განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002795301
საქმე №1ბ/512-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ პლ-------–-----–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ეკ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
პლ-------–-----–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ბორჯომში, მ----------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით:
პლ-------–-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
პლ-------–-----–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 11:10 საათზე, ქ. ბორჯომში, მ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პლ-------–-----–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე დედას აზ--–-----–-–---–ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჯოხი დაარტყა ზურგის არეში, ფეხი დაარტყა ბეჭების არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყმევინა თავი იატაკზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პლ-------–-----–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ეკ-------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ პლ-------–-----–-–---–ისათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ განაჩენის დადგენისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიუთითა ბრალის აღიარება, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად - პლ-------–-----–-–---–ის წარსული ნასამართლობა, რის უფლებაც სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არ ჰქონდა, რადგან ნასამართლობა გაქარწყლებული იყო. შესაბამისად, პლ-------–-----–-–---–ის საქმეში ფაქტობრივად დამამძიმებელი გარემოება არ ყოფილა. ამასთან, პლ-------–-----–-–---–ს დანაშაულებრივი ქმედება განხორციელებული აქვს 2018 წლის 29 ოქტომბერს, ანუ აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის გამკაცრებამდე. შესაბამისად, მასზე მოქმედებს კანონის უკუძალა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ პლ-------–-----–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და შერიგებულია დაზარალებულთან, მას სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ აზ--–-----–-–---–ის, მოწმე გი---------------ის ჩვენებებით, 2018 წლის 29 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოტივებზე მსჯელობისას პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს მითითებას პლ-------–-----–-–---–ისათვის სასჯელის განსაზღვრისას წარსული ნასამართლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევის საკითხზე და განმარტავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით პლ-------–-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 (ხუთი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, პლ-------–-----–-–---–ს გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 3 (სამი) თვით, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 04 მარტის განჩინებით, პლ-------–-----–-–---–ს, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და 2011 წლის 08 ნოემბრის განჩინებით დამატებული გამოსაცდელი ვადა - სულ 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე და გამოსაცდელ ვადად დაურჩა 3 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 7 (შვიდი) დღე, რომლის ათვლაც დაიწყო 2010 წლის 24 ნოემბრიდან.
სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 30 ოქტომბრის წერის თანახმად, პლ-------–-----–-–---–ი სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე არ იმყოფება, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 01 ნოემბრის წერილის თანახმად, პლ-------–-----–-–---–ს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში რაიმე სახის დავალიანება არ ერიცხება.
პალატა მიუთითებს, რომ პლ-------–-----–-–---–ის ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, რის გამოც აპელანტის ზემოაღნიშნული არგუმენტი საფუძვლიანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების (მათ შორის, სასჯელის) საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან, იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენი).
აღნიშნულის მიუხედავად, პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ეკ-------------–--ის მოთხოვნას, პლ-------–-----–-–---–ისათვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდების თაობაზე. სააპელაციო პალატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პლ-------–-----–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.
პალატა ასევე ეხმიანება აპელანტის მითითებას პლ-------–-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის რედაქციაზე და განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა 2018 წლის 29 ოქტომბერს, რა დროსაც მოქმედებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 2018 წლის 30 მაისის რედაქცია, რომლის სანქციაც ითვალისწინებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, პლ-------–-----–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი კანონიერია ამ მიმართებითაც.
ამდენად, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია პლ-------–-----–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ვინაიდან, თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პლ-------–-----–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ეკ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პლ-------–-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
პლ-------–-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
პლ-------–-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ხელჯოხი, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე