განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
330100118002642996
ინსტანცია
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002642996

საქმე #1/ბ-492-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

მსჯავრდებული - გი-----------------------------ე, დაბადებული 1--- წლის 1----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------------------------------------------.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით).

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით გი----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

მსჯავრდებულ გი----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 აგვისტოდან - 2019 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და გი----------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და გარემოებები. გი----------------ეს ბრალი ედებოდა ქონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნება, რომ იგი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. რაც შეეხება ჩადენილ დანაშაულს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის მომეტებული საფრთხის შემცველი.

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, თბილისში, პ--------- ქუჩის N1-ის მიმდებარედ, გი----------------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სვ----–--- ტი---–-----ს კუთვნილ, წითელ ხელჩანთას, მასში მოთავსებული ნივთებითა და ფულადი თანხით 26 (ოცდაექვსი) ლარის ოდენობით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გი----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილის გო----------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულ გი----------------ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი წარსულის, მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებისა და მონანიების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, გი----------------ისთვის განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი----------------ე აღიარებს და ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი), არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. პირობითი მსჯავრის გამოყენებით, 4 წლის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას და გამოიტანს სათანადო დასკვნას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას გი----------------ის ნასამართლობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ნასამართლობა არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილია ცნობა გი----------------ის ნასამართლობის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენით გი----------------ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. გი----------------ეს აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებული ნასამართლობა, სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქარწყლდა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 2006 წელს. რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულ ჯარიმას - 2500 ლარის ოდენობით,(საქმეში წარმოდგენილია აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის წერილი, რომლის თანახმადაც, დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მონაცემებით საქმის წარმოება არ მიმდინარეობს, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2018 წლის 24 სექტემბრის N6---- წერილის თანახმად კი, გი----------------ეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე დავალიანება არ ერიცხება.

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების (მათ შორის) - სასჯელის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენი).

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში პროკურორი ასევე მიუთითებს, რომ გი----------------ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ გი----------------ის ნასამართლობის შესახებ ცნობის მიხედვით, გი----------------ე 2007 წლის 2 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ პასუხისგებაშია მიცემული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით #1-------- საქმეზე და საბოლოო გადაწყვეტილება არ ფიქსირდება. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 2019 წლის 18 თებერვლის წერილიდან კი ირკვევა, რომ ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის #1-------- საქმეზე, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით და აღნიშნულ საქმეში გი----------------ე სარგებლობს მოწმის სტატუსით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ საქმეში, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად დანიშნა სასჯელი და საქმის სრულყოფილი განხილვის შედეგად უზრუნველყო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილის გო----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი გი----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის გო----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი გი----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გი----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.

გი----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ გი----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 22 აგვისტოდან - 2019 წლის 18 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გი----------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

წითელი ნაჭრის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, ასევე გი----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ოცლარიანი კუპიურა, სამი ხუთლარიანი კუპიურა, ხურდა ფული 18 (თვრამეტი) ლარისა და 45 (ორმოცდახუთი) თეთრის ოდენობით, მოქალაქის პასპორტი, შავი „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი და ლურჯი სასტვენი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; ორ--- მა-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; გი----------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; რა---- ოჩ-----ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, სამ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე