განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002194636
საქმე №2ბ/908-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ლ------------–-–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს----“ (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს "ს----ს" სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ------------–-–---–ს შპს "ს----ს" სასარგებლოდ დაეკისრა 1 310 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 684 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 598.50 აშშ დოლარი და პარკირების ჯარიმა 27.92 აშშ დოლარი.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2017 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა შპს "ს---- კრედიტმა" ლ------------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
სასარჩელო განცხადების თანახმად, 2----–-–----------------–ს შპს "ს----სა" და ლ------------–-–---–ს შორის გაფორმდა ლიზინგის N------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს ლიზინგით გადასცა ავტომობილი.
ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო გამცემისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 171 აშშ დოლარი 12 თვის განმავლობაში, ჯამში 2 052 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სალიზინგო გადასახადის ნაშთის 2%, არაუმეტეს 1 200 აშშ დოლარისა.
მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის სასამართლოში შემოტანის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1 310 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -
684 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 598 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2016 წლის 3 მარტიდან - 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით და პარკირების ჯარიმები - 27.92 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სასამართლოში წარადგინა წერილობითი პასუხი (შესაგებელი), რომლითაც ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 20 სექტემბერს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ლ------------–-–---–ს მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეუწყა 2018 წლის 04 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე საქმეს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განხილვის დღეს ნიშნავს მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს.)
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლო მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეუწყა 2018 წლის 04 ივლისს და მას ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
მოპასუხე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია, ხოლო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები - დამტკიცებულად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 580-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
2018 წლის 04 ოქტომბერს, ლ------------–-–---–მა საქალაქო სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით, ლ------------–-–---–ის საჩივარი ამავე კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მომჩივნის განცხადებით, მას ეცნობა სხდომის დღის შესახებ, თუმცა დაავიწყდა სხდომის დრო, რის გამოც ვერ მოახერხა დროულად გამოცხადება სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უწყება ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინებით მოპასუხეს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თაობაზე ეცნობა 2018 წლის 04 ივლისს, მისთვის ასევე ცნობილი იყო არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა, იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო, 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლში მითითებული იყო, თუ კონკრეტულად რა შემთხვევაში უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდებოდა, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ პირადად ეცნობა ლ------------–-–---–ს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ აერია სასამართლო სხდომის დრო (საათი) და ნაცვლად 11:00 საათისა, სასამართლოში 12:00 საათზე გამოცხადდა.
აპელანტი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მას სატელეფონო შეტყობინებით ნამდვილად ეცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე. ამასთან, განმარტავს, რომ 11:00 საათის ნაცვლად, სასამართლოში 12:00 საათზე გამოცხადდა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას გააჩნდა სამართლებრივი ინტერესი დაეცვა თავისი სამოქალაქო უფლებები და სასამართლო პროცესი დასრულებულიყო მის სასარგებლოდ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების მომენტისათვის, აპელანტი იმყოფებოდა ტრანსპორტში და ობიექტურად სრულად შესაძლებელი იყო რომ 11:00 საათი, მოსმენოდა 12:00 საათად.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ დაარღვია უწყების ჩაბარების გონივრულობის სტანდარტი, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლო უწყება ადრესატს ჩაბარდა პროცესამდე 3 თვით ადრე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კი სასამართლო სხდომაზე დაბარებისათვის ადგენს გონივრულობის ინსტიტუტს, რომ უწყება მხარეს უნდა ჩაბარდეს იმ ვარაუდით, რომ მან შეძლოს პროცესისათვის მომზადება. 3 თვით და უფრო ადრე შეტყობინებები არ წარმოადგენს ასეთ ,,გონივრულ ვადას’’, პირიქით, შესაძლოა სწორედ ასეთ ზედმეტად დიდ ვადაში მოხდეს აღრევა, დავიწყება და ა.შ.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს ,,ს----ს’’ სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 20 სექტემბერს 11:00 საათზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს "ს----ს" სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ლ------------–-–---–ს შპს "ს----ს" სასარგებლოდ დაეკისრა 1 310 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 684 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 598.50 აშშ დოლარი და პარკირების ჯარიმა 27.92 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით, ლ------------–-–---–ის საჩივრი ამავე კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასაბუთებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებს სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიოობაზე და განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მას აერია სასამართლოს სხდომის დრო და ნაცვლად 11:00 საათისა, სასამართლოში 12:00 საათზე გამოცხადდა. ამასთან, სასამართლო უწყების ჩაბარების მომენტისათვის, იგი იმყოფებოდა ტრანსპორტში და ობიექტურად სრულად შესაძლებელია, 11:00 საათი მოსმენოდა 12:00 საათად. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლოს მიერ უწყების ჩაბარების გონივრულობის სტანდარტის დარღვევის ფაქტზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. 2. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი აქტით (ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ) დასტურდება ლ------------–-–---–ისათვის სასამართლო უწყების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების შესახებ გარემოება (ტომი 1; ს.ფ. 82).
იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებზეც საჩივრის ავტორი მიუთითებს, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს (საქართველოს სსკ-ის 102-ე და 103.1 მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. პალატა აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოება (სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მას აერია სასამართლოს სხდომის დრო და ნაცვლად 11:00 საათისა, 12:00 საათზე გამოცხადდა. ამასთან, სასამართლო უწყების ჩაბარების მომენტისათვის, იგი იმყოფებოდა ტრანსპორტში და ობიექტურად სრულად შესაძლებელია 11:00 საათი მოსმენოდა 12:00 საათად) ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად მიჩნევისათვისათვის ,,სხვა გარემოება’’ გამოწვეული უნდა იყო განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის მიერ მითითებული მიზეზი, არ არის გამოწვეული განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ვინაიდან, იგი სუბიექტურ კრიტერიუმებზე მიუთითებს და თავისთავად სცილდება კანონის მიზნებს.
რაც შეეხება აპელირებას სასამართლომ მიერ უწყების ჩაბარების გონივრულობის სტანდარტზე, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 70.2 მუხლზე (მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა) და განმარტავს, რომ მითითებული მუხლით განსაზღვრულ გონივრულობის სტანდარტში, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საიდან უნდა წამოვიდეს მხარე, მისი წარმომადგენელი, რომელი ტრანსპორტით შეიძლება იმოგზაუროს მან, რამდენი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ მოემზადოს სასამართლო სხდომაზე გამოსასვლელად, თავისი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და საქმეში დამატებით არსებული მასალების გასაცნობად, რომელებსაც იგი ადრე, ამ საქმის მომზადების სტადიაზე არ გაცნობია და აშ. ამდენად, ამ მუხლით გათვალისწინებული უწყების ჩაბარების გონივრულობის სტანდარტში იგულისხმევა მხარისათვის უწყების ჩაბარება სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადების კუთხით და იგი არ ითვალისწინებს რამდენიმე თვით ადრე (ამ შემთხვევაში ეს მოხდა ორთვენახევრით ადრე) უწყების ჩაბარების შემთხვევაში, მითითებული მუხლით გათვალისიწნებული გონივრულობის სტანდარტის დარღვევას.
ამასთან, პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 205.1 მუხლის პირველ წინადადებაზე (თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს) და ამავე კოდექსის 207.1 მუხლის პირველ წინადადებაზე (მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს) და განმარტავს, რომ მითითებული მუხლები მხარეებისათვის სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შეტყობინების ვალდებულებას აწესებს შესაბამისი განჩინების მიღებიდან 3 დღეში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვალის განჩინებით, მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 19 აპრილს 12:00 საათზე, რის თაობაზეც მოპასუხეს ეცნობა იმავე დღეს საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დადგენილია ასევე, რომ აქტის საფუძველზე, მითითებულ დროს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის. ხოლო, 04.07.2018 წლის აქტით, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მოპასუხეს ეცნობა 20.09.2018 წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. ამდენად, ადგილი არ აქვს სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული მხარეთა ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევის ფაქტს.
როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (1. 2----–-–----------------–ს შპს "ს----სა" და ლ------------–-–---–ს შორის გაფორმდა ლიზინგის N------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს ლიზინგით გადასცა ავტომობილი; 2. ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო გამცემისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 171 აშშ დოლარი 12 თვის განმავლობაში, ჯამში 2 052 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სალიზინგო გადასახადის ნაშთის 2% არაუმეტეს 1 200 აშშ დოლარისა. 3. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1 310 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 684 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 598 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2016 წლის 3 მარტიდან - 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით და პარკირების ჯარიმები - 27.92 აშშ დოლარის ოდენობით) დამტკიცებულად, ამასთან, პალატის მოსაზრებით, კანონის ძალით დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 576-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
ამდენად, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თავად საჩივრის ავტორს ეკისრებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ლ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 75.00 ლარის ოდენობით წინასწარ გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი