განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1936-16 29 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია, ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - შპს ,,ჯ----------ი“
წარმომადგენელი - ი-----–-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ა------“
წარმომადგენელი - ჯ------------–-–---–ი
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2016 წლის 03 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;
აპელანტის მოთხოვნა – თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 03 თებერვლის განჩინების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ა------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ”ჯ-----------” დაეკისრა მოსარჩელის სს ”ა------”-ს სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 299 350.3 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარის და 30 (ოცდაათი) თეთრის ოდენობით, ასევე - პირგასამტეხლოს გადახდა 12 7847.15 ( ას ოცდაშვიდი ათას რვაას ორმოცდაშვიდი) ლარის და 15 (თხუთმეტი) თეთრის, ოდენობით. მოპასუხე შპს ”ჯ-----------” მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0,15 პროცენტის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 16 სექტემბრიდან _ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 თებერვლის განჩინებით .მოპასუხე შპს ”ჯ----------”-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2015ლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება;
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
თელავის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბერს სასარჩელო განცხადება წარადგინა სს ,,ა------მ” მოპასუხე შპს ”ჯ----------ი”-ს მიმართ, დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
_ მხარეებს შორის 2013 წლის 18 ნოემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
_ხელშეკრულების თანახმად მყიდველის მიერ გამყიდველისგან შეძენილი იქნა ღვინომასალა ,,ო----–-–-” 53762 ლარის ოდენობით. ერთი ლიტრის ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 3.15 ლარი. საქონლის ღირებულების დაფარვის ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან სამი თვის განმავლობაში.
_ 2013 წლის 22 ნოემბერს მყიდველმა სრულად ჩაიბარა შეძენილი პროდუქტი.
_ 2014 წლის 27 მაისს დაიდო ახალი ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მიერ სს ,,ა------სგან“ შეძენილი იქნა ღვინომასალა ,,რ--–-----–-” 15000 ლარის ოდენობით. ერთი ლიტრი ,,რ--–-----–-ს” ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1.60 ლარი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეძენილი მთლიანი პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 140 000 ლარი. საქონლის ღირებულების ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან ექვსი თვის ვადით.
_ 2014 წლის 09 ივნისს მოპასუხესთან დაიდო მესამე ნასყიდობის ხელშეკრულება.
_ მოპასუხის მიერ გამყიდველისგან შეძენილ იქნა ღვინომასალა ,,რ--–-----–-” 5000 ლარის ოდენობით. საქონლის ღირებულების დაფარვის ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან ექვსი თვის ვადით. 2014 წლის 13 ივნისს გამყიდველის მიერ მყიდველისგან სრულად იქნა გადაცემული შეძენილი პროდუქტი ღვინომასალა - ჯამში 20150 ლარის ოდენობით.
_ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ. კერძოდ: 2014 წლის იანვრის თვეში გადაიხადა 30 000 ლარი, 2014 წლის თებერვალში - 40000 ლარი, აპრილში - 35000 ლარი, მაისში - 65000 ლარი, ხოლო 2015 წლის ივნისში - 22400 ლარი, სულ გადახდილია 192 400 ლარი.
_ მოპასუხეს გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა 299 350.3 ლარი, ხოლო პირგასამტეხლომ, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ს შეადგენდა, 2015 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 127 847.15 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნაა:
_ მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების 299 350.3 ლარის;
_ პირგასამტეხლოს _ 127 847.15 ლარის (2015 წლის 11 სექტემბრისთვის);
_ პირგასამტეხლოს _ სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ დღიურად 0,15%-ის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლები და განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 (ათი) დღე შესაგებლის სათანადო ფორმით წარმოსადგენად. ასევე მოპასუხეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
_ საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე შპს ,,ჯ----------ი”-ს წარმომადგენელს, თ--------------–---–ს, ჩაბარდა 2015 წლის 08 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის II ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის III ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელის და თანდართული მასალების ასლები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეს წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა მასალების ჩაბარებიდან. მოპასუხემ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა ვადის დარღვევით _ 2015 წლის 23 ოქტომბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს. ,,ა------”-ს და შპს ,,ჯ----------“-ს შორის 2013 წლის 18 ნოემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ გამყიდველისგან შეძენილი იქნა ღვინომასალა ,,ო----–-–-” 53 762 ლარის ოდენობით. ერთი ლიტრის ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 3.15 ლარი. საქონლის ღირებულების დაფარვის ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან სამი თვის განმავლობაში. 2013 წლის 22 ნოემბერს მყიდველმა ჩაიბარა შეძენილი პროდუქტი სრულად.
2. 2014 წლის 27 მაისს დაიდო ახალი ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხისგან სს.”ა------”-სგან შეძენილი იქნა ღვინომასალა ”რ--–-----–-” 15000 ლარის ოდენობით. ერთი ლიტრი ”რ--–-----–-”-ს ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1.60 ლარი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეძენილი მთლიანი პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 140 000 ლარი. საქონლის ღირებულების ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან ექვსი თვის ვადით.
3. 2014 წლის 09 ივნისს მოპასუხესთან დაიდო მესამე ხელშეკრულება. მოპასუხის მიერ გამყიდველისგან შეძენილ იქნა ღვინომასალა ”რ--–-----–-” 5000 ლარის ოდენობით. საქონლის ღირებულების დაფარვის ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან ექვსი თვის ვადით. 2014 წლის 13 ივნისს გამყიდველის მიერ მყიდველისგან სრულად იქნა გადაცემული შეძენილი პროდუქტი ღვინომასალა ”რ--–-----–-” 20150 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, 2014 წლის იანვრის თვეში გადაიხადა 30 000 ლარი, ხოლო 2014 წლის თებერვალში 40000 ლარი, აპრილში 35000 ლარი, მაისში 65000 ლარი, ხოლო 2015 წლის ივნისში 22400 ლარი, სულ გადახდილია 192 400 ლარი.
მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 299 350.3 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 2015 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 127 847.15 ლარს.
5. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ იხდის დავალიანებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები და მიაჩნია, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-402, 417-419ე, 477-ე, მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაში ასახული დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2015 წლის 16 სექტემბერს სს ,,ა------”მ სარჩელით მომართა სასამართლოს შპს ”ჯ----------”-ის მიმართ დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.
2015 წლის 06 ნოემბერს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შესაგებლის ვადაში წარმოუდგენლობის მოტივით.
2015 წლის 04 დეკემბერს მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა საჩივარი და აღნიშნა, რომ 2015 წლის 08 ოქტომბერს სს ,,ა------ს” წარმომადგენელმა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლები გადასცა თ--------------–---–ს, მოპასუხე შპს ,,ჯ----------”-ის დირექტორის _ დ-------------თვის გადასაცემად. თ--------------–---–ი ამ დროს იყო კურიერის როლში და არ წარმოადგენდა ორგანიზაციას. დ-------------თვის გზავნილის გადაცემა მოხდა 2015 წლის 15 ოქტომბერს. 2015 წლის 23 ოქტომბერს სასამართლოს ჩაბარდა შესაგებელი. სასამართლომ, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნის თანახმად, საქმეზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ შესაგებელი არ იყო შეტანილი სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში და სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, თუმცა სასამართლოს მაინც შეეძლო გაეთვალისწინებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები და შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ განიხილა საჩივარი, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
_ თელავის რაიონული სასამართლოს გზავნილის საფუძველზე მოპასუხეს დაევალა შესაგებლის წარმოდგენა, სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
_ 2015 წლის 08 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, თ--------------–---–მა ჩაიბარა თელავის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში არსებული სს ,,ა------“-ს სასარჩელო განცხადება და თანდართული მასალები (გზავნილი).
_ შპს ,,ჯ----------ის,, დირექტორის დ------------- მიერ 2015 წლის 04 ოქტომბერს გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, თ--------------–---–ს მიეცა უფლება მასზედ, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საერთო სასამარლოების ყველა სასამართლო ინსტანციაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და სხვა სახელმწიფო ოგანოებში, წარმოედგინა შპს ,,ჯ----------“-ის ინტერესები საგადასახადო ან სხვა სახის დავასთან დაკავშირებით.
_ ამავე რწმუნებულების საფუძველზე თ--------------–---–ს მიეცა უფლება შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია საზოგადოების ინტერესების დასაცავად, მათ შორის წარადგინოს და მიიღოს საჭირო დოკუმენტაცია, აღძრას სარჩელი, უარყოს ან ცნოს სასარჩელო მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ, შეცვალოს სარჩელის საგანი, გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, დაამთავროს საქმე მორიგებით, განაცხადოს შუამდგომლობა, მისცეს სასამართლოს ახსნა-განმარტება, აიღოს სააღსრულებო ფურცელი, აგრეთვე ისარგებლოს მხარისა და წარმომადგენლისათვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა უფლებით.
_ რწმუნებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ოქტომბრამდე.
დადგენილია, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში 2015 წლის 23 ოქტომბერს შევიდა შპს ,,ჯ---------ს“-ის შესაგებელი, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის დირექტორი დ------------.
_ 2015 წლის 28 ოქტომბერს თელავის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა ჯ------------–-–---–მა და ითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ მოპაუხის მიერ შესაგებლის წარდგენა მოხდა ვადის დარღვევით.
_ 2015 წლის 06 ნოემბერს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა სარჩელი.
_ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხემ შესაგებელი შემოიტანა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით. ამრიგად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით დასტურდება ის ფაქტი, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა შესაგებელი; კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პიველი და მეორე პუნქტის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს; მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ხოლო, ამავე კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში;
ზემოხსენებული ნორმები ადგენენ პირის უფლებას წარმომადგენლის მეშვეობით დაიცვან სასამართლოში თავიანთი უფლებები. ამასთან, წარმომადგნელობა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ (განსახილველ შემთხვევაში ორგანიზაციის დირექტორის) გაცემული მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე. წარმომადგენელი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, ამასთან, ისეთი საპროცესო მოქმედება, როგორიცაა სარჩელის აღძვრა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, სარჩელის ცნობა, სარჩელის საგნის შეცვლა, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღება სპეციალურად უნდა იქნას აღნიშნული მინდობილობაში(რწმუნებულებაში).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ----------“-ის დირექტორის მიერ, თ--------------–---–ზე გაცემული იყო რწმუნებულება, რომლის თანახმად, ამ უკანაკნელს ეძლეოდა, სხვა სპეციალურ უფლებებთან ერთად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობის უფლებამოსილება. როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ სპეციალური უფლებები საჭიროებს კონკრეტიზაციას უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ რწმუნებაში. ამასთან, კანონის მიერ ჩამონათვალით განსაზღვრულია სპეციალური უფლებების წრე, რომელშიც არ შედის შესაგებლის წარდგენა სასამართლოში. ამრიგად, ამ უფლებამოსილების განხორციელება მიეკუთვნება ,,ყველა სხვა საპროცესო მოქმედებას,, რომელიც აღნიშნულია 2015 წლის 04 ოქტომბრის რწმუნებაში ,,წარმომადგენლისთვის საპროცესო კანონდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებების,, სახით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია მასთან დაკავშირებით, რომ თ--------------–---–ი ამ შემთხვევაში ახორციელებდა მხოლოდ კურიერის ფუნქციას და მისთვის გზავნილის ჩაბარება არ შეიძლება ჩაითვალოს მხარისათვის გზავნილის ჩაბარებად;
შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, თ--------------–---–ისთვის გზავნილის ჩაბარება მიჩნეულ უნდა იქნას შპს ,,ჯ----------“-ის უფლებამოსილი პირისთვის გზავნილის ჩაბარებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმის მასალებით დადენილია, რომ შპს ,,ჯ----------“-ის წარმომადგენელს თ--------------–---–ს გზავნილი ჩაბარდა 2015 წლის 08 ოქტომბერს, ხოლო შესაგებელი სასამართლოში შეტანილია სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი ვადის დარღვევით; კერძოდ - 2015 წლის 23 ოქტომბერს. ვადის დარღვევის საპატიო მიზეზი არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე მხარის მიერ დასახელებული არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 -ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობისას თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლომ აგრეთვე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება მასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო შეემცირებინა შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს სარჩელთან დაკავშირებით, ანუ არ გახდის სადავოდ სარჩელში მითითებულ გარემოებებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იმას, მითითებული გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიულად სასარჩელო განცხადებას და დადებით შემთხვევაში გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, ეწინააღმდეგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების პრინციპს, რომლის საფუძველზეც სასამართლო არ მსჯელობს სარჩელში აღნიშნულ გარემოებებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ზემოდასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც სასამართლომ შპს ,,ჯ----------“-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ (პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში) სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჯ-------------“;
აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე, შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
_ აპელანტის განმარტებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ ამართლებს მისი მიღებისთვის აუცილებელ სამართლებრივ წანამძღვრებს; კერძოდ კი, გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, არაჯეროვანია ძირითად დავალიანებასთან მიმართებით და შესაბამისად, იგი უნდა შემცირდეს; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში კი პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია და მის მიერ სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა ისე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის სათანადოობა სასამართლოს არ გამოუკვლევია.
_ ამავდროულად, აპელანტმა მიუთითა იმაზეც, რომ მისი მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით; კერძოდ, 2015 წლის 08 ოქტომბერს სს. ,,ა------”-ს წარმომადგენელმა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლები გადასცა თ--------------–---–ს, მოპასუხე შპს ,,ჯ----------”-ის დირექტორის _ დ-------------თვის გადასაცემად. საჩივრის ავტორის განმარტებით, თ--------------–---–ი ამ დროს არ წარმოადგენდა ორგანიზაციას და იგი შესაძლებელია ითქვას, ასრულებდა კურიერის მოვალეობას. მოპასუხე საწარმოს დირექტორის _ დ-------------თვის გზავნილის გადაცემა განხორციელდა 2015 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო 2015 წლის 23 ოქტომბერს კი, სასამართლოს ჩაბარდა მოპასუხის შესაგებელი. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი დროულად იქნა წარდგენილი.
4. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
_ თელავის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს ,,ა------მ“ მოპასუხე შპს ,,ჯ----------ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებების საფუძველზე მოწოდებული პროდუქციის დარჩენილი ღირებულების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
_ თელავის რაიონული სასამართლოს გზავნილის საფუძველზე, მოპასუხეს დაევალა შესაგებლის წარდგენა სარჩელისა და თანდართული საბუთების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
_ 2015 წლის 08 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თ--------------–---–მა ჩაიბარა თელავის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სს ,,ა------“-ს სასარჩელო განცხადება და მასზე თანდართული მასალები.
_ შპს ,,ჯ----------ის“ მიერ შესაგებელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 23 ოქტომბერს, მხარისათვის შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ათდღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოში წერილობითი შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ჰქონდა 10 დღიანი ვადა, თუმცა მოპასუხეს მისთვის განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზისათვის უცნობებია სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მითითებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი პირობების არსებობისას:
_ მოპასუხე გაფრთხილებული უნდა იყოს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ;
_ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული უნდა იყოს არასაპატიო მიზეზით.
_ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------ის“ დირექტორის დ------------- მიერ 2015 წლის 04 ოქტომბერს გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, თ--------------–---–ს მიეცა უფლება, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საერთო სასამართლოების ყველა სასამართლო ინსტანციაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და სხვა სახელმწიფო ოგანოებში წარედგინა შპს ,,ჯ----------“-ის ინტერესები საგადასახადო ან სხვა სახის დავასთან დაკავშირებით. ამავე რწმუნებულების საფუძველზე თ--------------–---–ს მიეცა უფლება შეესრულებინა ყველა მოქმედება, რაც აუცილებელი იყო საზოგადოების ინტერესების დასაცავად, მათ შორის წარედგინა და მიეღო საჭირო დოკუმენტაცია, აღეძრა სარჩელი, უარეყო ან ეცნო სასარჩელო მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ, შეეცვალა სარჩელის საგანი, გაესაჩივრებინა სასამართლო გადაწყვეტილება, დაამთავრებინა საქმე მორიგებით, განეცხადებინა შუამდგომლობა, მიეცა სასამართლოსთვის ახსნა-განმარტება, აეღო სააღსრულებო ფურცელი, აგრეთვე ესარგებლა მხარისა და წარმომადგენლისათვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა უფლებით. რწმუნებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ოქტომბრამდე.
დადგენილია აგრეთვე, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში 2015 წლის 23 ოქტომბერს შევიდა შპს ,,ჯ---------სის“ შესაგებელი, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის დირექტორი დ------------.
კონკრეტულ შემთხვევაში, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მასზედ, რომ სარჩელი, მასზე თანდართული მასალები ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს და აღნიშნული დოკუმენტები მას (საწარმოს დირექტორს) გვიან გადაეცა.
სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჩივრის ავტორების ზემოდასახელებულ არგუმენტებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს შემდეგი:
დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა შესაგებელი; სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
მოხმობილი ნორმები ადგენენ პირის უფლებას, წარმომადგენლის მეშვეობით დაიცვან სასამართლოში თავიანთი უფლებები; ამასთან, წარმომადგნელობა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ (განსახილველ შემთხვევაში ორგანიზაციის დირექტორის) გაცემული მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე. წარმომადგენელი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, ამასთან, ისეთი საპროცესო მოქმედება, როგორიცაა სარჩელის აღძვრა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, სარჩელის ცნობა, სარჩელის საგნის შეცვლა, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღება სპეციალურად უნდა იქნას აღნიშნული მინდობილობაში (რწმუნებულებაში).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------“-ის დირექტორის მიერ თ--------------–---–ზე გაცემული იყო რწმუნებულება, რომლის თანახმადაც ამ უკანაკნელს ეძლეოდა უფლებამოსილება, სხვა სპეციალურ უფლებებთან ერთად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობისა; ამასთან, კანონის მიერ ჩამონათვალით განსაზღვრულია სპეციალური უფლებების წრე, რომელშიც არ შედის შესაგებლის წარდგენა სასამართლოში. ამრიგად, ამ უფლებამოსილების განხორციელება მიეკუთვნება ,,ყველა სხვა საპროცესო მოქმედებას“, რომელიც აღნიშნულია 2015 წლის 04 ოქტომბრის რწმუნებაში ,,წარმომადგენლისთვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებების“ სახით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ--------------–---–ი ამ შემთხვევაში ახორციელებდა მხოლოდ კურიერის ფუნქციას და რომ მისთვის გზავნილის ჩაბარება არ შეიძლება მიჩნეული იქნას მხარისათვის გზავნილის ჩაბარებად; შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ თ--------------–---–ისთვის გზავნილის ჩაბარება მიჩნეულ უნდა იქნას შპს ,,ჯ----------“-ის უფლებამოსილი პირისთვის გზავნილის ჩაბარებად.
პალატა აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოწინააღმდეგე მხარე გაფრთხილებული იყო შესაგებლის წარდგენის ვალდებულების ვადისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების თაობაზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს (აპელანტს) შეეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარედგინა შედგენილი შესაგებელი და უარეყო ან გაექარწყლებინა მის მიმართ წარდგენილი პრეტენზიები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობა და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა.
4.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სარჩელში მოყვანილი და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი თვალსაზრისით არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას, მოპასუხე შპს ,,ჯ----------“-ისათვის სს ,,ა------ს“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 127 847.15 ლარის, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 16 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ვადაგადაცილებული თანხის 0,15%-ის დაკისრების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 18 ნოემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მყიდველის მიერ გამყიდველისგან შეძენილი იქნა ღვინომასალა ,,ო----–-–-” 53 762 ლარის ოდენობით. ერთი ლიტრის ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 3.15 ლარი. საქონლის ღირებულების დაფარვის ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან სამი თვის განმავლობაში. 2013 წლის 22 ნოემბერს მყიდველმა სრულად ჩაიბარა შეძენილი პროდუქტი. 2014 წლის 27 მაისს დაიდო ახალი ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მიერ სს ,,ა------სგან“ შეძენილი იქნა ღვინომასალა ,,რ--–-----–-” 15 000 ლარის ოდენობით. ერთი ლიტრი ,,რ--–-----–-ს” ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1.60 ლარი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეძენილი მთლიანი პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 140 000 ლარი. საქონლის ღირებულების ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან ექვსი თვის ვადით. 2014 წლის 09 ივნისს მოპასუხესთან დაიდო მესამე ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხის მიერ გამყიდველისგან შეძენილ იქნა ღვინომასალა ,,რ--–-----–-” 5 000 ლარის ოდენობით. საქონლის ღირებულების დაფარვის ვადა განისაზღვრა პროდუქციის გადატვირთვიდან ექვსი თვის ვადით. 2014 წლის 13 ივნისს გამყიდველის მიერ მყიდველისგან სრულად იქნა გადაცემული შეძენილი პროდუქტი ღვინომასალა - ჯამში 20 150 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ. კერძოდ, 2014 წლის იანვრის თვეში გადაიხადა 30 000 ლარი, 2014 წლის თებერვალში - 40 000 ლარი, აპრილში - 35 000 ლარი, მაისში - 65 000 ლარი, ხოლო 2015 წლის ივნისში - 22 400 ლარი, სულ გადახდილია 192 400 ლარი. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა 299 350.3 ლარი, ხოლო პირგასამტეხლომ, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ის ოდენობითაა განსაზღვრული, 2015 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 127 847.15 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო. დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში ვალდებულება შეძენილი პროდუქტის თანხის გადახდის თაობაზე, სრულად არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. მართალია, მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დავალიანების ოდენობა, რისთვისაც მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება შეადგენს 299 350.3 ლარს, ამასთან, მოსარჩელე ამ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 127 847.15 ლარის დაკისრებას; სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმების (115–ე, 420-ე) და მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 40 000 ლარამდე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 40 000 ლარის და ყოველდღიურად, 2015 წლის 16 სექტემბრიდან _ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ვადაგადაცილებული თანხის 0,05%-ის გადახდა, ნაცვლად გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივი თვალსაზრისით არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სს „ა------ს“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 127 847.15 ლარის და 2015 წლის 16 სექტემბრიდან _ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ვადაგადაცილებული თანხის 0,05%-ის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ, უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 40 000 ლარის და ყოველდღიურად, 2015 წლის 16 სექტემბრიდან _ გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ვადაგადაცილებული თანხის 0,05%-ის გადახდის დაკისრების შესახებ. ასევე უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი - მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად 5000 ლარის დაკისრების თაობაზე. დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ნაწოილობრივ დასაბუთებულია (მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში) და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია ბაჟი 5000 (ს.ფ. 53); რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3973 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 79%-ის პროპორციულად. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 4250 ლარის ოდნობით, დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 53%-ით, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში, აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2263.55 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ჯ-----------ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ამ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 თებერვლის განჩინება შპს ,,ჯ----------“-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამავე სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სს „ა------ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 127 847.15 ლარის, ასევე 2015 წლის 16 სექტემბრიდან _ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ვადაგადაცილებული თანხის 0,15%-ის დაკისრების ნაწილში; ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,ა------“-ს სარჩელი შპს ,,ჯ----------“-ის მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს ,,ჯ----------“-ს დაეკისროს სს „ა------“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 40000 ლარის და 2015 წლის 16 სექტემბრიდან _ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ვადაგადაცილებული თანხის 0,05%-ის გადახდა.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამავე სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დანარჩენ (მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დავალიანების _ 299 350.3 ლარის დაკისრების) ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად 5 000 ლარის დაკისრების თაობაზე;
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, ,,ა------“-ს სასარგებლოდ შპს ,,ჯ----------“-ს სს დაეკისროს 3 973 ლარის გადახდა;
6. სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, ,,ჯ----------“-ის სასარგებლოდ სს „ა------“-ს დაეკისროს 2 263.55 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/
მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/