განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001634184
საქმე №1ბ/1556-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-------------–-–---–ის
მსჯავრდებულის: პ------------–---–ის
ადვოკატის: გ--–--------–--–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ისა და მსჯავრდებულ პ------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) პ------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №0----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით პ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, შეუმსუბუქდა და პ------------–---–ს, საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
პ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით პ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გამოიხატა შემდეგში:
2010 წლიდან 2016 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, პ------------–---–ი მისი მეუღლის ხ--------------------ის მიმართ, შვილების თანდასწრებით ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა გინებასა და ლანძღვაში. ამცირებდა მას სხვადასხვა ღირსების შემლახავი უშვერი სიტყვებით, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ თუ განაცხადებდა პოლიციაში ძალადობის ფაქტს, წავიდოდა სახლიდან და დატოვებდა ფინანსური სახსრების გარეშე. 2016 წლის 30 ოქტომბერს კი პ------------–---–მა ხ--------------------ს თავში ჩაარტყა მუშტი და ყელის არეში ხელის წაჭერით ცდილობდა მის დახრჩობას, რითაც მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. პ------------–---–ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ხ--------------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა და მსჯავრდებულ პ------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა პ------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა პ------------–---–ის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს და პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადასტურდებოდა პ------------–---–ის ბრალეულობა. (იხ. სააპელაციო საჩივრები).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, პ------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და პ------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. როგორც უკვე აღინიშნა, პ------------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ბრალდების იგივე ფორმულირებით შევიდა მოცემული სისხლის სამართლის საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში. (იხ. დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. ტომი 1, ს. ფ. 81–83).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - რ----------–-–--–---–ის, გ-----------–--ის, თ---------–--------–---–ის (ინსპექტორ-გამომძიებლები), ს------------------–---–ის (დაზარალებულის და მსჯავრდებულის მეზობელი) ჩვენებებით, დაზარალებულ ხ--------------------ის 2016 წლის 2 ნოემბრის განცხადებით, 2016 წლის 2 ნოემბრის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოსურათებით), 2016 წლის 3 ნოემბრის შეტყობინებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - უტყუარად არ დასტურდება პ------------–---–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება დაზარალებულს, ხ--------------------მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს. სასამართლოში ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადა დაზარალებულის და მსჯავრდებულის შვილმა ვ--------------–---–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ხ--------------------მა (მსჯავრდებულის მეუღლე) და მოწმე ვ--------------–---–მა (დაზარალებულის და მსჯავრდებულის შვილი) გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე და შვილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ პ------------–---–ის მეუღლემ და შვილმა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული და მოწმე არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები, რომლებსაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი პ------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
რაც შეეხება მოწმეების - რ----------–-–--–---–ის, გ-----------–--ის, თ---------–--------–---–ისა და ს------------------–---–ის ჩვენებებს, აღნიშნული მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება პ------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად პ------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატის აზრით, ასევე ვერ დაედება საფუძვლად პ------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმეში არსებული, დაზარალებულ ხ--------------------ის 2016 წლის 2 ნოემბრის განცხადება, მისივე შეტყობინება პოლიციაში, 2016 წლის 2 ნოემბრის დათვალიერების ოქმი (თანდართული ფოტოსურათებით) და სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომელთა მიხედვით, დაზარალებულმა მიუთითა პ------------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობების შესახებ, რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ ხ--------------------ის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ. ამრიგად, ზემოხსენებული განცხადების, შეტყობინების, დათვალიერების ოქმისა და ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ. აგრეთვე, 2016 წლის 2 ნოემბრის დათვალიერების ოქმთან (თანდართული ფოტოსურათებით) და სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნასთან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები შინაარსობრივი (ფაქტობრივი გარემოებების) თვალსაზრისით ეწინააღმდეგება პ------------–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, 2016 წლის 2 ნოემბრის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოსურათებით) მიხედვით, დაზარალებული განმარტავს, რომ მარცხენა მკლავზე მიყენებული დაზიანებები, რომელთა ფოტოებიც მას გადაღებული და შენახული ჰქონდა თავის მობილურ ტელეფონში, დაახლოებით ცხრა თვის წინ მიაყენა პ------------–---–მა ცოცხის პლასტმასის ტარით ცემისას. აღნიშნული ძალადობრივი ქმედება პ------------–---–ს ბრალად შერაცხული არა აქვს, არამედ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ------------–---–ს ფიზიკურ ძალადობაში ბრალი წარედგინა მხოლოდ 2016 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც, დადგენილების მიხედვით, პ------------–---–მა ხ--------------------ს თავში ჩაარტყა მუშტი და ყელის არეში ხელის წაჭერით ცდილობდა მის დახრჩობას, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულზე დადგენილია სულ სხვა დაზიანებები მარცხენა მხრის ზემო და შუა მესამედში სხვადასხვა ზომის სისხლნაჟღენთების სახით, რაზეც ასევე არა აქვს ბრალდება წარდგენილი პ------------–---–ს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეაფასა რა საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციად მიჩნეული ზემოხსენებული მტკიცებულებები, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი და გამოკვლეული არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული კვალიფიკაციით პ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის გამყარებული ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მიუთითებენ მსჯავრდებულ პ------------–---–ის მიერ დანაშაულის – ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ ძალადობის ჩადენას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის, 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის და 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნებია, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პ------------–---–ი ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პ------------–---–ის მიმართ არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ პ------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი პ------------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი;
პ------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ პ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა; ასევე გაუქმდეს საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, გირაოს შეფარდებასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები;
გამართლებულ პ------------–---–ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ხ--------------------ის ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე