განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210016001517141
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1963-17 17 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
I. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - რ----–-------------ა
წარმომადგენელი - ო-----------------–----
II. აპელანტები (მოწინააღმდეგე მხარე) - ნ---- მ----------ი
წარმომადგენელი - ე-–-----–--------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა, ნივთების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
I. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით რ----–-------------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
მოპასუხე ნ---- მ----------ს მოსარჩელე რ----–-------------ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1300 ლარის, ხოლო თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით - 2500 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. რ----–-------------ა და ნ---- მ----------ი 2----–-–-------------ოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------ს გადაწყვეტილებით შეწყდა ნ---- მ----------სა და რ----–-------------ას შორის რეგისტრირებული ქორწინება.
2.2. რ----–-------------ასა და ნ---- მ----------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი _ 2----–-–------------ს დაბადებული რ---- მ----------ი.
2.3. 2015 წლის დეკემბრის თვიდან მხარეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ.
2.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ რ----–-------------ამ დაქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე მეუღლის ოჯახში მიიტანა სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის: ,,ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, სამზარეულოს ავეჯი, ,,ტერმიკელის“ ფირმის გაზქურა, ,,ტოშიბას“ ფირმის ნოუთბუქი, მტვერსასრუტი, ხორცსაკეპი მანქანა, დივანი ორი სავარძლით.
2.5. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ნ---- მ----------მა შეიძინა მექანიკური ავტო-სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით N------. აღნიშნული ავტომანქანა ნ---- მ----------ის სახელზე რეგისტრირებული იყო 2----–-–--------------დე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. მხარეთა შორის სადავოდ არის გამხდარი რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ,,M------------------” მარკის ავტომანქანა ნ---- მ----------ის მიერ შეძენილი იქნა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს თანასაკუთრების რეჟიმი.
მოპასუხე მხარე კი თანასაკუთრების გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ავტომანქანა მის მიერ შეძენილი იქნა საკუთარი სახსრებით; კერძოდ, დაქორწინებამდე მას საკუთრებაში ჰქონდა ავტომანქანა (მარკა მოდელი :,,M------------------“, გამოშვების თარიღი - 1--- წელი, სახ. ნომრით - N--------), რომელიც 2----–-–------------ს გაასხვისა და მიღებულ თანხაზე 2--- ლარის დამატებით შეიძინა ავტომანქანა ,,M------------------”, გამოშვების თარიღი - 2--- წელი. 2----–-–-------------ს, მან ეს ავტომანქანაც გაასხვისა 2--- ლარად და აღნიშნული თანხით დაფარა კრედიტი, რომელიც აღებული ჰქონდა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.
სასამართლო დადგენილად არ მიიჩნია მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ 2----–-–------------ს რეგისტრირებული ავტომანქანა წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ, მოწმის სახით დაკითხულმა გ---–--- მ----------ამ, რომელიც არის ნ---- მ----------ის დედა, განმარტა, რომ სანამ რ----–-------------ა მათი რძალი გახდებოდა, მის შვილს ჰყავდა ავტომანქანა. ქორწილის ხარჯების დასაფარად მათ ბანკიდან გამოიტანეს კრედიტი, კრედიტს ვერ იხდიდნენ, რის გამოც გაყიდეს მანქანა. მათ მანქანა გაყიდეს და კრედიტი დაფარეს ქორწილის გადახდიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ აღნიშნული ავტომანქანა შეძენილი იქნა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, სადავო ავტომანქანა მოპასუხის მიერ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი იქნა ოჯახის ერთობლივი სახსრებით.
2.7. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, 2----–-–-------------ს ნ---- მ----------ის მიერ გასხვისებული მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი: ,,M------------------”, გამოშვების წელი: 2---, საიდენტიფიკაციო კოდი: W----------------) საბაზრო ღირებულება განისაზღვრება 5000 ლარით.
ავტომანქანის საბაზრო ღირებულება მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ მის მიერ ავტომანქანა გასხვისებული იქნა 2--- ლარად, თუმცა მოპასუხეს ალტერნატიული აუდიტის/ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა რაიმე მტკიცებულება მანქანის ღირებულებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეული იქნა დასკვნის ავტორი დ---------------ე, რომელმაც სხდომაზე განმარტა, რომ მისი დასკვნა ღირებულებასთან დაკავშირებით ეფუძნება ბაზარზე, ანალოგიური მარკის ავტომანქანებზე არსებულ საერთო ფასებს, კონკრეტული ავტომანქანის ხანდაზმულობის გათვალისწინებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა წარმოდგენილი დასკვნა ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებით.
2.8. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის კუთვნილ ოქროს ნივთებს ფლობს მოპასუხე ნ---- მ----------ი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში რ----–-------------ას კუთვნილ ოქროს ნივთებს ფლობდა მოპასუხე და მხარეთა დაშორების შემდეგ არ მისცა ნივთების წაღების უფლება, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტებით, მას ჩუქებით მიღებული ჰქონდა შემდეგი ნივთები: ორი კომპლექტი ოქროს ყელსაბამი, ორი კომპლექტი საყურე და ბეჭედი, ერთი ცალი ნიშნობის ბეჭედი, ერთი კომპლექტი საყურე, ორი ცალი ბეჭედი და ერთი ცალი საყურე. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ოქროს ნივთები დარჩა მის ოჯახში და როდესაც წამოსაღებად მივიდა განუმარტეს, რომ ნივთები ლომბარდში ჰქონდათ და დაუბრუნებდნენ, თუმცა დაპირება არ შეუსრულებიათ. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელემ მიუთითა მოწმის სახით დაკითხული პირის ფ----------–--------ას ჩვენებაზე, რომელიც არის მოსარჩელის დედა. მოწმე ფ----------–--------ამ სასამართლო სხდომაზე უჩვენა, რომ ქორწილზე მის ქალიშვილს აჩუქა ოქროს ჯაჭვი და ორი ბეჭედი, ხოლო მეუღლემ ნ---- მ----------მა ქორწილში აჩუქა ოქროს ჯაჭვი, სამაჯური, საყურე, ორი ბეჭედი და ნიშნობის ბეჭედი. მისივე განმარტებით, მისმა ქალიშვილმა და სიძემ ერთად ცხოვრების პერიოდში სადავო ოქროს ნივთები ლომბარდში ჩააბარეს და შეიძინეს ავტომანქანა, ხოლო დაშორების შემდეგ ნ---- მ----------ის ოჯახს მოწმემ მოსთხოვა მისი შვილის ოქროს ნივთები, თუმცა მათ განუმარტეს, რომ ოქროს ნივთები იყო გაყიდული.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება, ურთიერთსაწინააღმდეგო იყო და სხვადასხვა ფაქტებზე მიუთითებდა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სახლიდან წამოსვლის შემდეგ ოქროს ნივთებს მისი ნების გარეშე მისი მეუღლე დაეუფლა და განკარგა, მოწმის ჩვენების მიხედვით, კი სადავო ნივთები მხარეთა ერთად ცხოვრების პერიოდში იქნა განკარგული.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაკითხული იქნა ნ---- მ----------ის დედა გ---–--- მ----------ა, რომელმაც განმარტა, რომ ქორწილის დღეს რძალს აჩუქა ოქროს ნივთები, რომლებსაც ინახავდა თავად რ----–-------------ა, ოჯახიდან წასვლისას კი რ----–-------------ამ წაიღო ეს ნივთები და მათთან რ----–-------------ას ოქროს ნივთები არ ინახებოდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რა ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს ეს ფაქტები დადასტურებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი იმის შესახებ, რომ მისი კუთვნილი ნივთები იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში ან მოპასუხის მიერ იქნა გასხვისებული, წარმოადგენდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, რომელიც რ----–-------------ას მიერ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ იქნა დადასტურებული. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები უარყო და განმარტა, რომ ოქროს ნივთები მასთან არ ინახება და მას არ განუკარგავს.
2.9. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დაქორწინებიდან რამდენიმე დღით ადრე რ----–-------------ამ ნ---- მ----------ის საცხოვრებელ სახლში მიიტანა სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის: ,,ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, სამზარეულოს ავეჯი, ,,ტერმიკელის“ ფირმის გაზქურა, ,,ტოშიბას“ ფირმის ნოუთბუქი, მტვერსასრუტი, ხორცსაკეპი მანქანა, დივანი ორი სავარძლით. რ----–-------------ას განმარტებით, ერთად ცხოვრების პერიოდში ეს ნივთები იყო ოჯახის წევრების სარგებლობაში, ანუ ოჯახის ყველა წევრი სარგებლობდა ამ ნივთებით.
მხარეები ადასტურებენ იმას, რომ აღნიშნული ნივთები განცალკევებულია და განთავსებულია ნ---- მ----------ის საცხოვრებელ სახლში. ნ---- მ----------ი თანახმაა დაუბრუნოს სადავო ნივთები რ----–-------------ას. რ----–-------------ა უარს აცხადებს ნივთებზე, ვინაიდან, ნივთები არის დაზიანებულ მდგომარეობაში; ამასთან, ნივთები დაზიანებულია ნ---- მ----------ისა და მისი ოჯახის წევრების მიერ.
აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარე მიუთითებს აუდიტის დასკვნაზე; დასახელებული დასკვნის მიხედვით, დათვალიერდა და შემოწმდა შვიდი დასახელების საოჯახო ნივთი, დაზიანება აღმოაჩნდა სარეცხ მანქანას, რომლის შეკეთებაც მისივე დასკვნის მიხედვით შესაძლებელია, არ არის ძვირადღირებული; ასევე სამზარეულოს ავეჯის ერთ ნაჭერს არ აქვს შუშა. დანარჩენი ნივთები კი ვარგისია შემდგომი გამოყენებისათვის.
სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით დაკითხული იქნა დასკვნის ავტორი დ---------------ე, რომელმაც განმარტა, რომ მან ნივთები შეაფასა ნ---- მ----------ის საცხოვრებელ სახლში; რ----–-------------ას კუთვნილი ნივთები იყო განცალკევებით, მხოლოდ დივანი და სავარძლები იყო მე-2 სართულზე განთავსებული. ექსპერტის მითითებით, კარადას ჰქონდა შუშა გატეხილი, ხოლო ნოუთბუქი მას არ უნახავს და უთხრეს, რომ გასაკეთებლად ჰქონდათ ხელოსანთან წაღებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----–-------------ას დედამ ფ----------–--------ამ განმარტა, რომ ქორწილამდე შვილს მისცა სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, დაშორების შემდეგ ნივთების ნაწილი წამოიღეს, ხოლო ნაწილი დარჩა ნ---- მ----------ის სახლში და არ წამოიღეს, რადგან ნივთები იყო დაზიანებული. მოპასუხეს და მისი ოჯახის წევრებს უარი არ განუცხადებიათ დაზიანებული ნივთების წამოღებაზე. მისივე განმარტებით, სადავო ნივთებს მოიხმარდნენ რ----–-------------აც და ნ---- მ----------ის ოჯახის წევრები.
მოწმის სახით დაკითხულმა რ---------------მა, რომელიც არის რ----–-------------ას მეზობელი, განმარტა, რომ იგი წაყვა რ----–-------------ას ნივთების წამოსაღებად. ნ---- მ----------ის სახლიდან მათ წამოიღეს ნივთების ნაწილი, ხოლო ნაწილი დატოვეს და თქვეს, რომ ნივთები იყო დაზიანებული. რ---------------ის განმარტებით, მას ნივთებზე დაზიანება არ უნახავს, დაზიანების შესახებ მან იცის რ----–-------------ასაგან.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- მ----------ის დედამ გ---–--- მ----------ამ განმარტა, რომ მისმა რძალმა ნივთების წაღებისას ნივთების ნაწილი დატოვა იმის გამო, რომ მანქანაში ადგილი აღარ იყო. მისი მითითებით, ნივთები არ არის დაზიანებული, მხოლოდ კომპიუტერის ღილაკი არის დაზიანებული და ისიც დაზიანდა რ----–-------------ას მათ ოჯახში ყოფნის დროს. აღნიშნულ ნივთებს ოჯახის ყველა წევრი მოიხმარდა, მათ შორის რ----–-------------აც. მათ ნივთების წაღებაზე წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----–-------------ას მიერ ნ---- მ----------ის ოჯახში მიტანილი ნივთებიდან არ აღმოჩნდა რ----–-------------ას კუთვნილი ნოუთბუქი. აღნიშნული დასკვნა სასამართლო გააკეთა სპეციალისტის სახით დაკითხული პირის დ---------------ისა და ნ---- მ----------ის დედის გ---–--- მ----------ას ჩვენების საფუძველზე. სასამართლოს შეფასებით, დაზიანებულია სარეცხი მანქანა და სამზარეულოს ავეჯი, რომლის აღდგენაც შესაძლებელია, ხოლო სხვა საოჯახო ნივთების დაზიანება არ დგინდება. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ---- მ----------ი დაპირდა მას დაზიანებული ნივთების ღირებულების სანაცვლოდ თანხის გადახდას, მითითებული გარემოება მოპასუხე მხარემ უარყო, ხოლო მოსარჩელეს სხვა რაიმე მტკიცებულება გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
2.10. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ტოშიბას“ ფორმის ნოუთბუქის ღირებულება შეადგენს 1300 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამოდინარე, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს სადავო ნივთების ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მისი კუთვნილი ოქროს ნივთები, იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში ან გასხვისებული იქნა მოპასუხის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
სასამართლოს მითითებით, მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამივე საფუძვლის დამტკიცების მოვალეობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთებზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით, ოქროს ნივთების დაბრუნების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და დააკმაყოფილა იგი.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნივთებიდან მოპასუხესთან არ აღმოჩნდა მხოლოდ ნოუთბუქი, რომლის ღირებულების ანაზღაურებაც, სასამართლოს შეფასებით, უნდა დაეკისროს მოპასუხეს. სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება სხვა ნივთების დაზიანების ფაქტს, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობას და მათ დაზიანებაში მოპასუხის ბრალეულობას, მითითებული გარემოება მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ შეძლო. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რ----–-------------ასათვის ნივთების წამოღებაში ხელი არ შეუშლიათ მოპასუხეს და მის ოჯახის წევრებს და მან თვითონ განაცხადა ნივთების წამოღებაზე უარი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებით ორივე მხარე წლების განმავლობაში სარგებლობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ---- მ----------ს რ----–-------------ას სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 1300 ლარის გადახდა, ხოლო რ----–-------------ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ,,ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანის, სამზარეულოს ავეჯის, ,,ტერმიკელის“ ფირმის გაზქურის, მტვერსასრუტის, ხორცსაკეპი მანქანის, დივან-სავარძლების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე.
2.13. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ნ---- მ------------ათვის რეგისტრირებულ ქორწინების განმავლობაში შეძენილი საერთო საკუთრებაში არსებული ,,მ-------------–-“ ე---- მარკის ავტომანქანის განკარგვის შედეგად მიღებული სარგებლის ½ წილის პროპორციული ფულადი კომპენსაციის დაკისრება, 2500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი ან წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-1152-ე მუხლების თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები.
ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რ----–-------------ა და ნ---- მ----------ი დაქორწინდნენ 2----–-–-------------ოს. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–------------ს დაბადებული რ---- მ----------ი. საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, 2----–-–------------ს, ნ---- მ----------მა შეიძინა ,,მ-------------–-“ ე---- მარკის ავტომანქანა, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხული იქნა ნ---- მ----------ის სახელზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო საკუთრებად. საერთო ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამდენად, ,,მ-------------–-“ ე---- მარკის ავტომანქანა, შეძენილია რა მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, წარმოადგენს რ----–-------------ას და ნ---- მ----------ის თანასაკუთრებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ სადავო ავტომანქანა შეძენილია მხარეთა შორის საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში და შესაბამისად, რ----–-------------ას წარმოეშვა საკუთრების უფლება იმ ქონების ნახევარზე, რომელიც რეგისტრირებული იყო მოპასუხე ნ---- მ----------ის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო ავტომანქანა წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. ამასთან, ავტომანქანა გასხვისებულ იქნა ნ---- მ----------ის მიერ. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, გასხვისებული მოძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 5000 ლარით, ხოლო სასამართლოს შეფასებით, ამ გარემოების საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების განკარგვით მიყენებული ზიანი უნდა განსაზღვრულიყო სადავო ქონების მოსარჩელის კუთვნილი ½ წილის შესაბამისად - 2500 ლარით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ რ----–-------------ას მოთხოვნა თანასაკურებაში არსებული ქონების განკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის რ----–-------------ას მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმე ფ----------–--------ას ჩვენება და არასათანადოდ ასახა იგი გადაწყვეტილებაში, კერძოდ, დაადგინა, რომ ოქროს ნივთები, რომელიც მას აჩუქეს ქორწილში, მეუღლეებმა ჩააბარეს ლომბარში და ამ გზით შეიძინეს მანქანა.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ფ----------–--------ას განუცხადეს ნ---- მ----------ას ოჯახში და მან მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის განმარტება გააჟღერა თავის ჩვენებაში სასამართლო პროცესზე დასახელებული გარემოებების შესახებ.
ამასთან, აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ნ---- მ----------ის ოჯახში არსებული მისი ნივთები, არ არის დაზიანებული, რამდენადაც სპეციალისტის დასკვნა შეიცავს მითითებებს მათი დაზიანების ხარისხზე და მოწინააღმდეგე მხარე მას შეჰპირდა დაზიანებული ნივთებს თვითონ დაიტოვებდნენ და მას ან ღირებულებას აუნაზღაურებდნენ, ან შეუძენდნენ სანაცვლოდ ახალ ნივთებს. გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობისას უნდა გაეთვალისწინებინა საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებები, კერძოდ, მოწმეების ფ----------–--------ას და რ---------------ის ჩვენებების მიხედვით, რ----–-------------ას კუთვნილი, ნ---- მ----------ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთების უმეტესი ნაწილი დაზიანებული იყო.
აპელანტი აგრეთვე მიუთითებს, რომ სასამართლომ არასათანდოდ გამოიკვლია ოქროს ნივთების მოწინააღმდეგე მხარესთან შენახვის ფაქტობრივი გარემოება, არ შეაფასა სათანადოდ აპელანტის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები; აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომანქანა თვალთმაქცურად გადააფორმა თავის ნათესავზე, რათა თავიდან აერიდებინა ამ ნივთზე სამომავლოდ დავა; აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დასახელებული გარემოება და დაესკვნა, რომ მხარეს შეუზღუდავად შეეძლო ასევე მოსარჩელის ოქროს ნივთების მისაკუთრება.
3.2. აპელანტის ნ---- მ----------ის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სრულყოფილად არ შეაფასა მტკიცებულებები და სამართლებრივად არასწორი დასაბუთებით გამოიტანა გადაწყვეტილება; კერძოდ, სასამართლომ კანონის ნორმები განმარტა მოსარჩელის ინტერესების სასარგებლოდ და არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტები და წარდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე მოწმეთა ჩვენებები.
აპელანტი განმარტავს, რომ ავტომანქანა არ წარმოადგენდა რ----–-------------ასთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას, ვინაიდან იგი მართალია ამ პერიოდში იქნა შეძენილი, თუმცა ნ---- მ----------ის საკუთრებაში მანამდე არსებული სხვა ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხით და აღნიშნულში რ----–-------------ას მონაწილეობა არ მიუღია.
აპელანტი აგრეთვე არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის ნოუთბუქის საფასურის - 1300 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც და მიუთითა, რომ ხსენებული ნივთი ინახება მასთან და შეკეთების შედეგად იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქმის განხილვისას იყო და რ----–-------------ას შეუძლია სხვა ნივთებთან ერთად წაიღოს იგი. ამასთან, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა აღნიშნული ნივთის გამოყენებით შემცირებული ღირებულება, რაც აპელანტის შეფასებით შეადგენს 7 00 ლარს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–-------------ოდან რ----–-------------ა და ნ---- მ----------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------ს გადაწყვეტილებით შეწყდა ნ---- მ----------სა და რ----–-------------ას შორის რეგისტრირებული ქორწინება.
რ----–-------------ასა და ნ---- მ----------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–------------ს დაბადებული რ---- მ----------ი.
სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2015 წლის დეკემბრის თვიდან მხარეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ.
მხარეთა შორის უდავოა ის გარემოება, რომ რ----–-------------ამ დაქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე მეუღლის ოჯახში მიიტანა სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის: ,,ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, სამზარეულოს ავეჯი, ,,ტერმიკელის“ ფირმის გაზქურა, ,,ტოშიბას“ ფირმის ნოუთბუქი, მტვერსასრუტი, ხორცსაკეპი მანქანა, დივანი ორი სავარძლით.
დადგენილია, რომ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ნ---- მ----------მა შეიძინა მექანიკური ავტო-სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით N------. აღნიშნული ავტომანქანა ნ---- მ----------ის სახელზე რეგისტრირებული იყო 2----–-–--------------დე.
მხარეთა შორის სადავოდ არის გამხდარი რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ,,M------------------” მარკის ავტომანქანა ნ---- მ----------ის მიერ შეძენილი იქნა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს თანასაკუთრების რეჟიმი. მოპასუხე მხარე კი თანასაკუთრების გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ავტომანქანა მის მიერ შეძენილი იქნა საკუთარი სახსრებით. კერძოდ, დაქორწინებამდე მას საკუთრებაში ჰქონდა ავტომანქანა (მარკა მოდელი :,,M------------------“, გამოშვების თარიღი - 1--- წელი, სახ. ნომრით - N--------), რომელიც 2----–-–------------ს გაასხვისა და მიღებულ თანხაზე 2--- ლარის დამატებით შეიძინა ავტომანქანა ,,M------------------”, გამოშვების თარიღი - 2--- წელი. 2----–-–-------------ს, მან ეს ავტომანქანაც გაასხვისა 2--- ლარად და აღნიშნული თანხით დაფარა კრედიტი, რომელიც აღებული ჰქონდა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.
საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, 2----–-–-------------ს ნ---- მ----------ის მიერ გასხვისებული მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი: ,,M------------------”, გამოშვების წელი: 2---, საიდენტიფიკაციო კოდი: W----------------) საბაზრო ღირებულება განისაზღვრება 5000 ლარით.
არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მის კუთვნილ ოქროს ნივთებს ფლობს მოპასუხე ნ---- მ----------ი.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ტოშიბას“ ფირმის ნოუთბუქის ღირებულება შეადგენს 1 300 ლარს.
სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
პალატა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ----–-------------ას პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივი გარემოება, ოქროს ნივთების მოწინააღმდეგე მხარესთან შენახვის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა. პალატა აღნიშნავს, რომ რ----–-------------ასთავის ოქროს ნივთების ჩუქების ფაქტი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თუმცა ვერც სარჩელის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მის მიერ მითითებული ოქროს ნივთების მოწინააღმდეგე მხარესთან იმყოფება; მეტიც - გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, სხვა მტკიცებულება აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
ასევე სააპელაციო პალატა ვერ მიიჩნევს დადგენილად აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ნ---- მ----------თან მყოფი მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების უმეტესი ნაწილი დაზიანებულია, ვინაიდან, როგორც საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტის დასკვნიდან დგინდება, დაზიანებულია მხოლოდ სარეცხი მანქანა და სამზარეულოს ავეჯი, რომლის აღდგენაც შესაძლებელია, ხოლო სხვა საოჯახო ნივთების დაზიანება არ დგინდება. ამასთან, დასახელებულ ნივთებს აღენიშნება მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები; გარდა ამისა, დგინდება ის გარემოებაც, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებს სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ასევე მოიხმარდა თავად რ----–-------------ა და მისი მოწინააღმდეგე მხარის ოჯახიდან წასვლის შემდეგ ნივთები ცალკე ინახება. ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, ნივთების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობას და მათ დაზიანებაში მოპასუხის ბრალეულობის შესახებ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რ----–-------------ამ ვერ შეძლო; მით უფრო იმ პირობებში, რომ რ----–-------------ასათვის ნივთების წამოღებაში ხელი არავის შეუშლია და მან თვითონ განაცხადა ნივთების წამოღებაზე უარი;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში რ----–-------------ას მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედავებულ ნაწილში გაუქმების საფუძველს.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი ან წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის მიხედვით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას და ამ უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარს.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ რ----–-------------ა და ნ---- მ----------ი დაქორწინდნენ 2----–-–-------------ოს. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–------------ს დაბადებული რ---- მ----------ი. საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, 2----–-–------------ს, ნ---- მ----------მა შეიძინა ,,მ-------------–-“ ე---- მარკის ავტომანქანა, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხული იქნა ნ---- მ----------ის სახელზე.
პალატა მიუთითებს მხარეებს, რომ საერთო ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, ,,M------------------“, მარკის ავტომანქანა, შეძენილია რა მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, წარმოადგენს რ----–-------------ას და ნ---- მ----------ის თანასაკუთრებას, რამდენადაც იგი შეძენილია მხარეთა შორის საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში და შესაბამისად, რ----–-------------ას წარმოეშვა საკუთრების უფლება იმ ქონების ნახევარზე, რომელიც რეგისტრირებული იყო მოპასუხე ნ---- მ----------ის სახელზე.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის - ნ---- მ----------ის განმარტებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ავტომანქანა მის მიერ შეძენილი იქნა საკუთარი სახსრებით. კერძოდ, დაქორწინებამდე მას საკუთრებაში ჰქონდა ავტომანქანა (მარკა მოდელი ,,M------------------“, გამოშვების თარიღი - 1--- წელი, სახ. ნომრით - N--------), რომელიც 2----–-–------------ს გაასხვისა და მიღებულ თანხაზე 2--- ლარის დამატებით შეიძინა ავტომანქანა ,,M------------------”, გამოშვების თარიღი - 2--- წელი. 2----–-–-------------ს, მან ეს ავტომანქანაც გაასხვისა 2--- ლარად და აღნიშნული თანხით დაფარა კრედიტი, რომელიც აღებული ჰქონდა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ 2----–-–------------ს რეგისტრირებული ავტომანქანა არ წარმოადგენს აპელანტის ინდივიდუალურ საკუთრებას, რამდენადაც მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და მოწმის სახით დაკითხულმა პირმაც აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა; გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, დგინდება, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება შეძენილ იქნა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, ოჯახის ერთობლივი სახსრებით.
სააპელაციო პალატა აგრეთვე არ იზიარებს აპელანტი ნ---- მ----------ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელში მითითებული ნოუთბუქი ინახება მასთან და შეკეთების შედეგად იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქმის განხილვისას იყო, შესაბამისად, რ----–-------------ას შეუძლია სხვა ნივთებთან ერთად წაიღოს იგი. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ აუდიტის დასკვნას, რომლის თანახმად, ნ---- მ----------ის ოჯახში დათვალიერდა და შემოწმდა შვიდი დასახელების საოჯახო ნივთი, ხოლო ნოუთბუქი სპეციალისტს არ უნახავს, რის თაობაზეც განუმარტეს, რომ იგი გასაკეთებლად ჰქონდათ ხელოსანთან წაღებული. პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში ნ---- მ----------ს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ნივთი მასთან ინახებოდა რ----–-------------ას კუთვნილ სხვა ნივთებთან ერთად და იყო სათანადო მდგომარეობაში; შესაბამისად, აპელანტის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ შედავებას სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
4.3. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----–-------------ასა და ნ---- მ----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/