი უკანონოდ ატარებდა 2018 წლის 12 იანვარს ქ-------–--–-----–-------------------------------------------ის მიმდებარედ არსებულ გ---------------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ--–---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ-------–--–--ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად შ--–---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის განმარტებით, განაჩენი არის დაუსაბუთებელი, მასში წარმოდგენილი დასკვნები არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული შ--–---------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და განაჩენის დადგენისას მოსამართლე დაეყრდნო საქმეზე საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების არასარწმუნო და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. პოლიციის თანამშრომლები არ არიან ობიექტური მოწმეები, ვინაიდან მათ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ შ--–---------ესთან; ხოლო გ---------------–---–ის და თ-------------–--ლის ჩვენებები არის დამაჯერებლობას მოკლებული. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითაც ვერ დასტურდება შ--–---------ის მონაწილეობა ბრალად წარდგენილ დანაშაულებში. გარდა ამისა, არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის შეძენასა და ტარებასაც ედავებიან შ--–---------ეს.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ---------------–---–მა განაცხადა, რომ ქ.თბილისიში, გ-–--------------------ნში აქვს მაღაზია და ვაჭრობს ხილბოსტნით. 2018 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში შვილთან - თ-------------–--ლი ერთად იმყოფებოდა მაღაზიაში და პროდუქციაზე აკრავდნენ ფასებს. ამ დროს მოშავო ფერის იარაღით ხელში მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი და ფული მოსთხოვა; აინტერესებდა, თუ სად იყო სალარო. თავდამსხმელს აუხსნა, რომ ფული უკვე წაღებული ჰქონდათ მაღაზიიდან, რის შემდეგაც იგი კიდევ უფრო მიუახლოვდა და უთხრა - დროულად ეთქვა სად იყო სალარო, თუ არა და ისროდა და გაისროლა ჭერის მიმართულებით, თან კვლავ აგრძელებდა ფულის მოთხოვნას. უთხრა, რომ მაგიდაზე რაც იყო ხურდა ფული, ის შეეძლო წაეღო და წასულიყო. თავდამსხმელმა ჯიბეზე მოკიდა ხელი, რაზეც უთხრა, რომ ხელი გაეწია და თვითონ მისცემდა რაც ქონდა, რის შემდეგაც თავად ამოიღო ჯიბიდან ორი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა და მისცა, ამის შემდეგ თავდამსხმელმა მაღაზია დატოვა. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელს ეცვა კაპიშონიანი კურტკა, ქუდი ეხურა და კაშნე ჰქონდა აფარებული. მაღაზიაში ყოფნისას რამდენჯერმე ჩამოძვრა სახეზე აფარებული კაშნე, ბოლოს კი საერთოდ მოიხსნა და მკაფიოდ დაინახა მისი სახე. თ-------------–--ლმა დაურეკა დედამისს, რომელმაც დარეკა პოლიციაში. ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ამოიცნო ბრალდებული შ--–---------ე. განმარტა, რომ მას იცნობს მხოლოდ საქმიდან გამომდინარე და მის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-------------–--ლმა განაცხადა, რომ 2018 წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში მამასთან - გ---------------–---–თან ერთად იმყოფებოდა გ-–--------------------ნში, მე-7 კორპუსში მდებარე საკუთარი ოჯახის ხილბოსტნის მაღაზიაში. დაახლოებით 2---------- საათზე მაღაზიაში შევიდა შ--–---------ე, რომელსაც მუქი ფერის იარაღი ეჭირა ხელში და იკითხა - თუ სად იყო სალარო. მისი მხრიდან რამდენჯერმე ქონდა ადგილი თანხის მოთხოვნას, რაზეც გ---------------–---–მა განუმარტა, რომ ფული მის მეუღლეს უკვე წაღებული ქონდა მაღაზიიდან. აღნიშნული არ დაიჯერა თავდამსხმელმა, გადაყარა იქვე მაგიდაზე არსებული პარკები და დარწმუნდა, რომ ქაღალდის ფული ნამდვიალდ არ ქონდათ, მხოლოდ ხურდები იყო. ამის შემდეგ შ--–---------ემ იარაღი ჭერისკენ ისროლა და კვლავ მოსთხოვა დაზარალებულს ფული. უარის მიღებისას კი ჯიბეზე დაეჭიდა გ---------------–---–ს და უთხრა ჯიბეში გექნება ფულიო. ამ უკანასკნელმა ხელი გააშვებინა და მიმართა, რომ თვითონ მისცემდა რაც ქონდა; ამოიღო 20 ლარიანი და ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, საიდანაც ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ანუ 10 ლარი მისცა შალვა კიკნაძეს. იგი ითხოვდა, რომ დარჩენილი 20 ლარიც მიეცა, თუმცა მამამ უთხრა, რომ ის ეკმარა, რაც აიღო და წასულიყო იქიდან. შ--–---------ეს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, წაიღო გადაცემული 10 ლარი და დატოვა მაღაზია. თავდამსხმელს ეცვა თხელი დუტის ქურთუკი, თავზე ეფარა ე.წ. კაპიშონი და მის შიგნით მუქი ფერის ქუდი, ხოლო მთელ სახეზე შარფი ქონდა მოხვეული. მაღაზიაში ყოფნისას სახიდან რამდენჯერმე ჩამოუვარდა შარფი, რის შედეგადაც კარგად დაინახა მისი სახე. მან დაურეკა დედას, რომელიც ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და დარეკა პოლიციაში. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. მოგვიანებით დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში, რა დროსაც ამოიცნო შ--–---------ე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–------------მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით ღამის 11:00 საათზე მეწყვილესთან - გ--------–-------------ან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა გლდანში, ხ------–---–ის ქუჩაზე. ამ დროისთვის მათთვის ცნობილი იყო 12 იანვარს გლდანში, ხილბოსტანის და სურსათის მაღაზიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი და ინფორმირებულები იყვნენ ყაჩაღობის ჩამდენი პირის აღნაგობის შესახებ. მან (ა-–------------მ) და მისმა თანამშრომელმა ხ------–---–ის ქუჩაზე, მაღაზია „ფ-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს მსგავსი აღნაგობის მქონე პირი, რომელმაც გამოხედვით და უცნაური ქცევებით მიიქცია ყურადღება. მას ტანთ ეცვა ღია ფერის ჯინსი, შავი ქურთუკი ე.წ. კაპიშონით და მოთეთრო ფერის ფეხსაცმელი, თავზე ნახევრად ეხურა კაპიშონი და მის შიგნით ასევე - მოთეთრო ფერის ქუდი. გადაწყვიტეს აღნიშნული პიროვნების ვიანობის გარკვევა; გააჩერეს ავტომანქანა, გადმოვიდნენ და დაიწყეს მოძრაობა მისი მიმართულებით. ამ უკანასკნელმა როგორც კი შენიშნა მისკენ მიმავალი პოლიციელები, დაიწყო გზის მოპირდაპირე მხარეს გადასვლა, რაზეც მოუწოდეს, რომ იყვნენ პოლიციელები და გაჩერებულიყო. ეს პიროვნება ანერვიულდა, მოუმატა სიარულს, გადაირბინა გზის მხარეს და თან რაღაცას ამბობდა ხმადაბლა. ა-–------------ და გ--------–--------ია ჩასხდნენ მანქანაში და „ფ----------ან“ მანქანით გადაუკეტეს გზა. ვინაიდან მას აღარ ჰქონდა გაქცევის საშუალება, გაჩერებისთანავე ამოიღო იარაღი და მათი მისამართით გაისროლა. გასროლისას მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 5-6 მეტრი. ის და მისი თანამეწყვილე იქვე მდგარ ავტომანქანას ამოეფარნენ და გასროლილი ტყვია ამ ავტომანქანის საბარგულს მოხვდა. შემდეგ კვლავ დაედევნენ ამ პიროვნებას, თუმცა მან ერთხელ კიდევ გაისროლა მათი (სამართალდამცავების) მიმართულებით, გადავიდა გზაზე და კორპუსებში მიიმალა. ისინი მოუწოდებდნენ გაჩერებულიყო, ამასთან სიტყვიერად აფრთხილებდნენ, თუმცა გასროლა არ განუხორციელებიათ, ვინაიდან ქუჩაში ხალხი მოძრაობდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სანამ მანქანას გააჩერებდნენ, მანამდეც კარგად აკვირდებოდნენ იმ პიროვნებას და ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგაც კარგად დაინახეს იგი. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში, რის შედეგადაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამოიცნო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი შ--–---------ე. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია; ბრალდებულისადმი არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------–--------იამ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილბოსტნეულის მაღაზიასთან მომხდარ ყაჩაღობის შემდეგ, ყველა თანამშრომელი ინფორმირებული იყო ყაჩაღობის ჩამდენი პირის აღნაგობისა და სავარაუდო ასაკის თაობაზე. 2018 წლის 14 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და დაახლოებით 23:00 საათზე, თავის მეწყვილე ა-–------------სთან ერთად გადაადგილდებოდა გლდანში, ხ------–---–ის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ფ----------ან“, სადაც მათი ყურადღება მიიპყრო ქუჩაში მყოფმა ახალგაზრდა პიროვნებამ. იგი დაბნეული ჩანდა, აქეთ-იქით იყურებოდა და გარეგნულად გავდა იმ პიროვნებას, რომელმაც ორი დღის წინ ხილბისტანთან ჩაიდინა ყაჩაღობა. პოლიციელებმა გადაწყვიტეს ამ პირის ვინაობის დადგენა, გააჩერეს ავტომანქანა, გადმოვიდნენ და გაემართნენ მისი მიმართულებით. თავდაპირველად ამ პირმა ვერ შეამჩნია სამართალდამცავები იმდენად დაბნეული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსთხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა, იგი აღელდა, თავისთვის ჩაილაპარაკა, რომ დედა ყავდა ცუდად და ეჩქარებოდა, რის შემდეგაც სწრაფად გაიქცა სუპერმარკეტ „ფ-------ს“ მხარეს. ის და ა-–------------ ჩასხდნენ მანქანაში, გაედევნენ და სუპერმარკეტთან გზა გადაუკეტეს ისე, რომ ვერ გაქცეულიყო. ბრალდებულსა და პოლიციელებს შორის იდგა 3-4 ავტომანქანა იდგა. ამ პიროვნება ამოიღო მოშავო ფერის იარაღი და მათი მიმართულებით გაისროლა ორჯერ. მოწმე და მისი მეწყვილე იქვე მდგარ ავტომანქანას ამოეფარნენ, ხოლო გასროლილი ტყვია მოხვდა მათ წინ მდგომ მანქანას უკანა მხარეს. ამის შემდეგ აღნიშნული პიროვნება გაიქცა, რომელსაც გაყვნენ უკან. მან კიდევ ერთხელ გაისროლა უშუალოდ „ფ-------ს“ წინა მხარეს, სადაც უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, გადაირბინა ქუჩაზე და კორპუსებს შორის მიიმალა. იმის გამო, რომ ქუჩაში ხალხმრავლობა იყო, არ ისროლეს და მხოლოდ სიტყვიერად მოუწოდებდნენ გაჩერებულიყო. მოწმე გ--------–--------იამ დაადასტურა, რომ შ--–---------ის სახე კარგად დაინახა და დაიმახსოვრა. ასევე მიუთითა, რომ მას ეცვა მოთეთრო ფერის ბოტასები, ღია ფერის ჯინსის შარვალი და კაპიშონიანი შავი ქურთუკი, თავზე ეფარა მოთეთრო ფერის ნაქსოვი ქუდი და ნახევრად კაპიშონი. ქუდიდან გვერდითა მხარეს მოუჩანდა მოგრძო თმა. მან გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში, რის შედეგადაც ეჭვგარეშე ამოიცნო შ--–---------ე, რომელიც 14 იანვარს ნახა პირველად და არანაირი პირადი ინტერესი მის მიმართ არ გააჩნია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ-------------–---–----------------------------------------–---–----------------–------------------–--–--------------–--------------------------–------–------------–---–-------------------–-–---–--------------------------------------–------------------–-----–-–---–------------------------------------------------–--–---–------------------–----------------------------მ დაადასტურეს სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა.

 

2018 წლის 13 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, გ-–--------------------ნის, მე-7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გ---------------–---–ის კუთვნილი ხილ-ბოსტანის მაღაზია, რომლის ჭერზეც შუა ნაწილში აღენიშნება მცირე ზომის ნახვრეტი, რომელიც არის გამჭოლი და გასულია მაღაზიის სახურავზე დაფარებული ლითონის ფურცლებშიც. დათვალირების შედეგად მაღაზიის იატაკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა, ასევე ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ორი ცალი სუნის კვალის ნიმუში და ორი ცალი პოლიეთილენის პარკი.

 

2018 წლის 14 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, გლდანი, ხ------–---–ის ქუჩა #5---------------- მ/რაიონებს შორის არსებული სუპერმარკეტი „ფ-------ს“ მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ სუპერმარკეტის უკანა მხარეს არსებული ავტოსადგომი და სუპერმარკეტის წინ არსებული ავტოსადგომი. სუპერმარკეტ „ფ-------ს“ უკანა მხარეს განთავსებული ავტოსადგომი არის დაახლოებით 600-700 კვადრატული მეტრის ფართობის, რომელზეც სამ მწკრივად განლაგებულია რამოდენიმე ათეული ავტომობილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტი-კრიმინალისტების მიერ სუპერმარკეტ „ფ-------ს“ უკანა მხარეს განთავსებულ ავტოსადგომის საავტომობილო შესასვლელიდან ხელმარცხნივ მოთეთრო ფერის დეკორატიული კენჭების ზედაპირზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა (ობიექტი #1), ასევე სუპერმარკეტ „ფ-------ს“ წინ არსებულ ავტოსადგომზე ასფალტის ზედაპირზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა (ობიექტი #2). შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სუპერმარკეტ „ფ-------ს“ უკანა მხარეს არსებულ ავტოსადგომზე მდგარ მიცუბიშის მარკის ავტომობილზე სახ. ნომრით 0------ ნანახი იქნა დაზიანების კვალი. კერძოდ, ავტომანქანის უკანა მხარეს საქარე მინის ძირში აღმოჩენილი იქნა დაახლოებით 1 სმ დიამეტრის ნახვრეტი, ასევე ავტომობილის სალონის დათვალიერებისას უკანა სავარძლის საზურგის მარცხენა მხარე და უკანა მარცხენა კარის პლასტმასზე აღმოჩენილი იქნა დაზიანების კვალი, ხოლო წინა საქარე მინის ქვეშ ე.წ. „ტორპედოზე“ ნანახი იქნა მეტალის საგანი (გულა). ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით.

 

2018 წლის 19 იანვრის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაჩხრეკილ იქნა ქ. თბილისი, ს------–---–----–-, მ--------–---–-------------ში მდებარე შ--–---------ის საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ქუდები, სპორტული ფეხსაცმელები, შარფი, შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ქამარი იარაღისა და მჭიდის ჩასადებებით.

 

2018 წლის 19 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------------–--ლმა ამოიცნო შ--–---------ე, რომელიც 2018 წლის 12 იანვარს, მას და მამამისს გ---------------–---–ს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა და ჰაერში ერთხელ გაისროლა.

 

2018 წლის 19 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ გ---------------–---–მა ამოიცნო შ--–---------ე, რომელიც 2018 წლის 12 იანვარს, მას და მის შვილს თ-------------–--ლს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა და ჰაერში ერთხელ გაისროლა.

 

2018 წლის 20 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ გ--------–--------იამ ამოიცნო შ--–---------ე, რომელმაც 2018 წლის 14 იანვარს, გლდანში სუპერმარკეტ „ფ----------ან“ მას და ა-–------------ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა და მიიმალა.

 

2018 წლის 20 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ა-–------------მ ამოიცნო შ--–---------ე, რომელმაც 2018 წლის 14 იანვარს, გლდანში სუპერმარკეტ „ფ----------ან“ მას და გ--------–--------იას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა და მიიმალა.

 

2018 წლის 25 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა შპს „ფ------- შოპინგ ცენტრი“-დან ამოღებული 2018 წლის 14 იანვრის ვიდეოჩანაწერები. 23:02:53 საათზე, ვიდეოჩანაწერში ჩანს გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნება, რომელიც გადაადგილდება ავტოსადგომზე სწრაფი ნაბიჯებით, რის შემდგომ ავტოსადგომზე ჩერდება ავტომანქანა, რა დროსაც ფეხით მოსიარულე პიროვნება ბრუნდება უკანა მიმართულებით სწრაფი ნაბიჯით, ხოლო ავტომანქანიდან გადმოდის ორი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან ფეხით მოსიარულეს მიმართულებით, რის შემდგომ ეკრანის კუთხეში ფეხით მოსიარულის მხრიდან ჩნდება ნათება ნაპერწკლების სახით, ხოლო აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოსული ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი სწრაფი ნაბიჯით მიემართება ფეხით მოსიარულის მიმართულებით, ხოლო მეორე - საპირისპირო მიმართულებით.

 

2018 წლის 18 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის #1---/ბ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 1 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9/18 მმ კალიბრის საბრძოლო მასალის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის და სხვა. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის, გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტში. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ზ------------ემ.

 

2018 წლის 25 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის #1---/ბ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 1 ცალი ტყვია არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის, ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПМ) და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (АПС) აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: P----------------- და სხვა, ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულიდან. ტყვიის ძირი მკვრივ-ბლაგვ საგანთან კონტაქტის შედეგად მცირედით დეფორმირებულია, ხოლო აღნიშნული დეფორმაცია გამოიწვია თუ არა ასხლეტვამ, დადგენა ვერ მოხერხდა; ტყვია და მასრები შეადგენდა თუ არა გასროლამდე ერთ მთელს და გასროლილია თუ არა ერთი და იგივე იარაღიდან დადგენა ვერ მოხერხდა; ა/მანქანა ,,MITSUBISHI COLT“ სახ. #O-------- საბარგულის სახურავზე არსებული დაზიანება არის პირველადი და განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 8-დან 10 მმ-მდე დიამეტრის 1 ჭურვით (დაზიანება #1). ამ დაზიანების გაგრძელებაა #2, #3, #4 და #5 დაზიანებები. ვიზირებისას დადგინდა, რომ ჭურვის ტრაექტორია მიმართულია: უკნიდან წინ, ზევიდან ქვევით და მარჯვნიდან მარცხნივ. ჰორიზონტის მიმართ დახრის კუთხე შეადგენს დაახლოებით 90, ხოლო ა/მანქანის გრძივი ღერძის მიმართ დახრის კუთხეა დაახლოებით 300. გასროლა შესაძლებელია ნაწარმოები იყოს არაახლო მანძილიდან; 2 ცალი მასრა არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის საბრძოლო მასალის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: P----------------- და სხვა. ორივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში და იდენტურია შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მასრის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ზ------------ემ.

 

2018 წლის 27 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, გ-–--------------------ნის მე-7 კორპუსის მიმდებარედ გ---------------–---–ის კუთვნილი ხილბოსტანის მაღაზიაში გ------- და თ-------------–--ლის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: მაღაზიაში შესასვლელიდან დაახლოებით ერთ მეტრში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მაღაზიაში შესასვლელიდან დაახლოებით ორ მეტრში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ შ--–---------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ-----------------ემ.

 

2018 წლის 09 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებულ კაშნეზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის შ--–---------ეს; პაკეტში წარწერით „1 (ერთი) ც. მოშავო ფერის ქამარი, ზედ არსებული იარაღის და მჭიდის ბუდეებით (2ც.)...“ მოთავსებულ ქამარზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და გასნხვავდება შ--–---------ის გენეტიკური პროფილისაგან. ამავე ქამარზე დამაგრებულ შალითასა და მცირე ზომის ჩანთაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია; პაკეტში წარწერით „1 ცალი მოშავო ფერის ქურთუკი“ მოთავსებულ ქურთუკზე და პაკეტში, წარწერით „2 ცალი სპორტული ფეხსაცმელი, წარწერით „AIRMAX“, ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული კომპიუტერის მაგიდის გვერდით, იატაკიდან“ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. #5,6-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი შ--–---------ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით „3 ცალი ქუდი“ მოთავსებულ კონვერტში, წარწერით „1 ცალი ნაქსოვი ქუდი, ამოღებული მისაღები ოთახიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ ოთახში, ლოგინიდან“, მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალა და თმები ეკუთვნის შ--–---------ეს; კონვერტში წარწერით „1 ცალი მოთეთრო ფერის ქუდი, ამოღებული მისაღები ოთახიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ საძინებელ ოთახში, კარადიდან“, მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. 8-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი შ--–---------ის (ობ. #10) გენეტიკური პროფილის იდენტურია. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი-------------მ.

 

2018 წლის 26 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #6------ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მოშავო ფერის ქურთუკზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის და ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის სპილენძის და ტყვიის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა და მარცხენა სახელოზე. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ------------ამ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით შ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს შ--–---------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

 

დაცვის მხარე ეჭვის ქვეშ აყენებს ბრალდების მოწმეების: გ---------------–---–ის, თ-------------–--ლის, ა-–------------ს და გ--------–--------იას ჩვენებებს და განმარტავს, რომ ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, რომლებიც სასამართლოს აწვდიან ცრუ და ამასთანავე, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. ნეიტრალური მომწეების ჩვენებები კი სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის პოზიცია აშკარად უსაფუძვლოა, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული.

 

შ--–---------ის მიერ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულების გ---------------–---–ის და თ-------------–--ლის ურთიერთშეთანხმებული და თანმიმდევრული ჩვენებები. მათ საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად მოახსენეს სასამართლოს 2018 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში შ--–---------ის მიერ მათი ოჯახის კუთვნილ მაღაზიაზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები. გ---------------–---–მა და თ-------------–--ლმა იდენტურად აღწერეს, რომ მაღაზიაში მუქი ფერის იარაღით ხელში შევიდა შ--–---------ე, რომელსაც ეცვა თხელი დუტის ქურთუკი, თავზე ეფარა ე.წ. კაპიშონი და მის შიგნით მუქი ფერის ქუდი, ხოლო სახეზე შარფი ჰქონდა მოხვეული. თავდამსხმელი კითხულობდა, თუ სად იყო სალარო და ამასთანავე ითხოვდა ფულის გადაცემას. უარის მიღების შემდეგ შ--–---------ემ იარაღი ჭერისკენ ისროლა და კვლავ მოსთხოვა დაზარალებულს ფული. საბოლოოდ მას გ---------------–---–მა ჯიბიდან ამოღებული ორი ცალი 5 ლარიანი კუპირია მისცა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა დატოვა მაღაზია. დაზარალებულებმა ასევე განმარტეს, რომ თავდასხმისას შ--–---------ეს სახეზე აფარებული ჰქონდა შარფი, რომელსაც ხელით იმაგრებდა და რამდენჯერმე ჩამოუვარდა, რა დროსაც კარგად დაინახეს მისი სახე. ამასთან, მათი განმარტებით, შ--–---------ეს იცნობენ მხოლოდ საქმიდან გამომდინარე, მანამდე მასთან შეხება არ ჰქონიათ და არც რაიმე დაინტერესება გააჩნიათ.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------–---–ის და მ--------------–---–ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ გარდა დაზარალებულებისა, სხვა - ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი, პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა სიმრავლის არარსებობა დაუშვებელია უპირობოდ გახდეს დაზარალებულების ობიექტური და დამაჯერებელი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ამასთან, შ--–---------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი არ ეყარება მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებს და ისინი გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ-–--------------------ნის, მე-7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გ---------------–---–ის კუთვნილ ხილ-ბოსტანის მაღაზიაში, ჭერის შუა ნაწილში აღინიშნება მცირე ზომის გამჭოლი ნახვრეტი, რომელიც გასულია მაღაზიის სახურავზე დაფარებული ლითონის ნაწილებშიც. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვეული იქნა პირის ამოცნობის ოქმები, რომელთა თანახმადაც, თ-------------–--ლმა და გ---------------–---–მა ამოიცნეს შ--–---------ე, რომელიც 2018 წლის 12 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა მათ მაღაზიას და გასროლაც განახორციელა.

 

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში არსებულ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დაკსვნაზეც და განმარტავს, რომ აღნიშნული დაკვნით უტყუარად იქნა დადასტურებული გ---------------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში შ--–---------ის ყოფნის ფაქტი. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით განმარტებულია, რომ მაღაზიაში, მეტლახის იატაკის ზედაპირიზე, ორი სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მსჯავრდებულ შ--–---------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აღნიშნულმა პირმა გარკვეული პერიოდი დაჰყო მაღაზიაში.

 

რაც შეეხება შ--–---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას არაერთგზის, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული, რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით შ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ შ--–---------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.

 

პალატა ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ--–---------ის მიერ ჩადენილია პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მართალია დაცვის მხარემ ამ ნაწილშიც არ მიიჩნია სარწმუნოდ ბრალდების მხარის ვერსია, თუმცა საქმეზე არსებული უტყუარი და აშკარა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ქ-------–--–-----–--------------–---–-------------–------------–--------------–-------–------ის“ ავტოსადგომზე შ--–---------ე თავს დაესხა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებს გ--------–------------------–-----------ას, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა.

 

გ--------–--------იამ და ა-–------------მ სრულიად დამაჯერებლად და გარკვევით აღწერეს 2018 წლის 14 იანვარს შპს „ფ------- შოპინგ ცენტრის“ წინ განვითარებული გარემოებები. დაადასტურეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, როდესაც ცდილობდნენ დაედგინათ მათთვის უცნობი, სავარაუდოდ ყაჩაღობაში მონაწილე პირის ვინაობა, ეს უკანასკნელი შეეცადა გაქცევას. ვინაიდან სამართალდამცავებმა არ მისცეს თავის დაღწევის შესაძლებლობა, ბრალდებულმა მათი მისამართით, დამიზნებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა ორი გასროლა. ხოლო მას შემდეგ, რაც იგი გაიქცა და სამართლადამცავები უკან დაედევნენ, მოახდინა კიდევ ერთი გასროლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. პოლიციის თანამშრომლები ჩვენების მიცემისას არიან თანმიმდევრულები, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით. გარდა ამისა, როგორც ყაჩაღობის ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილმა პირებმა, ასევე მოცემულ შემთხვევაშიც, გ--------–--------იამ და ა-–------------მ განაცხადეს, რომ შ--–---------ესთან შეხება პირველად ჰქონდათ სწორედ შემთხვევის დღეს - 2018 წლის 14 იანვარს და მის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნიათ. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რაც სამართალდამცავების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა და ვერც დაცვის მხარემ დაასაბუთა სათანადოდ, რომ აღნიშნულმა პირებმა სასამართლოს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია.

 

სამართალდამცავების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია შპს „ფ------- შოპინგ ცენტრი“-დან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებთან, საიდანაც დგინდება, რომ ავტოსადგომზე სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდება პიროვნება; შემდგომ ავტოსადგომზე ჩერდება ავტომანქანა, რა დროსაც ფეხით მოსიარულე პიროვნება ბრუნდება უკანა მიმართულებით სწრაფი ნაბიჯით, ხოლო ავტომანქანიდან გადმოდის ორი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან ფეხით მოსიარულეს მიმართულებით. ამ დროს ეკრანის კუთხეში ფეხით მოსიარულის მხრიდან ჩნდება ნათება ნაპერწკლების სახით. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ვიდეოჩანაწერებიდან ვერ ხდება შ--–---------ის იდენტიფიკაცია, აღნიშნული უპირობოდ ვერ გახდება ამ უკანასკნელის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი. პოლიციის თანამშრომლებმა ვიდეოჩანაწერზე არსებული ინფორმაციის იდენტურად აღწერეს მათზე განხორციელებული თანვდასხმის დეტალები, ხოლო უშუალოდ ის ფაქტი, რომ თავდამსხმელი იყო შ--–---------ე, დასტურდება როგორც გ--------–------------------–-----------ას სარწმუნო და დამაჯერებელი ჩვენებებით, ასევე მათ მიერ ბრალდებულის ამოცნობის ოქმებით. 2018 წლის 20 იანვარს საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ორივე მათგანმა ამოიცნო შ--–---------ე და დაადასტურეს, რომ ამ პიროვნებამ 2018 წლის 14 იანვარს, გლდანში სუპერმარკეტ „ფ----------ან“ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა მათ, რის შემდეგაც მიიმალა.

 

შ--–---------ის მიერ პოლიციელებზე თავდასხმა დადასტურებულია 2018 წლის 14 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე თ----------------ას ჩვენებით და 2018 წლის 25 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის #1---/ბ დასკვნითაც. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტი-კრიმინალისტების მიერ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ორი ცალი მასრა. ასევე, ავტოსადგომზე მდგარ მიცუბიშის მარკის ავტომანქანის უკანა მხარეს საქარე მინის ძირში აღმოჩენილი იქნა დაახლოებით 1 სმ დიამეტრის ნახვრეტი; ავტომობილის სალონის დათვალიერებისას უკანა სავარძლის საზურგის მარცხენა მხარეს და უკანა მარცხენა კარის პლასტმასზე აღმოჩენილი იქნა დაზიანების კვალი, ხოლო წინა საქარე მინის ქვეშ ნანახი იქნა მეტალის საგანი (გულა). ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ვაზნები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში. ხოლო ა/მანქანის საბარგულის სახურავზე არსებული დაზიანება მიყენებულია ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 8-დან, 10 მმ-მდე დიამეტრის 1 ჭურვით.

 

დაცვის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შ--–---------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ნაწილშიც, რაც ასევე ვერ იქნება გაზიარებული პალატის მხრიდან. დაზარალებულებმა გ---------------–---–მა და თ-------------–--ლმა ნათლად განმარტეს სასამართლო სხდომაზე, რომ შ--–---------ე იარაღით ხელში დაესხათ თავს და მაღაზიაში გასროლაც განახორციელა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, გ-–--------------------ნის, მე-7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გ---------------–---–ის კუთვნილი ხილ-ბოსტანის მაღაზიიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა. მასზე ჩატარებული 2018 წლის 18 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგინდა, რომ იგი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9/18 მმ კალიბრის საბრძოლო მასალის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, გასროლილი 9 მმ კალიბრის პისტოლეტში.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს 2018 წლის 25 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვანზეც, რომლის თანახმადაც შემთხვევის ადგილიდან - შპს „ფ------- შოპინგ ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 9 მმ კალიბრის მქონე, ერთი და იმავე პისტოლეტში გასროლილი მასრები იდენტური აღმოჩნდა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების წარმოებაში არსებული, გ---------------–---–ის კუთვნილ ხილ-ბოსტანის მაღაზიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მასრისა.

 

რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, მართალია შ--–---------ისაგან აღებულ ანაწმენდზე დენთის კვალის არსებობა არ დადასტურდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შ--–---------ის ბინიდან ამოღებულ მოშავო ფერის ქურთუკს მარჯვენა და მარცხენა სახელოზე აღინიშნება დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის და ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების არსებობა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ზემოაღნიშნულ ქურთუკზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის შ--–---------ეს. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მსჯელობა, თითქოს საქმეზე უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული შ--–---------ის მიერ იარაღის ფლობისა და მისი ხელიდან გასროლის ფაქტი.

 

აპელანტი შ--–---------ის უდანაშაულოდ ცნობის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავების მიერ არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მასრებზე, ასევე შ--–---------ის ბინიდან ამოღებულ ქამარსა და იარაღის ბუდეზე შ--–---------ის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა. პალატის აზრით, დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა აშკარად ტენდენციური და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა. ბუნებრივია, ცეცხლსასროლი იარაღი და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დადებითი შედეგები (მასრაზე, ასევე ქამარსა და იარაღის ჩასადებზე შ--–---------ის გენეტიკური მასალის არსებობასთან დაკავშირებით) იქნებოდა პირის ბრალეულობის დამდადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც სათანადო ანალიზის საფუძველზე შეფასდებოდა სასამართლოს მხრიდან. თუმცა, აღნიშნული მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ეჭვის ქვეშ არ დგება იმ მტკიცებულებების რელევანტურობა და საკმარისობა, რაც წარმოდგენილი იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც აშკარაა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც შ--–---------ეს წარედგინა ბრალი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ შ--–---------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის; ასევე, პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ შ--–---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულების სიძიმისა და მისი პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რას სრულიად უზრინველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.

 

ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ შ--–---------ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი;

 

შ--–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და შ--–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ--–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

შ--–---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ელექტრონული დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

 

- სამი ცალი მასრა, ერთი ცალი ტყვიის გულა, ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ორი ცალი სუნის ნიმუშები, ნერწყვის და თმის ნიმუშები, შ--–---------ის ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები განადგურდეს;

 

- შ--–---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი ქუდი დაუბრუნდეს შ--–---------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

ლ.თევზაძე