განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001313413
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-971-2018 18 ივნისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - გ------- ქ------ე
წარმომადგენელი - კ-----------–------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ზ---- კ--------ე
წარმომადგენელი - დ----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის, ნაწილობრივ, დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ------- ქ------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა მოპასუხე ზ---- კ--------ეს მოსარჩელე გ------- ქ------ის სასარგებლოდ 4 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე გ------- ქ------ეს 108 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. დაეკისრა მოპასუხე ზ---- კ--------ეს მოსარჩელე გ------- ქ------ის სასარგებლოდ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 495 ლარის გადახდა. დაეკისრა მოპასუხე ზ---- კ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 214.2 ლარის გადახდა. დაეკისრა მოსარჩელე გ------- ქ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 2 000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. გ------- ქ------ემ 2012 წლის 13 ნოემბერს აღძრა სარჩელი სასამართლოში ზ---- კ--------ის მიმართ და მოითხოვა სესხის სახით გაცემული 5000 შშ დოლარის, სესხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანისათვის 5400 აშშ დოლარის, ავტომანქანის ღირებულების - 4000 აშშ დოლარის და ავტომანქანის დაუბრუნებლობიდან გამომდინარე, ზიანის - მიუღებელი შემოსავლის სახით 108 000 ლარის დაკისრება. 2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, გ------- ქ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: - ზ---- კ--------ეს დაეკისრა სესხიდან გამომდინარე 5000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სესხის დაუბრუნებლობის გამო ზიანის ანაზღაურება 5400 აშშ დოლარის ოდენობით და ავტომანქანის ღირებულების სახით 4000 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გ------- ქ------ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. 2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე მოპასუხე ზ---- კ--------ემ შეიტანა საჩივარი (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში), ხოლო მოსარჩელემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 04 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე საქმის განხილვა შეჩერდა. 2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ------- ქ------ის სარჩელი, რომლითაც ზ---- კ--------ეს დაეკისრა 5000 აშშ დოლარის და ქირავნობით გადაცემული ავტომანქანის ღირებულების 4000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებები უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით და შესულია კანონიერ ძალაში. 2.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გ------- ქ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება გ------- ქ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 2.6. 2009 წლის 13 ნოემბერს, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ზ---- კ--------ეს მიაქირავა ავტომანქანა ,,დოჯის" მარკის და მოპასუხემ აიღო ვალდებულება, ავტომანქანის გადაცემიდან ყოველ მესამე დღეს გადაუხდიდა ქირის სახით 300 ლარს, სანამ მოპასუხე ისარგებლებდა და ამუშავებდა ავტომანქანას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუბრუნებდა ავტომანქანას მის მესაკუთრეს - მოსარჩელეს. 2.7. შეთანხმების თანახმად, მოსარჩელემ გადასცა ავტომანქანა მფლობელობაში მოპასუხეს, თუმცა მას დღემდე არც ქირა გადაუხდია და არც ავტომანქანა დაუბრუნებია. მოპასუხემ არც ავტომანქანის ღირებულება გადაუხადა, რომლის ღირებულებაც ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულია 4000 აშშ დოლარით, რაც დასტურდება ხელწერილით და მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, მოპასუხე დღემდე არ ასრულებს ვალდებულებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. 2009 წლის 13 ნოემბერს, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ზ---- კ--------ეს მიაქირავა ავტომანქანა ,,დოჯის" მარკის. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელემ გადასცა ავტომანქანა. ავტომანქანით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ავტომანქანის გადაცემიდან ყოველ მესამე დღეს გადაუხდიდა ქირის სახით 300 ლარს, სანამ მოპასუხე ისარგებლებდა და ამუშავებდა ავტომანქანას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუბრუნებდა ავტომანქანას მოსარჩელეს. 2.9. ამავე კოდექსის 531-ე მუხლით ,,ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით, დამქირავებელი მოვალე გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. სასარჩელო მოთხოვნა ქირის დაკისრების შესახებ ყოველ მესამე დღეს 300 ლარის ოდენობით, ვიდრე მოპასუხე დაუბრუნებდა ავტომანქანას მოსარჩელეს, ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. სარჩელზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ამ ნაწილში უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”. 2.10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 36-ე თვეს, მაშინ როცა მოპასუხემ გარიგების დადებიდან მესამე დღეს დაარღვია ვალდებულების შესრულება და მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორცილდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოსარჩელემ არ დაიცვა კეთილსინდისიერების პრინციპი, არ აღძრა სარჩელი დროულად და ამით მოპასუხეს დაუგროვა ქირის თანხა, გარდა იმისა, რომ მისი ოდენობის და გადახდის პირობებიც, რაზედაც შეთანხმდნენ მხარეები, აშკარად ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა გ------- ქ------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2009 წლის 3 ნოემბერს მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელე გ------- ქ------ემ მოპასუხეს მიაქირავა ,,დოჯის“ მარკის ავტომანქანა. სასამართლომ დადგენილად ცნო ასევე, რომ მოპასუხესთან შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს გადასცა ზემოხსენებული ავტომანქანა. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, ავტომანქანით სარგებლობის სანაცვლოდ მოპასუხე ზ---- კ--------ე ავტომანქანის მასზე გადაცემიდან (2009 წლის 13 ნოემბრიდან) ყოველ მესამე დღეს ქირის სახით მოსარჩელეს გადაუხდიდა 300 ლარს, მანამ, სანამ მოპასუხე ისარგებლებდა და ამუშავებდა მოსარჩელის ავტომანქანას. წინააღმდეგ შემთხვევაში ავომანქანა უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისთვის, ან გადაეცა მისი ღირებულება 4000 აშშ დოლარი, რაც არ შეუსრულებია. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს მიქირავებული ავტომანქანა მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია და არც ავტომანქანის ღირებულება 4000 აშშ დოლარი გადაუცია. ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენილად მიჩნევის მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა მანქანის გაქირავებისა და ქირის ოდენობის გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანმდნენ კიდევაც, ხელშეკრულების პირობებით. თუმცა, ამის მიუხედავად სასამართლოს აზრით ასეთი შეთანხმება, თითქოსდა ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხსენებული შეთანხმება არ ჩათვალა ნამდვილ შეთანხმებად. 3.2. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა თვით სასამართლოს მიერ გამოყენებული მატერიალური სამართლებრივი ნორმების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 115-ე, 319-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის 361-ე, 531-ე, 567-ე მუხლის პირველი ნაწილის, 573-ე მუხლის თანახმად. ამ ნორმების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად, მაგრამ სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და არასწროად განმარტა კანონი 3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე, მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით ბათილია. ასეთი გარიგების შინაარსი და ხასიათი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 54-56 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით, გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული მატერიელური ნორმები არ ეწინააღმდეგება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულ გარიგებას ავტომანქანის ქირავნობასთან დაკავშირებით, რადგან, სადავო ხელშეკრულება დადებულია ორივე მხარის ნების გამოვლენით და ამრიგად, სასამართლოს მიერ გამოყენებული 50-ე მუხლით დაშვებული და გარანტირებულია ქირავნობის ხელშეკრულების თავისუფალი დადება. რაც შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან და არ მოდის წინააღმდეგობაში სადავო ხელშეკრულებასთან მიმართებაში. 3.4. სადავო ქირავნობის ხელშეკრულებაში გაწერილია ყველა პირობა, როგორც ქირის თანხის ოდენობის, ასევე, ამ ვალდებულების შესრულების პირობები და ვადები. ამრიგად, ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლთან. 3.5. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, მაგრამ ვერ განმარტა მისი შინაარსი იმის შესახებ, თუ კანონით დადგენილი რა წესი და აკრძალვები იყო დარღვეული მხარეთა მიერ და მათ შორის მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ქირავნობის ხელშეკრულების დადების დროს, მოსარჩელის ქმედება მითითებული გარიგებით რით და რატომ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. სასამართლომ ტრაფარეტულად აღნიშნა მითითებული ნორმის ტექსტი, მაგრამ ვერცერთი სიტყვით ვერ დაასაბუთა თავისი მცდარი მოსაზრება, თუ რით ეწინააღმდეგება მხარეთა შორის დადებული გარიგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. 3.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.4 პუნქტში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 36-ე თვეს, მაშინ, როცა მოპასუხემ გარიგების დადებიდან მესამე დღეს დაარღვია გარიგების პირობები, როცა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, როცა მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. სასამართლოს მოსაზრებით, თუ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 36-ე თვეს, ამის გამო მოსარჩელე არაკეთილსინდისიერია, რაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს. 3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ მნიშვნელოვანია. მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევისა თურმე, მოსარჩელეს არ ამართლებს მისი მხრიდან შეთანხმების განსაზღვრული უფლების მოპასუხის საზიანოდ გამოყენებას, ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული ამ უფლებით, ორმხრივი ინტერესის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ თავის სასარგებლოდ. სასამართლოს ეს მოსაზრება სრული აბსურდია, რადგანაც სადავო გარიგება დადებულია ორივე მხარის ნების გამოვლენით, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია რაიმე ძალადობას, შანტაჟს, მუქარას, დომინირებული აზრის გამოყენებას, მოტყუებას და ა.შ. და ესეც რომ არ იყოს, როცა სასამართლო მიუთითებს მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რაში გამოიხატება მოსარჩელის არაკეთილსინდისიერება, ხელშეკრულების დადების დროისთვის. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა ქირავნობის გარიგების დადებას წინ უსწრებდა თუ არა არაკეთილსინდისიერება, უნდა სცოდნოდა მოსარჩელეს ან იცოდა თუ არა, წინასწარ ხელშეკრულების დადებამდე გადაუხდიდა თუ არა ქირას მოპასუხე. სასამართლოს ასევე უნდა დაესაბუთებინა, რაში გამოიხატებოდა მოსარჩელის ქმედებაში არაკეთილსინდისიერების მოტივი, ასეთი დასაბუთება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ მოიპოვება. 3.8. სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რომ დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამასთან დაკავშირებით, მე-4 აბზაცში სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ არ დაიცვა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსარჩელემ სარჩელი არ აღძრა დროულად და ამით მოპასუხეს დაუგროვა გადასახდელი თანხა. ამით სასამართლომ ფაქტიურად დაასაბუთა და დაადასტურა, რომ სახეზეა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დადებული ქირავნობის გარიგება და მიუხადავად ამისა, თურმე მოსარჩელეს არ ეკუთვნის გაქირავებული ქონების ქირად დაწესებული, მხარესთან შეთანხმებული ქირის თანხის ანაზღაურება მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა გარიგების დადებიდან 36-ე თვის ბოლოს. 3.9. სასამართლო არაფერს ამბობს მოპასუხის მხრიდან გარიგების დარღვევასთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ავტომანქანა დღემდე არ დააბრუნა, გაყიდა და თანხა მიითვისა, რომ მოპასუხე თავის შესაგებელში არაფერს ამბობს საზოგადოებრივ წესრიგზე, ზნეობასა და კეთილსინდისიერებაზე. მოპასუხეს არ გადაუხდია მისთვის უკვე დაკისრებული 6500 აშშ დოლარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება აშკარად მიკერძოებულია. 3.10. სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ქირის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ ყოველ მესამე დღეს 300 ლარის ოდენობით, სასამართლოს აზრით თურმე ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და აკრძალვებს და ეს გარემოება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. სასამართლოს მოსაზრებით ასეთი გარიგება ბათილია, რადგან არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს. საინტერესოა რომელი ნორმა უკრძალავს მხარეებს გარიგების შინაარსის თავისუფალი ნების წერილობითი ფორმით გამოხატვას და ამ ნებით გამოხატული ვალდებულების აღებას, ან რომელი ნორმის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ უკანონოდ და დაუშვებლად მხარეთა შორის არსებული წერილობითი ფორმის გარიგების საფუძველზე დაწესებული ქირის ყოველ მესამე დღეს გადახდევინების დაუშვებლობა. ეს ყველაფერი მაშინ, როცა მოპასუხე თავის შესაგებელში საერთოდ არ მიუთითებს ზემოაღნიშნულ მოტივებზე. იგი უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ დავალიანება გადახდილი აქვს, ამასთან სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მის მიერ დავალიანების დაფარვის რაიმე სახის მტკიცებულება. 3.11. სასამართლოს მოსაზრებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ მოსარჩელეს კანონით ეკრძალება გაქირავებული ნივთის სარგებლობისთვის მოპასუხისგან შეთანხმებული სარგებლის მიღება. სასამართლოს ეს მოსაზრებები, მოკლებულია სამოქალაქო კოდექსით დაწესებულ სამართლებრივ საფუძვლებს. 3.12. სასამართლომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დააკისრა 2000 ლარი. სარჩელის აღძვრის დროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3000 ლარი. სამართლებრივი საფუძვლები 3.13. გადაწყვეტილება იურიდიულიად საკმარისად არ არის დასაბუთებული; საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. 3.14. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმები უტყუარად ცხადყოფენ, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლია, რადგანაც ამ ნორმების გამოყენების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 3.15. სასამართლოს მიერ არ არის გამოყენებული არცერთი მატერიალური ნორმა, რომელთა გამოყენებით შეიძლებოდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში. 3.16. სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმების თანახმად, დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა, მაგრამ სასამართლო მის მიერ გამოყენებული მატერიალური ნორმებით მიიღო საპირისპირო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. რაც დასტურდება ფაქტიური გარემოებებიდან გამომდინარე საქმეში არსებული მასალებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და გამოყენებული მატერიალური ნორმებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2009 წლის 13 ნოემბერს გ------- ქ------ემ (აპელანტი) ზ---- კ--------ეს (მოპასუხე) სარგებლობაში გადასცა კუთვნილი ავტომობილი. 4.2. ავტომობილით სარგებლობის ყოველ მესამე დღეს მოპასუხეს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა ქირა, 300 ლარი. 4.3. ხელშეკრულება უნდა გაგრძელებულიყო „იმ დრომდე, ვიდრე მანქანა იმუშავებს“, ე.ი. ავტომობილის ექსპლუატაციის ვადით. 4.4. ამის შემდეგ, მოპასუხეს ავტომობილი ან უნდა დაებრუნებინა, ან უნდა შეესყიდა იგი 4000 აშშ დოლარად. 4.5. მოპასუხეს აპელანტისათვის არც ქირა გადაუხდია, არც ავტომობილი დაუბრუნებია და არც ნასყიდობის ფასი გადაუხდია. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.6.1. მხარეებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ავტომობილის საფასურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. 4.6.2. ამის შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და პალატა მას ვერ შეამოწმებს. 4.7. პალატას მიაჩნია, რომ, არსებითად, 2009 წლის 13 ნოემბერს მხარეთა შორის შერეული ხელშეკრულება დაიდო. 4.7.1. პალატის აზრით, ეს ხელშეკრულება ლიზინგის ხელშეკრულების ნიშნებს შეიცავდა, თუმცა ამ სამართლებრივი ურთიერთობისაგან განსხვავებით, აპელანტს მოპასუხისათვის გადაცემული ქონების შეძენის ან დამზადების ვალდებულება არ აუღია. 4.7.2. ამიტომ, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ლიზინგი არ იყო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, იგი შესრულების არსთან ყველაზე ახლოს მდგომი ნორმებით უნდა გადაწყდეს. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. 4.8.1. როგორც აღინიშნა, ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე, აპელანტმა მოპასუხეს სარგებლობაში გადასცა კუთვნილი ავტომობილი, თავის მხრივ, კი მოპასუხემ აპელანტისათვის ქირის გადახდის ვალდებულება იკისრა. 4.8.2. ეს ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობა ყველაზე ახლოს ქირავნობის ხელშეკრულებასთან დგას და მის გადასაწყვეტად სწორედ აღნიშნული ნორმები უნდა იქნას გამოყენებული. 4.9. არც-ერთი მტკიცებულება, რომელიც აპელანტისათვის შეთანხმებული ქირის ან მისი ნაწილის მაინც გადახდას დაადასტურდება, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.9.1. ამის შესაბამისად, მოპასუხემ ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლების არსებობა ვერ დაამტკიცა და, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, მან აპელანტს დათქმული ქირა უნდა გადაუხადოს. 4.10. აპელანტმა სარჩელი 2012 წლის 13 ნოემბერს აღძრა. ამ დროისათვის ვალდებულების წარმოშობიდან ზუსტად სამი წელი იყო გასული. 4.10.1. ყოველ მესამე დღეს გადასახდელი 300 ლარის წლიურად შეადგენს დაახლ. 365/3X300=36500 ლარს. ამის შესაბამისად, ვალდებულების წამოშობიდან სარჩელის აღძრვამდე არსებული პერიოდის გადაუხდელი ქირა აპალანტის მოთხოვნას, 40 000 ლარს მნიშვნელოვნად აღემატება. 4.10.2. ამიტომ, აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით არ დააკმაყოფილა იგი. 4.11. პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას მხარეთა შორის დადებული გარიგების ამორალურობის თაობაზე. 4.11.1. სასამართლომ გარიგება ამორალურად მიიჩნია იმის გამო, რომ აპელანტმა „არ აღძრა სარჩელი დროულად და ამით მოპასუხეს დაუგროვა ქირის თანხა, გარდა ამისა მისი ოდენობის და გადახდის პირობებიც, რაზედაც შეთანხმდნენ მხარეები, აშკარად ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს“. 4.11.2. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ეხება მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების შეუსაბამობას ზნეობისა და საჯარო წესრიგის ნორმებთან და სარჩელის აღძვრასთან კავშირი არა აქვს. 4.11.3. ამასთან, გარიგების ერთ-ერთი მხარის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში ან თუნდაც ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოსათვის მიმართვა გარიგებას არამართლზომიერად არ აქცევს. 4.11.4. მართალია, საქალაქო სასამართლოს პირდაპირ არ მიუთითებია, თუ რას გულისხმობდა „მის ოდენობასა და გადახდის პირობებში“, თუმცა, როგორც ჩანს, მან ზნეობასთან შეუსაბამოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული ქირა მიიჩნია. 4.11.5. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს: საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული ქირა ბაზარზე, იდენტურ მომსახურებაზე არსებულს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. 4.11.6. მეტიც, ამის თაობაზე თავად მოპასუხესაც კი არ მიუთითებია. 4.11.7. გარდა ამისა, გარიგების დადების დროისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით). 4.11.8. მოპასუხეს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ გარიგების დადების დროს აპელანტს რაიმე სახის საბაზრო ძალაუფლება გააჩნდა ან მოპასუხე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ან სამართლებრივ ურთიერთობაში გამოუცდელი, გულიბრყვილო იყო. 4.12. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს: „ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს. გასაჩივრებული განჩინებით, სასამართლომ ზნეობის საწინააღმდეგოდ, გასაკიცხ ქმედებად მიიჩნია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ნასყიდობის ფასის არაადეკვატურობის გამო. მარტოოდენ გარიგების ამორალურობის ზოგადი ნორმის გამოყენებას, დიდი პალატა არასაკმარისად მიიჩნევს და, აქედან გამომდინარე, ამ ნორმის სააპელაციო სასამართლოსეული ინტერპრეტაცია არადამაჯერებელია, რადგანაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სსკ-ის 54-ე მუხლი, ამორალურ გარიგებებთან მიმართებით, შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს ზნეობის ნორმებს და გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სსკ-ის 55-ე და 85-ე მუხლებისაგან) განსხვავებით, მისი ამორალურად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა მისი დადება... , ეს კი იმთავითვე მცდარია. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპს (სსკ-ის 319.1-ე მუხლი „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით“). სამოქალაქო კანონები საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სსკ-ის მე-9 მუხლი). ამ წესიდან არსებული გამონაკლისი, ამ თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნის გაზიარება, რომ „საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის“, რათა გარიგება ამორალურად იქნეს მიჩნეული, ხელს შეუშლის სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურ განვითარებასა და სტაბილურობას, რადგანაც ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერ მხარეს, სათანადო წინაპირობების არარსებობის პირობებშიც კი, შეეძლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე. სადავო ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოქმედი სსკ-ის 55-ე მუხლი, (რომელიც სახელდებული იყო შემდეგნაირად: გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო; 08.05.2012წ. № 6151 ცვლილებამდე რედაქციით), გარიგების ბათილად მისაჩნევად კონკრეტულ წინაპირობებზე მიუთითებდა და ორი პირობის კუმულაციურად არსებობის აუცილებლობას ადგენდა. დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების ბათილობისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობის დადგენა, ამასთან ერთად, გარიგების ბათილად მისაჩნევად, აუცილებელია, რომ მეორე წინაპირობაც ვლინდებოდეს, კერძოდ, გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით (იხ. სუსგ №ას- 1224-1149-2015, 20.05.2016, შდრ. ასევე საქმე № ას-880-838-2013, 09.06.2014 წელი, საქმე№ას-1718-1701-2011, 23.02.2012 წელი, საქმე №ას-132-124-2015, 29 .04. 2015 წელი, საქმე №ას-788-745-2015, 13.10.2015). დიდი პალატის მოსაზრებით, იმის დადგენა, შეესაბამებოდა თუ არა სადავო გარიგებებში მითითებული წილების ფასი მათ რეალურ საბაზრო ღირებულებას, ანუ იკვეთებოდა თუ არა აშკარა დისპროპორცია, შესაბამისი წინაპირობების მხედველობაში მიუღებლად, სამართლებრივად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ვერ იქნება და, აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება და იმ სახის დეტალური კვლევა, როგორც ეს ქვემდგომმა სასამართლოებმა ჩაატარეს, არც მატერიალური და არც პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ არის“ – (სუსგ. №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, პ. 208-210). 4.12.1. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ გარიგება შეცდომით მიიჩნია ბათილად. 4.13. ამრიგად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, გ------- ქ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გ------- ქ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გ------- ქ------ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. გ------- ქ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ზ---- კ--------ეს გ------- ქ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 40 000 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ზ---- კ--------ეს გ------- ქ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 40000/108000X100=37,03; 3000X37%=1110; 1110+800+1600=3510 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. გ------- ქ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გ------- ქ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გ------- ქ------ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ------- ქ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ზ---- კ--------ეს გ------- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 40 000 ლარის გადახდა;
5. ზ---- კ--------ეს გ------- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 3510 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა