განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №190100118002747730
საქმე №1ბ/275-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - რ-----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მ--------–-------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ორი ეპიზოდი).
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–------------–---მა და მოთხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და რ-----------------ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას. რ-----------------მა თავიდანვე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ რ-----------------ის მიმართ მინიმუმი სასჯელის დანიშვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------–---–მა, რომელმაც მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების, მონანიების და გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, მოითხოვა რ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
სასამართლომ დაადგინა:
რ-----------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (ორი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 ოქტომბერს, ქ. მარნეულში, რ---------–ის ქუჩაზე, 14:00-15:00 საათებს შორის დროის შუალედში, რ-----------------ი პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით 0,1697 გრამი.
2018 წლის 01 ოქტომბერს, ქ.მარნეულში, რ---------–ის ქუჩაზე 14:00-15:00 საათებს შორის დროის შუალედში, რ-----------------მა რ---------------–-–---–ზე, ფულადი თანხის - 200 (ორასი) ლარის სანაცვლოდ გაასაღა 2 (ორი) ცალი, ე.წ. ბაშად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ , საერთო წონით 0,1697 გრამი.
2018 წლის 09 ოქტომბერს, ქ.მარნეულში, რ---------–ის ქუჩაზე 12:30-13:30 საათებს შორის დროის შუალედში, რ-----------------ი პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით 0,0521 გრამი.
2018 წლის 09 ოქტომბერს, ქ. მარნეულში, რ---------–ის ქუჩაზე 12:30-13:30 საათებს შორის დროის შუალედში, რ-----------------მა რ---------------–-–---–ზე, ფულადი თანხის - 100 (ასი) ლარის სანაცვლოდ გაასაღა 1 (ერთი) ცალი ე.წ. ბაშად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, საერთო წონით 0,0521 გრამი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ-----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: რ---------------–-–---–ის განცხადებით, მოწმე რ---------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, რ---------------–-–---–თან ჩატარებული ამოღების ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №---------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №---------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ-----------------ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ-----------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
რ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ-----------------ის ადვოკატების ს---–------------–---ის და ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრები, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას, პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას და გასაღებას წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ნარკოტიკული საშუალებების სახეობა, ოდენობა და გასაღების ინტენსივობა არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს. ამასთან, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა საჭიროებს გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს, ხოლო ჰეროინის დაბალი ოდენობა საკმარისია ფართო წრის პირთა მოხმარებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ რ-----------------ისთვის საბოლოო სასჯელის სახით რვა წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა არის მისი რესოციალიზაციის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების წინაპირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ს---–------------–---ის და ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 ოქტომბრის და 2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 1 ოქტომბრის და 2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, რ-----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
რ-----------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
რ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.
რ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს.
3 (სამი) ცალი დისკი- შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
სხდომის თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი