განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
080210019002586050
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210019002586050

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-166-2019 03 ივლისი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლაურა მიქავა სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ფ------ მ------–---–ი - შპს ,,მ----კ-------–ი“ - ლ---- დ------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება -

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- შპს „მ----კ-------–ი„-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

- ფ------ მ------–---–ს- შპს „მ----კ-------–ი„-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4214 ლარი, სარგებელი 1686 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.

- ფ------ მ------–---–ს - შპს „მ----კ-------–ი„-ს სასარგებლოდ დაეკისრა 180 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

- სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2017 წლის 28 ივნისს მოპასუხე ფ------ მ------–---–ს და შპს „მ----კ-------–ს„ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №31. აღნიშნული ხელშეკრულებით, ფ------ მ------–---–ზე გაცემული იქნა სალომბარდე სესხი 8000 ლარი, ხელშეკრულების 2.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სალომბარდე სესხით სარგებლობისათვის მსესხებელს უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი 3200 ლარი. სესხი გაიცა 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. სალომბარდე სესხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან ყოველდღიური დაფარვით 74,67 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარს.

 

2.2. მოპასუხის მიერ სესხის თანხის ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 19 სექტემბერს. მოპასუხე ფ------ მ------–---–ის მიერ შპს „მ----კ-------–ზე„ გადახდილი იქნა 1946 ლარი, ასევე ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად 5000 ლარი. მოპასუხე მხარის მტკიცებით ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად, მასთან შეთანხმების გარეშე. სხვა რაიმე საოჯახო ტექნიკა ან ნივთი დალომბარდებული არ ყოფილა.

 

2.3. მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით დალომბარდებული იქნა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ნ----ი-ვერცხლისფერი (შეფასებული

8000 ლ). ასევე 2017 წლის 28 ივნისს გირავნობით დაიტვირთა ფ------ მ------–---–ის ქ. ქ-------–-------------------------------ში მდებარე საყოფაცხოვრებო ნივთები. (მოძრავი ქონება, ავეჯი და ტექნიკა). აღნიშნული ნივთების მსესხებლისადმი კუთვნილების ფაქტი დადასტურებული იქნა ფ------ მ------–---–ის მეუღლის დ----- გ----–--იძის მიერ.

 

2.4. 2018 წლის 05 აპრილის ხელწერილით დასტურდება, რომ ფ------ მ------–---–ის თანხმობით ავტომანქანა ნ------------------------------ გაიყიდა 5000 ლარად. ფ------ მ------–---–ის თანხმობით ავტომანქანა მომსახურების სააგენტოში თ---------- გ-----იაზე გადაფორმებული იქნა 2018 წლის 10 აპრილს. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ფ------ მ------–---–მაც. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი დაიფარა ფ------ მ------–---–ის სესხის ნაწილი;

 

2.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების (№31) საფუძველზე ქ----------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთების აღრიცხვა, ამოღება-დასაწყობება და რეალიზაცია დავალიანების თანხის გადახდევინების მიზნით ვერ განხორციელდა მოპასუხე ფ------ მ------–---–ის ბინაში არ ყოფნის გამო.

 

2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეული იქნა ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებდა კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.

 

2.7. მოცემულ შემთხვევაში, მხარეების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 28 ივნისს №31 ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ფ------ მ------–---–მა მოსარჩელე შპს „მ----კ-------–ისგან“ სესხის სახით მიიღო 8000 ლარი, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით და პირობებით. ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე ფ------ მ------–---–მა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება არ შეასრულა. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება იყო კაბალური და ემსახურებოდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. მოპასუხემ განმარტა, რომ როგორც მის მიერ გადახდილი თანხა, ასევე ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მოსარჩელემ ჩათვალა ჯარიმის და სარგებლის თანხაში. ამ გზით მის მიერ ვალდებულება შესრულებულია და მოსარჩელეს რეალურად დაკმაყოფილებული აქვს თავისი მოთხოვნა. ამასთან ავტომანქანა გაიყიდა მისი თანხმობის გარეშე, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი, თუმცა თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომლებიც არგუმენტირებულად დაადასტურებდნენ მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2.9. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2017 წლის 28 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. დადგენილა, რომ სესხის ხელშეკრულება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მისი ბათილად ცნობის თაობაზე დავა არ დაუწყია.

 

2.10. საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - ფ------ მ------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2.11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისს შპს „მ----კ-------–ს„ და ფ------ მ------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №31. აღნიშნული ხელშეკრულებით, ფ------ მ------–---–ზე გაიცა 8000 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის საპროცენტო სარგებელი 3200 ლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო 5 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი და სარგებელი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად 74,67 ლარის გადახდის გზით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული სესხის სარგებელი არ გადაიხადა.

 

2.12. დადგენილია, რომ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა დაალომბარდა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ნ-----ს------. ასევე გირავნობით იქნა დატვირთული მსესხებლის ფ------ მ------–---–ის საცხოვრებელ სახლში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ხელშეკრულების 3.3. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამსესხებლის მიმართ დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში იგი უფლებამოსილი იყო მოეხდინა „მსესხებლის„ საკუთრებაში არსებული დალომბარდებული ნივთების ამოღება და რეალიზაცია ვალდებულების უზუნველყოფის მიზნით. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილს შპს „მ----კ-------–მა„ მოახდინა დალომბარდებული ავტომანქანის რეალიზაცია, კერძოდ, თ---------- გ-----იას ავტომანქანის მესაკუთრის ფ------ მ------–---–ის თანხმობით გადასცა (გაყიდა) ავტომანქანა ნ-----ს------ 5000 ლარად. ავტომანქანა მყიდველის საკუთრებად დარეგისტრირდა 2018 წლის 10 აპრილს მესაკუთრის მიერ.

 

2.13. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულებულია და მოსარჩელის მიმართ გადახდილი იქნა 1946 ლარი, ასევე ვალდებულება შესრულებული აქვს ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით, რითაც მოსარჩელეს რეალურად დაკმაყოფილებული აქვს თავისი მოთხოვნა.

 

2.13.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254.1. მუხლის შესაბამისად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

2.13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

 

2.13.3. გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი რეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ასევე ვრცელდება ლომბარდებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

2.13.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

2.13.5. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფ------ მ------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული სესხის სარგებელი არ გადაიხადა. ფ------ მ------–---–ის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6630 ლარს. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილს მოგირავნის მიერ განხორციელდა ფ------ მ------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის (ნ-----ს------) რეალიზაცია 5000 ლარად.

 

2.13.6. 2017 წლის 28 ივნისის ანკეტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანკეტაში მითითებული ნივთები წარმოადგენს გირავნობის საგანს. იმ შემთხვევაში თუკი გირავნობის საგნები არ აღმოჩნდებოდა საკმარისი კომპანიის ძირი თანხის, პროცენტის და ჯარიმის დასაფარავად მოპასუხე პასუხს აგებდა მის საკუთრებაში არსებული მთელი უძრავ-მოძრავი ქონებით.

 

2.13.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების (№31) საფუძველზე ქ----------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაცია დავალიანების თანხის გადახდევინების მიზნით ვერ განხორციელდა მოპასუხე ფ------ მ------–---–ის ბინაში არ ყოფნის გამო.

 

2.13.8. სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ავტომანქანის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით გამსესხებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ვერ ჩაითვლებოდა. გირავნობის სამართლებრივი დანიშნულება და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს მოვალის შეუსრულებელი ვალდებულება კრედიტორის წინაშე. ერთ-ერთი გირავნობის საგნის რეალიზაციით მოვალის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება ამოწურულად ვერ ჩაითვლება და მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან დადგენილია, რომ ვერ განხორციელდა სხვა გირავნობით (საყოფაცხოვრებო ნივთებით) უზრუნველყოფილი ნივთების რეალიზაცია. მოპასუხე ფ------ მ------–---–მა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა. შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანი იყო, რის გამოც მოპასუხე ფ------ მ------–---–ს დაეკისრა ვალდებულების შესრულება.

 

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2.15. მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 5 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

2.16. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო, რის გამოც მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა - 100 ლარის გადახდა.

 

2.19. გამომდინარე აღნიშნულიდან, ფ------ მ------–---–ს შპს „მ----კ-------–ის„ სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენდა 4214 ლარს, სარგებელი 1686 ლარს და პირგასამტეხლო 100 ლარს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს არასწორად აქვს მიჩნეული სადაოდ, რომ მის მიერ შპს „მ--- კ-------–ზე“ გადახდილი იქნა 1946 ლარი, რადგან მითითებულ ფაქტი დადასტურებულია უდაოდ თვით მოსარჩელის და საქმეში არსებული დოკუმენტის საფუძველზე.

 

3.2. გადაწყვეტილებაში საერთოდ არა არის ნახსენები ის უდაო ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც ადასტურებს მოსარჩელე მხარე და ასევე ადასტურებს მათ მიერ გაცემული 2018 წლის 21 ივნისის ცნობა, იმის შესახებ, რომ დალომბარდებული ავტომანქანა ორგანიზაციის ავტოსადგომზე დაყენებული იქნა 2017 წლის სექტემბრის თვეში. ე.ი. მოსარჩელე 2017 წლის 28 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გავიდა სექტემბრის თვეში. მითითებული ხელშეკრულების ვადა სრულდებოდა 2017 წლის 20 დეკემბერს. აქედან გამომდინარე სესხის თანხის დარიცხვა უნდა მოხდეს მხოლოდ სექტემბრის თვის ჩათვლით.

 

3.3. იურიდიულად ყოვლად გაუგებარია, ამასთანავე არც მოსარჩელეს წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება რა პრინციპით და რა ოდენობით ხდებოდა გაცემული სესხიდან ძირი თანხის, პროცენტის, ჯარიმის დაქვითვა, ან როგორ მოახდინა გაყიდული ავტომანქანის თანხის 5000 ლარის გამოკლება სესხზე.

 

3.4. სსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, პროცენტის დარიცხვის და მისი დაფარვის პრინციპის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რაც მან სასამართლო სხდომაზე ვერ დაამტკიცა. აქედან გამომდინარე ყოვლად გაუგებარია, თუ რა მტკიცებულების საფუძველზე დაადგინა სასამართლომ გადასახდელად დაკისრებული 6000 ლარიდან 4214 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 1686 ლარი სარგებელი.

 

3.5. მხარეებს შორის გაფორმებული 2017 წლის 28 ივნისის სესხის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის და ამ ხელშეკრულებაზე დართული დანართის თანახმად, სესხის ყოველთვიური პროცენტი შეადგენს 8%-ს, რაც ნიშნავს, რომ სესხის ყოველწლიური სარგებელი სესხის თანხის 96%-ს შეადგენდა. ამ შემთხვევაში, შპს „მ--- კ-------–ი“ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, კერძოდ, მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები. მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება, ვინაიდან, ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 96%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.

 

3.6. შპს „მ--- კ-------–ის“ ცალსახა და არაკეთილსინდისიერ მოქმედებას ადასტურებს ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმადაც გაცემულ სესხს დამატებული აქვს 5 თვის სარგებელი ყოველთვიური 8% (8000+3200=11200 ლარს) და 11200 ლარი განაწილებული აქვს ყოველდღიურად 74.67 ლარის დაფარვით 5 თვის მანძილზე, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არიცხავს 5 ლარს.

 

3.7. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის და ამ ხელშეკრულებაზე დართული დანართის თანახმად, რომლითაც შპს „მ--- კ-------–-“ მა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს, რის გამოც უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად სააპელაციო პალატამ სარგებლის ოდენობა უნდა შეამციროს თვიურ 3%-მდე (წლიურ 36%-მდე).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისს მოპასუხე ფ------ მ------–---–ს და შპს „მ----კ-------–ს„ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №31. აღნიშნული ხელშეკრულებით, ფ------ მ------–---–ზე გაცემული იქნა სალომბარდე სესხი 8000 ლარი, ხელშეკრულების 2.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სალომბარდე სესხით სარგებლობისათვის მსესხებელს უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი 3200 ლარი. სესხი გაიცა 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, იგი მისი გადახდის პერიოდი იყო 150 დღე ანუ 5 თვე. სალომბარდე სესხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან ყოველდღიური დაფარვით 74,67 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარს. მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით დალომბარდებული იქნა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ნ----ი-ვერცხლისფერი (შეფასებული 8000 ლ) (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 17-23);

 

4.2. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოპასუხის მიერ სესხის თანხის ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 19 სექტემბერს;

 

4.3. 2018 წლის 05 აპრილის ხელწერილით დასტურდება, რომ ფ------ მ------–---–ის თანხმობით ავტომანქანა ნ------------------------------ გაიყიდა 5000 ლარად (იხ. ხელწერილი, ს/ფ 29);

 

4.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ფ------ მ------–---–ის მიერ შპს „მ----კ-------–ზე„ გადახდილი იქნა 1946 ლარი. ასევე ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მიექვა დავალიანების დასაფარავად. აღნიშნულ სესხზე მოპასუხის მიერ გადახდილი ჯამში იქნა 6800 ლარი (იხ. ამონაწერები, ს/ფ 19-23, 30, 50; შესაგებელი, ს/ფ 42);

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი;

 

4.6. განსახილველ შემთხვევაში, ფ------ მ------–---–ზე გაცემული იქნა სალომბარდე სესხი 8000 ლარი, ხოლო სალომბარდე სესხით სარგებლობისათვის მსესხებელს უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი 3200 ლარი. სესხი გაცემული იქნა 5 თვის ვადით. ამდენად, გამოდის, რომ სესხი გაიცა თვიური 8%-ის, ხოლო წლიური 96%-ის სარგებლით;

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს;

 

4.8. პალატა მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 8%. მართალია, ამ შეთავაზებას ფ------ მ------–---–ი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე“ (სუსგ 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილება);

 

4.9. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 96%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე;

 

4.10. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ წლიური სარგებელი 96%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და ამასთან, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. პალატას კანონით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით გონივრულ ოდენობად მიაჩნია სარგებლის ოდენობის შემცირება წლიურ 48%-მდე, რაც 8000 ლარზე 5 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 1600 ლარს (8000/12X5=1600). ამდენად, მოპასუხეს აღნიშნულ სესხით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 9600 ლარი (8000+1600=9600), საიდანაც 8000 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 1600 ლარი პროცენტი. აღნიშნული თანხიდან მსესხებელს გადახდილი აქვს 6800 ლარი;

 

4.11. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარს;

 

4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;

 

4.13. მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარი არის გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.14. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მსესხებლისათვის ჯამში ჰქონდა 9700 ლარის გადახდის ვალდებულება (8000 ლარი სესხის ძირი თანხა, 1600 ლარი პროცენტი და 100 ლარი პირგასამტეხლო). დადგენილია, რომ მოპასუხე ფ------ მ------–---–ის მიერ შპს „მ----კ-------–ისათვის„ გადახდილი იქნა ჯამში 6800 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის წინაშე არსებულ ვალდებულებას. შედეგად გამოდის, რომ ფ------ მ------–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 2900 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მას გადასახდელად;

 

4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.17. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.18. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ფ------ მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,მ----კ-------–ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ფ------ მ------–---–ს შპს ,,მ----კ-------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2900 ლარის გადახდა;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ფ------ მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,მ----კ-------–ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ფ------ მ------–---–ს შპს ,,მ----კ-------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2900 ლარის გადახდა;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელემ ჯამში მოიგო 2900 ლარი, რაც ტოლია 43,74%-ის (2900/6630=43,74%), შესაბამისად, ამავე პროცენტულობით უნდა დაეკისროს მოპასუხე ფ------ მ------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ----კ-------–ი“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა 87 (199/100X43,74%=87) ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოვილდა 46,66%-ით, რომლის შესაბამისად შპს ,,მ----კ-------–ს“ აპელანტ ფ------ მ------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 112,45 ლარის ოდენობით გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ფ------ მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,მ----კ-------–ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ფ------ მ------–---–ს შპს ,,მ--- კ-------–ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2900 ლარის გადახდა;

 

5. მოპასუხე - ფ------ მ------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,მ--- კ-------–ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა - 87 ლარის ოდენობით;

 

6. შპს ,,მ--- კ-------–ი’’-ს აპელანტ - ფ------ მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 112,45 ლარის ოდენობით;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ლაურა მიქავა