განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001875236
საქმე №1ბ/350-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლე----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
აზ-------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: თბილისი, თ---------------–-----------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით აზ------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
აზ------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისში, ხ------–---–----------- აზ------------ს შელაპარაკება მოუვიდა ყოფილ მეუღლესთან - ი------–--ესთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და ბოლო წლებში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც ხშირად ამცირებდა და აყენებდა შეურაცხყოფას. აზ------------მა შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ალ---------–--ის თანდასწრებით, ი------–--ეს თავის არეში გაარტყა ენერგეტიკული სასმელის ქილა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა აზ------------ის ბრალეულობას. სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება აზ------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტმა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლე----–----–---–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და აზ------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი და ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ აზ------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის თაობაზე, მოწმეების: ნა---------------ის, მზ---------–-----–---–ის, ლა–--–---------ას, გი----------------ის, ვა–----–--ის, გი------------------ის ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კო------------–-----–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოკვლეული სხვა მასალათა ერთობლიობა.
დაზარალებულმა ი------–--ემ ჩვენება არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ, რაც არ ნიშნავს, რომ მოწმე ძალადობას უარყოფს. პირიქით, ადასტურებს, რომ იგი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ მამხილებელ ინფორმაციას ფლობდა. იგივე უფლებით ისარგებლა ფაქტის თვითმხილველმა, დაზარალებულის შვილმა ალ---------–--ემ. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღო ის ეკონომიკური, ემოციური და სოციალური კავშირი, რაც ძალაუნებურად დაზარალებულს და მოწმეს ბრალდებულთან აკავშირებს. გარდა ამისა, საქმის არსებით განხილვის დროს სასამართლოში წარდგენილი იყო ინფორმაცია ოჯახში კონფლიქტის განმეორების შესახებ და ა--------------ს მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული, რის შემდეგაც მოკლე დროში, როდესაც სასამართლოში უნდა დაკითხულიყო არასრულწლოვანი ალ---------–--ე და იგი მზად იყო ჩვენების მისაცემად, სწორედ იმ სხდომაზე არ გამოცხადდა აზ------------ი რათა დამატებით დრო და საშუალება ჰქონოდა კვლავ ემოციური ზემოქმედება მოეხდინა შვილზე. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ისიც, რომ აზ------------ი ერთხელ უკვე ცნობილია დამნაშავედ ი------–--ის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები მკაფიოდ ავალდებულებს სახელმწიფოებს, ეფექტური პრევენციის გზით დაიცვან მსხვერპლი ძალადობისგან. ასევე, გასათვალისწინებელია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტითაც განიმარტა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისათვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიური ზიანის მიყენება, მათ შორის, ამ ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. ხოლო, გაეროს ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად, ძალადობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მართლმსაჯულებაზე - ხელმისაწვდომობა და ასევე, მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე. შესაბამისად, უნდა არსებობდეს რეალური გარანტიები მსხვერპლის დაცვისა და მასზე მოძალადის მხრიდან ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობების სრულად აღმოფხვრისათვის.
სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ საქმეში იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც დაზარალებულის მონაწილეობით არის ჩატარებული და რადგან მან უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად აღნიშნული ოქმიც მტკიცებულებად არ გაიზიარა. აღნიშნული მსჯელობა უპირისპირდება საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებას, N561აპ-15 საქმეზე, რომლითაც არათუ დაზარალებულის, ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტიც კი სასამართლომ პირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე იცვლიდა პოზიციას და უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე.
აპელანტს მიაჩნია, რომ როდესაც დაზარალებულზე და მოწმეზე აშკარაა ზემოქმება საქმის მასალებიდან და პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში გაზიარებულ უნდა იქნეს ირიბი ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები (ექსპერიმენტის ოქმი, შეტყობინება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა). საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც - მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აზ------------ის ნასამართლობა მისი დედის მიმართ განხორციელებული ანალოგიური დანაშაულისთვის და დედის ემოციური დამოკიდებულება მის მიმართ, არის დამარწმუნებელი ი------–--ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება აზ------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ აზ------------მა მეუღლის - ი------–--ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, კერძოდ:
ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ი------–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ალ---------–--ის, გი----------------ის, ნა---------------ის, მზ---------–-----–---–ის და ლა–--–---------ას დაკითხვის/გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეები: ვა–----–--ე, კო------------–-----–---–ი, ლე------------–---–ი.
დაზარალებულმა ი------–--ემ და არასრულწლოვანმა მოწმე ალ---------–--ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, მეუღლის და მამის - აზ------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულება, თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებდა აზ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
მოწმე ნა---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დაზარალებულ ი------–--ესთან ერთად მუშაობს ხ------–---–----------- „-------ს ხიდის მიმდებარედ არსებულ თონეში მცხობლად. 2017 წლის 26 თებერვალს, საღამოს საათებში, ი------–--ეს მეუღლემ - აზ------------მა მოუყვანა შვილი და ისინი ერთად გავიდნენ გარეთ. მოწმის ჩვენებით, დაახლოებით 15 წუთში გარეთ გასულმა, შენიშნა 50 მეტრის მანძილზე, თუ როგორ კრავდნენ ერთმანეთს ხელს ი------–--ე და აზ------------ი, რა დროსაც დაზარალებული ტიროდა. ამ ფაქტს ესწრებოდა არასრულწლოვანი ბავშვიც. ნა---------------ემ აზ------------ი წამოიყვანა თონისაკენ, ი------–--ე კი ბავშვთან ერთად გაემართა სახლისაკენ. მოწმის განმარტებით, აზ------------ი იყო მსუბუქად ნასვამი. თონესთან მიახლოვებისას, აზ------------მა გააგრძელა გზა, ნა---------------ე კი შევიდა თონეში და ინციდენტის თაობაზე უამბო თანამშრომელს, მზ---------–-----–---–ს.
ამდენად, მოწმე ნა---------------ის ჩვენებით დგინდება მეუღლეებს შორის შეკამათების ფაქტი და არა ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები: აზ------------ის მიერ ი------–--ის სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და თავში ქილის გარტყმის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი.
მოწმე მზ---------–-----–---–ის ჩვენებით, დაზარალებული ი------–--ე თანამშრომელია, ასევე იცნობს მის მეუღლეს აზ------------სა და არასრულწლოვან შვილს. 2017 წლის 26 თებერვალს, საღამოს საათებში, ი------–--ეს მეუღლემ აზ------------მა მოუყვანა შვილი და შემდეგ ისინი ერთად გავიდნენ გარეთ. დაახლოებით 15 წუთში გარეთ გავიდა მათივე თანამშრომელი ნა---------------ე, უკან დაბრუნებულმა კი მზ---------–-----–---–ს უამბო, რომ ცოლ-ქმარს შეკამათება მოუვიდათ და ა------ თონეში წამოიყვანა. მოწმემ აღნიშნა, რომ მან რჩევა მისცა ბრალდებულს, მეუღლესთან დაელაგებინა ურთიერთობა. ხოლო, მეორე დღეს ი------–--ისგან შეიტყო, რომ აზ------------მა მას ქილა ჩაარტყა თავში, თუმცა თავად ამ ფაქტს არ შესწრებია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2017 წელს 28 თებერვალს, ი------–--ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ე.წ. „-------ს ხიდთან არსებული თონიდან დაახლეობით 30 მეტრში, ი------–--ემ მიუთითა ადგილი - ქვეით მოსიარულეთა ბილიკის გვერდით გამწვანებულ ზონაზე, იქვე არსებულ ბეტონის კედლის მიმდებარედ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე აზ------------მა მას რამდენჯერმე ხელი ჰკრა და ესროლა ენერგეტიკული სასმელის ქილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი იქნა ერთ ცალ კომპ. დისკზე და დაილუქა სათანადო წესით.
აპელანტი აპელირებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, თუმცა ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, პალა ვერ დაეყრდნობა დაზარალებულ ი------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მსგავს ვითარებაში დაზარალებულის/მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმები) გამოქვეყნებაც კი არ ხდება, კერძოდ: სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს, წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის.
აპელანტი ასევე მიუთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ვერ დაეყრდნობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, უპირისპირდება საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებას, N561აპ-15 საქმეზე, რომლითაც არათუ დაზარალებულის, ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტიც კი სასამართლომ პირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე იცვლიდა პოზიციას და უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იყო რამდენადმე განსხვავებულ ვითარება, რადგან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოხდა არა ჩვენების მიცემა, არამედ ვითარების აღდგენა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც ბრალდებულების მიერ იყო გამოყენებული მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.’’
ბრალდების მხარე ასევე აპელირებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლების: გი----------------ის და ვა–----–--ის, ასევე ექსპერტ ლე------------–---–ის ჩვენებებზე და ექსპერტიზის დასკვნაზე.
თუმცა, პალატა აღნიშნავს, რომ გამომძიებლების: გი----------------ის და ვა–----–--ის, ექსპერტ ლე------------–---–ის ჩვენებებს ფაქტის დასადასტურებლად პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მათ დაადასტურეს აზ------------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. ისევე როგორც მოწმე მზია ტაველურაშვილის ჩვენება.
რაც შეეხება ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამედიცინო ექსპერტის №--------- დასკვნას, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით 2017 წლის 27 თებერვალს, მოქ. ი------–--ეს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას აზ------------ის მიერ ი------–--ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს /იმ დროს მოქმედი/ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
პალატა ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აზ------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავენ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა აზ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლე----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
აზ------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
განემარტოს აზ------------ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აზ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათების შემცველი 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე