განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
330210016001405054
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება, სამოქალქო
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001405054

საქმე №2ბ/2158-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - გ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს---------------–---------“

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 14 მარტის განჩინება

 

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

სს ,, ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა: გ-------------–---–ს გადასახდელად დაეკისროს 11240 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6000 ლარი, პროცენტი 3240 ლარი და პირგასამტეხლო 2000 ლარი).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, ს---------------–---------ს“ სარჩელი მოპასუხე გ-------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2007 წლის 26 ივნისს სს ,,ს----------–--------სა“ და მოპასუხე გ-------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე, წლიური 27% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

2.2. მსესხებელს კრედიტის თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 26 რიცხვში.

 

2.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის - 0,5%-ის ოდენობით.

 

2.4. მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას სესხის დაფარვა არ განხორციელებულა.

 

2.5. დარიცხული დავალიანება შეადგენს სესხის ძირ თანხას - 6000 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დარიცხულ სარგებელს - 3240 ლარს და პირგასამტეხლოს, რაც შემცირებულია 2000 ლარამდე.

 

2.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2016 წლის 14 ივლისს (იხ. დასტური). ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. კოდექსის 232I-ე მუხლით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და სასამართლო მხოლოდ ადგენს, თუ რამდენად არის შესაძლებელი დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებებიდან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება და ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობა: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ (მოწინააღმდეგემ მხარემ) ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე.

 

2.8. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 26 ივნისს სს ,,ს----------–--------სა“ და მოპასუხე გ-------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე, წლიური 27% სარგებლის დარიცხვის პირობით. მსესხებელს კრედიტის თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 26 რიცხვში. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის - 0,5%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას სესხის დაფარვა არ განხორციელებულა. დარიცხული დავალიანება შეადგენს სესხის ძირ თანხას - 6000 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დარიცხულ სარგებელს - 3240 ლარს და პირგასამტეხლოს, რაც შემცირებულია 2000 ლარამდე.

 

ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 623-625-ე, 867-868-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.

 

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და მისთვის ასევე უცნობი იყო სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ სარჩელი შეტანილი იყო 2016 წლის ივლისის თვეში და მოთხოვნილი იყო 26.06.2007წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2016 წლის 14 ივლისს მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა, თუმცა შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლომ 2018 წლის 17 იანვარს დანიშნა და ჩაატარა სასამართლო მთავარი სხდომა, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. 17 იანვრის სხდომაზე მოსარჩელემ სარჩელი ნაწილობრივ გაიხმო და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები. მოცემულ ვითარებაში, სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის საფუძვლით და ვინაიდან დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, უნდა მოეწვია მოპასუხეც, რათა მას მისცემოდა შესაძლებლობა არგუმენტები გამოეთქვა სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, თანახმად სსსკ-ის 2321-ე მუხლისა. ნაცვლად ამისა სასამართლომ მოიწვია მხოლოდ მოსარჩელე და მას დააზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის საფუძვლით. მოსარჩელის მიერ სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობისა და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბების შემდეგ, სასამართლოს ხელახლა უნდა გაეგზავნა მოპასუხისთვის სარჩელი და ხელახლა მისცემოდა შესაძლებლობა შესაგებლის წარმოსადგენად. ამგვარი მიდგომა უკანონოა და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონის არცერთი ნორმიდან. სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როგორც აღიარებული საპროცესო ნორმა სასარჩელო წარმოებისას. გარდა ამისა, საჩივრის ავტორს გააჩნდა შესაგებლის წარმოუდგენობლის საპატიო მიზეზი, ვინაიდან იგი არ ჩაბარებია უშუალოდ მოპასუხეს და ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რის გამოც მისთვის უცნობი იყო სასამართლოში მოცემული დავის არსებობის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელი წარმოებაში იყო მიღებული 2016 წლის ივლისის თვეში და 2018 წლის 17 იანვრამდე სასამართლოს არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო გარემოებები არ ამართლებდა მოთხოვნებს. მხოლოდ 19 თვის შემდეგ სასამართლომ დაიწყო ამ საქმის განხილვა და დანიშნა კიდეც მთავარი სხდომა, რომლის თაობაზე იმავდროულად უნდა ეცნობებინა მოპასუხისთვისაც. ამასთანავე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ სასამართლომ 17 იანვარს დანიშნა მთავარი სხდომა. თუკი მოცემულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ ნაწილობრივ გაიხმო სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მთავარ სხდომაზე სარჩელის გამოხმობა დასაშვები იყო მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. ამდენად დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა უკანონოდ და სასამართლომ დაარღვია მოპასუხის საპროცესო უფლებები. სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლითაც, რომ სასარჩელო მოთხოვნები იყო ხანდაზმული. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ საკრედიტო ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა 2007 წლის 26 ივნისს 6000 ლარის ოდენობით და მისი გადახდის ვადა იყო 24 თვე, ანუ 2009 წლის 26 ივნისამდე პერიოდი. დადგენილია, რომ სესხის დაფარვა საერთოდ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო როგორც 2009 წლის 26 ივნისამდე, ასევე ამ ვადის გასვლის შემდგომ 3 წლის განმავლობაში შეეტანა სარჩელი სასამართლოში. ასეთი სარჩელი მოსარჩელემ სასამართლოში აღძრა მხოლოდ 2016 წლის ივლისის თვეში, ანუ 7 (შვიდი) წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნული გარემოება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო და იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე გ-------------–---–მა მოითხოვა 2018 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია და განმარტა, რომ მოსაზრება დაკავშირებით, თითქოს სარჩელი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს საფუძველს მოკლებულია. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ საკუთარი განმარტებით და ამასთან, არც ის ფაქტობრივი გარემოება იყო მითითებული საჩივარში, თუ რატომ არ ითვლებოდა მისთვის სარჩელი ჩაბარებულად. საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ სარჩელი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, თუმცა არ მიუთითებდა და არ იძლეოდა განმარტებებს, თუ რატომ იყო არაუფლებამოსილი პირი გზავნილის მიმღები. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ამ ნაწილში მომჩივანს მტკიცება ფაქტობრივად არ განუხორციელებია და არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები. საწინააღმდეგოდ კი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები14.07.2016წ. ჩაბარდა მოპასუხის დედას ნ-----–-------–---–ს (იხ. დასტური).

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები გაგზავნილი იქნა შემდეგ მისამართზე: ლ--------ი, ჭ----------ა, 1--–-------, N--, რაც ჩაბარებული აქვს ნ-----–-------–---–ს. ამდენად, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხის ოჯახის წევრს გზავნილი მიღებული აქვს და არ აქვს გაცხადებული, რომ ის მოპასუხის ოჯახის წევრი არ არის და მასთან არ ცხოვრობს მოპასუხე. საფოსტო დასტურში ცხადად არის დაფიქსირებული, რომ გზავნილის მიმღები, როგორც მოპასუხის დედა ადასტურებს კონკრეტულ მისამართზე მოპასუხის სახელზე გაგზავნილ კორესპონდენციის მიღების ფაქტს, მის დამოკიდებულებას და არ აცხადებს, რომ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობს. სასამართლომ საგულისხმოდ ჩათვალა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს საჩივრით სადავოდ არ გაუხდია საცხოვრებელი ადგილის ნამდვილობის ფაქტი, ანუ, საჩივრის ფარგლებში არ შედავებია და უმტკიცებია, რომ ზემოხსენებული მისამართი არ იყო მისი ძირითადი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ამასთან, როგორც ბანკის წარმომადგენელი ამტკიცებდა და რაც რეგისტრაციის შესახებ მონაცემებიდანაც ირკვეოდა, მოპასუხე რეგისტრირებულია მისამართზე ლ--------ი, ს. ჭ----------ა. ზ. ფ---–---–--–---–ის ქ. N--. ამასთან, მომჩივანს არც ნორმით გათვალისწინებულ მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიუთითებია. ამიტომ, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა, რადგან მომჩივანს არ განუხორციელებია სათანადო შედავება და მტკიცება, რაც მის ვალდებულებას წარმოადგენდა (სსსკ-ის 102-103-ე მუხლები). ამდენად, სასამართლოს აზრით, იმ პირობებში, როცა მომჩივანს არც ფაქტები აქვს მითითებული და არც მტკიცებულება წარმოდგენილი გზავნილის მიმღების არაუფლებამოსილებასთან დაკავშირებით, პრეტენზია ამ ჭრილში სასამართლოს მიერ უარყოფილია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლომ ყურადღების გარეშე ვერ დატოვა ის ფაქტობრივ გარემოება, რაც ასევე საქმის მასალებიდან გამომდინარეობდა და მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ განხორციელებაზე, რაზეც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებაში შეგნებულად მიუთითა არასწორი და არასრული მისამართები. კერძოდ: თბილისი, საბურთალოს 43. ხოლო მითითებული მისამართი არასრულია, რადგან აკლია სადარბაზოსა და ბინის ნომერი, რის გამოც აღნიშნულ მისამართზე მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება შეუძლებელი გახდა. 2014-2016 წლამდე პერიოდში ბანკის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე სცადეს მსესხებელთან ტელეფონის მეშვეობით დაკავშირება, რა დროსაც მოპასუხემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე და შემდგომ, მან შეწყვიტა ტელეფონზე კომუნიკაცია (იხ. სხდომის ოქმი). სასამართლომ ვერ გაიზიარა მომჩივანის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე არ იყო მოწვეული, რის გამოც დაირღვა მისი უფლება. საჩივრის ავტორის ამგვარ პოზიციას აქარწყლებს საქმეში არსებული მასალები, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ საქმეზე ჩატარდა არა ერთი სხდომა, არამედ ორი სასამართლო სხდომაა, რომლებზეც მოპასუხე სასამართლომ გამოიძახა ორივე შემთხვევაში, თუმცა უშედეგოდ. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 28.12.2017წ. დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმირების მიზნით, უწყება მოპასუხეს მისამართებზე გაეგზავნა არაერთხელ. ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ქალაქ თბილისის მისამართზე ვერ ჩაბარდა უწყება არასრული მისამართის გამო, რადგან მისამართზე იყო კორპუსი და უცნობი იყო ბინის ნომერი (იხ. დასტური), ხოლო ლ--------ის მისამართზე სასამართლოს მიერ არაერთხელ გაგზავნილი უწყება, ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ მოპასუხე ცხოვრობდა თბილისში. ასეთი განმარტებები ფოსტის მუშაკისათვის მიცემული აქვთ დარეჯან გ----–---–სა და გიგა დოლიძეს (იხ. დასტურები). სასამართლოსათვის უცნობია მათი კავშირი ადრესატთან, თუმცა ცხადია, რომ მათ არ მიუთითებიათ ფოსტის მუშაკისათვის მოპასუხის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი ქალაქ თბილისში. არც ის მიუთითებიათ, რომ მათთვის უცნობი იყო მოპასუხის ზუსტი მისამართი. სასამართლო მიუთითებს აგრეთვე, რომ 28.12.2017წ. საოქმო განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 17 იანვარს, რის შესახებაც მოპასუხეს კვლავ გაეგზავნა უწყება სასამართლოსათვის ცნობილ ყველა მისამართზე, თუმცა ვერ მოხერხდა უწყების ჩაბარება ზემოხსენებული მიზეზებით (იხ. დასტურები). ამასთან, გ-------------–---–ს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით, რადგან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდებოდა. ამიტომ, იმაზე მითითება, რომ სასამართლოს მოპასუხე სხდომაზე არ მოუწვევია საფუძველს მოკლებულია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

 

სასამართლოს შეფასებით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული მომჩივანის პრეტენზიები მისი უფლების დარღვევის ნაწილშიც, რაც გამომდინარეობს იქიდანაც, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სასამართლომ მაქსიმალურად უზრუნველყო საპროცესო კანონის სწორი გამოყენება და მხარეთა უფლებრივი კონკურენციის დაბალანსება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხის მიერ არაერთხელ შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა და საბოლოოდ პირგასამტეხლო ნაცვლად 6042.14 ლარისა მოთხოვნილი იქნა 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელი დარიცხული პროცენტის ნაწილში გაიხმო ნაწილობრივ - 10156.16 ლარის ოდენობით და ნაცვლად 13390.16 ლარისა იშუამდგომლა მოპასუხისათვის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში დარიცხული პროცენტის 3204 ლარის დაკისრება. ამასთან, სასამართლოს აზრით, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის პოზიცია სარჩელის მოთხოვნის ნაწილში მისი გამოხმობის გამო განუხილველობასთან დაკავშირებით. სადავო საკითხზე სასამართლომ პოზიცია დააფიქსირა 17.01.2018წ. განჩინებაში (იხ. განჩინება) და განმარტა, რომ, თუ მხარე განჩინებას არ ეთანხმებოდა, შეეძლო გაესაჩივრებინა კერძო საჩივრით. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საფუძველს მოკლებული იყო ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხეს დამატებით უნდა გაგზავნოდა სარჩელი და თანდართული მასალები, რადგან ამის კანონით გათვალისწინებული წინაპირობა არ არსებობდა, სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი არ შეცვლილა, მოხდა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოთხოვნის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება, რაც ნამდვილად არ აუარესებდა მოპასუხის პროცესუალურ მდგომარეობას.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე და მიუთითა, რომ ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება, რომლის მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები. შესაბამისად, ეს ფაქტი შესაგებლის ფარგლებია და დაუშვებელია მისი გამოკვლევა სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით.

 

სასამართლოს მითითებით, საჩივრის საფუძვლიანობას გამორიცხავდა საქმეში არსებული მასალების ერთობლივი განხილვა-შეფასება. კერძოდ, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლომ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა. დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მოპასუხისათვის ჩაბარება 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ--------ის რაიონულ სამმართველოს, თუმცა უშედეგოდ. 01.02.2018 წ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 7-ე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მომართვიდან ირკვევა, რომ გ-------------–---–ს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა, რადგან მრავალსართულიან კორპუსში ადრესატი ვერ მოიძებნა. 12.02.2018წ. შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლ--------ის რაიონული სამმართველოს უფროსის მომართვით დგინდება, რომ გ-------------–---–ს მისამართზე: ლ--------ი ჭ----------ა, პირველი ქ. N-- სასამართლოს გზავნილი ვერ ჩაბარდა, გამოკითხული იქნა მეზობლად მცხოვრები ბიძა ლ----------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ადრესატი ცხოვრობს ქალაქ თბილისში სხვადასხვა მისამართზე ქირით და იცის მხოლოდ მოპასუხის მამის - ა---- გ----–---–ის ტელეფონის ნომერი, რომელიც იშვიათად ჩამოდის სოფელში და დაახლოებით 4 თვეა რაც არ ყოფილა. ოქმში მითითებულ ნომერზე სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ 13.02.2018წ. სატელეფონო საუბრის მეშვეობით მოპასუხეს ეცნობა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისამართებზე მისი ჩაუბარებლობის შესახებ. მოპასუხეს მიეცა წინადადება გამოცხადებულიყო სასამართლოში, რათა ჩაებარებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა საცხოვრებელი მისამართი, ადრესატმა მისამართის მითითებისაგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით 2 დღის ვადაში გამოცხადდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა გ-------------–---–მა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაიბარა გაცილებით გვიან - 21.02.2018 წელს, ამდენად, სასამართლოს შეფასებით, როგორც საქმის მასალებიდან გამომდინარეობდა, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილია ყველა საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც არ არის სათანადოდ გაქარწყლებული და საწინააღმდეგო გარემოებები დადასტურებული. სასამართლომ იქვე განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. შესაბამისად, საჩივრის ავტორის მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული. მით უფრო იმ ვითარებაში, როცა საჩივრის ავტორს გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე დაადგინა, კანონის ძალით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად დასტურდებოდა თუ არა კონკრეტული სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობის არსებობა. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილად (დამტკიცებულად) მითითებული გარემოებები, იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას, რის გამოც მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საჩივრის ავტორს, საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ საჩივარში მითითებული განმარტებით, რაც, სასამართლოს აზრით, კიდევ უფრო გამორიცხავდა საჩივრის საფუძვლიანობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გარემოებანი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთან, სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს მხარეთა სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების პირობებში ნამდვილად უზრუნველყოფილი იყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული ადაწყვეტილება არასწორია და იგი გაუქმებული უნდა იქნას შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მიერ სარჩელი შეტანილ იქნა 2016 წლის ივლისის თვეში და მოთხოვნილი იყო 26.06.2007 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 14 ივლისს მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა, თუმცა შესაგებელი არ წარმოუდგენია. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის მიხედვით ირკვევა, რომ სასამართლომ 2018 წლის 17 იანვარს დანიშნა და ჩაატარა სასამართლო მთავარი სხდომა, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. 17 იანვრის სხდომაზე მოსარჩელემ სარჩელი ნაწილობრივ გაიხმო და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის საფუძვლით და ვინაიდან 17 იანვარს დანიშნა სასამართლო მთავარი სხდომა, მოცემულ სხდომაზე უნდა მოეწვია აპელანტი და მიეცა შესაძლებლობა თავისი არგუმენტები გამომეთქვა სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლისა. აპელანტი მიუთითებს, რომ ნაცვლად ამისა, სასამართლომ მიიწვია მხოლოდ მოსარჩელე მხარე და მას დააზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის საფუძვლით. მოსარჩელის მიერ სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობისა და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების ჩამოყალიბების შემდეგ, სასამართლოს ხელახლა უნდა გაეგზავნა მისთვის სარჩელი და ხელახლა მიეცა შესაძლებლობა შესაგებლის წარსადგენად. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ ამგვარი მიდგომა უკანონოა და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონის არცერთი ნორმიდან. ამით სასამართლო დაარღვია შეჯიბრობითობის პრინციპი, როგორც აღიარებული საპროცესო ნორმა სასარჩელო წარმოებისას.

 

3.2. აპელანტი განმარტავს, რომ მას ჰქონდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი, ვინაიდან იგი არ ჩაჰბარებია უშუალოდ მას და ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რის გამოც მისთვის უცნობი იყო სასამართლოში მოცემული დავის არსებობის შესახებ. კერძოდ, მოპასუხე მხარე არ ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც სასამართლომ გააგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, ამის შესახებ მოპასუხემ აღნიშნა ზეპირი განხილვის დროსაც და ამის დასტურია ის გარემოებაც, რომ სხდომაზე გამოძახების უწყებები და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა თბილისში სხვა მისამართზე. აპელანტის აზრით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაში მოპასუხის მისამართია ქ. თბილისი, ს----------–---------. 2017 წლის ბოლოს, როდესაც სასამართლომ დანიშნა საქმის განხილვა, იგი ცდილობდა მოპასუხისათვის უწყების ჩაბარებას ლ--------ის მისამართზე, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ გახდა საჭირო საჯარო შეტყობინების გამოცხადება.

 

3.3. აპელანტის შეფასებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ მე-3 პუქტში აღნიშნულია, რომ სასამართლომ 17 იანვარს დანიშნა მთავარი სხდომა და თუკი მოცემულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ ნაწილობრივ გაიხმო სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მთავარ სხდომაზე სარჩელის გამოხმობა დასაშვები იყო მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მიეღო ე.წ. დასწრებული გადაწყვეტილება იმ საფუძვლითაც, რომ სასარჩელო მოთხოვნები იყო ხანდაზმული. აპელანტის მოსაზრებით, ხანდაზმულობის გარემოებაზე სასამართლომ გააკეთა მცდარი დასკვნები, როდესაც აღნიშნა, რომ მან არ ჰქონდა უფლება ხანდაზმულობის თვალსაზრისით კვლევა მოეხდინა, ვინაიდან ეს საკითხი შესაგებლის წარდგენის ფარგლებში იყო მხოლოდ შესაძლებელია. სასამართლოს ამგვარი მოსაზრება ეწინააღმდეგება საპროცესო კანონით გათვალისწინებულ დისპოზიციურიობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს და ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად საპროცესო პრინციპს, რომ სასარჩელო გარემოებები უნდა ამართლებდნენ მოთხოვნას. ხანდაზმულობის საკითხი წარმოადგენს სამართლებრივ გარემოებას და ამ თვალსაზრისით სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება სასამართლო ვალდებულებაა მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროსაც. ასეთ დროს მხოლოდ სარჩელის ფაქტობრივ დასაბუთებულობას არ იკვლევს სასამართლო, თუმცა ვალდებულია სამართლებრივი კუთხით შეაფასოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, აღნიშნული აუცილებლად გამოსაკვლევი იყო სასამართლოს მხრიდან. აპელანტი განმარტავს, რომ სარჩელის იურიდიული მართებულობის თვალსაზრისით სასამართლო ვალდებული იყო შეემოწმებინა ხანდაზმულობის საკითხი და მცდარი მოსაზრება გააკეთა მისი შესაგებლის ფარგლებში შედავების შესახებ. სასამართლომ ამით მოპასუხე მხარეს წაართვა შესაძლებლობა ესარგებლა სამართლებრივი შედავების უფლებით სარჩელის წინააღმდეგ. ხანდაზმულობა არის მატერიალურ სამართლებრივი ნორმის განსაზღვრული უფლება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. მისი გამოყენების აკრძალვა და მარტოოდენ შესაგებლით შედავების შესაძლებლობაზე კანონმდებლობა არ გვაძლევს განმარტებას და ამგვარი მიდგომაც შეუძლებელია. ხანდაზმულობის საკითხი, რომელიც იმითავითვე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნას იმ დანაწესიდან გამომდინარეც, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და სასამართლო გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ მოთხოვნას. ამდენად, ამ ნაწილშიც სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ უკანონოა.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2016 წლის 14 ივლისს (იხ. დასტური). ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოსათვის შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ ცნობილი არ არის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები გაგზავნილი იქნა შემდეგ მისამართზე: ლ--------ი, ჭ----------ა, 1--–-------, N--, რაც ჩაბარებული აქვს ადრესატის დედას, ნ-----–-------–---–ს. ამდენად, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხის ოჯახის წევრს გზავნილი მიღებული აქვს და არ აქვს გაცხადებული, რომ ის მოპასუხის ოჯახის წევრი არ არის და მასთან არ ცხოვრობს მოპასუხე. საფოსტო დასტურში ცხადად არის დაფიქსირებული, რომ გზავნილის მიმღები, როგორც მოპასუხის დედა ადასტურებს კონკრეტულ მისამართზე მოპასუხის სახელზე გაგზავნილ კორესპონდენციის მიღების ფაქტს, მის დამოკიდებულებას და არ აცხადებს, რომ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს საჩივრით სადავოდ არ გაუხდია საცხოვრებელი ადგილის ნამდვილობის ფაქტი და საჩივრის ფარგლებში არ შედავებია და უმტკიცებია, რომ ზემოხსენებული მისამართი არ იყო მისი ძირითადი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მის მისამართს წარმოადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებაში მოპასუხის მისამართად მითითებული ქ. თბილისი, ს----------–---------, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მისამართი არასრულია, რადგან აკლია სადარბაზოსა და ბინის ნომერი, რის გამოც აღნიშნულ მისამართზე მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება შეუძლებელი გახდა, ხოლო თავად მოპასუხე რეგისტრირებულია მისამართზე - ლ--------ი, ს. ჭ----------ა. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ 2014-2016 წლამდე პერიოდში ბანკის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე სცადეს მსესხებელთან ტელეფონის მეშვეობით დაკავშირება, რა დროსაც მოპასუხემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე და შემდგომ, მან შეწყვიტა ტელეფონზე კომუნიკაცია (იხ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, იმ პირობებში, რომ ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე მოპასუხის ოჯახის წევრს, დედას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს არ გააჩნდა ვალდებულება დამატებით გაეგზავნა გზავნილი საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ-------------–---–ზე კანონით დადგენილი წესით განხორციელდა გზავნილის ჩაბარება.

 

4.2. დადგენილია, რომ მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი 2016 წლის 24 ივლისის ჩათვლით უნდა წარედგინა. მოპასუხემ შესაგებელი დადგენილ ვადაში არ წარადგინა. ამდენად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

4.3. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-------------–---–ის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - სასამართლოში დავის მიმდინარეობის არცოდნით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა ოჯახის წევრს - დედას, რაც გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია, თანახმად ზემოთ დასახელებული მუხლებისა. აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარმოდგენაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სწორედ მას ევალებოდა. ამდენად, საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ იგი არ ყოფილა ინფორმირებული სასამართლოში დავის არსებობის თაობაზე კანონით დადგენილი წესით, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

4.4. საჩივრის ავტორმა ასევე განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო დაუშვებელი, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და იყო ხანდაზმული. საჩივრის ავტორის აღნიშნულ განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მხარის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი). ანუ, შეიძლება ითქვას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში. იგი მხოლოდ იკვლევს იმ გარემოებას თუ რამდენად შეესაბამება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივად, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას.

 

პალატა შენიშნავს, სასამართლოს მიერ დადგენილად (დამტკიცებულად) მითითებული გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გ-------------–---–ს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით, რაც კიდევ უფრო გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობაზეც, რამდენადაც ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება, რომლის მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები. შესაბამისად, ეს ფაქტი შესაგებლის ფარგლებშია მისათითებელი და სამტკიცებელი გარემოებაა და დაუშვებელია მისი გამოკვლევა სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით.

 

4.5. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

 

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, დადგენილად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

 

- 2007 წლის 26 ივნისს სს ,,ს----------–--------სა“ და მოპასუხე გ-------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე, წლიური 27% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

- მსესხებელს კრედიტის თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 26 რიცხვში.

 

- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის - 0,5%-ის ოდენობით.

 

- მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას სესხის დაფარვა არ განხორციელებულა.

 

- დარიცხული დავალიანება შეადგენს სესხის ძირ თანხას - 6000 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დარიცხულ სარგებელს - 3240 ლარს და პირგასამტეხლოს, რაც შემცირებულია 2000 ლარამდე.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით და ს---------------–---------ს“ სარჩელი დააკმაყოფილა.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა შესაგებლის საპატიო გარემოების გამო წარუდგენლობის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის საპატიო გარემოების გამო წარუდგენლობის ფაქტი, ამასთან, სარჩელის საფუძველი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინება;

 

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია აპელანტის მიერ;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი