განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
190100118002388295
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002388295

საქმე №1ბ/323-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ილ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, პირადი ნომერი N-----------, საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. რუსთავი, თ-----------------–----------, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ილ--------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ილ--------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2016 წლიდან 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით პერიოდში ქ. რუსთავში, თ-------------- მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ილ--------------ე ყოფილ მეუღლეს - ინ--------------ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზეზებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, რითაც ინ--------------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. გარდა ფსიქოლოგიური ძალადობისა, 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 19:45 საათზე, ზემოაღნიშნულ ბინაში, ილ--------------ემ, შელაპარაკებისას, ინ--------------ეს ცხელი ყავა გადაასხა თავზე, რითაც ინ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ილ--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ილ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ილ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან ილ--------------ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენა დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ დადგინდა, რომ 2018 წლის 12 მარტს 19:49 საათზე დაზარალებულმა დარეკა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა დახმარება, რადგან ყოფილმა მეუღლემ თავზე გადაასხა ყავა. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების ადგილზე მისვლის დროსაც ინ--------------ემ დაადასტურა მისი განცხადება და იგივე გარემოებები მიუთითა მოწმედ გამოკითხვის დროსაც. ინ--------------ის მონაწილებით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იგი უთითებდა თუ სად მოხდა მის მეუღლის მხრიდან მის მიმართ ძალადობა და მისივე მითითებით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ის მაისური, რომელიც ეცვა ილ--------------ის მიერ თავზე ყავის გადასხმის დროს. აღნიშნული მაისური გამოკვლეულ იქნა სასამართლოში და მას მართლაც აღენიშნებოდა ყავისფერი ლაქები. საქმის მწარმოებელი გამომძიებლის განმარტებით ინ--------------ეს რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია არ ჰქონია როცა გაეცნო დადგენილებას მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ.

რაც შეეხება ინ--------------ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, აღნიშნული გამომდინარეობს ზოგადად ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან და დაზარალებულის წარსულიდან. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გარდა იმისა, რომ ეს მისი კანონიერი უფლებაა, შეიძლება აიხსნას მოვლენით, რომელსაც ეწოდება ,,სტოკჰოლმის სინდრომი” სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. ამ მექანიზმს აგრესორთან იდენთიფიკაცია ეწოდება და ადგილი აქვს მაშინ როდესაც ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგროც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენთიფიცირება გაძნელდება. ამ სინდრომს უფრო განზოგადებული სახელწოდებაც აქვს - „მძევლის სინდრომი” და მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია. მაგალითად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგრძოს ცხოვრება მოძალადესთან, მას სიყვარულის მიზეზი უჩნდება. აღნიშნულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალი კავშირს აბავს წარსულთან, ერთად გატარებულ წლებთან, საერთო შვილებთან და აქვს კვლავ მოლოდინი, რომ მისი მეუღლე შეიცვლის ქცევას.

დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, 2018 წლის 12 მარტს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმე პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლების ჩვენებებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ დაზარალებულის მიმართ ილ--------------ის მიერ განხორციელდა ძალადობა. სწორედ მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ და შექმნილმა სიტუაციამ აიძულა ინ--------------ე დახმარებისათვის დაერეკა 112-ში და ეთხოვა თავდაცვის მიზნით დახმარება. პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებსიაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობით, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშით, შვილების ან საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რის გამოც საბოლოოდ ლეტალურ შედეგებამდეც კი მიდის საქმე. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. „სტამბულის კონვენცია“, რომლის ხელშემკვრელი სახელმწიფოც ასევე არის საქართველო, მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ. კონვენციის ქვაკუთხედია ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ილ--------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ილ--------------ემ მეუღლის - ინ--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ:

 

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ინ--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: გი------------------ის, ჯა--------–---ის, მე---------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

დაზარალებულმა ინ--------------ემ და მოწმე გი------------------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, მეუღლის და მამის - ილ--------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო, ილ--------------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ხოლო, ილ--------------ემ ისარგებლა დუმილის უფლებით.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 მარტის N--------- დასკვნის თანახმად მოქ. ინ--------------ეს 13.03.2018 წ. ობიექტური შემოწმებით ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას ილ--------------ის მიერ ინ--------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

2018 წლის 13 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. რუსთავში, თ-----------------–--------------------------–------------------------–----------–---------------------------------ში. შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ და--------------ის მიერ დათვალიერებული იქნა ზ/აღნიშნული ბინა, რა დროსაც ბინის მისაღებ ოთახში არსებული დივნიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ერთი ცალი ქალის მაისური, რომელსაც ზემოთ ნაწილში წინა და უკანა მხარეს აღენიშნება ღია ყავისფერი ლაქები. აღნიშნული დალუქული იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ. მართალია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, თუმცა არ შეიცავს ინფორმაციას ილ--------------ის მიერ ინ--------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

რაც შეეხება ბრალდების მოწმეების: მე---------------ის და ჯა--------–---ის გამოკითხვის ოქმებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს /იმ დროს მოქმედი/ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

პალატა ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი შეიცავს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ილ--------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ილ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ილ--------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ილ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

ილ--------------ეს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი ქალის მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე